×
“ასეთი ადამიანი ვარ, სულ რაღაც ახალს ვეძებ”

მანანა კაპეტივაძე

ბაღდათის მე-2 საჯარო სკოლის მასწავლებელი; „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2018“-ის გამარჯვებული; ბაღდათის ინოვაციების ცენტრის მენეჯერი


3139

ინტერვიუს შესახებ

როდესაც მანანა კაპეტივაძე „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2018“-ის ხუთეულში მოხვდა, მას ქართული საზოგადოება, ფაქტობრივად, არ იცნობდა.

ალბათ, ამიტომაც, დიდი მოულოდნელობა იყო, როდესაც ბაღდათის მე-2 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი გამარჯვებულად გამოაცხადეს. მით უმეტეს, რომ მას ძალიან ძლიერი კონკურენტები ჰყავდა.

დღეს გაგაცნობთ მანანა კაპეტივაძეს და, ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ, დარწმუნებული ვარ, არცერთ მიუკერძოებელ, ნეიტრალურ ადამიანს არასოდეს დაებადება კითხვა, რა დამსახურებისთვის მიენიჭა ასეთი შესანიშნავი ჯილდო მაინცდამაინც ამ მოკრძალებულ, ბევრისთვის უცნობ ადამიანს.

გავბედავ და გთხოვთ, დააკვირდეთ, როგორ იწრთობოდა მისი პროფესიონალიზმი, როგორი მიზანსწრაფვა, როგორი თავდადებული შრომა ედო საფუძვლად მის ყოველ წარმატებას. აქვე ვახსენებდი სიმამაცეს, როდესაც უცხო არ გაშინებს და, პირიქით, ამ უცხოსთან ზიარებით გინდა შენი ცოდნის თუ წარმოსახვის გამდიდრება.

კიდევ ერთხელ მადლობა მინდა ვუთხრა „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ორგანიზატორებს, რადგან ვფიქრობ, რომ ძალიან დიდ და სწორ საქმეს აკეთებენ საქართველოსთვის.

ია ანთაძე

-    ქალბატონო მანანა, როგორ ფიქრობთ, წარსული შეიძლება შეიცვალოს? თუ - არა? 

-    როგორ არა, მაქვს ამის გამოცდილება. დრო იცვლება, ადამიანები იცვლებიან შენ ირგვლივ. ჩემს ბავშვობას და სტუდენტობას რომ გადავხედავ, მეც ძალიან შევიცვალე. როცა სკოლაში დავდიოდი, გაკვეთილზე ხმის ამოღების გვეშინოდა. მეგობარს ვერ გადავულაპარაკებდით, ვერც პასუხს წამოვიყვირებდით, ხელი უნდა აგვეწია. დირექტორის ხომ გვეშინოდა და მასწავლებლებისაც ძალიან გვეშინოდა. სტუდენტობის დროს რუსეთში ვსწავლობდი და მაშინაც დაძაბული ვიყავი. იყვნენ ლექტორები, რომლებიც ობიექტურად გვექცეოდნენ. მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომლებიც გეტყოდნენ: „Ты грузинка, с тебя хватит“. ამას ვერასოდეს დავივიწყებ. მასწავლებლობა რომ დავიწყე, ყოველთვის ვცდილობდი, ჩემი დროის მასწავლებლებისგან განსხვავებული ვყოფილიყავი. თუმცა, ადრეც იყვნენ ისეთები, რომლებთან ურთიერთობა მთელი ცხოვრება გამყვება. პირველად სკოლაში რომ წავედი და კლასში შემიყვანეს, ტირილი დავიწყე. ბევრი ბავშვი დამხვდა. ჩემმა პირველმა მასწავლებელმა ევგენია ივანოვნამ თავის მაგიდასთან დამსვა და მეუბნება: დაჯექი, დაწყნარდი და სხვა ბავშვებს შეხედე, როგორები არიანო. თავიდან მაინც ვტიროდი. მერე, მახსოვს, რომ თავი ავწიე, ბავშვებს ვუყურებ და, ვაიმე, რაღაც მომეწონა... ისეთი განცდა მაქვს, რომ იმ  დღეს გადაწყდა ჩემი მასწავლებლობა, პირველმა მასწავლებელმა დამანათლა ეს პროფესია. 
 

 

ყოველთვის ვცდილობ, რომ გაკვეთილი იყოს საინტერესო.

-    ვინც თქვენს პროფესიულ ბიოგრაფიას გადახედავს, თვალში მოხვდება ის ფაქტი, რომ ბევრ სკოლაში ასწავლიდით. დროთა განმავლობაში, შეიცვალა თუ არა თქვენი შეფასება იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ გიხდებოდათ ასე ხშირად სკოლების ცვლა.

-    არა, არ შეცვლილა შეფასება. ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ საცხოვრებელ ადგილს ვიცვლიდი. უნივერსიტეტი რუსეთში დავამთავრე. გაგვანაწილეს და ერთი წელი რუსეთის სკოლაში ვიმუშავე. შემდეგ საქართველოში დავბრუნდი და ქუთაისში, კერძო სასწავლო ცენტრში რუსულს ვასწავლიდი. პარალელურად, ადგილი გამოჩნდა ბაღდათში - განაყოფი კლასები მომცეს. მერე ჩემი მომავალი მეუღლე გავიცანი, დავქორწინდით და ქუთაისიდან საცხოვრებლად ბაღდათში, სოფელ ზედა დიმში  გადმოვედი. მყარი სამუშაო ადგილი არ მქონდა და ამის გამოც მიხდებოდა სკოლების ცვლა. სოფელ დიმში, პირველ საჯარო სკოლაში ინგლისურის სწავლება დავიწყე. ათი წელი ვიმუშავე და ეს სკოლა ჩემი ძირითადი გზამკვლევი გახდა. იქ ნამდვილად კარგად დავფუძნდი და ბევრი რამ ვისწავლე. შემდეგ ბაღდათის პირველ საჯარო სკოლაში მოსწავლეების მშობლებმა ჩემი თავი მოითხოვეს და გადმოვედი. ჩემთვისაც ეს სკოლა ბევრად ახლოს იყო. სახლიდან 25 წუთში ფეხით მოვდიოდი. 

-    ამ სკოლიდან რატომღა წახვედით? 

-    ყველგან, სადაც მიმუშავია, 9-10 წელი გამომდიოდა. მერე ვგრძნობდი, რომ ჩემი რესურსი აქ ამოვწურე. რაღაც ახალი მინდოდა. ასეთი ადამიანი ვარ, სულ რაღაც ახალს ვეძებ. დიდხანს ერთ ადგილზე ვერ ვჩერდები. 

-    იმიტომ ვერ ჩერდებით, რომ ასეთი ხასიათი გაქვთ? თუ იმიტომ ვერ ჩერდებით, რომ პროგრესს ეძებთ? 

-    ზუსტად ეგ არის. ვგრძნობ, რომ ამოვწურე ჩემი რესურსი და აქ ახალს ვეღარაფერს გავაკეთებ. ახლის დასანერგად სხვა გარემო მჭირდება. 

-    სკოლა რამდენიმე სეგმენტისგან შედგება. ერთი სეგმენტია ბავშვები, რომლებიც მუდმივად იცვლებიან. არის კიდევ შედარებით სტატიკური სეგმენტები - ადმინისტრაცია და პედაგოგიური კოლექტივი. როცა ამბობთ, ჩემი თავი ამოვწურეო, ვისთან მიმართებაში ამოწურეთ, ეს მინდა, რომ აგვიხსნათ. 

-    რთული კითხვაა. ერთი და იგივე გარემო, ერთნაირობა, ერთფეროვნება  - ბავშვებთან მიმართებაში ნამდვილად არ არსებობს. ისინი ერთმანეთისგან განსხვავებულები არიან. როცა ბაღდათის პირველი საჯარო სკოლიდან წამოვედი, საშინელი გადაღლის განცდა მქონდა. რამდენიმე წლის განმავლობაში, სკოლის პარალელურად, ამერიკის მშვიდობის კორპუსში ვმუშაობდი და ეს ჩემს საქმეს ამრავალფეროვნებდა. ამ სკოლაში ყოფნის ბოლო წელს კი სათვალის ტარება დავიწყე და ამან მშვიდობის კორპუსში მუშაობა არაკომფორტული გახადა. ამიტომ, მშვიდობის კორპუსზე უარი ვთქვი და დამრჩა მხოლოდ სკოლა. ამ ერთფეროვნებამ გადამღალა. 
 

 

ბავშვებს უნდა მიეცეთ საშუალება, რომ იფიქრონ, იაზროვნონ.

-    ამის შემდეგ კიდევ ერთხელ დაბრუნდით ქუთაისში. 

-    დიახ, კერძო სკოლაში საათები შემომთავაზეს, ძალიან კარგი პირობებით. ჩემს მეუღლეს ვუთხარი, მოდი, ახლა იქ გამოვცდი-მეთქი თავს. კერძო სკოლა კი არ იყო, აბიტურიენტების მომზადების ცენტრს უფრო ჰგავდა. უნდა მემუშავა იმისთვის, რომ ახალგაზრდებს მაღალ ქულებზე ჩაებარებინათ ეროვნული გამოცდები. ეს ნიშნავდა, რომ სულ ერთი და იგივე უნდა მესწავლებინა. შემოქმედებითი სწავლების საჭიროება და საშუალება აღარ მქონდა. ახალგაზრდებს სჭირდებოდათ აკადემიურად მომზადება გამოცდებისთვის - ეს იყო და ეს. ქუთაისში კარგი ანაზღაურება მქონდა და გვერდით ძლიერი  მასწავლებლებიც  მყავდა. მაგრამ ერთი და იგივე აღარ შემეძლო. თითქოს, ციხეში ვიჯექი. ავდექი და წამოვედი. ამ დროს მშვიდობის კორპუსში დაბრუნება შემომთავაზეს და დავთანხმდი. ბაღდათში დროებითი ვაკანსია აღმოჩნდა მეორე საჯარო სკოლაში და იქაც დავიწყე მუშაობა. ყოველთვის უკეთესის მოლოდინში ვიყავი. არ ვარ პესიმისტი და სამსახურის დატოვების არ მეშინია. ვიცი, რომ რაღაცას აუცილებლად გავაკეთებ. ბავშვები ყოველთვის ჩემთან არიან. არ მინდა, უხერხულად გამოვიდეს, მაგრამ ბაღდათში მიცნობდნენ, როგორც კარგ მასწავლებელს და, უბრალოდ, აღარ გამომიშვეს მეორე საჯარო სკოლიდან. დღემდე აქ ვმუშაობ. 

-    გამოდის, პერიოდულად იუმჯობესებდით თქვენს პროფესიულ მდგომარეობას. შემოქმედებით გარემოს ანიჭებდით უპირატესობას, ხელფასთან შედარებით და ბოლოს მოხვედით აქამდე, რომ „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ მფლობელი გახდით. ვფიქრობ, რომ ორი პარალელური გამოცდილება დაგეხმარათ ამ გამარჯვებაში: ამერიკის მშვიდობის კორპუსთან ხანგრძლივი თანამშრომლობა და ამერიკაში ინგლისურის თანამედროვე მეთოდების შესწავლის 12 კვირიანი კურსი. 
 

 

უნდა დავუჯეროთ ჩვენს მოსწავლეებს, ჩვენს ბავშვებს, ჩვენს შვილებს.

-    2001 წელს, როდესაც სოფელ დიმის პირველ საჯარო სკოლაში ვმუშაობდი, ჩვენს სკოლაში მშვიდობის კორპუსის პროგრამის მენეჯერი ჩამოვიდა. მანამდე გაზეთში წავიკითხე, რომ საქართველოში ამერიკის მშვიდობის კორპუსი იწყებდა მუშაობას. თუ რომელიმე სკოლას მათთან თანამშრომლობის სურვილი ჰქონდა, შეეძლო, აპლიკაცია შეევსო. ამერიკელი ჩემს სკოლაში იყოს და ჩემთან ერთად ასწავლიდეს - ეს წარმოუდგენელი გამოცდილება იქნებოდა ჩემთვის. უნდა ვცადო-მეთქი, ვიფიქრე. შევავსე აპლიკაცია და ჩემი ხელით ჩავიტანე თბილისში. მოხდა ისე, რომ ჩამოვიდნენ. სკოლა კატასტროფულ მდგომარეობაში იყო. იატაკიდან აყრილ პარკეტს შეშის ღუმელში ვუკეთებდით და ამით ვთბებოდით. მაგრამ ინგლისურის კაბინეტი მქონდა, რომელსაც სულ ვალამაზებდი, ვხატავდი, პოსტერებს ვამზადებდი. პროგრამის მენეჯერი რომ გამესაუბრა, ალბათ, იფიქრა, რომ ძალიან მოტივირებული ვიყავი. ბოლოს დამირეკეს და მითხრეს, თქვენი სკოლა არჩეულიაო. თავიდან ყველა სკეპტიკურად უყურებდა, ამ დანგრეულ სკოლაში რომელ ამერიკელს გამოუშვებენო. მაგრამ მოხდა ისე, რომ ჩამოვიდა ახალგაზრდა მამაკაცი, ბრაიან მორისი. მასთან ურთიერთობამ იმდენი რამ მასწავლა... მშვიდობის კორპუსიც ტრენინგებს გვიტარებდა. ბრაიანმა ჩვენს სკოლაში ამერიკული მეთოდები შემოიტანა, რაც ჩვენთვის სრულიად ახალი იყო. კერძო მოსწავლეებიც მყავდა და იქაც მესწრებოდა გაკვეთილებზე, აინტერესებდა, როგორ ვმუშაობდი. ერთ დღეს მეუბნება: მანანა, კლასში რატომ არ აკეთებ იმას, რასაც კერძო მოსწავლეებთან აკეთებ? ვკითხე, რას გულისხმობ-მეთქი. იქ რომ საინტერესოდ მუშაობ, იქ რომ  დავალებებს აძლევ ბავშვებს, იგივე გადმოიტანე საკლასო ოთახშიო. იქ 4-5 ბავშვი მყავს და აქ, 20 ბავშვთან, ამას როგორ გავაკეთებ-მეთქი? ჩემამდე ეს ვერ დადიოდა, რომ კლასში იმის გადმოტანა შეიძლებოდა, რასაც კერძო გაკვეთილებზე ვასწავლიდი. მშვენივრად გამოგივა, მოდი, დავგეგმოთო. ვცადეთ და ისე კარგად წამოგვყვა კლასი... ვცადეთ მეორედ, მესამედ. ნელ-ნელა ძალიან საინტერესო გაკვეთილები გამოგვდიოდა - თამაშით, სხვადასხვა აქტივობით, ჯგუფური მუშაობით... აი, მაშინ გაჩნდა ჩემში სულ სხვა ხედვა, თუ როგორ შეიძლება, საინტერესო გაკვეთილი ჩაატარო. 

-    მშვიდობის კორპუსთან თანამშრომლობამ მხოლოდ გაკვეთილების შინაარსი შეცვალა, თუ თქვენი მსოფლმხედველობაც?

-    მე მგონი, ორივე. მგონი კი არა, დარწმუნებული ვარ, ორივე შეცვალა. უფრო ტოლერანტი გავხდი და მრავალფეროვნების მნიშვნელობა უკეთესად აღვიქვი.

-    ამერიკაში როგორ მოხვდით? 
 

 

მოსწავლეების ინტერესებიდან გამომდინარე ვგეგმავ გაკვეთილებს.

-    სანამ ჩვენს სკოლაში ბრაიანი გამოჩნდებოდა, კონკურსი გამოცხადდა მასწავლებელთა გადამზადების პროგრამაში მოსახვედრად. შევავსე აპლიკაცია. ხელით ვწერდი, ძალიან ბევრი სამუშაო იყო. დამირეკეს, რომ თბილისში იქნებოდა გასაუბრება. ამან ძალიან გამახარა, მაგრამ ვნერვიულობდი, პირველად უნდა მელაპარაკა ამერიკელთან. გასაუბრების შემდეგ, საკუთარი თავით უკმაყოფილო დავრჩი. მაგრამ გასაუბრებამდე რომ მივაღწიე, ეს დიდი სტიმული აღმოჩნდა და შემდეგ წელს ისევ შევავსე აპლიკაცია. ამასობაში, ბრაიანთან ურთიერთობის გამოცდილებაც მქონდა და ბევრად თავისუფლად ვგრძნობდი თავს. ენა გამეწაფა და უფრო თავდაჯერებული ვიყავი. ნამუშევარიც დამიგროვდა - აქტივობები, სპექტაკლები, საინტერესო გაკვეთილები. ამჯერად, კარგად წარიმართა ინტერვიუ და დამირეკეს, გამარჯვებული ხარო. 

-    ამერიკაში რა ისწავლეთ ყველაზე მნიშვნელოვანი? 

-    იქ სამი თვის განმავლობაში ვსწავლობდით მეთოდოლოგიას, როგორ უნდა გვესწავლებინა ბავშვებისთვის საკომუნიკაციო ინგლისური ენა. ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი. ინსტიტუტი რომ დავამთავრე, ყველაფერი ვიცოდი: თარგმნა, კითხვა, წერა, მაგრამ საუბარი არ ვიცოდი, ადამიანთან კომუნიკაცია არ შემეძლო. თურმე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს ლაპარაკი ასწავლო. შეიძლება, სიტყვა არ იცოდეს; შეიძლება, გრამატიკულად გამართული წინადადებებით ვერ ლაპარაკობდეს; მაგრამ მთავარია, გაგაგებინოს, რისი თქმაც უნდა. ეს ვისწავლე ამერიკაში, რომ საკომუნიკაციო ინგლისური ყველაზე მნიშვნელოვანია. 

-    ამერიკაში რომელ წელს იყავით? 

-    2002 წელს. 
 

 

ბავშვებს არ აქვთ მოტივაცია, რომ რუსული ენა ისწავლონ.

-    2018 წელს თქვენი ცოდნა, თქვენი პროფესიონალიზმი აღიარეს სპეციალისტებმა და აღიარა მთელმა საქართველომ. დღეს რას აკეთებთ ისეთს, რის გამოც თქვენს მოსწავლეებს მეტი პროგრესი აქვთ და თქვენ, როგორც მასწავლებელი, უფრო ეფექტიანად მუშაობთ, ვიდრე თქვენი კოლეგები? 

-    არ მიყვარს, რომ შევადარო - მე უკეთესი პროგრესი მაქვს, თუ სხვას. 

-    კი ბატონო, თქვენს თავს შეადარეთ. 

-    ყოველთვის ვცდილობ, რომ გაკვეთილი იყოს საინტერესო. ეს არის პირველი. ბავშვებს უნდა მიეცეთ საშუალება, რომ იფიქრონ, იაზროვნონ და თავისი ნააზრევი ისე გადმოგვცენ, რომ ყველასთვის გასაგები იყოს. შეიძლება, ყველა გაკვეთილზე ვერ მოვამზადო პლაკატი ან PowerPoint პრეზენტაცია, მაგრამ ისეთი კითხვა უნდა დავუსვა ბავშვებს, რომ იფიქრონ, იმსჯელონ, იკამათონ, იდებატონ. 

-    მაგალითად, რა არის ასეთი კითხვა?

-    ჯერ იმას გეტყვით, რომ ბავშვებს შევთავაზე, როგორი გაკვეთილიც მათ მოსწონთ, ისეთი ჩაგვეტარებინა, ოღონდ, თვითონ უნდა ყოფილიყვნენ პასუხისმგებლები, რომ ყველა ჩაერთვებოდა და დავალებასაც ყველა მოამზადებდა. ამ წინადადებას სიხარულით შეხვდნენ. მერე ჯგუფებად დავყავი და დავავალე, მოეფიქრებინათ, როგორი გაკვეთილი უნდათ, რომ ჰქონდეთ. ბავშვებმა ჩამომიწერეს - ჩვენ გვინდა როლური თამაშები, პრეზენტაციები, კამათი. ეს რომ შემომთავაზეს, მეც ვცდილობ, ასე წარვმართო გაკვეთილები. თუ ვინმეს დავალება არ აქვს, ვეტყვი, რომ ხვალიდან ჩვეულებრივი გაკვეთილები ჩატარდება: ვწერთ, ვკითხულობთ, ვთარგმნით. ეს არ მოსწონთ. ძირითადად, მომყვებიან. მაგალითად, გუშინწინ გაკვეთილზე უნდა გაგვერკვია, რა პრობლემა გვაქვს კლასში. ერთმა მეშვიდეკლასელმა თქვა: ასეთი გამოთქმა არის, რომ გემოვნებაზე არ დაობენ, მაგრამ მინდა, ამას შევეწინააღმდეგო და ვთქვა, რომ გემოვნებაზე ნამდვილად დაობენ, თუნდაც, ჩვენს კლასშიო. ჩავეკითხე, რაზე დაობდნენ და აღმოჩნდა, რომ ჩაცმულობაზე იყო კამათი. მე ვკითხე: ხომ არ გირჩევნიათ, რომ სკოლის ფორმა არსებობდეს? ამ თემაზე ძალიან საინტერესო დებატი გამოგვივიდა. გვყავდა გუნდი, რომელიც სკოლის ფორმას ემხრობოდა - იყოს ფორმა, მაგრამ ყველამ ისეთი ფერი აირჩიოს, როგორიც მას მოსწონსო. მეორე ჯგუფმა, თავისუფლად და კომფორტულად რაშიც ვგრძნობთ თავს, ჯობია, ის გვეცვასო. ბოლოს ბავშვებს სიტყვების მარაგი აღარ ეყოთ, რომ ინგლისურად ეთქვათ ყველა არგუმენტი და უფლება მივეცი, ქართულზე გადასულიყვნენ. ძალიან საინტერესო, გასათვალისწინებელი აზრები და წინადადებები ჰქონდათ ბავშვებს. რაღაცაში აუცილებლად უნდა დავუჯეროთ ჩვენს მოსწავლეებს, ჩვენს ბავშვებს, ჩვენს შვილებს. 
 

 

20-30 ბავშვიან კლასში ძალიან ძნელია, შედეგს მიაღწიო.

-    სადამრიგებლო კლასი არ გყავთ, როგორც ვიცი.

-    არა, არასოდეს მყოლია. 

-    თან პროექტულ სწავლებას ანიჭებთ უპირატესობას, რაც გუნდურ მუშაობას გულისხმობს და თან ამბობთ, რომ ინდივიდუალური მიდგომა ძალიან მნიშვნელოვანია. პროექტული სწავლება რამდენად ტოვებს სივრცეს ინდივიდუალური მიდგომისთვის?

-    პროექტულ სწავლებაში ინდივიდუალური მიდგომა ჩემთან ასე გამოდის: საშუალებას ვაძლევ, რაც მეტად ეხერხება ამა თუ იმ ბავშვს, პროექტში იმ მხრივ ჩაერთოს. არიან ბავშვები, რომლებმაც ინგლისურად იმდენი სიტყვა არ იციან, რამდენიც დანარჩენებმა. მაგრამ უკეთესად ხატავენ, ან უკეთესი იდეები აქვთ, ან გაფორმება უკეთესად გამოსდით. შეუძლიათ, აი, ამ კუთხით ჩაერთონ და ამ კუთხით წარმოაჩინონ საკუთარი თავი. 
 

 

თითოეული ბავშვი უნდა მოვამზადოთ ცხოვრებისთვის.

-    ანუ თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა საკუთარი ფუნქცია დაინახოს გუნდში, ვიდრე რამდენიმე ახალი სიტყვა ისწავლოს ინგლისურად? ასეთი მიდგომით, თითქოს, ინგლისური ზარალდება. 

-    ამას ჰგავს, მაგრამ მთლად ასეც არ არის. რომ უსმენს თავის გვერდით ბავშვებს, იქ აუცილებლად რაღაცას დაიჭერს. არ არსებობს, გაკვეთილიდან ბავშვმა ხუთი ახალი სიტყვა არ წაიღოს. მეგობრებთან ერთად ხომ მუშაობს და ის მეგობრები ხომ ინგლისურად მსჯელობენ? რაღაცას მაინც მოისმენს მათგან, რაღაცას მაინც დაიმახსოვრებს. შეიძლება, ასე უფრო მარტივად მიაწოდო სიტყვები, რომლებიც აქამდე ვერ ისწავლა. ზოგადად, ვცდილობ, რომ ინგლისური სიტყვა ქართულად არ ვუთარგმნო, გამონაკლისი შემთხვევების გარდა. სიტყვას ინგლისურად განვმარტავ და ვეკითხები, რა შეიძლება იყოს. ან მიმიკით ვუხსნი, ან მაგალითებს მოვიყვან. თუ გასაჭირია და სხვანაირად არ გამოვიდა, ბოლო ეტაპია თარგმნა. მესამე კლასიდან მოვყვები ამ ბავშვებს, რომლებიც ახლა მეშვიდეში არიან. მინდა, რომ ძალიან მალე იყოს შედეგი, მაგრამ ეგ არ არსებობს. უცებ შედეგს ვერ დაინახავ. მოხალისე მყავდა კიდევ არი ჰაიერსი, ძალიან კარგი გოგო. რომ წავიდა, ამბობდა, უკმაყოფილო ვარ, ბავშვების პროგრესს ვერ ვგრძნობო. მე ვუთხარი, ჯერ არ ჩანს პროგრესი, მაგრამ დააგროვებენ ამ გამოცდილებას, სიტყვებს, ყველაფერს ნასწავლს და მერე ვულკანივით ამოხეთქავს ამათი ცოდნა-მეთქი. ზუსტად ასე მოხდა ბრაიანის  დროსაც. რომ წავიდა, თქვა, არ ვარ კმაყოფილი, იმდენს ვმუშაობდი და შესაბამის შედეგს ვერ ვხედავო. თუმცა, აბსოლუტურად ყველა ბავშვმა, ვისაც ერთად ვასწავლიდით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უცხო ენა ძალიან მაღალ ქულებზე ჩააბარა. იმ ჯგუფიდან ორი ახლა ინგლისურის მასწავლებელია. 

-    წავიკითხე, რომ შეფასების ინოვაციური სისტემა გაქვთ, რაც შეფასების ობიექტურობას უზრუნველყოფს. ამ სისტემამ, თქვენი თქმით, მოსწავლეების აკადემიური შედეგები გააუმჯობესა. შეგიძლიათ, აგვიხსნათ, რა არის ამ სისტემის შინაარსი?

-    ძველი ამბავია. ბრაიანთან ერთად დავნერგეთ ინოვაციური სისტემა. ადრე ხომ ვწერდით ხუთიანებს, ოთხიანებს, სამიანებს... მასწავლებლის შვილი თუ იყო, გინდა-არგინდა, ხუთიანი უნდა დაგეწერა. აქეთ ნათესავი იყო, ან კარგი ნაცნობი, ვისთვისაც ანგარიში უნდა გაგეწია. ბრაიანი შოკირებული იყო. მითხრა: მოდი, მანანა, შეფასების ახალი  სისტემა მოვიფიქროთო. მეც დავთანხმდი. გადავწყვიტეთ, რომ სხვადასხვა აქტივობაში ქულები დაგვეწერა ისე, რომ ჯამში მაქსიმუმ ასი ქულა გამოსულიყო. საშინაო დავალების ქულების წონა იყო 10%, საკონტროლოსი - 40%, საკლასო აქტივობების - 50%. საბოლოოდ, 80-დან 100 ქულამდე იყო ხუთიანი, 80 ქულის ქვევით - ოთხიანი და ასე შემდეგ. 
 

 

ბავშვები მოდიან და უამრავ რამეს მიყვებიან.

-    საუნივერსიტეტო შეფასების სისტემას ჰგავს. ახლაც ასე მუშაობთ?

-    დიახ, ნაწილობრივ. ტესტებს და ზოგიერთ სხვა აქტივობას ასე ვაფასებ. მაშინ ეს სრული სიახლე იყო. მშობელთა კრება მოვიწვიეთ, მათაც გავაცანით შეფასების ახალი სისტემა. მშობლებმა მხარი დაგვიჭირეს და ძალიან გახარებულები ვიყავით. 

-    თქვენ ამბობდით, რომ მასწავლებელს მეტი თავისუფლება სჭირდება. რას გულისხმობდით?

-    არ მახსოვს, ეს როდის ვთქვი. 

-    ახლა არ მიგაჩნიათ, რომ მასწავლებელს მეტი თავისუფლება სჭირდება? 

-    როგორ არ მიმაჩნია. მე რასაც ვაკეთებ, რომ მოსწავლეების ინტერესებიდან გამომდინარე ვგეგმავ გაკვეთილებს, ასე რომ მოიქცეს ყველა მასწავლებელი... ვიცი, რომ ზოგი მათგანი სახელმძღვანელოს ტექსტებს მიჰყვება. არცერთ სავარჯიშოს არ ტოვებს. თავიდან მეც ასეთი ვიყავი. მაგრამ მერე მშვიდობის კორპუსთან და მის მოხალისეებთან მუშაობამ დამოკიდებულება შემიცვალა. რატომ უნდა გააკეთო სავარჯიშო, რომელიც არაფრისმომცემია? ეს ტექსტი, რომელიც მარტო ტექსტია, ხომ შეგიძლია, შეცვალო? ვთქვათ, როლური თამაშისთვის გამოიყენო? ან დიალოგები დაუმატო? ან ტელეფონზე გასაუბრება ჩაურთო? შეგიძლია, არ წაჰყვე წიგნს, მეტი თავისუფალი აქტივობა მოიფიქრო - ამას ვგულისხმობ მეტ თავისუფლებაში. 

-    ანუ თქვენ გულისხმობთ არა მასწავლებლების გათავისუფლებას გარედან, ჩინოვნიკური წნეხისგან, არამედ, მათ შინაგან გათავისუფლებას, უფრო შემოქმედებით მიდგომას პროგრამისადმი?

-    დიახ, ზუსტად ამას ვიგულისხმებდი. 
 

 

როცა მოსმენა შეგიძლია, ბავშვი აუცილებლად გადაგიშლის გულს.

-    საქართველოში უცხო ენების მასწავლებლებს იცნობთ, ალბათ.

-    დიახ. 

-    მთლიანობაში, უცხო ენის სწავლების კუთხით - რაც ძალიან რთული საქმეა - რა მდგომარეობაა საქართველოში? რამდენად მზად არიან მასწავლებლები, რომ ბავშვებს უცხო ენა ასწავლონ? 

-    სხვათა შორის, ეს კითხვა დამისვა გასაუბრებაზე მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კომისიამ. ვუთხარი, რომ არ მგონია, საქმე ცუდად იყოს-მეთქი. კარგით, ახლა, შეეშვით კოლეგიალობასო, - გიორგი კეკელიძემ მითხრა. რა თქმა უნდა, არიან მასწავლებლები, რომლებსაც მეტი მუშაობა სჭირდებათ საკუთარ თავზე. მოსწავლეებიც უნდა დავარწმუნოთ, რომ უცხო ენის ცოდნა აუცილებელია. ინგლისური ნაკლები პრობლემაა - ასე მგონია - ვიდრე რუსული. მით უმეტეს, რეგიონებში. ბავშვებს არ აქვთ მოტივაცია, რომ რუსული ენა ისწავლონ. 

-    თქვენ რუსულსაც ასწავლით, არა? 

-    დიახ, რუსულსაც ვასწავლი. ერთი რამ, რაც ძალიან სასარგებლო იქნებოდა ნებისმიერი უცხო ენის სწავლებისთვის, კლასების გაყოფაა. 20-30 ბავშვიან კლასში ძალიან ძნელია, შედეგს მიაღწიო. კვლევებიდან ჩანს, რომ სოფელში მცხოვრებმა ბავშვებმა ბევრად ნაკლებად იციან უცხო ენა, თუნდაც, ინგლისური, ვიდრე ქალაქის სკოლების მოსწავლეებმა. გარემო დიდ გავლენას ახდენს. 

-    არა პედაგოგიური მიდგომის, არამედ, ენის ცოდნის კუთხით რა მდგომარეობაა მასწავლებლებს შორის? 
 

 

ჩემი მოსწავლეები ჩემი შვილებივით არიან.

-    გადამზადება აუცილებელია. კარგი იქნება, იმის საშუალება იყოს, რომ უცხოელმა გამოცდილმა მასწავლებელმა ქართველ მასწავლებელთან ერთად იმუშაოს, ან ჩვენებმა გაიარონ სტაჟირება უცხოეთში. მშვიდობის კორპუსის ამერიკელი მოხალისეები სამი თვის განმავლობაში ყოველდღე სწავლობენ ქართულ ენას და ტექნიკური ტრენინგებიც აქვთ. სამი თვის შემდეგ უკვე მზად არიან სკოლაში შესასვლელად. მათ მეც ვუტარებდი საგანმანათლებლო ტრენინგებს და ბევრს დავდიოდი მათთან ერთად. იყო შემთხვევები, რომ ამერიკელი მოხალისეები და ინგლისური ენის ქართველი მასწავლებლები საერთოდ ვერ აგებინებდნენ ერთმანეთს. საქართველოს ყველა რეგიონში მაქვს ნამუშევარი. ბევრგან კარგი მასწავლებელიც მინახავს და ბევრგან მინახავს მასწავლებელი, რომელსაც უცხოელთან ურთიერთობა საერთოდ არ შეეძლო. ზოგჯერ მოხალისეები მოდიოდნენ და მეუბნებოდნენ: მანანა, არ შემიძლია მასთან თანამშრომლობა, არ შემიძლია მასთან საუბარი... ვერ ვაგებინებ... ცრემლებიანი მოდიოდნენ ზოგჯერ უცხოელები. ვეხმარებოდი, როგორც შემეძლო.

-    თქვენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ მასწავლებელს, როგორც მისაბაძ მაგალითს, როგორც როლურ მოდელს მოსწავლისთვის. ინგლისური ენის გარდა, რა გინდათ, რომ თქვენგან ისწავლონ ბავშვებმა? 

-    ერთ-ერთმა ჩემმა მოსწავლემ წერილი მომწერა მერე, სკოლა რომ დაამთავრა: მანანა მასწავლებელო, თქვენგან მხოლოდ ინგლისური არ მისწავლია, ცხოვრება ვისწავლეო. ისეთი ბედნიერი ვიყავი, სიტყვით ვერ აღვწერ. შეიძლება, ყველამ ინგლისური არ ისწავლოს, მაგრამ თითოეული ბავშვი უნდა მოვამზადოთ ცხოვრებისთვის. 
 

 

ამიტომ არის, რომ ასეთი ლამაზი წერა ვიცი.

-    თქვენ რა გინდათ, რომ ასწავლოთ, ეს ერთია. მაგრამ თქვენგან რა გინდათ, რომ ისწავლონ - ეს მაინტერესებს. 

-    მინდა, ჩემგან ისწავლონ ის, რომ უნდა იყო ტოლერანტი, უნდა იყო კეთილი, სხვას ბოლომდე უნდა მოუსმინო. ბავშვები მოდიან და უამრავ რამეს მიყვებიან. ვფიქრობდი ჩემთვის, მე რატომ მიყვებიან? მერე მივხვდი, რომ მოსმენა შემიძლია. და როცა მოსმენა და თანაგრძნობა შეგიძლია, ბავშვი აუცილებლად გადაგიშლის გულს. მერე უკვე საშუალება გაქვს, რჩევა მისცე. ან გაითვალისწინებს, ან არა. 

-    თქვენ უკვე ზრდასრული შვილები გყავთ. რა არის ის ძირითადი, რითიც განსხვავდება თქვენი დამოკიდებულება შვილების და მოსწავლეების მიმართ? 

-    ვერანაირად ვერ გავყოფ. ჩემს მოსწავლეებსაც ისე ვექცევი, როგორც ჩემს შვილებს ვექცეოდი და ვექცევი პატარაობიდან დღემდე. ყველას შვილივით ვუყურებ. ყველას თავისი „მე“ აქვს და ეს თუ არ დაინახე, ბავშვი თუ პიროვნებად არ აღიარე, ჩათვალე, რომ  ვერანაირი როლური მოდელი მისთვის ვერ გახდები. 

-    დედა და მასწავლებელი მაინც ხომ სხვადასხვაა? 

-    არ შეიძლება იყოს სხვაობა. ჩემი მოსწავლეები ჩემი შვილებივით არიან. ის მოსწავლეებიც კი, რომლებმაც უკვე დაამთავრეს და, შეიძლება, თვითონაც მასწავლებლები გახდნენ. 

-    შემიძლია წარმოვიდგინო, რომ ისევე ზრუნავთ თქვენს მოსწავლეებზე, როგორც საკუთარ შვილებზე. მაგრამ, მოდით, დასჯაზე ვისაუბროთ. გვიამბეთ, როგორ სჯიდით საკუთარ შვილებს და თქვენი მოსწავლეებისთვის დასჯის რა მეთოდები გაქვთ. 

-    ეს ყველაზე რთული კითხვაა. წინასწარ ვფიქრობდი, იქნებ, ეს შეკითხვა არ დაგესვათ. შვილებით დავიწყებ. ფეთქებადი ხასიათი მაქვს, მაგრამ უცებვე გამივლის და ვწყნარდები. შვილები პატარები რომ იყვნენ, მკაცრად ვკითხავდი - რატომ გააკეთე ასეთი რამ? ჩემი ბავშვები კი მეუბნებოდნენ: დე, ასეთი თვალებით ნუ მიყურებ!.. ყოფილა შემთხვევა, რომ საკუთარი შვილი დამისჯია და  წამომირტყამს კიდეც.

 
მეუბნებიან, თანაც, რომ იხსენებენ, ისე, ხუმრობით ნახევრად: აი, მაშინ რომ მე შენ მცემე... აი, ეს რომ მახსოვს... და ისე ცუდად ვხდები, ისე ცუდად ვხდები, თქვენ ვერ წარმოიდგენთ.

ახლა რომ თავიდან მყავდნენ პატარები, არასოდეს ხელს არ დავაკარებდი. მოსწავლეებთან, რა თქმა უნდა, ასეთი რამ დაუშვებელია და არც მომხდარა. თუ რამე სასაყვედურო მაქვს, თავზე დავადებ ხოლმე ხელს და ვეუბნები: „ყოჩაღ, შენ!“ ან „ოჰ, შენ რა გითხარი!“ მეტი არაფერი. სხვათა შორის, ამერიკელმა მოხალისეებმა რომ დაინახეს, შეგვეძლო, ბავშვებს შევხებოდით, ძალიან უკვირდათ: რამდენი შეხებაა მოსწავლეებთან... ჩვენ ასე რომ შევეხოთ, მაშინვე გაგვიშვებენ სკოლიდანო. ეს დიდი განსხვავება იყო. ვფიქრობდი, მეც ხომ არ გადავიღო ამერიკელების გამოცდილება და ბავშვებს არ შევეხო-მეთქი. მაგრამ არ შემიძლია. კლასში რომ შევდივარ, გამოიქცევიან და ჩამეხუტებიან. როგორ შემიძლია, რომ არ შევეხო?! რაც შეეხება დასჯას, არ მახსოვს, ვინმე ინდივიდუალურად დამესაჯოს. ვეუბნები ხოლმე, რომ მორჩა, ხვალიდან საინტერესო გაკვეთილი აღარ იქნება. ეს არის მათთვის დასჯა. თუ ყველას აქვს დავალება, კლასს ვარსკვლავს ვუწერ. რამდენიმე ვარსკვლავის შემდეგ სხვადასხვა სიურპრიზი ელოდებათ. 

-    ერთმა ან ორმა რომ არ შეასრულოს დავალება, მთელი კლასი ისჯება?
 

 

არ მახსოვს, ვინმე ინდივიდუალურად დამესაჯოს.

-    დიახ, ამაზე შეთანხმებულები ვართ. თავიდან აპროტესტებდნენ, მაგრამ ყოველთვის ვეუბნები, რომ კლასი ერთი გუნდია და ბავშვები ერთმანეთს უნდა ეხმარებოდნენ. 

-    თქვენ ხართ მასწავლებელი სკოლაში; ინოვაციების ცენტრის ხელმძღვანელიც ხართ, სადაც ბავშვებს  არაფორმალურ განათლებაში ეხმარებით. ბავშვთა გასართობი ცენტრი გაქვთ და მარანიც. ბოლო ორი თქვენი ოჯახის ბიზნესია. ამდენი სხვადასხვა საქმე იყრის თავს და, დარწმუნებული ხართ, რომ პრიორიტეტებს ყოველთვის სწორად ანაწილებთ? 

-    დიახ, დარწმუნებული ვარ. მნიშვნელობით პირველი არის ბავშვები და სკოლა. შემდეგ არის ინოვაციების ცენტრი. მე ვუწევ კოორდინაციას ამ ცენტრში ტრენინგებს და ყველა სხვა საქმიანობას. შემდეგია ბავშვთა გასართობი ცენტრი, რაც ჩვენი ოჯახის ბიზნესია. ჩვენი ხელით - ჩემმა შვილმა და მე - მოვხატეთ კედლები. ჩემმა შვილმა რემონტი გააკეთა. აქ ბავშვებს დაბადების დღეებს უხდიან. მე სახეებს ვუხატავ და მათი გაღიმება ჩემთვის დიდი ბედნიერებაა.

-    მარანი, როგორც ვიცი, წარმატებულია. თქვენი საოჯახო ღვინოც ჩამოასხით ბოთლებში.

-    ჩვენ ხომ სოფელში ვცხოვრობთ და დიდი ვენახი გვაქვს. ჩემი მამამთილი სულ ღვინოს აყენებდა. იყო დრო, როცა 8 ტონა ყურძნის ღვინოს ვამზადებდით. ახლა ამ საქმეს ჩემი მეუღლე აგრძელებს. 

-    რა ჯიშები მოგყავთ?

-    ცოლიკოური, ძელშავი, ცოტა კრახუნა. პროექტი დავწერე „აწარმოე საქართველოში“ კონკურსის ფარგლებში. მოვიგეთ და მარანი განვაახლეთ. კარგად მოვინდომეთ. გადასარევი მარანი არ არის, მაგრამ კიდევ ვაპირებთ შელამაზებას. ახლა ოჯახის ეტიკეტზე ვმუშაობთ. ღვინის ბიზნესს ჩემი მეუღლე და შვილი უძღვებიან, ამიტომ არის პირადად ჩემთვის ბოლო პრიორიტეტი. მაგრამ ოჯახისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 

-    ყველაფრიდან ჩანს, რომ შეკრული ოჯახი გაქვთ. თქვენი გამოცდილებით, კარგი ოჯახის ძირითადი ღერძი რა არის? 

-    სიყვარული და ურთიერთგაგება, პატივისცემა ერთმანეთის მიმართ. ჩემი ქმარი რომ 2002 წელს მხარში არ დამდგომოდა, მაშინ ისეთი რთული სიტუაცია მქონდა, რომ ამერიკაში ვერ წავიდოდი. შვილები პატარები იყვნენ, სოფელ დიმის სკოლაში დადიოდნენ, მე უნდა წამეყვანა და წამომეყვანა. დედამთილი მყავდა მწოლიარე ავადმყოფი. მეუღლეც არ მუშაობდა. ვიცოდი, რომ ამერიკაში ვერ წავიდოდი, მაგრამ მიხაროდა, რომ კონკურსში გავიმარჯვე. რომ მოვედი სახლში, მეუღლეს ვუთხარი: ნიკუშა, დამირეკეს, რომ გავიმარჯვე. ვიცი,  ამერიკაში ვერ წავალ, მაგრამ მაინც ხომ მივაღწიე ამ გამარჯვებას-მეთქი.

 
რას ჰქვია, არ წახვალო. რაც შენ მაგაზე მუშაობდიო. მერე, მარო დედას ვინ მიხედავს-მეთქი? ჩემს დედამთილზე ვთქვი და... „მე დები რისთვის მყავს, მოვლენ და მიხედავენ. შენ წახვალ!“ ეს იყო ჩემთვის იმხელა მხარდაჭერა, იმოდენა მხარდაჭერა, რომ არ ვიცი, დღემდე ისე მახსენდება, რომ... ჩემი ქმარი რომ არა ეგეთი, ალბათ, მე ამდენ რამეს ვერ გავაკეთებდი.

 

-    ბავშვები ვის დაუტოვეთ? 

-    ჩემს მეუღლეს. მულებიც აქცევდნენ ყურადღებას. სკოლაში ჩემს ქმარს დაჰყავდა. ასე გავატარეთ სამი თვე. 
 

 

კლასი ერთი გუნდია და ბავშვები ერთმანეთს უნდა ეხმარებოდნენ.

-    თქვენი ცოდნის ძირითად მარაგს წიგნებიდან იღებთ თუ ცხოვრებიდან?

-    რა საინტერესო კითხვაა. წიგნებიდანაც ბევრი ვისწავლე და ცხოვრებიდანაც. ალბათ, თანაბარი იქნება ორივეს წილი. რაკი ეს კითხვა დამისვით, გეტყვით, რომ ჩემი ცოდნა განაპირობა მამაჩემმა. სულ პატარა ვიყავი, მოსამზადებელ კლასში, რომ მამა გვერდით მეჯდა და მამეცადინებდა. მეუბნებოდა: აბა, შვილო, ლამაზად წერე, ლამაზად. ამიტომ არის, რომ ასეთი ლამაზი წერა ვიცი.  დედაჩემი აბრეშუმის კომბინატში  მუშაობდა და სახლში გვიან ბრუნდებოდა, ბავშვებს უკვე გვეძინა. მამას ერთი რვეული ჰქონდა და ჩამომაწერინებდა, რა წიგნი წავიკითხე, ავტორი ვინ იყო. რუსეთშიც მამაჩემმა წამიყვანა.  ჩამაბარა იქ იმ ხალხს, ვისაც გამოცდებისთვის  უნდა მოვემზადებინე. ჩემი სახლის წინ იყო უნივერსიტეტი და იქვე - უნივერმაღი. მეტი იმ ქალაქში არაფერი ვიცოდი. მამამ მანქანით ჩამიყვანა.

-    რომელი ქალაქი იყო? 

-    პიატიგორსკი. მამა უკან რომ დაბრუნდა, ძალიან ნერვიულობდა, ტიროდა. მეც აქეთ ვტიროდი. 16 წლის შვილს რომ დატოვებ სადღაც, რუსეთში და მისი არაფერი იცი. ახლა რომ მობილურია, სკაიპი და მესინჯერი, ასე ხომ არ იყო მაშინ. მამას და მე გვაქვს ძალიან ღრმა სულიერი, განსაკუთრებული ურთიერთობა. ორი წლის წინ ინსულტი დაემართა და მწოლიარე ავადმყოფია. ვერ ჩავდივარ ქუთაისში ისე ხშირად... ჩვენს სურათებს იხუტებს გულში.

-    იცის თქვენი წარმატების ამბავი? 

-    დიახ და ძალიან ამაყია. ასეთი დაკავებული რომ ვარ, ვერ ვაქცევ სათანადო ყურადღებას და ძალიან მწყდება გული. დედაჩემი ისეთია, რომ სულ გეუბნებოდა - აბა, ახლა ეს გააკეთე, ახლა ის გააკეთე... მამაჩემი მერე ყოველმხრივ გვეხმარებოდა, რომ მიზანთან მივსულიყავით. ასეთ ოჯახში რომ იზრდები, შენს საკუთარ ოჯახშიც გინდა, რომ თბილი გარემო იყოს. ძალიან თბილი ოჯახი გვაქვს. ჩემი შვილები არიან რაღაც საოცრებები. გუშინ მეუბნება ტატო, შენი დამსახურებაა, რომ ასეთები ვართო. ჩემი რატომ-მეთქი? შენ რომ იყავი ხან მკაცრი და ხან ძალიან თბილი, ამიტომ გამოვედით ასეთებიო. საზღვარგარეთ არ უსწავლიათ, მაგრამ კარგი ვაჟკაცები არიან და, დარწმუნებული ვარ, ყველაფერს კარგს გააკეთებენ ცხოვრებაში. 

-    თქვენ რას გააკეთებდით, რომ არ გეშინოდეთ?
 

 

წიგნებიდანაც ბევრი ვისწავლე და ცხოვრებიდანაც.

-    (პაუზა) ალბათ, პარაშუტიდან გადმოვხტებოდი და პარაპლანით ვიფრენდი. ორივე ძალიან მაინტერესებს, მაგრამ მეშინია.

-    უსაქმურობას და სიზარმაცეს შორის თუ ხედავთ სხვაობას? 

-    არ ვიცი, უსაქმურად თუ შეიძლება იყოს ადამიანი. შეიძლება, ყველაფერი დაალაგო, მაგრამ საქმე მაინც ყოველთვის არის. ჩემს ცხოვრებაში ასეა - ყველაფერს რომ გავაკეთებ, მერე უცებ გამახსენდება, რომ მინდა, ვნახო, დავუშვათ, როგორ ცხვება სააღდგომო პასკა. ეგეც საქმეა, რომ ინტერნეტს გახსნი და რაღაც საჭიროს მოიძიებ. სიზარმაცე კი ის არის, როცა რაღაც არ გინდა, გააკეთო, თორემ თუ მოინდომებ, ყველაფერს შეძლებ. მე ზარმაციც ვარ, გარკვეულწილად. მაგალითად, მეზარება, რომ დილაობით ვირბინო. დავრბოდი და უკეთეს ფორმაში ვიყავი. 

-    როგორ ფიქრობთ, შეიძლება, რომ ადამიანი ყოველთვის კეთილი იყოს?

-    შეიძლება. უნდა იყო კეთილი. ჩვენი რელიგიაც ამას გვასწავლის. ყოველთვის ასე არ გამოდის, მაგრამ უნდა ეცადო, რომ იყო კეთილიც, მიმტევებელიც. არის სიტუაციები, როცა ვერანაირად ვერ მიუტევებ, მაგრამ ეს ცუდია. ყოველთვის უნდა იცოდე, რომ ჯობია, მიუტევო. 

-    ამ აზრს არ ეთანხმებით, რომ გონიერი ადამიანი კეთილ საქმეშიც კი ზღვარს უნდა იცავდეს?

-    ამასაც ვეთანხმები. თუმცა, ბოლოს მაინც სიკეთე გადაწონის. შეიძლება, ამას იმიტომ ვამბობ, რომ პირადად მე არ მქონია შემთხვევა, ამას რომ ემსგავსებოდეს - სიკეთის შემოსაზღვრის სურვილი რომ გამჩენოდეს. 
 

 

პარაშუტიდან გადმოვხტებოდი და პარაპლანით ვიფრენდი.

-    თქვენი გამოცდილებით, წარმატებული ადამიანი მეგობრებს იძენს თუ კარგავს? წარმატება მას სხვებთან აახლოებს თუ სხვებისგან აშორებს?

-    მე მგონია, რომ წარმატება პოზიტიურია. იმდენ კარგ ადამიანს შევხვდი, იმდენად დადებითი გარემოა ჩემ ირგვლივ და იმდენად ბედნიერი ვარ ამ ადამიანების გაცნობით, რომ ვერ წარმოიდგენთ. თუნდაც, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულის წევრებს გავიხსენებ. ბევრი ადამიანი ფეისბუკითაც მწერს, ნეტავ, პირადად როდის გაგიცნობთო. ეს რამხელა პოზიტივია, იცით? ამითია, ენერგიული რომ ვარ და მეტი ძალა მაქვს. თავიდან ცოტა ჩაკეტილი ვიყავი, გვიან-გვიან გავიხსენი. მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა. ალბათ, შენ როგორიც ხარ და როგორც გინდა, რომ მოგეპყრონ, ისე ეპყრობი სხვებს. 

-    უარყოფითი გამოცდილება, ტკივილი, წყენა თქვენთვის ამ ჯილდოს არ მოუტანია? 

-    ამ ჯილდოს არა, მაგრამ მქონია შემთხვევა, როცა კარგად ვარ ადამიანის მიმართ განწყობილი, მაგრამ მან ვერ გაიგო, სხვანაირად მიიღო. მერე რა. მერე კიდევ ვაჩვენებ, რომ არ მქონია არანაირი სხვა აზრები, სხვა მიზნები. პირიქით, ყოველთვის კარგად ვიყავი განწყობილი. 

-    ჯილდომდე გამოცდილებას ამბობთ, არა? 

-    დიახ. ჯილდოს მხოლოდ პოზიტივი უკავშირდება. 

-    ეს იმიტომ გკითხეთ, რომ ლადო აფხაზავას, ჯილდოს პირველ მფლობელს, ბევრი უსიამოვნება შეხვდა. ძალიან დიდი სიყვარულიც მიიღო და ტკივილიც განიცადა. 
 

 

ყოველთვის უნდა იცოდე, რომ ჯობია, მიუტევო.

-    ერთი-ორი მეც შემხვდა, სადღაც რაღაც უსიამოვნო წავიკითხე. მაგრამ არ ვაქცევ ყურადღებას. რა თქმა უნდა, რაღაცნაირად გულს მტკენს. სულ პატარა რაღაც მტკენს გულს და პატარა რაღაც მახარებს. ყველა ადამიანს თავისებური გამოხატვა აქვს. არ არის პრობლემა, ვინ როგორ ფიქრობს. ჩემთვის მთავარია, მე ვიყო მართალი ღმერთთან და ჩემს თავთან. 

-    დაეჭვება გონიერი ადამიანის ბუნებრივი თვისებაა და, მით უმეტეს, მასწავლებლის, რომელსაც ბევრი სირთულე ხვდება ყოველდღე. დაეჭვების განცდა გასუსტებთ თუ გაძლიერებთ? ძალას გაცლით თუ ძალას გმატებთ? 

-    ძალას მმატებს. რომ დაეჭვდება ადამიანი, ათმაგად და ასმაგად უნდა აჩვენო, რომ მისი ეჭვი უსაფუძვლოა.

-    ამჯერად, თქვენ მიმართ დაეჭვებაზე კი არა, თქვენს თავში დაეჭვებაზე გეკითხებით. როცა არ იცით, სწორი ხართ თუ არა. არ იცით, სად უნდა გადაამოწმოთ. ეს გასუსტებთ თუ გაძლიერებთ? 

-    ეს ნამდვილად მაძლიერებს. კიდევ მოვძებნი, კიდევ გამოვიკვლევ, სხვა მხრიდან შევხედავ. თუ ადამიანს ეხება, შევეცდები, ჩემი თავი ჩავსვა მის ადგილზე. შეიძლება, სხვანაირად დაინახო ამბავი, მიხვდე, რომ არ ხარ მართალი და უკან დაიხიო. ჩემს მოსწავლეებსაც ამას ვასწავლი. 

-    ეს საინტერესო კუთხე იყო, რითიც ამ კითხვაზე პასუხი დაიწყეთ. მე ამაზე არ მიფიქრია - თუ ვინმე თქვენშია დაეჭვებული, მაშინ როგორ იქცევით.

-    ვცდილობ, ვაჩვენო, რომ არ უნდა დაეჭვდეს. მე ვარ ის, რაც ვარ. მე ვარ ბუნებრივი, თამაში არ შემიძლია.  

-    თქვენი უშუალო საქმიანობის გარდა, დამატებით რისი კეთება გიხდებათ, როგორც მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელს? ლადო აფხაზავა ძალიან აქტიურია სხვა სკოლებთან ურთიერთობის კუთხით. თქვენც დაგემატათ ვიზიტები, მაგრამ არ ჩანხართ, თუ, უბრალოდ, თქვენს საქმეს აგრძელებთ? 
 

 

ჯილდოს მხოლოდ პოზიტივი უკავშირდება.

-    მე ვაგრძელებ ჩემს საქმეს. ლადო ახალგაზრდაა, მამაკაცია, თავისი ოჯახი ჯერ არ ჰყავს. მე სხვა ადამიანი ვარ. ჩემთვის პირველი პრიორიტეტი ოჯახია, მას უნდა გავუნაწილო ჩემი დრო, სიყვარული, ჩემი საქმე. 

-    დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ინტერვიუს დავასრულებთ თქვენი კომენტარით ცნობილი ადამიანების ორ გამონათქვამზე. პირველი ციტატა ეკუთვნის პერლ ბაკს, ამერიკელ მწერალს, ნობელის პრემიის ლაურეატს ლიტერატურის დარგში (1892-1973): „ბავშვები, რომლებიც დიდებს არ უყვართ, ხდებიან დიდები, რომლებსაც სიყვარული არ შეუძლიათ.“

-    დიახ, ალბათ, ასე იქნება. ბავშვს თუ სიყვარული არ აჩვენე, თანადგომა თუ არ აჩვენე, ალბათ, უგულო და აგრესიული გაიზრდება. 

-    თქვენ გინახავთ ბავშვი, რომელიც დიდებს არ უყვართ? 

-    (პაუზა) სამწუხაროდ, მინახავს, ოღონდ, საქართველოში არა. რუსეთის სკოლაში რომ ვმუშაობდი, ერთი ბავშვი არ უყვარდათ. მესამე წელიწადი იყო მეოთხე კლასში ჩარჩენილი. სულ თავისუფლად მეუბნებოდნენ მასწავლებლები - ეს ცუდი ბავშვია და არ ცადო მასთან დაახლოებაო. ბავშვი მართლაც აგრესიული იყო. ერთხელ შევამჩნიე, ჩემს გაკვეთილზე რაღაცას ხატავს. ვიფიქრე, აჰა, ამას თურმე ხატვა შეუძლია. სულ სხვანაირად მივუდექი. რომა, შენ, თურმე, ხატვა შეგიძლია, რა მაგარი რაღაც დახატე-მეთქი. შევთავაზე, რომ ერთად დაგვეხატა რამე. წამოვიყვანე ეს ბავშვი ჩემკენ, დავახლოვდით. გამოცდებიც ჩააბარა და მეხუთე კლასში გადაიყვანეს. როცა „ოდნოკლასნიკები“ გაჩნდა, ჩემი გვერდი მქონდა და ყოფილი მოსწავლეები, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ, იქ მწერდნენ. ორი წლის წინ რომა ჩერნიავსკიმ თვითონ მომძებნა და მომწერა: მანანა გურამოვნა, გახსოვართ მეო? ეს ჩემთვის იყო შოკი. მას, რომელსაც მეოთხე კლასში ვასწავლიდი რამდენი წლის წინ, კიდევ ვახსოვდი. თქვენ გამომიყვანეთ მძიმე სიტუაციიდანო, - ასეთი რამ რომ მითხრა, ვიფქრე - საოცრებაა! საიდან?! 

-    გმადლობთ, რომ ეს საინტერესო შემთხვევა გაიხსენეთ. მეორე ციტატის ავტორია ფრანგი მწერალი და დრამატურგი ადრიან დეკურსელი (1821-1892): „ნდობა უნდობლობის დედაა“. 

-    (პაუზა): როგორ არ მინდა, ამ ციტატას რომ დავეთანხმო. ადამიანს თუ ენდობი, ბოლომდე უნდა ენდო. მე რომ ადამიანი მენდობა, იმას თუ ვუღალატე, ალბათ... ალბათ, თავი უნდა მოვიკლა. ჩემში ეს არ არის. არ შემიძლია... ვერ დავეთანხმები. 

ფოტომასალა: ზურაბ ქურციკიძე

გუნდი

ირაკლი გედენიძე

ზურაბ ქურციკიძე

გიო კუსიანი

გიორგი ურუშაძე

თამთა ყუბანეიშვილი

ნანა ყურაშვილი