×
„ისე აღმოჩნდა, რომ ჯერ მე ვიყავი ფრონტის ხაზზე“

ბაია აბულაძე

მეღვინე


6890

ინტერვიუს შესახებ

როდესაც ბაია აბულაძესთან ინტერვიუ დავასრულე და ამ მშვენიერ, იმერულად ზრდილ გოგონას დავემშვიდობე, ნამდვილად არ გამიცნობიერებია, რამხელა შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე მასთან ინტერვიუმ. მხოლოდ ორი დღის შემდეგ, როდესაც აღმოვაჩინე, რომ ყველა ახლობელს აბულაძეების ოჯახზე ვუყვებოდი, მივხვდი, რომ ამ ოჯახის ისტორიამ ჩემზე ღრმა კვალი დატოვა.

მიზეზი ნამდვილად ის არის, რომ დედულეთი კახეთში მაქვს. ჩემს ახლო ნათესავებს რქაწითელი და საფერავი მოჰყავთ. შესანიშნავ ღვინოსაც აყენებენ - ვინც ღვინის ფასი იცის, მათ პატიოსან ღვინოებს ყველა გამორჩეულად მაღალ შეფასებას აძლევს. და, იმის მიუხედავად, რომ არავის ახსოვს, მერამდენე თაობის მევენახეები და მეღვინეები არიან ჩემი კახელი ნათესავები, მათ ვერ შეძლეს ის, რაც იმერეთის ერთ ღარიბ, ნახევრად დაცლილ სოფელში მასწავლებლების ოჯახმა შეძლო.

რა შეძლო ამ ოჯახმა, ბაია აბულაძესთან ინტერვიუში წაიკითხავთ. მთელი გულით მინდა, ეს ინტერვიუ ნახოს ყველამ, ვისაც შეიძლება მაგალითად ექცეს აბულაძეების ოჯახის ამბავი - ერთი ჩვეულებრივი ქართული ოჯახის შრომის, რისკის, პროგრესისკენ სწრაფვის, ერთმანეთის ერთგულების და გამარჯვების ისტორია.

ია ანთაძე

-    ბაია, თქვენ სოფელში გაიზარდეთ და ახლა ხან ქალაქში ცხოვრობთ, ხან სოფელში. რა უპირატესობა აქვს სოფელში ან ქალაქში ცხოვრებას? 

-    როცა სადღაც ცხოვრობ, ამაზე არ ფიქრობ, რამდენად კარგია ან ცუდია იქ ცხოვრება. თუმცა, აშკარაა, რომ ქალაქში ცხოვრების უპირატესობა მრავალფეროვანი შესაძლებლობებია. ძალიან პრესტიჟულ ადგილზე შეგიძლია დაიწყო მუშაობა და შენი ცოდნა თუ გამოცდილება შემოსავლად აქციო. სოფელში დასაქმების საშუალება ხშირად საერთოდ არ არის. მაგრამ როცა სოფლის მეურნეობის პროდუქციას ქმნი, ან, ჩვენს შემთხვევაში, ღვინოს აწარმოებ, რა თქმა უნდა, სოფელში უნდა იცხოვრო. იქ ბუნებასთან ახლოს ხარ, შენი ვენახი გაქვს, შენი პროდუქტით იკვებები. ჩვენი ოჯახი თითქმის არაფერს ყიდულობს, გარდა იმ პროდუქტისა, რაც იქაურობისთვის არ არის დამახასიათებელი. სოფელში ცხოვრების მეორე უპირატესობა ის არის, რომ ოჯახი უფრო შეკრულია, სამი თაობა ერთ სივრცეში ცხოვრობს და  მეტი ურთიერთობაა თაობებს შორის. სოფელში ბევრად ნაკლებს ნერვიულობ, ვიდრე ქალაქში, სადაც ყოველდღიური სტრესული გარემო და ჩქარი ტემპია. სოფელში კი სეზონზე ხარ დამოკიდებული, დღის შუქთან ერთად იღვიძებ და იძინებ.  მამა, მაგალითად, 6-7 საათზე უკვე ფეხზეა. ჭაჭის გამოხდის პერიოდში დილის 5 საათზე დგება. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ბევრი ადამიანი აღარ რჩება სოფელში და ნელ-ნელა არასასიამოვნო ხდება ცხოვრება იმ გარემოში, სადაც მეზობელი არ გყავს და არავის გაჩერება აღარ უნდა. 
 

 

როცა სადღაც ცხოვრობ, ამაზე არ ფიქრობ, რამდენად კარგია ან ცუდია იქ ცხოვრება.

-    თქვენ ყვებოდით შიშებზე, რომლებსაც განიცდიდით, როცა სტუდენტი გახდით და თბილისში საცხოვრებლად ჩამოხვედით. გეშინოდათ შუქნიშანზე ქუჩის გადაკვეთის, მეტროთი მგზავრობის, ფინანსების დამოუკიდებლად მართვის... ეს ბუნებრივია, რადგან ქალაქში ცხოვრების წესი თქვენთვის უცხო იყო. ახლა, როდესაც ბევრ ქვეყანაში ხართ ნამყოფი და მთელი სამყარო გაიხსნა თქვენთვის, გაუცხოების განცდა ხომ არ გიჩნდებათ სოფელში ცხოვრების წესის მიმართ? 

-    რეგიონებიდან ჩამოსული სტუდენტები თბილისში ან ნათესავებთან ცხოვრობენ, ან ქირით. ამიტომ, ყველა არდადეგებზე სახლში დაბრუნება დიდი შვება და სიამოვნება იყო ჩემთვის. მით უმეტეს, იმის შემდეგ, რაც ღვინის წარმოება დავიწყეთ. გარდა ღვინის ბიზნესისა, შემდეგ ტურიზმიც დავამატეთ. ძალიან ბევრი სტუმარი ჩამოდის ჩვენთან, რომ კერძები გასინჯოს, ღვინო დააგემოვნოს, ბუნებრივ გარემოში გაიცნოს აგრომეურნეობა. პატარა საოჯახო სასტუმრო გვაქვს, ცალკე ღვინის დისტრიბუციის საკითხებია მოსაგვარებელი... ისეთი აქტიური და ხანდახან დამღლელი ცხოვრებაა იქ, რომ ვერ წარმოიდგენთ; განსაკუთრებით, სეზონზე. 

-    მაგრამ როცა სულ ობჩაში ცხოვრობდით, საქონელს უვლიდით, ქათმებს... ეს კიდევ გიწევთ, თუ - აღარ? 

-    საქონელი კიდევ გვყავს, ქათმებიც, გოჭებიც... ყანებიც გვაქვს. ყოველწლიურად ვთესავთ სიმინდს, რომ შინაურ ცხოველებს საკვები ჰქონდეთ. თან ეს ყველაფერი მოდური გახდა. ჩამოსული სტუმრები დიდი სიხარულით ათვალიერებენ, ობჩელი ქათმები როგორები არიან (იცინის). ტურისტები რომ ჩამოდიან, გრძნობენ, რომ ხელოვნურად შექმნილ სივრცეში კი არ ხვდებიან, არამედ აგროტურისტულ ობიექტში არიან, სადაც ბევრი რამ შეუძლიათ, ნახონ. ახლა მშობლები ბევრად მეტს შრომობენ, ვიდრე ჩვენ, ახალგაზრდები. მაგრამ იმდენი საქმეა ხოლმე, რომ ერთად თუ არ ვიქნებით, ყველაფერს ვერ მოვერევით. 

-    იქ თქვენ რისი კეთება გიყვართ ყველაზე მეტად?

-    ძალიან ბევრი საქმეა, მაგრამ ყველაზე საყვარელი და საინტერესოა, თუ რამე მოსავლის აღებაა, ან რაღაცის გარჩევა, ერთი სიტყვით, ნელი საკეთებელი საქმე რაც არის. თუმცა, იმდენად ბევრი რამ ხდება ერთდროულად, რომ - კი ვართ იმერლები და ჩქარა კი ვაკეთებთ ყველაფერს, მაგრამ - ხშირად ორმაგ სიჩქარეში გვიწევს მუშაობა. 
 

 

არასასიამოვნო ხდება ცხოვრება იმ გარემოში, სადაც მეზობელი არ გყავს.

-    2015 წლის ბოლოს ჩამოასხით პირველი ღვინო ბოთლში. ამის შემდეგ სამი წელიწადი გავიდა. ამ სამ წელიწადში თქვენ შეძელით ის, რომ თქვენი ღვინო იყიდება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთშიც. გაქვთ საოჯახო სასტუმრო, რესტორანი და პლუს რაღაც საწარმოც გახსენით, რომელიც, თუ არ ვცდები, ბოთლებს ასხამს. 

-    ყველაფერი გცოდნიათ. ეს საწარმო იმისთვის არის, რომ სურსათის უვნებლობის სტანდარტების გათვალისწინებით, ბოთლის ჩამოსხმის პროცესში დარღვევა არ მოხდეს.

-    ვინ არის თქვენს ოჯახში ის ადამიანი, რომელიც ცვლილებების და წინსვლის გენერატორია? ვინ არის ის, ვინც მთავარ რისკებს საკუთარ თავზე იღებს?

-    ეს ყველაფერი მაინც ფინანსებთან არის დაკავშირებული. იდეების ნაკლებობას არავინ ვუჩივით. დედას იდეა იყო, რომ ბანკიდან სერიოზული სესხი აგვეღო. ასეთი სესხი აქამდე არასოდეს გვქონია. მაგრამ დედამ თქვა, ეს ყველაფერი საჭიროა, თორემ მეორე ეტაპზე ვერ განვვითარდებითო. მარნის სურსათის უვნებლობის ნაწილიც და ისიც, რომ ძალიან ბევრი მოწყობილობა შევიძინეთ - ქვევრებს ვყიდულობთ, უჟანგავი ლითონის ცისტერნები გვაქვს - ამ ყველაფერს ნაგროვები ფულით ვერ შევიძენდით. თანაც, ოჯახის  ვერცერთი წევრი, დედის გარდა, ვერ გადაწყვეტდა, რომ ამხელა თანხაზე პასუხისმგებლობა აგვეღო. გვანცა და გიორგი (ჩემი და-ძმა) ძალიან ინოვაციურები არიან. მათი იდეა იყო, რომ ბიოწარმოებაზე გადავსულიყავით  და რისკებს არ შევშინებოდით. რისკი მართლაც ძალიან მაღალია იმიტომ, რომ ვერ იყენებ ისეთ ქიმიურ პრეპარატებს, რომლებიც მარტივად კლავს ყველანაირ დაავადებას თუ ბაქტერიას. მაგრამ როცა ბიო ღვინო გაქვს, ბევრად თავისუფლად გრძნობ თავს ათას რამეში. ფასიც უფრო მაღალია, ბაზარიც - განსხვავებული, ჩვენი პარტნიორებიც გვთხოვენ, იქნებ, ბოთლზე იყოს გამოსახული ეს მწვანე ფოთოლი, რომ უფრო მარტივად გავყიდოთო. მამა ყველაფერში გვეთანხმება ხოლმე. 

-    როგორც მივხვდი, დედა არის გადაწყვეტილების მიმღები მთავარი პირი. დედა წყვეტს, როგორი ფინანსური რისკები გაწიოს, ან არ გაწიოს ოჯახმა. 

-    დიახ, ასეა. 

-    რაიმე სპეციალური განათლება აქვს? პროფესიით ვინ არის, რას ასწავლის სკოლაში?

-    ფილოლოგია პროფესიით. ჩვენთვის ძალიან გამორჩეული ადამიანია. ჩვენს განათლებაზე ბევრი ენერგია და რესურსი დახარჯა ოჯახმა. სამი შვილი რომ გყავს, მასწავლებლის ხელფასით ძნელია მათთვის ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა. თურმე, მთელი ცხოვრება აგროვებდნენ ხელფასს და აღმოჩნდა, საჭირო თანხა სამივე სტუდენტისთვის მოიმარაგეს. ამისთვის ბევრი რისკი გაწიეს. 
 

 

ერთად თუ არ ვიქნებით, ყველაფერს ვერ მოვერევით.

-    დედა ფილოლოგია და მამა რა პროფესიის არის? 

-    მამა ისტორიკოსია. ისიც სკოლაში ასწავლის.

-    ჰუმანიტარები ხართ მთელი ოჯახი?

-    კი ბატონო. 

-    ადგილობრივი ღვინის ბაზარი დღითიდღე უფრო მრავალფეროვანი ხდება. იყო თუ არა თქვენი ოჯახის ბიზნესის წარმატების მთავარი საფუძველი პირადად თქვენთან - ბაიასთან - ბრენდის დაკავშირება? 

-    პირველ რიგში, ძალიან რთული იყო ღვინისთვის სახელის შერჩევა. დღეს ღვინის მაღაზიაში რომ შეხვიდეთ, ყველანაირ ეტიკეტს, ყველანაირ სახელს ნახავთ. ყურადღება ექცევა, ღვინის დასახელება როგორ გამოითქმის ნებისმიერ დიალექტზე, როგორ ჟღერს ქართულად, ინგლისურად. გავითვალისწინეთ, რომ პატარა წარმოება ვიყავით და ისეთი სახელი შევარჩიეთ, რომელიც პატარა წარმოებასაც მოერგებოდა. 2010 წლიდან ვმონაწილეობდით ღვინის ფესტივალებში. კიდევ, „ღვინის კლუბი“ გეცოდინებათ...

-    დიახ, მალხაზ ხარბედიას მიერ დაარსებული კლუბი. 

-    მეორე კურსიდან ყოველ მეორე სამშაბათს ამ კლუბის ლექციაზე ვიყავით და იქ იაგო ბიტარიშვილს, სოლიკო ცაიშვილს, სხვა მეღვინეებს ვუსმენდით. მეღვინეები იქ გავიცანით. მათთან საუბარი და მათი მოსმენა ძალიან საინტერესო იყო. ჩვენი სოფელი - ობჩა - ცნობილია, როგორც მეღვინეობის ადგილი. ყველაზე კარგი ყურძენი ჩვენთან მოდის იმ თეთრი ღვინოებისთვის, რასაც ვაწარმოებთ.

-    ცოლიკოური, ანუ ობჩური. 

-    დიახ, ზუსტად ეს. როცა იგებდნენ, რომ ობჩიდან ვიყავით, ბევრ რამეს გვეკითხებოდნენ. ღვინის დეგუსტაციაც გვქონდა, გამოფენებზეც მოდიოდნენ ჩვენთან. ისე მოხდა, რომ ამ ხალხში გავრცელდა ჩვენი სახელი. 
 

 

იდეების ნაკლებობას არავინ ვუჩივით.

-    კლუბში დავდიოდითო და ვინ დადიოდა თქვენთან ერთად? თქვენი და? 

-    ყველაზე უფროსი ვარ და თავიდან მე დავდიოდი. მერე, ნელ-ნელა, ჩემი და-ძმაც „ჩავითრიე“. 

-    ანუ ინიციატივა იყო თქვენი, რომ „ღვინის კლუბში“ გევლოთ, იმის მიუხედავად, რომ სულ სხვა პროფესია გქონდათ - პოლიტიკურ მეცნიერებებს სწავლობდით?

-    თავიდან არ იყო მარტივი იმიტომ, რომ „ღვინის კლუბში“ ლექციები შვიდ საათზე იწყებოდა და გვიანობამდე გრძელდებოდა. მაგრამ მერე, სამივემ რომ დავიწყეთ სიარული, მათთვისაც საინტერესო იყო და აღარ მეუბნებოდნენ, სად ხარ აქამდეო. 

-    „ღვინის კლუბის“ მნიშვნელობა გავიგე. მაგრამ სხვა ეტაპზე რომ გადაგეყვანათ თქვენი საოჯახო მეურნეობა, ამ საქმეში რა როლი გქონდათ პირადად თქვენ? 

-    ის, რომ ღვინო ბოთლში ჩამოგვესხა და ღვინის მაღაზიებში შეგვეტანა, ძალიან მარტივი თემა არ იყო. რომ ვუყურებდი წარმატებულ მეღვინეებს, ზოგი სად ყიდდა ამ ღვინოს და ზოგი როგორ... წარმატებული ისტორიები იყო ჩვენთვის. ხშირად ვლაპარაკობდით, რომ შეიძლება ეს მოხდეს; შეიძლება, ჩვენც გავაკეთოთ, ამ საქმით დავკავდეთ. მაგრამ ძალიან დიდი ნაბიჯი გვეგონა ჩვენი წარმოებიდან ღვინის ჩამოსხმამდე. მერე სწრაფად მოხდა ყველაფერი. ისე მოხდა, რომ არა მხოლოდ ღვინის ჩამოსხმა შევძელით, არამედ, მეც და ჩემი და-ძმაც ახლა მთელი მონდომებით ვართ ჩართული ამ საქმეში. გვანცაც სოციალურ მეცნიერებებზე სწავლობდა ბაკალავრიატში და ახლა აგრონომიის მაგისტრი გახდება ძალიან მალე. გიორგი ისტორიკოსობას აპირებდა, როგორც მამა. მთელი ორი წელი ვეჩიჩინებოდით, რომ აგრარულ უნივერსიტეტში ჩაებარებინა. ახლა მესამე კურსზეა, მეღვინეობას სწავლობს და ძალიან ბედნიერია, მაგარი სტუდენტია. 

-    კონკრეტულად, ვინ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ოჯახის ბრენდი უნდა ყოფილიყო ბაია? 

-    დედამ. ძალიან ბევრ გადაწყვეტილებას დედა იღებს. თავდაპირველად ჩემს დას და ძმას ბევრად ნაკლები ინტერესი ჰქონდათ. ვერ წარმოიდგენთ, ახლა რა საოცრებებს აკეთებენ, ხშირ შემთხვევაში. მაგრამ ისე აღმოჩნდა, რომ ჯერ მე ვიყავი ფრონტის ხაზზე. 

-    და ამ ინტერესის გამო, დედამ გარისკა და 22 წლის გოგოს სახელით გაიტანა საოჯახო ღვინო ასეთ კონკურენტულ ბაზარზე. 
 

 

დედამ თქვა, რომ ეს ყველაფერი საჭიროა.

-    რომ არა ის გამოცდილება, რაც „ღვინის კლუბში“ მივიღე, რომ არა იმ ადამიანებთან ურთიერთობა, - ინტერესიც ნაკლები მექნებოდა. იქ იმდენი ჩვენნაირი მოხალისე იზრდება... თავიდან, როცა ლექციებზე დავიწყე სიარული, სულ რამდენიმე ჩემი თანატოლი დადიოდა. ძირითადად მაინც უფროსი თაობის წარმომადგენლები იყვნენ, თან მამაკაცები. ახლა უკვე ტევა აღარ არის ხოლმე დარბაზში. 

-    ჟურნალი „ფორბსი“ ყოველწლიურად აქვეყნებს მსოფლიოს ყველაზე წარმატებული 30 წლამდე ახალგაზრდების სიას. ამ სიაში, რომელშიც სულ 30 ადამიანი ხვდება, წელს თქვენც აღმოჩნდით. ჟურნალის განმარტების თანახმად, სიაში მოხვედრის კრიტერიუმებია: გაბედულება, ენერგიულობა, სიახლის შემოტანა და საკუთარი ხედვა. როგორ დარწმუნდნენ ამ სიაზე პასუხისმგებელი პირები, რომ თქვენ ზუსტად ასეთი ხართ? 

-    ეს ჩვენთვისაც ცოტა წარმოუდგენელი ამბავი იყო. მოგვწერეს, რომ კითხვარი გვაქვს და თუ შეგვივსებთო. ყველა ასეთ შემოთავაზებაზე ვთანხმდებით, რა თქმა უნდა. ჩვენი საიტი გვაქვს და მასზე ელექტრონული ფოსტის მისამართია მიბმული, ამიტომ, მარტივად გვპოულობენ. მანამდე „Washington Post“-მა დაწერა ჩვენს ღვინოებზე ნიუსი და „Food&Wine“-მა გამოაქვეყნა ჩვენზე ერთი სტატია. ეს საკვების და სასმელის სფეროში ყველაზე პრესტიჟული გამოცემაა. ჩვენთან რომ ბევრი სტუმარი ჩამოდის, ერთ-ერთი ამ გამოცემის ჟურნალისტიც იყო და ისე მოეწონა გარემო, მაშინვე ჩაგვწერა. 

-    და „Washington Post“-ში როგორ მოხვდით? 

-    „Washington Post“-ში ჩვენი ერთ-ერთი ღვინო - ცოლიკოური (2016 წლის მოსავალი) - ჰქონდათ გასინჯული და ასეთი სტატია დაბეჭდეს: „ჭაჭასთან კონტაქტში მყოფი ხუთი საინტერესო ღვინო“; ამ ჩამონათვალში ორი ქართული ღვინო მოხვდა. ასეთი კატეგორიები იყო: საუკეთესო, კარგი, დამაკმაყოფილებელი. ჩვენ მოვხვდით საუკეთესოს კატეგორიაში. ასე ნელ-ნელა გვიპოვა „ფორბსმა“. 

-    „ფორბსის“ აპლიკაციაში რა ტიპის კითხვებზე მოგიხდათ პასუხის გაცემა? 

-    გრძელი აპლიკაცია იყო, ბევრი კითხვით, მათ შორის, ამ ტიპის კითხვებით, მაგალითად, რა მოტივაცია აქვთ ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდებს. უამრავი კითხვა იყო ამის შესახებ. გარკვეული პერიოდის შემდეგ ფოტოები გვთხოვეს და მერე უკვე სია გამოქვეყნდა. 

-    თქვენი პროფესიული (პოლიტოლოგიური) განათლება თუ დაგეხმარათ ამ კითხვარის შევსებისას? 

-    კითხვების უმეტესი ნაწილი ფინანსური განვითარების საკითხებს ეხებოდა: რა ფინანსებით დავიწყეთ, რაიმე პროგრამა თუ დაგვეხმარა, რამდენ პროცენტს შეადგენდა ყოველწლიური ზრდა, მომავალ წლებში როგორ ზრდას ველოდებით, შემოსავალი რამდენი გვქონდა და რამდენი გვაქვს ახლა... მოკლედ, კომბინაცია იყო ამ ორი ტიპის კითხვების. რა თქმა უნდა, განათლება ბევრ რამეში მეხმარებოდა და ახლაც მეხმარება. 
 

 

ჩვენს განათლებაზე ბევრი ენერგია და რესურსი დახარჯა ოჯახმა.

-    თქვენი ოჯახის სამომავლო პრიორიტეტი რა არის - ის, რომ არსებული წარმოება გააფართოოთ, თუ ის, რომ ასორტიმენტი გაამრავალფეროვნოთ?

-    საქართველოს მასშტაბით, მცირე მწარმოებელთა სიაში ვართ. სულ 8000 ბოთლამდე გვაქვს, მაგალითად, 2018 წლის მოსავალი. თავიდან 3000 ბოთლის ჩამოსხმით დავიწყეთ. ჩვენც ძალიან გვიყვარს ამ ღვინის დალევა, თან ბევრი მეგობარი, ახლობელი გვყავს და ყველას ვაწვდიდით (ახლაც ვაწვდით). მაგრამ ეს იმდენად მცირე წარმოებაა, რომ ძალიან ბევრ ხარჯს ვერ იტანს. მაგალითად, ჩვენს თავს ხელფასს არ ვუხდით. ვფიქრობთ, ეს მცირე წარმოება იმით გავზარდოთ, რომ ახალი მიწა ვიყიდოთ. მაგრამ მიწა ძვირი ღირს. ალბათ, ამისთვისაც დაგვჭირდება ერთი გაბედული ნაბიჯი, რომ საჭირო თანხა მოვაგროვოთ. ყველაზე დიდი გეგმა ეს არის, რომ ვენახი გავაშენოთ. მომავალი წლის ბოლოს თუ შევძლებთ, რომ მიწა ვიყიდოთ - გაშენებას კიდევ ბევრი ხარჯი უნდა - ძალიან კარგი იქნება.

-    იმავე ჯიშების მოყვანას აპირებთ, თუ სხვა ჯიშებზე ფიქრობთ? 

-    არის ასეთი ჯიში - ადანასური. ჩვენც გვქონდა, მაგრამ იმის გამო, რომ ცოლიკოური კარგად იყიდებოდა, თავის დროზე ის ვენახი ავჭერით. ახლა გვინდა, რომ ნელ-ნელა ისევ გავამრავლოთ. მაგრამ ძალინ ძნელია ნერგების მოპოვება. წლები უნდა ელოდო, რომ სასურველი რაოდენობის ნერგი მიიღო. 

-    ახლა წავიკითხე, რომ 2018 წელს უცხოეთში ღვინო 284-მა ქართულმა კომპანიამ გაიტანა. მათ შორის თქვენი ღვინოც არის. ექსპორტიორი კომპანიების რიცხვი ერთ წელიწადში 34 ერთეულით გაიზარდა. ვიცი, რომ სხვადასხვა გზა არსებობს ქართული ღვინის ექსპორტზე მოსახვედრად. თქვენი ღვინო როგორ აღმოჩნდა უცხოეთში? 

-    2010 წლამდე ექსპორტზე მხოლოდ დიდი კომპანიების ღვინო გადიოდა. მერე უკვე, გამომდინარე იქიდან, რომ ქართული ღვინო ბევრმა ტურისტმა და იმპორტიორმაც გასინჯა,  პატარა კომპანიებსაც მიეცათ საშუალება, რომ თავისი პროდუქტი უცხოეთში გაეყიდათ. ღვინის ექსპორტზე გატანის საუკეთესო გზა არის გამოფენებზე მონაწილეობა და დეგუსტაციების მოწყობა. „ახალი ღვინის ფესტივალი“ ძალიან საინტერესო გამოფენაა ამ კუთხით, „ზერო კომპრომისიც“, ასევე. ვისაც ქართული ღვინის ინტერესი აქვს, იცის, რომ ერთ ადგილზე თავმოყრილი ბევრი მეღვინე შეიძლება ნახოს ამ გამოფენებზე. ასე გავიცანით ჩვენი ავსტრიელი პარტნიორი. მეორე გზაც არის: შეიძლება, შენი კომპანია ნახონ მწარმოებლების სიაში და მოგწერონ. ღვინის სააგენტოს ყველანაირი სტატისტიკა, ყველანაირი მონაცემი აქვს. მათ უკავშირდებიან, ინფორმაციას იღებენ და სთხოვენ, მათთვის საინტერესო მეწარმეებთან დააკავშირონ. 

-    ამერიკაშიც ასე მოხვდით? 

-    ამერიკაში უფრო ჩახლართული გზით მოვხვდით. ჩემი და ამერიკის საელჩოს მეწარმეობის პროგრამით იყო იქ ერთი თვის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ღვინის ბოთლები ყოველთვის გვაქვს ჩანთაში, როცა სადმე მივდივართ. იქ შეხვდა ქართული ღვინოების იმპორტიორს, რომელსაც ნიმუშები მაშინვე გაასინჯა. მათ არ ჰქონდათ იმერული ღვინო, მხოლოდ კახური ღვინოები ჰქონდათ და დიდი ინტერესი გაუჩნდათ ჩვენი ღვინის მიმართ. ისე მოხდა, რომ გვანცა ამერიკიდან უკვე შეკვეთით ჩამოვიდა. 
 

 

განათლება ბევრ რამეში მეხმარებოდა და ახლაც მეხმარება.

-    მოვედით გვანცასთან. თქვენი ოჯახი ახლა ორი დასახელების ღვინოს ასხამს - ერთს ბაიას სახელი ჰქვია და მეორეს - გვანცასი. მარკეტინგულად რამდენად გამართლებულია, რომ ერთი ოჯახი, რომელსაც მცირე წარმოება აქვს, ორი სხვადასხვა დასახელების ღვინოს ასხამს? ისიც მაინტერესებს, თუ არსებობს კონკურენცია თქვენს ღვინოებს შორის? 

-    თავიდან მხოლოდ თეთრი ჯიშები გვქონდა და თეთრ ღვინოს ვასხამდით. მერე, რაც გვანცა ამ საქმით დაინტერესდა, დიდი გამოწვევა იყო წითელი ღვინის დაყენება. ახლა ასეა, რომ ჩემი სახელით თეთრი ღვინოები გამოდის და გვანცას სახელით -  წითელი. ასე იყიდება ყველგან. გამომდინარე იქიდან, რომ ამ ღვინოებზე მოთხოვნა ერთმანეთს არ ეჯახება, ახლა ვცდილობთ, რომ ერთობლივად „გავაპიაროთ“ ორივე დასახელების ღვინო. 

-    ახლა თქვენი ოჯახის წითელი ღვინო კონკურენციაში შედის სხვა წითელ ღვინოებთან. ხომ არ იქნებოდა ეს კონკურენცია უფრო ადვილი ისევ პირადად თქვენი სახელით? 

-    გვანცას მოტივაცია ზოგჯერ თითოეული ჩვენგანის ჯამურ მოტივაციაზე უფრო მაღალია. ამიტომ გაიწვალა თავი, შეხვდა ამერიკელ იმპორტიორს და იქ წარმოუდგენელ შედეგს მიაღწია. ამერიკაში იყიდება ჩვენი წითელი ღვინო და, ვერ წარმოიდგენთ, როგორი წარმატებით. 

-    ერთხელ გვანცამ სატელევიზიო კომენტარში თქვა, ბაია იყო ჩვენი ოჯახის ის წევრი, რომელმაც  ღვინოში ფილოსოფია აღმოაჩინაო. რომაელებს აღარ ვახსენებ, მაგრამ მე-19 საუკუნის ფრანგი მეცნიერის, მიკრობიოლოგ ლუი პასტერის აზრია, რომ ერთ ბოთლ ღვინოში მეტი ფილოსოფიაა, ვიდრე ყველა წიგნში ერთად. ლუი პასტერს, ცხადია, ვერ ვკითხავთ, მაგრამ თქვენ გკითხავთ - რა ფილოსოფია აღმოაჩინეთ ღვინოში? 

-    ამ ადამიანს ყველა მეღვინე დაეთანხმება. განსხვავებულია, როგორ უყურებს ამ საკითხს, ერთი მხრივ, მეღვინე და, მეორე მხრივ, ღვინის მომხმარებელი. ვინც ღვინოს მიირთმევს, არ შეიძლება, ფიქრებს არ ჩაუღრმავდეს და თავისი ნაფიქრის მეგობრებთან გაზიარება არ მოუნდეს. ღვინო ხსნის ადამიანის უარყოფით დამოკიდებულებებს, ბევრ კარგ რამეზე გაფიქრებს, გამხიარულებს. განსაკუთრებით, როდესაც მცირე წარმოების ღვინოს სვამ, იქ იმ ფილოსოფიასაც ხედავ, რომ ძალიან ნაწვალები და ადამიანის ხელით ნაშრომი პროდუქტია. და დღეს ამის დამფასებელი ბევრია. თუნდაც, სოლიკოს ღვინის ერთი ბოთლი ვინმემ რომ მოიპოვოს, ბევრი წვალება უწევს იმიტომ, რომ ის მოსავლები განსაკუთრებული იყო.

-    სოლიკოს ღვინოს როგორღაც სხვანაირად ჰქვია, როგორც მახსოვს. 

-    „ჩვენი ღვინო“ ჰქვია. ამ შემთხვევაში, ჩვენთვის არის ის ფილოსოფია, რომ ვიცით, რამდენი შრომა და წვალება იყო საჭირო, ჩვენი ღვინო ბოლომდე რომ მოგვეყვანა და ძალიან გვიხარია, როცა ამას ვინმე გვიქებს; ძალიან გვიხარია, როცა ამას ვინმე გვიკვეთავს და ყიდულობს - ანუ როცა ჩვენს შრომას და წვალებას, ერთ ბოთლში მოქცეულს, დამსახურება აქვს.

-    ერთხელ თქვით, რომ საქართველოში ხალხი შრომისმოყვარეა. თქვენ გაქვთ ხალხთან ურთიერთობის გამოცდილება როგორც სოფელში, ისე ქალაქში. შეგიძლიათ, გვითხრათ, სად უფრო მეტად შრომისმოყვარეა ხალხი - სოფელში, ქალაქში თუ ორივეგან ერთნაირად? ვის ეხებოდა ეს ფრაზა?

 
- ყველანაირ გარემოში შეიძლება იყოს შრომისმოყვარე ადამიანი. ჩემს თანატოლებზე ვიტყვი. ერთი გოგონა არის, რომელიც ჯერ FLEX-ის პროგრამით წავიდა ამერიკაში. ტყიბულელია თვითონ. მერე იქ სკოლის ყველაზე საუკეთესო სტიპენდიანტთა შორის მოხვდა, მერე იქიდან უნივერსიტეტში ყოველწლიურად სტიპენდია ჰქონდა, თსუ-ში სწავლობდა ჩვენთან ერთად. მერე ისევ რაღაც სტიპენდიით წავიდა უცხოეთში, იქ სწავლობდა. მერე ამერიკაში მუშაობდა. მთელი შრომისმოყვარეობა ჰქონდა ამ ყველაფერში ჩადებული. დღესაც ეტყობა, თუ როგორ მიჰყვება ამ საქმეს. ასეთი ძალიან ბევრი ადამიანია. ძალიან აღმაფრთოვანებს ხოლმე მათი ისტორიები და ხანდახან გინდა, რომ შენც მიჰყვე ამ ყველაფერს და ასე არ შეჩერდე.

სოფელშიც უამრავი მშრომელი ადამიანია. განსაკუთრებით, ამ ბოლო დროს გამოჩნდა ძალიან ბევრი, თუ ვინმე არ ჩანდა. ასეთ ადამიანებს რომ ხვდები, მათ ისტორიებს იგებ, ან კითხულობ, შენზეც გავლენას ახდენს, რომ მოტივაცია არ დაკარგო. 
 

 

ვინც ღვინოს მიირთმევს, არ შეიძლება, ფიქრებს არ ჩაუღრმავდეს.

-    რომ ამბობენ ხოლმე, ქართველები ზარმაცები არიან და შრომა არ უყვართო?

-    რა თქმა უნდა, ყველა გამოთქმას თავისი წინაპირობა ჰქონდა. ჩვენ ძალიან გვიყვარს მოლხენა, შეიძლება, ბევრ რამეზე თავი არ შევიწუხოთ. გერმანელები არიან ზედმეტად შრომისმოყვარეები, ყველაფერს მიზანმიმართულად და ასპროცენტიანად აკეთებენ. ერთი ნორვეგიელი მოხალისე გვყავდა და მოგვკლა მუშაობით, სანამ იმ დღეს არ დაამთავრა ლერწის გამოჭრა. ჩვენ კი რამდენიმე დღეზე ვანაწილებდით ამ საქმეს. ჩვენ გვგონია, რომ სადღაც არსებობს ზღვარი, მაგრამ შეიძლება, იმ ზღვრის იქით კიდევ ბევრი ზღვარი არსებობდეს. 

-    ამბობენ, რომ დიდი მიღწევები დიდ მსხვერპლს მოითხოვს. თუ ეთანხმებით ამ აზრს და რა იყო ის მსხვერპლი, რაც თქვენ გაიღეთ იმისთვის, რომ ძალიან მოკლე ხანში ბევრისთვის მიგეღწიათ?

-    ჩემთვის, ალბათ, ჯობდა, თავიდანვე მეღვინეობაზე მესწავლა, როგორც ახლა ჩემი და-ძმა სწავლობს, ვიდრე პოლიტიკური მეცნიერებების სწავლაზე დამეხარჯა დრო. თუმცა, რასაც ვსწავლობდი, მართლა ძალიან მიყვარდა. მეც ბევრჯერ ვიყავი სტიპენდიანტი და კარგ ადგილზეც ვმუშაობდი ბოლოს. შეიძლებოდა იმ გზის გაგრძელებაც...  კოსტიუმში გამოწყობილ ბევრ ჩემს თანატოლს ვხედავ ხოლმე. სად არ მუშაობენ! ვხვდები, რომ ყველას თავისი გზა აქვს და ყველა სხვადასხვა რამეში პოულობს სიამოვნებას და განვითარებას. 

-    ალბათ, მსხვერპლი ის არის, რომ თქვენი აკადემიური პროფესია შესწირეთ საქმეს, რომელიც გიყვართ. პროფესიით რომ გაგეგრძელებინათ მუშაობა, თქვენც ახლა სადმე კოსტიუმიანი იქნებოდით - პირობითად რომ ვთქვათ. 

-    (იცინის) კი ბატონო, ესეც შესაძლებელია. კიდევ ერთს ვიტყვი. ოჯახში ძალიან გვიყვარს მხატვრული ლიტერატურის კითხვა. მაგრამ ბოლო პერიოდში რთულია, მაგისთვის დრო გამოვყოთ. თანაც, ბევრი უცხოური და ქართული წიგნი გვაქვს მეღვინეობაზე და მხატვრული ლიტერატურა გვერდზე რჩება. ჩემი ძმა ხუმრობდა, წიგნის კითხვისთვის ახლა არ გვცალია, ვისაც აწყობილი ბიზნესი აქვს, წიგნი იმან იკითხოს და ჩვენ მაქამდე რომ მივალთ, მერე წავიკითხოთო. 
 

 

ღვინო ხსნის ადამიანის უარყოფით დამოკიდებულებებს.

-    კარგად დასვენებას თუ ახერხებთ? 

-    ამ ბოლო დროს მე ძალიან გამანებივრეს. ცხრათვიანი შვებულება მაქვს ოჯახიდან, ცოტა უფრო ხანგრძლივიც. 

-    იმიტომ, რომ ბავშვს ელოდებით. 

-    დიახ. „ამას ხელი არ მოკიდო!“ „ეს არ გააკეთო, ის არ გააკეთო!..“ სულ ამას მეუბნებიან. ჩემს წილ დატვირთვას ოჯახის სხვა წევრები იღებენ საკუთარ თავზე. 

-    მე მაინც სხვანაირ დასვენებას ვგულისხმობდი. მაგალითად, მუშაობთ თერთმეტი თვე, მაგრამ მეთორმეტე თვეს ორი კვირით მიდიხართ ზღვაზე, შემდეგ ორი კვირით მთაში, უცხოეთში მოგზაურობთ...

-    უცხოეთში, ძირითადად, ან ტრენინგზე მივდივართ, ან საქმიან შეხვედრებზე. თაფლობის თვეში კი ვიყავით დასასვენებელი ვიზიტით და ძალიან განსხვავებული ყოფილა, მთელი დღე რომ თავისუფალი გაქვს. 

-    რომელ ქვეყანაში იყავით? 

-    საფრანგეთში ვიყავით. მთელი დღე რომ შენია, ეს სულ სხვა თემა ყოფილა. და როცა დღის რაღაც პატარა ნაწილია შენი და დანარჩენი - საქმის, ის სულ სხვაა.

 
ისე, დედიკო და მამიკო, მაგალითად, და ძალიან ბევრი სოფლად მცხოვრები ადამიანი, დასასვენებლად არსად არ ყოფილა, არსად არ წასულა. ახლა ვცდილობთ მე და ჩემი და-ძმა, რომ ფული შევაგროვოთ, ბილეთები ვიყიდოთ, ან სადმე გავუშვათ ისეთ ადგილზე. მაგრამ ბოლო ორი წელი არ გამოგვივიდა იმიტომ, რომ სულ სკოლის დაწყებამდე მიჰყავთ ხოლმე საქმე, ჯერ არ გვინდა, ჯერ არ გვინდაო და ამასობაში, სკოლაც იწყება.

მაგრამ დასვენება კი არა, თბილისში როცა ვსწავლობდით, აქაც ძალიან იშვიათად ჩამოდიოდნენ ჩვენი მშობლები. მამა სულ ერთხელ იყო მთელი ამ ხნის განმავლობაში. ამბობდა, მე რომ წამოვიდე, ყველა შინაური ცხოველიც უნდა წამოვიყვანო, სხვანაირად არ გამოდისო. (იცინის)

-    ფინანსებთან დაკავშირებით თქვენს საუკეთესო ჩვევად რა მიგაჩნიათ? 
 

 

გვიხარია, როცა ჩვენს შრომას, ერთ ბოთლში მოქცეულს, დამსახურება აქვს.

-    ფინანსები, ზოგადად, დედას აბარია. მაგრამ საუკეთესო ჩვევა, ალბათ, ის არის, რომ ძალიან ბევრის ხარჯვა არ მიყვარს. იმდენის დახარჯვა მიყვარს, რამდენიც მეგულება, რომ მაქვს. არ მიყვარს სესხის აღება. დიდი სესხი რომ აიღო ოჯახმა, ძალიან სანერვიულო იყო ჩვენთვის - გვეშინოდა, რომ ვერ გადავიხდიდით. ჩვენ ნაკლებად რისკიანები ვართ - ოჯახის ყველა დანარჩენი წევრი - და დედა უფრო რისკიანია. 

-    თქვენს ყოველდღიურ ჩვევებს შორის, პიროვნულ ზრდაში  რა გეხმარებათ? 

-    არ მიყვარდა ელექტრონულ წერილებზე დროულად პასუხი. შეიძლება, წაიკითხო იმეილი, ძალიან სასიხარულო ამბავი გაიგო და ორი-სამი დღის შემდეგ უპასუხო. ნელ-ნელა ეს ჩვევა შევცვალე. როცა რამე სერიოზულ ამბავს გავიგებთ, მაშინვე თუ არ მივწერთ პასუხს, მერე შეიძლება სულ დაიკარგოს ის განწყობა, რა განწყობითაც მოგვწერეს. ამიტომ, ვცდილობთ ხოლმე, რომ კითხვაზე ყოველთვის დროულად ვუპასუხოთ და უყურადღებოდ არავინ დავტოვოთ. ამასობაში, კერძო იმეილები კი რჩება წაუკითხავი. 

-    თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, ემხრობით თუ არა აზრს, რომ ბედნიერებისთვის სიმამაცეა საჭირო? თუ პირიქით, ფიქრობთ, რომ ადამიანი აქტიურად ვერ მონაწილეობს თავისი ბედის განსაზღვრაში?

-    ძალიან ბევრი რამ, რა თქმა უნდა, შემთხვევიდან გამომდინარეობს და ამგვარად გაბედნიერებული ბევრი ადამიანიც არსებობს დედამიწაზე. მაგრამ რაღაც აუცილებლად უნდა გააკეთო ბედნიერებისთვის, რაღაც შენც უნდა გაიღო. მინიმუმ, სწავლით მაინც კარგად უნდა ისწავლო, რომ მერე შენს ბედნიერებას მიაღწიო. ამერიკულ კულტურაში ასეა - ვინც კარგად სწავლობს, მან იცის, რომ  გარანტირებულად კარგი მომავალი ექნება, წარმატებას მიაღწევს და მათთვის ბედნიერებაც წარმატებასთან ასოცირდება. 

-    ახლახან ვკითხულობდი, რომ იმ ადამიანებს შორის, ვინც კეთილდღეობით ცხოვრობს, მაღალია თვითმკვლელობის წილი. ბედნიერება წარმატებასთან რომ დააკავშირეს, ეს, სინამდვილეში, არ აღმოჩნდა იმის პრევენცია, რომ ადამიანი ცხოვრების აზრს არ დაკარგავს. მერე იკვლიეს, იკვლიეს და თქვეს, რომ არა კეთილდღეობა, არამედ ცხოვრების მიზანი არის ძალიან მნიშვნელოვანი ბედნიერებისთვის. 
 

 

სოფელშიც უამრავი მშრომელი ადამიანია.

-    აუცილებლად დაგეთანხმებით. ტელევიზია საერთოდ არ იყო ნამყოფი ჩვენს სოფელში და ახლა ძალიან ბევრი ტელევიზია ჩამოვიდა, ბევრჯერ გამოვჩნდით ეკრანზე ოჯახის ყველა წევრი. ისეთი სტიმული შეიკრა ჩვენ გარშემო და ისეთი წახალისებული ვართ ყველანი ჩვენი მიზნით (ახლა მიზანი ახსენეთ), რომ უკვე დიდ ბედნიერებას გვანიჭებს ეს ყველაფერი. თბილისში ბევრი არც ამბობდა ხოლმე, საიდან იყო და როგორ იყო. ახლა, პირიქით, რომ იგებენ, საიდან ხარ და რას აკეთებ, სიამაყეს გრძნობ. მაგალითად, მამაჩემს ჰყავდა ძველი „ვოლგა“ - GAZ 24 და სულ წუწუნებდა - სკოლის ყველა მასწავლებელმა თანამედროვე მანქანა იყიდა და მე კიდევ ეს ვერ შევცვალეო. სამი სტუდენტის ხელში, რას შეცვლიდა?! მერე ერთი ჰოლანდიელი კაცი ჩამოვიდა და ლამის ეხვეწებოდა მამაჩემს, ჩემს მეგობარს „ვოლგის“ ყიდვა უნდა და რა იქნება, მომყიდე, ეს კარგ მდგომარეობაშიაო. მამაჩემმა თავი დაიფასა და არ მიჰყიდა. მერე აღმოჩნდა, რომ თუ ტურისტები იყვნენ მოსაყვანი ან სადმე წასაყვანი, ყველა ამ მანქანაში ჯდებოდა და არა ჩემი ძმის „პაჯერო იო“-ში. ყველას უნდოდა, ძველ „ვოლგაში“ ჩატეულიყო. მამაჩემმა დაინახა, რომ ამ ძველმა მანქანამაც შეიძლება, ბედნიერება მოგიტანოს, გააჩნია, როგორ და რანაირად შეხედავ ამ საქმეს. მთავარია, რომ მარტო არ იგრძნო თავი. ახლა ჩვენთან ისე შეიცვალა ყველაფერი, რომ, რას ამბობთ...

-    ზოგადად, ცხოვრება თქვენთვის, აი, ამ ასაკში - 25 წლის ხართ - რთულია თუ ადვილია? 

-    განწყობაზეც არის დამოკიდებული. როცა კარგ განწყობაზე ხარ, მაშინ ყველაფერი კარგად გეჩვენება და, ძირითადად, ასეა ხოლმე. თან, თუ რამე გაგიჭირდა, გვერდით ისეთი ადამიანები არიან - გვანცაც, გიორგიც, დედიკოც, მამიკოც, რომ ნებისმიერი ტკივილი ადვილად გადაგვაქვს. ვფიქრობთ, რომ, მერე რა, ეს დასაშვებია და ყველას შეიძლება დაემართოს. 

-    ორი ცნება რომ ავიღოთ: „გასაგები“ და „ლამაზი“, რომელი უფრო ახლოს არის თქვენთან? რომელი უფრო მოგწონთ? 

-    პასუხი რთულია, მაგრამ „გასაგები“ უფრო ინტელექტუალურად ჟღერს და, ამიტომ, ამ სიტყვას ავირჩევ. 

-    დროის შეგრძნებას რა გაკარგინებთ? 
 

 

ძალიან განსხვავებული ყოფილა, მთელი დღე რომ თავისუფალი გაქვს.

-    დროის შეგრძნებას ჩემი ძმა კარგავს ხოლმე, როცა ღვინის გადაღების ან დაწურვის პროცესია. დილის ხუთ საათამდე ვმუშაობთ. ყურძნის კრეფას ბევრი დრო უნდა და, როგორც წესი, ღამით იწურება. მაგ დროს გიორგი თვითონაც კარგავს და ჩვენც გვაკარგინებს დროის შეგრძნებას. 

-    ასეთი ხშირი ურთიერთობა გაქვთ უცხოელებთან, ბევრ ქვეყანაში დადიხართ, თქვენთან ობჩაში სტუმრად ჩამოდიან. საკომუნიკაციო ენად რას იყენებთ? 

-    მაგ კუთხით ძალიან კარგად მომზადებულები ვართ. ვსაუბრობთ გერმანულად, რადგან სკოლაში და უნივერსიტეტში გერმანულს ვსწავლობდით. ინგლისურადაც ძალიან კარგად ვსაუბრობთ იმიტომ, რომ სულ აქეთ-იქით დავდიოდით და შემოგვესწავლა. რუსულად მშობლები საუბრობენ და, კიდევ, გვანცა საუბრობს შვედურად ისე, რომ გაქცეულ შვედს მოაბრუნებს. 

-    გერმანული და ინგლისური სამივემ იცით? 

-    დიახ. 

-    განსაკუთრებული დაძაბვის გარეშე თუ შეგიძლიათ, რომ ადამიანს აპატიოთ და მეორე შანსიც მისცეთ? 

-    ჩემები ამბობენ, ძალიან მალე გავიწყება წყენაო. პირიქით, მერე ჩემს თავს ვადანაშაულებ ხოლმე, რამე არასწორად ხომ არ გავაკეთე-მეთქი. ეს ხასიათი ბავშვობიდან მომყვება. 

-    ნებისმიერ ადამიანს ეხება? თუ მხოლოდ ახლობლებს?

-    უცხოებს არ ვეჩხუბები, უფრო ახლობლებს ეხება. განაწყენებაზეა საუბარი, რა თქმა უნდა.

-    ხელახლა ნდობა? ამის რისკიც გაქვთ? ოჯახის წევრებს არ ვგულისხმობ. ადამიანმა გაწყენინათ, აპატიეთ, კიდევ ენდობით? თუ ეცდებით, რომ შორს იყოთ? 
 

 

სოფლად მცხოვრები ბევრი ადამიანი დასასვენებლად არსად ყოფილა.

-    თუ ეცდები, რომ შორს იყო, ესე იგი, კიდევ ნაწყენი ხარ. ხშირ შემთხვევაში, პირიქით ხდება ხოლმე. 

-    კარგით. ახლა ცოტა დელიკატური კითხვა მაქვს. თქვენ ბოლო პერიოდში ოჯახი შექმენით. ფაქტობრივად, თქვენი დიდი ოჯახიდან ორი ოჯახი წარმოიქმნა. თუ გაქვთ ზუსტად წარმოდგენილი, როგორ უნდა დააბალანსოთ ამ ორი ოჯახის ინტერესები ისე, რომ არავინ დაზარალდეს? 

-    დიახ, ეგ არ ყოფილა ისეთი მარტივი საქმე, როგორიც თავიდან გვეგონა. ძალიან ბევრი რამ იცვლება ასეთ მომენტში. თუ ადრე თავიდან ფეხებამდე ყველაფერში ჩართული იყავი და თავს უფრო დამოუკიდებლად გრძნობდი, ახლა ბევრ რამეზე დამატებით გიწევს ფიქრი. პირველი რამდენიმე თვე მართლა რთული იყო. თუნდაც, სტუმარი რომ მოვიდოდა, ტურისტი, ვინ უნდა მიიღოს, როგორ, რანაირად... მაგრამ ნელ-ნელა ვლაგდებით, ვწყნარდებით და ყველამ თავისი ფუნქცია შეიძინა. ახლა მე კიდევ ხელფასს მირიცხავენ, ჩემი განსაკუთრებული მდგომარეობის გამო. არ მაგრძნობინებენ გარემოს ცვლილებას და ნელ-ნელა ყველაფერი ლაგდება ისე, როგორც გვინდა. 

-    რა არის ის, რაც ახალგაზრდამ უნდა მოასწროს მანამ, სანამ ოჯახს შექმნის? 
 

 

ყველა სხვადასხვა რამეში პოულობს სიამოვნებას და განვითარებას.

-    ძალიან ბევრი რამ. პირველ რიგში, ალბათ, ის, რომ რაღაც დოზით წარმატებული იყოს. ან თავისი საქმე ჰქონდეს, მუშაობდეს ან, მინიმუმ, კარგად სწავლობდეს. იმიტომ, რომ ამით უფრო მეტად ფასდება ცხოვრებაში და რაც უფრო მეტს მოასწრებს, მით უკეთესი. მაგრამ, თურმე, ოჯახის შექმნის შემდეგაც არ ჩერდება ცხოვრება და ამის მერეც ბევრი რამ შეგიძლია, გააკეთო. მით უმეტეს, თუ ისეთი ადამიანი გყავს გვერდით, რომელსაც შენი ესმის. ჩვენს შემთხვევაში, ბაქარს თავისი მცირე წარმოება აქვს და ჩვენი დაახლოების შემდეგ ღვინოც შეუყვარდა. მისთვის უცხო არ არის, რა უნდა გავაკეთოთ, როგორ და რანაირად. 

-    ვინ არის თქვენი მეუღლე, გვიამბეთ. 

-    დიდი სიამოვნებით. ბაქარ ნარსია, წარმოშობით გურულია, პროფესიით არქიტექტორი. მუშაობს და თავისი ღვინის წარმოებაც აქვს. ჩვენც ბევრ რამეში გვეხმარება. კიდევ ერთი დამხმარე ძალა საქმეში ყოველთვის ძალიან სასიამოვნოა. 

-    როგორია სტატუსის შეცვლა - როცა მარტო ხარ და მერე საკუთარ ოჯახს ქმნი?

-    დიდი ხნის განმავლობაში გვიყვარდა ერთმანეთი და სულ მოუსვენრად ხარ ამ დროს. გულს ნაკლებად უდებ ბევრ რამეს. როცა ოჯახს ქმნი, მშვიდდები. აღარ გეშინია იმის გამო, თუ როგორ შეიძლება, ეს ურთიერთობა დამთავრდეს. უფრო დიდ ადამიანად გრძნობ თავს და ბევრ რამეს მეტ ყურადღებას აქცევ. 

-    ბაია, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. საუბარს დავასრულებთ თქვენი კომენტარით ცნობილი ადამიანების ორ გამონათქვამზე. პირველი ციტატის ავტორია ინგლისელი ლიტერატორი, ლექსიკოგრაფი და პოეტი სამუელ ჯონსონი (1709 – 1784): „ადამიანის მთავარი ღირსება ის არის, რომ მას შეუძლია, საკუთარ თავს გაუწიოს წინააღმდეგობა, საკუთარ თავს გაუძალიანდეს“. 

 
- სრულიად ვეთანხმები იმიტომ, რომ ხშირ შემთხვევაში, სიზარმაცე არის ხოლმე ძალიან დიდი ბარიერი ადამიანის ცხოვრებაში ბევრი კუთხით და, ასევე, შიშები, რომლებსაც ყველა ადამიანი ატარებს არა მხოლოდ პროფესიული, არამედ, პირადი ცხოვრების მიმართებაშიც. და უფრო მეტად გაბედულები თუ ვიქნებით, ნამდვილად უფრო უკეთესი იქნება.


-    თქვენ პირადად გაქვთ საკუთარ თავთან დაპირისპირების გამოცდილება სიზარმაცისა და შიშების გამო? 
 

 

თავისუფლება ყველა ადამიანს განსხვავებულად ესმის.

-    კი ბატონო. 

-    მეორე ციტატა ეკუთვნის ინგლისელ ფილოსოფოსს ფრენსის ბეკონს (1561-1626):  „პატივისცემის მოხვეჭით, თავისუფლებას ვკარგავთ“. 

-    პირველ რიგში, იმას ვიტყვი, რომ თავისუფლება ყველა ადამიანს განსხვავებულად ესმის. შენი თავისუფლება თუ იყო ის, რომ (თუნდაც, თანამედროვე ცხოვრებას რომ მოვარგოთ) ფეისბუკის პირად გვერდზე ტვირთავდი ისეთ ფოტოებს, როგორსაც სხვა გოგონებიც ტვირთავენ ხოლმე, ახლა ამის თავისუფლება გეზღუდება. ეს არ არის ის, რისი გაზიარებაც იმ ადამიანებისთვის გინდა, რომლებიც უკვე ასე მრავლად არიან ირგვლივ. ისევ სოციალურ ქსელზე ვიტყვი: ბევრ ადამიანს კომფორტული წრე ჰყავს სამეგობროდ და უცბად გიწევს, რომ 5000 ადამიანამდე ავიდეს ამ სამეგობროს რიცხვი; მათ შორის არიან უცხოელები, ქართველები, ღვინის პროფესიის წარმომადგენლები... მათ არ აინტერესებთ შენი პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები და პოსტები, უფრო მეტად აინტერესებთ ის, რაც საქმესთან არის დაკავშირებული, რაც სერიოზულია. ფეისბუკზე და ინსტაგრამზე ვსაუბრობ ამ ციტატის პასუხად, მაგრამ ეს არის ის სივრცე, სადაც ბოლო წლებში ყველაზე მეტად ვიგრძენი თავისუფლების შეზღუდვა. სხვა რამ არც მაგონდება. 

ფოტომასალა: ზურაბ ქურციკიძე, მიშელ მარანგი

გუნდი

ირაკლი გედენიძე

ზურაბ ქურციკიძე

გიო კუსიანი

გიორგი ურუშაძე

თამთა ყუბანეიშვილი

ნანა ყურაშვილი