×
„შეზღუდულმა შესაძლებლობამ მომცა ფსიქოლოგიური თავისუფლება“

ირმა ხეცურიანი

პარამოფარიკავე, მსოფლიოს ჩემპიონი, მსოფლიოს თასის ცამეტგზის მფლობელი


3283

ინტერვიუს შესახებ

ამ ინტერვიუზე ვერაფერს ვიტყვი, იმის გარდა, რომ როცა რედაქტირება დავასრულე და ტექსტი კიდევ ერთხელ წავიკითხე, თვალზე ცრემლი მომადგა. აი, როცა ფილმში ან წიგნში რაღაც ძალიან კარგი ხდება და გული აგიჩუყდება, ზუსტად ეს განვიცადე.

გაიცანით ირმა ხეცურიანი - ჩემი (და, ალბათ, თქვენი) სიხარულის მიზეზი.  

ია ანთაძე

-    ირმა, შორენა ხუხუას წიგნში „შემოვალ ეტლით“ - რომლის მთავარი გმირის ერთ-ერთი პროტოტიპი თქვენ ხართ -  მწვრთნელი ეუბნება ეტლით მოსარგებლე გოგონას: მშვილდოსნობა ფარიკაობა არ გეგონოს, სადაც შედეგის მიღწევა ძალიან მალე შეიძლებაო. თქვენ პირველი კარგი შედეგი გქონდათ ვარჯიშის დაწყებიდან ექვსი თვის შემდეგ (კანადაში ბრინჯაო რაპირით ფარიკაობაში). ნებისმიერ მონდომებულ ადამიანს შეეძლო ასე სწრაფად წარმატების მიღწევა, თუ თქვენი შემთხვევა განსაკუთრებული იყო? 

-    ამ შედეგში ცოტა იღბალიც ერია. კანადაში არ წავსულვარ, როგორც უკვე შემდგარი მოფარიკავე, რომელმაც თავისი ბრძოლის ხარისხით აიღო ბრინჯაო. პირიქით, ვარჯიშის პირველი პერიოდი ძალიან მძიმე მქონდა. როდესაც უცხოეთიდან საფარიკაო  ინვენტარი ჩამოვიდა - სპეციალური ეტლები  და ბილიკები, რაზეც ეტლები მაგრდება - მეგონა, რომ ამ ეტლზე ვერასოდეს დავჯდებოდი. ცოტა მაღალი იყო, საზურგე დაბალი ჰქონდა... იმდენად შემეშინდა, ჩემს მწვრთნელს ვუთხარი: შანსი არ გაქვს, აქ ვერ გადავჯდები-მეთქი. ბოლოს, როგორღაც, დამიყოლია. ორი კვირის თავზე, გერმანიაში ტურნირზე წავედით. საუკეთესო რვაში მოვხვდი და მეექვსე ნომრად განვითესე. ეს ჩემთვის დიდი წარმატება იყო. მეორე შეჯიბრზე კანადაში წავედით, ექვსი თვის თავზე. იქ ჩემზე დაბალი ხარისხის მოფარიკავეებიც იყვნენ. ზოგჯერ ამბობენ: „აი, შენ რა მაგარი გოგო ხარ! ვინ შეიძლება დადოს ასეთ მოკლე დროში შედეგი?!“ არასდროს მიამაყია ამ შედეგით. არ არსებობს, ექვს თვეში მოფარიკავე შედგეს. მით უმეტეს, რთულია რაპირით ბრძოლა. რაპირაში ხატმწერივით ხატავ, იმდენად სწორი უნდა იყო ტექნიკურად. ეს ექვს თვეში არ მოდის. ამას ექვსი წელი და კიდევ უფრო მეტი დრო სჭირდება. შესაბამისად, ელლას (წიგნის მთავარ პერსონაჟს) რასაც მწვრთნელი ეუბნება, რომ მშვილდოსნობა ფარიკაობა  არ გეგონოსო, ამან ნამდვილად გამაოცა. ყველა სპორტს თავისი სიძნელე აქვს, მაგრამ მაინც ვკითხე შორენას (ავტორს): მოფარიკავე ვარ და შეიძლებოდა, ასე გაგენადგურებინა ჩემი პროფესია? ეს რატომ დაწერე, ნამუსი არ გაქვს-მეთქი? (იცინის). იცი, რაო? სულ მივლინებაში და შეჯიბრზე იყავი, ვერსად გიპოვე და რაც ვიცოდი - ანუ მშვილდოსნობა - იმაზე დავწერეო. ფარიკაობის დეტალები შორენამ ნამდვილად არ იცის, ამიტომ, წიგნისთვის რაც იყო საჭირო, ის გააკეთა. მაგრამ  არ მივესალმები, რომ ჩემი ფარიკაობა ასე მოიხსენია. 
 

 

გიწევს ტვინის ცხოველური დაძაბვა, მობილიზება.

-    გუშინაც ველაპარაკე შორენას და მიხსნიდა, რომ მშვილდი მძიმეა, მგონი, 13 კილოს იწონის. 

-    მეც მიცდია მშვილდი. მაგრამ, დავიწყოთ იმით, რომ მშვილდში ოპონენტი მხოლოდ სამიზნეა. ჩვენთან კი ოპონენტი ცოცხალი ადამიანია, რომელიც ისევე აზროვნებს, როგორც შენ და მაქსიმალურად ცდილობს, თავისი სცენარით გაფარიკავოს. გიწევს, რომ მთელი სტრატეგია დაგეგმო წამის მეათასედში და შეასრულო ძალიან სწრაფად, თავისი რისკებით. მეტოქის ტანის და  ხელის მოძრაობით უნდა გადაწყვიტო, რას გიპირებს. ეს ისეთ მობილიზებას მოითხოვს... 

-    თქვენი მწვრთნელი, მალხაზ მესხი ამბობდა ინტერვიუში: ორი თვისება, რაც აუცილებელია ფარიკაობაში წარმატებისთვის, ინტელექტი და შრომისმოყვარეობა არისო. შრომისმოყვარეობა გასაგებია, მაგრამ რატომ - ინტელექტი? ფარიკაობას ვინც გადაწყვეტს, დარწმუნებული უნდა იყოს, რომ შესაბამისი ინტელექტი აქვს? 

-    უნდა შეგეძლოს ლოგიკური, სხარტი აზროვნება და რისკების გათვლა. როდესაც ბრძოლა იწყება, მხოლოდ მაშინ იგებ, რა მონაცემი აქვს მოწინააღმდეგეს. რას ნიშნავს მისი ხელის ოდნავ მარჯვნივ გაწევა, ან მისი ტორსის ოდნავ გადახრა; საით მიდის, სად გემუქრება მისი თავდასხმა. ერთი დარტყმის შემდეგ, ერთი თავდაცვის შემდეგ მეტი იცი, მაგრამ გიწევს ტვინის ცხოველური დაძაბვა, მობილიზება ისე, რომ ყველა ემოცია გათიშო, დარჩე ცივი გონებით და იმ ტექნიკით, რაც მწვრთნელმა შენში ჩადო. და ამ ყველაფერს შენივე იმპროვიზაცია უნდა დაამატო. ეს ნამდვილად ძალიან რთულია. 

-    ბრძოლის შემდეგ, ალბათ, ყველა ნიუანსს განიხილავთ. 

-    რა თქმა უნდა. ადრე ჩემი მწვრთნელი მიხსნიდა - ეს და ეს სწორად ვერ გააკეთე. ახლა უკვე მე ვიცი, თვითონ ვხვდები. ეს მოიტანა გამოცდილებამ, ყოველდღიური ვარჯიშის რეჟიმმა. ნამდვილად სასიამოვნო ფაქტია, როცა შენ თვითონ მიდიხარ მწვრთნელთან და უხსნი, რომ ეს-ეს-ეს იყო შენი შეცდომა. გამოგხედავს და გეტყვის: ყოჩაღ, შენ! ყველაზე სუსტი რაც მაქვს, ეს არის ერთ-ერთი ფრაზა, რომელსაც „მეხუთე ფარვა-პასუხი“ ჰქვია. ამ ფრაზაზე  პანიკა მეწყება. სულ ისე ვაკეთებ, როგორც ჩემი მწვრთნელი მიკრძალავს. ვარჯიშის დროს გადასარევად გამომდის. თითქმის ექვსი წელია, ვვარჯიშობ და დღემდე ვმუშაობ მეხუთე ფარვა-პასუხის გამოსწორებაზე. სირცხვილით, არ ვიცი, თავი სად გამოვყო. ახლა თქვენ გაარჩიეთ, რამდენად რთულია ფარიკაობა. 
 

 

მგონი, მეტ-ნაკლებ ჰარმონიაშია შინაგანიც და გარეგანიც.

-    მუჰამედ ალი ამბობდა, ჩემპიონი იბადება არა სავარჯიშო დარბაზში, არამედ ადამიანის გულში - მის სურვილებში, ოცნებებსა და მიზნებშიო. თქვენ როგორ შეაფასებდით საკუთარ თავს - რა წილი აქვს შინაგან და გარეგან ფაქტორებს, თქვენს შემთხვევაში?

-    ოო, ამ ეტაპზე, მგონი, მივედი იქამდე, რომ მეტ-ნაკლებ ჰარმონიაშია შინაგანიც და გარეგანიც. 

-    ადრე როგორ იყო?

-    თავიდან, როცა ეს პასუხისმგებლობა ავიღე და ფარიკაობის სწავლას დავთანხმდი, ზუსტად არც ვიცოდი - მინდოდა, თუ არ მინდოდა? სერიოზულად მოვეკიდებოდი ამ საქმეს, თუ არა? შევძლებდი ამ ტვირთის ტარებას, თუ ვერა? არ მინდოდა, ჩემი გუნდისთვის იმედი გამეცრუებინა, დიდი ჭიდილი მქონდა საკუთარ თავთან. და საკუთარი თავის რწმენა მქონდა ნულზე. 

-    გამოდის, დარბაზში მუშაობის ფაქტორი ბევრად მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე მიზანსწრაფვა? 

-    დიახ, დარბაზი, სადაც მოვხვდი, ტანსაცმელივით შემოვიცვი და ვთქვი, ჩემგან არსად გავუშვებ ამ შეგრძნებას-მეთქი. ოჯახური გარემო მაკლდა და უცებ დავინახე სითბოთი სავსე თვალები, შევიგრძენი დადებითი ენერგია და მივხვდი, რა სერიოზულ შარში გავყავი თავი, რამხელა პასუხისმგებლობა დამაწვა მხრებზე. მაგრამ დადგა მომენტი, როცა ჩემს თავს ვუთხარი: „ირმა, შენ ამას გააკეთებ. რადგან დათანხმდი, აუცილებლად გააკეთებ!“ 

-    ანუ შინაგანი ფაქტორის გაძლიერება დაიწყო?

-    დიახ, პლუს ამას, ვსწავლობდი, როგორია, იყო სპორტსმენი, დამჯერი სპორტსმენი. ყოველდღე ნაბიჯ-ნაბიჯ ვგებულობდი, რატომ იყო მწვრთნელის სიტყვა გადამწყვეტი, რატომ იყო მისი შენიშვნა მნიშვნელოვანი. იქნებ, მე უკეთესად ვიცი რაღაც? მაგრამ ნელ-ნელა ეს „გოგოშკური ამბიციები“ ჩავიხშე. მახსოვს, ჩემი მწვრთნელი ოცნებობდა, ეს გოგო მაკიაჟის და წკაპუნების გარეშე მანახაო. ექვსი თვის თავზე, პირველი წარმატებული შეჯიბრის შემდეგ მივხვდი, რომ დისკომფორტს მიქმნიდა მაკიაჟი და ყოველდღიური კლასიკური ფორმა. დღეს ჩემი გარდერობი სავსეა სპორტული ტანსაცმლით. არც ესაა კარგი. უკიდურესობა მჭირს. მაგრამ ნელ-ნელა ვაბალანსებ ამ ყველაფერს. როდესაც ხარისხიანი შედეგი დავდე, მხოლოდ მაშინ ვირწმუნე საკუთარი ძალების და ვთქვი, რომ ცოტა რაღაც შემიძლია. 
 

 

დარბაზი ტანსაცმელივით შემოვიცვი.

-    რა იყო გადამწყვეტი მომენტი? 

-    შეჯიბრი იყო გადამწყვეტი იმისთვის, რომ საერთოდ გამეგრძელებინა ფარიკაობა. 

-    ანუ როცა დარბაზიდან გამოხვედით? 

-    დიახ, დარბაზი რუტინაა. გიწევს, ყოველდღიურად აკეთო ერთი და იგივე. მაგრამ, შემიძლია ვთქვა, რომ სამი წლის განმავლობაში დაუღალავად ვიმუშავე. ჩემი მწვრთნელის იმიტომ ვარ მადლობელი, რომ არ გაჩერდა, ჩემთან ერთად სწავლობდა ყველაფერს. უძლებდა ჩემს ჩავარდნებს, სასოწარკვეთას, პანიკის შეტევებს, როცა ვფიქრობდი, რომ არაფერი გამომდის. ახლა შეჯიბრიდან შეჯიბრამდე ვიზრდები. მაგრამ დღემდე არ შემიძლია ვთქვა, რომ შემდგარი მოფარიკავე ვარ. ჯერ კიდევ ყოველდღე ვსწავლობ და ჯერ კიდევ ვიბრძვი საკუთარი თავის მიმართ რწმენის ასამაღლებლად. პირველი მშვიდი გამოსვლა მქონდა რომში, როცა 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოვიგე. პირველად იყო, როცა შეჯიბრზე არ მოვმკვდარვარ და თავიდან არ დავბადებულვარ. მანამდე შეჯიბრზე კანკალით შევდიოდი. სამი წელი რეიტინგში პირველი ნომერი ვიყავი და ვისი უნდა შემშინებოდა? 

-    რა არის ყველაზე დიდი მიღწევები ფარიკაობაში, რაც უკვე მოიპოვეთ?

-    ყველაზე მეტი, რასაც მივაღწიეთ, ეს იყო რომში, მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ადგილი, ასევე, მსოფლიო თასის ცამეტი ოქრო. ჯამურად 30 მედალი მაქვს და ტიტულები, რომლებიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია:  სამი წლის განმავლობაში ვარ ნომერი პირველი ხმლით მოფარიკავე ქალი „ბ“ კატეგორიაში.

-    და რაპირაში მეორე რეიტინგი გაქვთ. 

-    დიახ, მაგრამ საქართველოში რაპირა არ გვაქვს ძალიან ძლიერი. ვინც მყავს ძლიერი, ვინც მთელ თავის განათლებას მაძლევს და უნდა, ამ ცოდნის რეალიზება შევძლო, შესაბამისად, იმის იარაღი შევიყვარე, ის იარაღია ჩემთვის ძირითადი. 
 

 

მივხვდი, რა სერიოზულ შარში გავყავი თავი.

-    ანუ ხმალი. 

-    დიახ. 

-    2020-ში ტოკიოში პარაოლიმპიადა ჩატარდება. რას გეგმავთ? პირველი ადგილის მოლოდინი გაქვთ? 

-    ნამდვილად რეალისტურია პირველი ადგილი. მაგრამ მანამდე ყველა ტურნირი საპასუხისმგებლოა, საუკეთესო შედეგები გვჭირდება. იმხელა ქულა მაქვს მსოფლიო რეიტინგში, რომ კიდევ ათი წელი ვერავინ გადამისწრებს, მაგრამ ოლიმპიადის წინ ყველა შედეგი ნულდება. 2018 წლის შემოდგომიდან დაიწყო ხელახალი ათვლა. ორი სალიცენზიო ტურნირი მქონდა და ორივე მოვიგე. ერთი საქართველოში, მეორე კიოტოში, იაპონიაში. 

-    თითოეული ჩვენგანი ვფიქრობთ, რომ რაღაც შეუძლებელია. მაგრამ როგორ უნდა გავმიჯნოთ - ეს ფაქტია, თუ მხოლოდ ჩვენი მოსაზრებაა? თქვენთვის რომ ეთქვათ რეაბილიტაციის პირველ წლებში, რომ ასეთი წარმატებული ადამიანი იქნებოდით, ალბათ, იფიქრებდით, რომ ეს შეუძლებელია. მაგრამ ეს იქნებოდა თქვენი აზრი და არა ფაქტი. გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება შეუძლებლისა და შესაძლებლის შესახებ. 

-    რეაბილიტაციის პერიოდში კი არა, მოგვიანებით, თბილისში რომ ჩამოვედი, მაშინაც სიცილით მოვკვდებოდი, ჩემპიონობაზე ვინმე რომ დამლაპარაკებოდა. ვიტყოდი, რომ წარმოუდგენელია... არ არსებობს! იმ მომენტში საერთოდ არ მქონია შეხება სპორტთან და, მით უმეტეს, ფარიკაობასთან. ადამიანებს სიახლეების და გარისკვის შიში გვაქვს, ხშირ შემთხვევაში. გვგონია, რომ რაღაც ყოველთვის აღემატება ჩვენს შესაძლებლობებს. რეალურად, ამ ეტაპზე, მე გამოვრიცხავ, რომ რამე შეუძლებელია ჩემს ცხოვრებაში. ფეხზე გავლა, დიახ, ამ ეტაპზე შეუძლებელია. მაგრამ შეიძლება, დადგეს პერიოდი და შესაძლებელი გახდეს. ეს მასწავლა ბოლო ექვსი წლის გამოცდილებამ და პრაქტიკამ. ყოველდღე ვუმტკიცებდი ჩემს თავს - აბა, რომ იძახდი, არ მინდაო? აბა, შენთვის რომ წარმოუდგენელი იყო? რომ გეგონა, ამას ვერასდროს გავაკეთებო? ეს ეჭვები მებრძოდა, როდესაც ჩემი თვითრწმენა ნულზე იყო და, შესაბამისად, ამ ეჭვების დამარცხების შემდეგ შევძელი გამარჯვება. დღეს ვიცი და მივხვდი, რომ არასდროს ვიტყვი უარს სიახლეზე იმიტომ, რომ მიყვარს ბევრ სხვადასხვა საქმეში თავის მოსინჯვა. იქნებ, რა გამომდის? იქნებ, რა შემიძლია? რეალურად, ფარიკაობაში მოვედი, როგორც მოყვარული და, ალბათ, წავალ, როგორც შემდგარი მოფარიკავე. საკუთარ თავთან მუშაობა არის ერთ-ერთი დიდი წარმატება, რაც ბოლო წლებმა მომიტანა. შინაგანი ჭიდილი ყოველთვის არის თავში, მაგრამ გარეთ არასდროს გამოდის. რაღაც კონსენსუსამდე სულ მივდივარ ჩემს თავთან. ზოგჯერ ვამბობ, რომ ვიღაც მეორე მყავს შიგნით, რომელიც ტვინს მირევს. მაგრამ არა, ის მეორეც მე ვარ. ასე რომ, თქვენს კითხვას თუ დავუბრუნდებით, „შეუძლებელს“ უარი ვუთხარი, უკვე დიდი ხანია. 
 

 

ჩემი მწვრთნელი ოცნებობდა, ეს გოგო მაკიაჟის გარეშე მანახაო.

-    ჯანმრთელი ადამიანები ზოგჯერ საკუთარ თავს უფლებას აძლევენ, იმსჯელონ იმის შესახებ, რომ შეზღუდული შესაძლებლობები უფრო მეტად ეხება ფსიქოლოგიურ შეზღუდვებს, ვიდრე ფიზიკური შესაძლებლობების შეზღუდვას. ასეთი რამ წამიკითხავს: „ინვალიდობა უფრო ფსიქოლოგიური მდგომარეობაა, ვიდრე ფიზიკური.“ თქვენ, თქვენი გამოცდილებით, დაეთანხმებით თუ არა ასეთ შეფასებას? 

-    როდესაც შენი ფიზიკური მდგომარეობა იცვლება (შესაძლებლობები იზღუდება), ფსიქოლოგიური მდგომარეობაც იცვლება. ბუნებრივად ხდები დამოკიდებული შენს ახალ მდგომარეობაზე. ჩემს შემთხვევაშიც, ჯერ მდგომარეობა მომეცა, მერე გავაანალიზე, რა იყო ეს მდგომარეობა (ბოლომდე ვერც გავაანალიზე იმ წლებში) და მერე დაიწყო უკვე ფსიქოლოგიური ბრძოლა - როგორ გადავრჩე, როგორ დავრჩე ამ სამყაროში. რეალურად, მეც მეშინოდა, მაგრამ, სხვებისგან განსხვავებით, ეტლის არ შემშინებია. ბევრი ცდილობს, რომ ეტლში არ ჩაჯდეს, რადგან ეტლმა მიჩვევა იცის. საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ შეზღუდულმა შესაძლებლობამ მომცა ფსიქოლოგიური თავისუფლება, ბევრად ჯანსაღი აზროვნების უნარი. სულ გადავაფასე ყველა ღირებულება, რაც მქონდა... 

-    მთლიანობაში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანი შეიძლება უფრო ჯანმრთელი იყოს, ვიდრე საკუთარი ფეხით მოსიარულე, რომელიც შეზღუდულია თავისი აზროვნებითო, - მგონი, ამის თქმა უნდოდათ. 

-    შეიძლება, მაგრამ შედარებებს არასდროს ვაკეთებ. ნებისმიერ ადამიანს გარკვეული ფსიქოლოგიური მდგომარეობა აქვს და იმის შემდეგ, რაც მისი ფიზიკური შესაძლებლობები იცვლება, ფსიქოლოგიური მდგომარეობა ან უარესდება, ან, პირიქით, ბევრად ჯანსაღდება. მოდიხარ სადღაც ნათელ წერტილამდე. ამდენი ხანი ეძებდი, ნაბიჯებს დგამდი და რაღაცნაირად მიხვედი იმ აზრამდე, რომ სხვა გზა არ გაქვს, უნდა გააგრძელო ცხოვრება და უნდა გააგრძელო იმ მდგომარეობით, რაც გაქვს. იწყებ უკვე ახალი რეალობის მიჩვევას, საკუთარი სხეულის შეყვარებას. ოპერაციის შემდეგ არის პერიოდი, როდესაც გგონია, რომ ფეხები პარალიზებული არ გაქვს. გგონია, რომ გცივა, ან გცხელა. გგონია, რომ საიდანღაც ქარი გიბერავს. ეს ადრე შენი გონების ყოველდღიურობა იყო. დამიჯერებთ, ალბათ, რომ ოპერაციის დღიდან დღემდე არასდროს მიკითხავს ღმერთისთვის: „რატომ მე?“ მიტირია კიდეც, მაგრამ ცრემლი არავისთვის მიჩვენებია. მქონდა მომენტები, როცა ვფიქრობდი, რომ უსარგებლო ვარ ამ სამყაროში; ჩემით ვერაფერს ვაკეთებ; ვარ მცენარე; დედაჩემი შევიწირე...  ძალიან ცუდი ფიქრები მქონდა, რომლებსაც, თუ ვერ გავუმკლავდებოდი, ალბათ, ბოლოს და ბოლოს, მივიდოდი იმ მცდელობამდე, რომ მართლა დამეტოვებინა ეს სამყარო. მაგრამ ამ ფიქრებიდან ისევ სიცოცხლის სიყვარულს გამოვყავდი. ბევრჯერ მიკითხავს საკუთარი თავისთვის: რა უფრო მნიშვნელოვანი იყო შენთვის - საოპერაციო მაგიდაზე დარჩენილიყავი? თუ ის, რომ გამოხვედი მდგომარეობიდან და ცოცხალი ხარ?  მართალია, ეტლით გადაადგილდები, მაგრამ სუნთქავ. გარდამტეხი მომენტი რა იყო, იცით? ტელევიზორში ვუყურებდი, ვიღაც ქალი ტიროდა: ცოცხალი ყოფილიყო ჩემი შვილი, ეტლით ყოფილიყო, საწოლში ყოფილიყო, ოღონდ, ეცოცხლაო. მაშინ მივხვდი, რომ მარტო მე არ მეხება, წავიდე ამ ქვეყნიდან, თუ დავრჩე ამქვეყნად. არის დედაჩემი, რომლისთვისაც მე ყველაზე დიდი ტკივილი ვარ დღემდე, მიუხედავად ყველაფრისა. როცა პრობლემა გვექმნება, ხშირ შემთხვევაში, ეგოისტები ვხდებით. მქონია მომენტი, რომ ოჯახის წევრებთან ვმანიპულირებდი ჩემი მდგომარეობით. ეს მომიტანე, ის მომართვი, ეს წაიღე... ბოლოს, დედაჩემმა მითხრა, თვითონ მიართვი შენს თავს და თუ არ მიართმევ, სულ არ ვიდარდებო... ისე გავბრაზდი, მთელი დღე არ დავლაპარაკებივარ - ეს როგორ მაკადრა-მეთქი.

 
ბოლოს დავფიქრდი. პრეტენზია გაქვს იმაზე, რომ მცენარე არ გინდა, იყო; პრეტენზია გაქვს იმაზე, რომ უსარგებლო არ გინდა, იყო; პრეტენზია გაქვს იმაზე, რომ დედას, მამას, ოჯახის წევრებს, მეგობრებს ზედმეტ ტვირთად არ დააწვე; რაღაცაში მაინც შენ თვითონ შეიტანე წვლილი... და იქიდან დაიწყო ჩემი აქტიურობა, რომ ნელ-ნელა, ნელ-ნელა, ნელ-ნელა გადავხარშე, რომ ვიქცეოდი ძალიან ცუდად, არ მქონდა ფსიქოლოგიურად ის მდგომარეობა, რომ გავმკლავებოდი ამ ყველაფერს, მაგრამ ამოვათრიე როგორღაც საკუთარი თავი და ეს ყველაფერი გააკეთა... რეალურად, ირმამ და არავინ სხვამ.


-    ამერიკელი ბიზნესმენი და კოსმეტიკური ფირმის „მერი ქეის“ დამფუძნებელი მერი ქეი ეში ამბობდა: „ადამიანები თავს იზღუდავენ იმ ჩარჩოთი, რაც, მათ წარმოდგენაში, მათი შესაძლებლობების ზღვარია. სინამდვილეში, იმ წერტილს შეგიძლიათ მიაღწიოთ, სადამდეც თქვენი გონება შეაღწევს.“ თქვენთვის სად არის ის შორი წერტილი, რომელსაც ახლა თქვენი გონება უტრიალებს? 
 

 

უკიდურესობა მჭირს.

-    ყველაზე შორი წერტილი? ესე იგი, უკვე დავამთავრე უნივერსიტეტი და გავხდი სპორტული ფსიქოლოგი (იცინის). ფარიკაობის და ოლიმპიადის მიღმა ნამდვილად მაქვს მიზნები. პირველი, რაც მაფიქრდება, ეს არის შვილი. არ ვიცი, როგორი დედა ვიქნები და როგორ გავუძღვები შვილის აღზრდას, მაგრამ მინდა და ვიცი, რომ შევძლებ. უნივერსიტეტსაც დავამთავრებ და პროფესიით ვიმუშავებ იქ, სადაც მომინდება, სადაც ჩემი გონება მისწვდება და შეაღწევს. თუ სპორტული არა, ფსიქოლოგი აუცილებლად ვიქნები. მიყვარს ხალხთან კონტაქტი, მოსმენა შემიძლია და რაღაც თვისებები კიდევ მაქვს, რაც ამ პროფესიის შესაბამისია. 

-    თქვენ რვა თუ ცხრა წელი მთლიანად მიუძღვენით იმას, რომ ფეხზე დამდგარიყავით - „ჩაციკლული ვიყავი, რომ ძველ ცხოვრებას უნდა დავბრუნებოდიო.“ შემდეგ გადაწყვიტეთ, რომ ამ მიზანზე დრო აღარ დაგეხარჯათ და, უბრალოდ, გეცხოვრათ. ჩემს წარმოდგენაში ასე დავინახე - თქვენ ხელში აიღეთ პულტი და ტელევიზორი, უბრალოდ, სხვა არხზე გადართეთ. მართლა ასეთი მყისიერი გადაწყვეტილება იყო, რომ ფეხზე დადგომის მცდელობაზე უარი გეთქვათ? თუ ეს გადაწყვეტილება წლების განმავლობაში მზადდებოდა?

-    არა, წამში არ ხდება ასეთი გადაწყვეტილების მიღება. ეს ხანგრძლივი პროცესის შედეგია. შენი ოჯახის წევრები შეგუებულები არიან და მიესალმებიან იმას, რომ ყველაფერს აკეთებ ძველ ცხოვრებაში დასაბრუნებლად, ფეხზე გასავლელად. ამ დროს კი შენ  ეუბნები, რომ არა, მომბეზრდა ეს ყველაფერი, სიახლეები მჭირდება. ცხადია, არ იყო ადვილი ამის მოსმენა. ოპერაციის შემდეგ დიდი შემართებით ვიყავი და იმ აზრით, რომ ფეხი უნდა დავდგა, ნაბიჯი უნდა გადავდგა. გავიდა ერთი წელი, ორი, სამი, ოთხი... ხედავ, შედეგი არის, მაგრამ მიზერული და ეს შედეგი არ გაძლევს სტიმულს, რომ ძველებურად გააგრძელო ცხოვრება. მე ნამდვილად მინდოდა, რომ სწრაფად გამევლო და ეს რომ არ გამომივიდა, ყოველდღიური რუტინა მომბეზრდა. ჯარისკაცივით ვიყავი: ადექი დილის შვიდ საათზე, დაიწყე ვარჯიში და გააკეთე ერთი და იგივე, ერთი და იგივე.

 
ღამით რომ ვწვებოდი, მეფიქრებოდა, რა გავაკეთო იმისთვის, რომ ეს აღარ გავაკეთო.

დაახლოებით ექვსი წელი გავძელი ამ მდგომარეობაში, როცა ვფიქრობდი, რომ აუცილებლად გავივლიდი. მანდ ემატება უროლოგიური პრობლემა, რომელიც ფსიქიკას გიჭამს და გკლავს. და ამისთვის ხარ მოტივირებული, რომ, იქნებ, ეს მაინც მოვიყვანო გონზე. ახალი შეგრძნება რომ წამოვიდოდა, ეს მაძლევდა სტიმულს.

 
მერე რაღაც ეტაპზე რომ გაჩერდა და მივხვდი, რომ ამის იქით ვეღარ მივდივარ, ამის იქით შედეგი აღარ არის, მერე ვიფიქრე, რამდენი წელი უნდა გავუძლო კიდევ ამ მდგომარეობას? რამდენი წელი უნდა ჩავმყაყდე სახლში, აი, ამ მდგომარეობაში? რამდენი წელი უნდა შევალიო რეაბილიტაციას, რამდენი წელი უნდა გამოვსულელდე?

 
-    მაგრამ ოჯახისთვის ეს იყო მყისიერი და მოულოდნელი გადაწყვეტილება? 
 

 

როდესაც შედეგი დავდე, მხოლოდ მაშინ ვირწმუნე საკუთარი ძალების.

-    დიახ, დედაჩემისთვის ნამდვილი შოკი იყო. ქალი, რომელმაც მსხვერპლად შემოგწირა მთელი ეს წლები, ვერ შეეგუა იმას, რომ ნალოლიავებმა შვილმა უცებ განაცხადა: მე აღარ მინდა შენი მოვლა, შენ გვერდით ყოფნა აღარ მინდა, მე მინდა დამოუკიდებლად ცხოვრება. დედამ ასე გაიგო ჩემი გადაწყვეტილება, როდესაც თბილისში მარტო წამოვედი და სამსახური დავიწყე.

-    18 წლამდე, სანამ ხერხემალზე კეთილთვისებიან სიმსივნეს აღმოგიჩენდნენ და ოპერაციას გაგიკეთებდნენ, როგორ წარმოგედგინათ მომავალი? უკვე პირველ კურსზე სწავლობდით ქუთაისის უნივერსიტეტში. ფიქრობდით, რომ ძალიან წარმატებული ადამიანი უნდა ყოფილიყავით? თუ საშუალო მიზნები და მოლოდინები გქონდათ?

-    ბავშვი ვიყავი. იმდროინდელი 18 წელი ცოტა სხვა იყო, ჯერ კიდევ ბარბის თოჯინები გვეჭირა ხელში. დიდად საინტერესო არ ყოფილა ის ცხოვრება, უფრო სწორად, ძალიან უინტერესო იყო. ერთადერთი, რაც კარგი მახსოვს ბავშვობიდან, საკუთარი ფეხით დავდიოდი. დანარჩენი - რა? ჩემი მოლოდინი რა იყო? მაშინ იდეაში მქონდა უნივერსიტეტის დამთავრება, კარგი სამსახური და კარგად, სარფიანად გათხოვება. აფხაზეთის ომში გამოვლილი ბავშვი ვიყავი და ყველგან სიმშვიდეს ვეძებდი. ახლა ბობოქარი ვარ. მაშინ კი ვეძებდი სიმყუდროვეს, გარემოს, სადაც არაფერი ზედმეტი არ მექნებოდა, არავინ ზედმეტი არ მეყოლებოდა. მე ვერ ვხედავ იმ ირმას ისეთ წარმატებულ გოგოდ, როგორსაც დღეს იცნობენ. თუ მაინც ფარიკაობაში ვიყავი მისასვლელი, ალბათ, მიმიყვანდა ბედისწერა, მაგრამ არ ვიცი, რამდენად დავდებდი ამ შედეგს. არ ვიცი, როგორი სურვილები მექნებოდა; მექნებოდა თუ არა ისეთი ბრძოლის უნარი, როგორიც ამ მდგომარეობაში გამოვიჩინე. 

-    ესეც მინდოდა მეკითხა, ამ დიდ ძალას თუ გრძნობდით თქვენს თავში? 

-    ბავშვობაში ძალიან სამართლიანი ვიყავი და ზედმეტად ვიცავდი სხვებს, როდესაც ვიცოდი, რომ მართლები იყვნენ. ჩემს პოზიციასაც ადვილად არ ვთმობდი. კი, ასეთი ხასიათი ნამდვილად მქონდა. ბევრს ჰგონია, რომ რაღაც მდგომარეობა ადამიანს ცვლის. მე ასე არ ვფიქრობ. შეიძლება, ფსიქოლოგიურად უფრო გაამყაროს, ან უფრო დათრგუნოს. ეტლი არ გიცვლის ამ დამოკიდებულებას. შინაგანად თუ ხარ ისეთი, რომ სხვისი გშურს, შეიძლება, ეტლმა ბოღმა კიდევ მეტად გააღვივოს; მაგრამ თუ ეს არ არის ადამიანში, ვერ გააჩენს, ვერ გააბოროტებს. 
 

 

სამი წლის განმავლობაში დაუღალავად ვიმუშავე.

-    ერთ-ერთი განმარტების თანახმად, წარმატებულია ადამიანი, რომელსაც შეუძლია, გახდეს რაღაც ისეთის ნაწილი, რაც მის ცხოვრებაზე და მის პირად გამოცდილებაზე მეტია.  თქვენ ისეთი გამარჯვებები მოუტანეთ ჩვენს ქვეყანას, რომ, ფაქტობრივად, დაწერეთ საქართველოს ისტორიის გარკვეული მონაკვეთი. ამ მხრივ, ნამდვილად წარმატებული ხართ. 

-    ეს კარგად არ გამიცნობიერებია. ძალიან ჩვეულებრივი მგონია ის, რასაც ვაკეთებ. და როცა ასეთ სიტყვებს ვისმენ, სახლში რომ მივდივარ, ბევრს ვფიქრობ. როდესაც აღარ ვიქნები ამქვეყნად, მაშინ რომ ვიღაც გამიხსენებს და იტყვის, ეს ამან გააკეთაო, რა თქმა უნდა, ძალიან ამაღელვებელია და, ალბათ, იქაც გავიგებ, სადაც ვიქნები. მედლების და ჰიმნის გარდა, ერთ-ერთი დიდი წარმატება ის არის, რომ სხვადასხვა ქვეყანაში ბევრი მეგობარი შევიძინე. ეს ჩემთვის იმაზე მეტია, რაც სპორტში გავაკეთე.

-    ალბათ, გიფიქრიათ იმის შესახებ, თქვენი ავტორიტეტი როგორ დაახმაროთ იმ ადამიანებს, რომლებსაც იმდენი არ შეუძლიათ, რამდენიც თქვენ შეძელით. 

-    ჩვენს გუნდს ჰყავს გულშემატკივრები მთელ მსოფლიოში, რომლებიც გვწერენ, რომ ჩვენ მივეცით სტიმული,  სპორტში ჩაბმულიყვნენ. ვერ ვიტყვი, რომ დღეს საქართველოში ყველა ფარიკაობის მსურველია, მაგრამ რეალურად გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებსაც სურთ, გარეთ გამოვიდნენ, რაღაცით დაკავდნენ. ჩემი თავი ვიპოვე იქ, სადაც ახლა ვარ, მაგრამ მე თვითონაც მერე ხომ მაქვს გზა გასაგრძელებელი? მაქსიმუმ ათი წელი და მერე რაღაც სხვა უნდა ვაკეთო. ეს მარცვალი თავიდანვე იყო ჩადებული ჩემგან. 

-    დარწმუნებული ვარ, რომ არ შეიძლება, თქვენი ავტორიტეტი, თუნდაც, ფსიქოლოგის კაბინეტში გამოიკეტოს. ძალიან აქტიური ხართ და საზოგადოებას სჭირდებით. ამის სამაგალითოდ, ერთი შემთხვევა მინდა, გიამბოთ. რუსეთში არის სკანდალური და ეპატაჟური ბლოგერი ბოჟენა რილსკა. მისგან აღარაფერი უკვირთ მკითხველებს. მაგრამ ერთხელაც დაწერა პოსტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების შესახებ და ყველა გააოგნა. მისი აზრით, სახელმწიფოს მხრიდან მუდმივი დათმობები სუსტების მიმართ ძლიერების ღალატია; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უნდა ჰქონდეთ თანაბარი პირობები, მაგრამ არ უნდა ჰქონდეთ უპირატესობები. ბლოგერმა აღწერა, როგორ აწუხებს მას სახლის წინ დამონტაჟებული ხმოვანი შუქნიშანი; როგორ აწუხებს, რომ პარკინგზე საუკეთესო ადგილები არასოდეს ჯანმრთელი ადამიანებისთვის არ არის; რომ ადაპტირებული ავტობუსები ჯანმრთელ ადამიანებს დროს აკარგვინებს (მან პირადად დაკარგა 10 წუთი) და ასე შემდეგ... ამ ბლოგს რომ ვკითხულობდი, გამახსენდა ძველი შემთხვევა, რომელიც ჩვენთან მოხდა: რესტორან „ხიდეშლებში“ არ შეუშვეს ეტლით მოსარგებლე ბავშვები, რომ რესტორნის სტუმრები არ შეწუხებულიყვნენ. არ მიგაჩნიათ, რომ  ამგვარად მოაზროვნე ადამიანებთან თქვენი კომუნიკაცია ძალიან სასარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს მთელი საზოგადოებისთვის?
 

 

ადამიანებს სიახლეების შიში გვაქვს, ხშირ შემთხვევაში.

-    როდესაც ბლოგერი ამბობს, რომ თანაბარნი უნდა ვიყოთ და არა უპირატესნი, ამაში ნამდვილად ვეთანხმები. უპირატესობას არც ვითხოვთ. ჩვენ ვითხოვთ თანაბარ პირობებს; ვითხოვთ დამოუკიდებლად არსებობის უფლებას. ადამიანებს სხვადასხვაგვარი შეზღუდვა აქვთ: მე ეტლით გადავადგილდები, სხვა უსინათლოა, კიდევ სხვა - მცირედმხედველი ან სმენადაქვეითებული, შეიძლება, საერთოდ არ ესმოდეს. არსებობს აუტიზმი, დაუნის სინდრომი, ცერებრალური დამბლა. იმდენი დაავადებაა, ყველას თავისი საჭიროება აქვს. მე მესმის, რომ ადამიანს რაღაც აწუხებს - ათი წუთი დაკარგა და ეს მისთვის მნიშვნელოვანია. ნამდვილად არ უნდა დაეკარგა ის ათი წუთი. ნამდვილად არ უნდა იყოს ადაპტირებული ავტობუსი. ისეთი ავტობუსი უნდა იყოს, რომ მეც გამოვიყენო და თქვენც. ისეთი სველი წერტილები უნდა იყოს, რომლებსაც არ აწერია, ეტლით მოსარგებლისთვისაა თუ  ფეხით მოსიარულისთვის... ანუ ამდენად დიდი სხვაობა არ უნდა იყოს, ეს გვხლეჩს და გამოგვყოფს საზოგადოებისგან. არ გვინდა გამოყოფა, გვინდა, თანაბრად ვიგრძნოთ თავი. ის, რაც  ამ ბლოგერმა დაწერა, ნაწილობრივ, ჩემი ფიქრიც არის და ვეთანხმები. მაგრამ სხვა ნაწილში ვერ დავეთანხმები. აუდიოშუქნიშანი რომ დაუდგეს, შეიძლება, მას აღიზიანებდეს, მაგრამ სხვა ადამიანისთვის ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. როდესაც ფეხზე დავდიოდი, არასდროს მიფიქრია, რა დაბრკოლება შეიძლება შეხვედროდა ადამიანს, ვინც ეტლით გადაადგილდებოდა. შემდეგ კი, როცა ეტლს დავუმეგობრდი, ძალიან დიდი ბრძოლა მომიხდა დასამკვიდრებლად. ასე რომ არ მოვქცეულიყავი, ”ფსიქოლოგიური ინვალიდობის“ ფაზაში გადავიდოდი და მერე უკვე აღარაფერი მიშველიდა. ეს ძალიან მძიმე და ფაქიზი მდგომარეობაა. ამიტომ ყველამ, ვისაც რამის თქმა გვინდა, ათასჯერ უნდა ვიფიქროთ, სანამ რამეს ვიტყვით, ან რამეს დავწერთ. შეიძლება, ვიღაც ისე დაითრგუნოს, რომ მისთვის საბედისწერო აღმოჩნდეს მეორე ადამიანის ნათქვამი თუ ნაწერი. 

-    ვიცი, რომ არსებობს გაეროს კონვენცია და მეორე ოქმი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის პირებს ეხება. მაგრამ ეს ყველაფერი, სინამდვილეში, ძალიან მოსაწყენია დაუინტერესებელი ადამიანისთვის და საზოგადოებას არ უცვლის დამოკიდებულებას განსხვავებული საჭიროებების მქონე პირების მიმართ. მაგრამ არსებობს სხვა გზებიც. მაგალითად, ჯოჯო მოიესმა თავისი წიგნით „მე, შენამდე“, მგონი, ბევრად უფრო გაზარდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების მიმართ მგრძნობელობა მთელ მსოფლიოში, ვიდრე საერთაშორისო ორგანიზაციების მრავალწლიანმა საქმიანობამ. შორენა ხუხუას წიგნიც ვახსენეთ - „შემოვალ ეტლით“, რომელიც ძალიან კარგად არის დაწერილი. 
 

 

მიყვარს ბევრ სხვადასხვა საქმეში თავის მოსინჯვა.

-    კონვენციას მაინც ვეჭიდებით იმიტომ, რომ საკანონმდებლო ბაზაა და აუცილებლად გვჭირდება. მაგრამ ემოციურად წიგნი ბევრად მეტ ადამიანს ეხება და კიდევ უფრო მეტს - ფილმი, თუნდაც, ჯოჯო მოიესის რომანის მიხედვით გადაღებული ფილმი ავიღოთ. მე ყველაზე მეტად მივესალმები უშუალო კონტაქტს, საზოგადოებასთან უფრო ხშირ ურთიერთობას. ეს აუცილებელია. ქუჩაში საწყალი თვალებით როცა დავდიოდი, რეალურად, იგივე მიბრუნდებოდა უკან. და ვერ ვხვდებოდი, რატომ მიყურებდნენ ასე, რა იყო ჩემში პრობლემა. ზოგჯერ ტანსაცმელზეც დამიხედავს, რამე გახეული ხომ არ მეცვა. არასდროს მიფიქრია, რომ  მე ვიყურები იმ თვალებით და სხვა მხოლოდ იმავეს მიბრუნებს. ერთ მშვენიერ დღესაც დიდ რამეს მივხვდი - როცა პირველად გავიღიმე გარეთ. ერთ-ერთმა პიროვნებამ რაღაც მომაძახა ისეთი, რომ არ მოგეწონება. როცა გავხედე და გავუღიმე, იმანაც რაღაცნაირად შემომხედა და გამიღიმა. იმის შემდეგ, შანსი არ არის, რომ არ გავიღიმო. მთელ ნეგატივს, რაც ჩემამდე მოდის, როგორღაც ვახურდავებ და სასაცილოდ აღვიქვამ. ისე კი არა, რომ ბოროტი და ცინიკური განზრახვა მქონდეს, ვითომ, აი, რა სასაცილოა! არა, ვფიქრობ ხოლმე, რომ ამ ადამიანმა არ იცის, ჯერ ამ ადამიანამდე საჭირო ცოდნა არ მისულა. ამიტომ, მეტი ინფორმაციისთვის ნამდვილად სასარგებლოა ფილმები, წიგნები, კონტაქტები. 

-    ხომ არ გიფიქრიათ, რომ მომავალში თქვენი გამოცდილება, თქვენი რესურსი ჩართოთ რომელიმე ერთი მიმართულებით: ან სამოტივაციო ლიდერობის კუთხით; ან წიგნის დაწერის,  ან ფილმის გადაღების კუთხით? საქართველოს აქვს ეს შანსი, რომ თქვენი უნიკალური ისტორია ასახოს ფილმში ან წიგნში და ამით მკვეთრად გაზარდოს მგრძნობელობა იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც საზოგადოების მხრიდან მეტი თანადგომა სჭირდებათ. ხომ არ ყოფილა მსგავსი ფიქრები და შემოთავაზებები? 
 

 

რაღაც კონსენსუსამდე სულ მივდივარ ჩემს თავთან.

-    ბავშვობაში მსახიობობა კი მინდოდა (იცინის). წიგნზეც ვფიქრობთ - მარტო მე არა, ჩვენი გუნდი. სამოქალაქო აქტივიზმი კი ცოტა უცხო მგონია ჩემთვის. არ მიცდია და ვერ წარმომიდგენია. 

-    ასე მგონია, რომ თუ თქვენ შეძლებთ, თქვენი ცხოვრების გამოცდილებით, თქვენი აზროვნებით, თქვენი ხასიათით ადამიანების გულამდე მიაღწიოთ (ფილმის, წიგნის, საჯარო ლექციების, ან, თუნდაც, ასეთი ინტერვიუების მეშვეობით), ამით ბევრად მეტს გაუკეთებთ ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებას, ვიდრე იმ ისტორიით, რომელიც უკვე დაწერეთ. 

-    მესმის, რასაც ამბობთ და, რა თქმა უნდა, ჩემთვისაც ყურადსაღებია. ვიფიქრებ ამაზე. 

-    თქვენ თქვით, გადავლახე ის პერიოდი, როცა მარგინალური ჯგუფის წევრი ვიყავი და ახლა უკვე მეღიმებაო. თქვენი საზოგადოებრივი იმიჯი ნამდვილად ძალიან პოზიტიურია. „მზე-გოგოსაც“ გეძახიან ახლობლები. მაგრამ ის ძველი ირმა, რომელსაც დიდი სიმძიმე დაჰყვებოდა, ახლა სად არის? ხომ არ პოულობთ მას ზოგჯერ თქვენს თავში? როდესაც ფიზიკურად გიჭირთ რაიმე დაბრკოლების გადალახვა, იქ თუ მიჯნავთ, რომ ეს არის ფიზიკური ბარიერი, ვერ გადავლახე, მაგრამ არაუშავს, მაინც მშვიდად ვარ. გაქვთ ასეთი განცდა? 

-    მე მიმაჩნია, რომ ბოლომდე ვერასდროს გავექცევი იმას, რაც იყო. ის შიგნით არის, არსად წასულა. უბრალოდ, დაითრგუნა. ახლა ნამდვილად მშვიდად შემიძლია ვიფიქრო: მერე რა, ბარიერი შემხვდა და მორჩა. თუ გაჩნდა ეს მომენტი, მცირე სიბრაზე რომ წამომივლის, მაშინვე ვთრგუნავ.

 
არის, ნამდვილად არის, არსად არ წასულა, მაინც შიგნით არი და ამ ყველაფერს კარგად ვფუთავ, ალბათ, შემიძლია, რომ კარგად შევფუთო, დავმალო.

ჩემი ოჯახის წევრებისთვისაც კი რეინკარნაცია განვიცადე და ახლა სულ სხვა ირმა ვარ. 
 

 

გადავაფასე ყველა ღირებულება, რაც მქონდა.

-    ანუ მარტო თქვენშია იმ ძველი ირმას კვალი. 

-    ამ თემაზე საერთოდ არავისთან მისაუბრია, მაგრამ გეტყვით. როცა მარტო ვრჩები,  ხშირად მემართება, რომ თვალები მეცრემლება და ვერ ვხვდები, რატომ. ყველაფერზე ნერვები მეშლება. ეს რატომ დევს აქ? ვღიზიანდები, მარტო რომ ვარ. ხომ შემიძლია, ავიღო და გადავდო? მეზარება. მინდა, რომ ვიღაც მივლიდეს. ანუ მენატრება ის პერიოდი, როდესაც დედა მივლიდა, მეფერებოდა. რაღაც მომენტში ნამდვილად იღვიძებს ის მოგონება და ჩემს თავს შევუძახებ ხოლმე: „აბა, ირმა, ახლა სად წახვედი?!“ თუ სახლიდან ვერ გავდივარ, ვცდილობ, ძირითადად, ან ფილმებს ვუყურო, ან ვიკითხო, ან რაღაც საინტერესო მოვძებნო; რამე გავაკეთო, რომ სულიერად მარტო არ დავრჩე. შანსი არ არის, ვერსად წაუხვალ ამ ყველაფერს და ვერც საბოლოო გამარჯვებას მოიპოვებ. ჩემი გამარჯვება ის არის, რომ ტკივილი არსებობს, მაგრამ გარეთ არ გამოდის. 

-    ნამდვილად ძალიან მაგარი გოგო ხართ! 

-    ბევრი ღიმილია ჩემს ცხოვრებაში, ბევრი სიცილია, ბევრი პოზიტივი და ესეც დამღლელია. ეს გფიტავს. რამდენსაც გასცემ, იმდენი,  შეიძლება, უკან არ დაგიბრუნდეს. ამას არც ვეძებ, მაგრამ მე ვცარიელდები და სრული ნეგატივი მრჩება შიგნით. ამიტომ, მირჩევნია, მარტო დავრჩე, ეს ნეგატივი მარტო ჩემთან დაგროვდეს. მერე რაღაცნაირად  თავიდან ვივსები და გარეთ გავდივარ ისევ ახალი, ხალისიანი, ღიმილიანი. 

-    დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. საუბარს დავასრულებთ თქვენი კომენტარით ცნობილი ადამიანების ორ გამონათქვამზე. პირველი ციტატა ეკუთვნის გერმანელ მწერალს, თომას მანს (1875-1955): „გულგრილობა თავისებური ბედნიერებაა.“
 

 

მარტო მე არ მეხება, წავიდე ამ ქვეყნიდან, თუ დავრჩე ამქვეყნად.

-    არა, ვერ ვეთანხმები. პირადად ჩემთვის გულგრილობა ბედნიერება ვერ იქნება.
 
-    თავისებური ბედნიერება არისო. 

-    თავისებური ბედნიერება შეიძლება ბოროტებაც იყოს ვიღაცისთვის. ჩემთვის გულგრილობა ერთ-ერთი მომაკვდინებელი გრძნობაა, ზოგადად. თომას, მაპატიე, ვერ გეთანხმები! (იცინის)

-    მეორე ციტატის ავტორია გერმანელი ფილოსოფოსი ფრიდრიხ ნიცშე (1844-1900): „მხოლოდ დიდ ტკივილს მიჰყავს სული ბედნიერებამდე. მხოლოდ ტკივილი გვაძლევს საშუალებას, ჩვენი არსებობის ყველაზე ღრმა კუნჭულს მივწვდეთ. და ვისთვისაც ტკივილი თითქმის მომაკვდინებელი იყო, მას შეუძლია სიამაყით თქვას: ცხოვრების შესახებ მე ბევრად მეტი ვიცი!“

-    ერთხელ, როდესაც გავბრაზდი, სულელივით ვიფარიკავე, არ გამომივიდა და საუკეთესო ოთხში ვერ მოვხვდი. ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი დამცირება იმიტომ, რომ რეიტინგში პირველი ვიყავი. მოვკვდი, ისე მრცხვენოდა, შინაგანად გავნადგურდი. რა გააკეთა ამ დამარცხებამ? მთელი სამი წელი ვიმარჯვებდი და ვიმარჯვებდი. ალბათ, ჯერ არ გამივლია იმდენი, რომ ვთქვა - მე ცხოვრების შესახებ ბევრად მეტი ვიცი, ვიდრე სხვამ. ფიზიკურ ტკივილს მეტ-ნაკლებად მივეჩვიე. სულიერი ტკივილი კი, ზოგადად, ადამიანის თანმდევია. ამიტომ ვერ მივცემ ჩემს თავს იმის თქმის უფლებას, რომ სხვაზე მეტი მტკენია და სხვაზე მეტი ვიცი. რა თქმა უნდა, ბევრად მეტი ვიცი ეტლით მოსარგებლეობაზე, მაგრამ სხვა სფეროში ვერ გადავალ, სხვას ვერ შევედავები. ასეთი რამ მჭირს: თვითონ ვეძებ რთულ, გადაულახავ, საშიშ მომენტებს ცხოვრებაში; თვითონ ვიქმნი სირთულეებს, რომ მოსაწყენი არ გახდეს ცხოვრება. იმ ტკივილმა, რაც მაქვს, გამბედაობა და ძალა შემძინა. ჯერ კიდევ წინ მაქვს ცხოვრება, არ ვიცი, როდის რა მიწერია. წლებთან ერთად, ალბათ, ვიტყვი, რომ ბევრად მეტი ვიცი - მაგრამ ვინმეზე მეტი კი არა, ალბათ, ისევ ჩემს თავზე მეტი - იმაზე მეტი, ვიდრე მანამდე ვიცოდი. 
 

ფოტომასალა: ზურაბ ქურციკიძე, ზაქარია ჭელიძე

გუნდი

ირაკლი გედენიძე

ზურაბ ქურციკიძე

გიო კუსიანი

გიორგი ურუშაძე

თამთა ყუბანეიშვილი

ნანა ყურაშვილი