×
 „დაუმსახურებლად არაფერი მჭირდება“

ლადო აფხაზავა

მასწავლებელი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი, მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ათეულის წევრი


29062

ინტერვიუს შესახებ

როდესაც ლადო აფხაზავასთან ინტერვიუ ჩავწერეთ, მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტების ვინაობა ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი. თუმცა, ინტერვიუს გამოქვეყნების დღეს უკვე ზუსტად გვეცოდინებოდა, ლადო მოხვდა თუ არა გლობალური ჯილდოს ათეულში. ნანატრი გამარჯვების მისალოცად ეს შესავალი ტექსტი დავიტოვე, ლადოს კი იმ თემებზე ვესაუბრე, რაც მის პორტრეტს უკეთესად დაანახებდა ჩვენს მკითხველებს.

ჩანაწერი ორ საათსა და ჩვიდმეტ წუთს მოიცავს. ეს არის ყველაზე ვრცელი ჩანაწერი ჩვენი პროექტის ისტორიაში. ამიტომ, ბევრი ამბავი და მოსაზრება ინტერვიუს საბოლოო ტექსტში ვერ მოხვდა. მაგრამ ის, რასაც წაიკითხავთ, ვფიქრობ, ზუსტ წარმოდგენას შეგიქმნით ლადოზე: აქა-იქ რჩება ბუნდოვანი ეპიზოდები, მაგრამ ის, რაც ნამდვილია და ეჭვს არ იწვევს, ამ ადამიანის განსაკუთრებულ უნარებზე მეტყველებს. და ეს უნარები იმდენად განსაკუთრებულია, რომ ლადო ყველანაირ ჯილდოს იმსახურებს, რაც უფროსისა და ბავშვის ურთიერთობის პლატფორმაზე არსებობს.

„პირველი არხისა“ და ჩვენი ჯგუფის სახელით კიდევ ერთხელ ვულოცავთ ლადო აფხაზავას მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტობას და მისგან ამ ჯილდოს მოგებას ველით.

წარმატებები, ლადო!

ია ანთაძე

-    ლადო, როგორ ფიქრობ, მამაკაცები ჰალსტუხს რატომ ატარებენ? 

-    სხვათა შორის, სულ მინდოდა, ეს ვინმე კომპეტენტური ადამიანისთვის მეკითხა. ალბათ, საზოგადოების მიმართ ერთგვარი პატივისცემის ნიშანია. 

-    ჰალსტუხიანი ადამიანი გიქმნის თუ არა განცდას, რომ მისი შემოსავალი გონებრივ შრომას უკავშირდება? 

-    არ ვფიქრობ ასე. არ მგონია, რომ ჰალსტუხიანი ადამიანი ვინმესგან გამოირჩევა. როცა მე მეკეთა ჰალსტუხი, ამით მხოლოდ საზოგადოების მიმართ პატივისცემას გამოვხატავდი. თუ ვინმე ჰალსტუხს იმიტომ ატარებს, რომ წარმატებული ადამიანი გამოჩნდეს, ეს ძალიან ცუდია. 

-    შენ ხშირად დადიხარ ყაბალახით, აი, როგორც ახლა. ყაბალახი რას ნიშნავს შენთვის? ამით აჩვენებ, რომ რომელიღაც ჯგუფს ეკუთვნი თუ, პირიქით, იმის თქმა გინდა, რომ ყველასგან განსხვავდები? 

-    რამდენიმე საერთაშორისო პროექტში ვმონაწილეობდი. პოზნანის უნივერსიტეტში ჩემი პროექტი წავიღე, გერმანიაშიც ვიყავი, ესტონეთშიც. კონფერენციებზე გამოვდიოდი და მინდოდა, ჩემს სამოსში ქართული ელემენტი შემეტანა. სახლში ალუბლისფერი ყაბალახი მქონდა და ვიფიქრე, პრეზენტაციაზე მომეხურა. ნელ-ნელა შევეჩვიე, რომ ზამთრის პერიოდში ყაბალახი უნდა მეტარებინა. შემდეგ, იმის გამო, რომ ყაბალახიანი  ფოტოები ქვეყნდებოდა, სადაც კი სტუმრად მივდიოდი, ყაბალახს მჩუქნიდნენ. 
 

 

იმდენად შევეჩვიე ყაბალახის მოგდებას, რომ ჩემი ტანსაცმლის ნაწილი გახდა.

-    სად, მაგალითად? 

-    ეს შავი ყაბალახი სვანეთში მაჩუქა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ერთ-ერთმა ფინალისტმა ეკა წულუკიძემ. 

-    ესე იგი, ყაბალახით უცხოელებისთვის გინდოდა, გეთქვა, რომ ეს ქართული სამოსის ნაწილია?

-    დიახ. ზოგჯერ მეკითხებოდნენ ყაბალახის შესახებ და ვუხსნიდი, რომ მე ვარ იმ ქვეყნიდან, სადაც ყაბალახი ერთგვარი ქუდია. ახლა იმდენად შევეჩვიე ყაბალახის მოგდებას, რომ, უბრალოდ, ჩემი ტანსაცმლის ნაწილი გახდა. 

-    ყველა ადამიანი უნიკალურია და ლადო აფხაზავა რითია უნიკალური? 

-    არ მიმაჩნია თავი უნიკალურ ადამიანად. შინაგანად ძალიან უბრალო ვარ. არასოდეს მინატრია, რომ ლადო აფხაზავა კომფორტში ვამყოფო. გუშინწინ 80 ბავშვი წავიყვანეთ ლადო მესხიშვილის თეატრში ქუთაისში. რამდენიმე სამარშრუტო ტაქსი გვყავდა დაქირავებული. ისე მოხდა, რომ ადგილი აღარ იყო. ბავშვები და მასწავლებლები დავსვი და მე მთელი გზა ფეხზე ვიდექი. ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო ჩემი მოსწავლეებისთვისაც და კოლეგებისთვისაც. სხვას რომ შეეხედა, იქნებ, ეფიქრა, სულ ლადო რატომ დგას ფეხზეო. ჩვენს სკოლაში ხშირად მოდიან სტუმრები. შაბათ-კვირას, როცა დამლაგებლები არ არიან, იატაკიც გამიწმენდია სკოლის ფოიეში და ფანჯრებიც, იატაკის ტილოც გამირეცხავს. არ ვარ ბუნებით ჭირვეული ადამიანი. 

-    მე არ მითქვამს, რომ შენ ხარ უნიკალური. მე ვთქვი, რომ ყველა ადამიანი უნიკალურია და ვიკითხე: ხოლო ლადო აფხაზავა რითია უნიკალური? 

-    როგორც მასწავლებელი, შეიძლება, იმით ვარ უნიკალური, რომ ჩემი მოსწავლეების სამომავლო გამოწვევებზე ვფიქრობ და ვცდილობ, რომ ისინი მომავლისთვის მოვამზადო. ჩემს გამოცდილებასაც ვითვალისწინებ. როდესაც მშობლები გარდამეცვალა, აღარ ვიცოდი, რა გამეკეთებინა. არც მე მქონდა გამოცდილება და არც არავის უსწავლებია, ძვირფასი ადამიანების დაკარგვის შემდეგ როგორ უნდა მოვქცეულიყავი. 
 

 

შინაგანად ძალიან უბრალო ვარ.

-    იოლი ცხოვრება არ გაქვს გავლილი: ყვებოდი, რომ სკოლაში სწავლის პერიოდში პირდაპირ გაკვეთილის მიმდინარეობისას შეგჭრეს თმა, რომლის გაზრდასაც ცეკვის მასწავლებელი გთხოვდა (და ეს წყენა დღემდე გულში გაქვს); ამბობდი, ბავშვობისას ყველასი მეშინოდაო - მასწავლებლის, დირექტორის, მშობლების.

-    სწავლასთან დაკავშირებით მეშინოდა.  

-    მერე გავიდა დრო და მრავალშვილიანი ოჯახის წარმომადგენელი სახლში სულ მარტო დარჩი; მერე მცირე საოჯახო ტიპის სახლის მენეჯერი გახდი, რვა ბიჭს ზრდით, რაც არ მოეწონათ არც ამ ბავშვების ახლობლებს, არც თანასოფლელებს და კიდევ თავიდან გახდი აგრესიის სამიზნე. სამუშაო ადგილიც რამდენჯერმე შეიცვალე. როგორია, იყო განსხვავებული ხასიათის და მისწრაფებების ადამიანი ტრადიციულ ქართულ სოფელში?

-    თავიდანვე, როდესაც სკოლაში დავიწყე მუშაობა, არსებული რეალობის შეცვლა მინდოდა. ჩემს დროს მოსწავლეები მართლაც შიშში ვიზრდებოდით. პირველ კლასში ვიყავი, როცა ძერწვის გაკვეთილზე პლასტელინით ბურატინოს ცხვირი გავაკეთე. მერე ეს ცხვირი ლენინის სურათს მივაკარი. მახსოვს, იმ სურათის წინ დამაჩოქეს და გაკვეთილის ბოლომდე ვიმეორებდი: „მაპატიე, ძია ლენინ! მაპატიე, ძია ლენინ!“ ამის შემდეგ ისეთი აგრესია გამიჩნდა, რომ სადაც ლენინის სურათს ვნახავდი, ვცდილობდი, ყველგან დამეზიანებინა. 

-    ეს რომელ სკოლაში მოხდა? 

-    სადაც მე ვსწავლობდი. 

-    ნიგვზიანში? 

-    დიახ. დაწყებით კლასებში არაჩვეულებრივი მასწავლებელი გვყავდა, მაგრამ სისტემა იყო მკაცრი. 
 

 

იატაკიც გამიწმენდია სკოლის ფოიეში და ფანჯრებიც.

-    ლენინის სურათს ცხვირი რომ მიაკარი, იცოდი, რას აკეთებდი? 

-    როგორც გითხარით, პირველ კლასში ვიყავი და ბავშვურად მოვიქეცი. ლენინი ვინ იყო, არც ვიცოდი. 

-    ახლა კითხვას დავუბრუნდეთ - როგორია, იყო განსხვავებული?

-    ვფიქრობ, რომ ყველა მასწავლებელს შეუძლია, იყოს განსხვავებული. როცა სკოლაში ვსწავლობდი, მათემატიკის მასწავლებელი გვყავდა - ანზორ დობორჯგინიძე. პირველად მან გაგვიყვანა გაკვეთილიდან ეზოში იმიტომ, რომ გარეთ თოვდა და მთელი კლასი ფანჯრებში ვიყურებოდით. რაღაც მონაკვეთი თოვლისგან გავწმინდეთ და ალბათობის თეორიასთან დაკავშირებული აქტივობა ჩაგვიტარა - ვითვლიდით, რამდენი ფიფქი ჩავარდებოდა ამ კვადრატში. თოვლში ჩატარებულმა გაკვეთილმა ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ მაშინ დავიწყე ფიქრი, თუკი მასწავლებელი გავხდებოდი, მეც ასეთი საინტერესო გაკვეთილები ჩამეტარებინა. 

-    რომელ კლასში იყავი? 

-    მერვე კლასში. მასწავლებლობის ინსპირაცია სწორედ ანზორ მასწავლებლისგან მივიღე. სკოლასთან დაკავშირებით ცუდი მოგონებებიც მაქვს და კარგიც. როცა მასწავლებელი გავხდი, თავიდანვე მინდოდა, ბავშვებს და უფროსებს შორის ურთიერთობა შემეცვალა, არაფორმალური ელემენტები შემეტანა სწავლებაში, რომ უკეთესი კომუნიკაცია გვქონოდა.

-    რამდენად ძნელია სიახლის შეტანა დღევანდელ სკოლაში? 

-    რა თქმა უნდა, ძნელია. ქართველებს ზოგადად გვაქვს სიახლეების შიში. როდესაც სიახლეს გეგმავ, აუცილებელია ნიადაგის მომზადება. ბევრი შესანიშნავი იდეა დაიკარგა იმის გამო, რომ მასწავლებლებმა ნიადაგის შემზადება ვერ შეძლეს. მე შევეცადე, რომ ჩემს კოლეგებთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონოდა. რაიმე სიახლეს რომ შევიტანდი სკოლაში, პარალელურად, მასწავლებლებს ვარწმუნებდი ცვლილებების აუცილებლობაში. 
 

 

მასწავლებლებს ვარწმუნებდი ცვლილებების აუცილებლობაში.

-    როდესაც მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული გახდი, შეიცვალა თუ არა შენი ცხოვრება სკოლაში? ადამიანებმა უფრო მეტად დააფასეს თუ არა ის, რასაც აკეთებ? 

-    სკოლაში ჩემი საქმიანობა უკვე იმდენად ჩვეულებრივია, რომ - „უი, ლადო, უკვე ჯილდოს მფლობელი ხარ; თურმე, რა მაგარ საქმეს აკეთებ!“ - ასე არ ყოფილა. 

-    აბა, როგორ იყო? 

-    ჩვეულებრივად მიიღეს ჯილდოს ამბავი. ჩიბათის საჯარო სკოლაში ლადო აფხაზავა საქმეს მარტო ხომ არ აკეთებს? მე თუ გავიმარჯვე, სხვადასხვა პროექტში ჩემი კოლეგებიც მონაწილეობენ. ერთი მაგიდის ირგვლივ ვსხდებით და ერთად ვგეგმავთ, რა უნდა გავაკეთოთ. 

-    პირადად შენში რა შეცვალა ამ აღიარებამ? შენ ამბობდი, არ მეგონა, თუ ჯილდოს მე მომცემდნენ იმიტომ, რომ ძალიან ძლიერი კონკურენტები მყავდაო. 

-    უფრო თავდაჯერებული გავხდი და მეტი პასუხისმგებლობა ვიგრძენი. ლანჩხუთში რა პროექტებსაც ვაკეთებდი, ასეთი ღირებული თუ იყო, ამაზე ადრე არ მიფიქრია. ჩემი მოსწავლეების საჭიროებებს ვარგებდი ჩვენს ამოცანებს. მაგალითად, თუ დავინახავდი, რომ ეთნიკურ უმცირესობასთან ცუდი დამოკიდებულება ჰქონდათ სოფელში, პროექტს ვაკეთებდი მრავალფეროვნებაზე. რელიგიურ შემწყნარებლობასთან დაკავშირებით რომ გაჩნდა პრობლემები მუნიციპალიტეტში, მთელი კოლექტივი დავსხედით და ერთობლივად დავგეგმეთ შესაბამისი პროექტები. ხარისხიც გავზარდეთ, უფრო მეტი ტემპიც ავკრიფეთ. ეს შეიცვალა...

-    თქვენი პროექტები საიდან ფინანსდება? 

-    ზოგ პროექტზე სკოლის დირექცია ზრუნავს - საჭირო რესურსით გვამარაგებს. ზოგჯერ პროექტებს ფონდებში წარვადგენთ ხოლმე. რამდენიმე პროექტი კავკასიურმა სახლმა დაგვიფინანსა, PH International-იც დაგვეხმარა, რამდენიმე საელჩოც. როცა სხვადასხვა დონორი არ ფიქრობდა, რომ რომელიმე კონკრეტული პრობლემის გადაჭრისთვის უნდა დავეფინანსებინეთ, მაშინ ბიზნესსექტორთან მივდიოდით. 
 

 

დღეს სკოლაში არ არის მასწავლებელი, რომელიც ამ გუნდის გარეთ იდგეს.

-    მრავლობითში მიდიოდით, თუ შენ მიდიოდი? 

-    მე მივდიოდი, მოსწავლეებთან ერთად. 

-    რომელიმე სხვა მასწავლებელი თუ ყოფილა ბიზნესის წარმომადგენლებთან? 

-    ჩემი კოლეგები არ ყოფილან. მე მივდიოდი და ვაწვდიდი ინფორმაციას, რამდენი მოსწავლე მიიღებდა სარგებელს და რა შედეგებს ვგეგმავდით. რომ დამჭირვებოდა ერთი თვე სიარული, ერთსა და იმავე დროს მივდიოდი ყოველდღე. 

-    ასე დაწვრილებით იმიტომ გეკითხები, რომ მინდა, კარგად დავინახო შენი როლი სკოლაში. გამოდის, იდეების გენერატორიც შენ ხარ და ფინანსების შემომტანიც. 

-    ალბათ, ასეა. 

-    შესაბამისად, შენი სკოლის მასწავლებლებისთვის მიუღებელი კი არ უნდა იყოს შენი ინიციატივები, არამედ, პირიქით, ძალიან მისაღები უნდა იყოს. 

-    იყვნენ კოლეგები, რომლებიც თავიდან ღიზიანდებოდნენ. თუმცა, იმედი მქონდა, რომ როდესაც შედეგებს დაინახავდნენ, შემოგვიერთდებოდნენ. ასეც მოხდა. დღეს სკოლაში არ არის მასწავლებელი, რომელიც ამ გუნდის გარეთ იდგეს. ყველამ ერთად შევქმენით გარემო, სადაც მასწავლებლების ინიციატივებს კი არ ვახორციელებთ, არამედ, მოსწავლეებს ვეხმარებით მათი ინიციატივების განხორციელებაში.  

-    და მაინც, თუ გყავთ მასწავლებლები, რომლებიც ფიქრობენ, რომ თქვენი თამამი მოსწავლეები - რომლებიც სკოლას მართავენ და აქტიურად თანამშრომლობენ ადგილობრივ ხელისუფლებასთან - გადიან თავისი ასაკის ჩარჩოდან? 

-    ადგილობრივ თვითმმართველობასთან იმისთვის არ მივდივართ, რომ რამის გაკეთება ვაიძულოთ. ყოველთვის თანამშრომლობისთვის მივდივართ. ჩვენი პრინციპია, რომ თუ საჯარო მოხელეს პრობლემას დავანახებთ, მის მოგვარებაშიც უნდა დავეხმაროთ. ახლა ლადო აფხაზავა უფრო პასიურია, ვიდრე ბავშვები. ჩემი მოსწავლეები უკვე მეგობრობენ ადგილობრივ თვითმმართველობასთან, სოფლის რწმუნებულთან. სადაც პრობლემაა, იქ, ადგილზე ხვდებიან ერთმანეთს. 
 

 

თუ კომუნიკაციის ხარისხს გავზრდიდით, მივიღებდით ენერგიულ, აქტიურ სკოლას.

-    ეს საინტერესოა, მაგრამ სხვა სამკუთხედზე ვლაპარაკობ. ლადო აფხაზავა - მისი მოსწავლეები - სხვა მასწავლებლები. აი, ეს სხვა მასწავლებლები ამ შენს ყოჩაღ მოსწავლეებთან ურთიერთობას როგორ აგვარებენ? ხომ არ მიაჩნიათ, რომ ბავშვებს ცოტა ზედმეტი მოსდით?

-    თავიდან იყო ასეთი აზრები, მაგრამ სკოლაში გავაკეთეთ „თავისუფლების კიბე“, რომელმაც ბევრი პრობლემა მოაგვარა. ეს არის მთავარი ასასვლელი მეორე სართულზე. ნებისმიერმა მასწავლებელმა უნდა გაიაროს ეს კიბე. აქ, თავისუფლების კიბეზე, ბავშვები თავისუფალ მესიჯებს ტოვებენ. ფერად ფურცლებზე წერენ საკუთარ მოსაზრებებს და ძაფით კიბეზე აბამენ. მაგალითად, მოსწავლე ტოვებს მესიჯს: „მე თუ გაკვეთილზე ვიღიმი და ვიცინი, მე ვარ პოზიტივი; შენ რატომ ხდები აგრესიული და რატომ მიყვირი?“ მასწავლებელი თავის თავს ამოიცნობს და ცდილობს, მიდგომა შეცვალოს. 

-    ანონიმური მესიჯებია? 

-    დიახ. 

-    ზოგიერთი მასწავლებელი კიდევ მეტად ხომ არ ღიზიანდება ამ მესიჯების გამო? 

-    იყო პერიოდი, როცა ვღიზიანდებოდით. მაგრამ მერე ჩამოვყალიბდით და მეგობრულ შეხვედრებს ვატარებთ, ჩვენს დილემებს სამასწავლებლოში ვუზიარებთ  ერთმანეთს. თვეში ერთხელ მაინც ვიკრიბებით. 

-    თქვენს სკოლაში მოხდა „დემოკრატიული რევოლუცია“, რის შემდეგაც ბავშვები მართავენ სკოლას. ესეც რომელიმე პროექტის შედეგია? 

-    დიახ. მცირე გრანტების კონკურსი იყო იმასთან დაკავშირებით, რომ სკოლაში რაიმე კონკრეტული პრობლემა მოგვეგვარებინა.  მე პირადად დავიწყე  პრობლემების კვლევა. კვლევამ მიმანიშნა, რომ მოსწავლეებს არ ჰქონდათ ბერკეტი ცვლილებებისთვის და რომ სკოლაში კომუნიკაციის დონე ძალიან დაბალი იყო.  თუ კომუნიკაციის ხარისხს გავზრდიდით, მივიღებდით ენერგიულ, აქტიურ სკოლას, სადაც მოსწავლეები შემოვიდოდნენ ინიციატივებით და მასწავლებლები შესაბამის გარემოს შევუქმნიდით. კვლევის შედეგები გავაცანი ჯერ ადმინისტრაციას, მერე კლასის ხელმძღვანელებს და, ბოლოს, მთელ სკოლას. ამ პროექტის განხორციელების შემდეგ, ინიციატივა სულ მოსწავლეებისგან მოდის. 
 

 

თუ საჯარო მოხელეს პრობლემას დავანახებთ, მის მოგვარებაშიც უნდა დავეხმაროთ.

-    დარწმუნებული ვარ, ადვილი არ არის, რომ სკოლის ასეთ ცხოვრებას ყველა მასწავლებელმა დაუჭიროს მხარი. 

-    კლასის ხელმძღვანელები კმაყოფილები დარჩნენ, რადგან მათ გასაკეთებელ საქმესაც მოსწავლეები აკეთებდნენ. კლასის ხელმძღვანელი მხოლოდ ბოლოს უერთდებოდა აქტივობებს, სტუმრის მოწვევა იქნებოდა, კედლის გაზეთის მომზადება თუ სხვა რამ. თითოეული კლასი ძალიან ორგანიზებული გახდა. 

-    ასეთი ტიპის სასკოლო ცხოვრება მასწავლებლებს რამე სარგებელს თუ აძლევდა, ვთქვათ, კრედიტების მოგროვების კუთხით?

-    მე დიდ პატივს ვცემ იმ მასწავლებლებს, რომლებმაც გამოცდები ჩააბარეს და რომლებიც კრედიტებს აგროვებენ. ჩვენც 8 თუ 9 სერტიფიცირებული მასწავლებელი გვყავს სკოლაში. მაგრამ პირადად მე კრედიტების დაგროვება არ მიცდია. ასეულობით პროექტი მაქვს გაკეთებული, მაგრამ ერთიც არ ამიტვირთავს. ყველაფერი რომ გამეფორმებინა, რასაც ვაკეთებ, მერე ბავშვებთან ურთიერთობისთვის ძალიან ცოტა დრო დამრჩებოდა. 

-    მთლიანობაში კმაყოფილი ხარ თუ არა იმით, რაც შენს სკოლაში ხდება? რამდენადაც მასწავლებლები და მოსწავლეები ჩართულები არიან პროექტულ სწავლებაში? 

-    ერთ რამეში დარწმუნებული ვარ: განათლების სისტემის დეცენტრალიზაციის ხარისხი უნდა გაიზარდოს. საქართველოში სკოლის დირექტორებს ძალიან ეშინიათ ცვლილების. სხვადასხვა სკოლაში ვასწავლიდი და ხშირად მიწევდა დირექტორებისთვის იმის თქმა, რომ არ მხიბლავს მათი პოსტი. როცა აქტიური ხარ, ვიღაცას ჰგონია, რომ ადგილს ართმევ. ერთმა დირექტორმა შემიყვანა თავის ოთახში და მითხრა: „ლადო, შენ ხომ არ გინდა, რომ ჩემზე უფრო დიდი, ძლიერი ლიდერი გამოჩნდე?“ „არა,“ - ვეუბნები, - „მე ჩემს საქმეს ვაკეთებ. აქტიური თუ ვარ, ნუ ფიქრობთ, რომ სავარძელი უნდა წაგართვათ. არანაირი თანამდებობა არ მხიბლავს.“ ნამდვილად არ მინდა დირექტორობა, მაგრამ მინდა აქტიურობა და თავისუფლება. დღემდე ერთი დირექტორი არ დასჯილა იმისთვის, რომ არაფერი გააკეთა. მაგრამ დირექტორებმა, რომლებმაც რაღაცის შეცვლა მოინდომეს, ცუდად დაასრულეს. ყველამ არა, მაგრამ მათ პატარა შეცდომაც არ ეპატიათ. ვისურვებდი, რომ სკოლის დირექტორებსაც მეტი თავისუფლება ჰქონდეთ, რომ თამამი გადაწყვეტილებები მიიღონ.

-    შეიძლება, ამის გამოც, ადმინისტრაციული არა, მაგრამ საგანმანათლებლო ლიდერი შენ ხარ შენს სკოლაში იმიტომ, რომ პროექტები შენ მოგაქვს, ფული შენ მოგაქვს და, რაც მთავარია, ცვლილებები შენ მოგაქვს. 

-    მაგრამ გადაწყვეტილების მიღება არ შემიძლია. ყველა პროექტს სკოლის დირექტორს ვუთანხმებ და ის წყვეტს.  ჩვენ ძალიან კარგი ახალგაზრდა დირექტორი გვყავს. მაგრამ ბოლო ერთ წელიწადში მთელი საქართველოს მასშტაბით 412 სკოლა შემოვიარე - გაკვეთილები ჩავატარე, კოლეგებს შევხვდი. ბევრი რამ ვნახე. მაგალითად, არ ყოფილა სკოლა, სადაც მივსულიყავი და ერთ მასწავლებელს მაინც არ ეთქვა, რომ  ბავშვებს აუვარდათ თავში თავისი გაზრდილი უფლებები. მასწავლებლებს აქვთ შეგრძნება, რომ მოსწავლეებს უფლებები გაუზარდეს და მასწავლებლებს წაართვეს. 

-    არგუმენტები თუ აქვთ? 

-    მაგალითად, არ მოსწონთ, რომ არ შეიძლება, მოსწავლეებთან ხმას აუწიო. არადა, ხმის აწევა და ყვირილი ნამდვილად არ შეიძლება. ჩემმა მოსწავლემ მართლა ისეთი რაღაცეები მაკადრა და ისე ცუდად მომმართა...

 
უბედნიერესი ადამიანი ვიყავი. იმიტომ, რომ ბავშვმა დამილაგა ლანგარზე მისი ცუდი თვისებები, რა უნდა მომეწესრიგებინა. ამაზე მეტი ბედნიერება მასწავლებლისთვის რა უნდა იყოს? თუ ბავშვი ისე იხსნება, რომ ლანგარზე მის ცუდ თვისებებს ალაგებს, შენ იმისთვის ხარ მასწავლებელი, რომ რაღაც მოაგვარო. თორემ, ახლა რისი დროა? „ვაიმე, როგორც მასწავლებელს მე პატივი არ მცა!“ და „შენ არასოდეს არ გამოხვალ ადამიანი!“ - ასე არა. პირიქით, ეს ცუდი რაც არის ბავშვში, ეს უნდა დავინახოთ და მოვაგვაროთ.

 
-    ალბათ, სკოლების შემოვლის შემდეგ იყო, როცა თქვი, განათლების სისტემა საქართველოში დაბერდაო. ეს დიაგნოზია? 
 

 

პირადად მე კრედიტების დაგროვება არ მიცდია.

-    ეს ჩემი შეხედულებაა. 

-    რას გულისხმობდი? 

-    რატომღაც სკოლა ჩაიკეტა, ახალი სისხლი ვერ შემოდის. სკოლაში აუცილებელია ახალგაზრდა მასწავლებლები, სიახლეები. ცოტა ხნის წინ განათლების მინისტრმა გამოცდები გააუქმა. მე ასე ვუდგები ამ საქმეს: ჩემს მოსწავლეებს სამოქალაქო განათლებაში გამოცდა რომ ჰქონდეთ ჩასაბარებელი, მაშინ ჩემი გაკვეთილები ასეთი შემოქმედებითი, მხიარული, აზარტული არ იქნებოდა. მაშინ წიგნს ავიღებდი და ვეტყოდი, აქედან აქედან ისწავლეთ, დაიზეპირეთ ეს ინფორმაცია, რომ გამოცდაზე არ შეგეშალოთ-მეთქი. კოლეგების ნაწილი სხვანაირად ფიქრობს: გამოცდები გაუქმდა და ამიტომ ჩემს საგანს ბავშვი არ ისწავლისო. გამოცდა თუ გაუქმდა, რაღაც სხვა ვალდებულებები შემოვა. ასე არ არის განათლების სამინისტროს საქმე, რომ გამოცდა მოხსნას და მორჩა. მასწავლებლის მიმართ ახალი მოთხოვნები გაჩნდება: გამოცდისთვის კი აღარ მომიმზადო ბავშვი, არამედ, ვთქვათ, მომიმზადე სამომავლოდ. ჩვენ ვცდილობთ, რომ ბავშვმა აკადემიური ცოდნა მიიღოს, მაგრამ უნდა მივიყვანოთ აკადემიურ დონემდე, აკადემიურად სწავლის სურვილამდე. სწავლის ძირი უნდა იყოს ტკბილი, რომ კენწეროც გატკბილდეს. ის ძველი გამონათქვამი, რომ „სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდების“, 21-ე საუკუნეში უკვე აღარ ჭრის. ყველაზე რთულ დღეში, ვფიქრობ, განათლების მინისტრია დღეს იმიტომ, რომ ძალიან დიდი გამოწვევების წინაშეა. ასეთი სერიოზული გამოწვევები ადრე არ ყოფილა. 

-    ხუთი ან ათი წლის წინ რატომ არ იყო ასეთი გამოწვევები?

-    უკვე ყველაფერი ძალიან თვალნათლივ ჩანს. შედეგი დაიდო და ჩანს, რომ წინ ვერ წავედით. 

-    შენ ამბობდი: „ბევრი მასწავლებელი მწერს, მასწავლებლის გლობალურ კონკურსზე ხარ წარდგენილი და გურულად ნუ საუბრობ, ცოტა თანამედროვედ და რაფინირებულად ისაუბრეო.“  გამოდის, ის მასწავლებლები ფიქრობენ, რომ არ ხარ საკმარისად თანამედროვე და რაფინირებული. რა იყო შენი წარმატების უარყოფითი გაკვეთილები?
 

 

დირექტორებმა, რომლებმაც რაღაცის შეცვლა მოინდომეს, ცუდად დაასრულეს.

-    მე გურიაში გავიზარდე, გურულ მოსწავლეებს ვასწავლი და როგორც ისინი საუბრობენ, მეც მათთვის გასაგებ და მისახვედრ ენაზე ველაპარაკები. მე თუ ნამეტანს გავიპრანჭები და თბილისურ ლაპარაკს დავიწყებ, ის ემოცია, რაც ჩემშია და ის ხიბლი,  რაც ამ ემოციას ახლავს, - დაიკარგება. ზოგიერთები მთხოვენ, რომ უფრო ხელოვნური ვიყო. მაგრამ თუ ხელოვნური გავხდები, ეს ძალიან ცუდი მგონია. 

-    ჯილდოს შემდეგ დაინახე, რომ ადამიანები უფრო შურიანები აღმოჩნდნენ, ან უფრო აგრესიულები, ვიდრე მანამდე ფიქრობდი? 

-    ვერ ვიტყვი ასე. ადამიანები ვართ და, შეიძლება, შეგვეშალოს. შეიძლება, მეც მშურს ვიღაცის. მე მართლა მშურს იმ ადამიანის, რომელმაც მოახერხა, რომ თავის დროზე ცოლი მოიყვანა, შვილები ჰყავს და კარგი ოჯახი აქვს. მის ოჯახში მეტი სიცოცხლეა, ვიდრე ჩემს ოჯახში. მე ეს ვერ მოვახერხე და კეთილი შურით მშურს. ეკონომიკური მდგომარეობა ვერ გავიუმჯობესე ისე, რომ ოჯახი შევქმნა და ვარჩინო. იყო შემთხვევა, როცა ერთ-ერთმა მენტორმა მასწავლებელმა მითხრა, მე მენტორი ვარო. ყოჩაღ, რომ თქვენს თავზე ასე იმუშავეთ და მენტორობას მიაღწიეთ, ეს გმირობის ტოლფასია-მეთქი.  გმირობა კი არისო, მაგრამ მაშინ ის მითხარი, მე რატომ არ ვარ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელიო? განათლების მინისტრმა მე რატომ არ მახსენა და შენ რატომ გახსენაო? მე ვუთხარი, თქვენ იმიტომ არ ხართ ჯილდოს მფლობელი, რომ არც ლადო აფხაზავა ხართ და არც მანანა კაპეტივაძე-მეთქი. ნებისმიერი, ვინც 2017 და 2018 წლებში ჯილდოს ათეულში მოვხვდით, ვცდილობდით, რომ ჩვენი გამოცდილება კოლეგებისთვის გაგვეზიარებინა. აპლიკაცია უფრო ამისთვის შევავსეთ, ვიდრე ჯილდოსთვის. ამაში დარწმუნებული ვარ.  

-    გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია. სამოქალაქო განათლების ბევრმა მასწავლებელმა არ იცის, რომ ეს არ არის თეორიული საგანი.

-    რა თქმა უნდა, ასეა. 

-    შენ ზუსტად იცოდი, რომ სამოქალაქო განათლებაა, ასწავლო ბავშვებს, როგორ გარდაქმნან გარემო თავის ირგვლივ; როგორ განსაზღვრონ პრობლემა და გადაჭრან ის. იმის შემდეგ, რაც განათლების სისტემამ შენი ეს დამსახურება აღიარა, რამე თუ შეიცვალა ამ ცოდნის გავრცელების კუთხით?

-    სწორედ ჩემი ცოდნის გასაზიარებლად დავდივარ სხვადასხვა რეგიონის სკოლებში. იმ მოგებული 10 000 ლარის ნაწილი გზის ფულად დავხარჯე. მინდოდა ის, რამაც  მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელად მაქცია, სხვებისთვის გამეზიარებინა. ჩემი სამშობლო მაშინ უფრო შემიყვარდა, როცა ჩემს სოფელზე, ჩემს თემზე ვიზრუნე: დავასუფთავე, მეწყერსაშიშ მთაზე მწვანე ნარგავები დავრგე... საქართველოს მასწავლებლებში დიდი ცოდნაა თავმოყრილი. როცა კოლეგას მეგობრულად ოდნავ  მიმართულებას მისცემ, დანარჩენს თვითონ გააკეთებს, ბევრი ფიქრი და შრომა აღარ გჭირდება. მათთვის მნიშვნელოვანია ერთი ადამიანიც კი, რომელიც პატარა ნათურებს აუნთებს, ანუ აღიარებს და თვითრწმენას აუმაღლებს. 

-    არ არსებობს სკოლა კონფლიქტების გარეშე. ამ მხრივ რა გამოცდილება გაქვს? 

-    ყველანი ადამიანები ვართ.

 
მეც ხანდახან დაუფიქრებლად შეიძლება კოლეგას ისეთი რამ ვუთხარი, ჩვეულებრივ მეგონა, მაგრამ კოლეგა გაბრაზდა და განაწყენდა. ეს ჩემთვის შესამჩნევია და მალევე ვიცი ასვლა, ვთქვათ, თუ სადმე გავიდა და ბოდიშის მოხდა არ მერიდება.

არის კონფლიქტები, სადაც ვჩერდები. არ ღირს აყოლა იმიტომ, რომ ადამიანი უკვე იმ ასაკშია, ვეღარ შევცვლი. მოსწავლეებს შორის თუ კონფლიქტია, ვცდილობ, კი არ დავაშორო ისინი, არამედ დავსვა და ერთმანეთთან დავალაპარაკო. როცა მასწავლებლობა დავიწყე, ვცდილობდი, კონფლიქტი იმით მომეგვარებინა, რომ ბავშვები დამეცილებინა. მაგრამ ეს კონფლიქტი ბავშვებს სკოლის გარეთ მიჰყვებოდა. მწარე გამოცდილებამ მიჩვენა, რომ კონფლიქტი უნდა დასრულდეს იქვე, საკლასო ოთახში. აუცილებლად უნდა ვაღიაროთ, რომ ყველა სკოლაშია კონფლიქტი, ჩაგვრა, ძალადობა. როდესაც ვთქვით, რომ ჩვენს სკოლაშიც არის ბულინგი და ძალადობა, ზოგიერთი კოლეგა გამიძალიანდა - რას ლაპარაკობ, სკოლას ძალიან ცუდ რეპუტაციას შევუქმნითო. არ არის ასე. უნდა ვაღიაროთ, შეუძლებელია, სხვანაირად პრევენციის გზები მოვძებნოთ. ერთი წელი დაგვჭირდა, მაგრამ როდესაც სიმართლე ვაღიარეთ, მართლა უძლიერესად შევუტიეთ იმ ბულინგსაც და ძალადობასაც. ამაშიც ჩვენი „თავისუფლების კიბე“ დაგვეხმარა. 
 

 

ვისურვებდი, რომ სკოლის დირექტორებსაც მეტი თავისუფლება ჰქონდეთ.

-    ამ კიბეზე მოსწავლეებიც უტოვებენ ერთმანეთს მესიჯებს?

-    უტოვებდნენ. ამიტომაც იყო, რომ მოვიფიქრეთ პროექტი: „შეჭამე ბოსტნეული და არა შენი თანაკლასელი“. ეს პროექტი ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა დააფინანსა. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სკოლა იყო ჩართული. ბოლოს ჯანსაღი კვების პოპულარიზაციაც გამოგვივიდა და ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლაც. ამ პროექტში 300  კილო ბოსტნეული დაიხარჯა. პოზიტიურმა გარემომ სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები დაამეგობრა. 

-    შენი დევიზია „ბავშვი უპირველეს ყოვლისა!“ ბავშვზე ორიენტირებული სკოლა რა პრინციპებზე უნდა იყოს მოწყობილი? 

-    ელემენტარულით დავიწყოთ. როცა სკოლაში ღონისძიება ტარდება, როგორც წესი, მაგიდას ვდგამთ სცენაზე ან დარბაზის თავში და მაგიდის წინ, პირველ რიგებში, მასწავლებლები სხდებიან. მოსწავლეები უკანა რიგებში სხედან. ეს რამხელა პრობლემაა?! ჯერ ერთი, ხმაურია; შებრუნდებიან მასწავლებლები უკან და ბავშვებს გასძახებენ: „რა ხმაურია, რა ამბავია?! თუ არ გინდათ, წადით სახლში!“ მოსწავლე თუ სახლში წავიდა, მასწავლებელს რაღა უნდა იქ? როცა მოსწავლეზე ორიენტირებული სკოლაა, იქ მოსწავლეა პირველ რიგში - პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. 

-    კი, ბატონო. კიდევ რა არის მნიშვნელოვანი? 

-    თუნდაც ის, რომ თუ მოსწავლე აგრესიას გამოხატავს, მასწავლებელმა ეს თავის თავზე არ უნდა მიიღოს. ხშირად ამბობენ: „უი, მე მომაყენა შეურაცხყოფა“. შენ კი არ მოგაყენა შეურაცხყოფა, რაღაც ცვლილებები ხდება ამ ბავშვში. შეიძლება, ოჯახური ძალადობის მსხვერპლია. შეიძლება, რაღაც უჭირს. შეიძლება, სოციალურ სამსახურთან თანამშრომლობაა საჭირო. თუ ბავშვი აგრესიას ავლენს, სულაც არ ნიშნავს, რომ შენ ძულხარ. მიხმარების მაგივრად, კიდევ ვუმატებთ: „ეს რა მაკადრე! ოჯახში არ ხარ გაზრდილი!“ 

-    საიდან მოგაქვს ის სავარჯიშოები, რომლებიც მოსწავლეებს სხვადასხვა უნარს უვითარებს? სადმე კითხულობ, შენი მოფიქრებულია თუ სად პოულობ? გვიამბე, თუ საიდუმლო არ არის. 
 

 

სკოლაში აუცილებელია ახალგაზრდა მასწავლებლები.

-    პირიქით, ყოველთვის მინდოდა, რომ ჟურნალისტს ეს კითხვა დაესვა. სატელევიზიო გადაცემებში სჭირდებათ ისეთი კადრები, სადაც მეტი მოქმედებაა და ნაკლებად ჩანს, რა უნარ-ჩვევებს ვუვითარებ მოსწავლეებს. მთავარი აქტივობები, როგორც წესი, ტელევიზიას არ აინტერესებს. ამიტომ, ზოგიერთი ამბობს - ეს ბიჭი, რამდენი სიუჟეტიც ვნახეთ, სულ დარბის, დახტის და რას ასწავლის ამ ხტუნვით და გრეხითო... ეს ასე არ ხდება, სინამდვილეში.  ტელევიზიით მხოლოდ იმ მომენტებს უშვებენ, როცა მასწავლებელიც აქტიურია და მოსწავლეც. 

-    ეს გასაგებია, მაგრამ შენ საიდან მოგაქვს შენი სავარჯიშოები? 

-    არის სავარჯიშოები და აქტივობები, რომლებიც მე თვითონ მოვიფიქრე. არის აქტივობები, რომლებიც ვიზიტების დროს დავინახე, გავიგონე და ჩემს პრაქტიკაში დავნერგე... რაღაც მივუმატე, ან გამოვაკელი. უმეტესობა მე შევქმენი. როდესაც ჩემი მოსწავლეების საჭიროებებს ვხედავდი, ამას ვუსადაგებდი სავარჯიშოებს. ახალ აქტივობებს მცირე საოჯახო ტიპის სახლში გამოვცდი ხოლმე, რომლის მენეჯერიც ვარ. 

-    მასწავლებლის გლობალური ჯილდოს გვერდზე, სადაც განთავსებულია ინფორმაცია შენ შესახებ, არ წერია, რომ ამ სახლის მენეჯერი ხარ და 8 ბავშვს უვლი. რატომ არ მოხვდა იქ ეს ინფორმაცია? 

-    როდესაც ჯერ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს და შემდეგ გლობალური ჯილდოს აპლიკაცია შევავსე, ამ ბავშვებზე არაფერი დამიწერია. თუმცა, ბევრი ამბობს, რომ მასწავლებლის ეროვნული ჯილდო სწორედ ამ ბავშვებთან ურთიერთობის გამო მოვიგე. ეს ბავშვები არ არიან იმის ღირსი, რომ მათი ცხოვრებით მანიპულირება მოვახდინო.

-    მანიპულირება რა შუაშია? 

-    ბევრი თვლის, რომ უნდა დამეწერა, მაგრამ არ დამიწერია. 

-    კარგი, სხვა კითხვა მაქვს: როდესაც ძალადობის მსხვერპლმა 8 ბიჭმა თავი მოიყარა ერთ ოჯახში, სოფელმა როგორ მიიღო ეს გადაწყვეტილება?

-    „ვაიმე, რა გვეშველება!“ ან „ჩემს სამეზობლოში ასეთი სახლი არ გახსნათ!“  - მსგავსი არაფერი ყოფილა. პრობლემები იყო უფრო ძიძებთან დაკავშირებით: ეშინოდათ, რომ ბავშვები მეტისმეტად ცელქები იყვნენ და ვერ მოუვლიდნენ. მცირე საოჯახო ტიპის სახლებში ყოველთვის ჭირდა ძიძებთან ურთიერთობა. 
 

 

ზოგიერთები მთხოვენ, რომ უფრო ხელოვნური ვიყო.

-    ახლა რვა ბავშვთან რამდენი ძიძაა? 

-    ორი ქალი და ორი მამაკაცი. ანუ ორი წყვილი ცოლ-ქმარი. ეს აუცილებელი პირობაა. დედობილი და მამობილი ხუთი დღე ბავშვებთან არიან და ოჯახურ გარემოს ქმნიან. შაბათ-კვირას მოდიან დეიდა და ბიძია. დედობილი და მამობილი კი სახლში მიდიან, ისვენებენ. 

-    კიდევ ვინ არის იქ უფროსი? 

-    ასეთ სახლებს თავისი მენეჯერი ჰყავთ და ეს მე ვარ. როგორც მენეჯერს, მევალება ძიძებს (ანუ დედობილ-მამობილს) დავეხმარო პროდუქტების, წამლების მომარაგებაში, საჭირო ინვენტარის შეძენაში. მაგრამ აქ მენეჯერი ხარ, ძიძა ხარ, პროვაიდერი ხარ, თუ ვინც არ უნდა იყო, ყველაზე მთავარი არის ეს რვა ბავშვი. ბევრი მეუბნება - რა ბედნიერები არიან ეს ბავშვები, შენთან რომ მოხვდნენო. მე ვარ ბედნიერი, რომ იმ ბავშვებთან ერთად ვარ. აურაცხელი რამ ვისწავლე მაგთან, სასწაული რაღაცეები ვისწავლე. 

-    მაგალითად, რა ისწავლე? 

-    ვისწავლე სხვაზე ზრუნვა, ნამდვილი ერთგულება, დათმობა, ჩემი ემოციების შეკავება. ვისწავლე, რომ არ უნდა ვიწუწუნო იმიტომ, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც ბავშვობიდან უმძიმესი ცხოვრება აქვთ გადატანილი.

-    რამდენ ხანში ერთხელ ნახულობ ამ ბავშვებს პირადად შენ?

-    ჩვენ ყოველდღე ვნახულობთ ერთმანეთს იმიტომ, რომ ჩემს სკოლაში სწავლობენ. რამდენიმე ბავშვი მედიკამენტურ მკურნალობაზე გვყავს და საჭიროდ ჩავთვალეთ, იმ სკოლაში ყოფილიყვნენ, სადაც მე ვასწავლი. 
 

 

შეიძლება, მეც მშურს ვიღაცის.

-    ამ საოჯახო ტიპის სახლს კარგი მეურნეობა აქვს. ბავშვები რამდენად არიან ჩართული სამეურნეო საქმეში?

-    ბევრს ჰგონია, რომ მცირე საოჯახო ტიპის სახლი არის დაწესებულება, რომელიც თავიდან ბოლომდე სახელმწიფომ უნდა არჩინოს. მაგრამ ჩვენ სულ სხვა ვალდებულება გვაქვს - ბავშვები მომავლისთვის უნდა მოვამზადოთ. 13-14 წლიდან იწყება ბავშვების მომზადება დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის. სახლში ვშრომობთ, მარტო ლამაზ გარემოში გემრიელი საჭმელის ჭამა არ არის საქმე. იქ სწავლას თავისი დრო აქვს, შრომას - თავისი დრო. უკვე გვიჭირს, რომ ბავშვებს რამის კეთება დავასწროთ. ახლა ბარავენ, კარტოფილის მიწას ამზადებენ. სათბურში უამრავი მწვანილი მოგვყავს, სოკოს მეურნეობა გვაქვს, ქოთნის ყვავილებს ვამრავლებთ. ბავშვებმა დაკალმება ისწავლეს. ამ ყველაფერს თვითონ აკეთებენ. ჩვენ, უფროსები, მოდელი უნდა გავხდეთ მათთვის. ჩემი ბავშვების დასანახად იატაკსაც ვწმენდ, თეფშებსაც ვრეცხავ, ხშირად ვკითხულობ. ამას ყველაფერს უნდა ხედავდნენ და ჩვენგან სწავლობდნენ.

-    ეს საოჯახო სახლი მიგაჩნია შენს ოჯახად? შენს სახლად?

-    ეს სახლი არის ბავშვების. პირველივე დღიდან მათ ამ აზრს ვუნერგავდით: „ბიძია, კედელი არ გაააფუჭო, ეს შენი სახლი ხომ არის?“ „სახლში წავიდეთ, სახლში დაისვენე.“ - ამას ხშირად ვუმეორებთ.

-    მათთვის სახლია, გასაგებია და - შენთვის? ოჯახია თუ სამსახურია?

-    რატომღაც, არასდროს აღმიქვამს ასე, რომ სამსახურია. ეს არის სიკეთის ეპიდემიის გასავრცელებელი ადგილი, სადაც მივდივარ და სხვა განზომილებაში ვხვდები. სხვა პლანეტაზე ვგრძნობ თავს. 

-    ეგ გასაგებია, მაგრამ კონკრეტული პასუხი მაინტერესებს - შენთვის ეს არის სახლი თუ სამსახური? 

-    ეს არის ჩემთვის თბილი სახლი, ჩემი ბიჭების სახლი.
 

 

ბოდიშის მოხდა არ მერიდება.

-    მაგრამ შენი სახლი არ არის. 

-    არა. 

-    კარგი, ახლა შენს საზაფხულო ბანაკზე მინდა, გკითხო. იქ როგორ უვლიდი ათეულობით მოზარდს, რომელთაგან ზოგი საკმაოდ პრობლემური იყო? მთელი შენი საქმიანობიდან, ბანაკის ამბავი ყველაზე მეტად მაოცებს.  

-    9 წლის განმავლობაში 62 მოსწავლე აბასთუმანში და სხვადასხვა კურორტზე დამყავდა, 21 დღით. 62 ბავშვს დავსვამდი ტყეში, წავიღებდი ერთ ფურცელს და ჩემს მოსწავლეებს ვეუბნებოდი: მოდი, ბანაკის კონსტიტუცია დავწეროთ. მოსწავლეები თავად წერდნენ, ბანაკს რა წესებით უნდა ეცხოვრა. როცა ბავშვი თვითონ წერს წესს, ცდილობს, ის არ დაარღვიოს. 

-    დამრღვევის წინააღმდეგ რა ტიპის სასჯელი მიგაჩნია დასაშვებად? 

-    ძალიან პოზიტიური სასჯელი, რაღაც ისეთი, ცოტა სასაცილო რომ იყოს. მძიმე მეთოდებით ბავშვის დასჯა არ შეიძლება. ტრავმა არ უნდა მივაყენოთ, მაგრამ შენიშვნა აუცილებლად უნდა მივცეთ. არის მომენტები, როცა ძალიან პრინციპული ვარ და ვეუბნები: „შენ ეს უნდა შეცვალო!“ და ამას ბევრჯერ ვუმეორებ. 

-    შედეგი რა არის? 

-    შედეგი ის არის, რომ ბავშვი ხედავს, როგორ ვცდილობ, ნაკლოვანების აღმოფხვრაში დავეხმარო. ხშირად ვეკითხები (და არამარტო ბანაკში): „რითი შემიძლია დაგეხმარო? რა გავაკეთო?“ საერთოდ, ძალიან ადვილად ამოსაცნობია ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ბავშვი. ყველა მასწავლებელს უნდა შეეძლოს მათი ამოცნობა. არის მოსწავლე, რომელსაც სულ მუცელი სტკივა და ცუდად ხდება. ამას თავისი მიზეზი აქვს. ხელზე, სხივის ძვალზე თუ დაზიანება ჩანს,  ხშირად მიზეზი ის არის, რომ ბავშვს ვიღაც სახეში არტყამდა, მან ხელი აიფარა და ჩაულურჯდა. მასწავლებელი ამასაც უნდა ხვდებოდეს. ყოფილა შემთხვევა, როცა ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების გამო, ჩუმად ვიმოქმედე და სოციალურ სამსახურთან ვითანამშრომლე. დღეს ისინი მიმღებ ოჯახში არიან და თავს კარგად გრძნობენ. მასწავლებლებს ყველაზე მეტი საშუალება გვაქვს, რომ ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს დავეხმაროთ. 
 

 

უნდა ვაღიაროთ, რომ ყველა სკოლაშია კონფლიქტი, ჩაგვრა, ძალადობა.

-    რამდენადაც ვიცი, საზაფხულო ბანაკში შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვებიც დაგყავდა. 

-    დიახ, შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვებიც, ობოლი ბავშვებიც, სხვადასხვა სინდრომის მქონე ბავშვებიც. ზოგიერთი მშობელი ცდილობდა, რომ მის შვილს, სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვს, საზოგადოებასთან იშვიათი შეხება ჰქონოდა. ბავშვი გარეთ არ გაჰყავდა. მაგრამ მე მიმყავდა ასეთი ბავშვები და მათ თავის თანატოლებთან ვასაუბრებდი. ისინი ყვებოდნენ საკუთარი დაავადების შესახებ. მაგალითად: მე მაქვს ასეთი დაავადება - ტურეტის სინდრომი - და შეიძლება უცაბედად რაღაც წამოვიძახო. 

-    თვითონ ყვებოდნენ? 

-    დიახ, მანამდე ასეთ ბავშვს დასცინოდნენ, მაგრამ როდესაც თანატოლებს თვითონ აუხსნა თავისი დაავადების შესახებ, მერე აღარავის დაუცინია. 

-    მიზანმიმართული ინტერესი გქონდა, რომ ასეთი ბავშვების ინტეგრაციისთვის ხელი შეგეწყო? 

-    სოფელ ლესაში მეთერთმეტე კლასელი ბიჭი ეპილეფსიით იყო ავად. მშობელი მეუბნებოდა: ლადო, ამას შიშები აქვს, შეიძლება, ეპილეფსია დაემართოსო. იყო შემთხვევა, როცა ეს ბავშვი მეუბნებოდა, მე ახლა ცუდად გავხდებიო, დედასთან და მამასთან მინდაო... ბანაკის დასრულებიდან სამი წლის შემდეგ მნახა მშობელმა და მითხრა, რომ ეპილეფსიის შეტევა მის შვილს აღარ ჰქონია.
 
-    ბანაკშიც არ დამართნია? 

-    არა, მხოლოდ შიშები ჰქონდა. ერთხელ, სულ სამი დღის წასულები ვიყავით, ლამის კისერზე შემომაჯდა ეს ბავშვი, მეუბნებოდა, მიშველეო. მე არ ვფორიაქობდი, ვეუბნებოდი - კარგი, რა უცნაური ხარ; არაფერი არ გჭირს, ეს მარტო შიშებია. მაშინ ახალდაბაში ვიყავით. ახალდაბის სკოლის დერეფანში  - არავინ იცოდა, იმ ბავშვის გარდა - გავაკეთე დარჩენილი 17 დღის გრაფიკი. რომელ დღესაც პლუსს დავუსვამდი, ესე იგი, კარგი დღე იყო და შიშმა არ შეაწუხა. იმისთვის, რომ იქ პლუსები დაწერილიყო, ბიჭი თავის თავს ამაგრებდა და აძლიერებდა. ასეთივე გრაფიკი  მოვუმზადე ბავშვს, რომელსაც ენურეზის პრობლემა ჰქონდა. რაღაც გრაფებს ხედავდნენ, მაგრამ ვერავინ ხვდებოდა, ვისთვის და რისთვის იყო. ინდივიდუალურად ამ ბავშვთან მივდიოდი და ვეუბნებოდი, აი, რა მაგარი ხარ, დღეს ისევ პლუსი დაგისვი. ერთკვირიანი აქტივობითაც შეიძლება, ბავშვს დაეხმარო. 

-    ამ წარმატებების ფონზე, შენს პროფესიულ შეცდომად რა მიგაჩნია? 
 

 

პირადი ცხოვრება ვერ ავაწყე.

-    შეცდომა იყო, რომ კრედიტების დაგროვება არ დავიწყე. შეცდომა იყო, რომ არ ვიზრუნე სქემის მეშვეობით ხელფასის გაზრდაზე. ორი-სამი წლით ადრე რომ მეფიქრა, ეს ორი-სამი წელი მომატებული ხელფასი მექნებოდა. 

-    სხვადასხვა საქმიანობაში ხარ ჩართული, აქეთ რვა ბიჭს ზრდი, იქით 300 ბავშვიან სკოლაში აქტიურად მუშაობ... ამდენი შრომის კვალობაზე, შენი შემოსავალი რა არის? 

-    ფული და შემოსავალი ჩემი პრიორიტეტი არასოდეს ყოფილა. არ ვარ ჭირვეული ადამიანი. შემიძლია, ერთჯერად კვებაზე გადავიდე. 

-    მე უშუალოდ შენს ამბავს კი არ ვკითხულობ, მაინტერესებს, როგორც  ფენომენი - ლადო აფხაზავა - ამ სახელმწიფოში, ამ გარემოში რითი ცხოვრობს, როგორია მისი შემოსავლები. 

-    ჩემი შემოსავლები ძალიან მცირეა. 

-    მაგალითად? 

-    თვეში ხუთას ლარზე ვერ ავდივარ. 

-    ეს ეხება როგორც სკოლიდან შემოსავალს, ასევე მენეჯერულ საქმეს?

-    დიახ.

-    და საპროექტო შემოსავლებსაც? 

-    პროექტებში ჩემს ჰონორარს არ ვწერ. იმდენად მინდა, რომ სკოლაში დამოკიდებულებები შევცვალო და ამისთვის რაღაც აქტივობა განვახორციელო, რომ უკვე ამ რისკზე ვეღარ მივდივარ - ჩემი ჰონორარით პროექტს აღარ ვაძვირებ. 
 

 

რასაც ჩემი შრომით მივიღებ, იმით ვიქნები კმაყოფილი.

-    სხვა მასწავლებლებისთვის თუ ითხოვ ანაზღაურებას? 

-    იყო პროექტები, რომლის ფარგლებშიც სხვისთვის მიმიცია ჰონორარი, მაგრამ მე არ ამიღია.

-    ყველაზე მცირე სტაბილური შემოსავალი რამდენი გაქვს? არაფერი რომ არ დაგემატოს, რამდენს აიღებ თვის განმავლობაში? 

-    არაფერი რომ არ დამემატოს, ალბათ, 430 ლარს ავიღებ. 

-    ახლა გვითხარი, პირადად შენ სად და როგორ ცხოვრობ?  

-    სოფელ ნიგვზიანში მქონდა ჩემი სახლი, მაგრამ მშობლების ავადმყოფობის დროს ამ სახლიდან ყველაფერი გავიტანეთ. ავეჯი იყო, ჭიქა თუ თეფში, ყველაფერი გავყიდეთ. მერე ის სახლი დავშალეთ და დაგვრჩა პატარა „ქუხნა“ სახლი. მოგვიანებით, ლანჩხუთში იპოთეკით ვიყიდე სამოთახიანი ბინა. 7 000$-ად შევიძინე ბინა გარეუბანში. ჯერ ექვსი წელი უნდა ვიხადო ეს თანხა. ექვსი წლის შემდეგ დავიწყებ გარემონტებას. 

-    ვინ ცხოვრობს შენთან ერთად? 

-    მარტო ვარ. დედა და მამა აღარ არიან, დებს თავისი ოჯახები აქვთ. 

-    მეგობრები თუ გყავს? 

-    მეგობრებში გამიმართლა, ბევრი მეგობარი მყავს. კოლეგებში გამიმართლა და ძალიან ბევრი კოლეგა მყავს. ბავშვებში ხომ საერთოდ... პირადი ცხოვრება ვერ ავაწყე, სხვაში ყველაფერში კარგად ვარ. კარგი მასწავლებელიც იყო, კარგი მეგობარიც იყო, კარგი კოლეგაც იყო... ეს ყველაფერი მაქვს, მაგრამ პირადი გამომრჩა. 

-    საქმეს და ოჯახის შექმნას პირდაპირ რატომ უკავშირებ ერთმანეთს? დრო არ გაქვს იმისთვის, რომ პირადი ცხოვრება მოაწესრიგო?
 

 

ყოველთვის შეიძლება ახალი ცხოვრების დაწყება.

-    არა, დრო მაქვს, მაგრამ საშუალება არ მაქვს. ახალ ბინაში  ერთი-ორი ოთახი მაინც რომ გავარემონტო, შევეცდები, დავქორწინდე და ჩემი ოჯახი მქონდეს. თუმცა, ჩემს ბიჭებთან ურთიერთობაში მამობრივი გრძნობა უკვე ჩამომიყალიბდა: ვაიმე, არ წაიქცეს... ვაიმე, ვინმე ხომ არ ეჩხუბება? ვაიმე, როდის მოვა?.. ნაზი, ბავშვი მოდის? სად არის? - ასეთი შიშები დამეწყო. 

-    როგორც მივხვდი, შენი ახლო მომავლის გეგმა ის არის, რომ საცხოვრებელი პირობები ააწყო და ოჯახი შექმნა. 

-    ვწვალობ და რასაც ჩემი შრომით მივიღებ, იმით ვიქნები კმაყოფილი. დაუმსახურებლად არაფერი მჭირდება. არც ბევრი შექება მინდა. ეგრევე ვხვდები, ადამიანი რომ ზედმეტად მაქებს, იმაში რა ჩადო. არასდროს ვმალავ ჩემს დამოკიდებულებებს, ჩემს აზრებს. ჩემთვის მისაღები ცხოვრების სტილი ეს არის.

-    დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. საუბარს დავასრულებთ შენი კომენტარით ცნობილი ადამიანების ორ გამონათქვამზე. პირველი ციტატა ეკუთვნის ფრანგ განმანათლებელს, ვოლტერს (1694-1778): „იფიქრე, რამდენად ძნელია შეცვალო საკუთარი თავი და მიხვდები, რამდენად მცირეა შენი შესაძლებლობები, შეცვალო სხვები“. 

-    ვეთანხმები იმიტომ, რომ ყველა სიახლის დანერგვისას, პირველ რიგში, ჩემს თავს ვცვლიდი. შემდეგ ვცდილობდი, ახალგაზრდების დამოკიდებულება შემეცვალა სხვადასხვა სტერეოტიპის მიმართ. უფროსებთან ეს ბევრად ძნელია. მაგრამ თითოეულმა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ ყოველთვის შეიძლება ახალი ცხოვრების დაწყება. 

-    მეორე ციტატის ავტორია იოსებ ბროდსკი, რუსი და ამერიკელი პოეტი (1940-1996): „მსოფლიოს გადარჩენა, ეტყობა, აღარ მოხერხდება, მაგრამ რომელიმე კონკრეტული ადამიანი ყოველთვის შეიძლება გადაარჩინო.“ 

-    თუ ერთ ადამიანს გადაარჩენ, ის კიდევ ბევრს გადაარჩენს. მსოფლიოს თუ ვერ გადავარჩენთ და ერთს მაინც გადავარჩენთ, უკვე მსოფლიოს გადარჩენა გამოდის. 
 

ფოტომასალა: ირაკლი გედენიძე

გუნდი

ირაკლი გედენიძე

ზურაბ ქურციკიძე

გიო კუსიანი

გიორგი ურუშაძე

თამთა ყუბანეიშვილი

ნანა ყურაშვილი

ინგა ქორიძე