×
„მასწავლებლობამ მუდმივად მაძიებელი გამხადა“

ლელა კოტორაშვილი

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლაში, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის ფინალისტი.


6349

ინტერვიუს შესახებ

ლელა კოტორაშვილთან ინტერვიუზე ჯერ კიდევ ზაფხულში შევთანხმდით. მაგრამ მოგვიანებით, როცა ლელა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის ჯერ ათეულში და შემდეგ ხუთეულში გავიდა, გადავწყვიტეთ, შეხვედრისგან თავი შეგვეკავებინა. არ გვინდოდა, რომ კანდიდატები არათანაბარ პირობებში ჩაგვეყენებინა; არც ის გვინდოდა, ჟიურიზე თუნდაც ირიბი გავლენა მოგვეხდინა.  

არადა, როცა ამ ინტერვიუს წაიკითხავთ, აუცილებლად დაინახავთ ლელას - ხიბლიან, გულწრფელ და თავმდაბალ ადამიანს, რომელიც, ამავე დროს, თავდადებული მასწავლებელია. რაც მთავარია, ლელა არის თხემით ტერფამდე ბუნებრივი ადამიანი, რაც ყოველთვის ანდამატივით მიზიდავს.

სულ ოთხი წელია, რაც სკოლაში ასწავლის და მიაჩნია, რომ კიდევ ბევრი რამ თავად უნდა ისწავლოს. ოღონდ, მე მაინც მგონია, რომ, ადრე თუ გვიან, დატოვებს სკოლას (რომლის გარეშეც დღეს ცხოვრება ვერ წარმოუდგენია) და... გახდება მწერალი, ნამდვილი მწერალი. 

აი, მაშინ საგანგებოდ გავიხსენებ ჰერტა მიულერის ნათქვამს: „მე ხომ ლიტერატურის შექმნა არ მდომებია, უბრალოდ, საყრდენს ვეძებდი.“ 

ია ანთაძე

-    ლელა, ემოციურად ისეთი უჩინარი ადამიანი, როგორიც ვალოდია ჯინჭარაძეა (ელდარ შენგელაიას ფილმიდან „არაჩვეულებრივი გამოფენა“) რომელსაც თანაკლასელები ძლივს იხსენებენ სკოლის დამთავრებიდან წლების შემდეგ - თქვენი აზრით, დათრგუნული ადამიანია თუ, პირიქით, კომფორტის ზონაში მყოფი?

-    ორივე შეიძლება იყოს. ზოგადად, დაშტამპული შეხედულებები არსებობს, მაგალითად, „ოროსნები“, „სამოსნები“, „ოთხოსნები“, „ხუთოსნები“ - ასე იყო ჩემს დროს და ასეთი დაყოფა გულისხმობდა მასწავლებლის პირველად წარმოდგენას მოსწავლეზე, რომელსაც შემდეგ სხვები ამყარებდნენ.  ეს შტამპები ადამიანებს მთელი ცხოვრების განმავლობაში მიჰყვება. 20-30-50 წლის შემდეგაც რომ იკრიბებიან, ისევ ძველი იარლიყები აქვთ - ოროსანსაც, ხუთოსანსაც. უჩინარ ადამიანებს ამ კუთხითაც მოვიაზრებდი. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც მიაკერეს იარლიყი, თუნდაც, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ გაწაფული კითხვა ვერ შეძლეს რაღაც პერიოდში; ადამიანები, რომელთა ინდივიდუალიზმი არ გაითვალისწინეს; რომელთაც, თავისი ხასიათიდან გამომდინარე, ვერ მოახერხეს თვითდამკვიდრება. ასეთი ადამიანები ირიყებიან ხოლმე სოციუმიდან. შეიძლება, უჩინარი ზონა მათთვის მართლაც კომფორტის ზონა იყოს და აღარც უნდოდეთ იქიდან გამოსვლა. შეიძლება, უნდოდეთ, მაგრამ ვეღარ გამოდიოდნენ. 
 

 

შტამპები ადამიანებს მთელი ცხოვრების განმავლობაში მიჰყვება.

-    როგორც ფილმში ვხედავთ, ვალოდია ჯინჭარაძე წლების შემდეგ ძალიან აქტიურდება. ადამიანები იცვლებიან და ვალოდია ჯინჭარაძეც შეიცვალა. მეც საკმაოდ შევიცვალე. მაინტერესებს, თქვენ თუ შეიცვალეთ სკოლის შემდეგ? 

-    რა თქმა უნდა, ნაწილობრივ მეც შევიცვალე. თუმცა, ის ხასიათი, რაც მქონდა, მაინც მომყვება. 

-    რა მიმართულებით შეიცვალეთ? 

-    სკოლის პერიოდში, რაც მსურდა, იმას ვაკეთებდი მაშინვე. აი, მაგალითად, კითხვა მიყვარდა, ვკითხულობდი, ვწერდი, მერე კლასელებს ვუკითხავდი. აქტიური ცხოვრებით ვცხოვრობდი. მაგრამ სამოქმედო არეალი არ მქონდა, გამომდინარე იქიდან, რომ 90-იანი წლები იყო. 

-    მეგობრები გყავდათ?

-    ძალიან ბევრი მეგობარი მყავდა, რომლებიც დღემდე მომყვებიან. ჩვენ შევქმენით ერთმანეთის ხასიათი და ძირითადი ღერძი. 

-    რასაც მინდოდა, იმას ვაკეთებდიო, თქვით. არადა, ჟურნალისტი გინდოდათ, გამხდარიყავით. მაგრამ არ ჩააბარეთ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე იმიტომ, რომ დიდი კონკურსი იყო. ფილოლოგიის ფაკულტეტზე მოეწყეთ და მასწავლებელი გახდით. ეს ხასიათი - რომ უკან დაიხიეთ პრობლემის წინაშე -  შეგეცვალათ თუ ახლაც შემოგრჩათ?

-    ასეც ვერ ვიტყვი, რომ პრობლემის წინაშე უკან დავიხიე. ალბათ, უფრო რეალურად განვსაზღვრე, რა იყო ჩემთვის უკეთესი. მათი რჩევა მივიღე, ვინც ჩემზე უკეთ აფასებდა მიმდინარე მომენტს. მაშინ ასეთი არგუმენტი არსებობდა, რომ თუ ფილოლოგიურზე ჩააბარებ, შეგიძლია ჟურნალისტიც იყო და კიდევ ცალკე პროფესიაც გქონდეს. ახლა მადლობელი ვარ ამ გადაწყვეტილების, რომ ფილოლოგიურზე ჩავაბარე. 

-    ანუ არ მიგაჩნიათ, რომ ეს იყო თქვენი ხასიათის ხარვეზი, როცა ძლიერი დაბრკოლება კი არ გადალახეთ, არამედ, შემოუარეთ მას? 

-    პირიქით. ამ ამოცანას რომ შევჭიდებოდი, ვიცოდი, დავმარცხდებოდი. ამიტომ, ისეთი გამოსავალი მოვძებნე, რომელიც ჩემი შესაძლებლობების უკეთ გამოვლენაში დამეხმარებოდა. 
 

 

ისეთი გამოსავალი მოვძებნე, რომელიც ჩემი შესაძლებლობების უკეთ გამოვლენაში დამეხმარებოდა.

-    ახლა მინდა, ეს ამბავი უფრო გვიანდელ ამბებთან დავაკავშირო. თქვენ სამი წელი რაჭაში, სოფელ უწერის საჯარო სკოლაში ასწავლიდით. მერე კი ადექით და თბილისში დაბრუნდით. რაჭაში თქვენი რესურსი ამოწურეთ, ცხოვრების მძიმე პირობებს გამოექეცით, თუ თბილისში დაბრუნება ზუსტი და გააზრებული გადაწყვეტილება იყო? 

-    თავიდან რაჭაში ერთი წლით წავედი, მუდმივად საცხოვრებლად არ წავსულვარ. არც მიფიქრია, რომ ჩემი იქ ყოფნა სამი წელი გაგრძელდებოდა. მართალი გითხრათ, გზადაგზა ვაცნობიერებდი, რამხელა თავგადასავალი გადამხდა და რამდენი რამ მომიტანა ამ ნაბიჯმა, რომ უწერის სკოლაში ვასწავლიდი. დაბრუნების პირველი მიზეზი ის იყო, რომ მე და ჩემი ქმარი ერთად არ ვცხოვრობდით. მას უწევდა თბილისში ყოფნა, მუშაობა. ოჯახს ეს შეეტყო. ბავშვებს მამასთან უნდოდათ. ერთად ვცხოვრობდით, მაგრამ ოჯახი გაყოფილი იყო. ამის გარდა, დაბრუნების დრო დადგა. შეიძლება, იქ ამოვწურე კიდეც ჩემი თავი. თუმცა, ძალიან გამიჭირდა თბილისთან შეგუება. 

-    დიახ, ეს ჩანს, რომ ემოციურად ისევ უწერის სკოლასთან და სოფელთან ხართ მიბმული. თქვენი შემოქმედებითი აქტივობები, ჯერჯერობით, მთლიანად იმ პერიოდს უკავშირდება, იქ აქვს საფუძველი ჩაყრილი.
  

-    სწავლის გაგრძელება გადავწყვიტე მაგისტრატურაში. ბავშვებზეც ხომ ვფიქრობთ? იქ არ არის წრეები, რომ შვილი, ვთქვათ, ცურვაზე ატარო. ერთი სიტყვით, გამოვიგონე მიზეზები, რომ უკან დავბრუნებულიყავი,  ისე მიჭირდა ემოციური კავშირის გაწყვეტა. რთული პირობები წამოსვლის მიზეზი ნამდვილად არ ყოფილა. პირიქით. მე მგონია, რომ ადამიანს ყველგან შეუძლია, შეიქმნას პირობები და ეს რაჭაში ცხოვრებამ მასწავლა. აქ გაცილებით უკეთესი პირობები მაქვს, მაგრამ იქ უკეთ ვგრძნობდი თავს, თუნდაც, იმ პატარა ოთახში, რომელსაც საძინებლადაც ვიყენებდით, მისაღებადაც. ყინვაში შეფუთულებს გვიწევდა საჭმლის კეთება. მაგრამ ეს საერთოდ არაფერს არ ნიშნავს ჩემთვის. 

-    რომ არ ყოფილიყო ეს ფაქტორები - მეუღლე, ბავშვები... პირადად თქვენთვის რა უფრო კომფორტული იყო - წამოსვლა თუ დარჩენა? 

-    ამაზე არ მიფიქრია, მართალი გითხრათ. იქ ყოფნაც ძალიან ძნელია. იმ სოციუმში იკეტები და ტრამალის მგელივით ხდები. აუცილებლად უნდა წამოვსულიყავი, რომ ოჯახი ერთად ყოფილიყო. თუმცა, ჩემს ასაკში ასე მარტოსულივით ცხოვრება ძალიან ძნელია.
 

 

ძალიან გამიჭირდა თბილისთან შეგუება.

-    ტრამალის მგელი აუტსაიდერია. გრძნობდით თავს აუტსაიდერად?

-    არა, იმიტომ, რომ მაინც კავშირი მქონდა მეგობრებთან. ჩამოდიოდნენ, გვაკითხავდნენ, მეც ორ თვეში ერთხელ თბილისში ვიყავი. მაგრამ ეს არ იყო საკმარისი. თბილისში ცხოვრებას თავისი სიმძიმე აქვს, მაგრამ არ უნდა გაექცე ამას. 

-    მასწავლებლის პროფესიამ რა შეცვალა თქვენში?

-    ძალიან ბევრი რამ შეცვალა, პირველ რიგში - ცხოვრების წესი. მასწავლებლობამ მუდმივად მაძიებელი გამხადა. მასწავლა იმის აღიარება, რომ რაღაც არ იცი. თუმცა, მართალი რომ გითხრათ, პროფესია ცოტა დიდი დოზით შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში  და მიჭირს ბალანსის დაცვა. 

-    რას და რას შორის ბალანსს გულისხმობთ?

-    მაგალითად, დედობასა და მასწავლებლობას შორის. სხვა ბევრი პასუხისმგებლობაც გვაქვს ადამიანებს, ვართ შვილი, მეზობელი, მეგობარი... ჩემმა პროფესიამ კი მთლიანად მომიცვა. 

-    ანუ, თქვენს პასუხისმგებლობებს შორის გიხდებათ პრიორიტეტების არჩევა, რადგან ისინი კონფლიქტშია ერთმანეთთან?

-    კონფლიქტში არა, უბრალოდ, დროის გადანაწილება ჭირს. 

-    თუნდაც, დროის გადანაწილების მხრივ ვთქვათ კონფლიქტი. 
 

 

ჩემს ასაკში ასე მარტოსულივით ცხოვრება ძალიან ძნელია.

-    დროის მხრივ, დიახ, კონფლიქტში მოდის პრიორიტეტები. მართლაც უამრავი დრო და ძალისხმევა სჭირდება იმას, რომ შენი გაკვეთილი მუდმივად საინტერესო იყოს.
 
-    ახლა ფიქრობთ, რომ ეს ბალანსი შეცვალოთ?

-    დიახ. 

-    რის ხარჯზე? 

-    თუნდაც, იმის ხარჯზე, რომ ჩემს სახლთან უფრო ახლოს ვიშოვო სამსახური. სულ ვფიქრობ, დრო უფრო თანაბრად როგორ გადავანაწილო. 

-    თუ არსებობს ნიშნები, რითიც შეგიძლიათ, გამოიცნოთ, თქვენი რომელი მოსწავლე იქნება წარმატებული მომავალში? 

-    ახლა დანიელ პენაკის „სკოლის სევდას“ ვკითხულობ. მთელი წიგნი იმაზეა აგებული, როგორ გახდა ავტორი, ბავშვობაში ოროსანი მოსწავლე, საუკეთესო მასწავლებელი. პენაკი საკუთარ თავს უღრმავდება და წერს, რომ მშობლები ძალიან ბევრს ფიქრობენ შვილების მომავალზე. მაგრამ არ არის საჭირო ამდენი ფიქრი. ეს იწვევს ფორიაქს, შფოთს... წარუმატებელი ბავშვი, რომელიც დღეს მაჩანჩალა გვგონია, შეიძლება ძალიან შეიცვალოს. შეიძლება კი არა, აუცილებლად შეიცვლება. უბრალოდ, მომავალზე ფიქრით იმდენად ვიწუხებთ თავს, რომ ხანდახან ბავშვის ასაკობრივი თავისებურებები გვავიწყდება. 

-    გამოდის, აწმყო ზარალდება მომავალზე ზედმეტი ზრუნვით?

-    აუცილებლად დაზარალდება. კიდევ ასეთ რამეს ამბობს: სწავლა, თითქოს, იმისთვის არის გამოგონილი, რომ დროთა განმავლობაში მაღალი სოციალური სტატუსი მოვიპოვოთ. შემდეგ ამ სტატუსს ამოვეფარებით და თუ, ვთქვათ, დავკარგავთ მას რომელიმე ასაკში, ძალიან გვიჭირს გადატანა. ხომ არ ვცდებით მაშინ, როცა სწავლას მხოლოდ მომავალ სტატუსს ვუკავშირებთ? ადამიანი ისე უნდა იყოს მომზადებული, რომ როდესაც თავის თავთან მარტო აღმოჩნდება, დისკომფორტი არ განიცადოს. ეს რომ წავიკითხე, მერე მეც დავიწყე ფიქრი, რა უნდა იყოს სწავლის მიზანი, რომ ადამიანი მხოლოდ სტატუსის მოპოვებაზე არ ფიქრობდეს.

 
ალბათ, ის, რომ როდესაც სწავლა დაეფუძნება შინაგან მაძიებლობას, შინაგან სურვილს, სიხარულს, მთელი ცხოვრება გაჰყვება და რაც არ უნდა კატაკლიზმები მოხდეს ადამიანის ცხოვრებაში, ის ყოველთვის გადაურჩება ამას, უფრო ნაკლები სიმძაფრით აღიქვამს ამ ყველაფერს.


-    და კითხვას რომ დავუბრუნდეთ, როგორც მივხვდი, თქვენს მოსწავლეებს არ უყურებთ ასე, ვინ იქნება მომავალში წარმატებული და ვინ - არა.
 

 

ჩემმა პროფესიამ მთლიანად მომიცვა.

-    არა, ასე არ ვუყურებ. პირიქით, ვცდილობ, რომ თითოეულ მათგანს ინდივიდუალურად მივუდგე. შეიძლება ეს გაცვეთილი ფრაზაა, მაგრამ მთელი არსებით მაქვს გასიგრძეგანებული ამ მიდგომის მნიშვნელობა. ჩემი წინასწარი განწყობა განაპირობებს მათ მომავალს. როდესაც კლასში პირველად შედიხარ, არ უნდა გამოიკვლიო - როგორი კლასია. ჯობია, შენ თვითონ გააბა კავშირი, ვიდრე სტერეოტიპებს მისდიო. 

-    ადამიანების ნაწილს ანალიტიკური აზროვნება აქვს, ნაწილს კი - შემოქმედებითი. თქვენ რომელი ტიპის მოსწავლეებისთვის უფრო შედეგიანი მასწავლებელი ხართ? ვინმე ხომ არ იჩაგრება იმის გამო, რომ რომელიმე ერთი ტიპის მოსწავლეებთან უკეთესად მუშაობთ?

-    ჩემს აღზრდაში გაგება-გააზრების პრობლემა იყო - 90-იან წლებში ამ კუთხით ჩემს განვითარებაზე არავის უზრუნია. რაც მაშინ დამაკლდა, იმას ახლა და ახლა ვინაზღაურებ და, ბუნებრივია, ვცდილობ, აქტივობები მოსწავლის მრავალმხრივ განვითარებას მოვარგო. მაგალითად, ახლა დიფერენცირებულ სწავლებას მივყვებით და დიაგნოსტიკურ ტესტირებას ვაწარმოებთ. ეს ტესტები განკუთვნილია ლექსიკური მარაგისთვის, გაწაფული კითხვისთვის, გაგება-გააზრებისთვის და საინფორმაციო ტექსტის აღქმისთვის. ჯერ შედეგებს ვაანალიზებ და მერე საგანგებოდ ვგეგმავ აქტივობებს. თან აუცილებელია შემოქმედებითი მიდგომა, სხვა შემთხვევაში, სწავლა მოსაწყენი ხდება. 

-    და ეს შემოქმედებითი მიდგომა თქვენი, როგორც მასწავლებლის უფრო ძლიერი მხარეა? 

-    ალბათ, არის, თუმცა, მეც ახლახან ვისწავლე ხატვა და კერვა. შემოქმედებითი მიდგომა იმისთვის არის საჭირო, რომ რუტინა გაამრავალფეროვნოს. 

-    თქვენ ასწავლიდით საჯარო სკოლაში და ახლა კერძო სკოლაში ასწავლით. მინდა, რომ კერძო და საჯარო სკოლებს შორის განსხვავებაზე გვიამბოთ. მაგრამ თან მესმის, რომ ძნელი ამოცანაა: უწერის საჯარო სკოლაში ძალიან ცოტა ბავშვი გეჯდათ კლასში, რაც ტიპურ საჯარო სკოლას არ ახასიათებს. კერძო სკოლაში, ალბათ, უფრო მეტი ბავშვია კლასში, ვიდრე უწერის სკოლაში იყო. ასეა?

-    დიახ, ბევრად მეტია ახლა. თქვენ მართალი ხართ,  ნამდვილი საჯარო სკოლის ცხოვრება, როგორც მასწავლებელს, მე არ შემიგრძვნია. რაც შეეხება განსხვავებას: კერძო სკოლა შექმნა საჯარო სკოლის არასრულფასოვნებამ, გაზრდილმა მოთხოვნებმა. თუმცა, კერძო სკოლაში, როგორც ვაკვირდები, ბავშვები ძალიან გადაღლილები და გადატვირთულები არიან იმ რეჟიმით და რუტინით, რასაც ჩვენ ვთავაზობთ. ეს რეჟიმი მათი თავისუფალი ნებისთვის ძალიან დამთრგუნველია.
 

 

უამრავი დრო და ძალისხმევა სჭირდება იმას, რომ შენი გაკვეთილი მუდმივად საინტერესო იყოს.

-    რას გულისხმობთ?

-    მე, როგორც მასწავლებელს, თბილისში მიჭირს ბავშვებთან იმის კეთება, რასაც რაჭაში ვაკეთებდი. იმიტომ, რომ ინდივიდუალური ურთიერთობისთვის დრო საერთოდ არ გვრჩება. 

-    იმიტომ, რომ ბევრი მოსწავლე გყავთ? თუ იმიტომ, რომ ბავშვებს ბევრი სამეცადინო აქვთ? 

-    ბავშვები ზუსტად გაწერილი რეჟიმით ცხოვრობენ ხუთის ნახევრამდე. წრეებზე დადიან. ეს ყველაფერი ძალიან რთულია არა მხოლოდ მათთვის, ჩემთვისაც. მაგალითად, სპექტაკლი რომ დადგა, ამისთვის ხომ გჭირდება თავისუფალი დრო? ცოტა დაბნეული ვარ, არ ვიცი, ეს დრო სად ვიპოვო.
 
-    დავაზუსტებ - იმიტომ, რომ ბავშვებს არ სცალიათ?

-    დიახ, და არ სცალიათ იმიტომ, რომ სკოლას აქვს თავისი რეჟიმი, მშობლების სურვილების შესაბამისად, მათი დაკვეთის გამო. თუმცა, რაღაცას მაინც ვახერხებთ. „ლიტერატურული კაფეები“ რომ წამოვიწყეთ, ეს ჩვენთვის დიდი განტვირთვაა, დღესასწაულია,  რომლისთვისაც 2-3 თვე ვემზადებით ხოლმე. ეს ერთად გატარებული წუთები, რომლებიც ძნელი მოსაძებნია, ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი დროა. რაჭაში ურთიერთობისთვის დრო სულ თავისუფლად გვქონდა და  იქ შედეგიც სხვანაირი იყო.

-    თქვენი გამოცდილებით, სწავლაზე ხელმისაწვდომობა რამდენად თანაბარია სოფელსა და ქალაქში?  

-    რა თქმა უნდა, არ არის თანაბარი. უწერიდან ონამდე 14 კილომეტრია. მხოლოდ მე-12 კლასში იწყებენ რეპეტიტორთან მომზადებას და ამისთვის რაიონში დადიან. მანამდე რომელიმე წრეზე რომ უნდათ ონში სიარული - ცეკვაზე, ხატვაზე - ვერ ახერხებენ.
 
-    თქვენი ციტატაა: „სოფლის ყოფითი პრობლემებით დამძიმებული მასწავლებლისთვის რთულია განათლების სისტემაში მიმდინარე ცვლილებებისა და სიახლეებისთვის ფეხის აწყობა“. ამ პირობებში, გაკვეთილზე თანამედროვე ცოდნის გადაცემის, ინოვაციური მეთოდების გამოყენების კუთხით რამდენად თანაბარ პირობებში არიან  ქალაქის და სოფლის სკოლების მოსწავლეები?
 

 

სულ ვფიქრობ, დრო უფრო თანაბრად როგორ გადავანაწილო.

-    ჩემი დაკვირვებით, მართლაც ძალიან დიდი ყოფითი სამუშაო აქვთ იქაურ მასწავლებლებს, ფიზიკურად მუშაობენ. მაგრამ განათლების სამინისტრო ძალიან ბევრს აკეთებს, რომ  სოფლის სკოლებსაც მიაწვდინოს ხმა თავისი სიახლეების შესახებ. სქემაში ჩართულობამ განაპირობა მასწავლებლების მოტივაციაც. ხედავდნენ, რომ მე, მაგალითად, უფროსი მასწავლებლის დანამატი მქონდა. თვითონაც სურვილი გაუჩნდათ, რომ ამისთვის ეზრუნათ. შეიძლება, თბილისში ცხოვრობდე და შენი პროფესიული განვითარებისთვის არაფერს აკეთებდე; შეიძლება, სოფლად იყო და ბევრად მეტი შეძლო. 

-    მაგრამ მთლიანი სურათი, ზოგადი ტენდენცია როგორია? 

-    შეიძლება, რაღაც პერიოდში პროცესი გაყინული იყო, მაგრამ ამ ბოლო დროს დიდწილად გაიზარდა სოფლის მასწავლებლების დაინტერესებაც, სურვილიც და ქმედებაც. სულ 14 მასწავლებელია უწერის სკოლაში. ერთი უკვე უფროსი მასწავლებელი ხდება, კიდევ ერთი ჩემი მეგობარია და ძალიან დაინტერესებულია, ახლაც ინტენსიურად ვითანამშრომლოთ. 

-    დავუბრუნდეთ რეპეტიტორებს. ჩვენი განათლების სისტემის ერთიანობა რეპეტიტორების ინსტიტუტზე დგას. სკოლასა და უმაღლეს სასწავლებელს შორის უფსკრულია. სახელმწიფო, ფაქტობრივად, ამბობს: მე არ შემიძლია, ბოლომდე დავაფინანსო თქვენი შვილების ღირსეული განათლება. ამიტომ, თუ გინდათ, რომ მათ კარგი განათლება მიიღონ, დააფინანსეთ საკუთარი ჯიბიდან. ეს ზუსტად ის ფულია, რაც რეპეტიტორებთან მიდის. შესაძლებლად მიგაჩნიათ თუ არა, სასკოლო და უმაღლესი განათლება ამ უფსკრულის გარეშე, ბუნებრივად გადაებას ერთმანეთს? 
 

 

ხომ არ ვცდებით მაშინ, როცა სწავლას მხოლოდ მომავალ სტატუსს ვუკავშირებთ?

-    ამ მდგომარეობას მრავალი ფაქტორი განაპირობებს, რომლებიც აკინძულია ერთმანეთზე. მე მაინც მგონია, რომ მთავარი პრობლემები სკოლამდელი განათლებიდან იწყება. როდესაც პირველ კლასთან მქონდა შეხება - ბავშვებს რომ ვაკვირდებოდი, ვხვდებოდი, როგორი სკოლამდელი განათლება ჰქონდა თითოეულ მათგანს. თანამედროვე კვლევები ცხადყოფს, რომ სკოლამდელი განათლების კვალი ბავშვს მერვე კლასამდე მიჰყვება. განვმარტავ, რომ სკოლამდელ განათლებაში ვგულისხმობ მშობლის ურთიერთობას ბავშვთან, ზეპირმეტყველების განვითარებას, ხმამაღალ კითხვას, შემეცნებით სამყაროსთან ზიარებას. თუ ბავშვი ამ ყველაფერს მოკლებულია, შემდეგომ უჭირს, სკოლაში ფეხი აუწყოს დანარჩენებს.  

-    როდესაც ბავშვის სკოლისთვის მომზადებაზე საუბრობთ, ოჯახების პასუხისმგებლობას გულისხმობთ, თუ სახელმწიფოს პასუხისმგებლობასაც? 

-    უფრო იმას ვგულისხმობ, რომ საზოგადოებას დაბალი ცნობიერება აქვს სკოლამდელი აღზრდის მნიშვნელობასთან დაკავშირებით და ამიტომ იწყება ხოლმე ერთმანეთზე გადაბრალება. მე მაინც მგონია, რომ ჯერ ოჯახმა უნდა აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა და მერე უკვე ბაღმა თავისი ფუნქცია შეასრულოს. ჩვენ თანმიმდევრულობა გვაკლია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა რგოლს შორის ბმა იყოს - სკოლამდელი განათლებიდან, უმაღლესი განათლების ჩათვლით.  თუმცა, არ ვიცი, ეს როგორ უნდა მოხდეს. 

-    თქვენ ბრძანეთ, როგორი დატვირთულები არიან კერძო სკოლის მოსწავლეები. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, მათაც სჭირდებათ რეპეტიტორი. ეს ნიშნავს, რომ წყვეტა სასკოლო ცოდნასა და უმაღლესში ჩაბარებისთვის საჭირო ცოდნას შორის  სისტემური პრობლემაა. 

-    ჩემი პატარა გამოცდილებით, რასაც ვუყურებ, დაბეჯითებით მგონია, რომ სკოლამდელი განათლებიდან უნდა დავიწყოთ ეს პროცესი. მშობლები ვფიქრობთ, რომ ჩვენს შვილებს სხვამ უნდა მისცეს განათლება, ცოდნა.

 
ისეთი არაფერი არ არის, რთული. გგონია, რომ რთულია, იმიტომ, რომ არ იცი. მეც რომ არ მცოდნოდა, ეს ჩემთვის ძალიან რთული იქნებოდა. მაგრამ ის, თუნდაც, რომ შენი ბავშვობის ამბები უამბო, გიჟდებიან ბავშვები ამაზე; ის, რომ სადაც მივდივართ, იმაზე ესაუბრო, მუდმივად გქონდეს კონტაქტი - ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს მათ აკადემიურ უნარ-ჩვევებს მომავალში და ბევრად უფრო კარგი შედეგი გვექნება.

 
-    რჩევებს კიდევ დავუბრუნდებით. ახლა კი გვითხარით, თქვენთვის პროფესიული რუტინის ყველაზე მძიმე მხარე რა არის? 

-    პროფესიული რუტინის კუთხით, თუ რამე არის დამტვირთავი, ყოველთვის თავიდან ვიცილებ. თუმცა,  ვცდილობ, რომ რაც აუცილებელია და რასაც ვერ ავიცილებ, იმაშიც სარგებელი ვიპოვო, იქიდანაც რამე ვისწავლო. 
 

 

კერძო სკოლა შექმნა საჯარო სკოლის არასრულფასოვნებამ, გაზრდილმა მოთხოვნებმა.

-    მაგალითად?

-    ჩემთვის ძალიან რთულია საშინაო დავალების ნაშრომების შესწორება. მაგალითად, 60 ნაშრომის კითხვა და გასწორება  დიდ ძალისხმევას და დროს მოითხოვს. 

-    რამდენ ხანში ერთხელ გიწევთ ამის კეთება?

-    შარშან ეს შეიძლება ყოფილიყო კვირაში ერთხელ. მაგრამ წელს მიზნად დავისახე, მეტი მემუშავა წერის კუთხით აკადემიური უნარ-ჩვევების განვითარებაზე. მეორეკლასელებს გაკვეთილზე ვაკვირდები, როგორ წერენ თითოეულ წინადადებას, წერტილს სვამენ თუ არა, ველზე ხომ არ გადადიან. მეექვსეკლასელების რვეულებს რომ ვასწორებ, განმავითარებელ კომენტარებს ვუწერ.
 
-    ამ რუტინას როგორ მოერიეთ? 

-    როგორ და, დიდ სიამოვნებას მანიჭებს ბავშვების ნაწერების კითხვა. ვხედავ, როგორ ელიან ჩემს კომენტარებს და როგორი ინტერესით კითხულობენ. ურთიერთშეფასებას ვაკეთებინებ ხოლმე. ვთხოვ, რომ რვეულები გაცვალონ. ამით ჩემი შრომაც ცოტა მსუბუქდება. ზუსტად ისე აფასებენ, როგორც მე ვაფასებ. განმავითარებელ კომენტარებსაც წერენ. როდესაც ვხედავ, როგორ უფრთხილდებიან ერთმანეთს, რომ პირდაპირ არ მიახალონ შენიშვნა - ეს ჩემთვის დიდი სტიმულია.

-    ვიცი, რომ როგორც მასწავლებელს, ბევრი რამ გაქვთ გაკეთებული თქვენი მოსწავლეებისთვის. მაგრამ რა იყო ყველაზე მეტი, რისი გაკეთებაც სკოლაში შეძელით?  

-    ყველაფერი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. ერთ რამეს რომ ვაკეთებთ, მეორის საჭიროება ჩნდება. მაგალითად, „ლიტერატურული კაფე“, რომელიც რაჭაში 15-ჯერ ჩავატარეთ. ძალიან დიდი დრო და ენერგია სჭირდება მის  დაგეგმვას და მომზადებას. 

-    მოკლედ გვიამბეთ, რა არის „ლიტერატურული კაფე“. 
 

 

ეს ერთად გატარებული წუთები, რომლებიც ძნელი მოსაძებნია, ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი დროა.

-    „ლიტერატული კაფე“ არის არაფორმალური გარემო, რომლის მიზანია ფორმალურ გარემოში დასწავლილი მეთოდების დანერგვა. ეს არის მუდმივ მკითხველად ბავშვის ჩამოყალიბებისთვის გამიზნული ქმედება. 

-    როგორც ვიცი, ბავშვები წაკითხულ წიგნებს წარუდგენენ მეგობრებს. 

-    ორი თვის განმავლობაში ვკითხულობთ წიგნებს, შემდეგ ვირჩევთ ერთ წიგნს და ამ წიგნზე ვსაუბრობთ აუდიტორიის, ანუ ერთმანეთის წინაშე. შეხვედრას შეიძლება მოწვეული სტუმრებიც ესწრებოდნენ - მშობლები, მასწავლებლები, თემის სხვა წარმომადგენლები. საჯარო მოხელეებიც ყოფილან, თბილისელი სტუმრებიც... წიგნის წარდგენის ფორმასაც საგანგებოდ ვირჩევთ - ეს შეიძლება იყოს დიორამა, ან მაისური, რომელზეც საყვარელ პერსონაჟს დავხატავთ. შეიძლება იყოს ხელნაკეთი ჩანთა. წარდგენის ფორმები მუდმივად უნდა იცვლებოდეს, რომ ბავშვებისთვის საინტერესო იყოს. „ლიტერატურულ კაფეს“ მრავალ შედეგზე გაყავხარ: ყალიბდები, როგორც მსმენელი, როგორც პრეზენტატორი, როგორც მაძიებელი; შემოქმედებითი უნარ-ჩვევები გივითარდება; სწავლობ პრობლემების მართვას - რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. 

-    როგორ ახერხებს „ლიტერატურული კაფე“, რომ ბავშვს პრობლემების მართვაში დაეხმაროს? 

-    როდესაც ვემზადებით, ბოლო ერთი კვირა განსაკუთრებით შრომატევადია ხოლმე. მაგალითად, ჩანთებს ვხატავთ, ან ვკერავთ და უცბად მაკრატელი გაგვიტყდა. არ ვჩერდებით, ვიწყებთ გადაჭრის გზების ძიებას - ელემენტარულად, როგორ ვიპოვოთ სხვა მაკრატელი? „მე მაქვს, მას“ - და მოაქვს. თუნდაც, დიდთოვლობის გამო ვერ ვშოულობთ ვანილს. ვურეკავთ ერთმანეთს, ვეძებთ ვანილს და ამის გამო განწყობას არ გავიფუჭებთ არავითარ შემთხვევაში. 

-    ანუ აფიქსირებთ, რომ ეს არის პრობლემა, რომელიც უნდა გადაჭრათ? 

-    ყოველთვის ვაფიქსირებთ, ყოველთვის. ძალიან საინტერესო პროცესია. ქალაქის ბავშვებთანაც ასე ვმუშაობთ. მაგალითად, რაღაც გვაქვს დასახატი და ბავშვი ამბობს: „როგორ დავხატო? არ გამომდის“. ვეუბნები, არაუშავს, მერე რა. და ვანახებ, როგორ ვხატავ. შეიძლება, უსწორმასწორო ხაზებით, მაგრამ სტიმულს ვაძლევ, რომ  სიამოვნება მიიღოს იმით, რასაც აკეთებს - თუნდაც, კარგად არ გამოსდიოდეს. ეს უკვე პრობლემის მართვაა, რომ მოიფიქროს, როგორ გააკეთოს ის, რაც არ გამოსდის. 

-    „ლიტერატურული კაფე“ იყო ყველაზე მეტი, რაც თქვენს მოსწავლეებს გაუკეთეთ? 

-    არამარტო ეს. გავიხსენებდი მედიათეკის ოთახს, რომელიც უწერაში დავაარსეთ და დღემდე ფუნქციონირებს. ბავშვებმა „ჯადოსნური სამყაროს ოთახი“ დაარქვეს. ხუთასამდე წიგნი მოვიძიეთ საქველმოქმედო აქციით. უცნობებიც გვეხმარებოდნენ. ბათუმიდან სამჯერ გამოგვიგზავნა ფოსტით წიგნები ადამიანმა, რომელსაც დღემდე არ ვიცნობ. წიგნებში პატარა ბარათებს ვპოულობდით. ბავშვებმა ადამიანების თანადგომა დაინახეს და ისწავლეს. 

-    როგორ ავლებთ ზღვარს თქვენსა და მოსწავლეებს შორის? თუ არსებობს, საერთოდ, ზღვრის პრობლემა?

-    რა თქმა უნდა, ჩემს შვილებთანაც ასე ვარ და, შესაბამისად, მოსწავლეებთანაც - ვმეგობრობ, მაგრამ არასდროს ვაძლევ უფლებას, რომ ის ზღვარი გადალახონ, რისი დარღვევის შემდეგაც ურთიერთობა ფუჭდება. მუდმივ პატივისცემას და მოწიწებას გამოვხატავ ჩემი მოსწავლეების  მიმართ და, ამ ურთიერთობას რომ ვთავაზობ, ისინიც იმავეს მიბრუნებენ. 

-    პრობლემა თუ გქონიათ მაგ მხრივ?

-    დიახ, როგორ არა. ყოფილა შემთხვევა, როდესაც უფრო თამამ ბავშვებთან მქონია ურთიერთობა.

 
ამ ბოლო დროს დავიწყე უფრო მკაცრად მოპყრობა და ვერ ვიტან ჩემს თავს ასეთს, მაგრამ არ ამართლებს ხოლმე ასეთი რაღაცა იმიტომ, რომ გშორდებიან ამ დროს.

ჯობია, ტაქტიანად მიუთითო. ეს ტაქტი ძალიან კარგი გამოსავალია. 

-    ქალაქის და სოფლის სკოლებს შორის თუ არის ამ მხრივ განსხვავება? 
 

 

მე მაინც მგონია, რომ მთავარი პრობლემები სკოლამდელი განათლებიდან იწყება.

-    არა, ვერ ვიტყვი. ხომ ამბობენ ხოლმე, რომ ქალაქის ბავშვები უფრო თამამები არიანო. მაგრამ ეს რომანტიკული წარმოდგენებია სოფელზე. 

-    ფროიდი ამბობდა - აღზრდამ უნდა ეძებოს თავისი გზა მოქმედების სრულ თავისუფლებასა და აკრძალვას შორის. თქვენ სად იპოვეთ ეს გზა?

-    მეც ვამბობ, რომ ზღვარი უნდა დავუწესოთ ბავშვებს. მათ სჭირდებათ თავისუფლება, მაგრამ ზღვარიც სჭირდებათ. სრული თავისუფლება მათთვისვეა საზიანო. ეს შეიძლება იყოს საუბარი - როცა აუხსნი მოსალოდნელ საფრთხეებს, ძალიან კარგად იგებენ. 

-    აკრძალვასთან დაკავშირებით რამეს თუ გაიხსენებთ?

-    ჩემს მოსწავლეებთან რაც არ მემართება, ის მემართება ჩემს შვილებთან. არ არსებობს, მოსწავლეებთან გავღიზიანდე, მაგრამ შეიძლება ჩემი გაბრაზება და მრისხანება ვერ მოვთოკო ჩემს შვილებთან. ყოველთვის აპროტესტებენ და მეუბნებიან - რანაირად გველაპარაკები?! მერე იმდენად ვდარდობ და იმდენად ცუდად ვხდები, რომ დაძინებულიც გამიღვიძებია და ბოდიში მომიხდია. 

-    ხშირად გემართებათ?

-    არა, ვცდილობ, რომ ვმართო ჩემი ემოციები. მაგრამ გუშინ დამემართა, მაგალითად. ძალიან ემოციური მომენტი იყო. 

-    აკრძალვის გამო დაგემართათ?

-    არა, ისეთ რამეზე ვეჩხუბე ბავშვს ხმამაღალი ტონით, რომ ის საერთოდ ვერ მიხვდა, რაზე ვეჩხუბებოდი. მთელმა დღემ იმ მომენტში ამოხეთქა. 

-    კლასში რა ტიპის აკრძალვები გაქვთ?

-    მაგალითად, უნდა მოვუსმინოთ ერთმანეთს. ამაზე ვკარგავ დიდ დროს და დიდ ძალისხმევას ვდებ. თანდათან ვაღწევ შედეგს. საზოგადოებას რომ გადავხედოთ - ჩემი ჩათვლით - ჩვენ მოსმენა არ ვიცით. ახლა და ახლა ვმუშაობ ჩემს თავზე, რომ კარგი მსმენელი გავხდე. 
 

 

თანამედროვე კვლევები ცხადყოფს, რომ სკოლამდელი განათლების კვალი ბავშვს მერვე კლასამდე მიჰყვება.

-    თუ რომელიმე მოსწავლე სადღაც ფიქრებში წავიდა, გამოაფხიზლებთ და კლასში დააბრუნებთ? ამას აკეთებთ? 

-    აუცილებელიც არის. ქალბატონი ქეთი ოსიაშვილი, რომელიც ჩვენი ტრენერი იყო, გვეუბნებოდა: გაკვეთილზე არარეალიზებული ბავშვი ასაფეთქებლად მომზადებული ნაღმიაო; შეეცადეთ, გაკვეთილი ისე არ დატოვოთ, რომ თითოეულ მოსწავლეს არ აგრძნობინოთ თავი საჭიროდო. მადლობელი ვარ ამ ქალბატონის, საინტერესო გზავნილები დამიტოვა. როცა ბევრი რამ გაქვს დაგეგმილი და დრო გადის, ძნელია, ოცივე ბავშვს მიაქციო ყურადღება. ასეთი რამ მოვიფიქრე - ვცდილობ, თითოეულს გაკვეთილზე ბევრჯერ მივმართო სახელით. ან მივუახლოვდე და მხარზე ხელი დავადო. ასევე, ჯგუფურ მუშაობას ვგეგმავ ხოლმე, რასაც ხალისი შემოაქვს.

-    თქვენ თქვით, ამაზე თავს დავდებ, რომ სოფლის სკოლაში არ არის ბულინგი, ბავშვების მიერ ერთმანეთის ჩაგვრაო. რით ხსნით ამას? 

-    თუნდაც, ის, რომ უწერაში ჩემი ცხოვრების სამი წლის განმავლობაში არ ყოფილა სერიოზული კონფლიქტი მოსწავლეებს შორის, რამდენ რამეზე მეტყველებს. ალბათ, იმიტომ არ ყოფილა, რომ მცირერიცხოვანი სკოლაა. ოჯახები ერთმანეთს ძალიან კარგად იცნობენ. მშობლებსაც სხვანაირი ცხოვრების წესი აქვთ. ყველა ერთად არის და მიწაში აქვთ ხელები. ყველა ერთად იბრძვის ლუკმაპურის საშოვნელად. ამაში ბავშვიც ჩაბმულია და ეს შრომაც, მათი ყოველდღიურობა, ნაკლებ დროს ტოვებს კონფლიქტებისთვის. იქ ცხენით ჯირითობენ, ტყე აინტერესებთ. იმდენად სხვანაირია მათი ყოველდღიურობა, რომ აბსოლუტურად სხვა ქცევის წესს სთავაზობს. 

-    ბულინგის არსი რა არის? 

-    მჩაგვრელი - ეს არის არარეალიზებული ადამიანი, სავარაუდოდ, თვითონაც ჩაგვრის მსხვერპლი, რომელიც ცდილობს, იპოვოს თავისზე სუსტი და იმაზე ამოიყაროს ჯავრი. ერთი სურათი მახსენდება. სამსახურში უფროსი უყვირის კაცს, კაცი მოდის ოჯახში და უყვირის ცოლს, ცოლი მიუტრიალდება და უყვირის ბავშვს, ბავშვი ჩაქუჩით ადგას თავზე სათამაშო დათუჩას და მზად არის, დაარტყას მთელი ძალით. ეს არის ჩაგვრის მოჯადოებული წრე. 
 

 

მშობლები ვფიქრობთ, რომ ჩვენს შვილებს სხვამ უნდა მისცეს განათლება, ცოდნა.

-    მაინცდამაინც სკოლაში შესაძლებელია ამ წრის გარღვევა?

-    ალბათ, თითოეული ბავშვის ცხოვრებაში უნდა აღმოჩნდეს ერთი ადამიანი მაინც, ვისაც ჩაეჭიდება, ვის ნდობასაც მოიპოვებს და ვინც მას გადაარჩენს. თუ ბავშვს ყურადღება აკლია, თუ თავისი შესაძლებლობების გამოვლენას ვერ ახერხებს, შეიძლება, ბულინგი მისი შიშების შედეგი აღმოჩნდეს. შიშების გაფანტვაში თუ ვინმე დაეხმარება, შეიძლება ჩაგვრის სურვილიც გაუქრეს. საჯარო სკოლები, მრავალრიცხოვანი მოსწავლეებით, ხელშემწყობი გარემოა იმისთვის, რომ ბევრი მჩაგვრელი გაჩნდეს. ახლახან წავიკითხე გერმანელი ჟურნალისტის ქრისტიანა ფელშერინოვის დოკუმენტურ მასალებზე დაფუძნებული წიგნი: „მე, ჩემი მეგობრები და ჰეროინი“. წიგნი იმაზეა, როგორ იქცა ნარკომანად გოგონა და იქ სკოლაც ჩანს - როგორ არაფერი არ ხდება იმ სკოლაში. გოგონა სოფლად იზრდებოდა და ოჯახი გადმოვიდა ბერლინში, სადაც ბავშვს ბევრი ბეტონი და მუდმივი აკრძალვები დახვდა.  დედა მუშაოდა, მამა სახლიდან წავიდა და გოგონა დარჩა ყინულივით ცივი და ცარიელი სამყაროს პირისპირ. ამ ჭაობში რომ ჩაიძირა, სულ ვამბობდი, ქრისტინა, კითხვა, კითხვა გადაგარჩენს. წიგნის ბოლოს გოგონას სოფელში გაგზავნიან მამიდასთან და იქ ხვდება ბიჭს, რომელიც კითხვას შეაყვარებს. იქ იპოვის ერიხ ფრომის „სიყვარულის ხელოვნებას“, რომელიც ღუზა გახდება მისთვის. ეს ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი წიგნია. 

-    თქვენი ემოციები თქვენი პიროვნების რა ნაწილია, პროცენტულად რომ გავიაზროთ?

-    ძალიან დიდია ემოციის წილი, ალბათ, 70%. 

-    ხელს გიშლით თუ გეხმარებათ? 

-    ამის მართვასაც ვსწავლობ. არ მინდა, რომ ემოცია დავკარგო. ოქროს შუალედი საუკეთესო იქნებოდა. 

-    თქვენი აზრით, რომელია სოციალური სტიგმა, რომლის გადალახვა ჩვენი საზოგადოებისთვის ყველაზე დიდი გამოწვევაა?  

-    დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ფსიქიკური პრობლემის მქონე ადამიანების მიუღებლობა. დაბალი ცნობიერება გვაქვს ყველას, ისევე, როგორც მე და ჩემს ოჯახს. 

-    თქვენ დაწერეთ თქვენი ძმის შესახებ, რომელსაც  ფსიქიკური ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა აქვს. მაშინ ეს ბლოგპოსტი ძალიან ბევრმა ადამიანმა წაიკითხა. 
 

 

ტაქტი ძალიან კარგი გამოსავალია.

-    დიახ, როდესაც ჩემი ძმის დიაგნოზი გავიგეთ, არ ვიცოდით, როგორ მოვქცეოდით ასეთი დიაგნოზის მქონე ადამიანს. ამას არავინ გვიხსნიდა, მათ შორის, არც ექიმი. აღმოვჩნდით პრობლემის პირისპირ აბსოლუტურად უმწეო. 

-    რა იყო დიაგნზი? 

-    ქრონიკული შიზოფრენია. 

-    თქვენი გამოცდილება გასათვალისწინებელია, მაგრამ რატომ მიგაჩნიათ, რომ ფსიქიკური პრობლემების მქონე პირებთან ურთიერთობა ყველაზე მძიმე გამოწვევაა საზოგადოებისთვის? 

-    სტატისტიკური მონაცემებით, ყოველ მეოთხე ადამიანს ცხოვრების განმავლობაში ექმნება ფსიქიკური პრობლემები. და, რომ ვაკვირდები, ჩემ ირგვლივ მყოფი უდიაგნოზო ადამიანები, თავისი ფსიქიკური აშლილობით, შეიძლება ბევრად მეტ საფრთხეს უქმნიდნენ საკუთარი ოჯახის წევრებს, ვიდრე ჩემი ძმა. ჩემმა ძმამ შეიძლება კაციშვილს არაფერი დაუშაოს. რა გვაშინებს ყველაზე მეტად? აგრესიის შეტევები, რომელთა მართვა ჩვენ არ ვიცით. 

-    დიახ, ფსიქიკური დარღვევების მქონე ადამიანების მიმართ არის შიში და არ ვიცი, ეს რამდენად პირდაპირ კავშირშია ცნობიერების ამაღლებასთან. მე ვარ საზოგადოების წევრი და თქვენ ხართ მძიმე დიაგნოზის მქონე ადამიანის ოჯახის წევრი. რა ვქნათ, როგორ გავუგოთ ერთმანეთს? 

-    ახლა ჩემი ძმა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში წევს. როცა სახლში გამოგვყავს, წამლებს არ სვამს და მისი ავადმყოფობა უმართავი ხდება. მას არასდროს არავისთვის არაფერი დაუშავებია, მაგრამ შეიძლება უცბად გამოგეცხადოთ შეღებილი ტანსაცმლით და თქვენ შეიძლება შეშფოთდეთ, ან შეშინდეთ. მე უნდა ვიზრუნო იმაზე, რომ თქვენ ეს შფოთვა და შიში აგარიდოთ. მაგრამ ურთიერთთანაგრძნობა უნდა გვქონდეს საზოგადოების წევრებს. მე მახსენდება ერთი ქალბატონი, ფრანგულის მასწავლებელი, თუ არ ვცდები, მედიკო ფანქველაშვილი, რომელიც დედასთან მეგობრობდა. ჩემს ძმას რომ ეს პრობლემები დაეწყო, სახლიდან გარბოდა ხოლმე და ვეძებდით ისტერიულად. ხან სად აღმოვაჩენდით და ხან სად. ერთხელაც აღმოვაჩინეთ მედიკო მასწავლებელთან. რვა თუ ცხრა წლის ვიყავი და დღემდე მახსოვს ის განცდა, როგორ მიგვიღო ამ ქალმა. ზურა იჯდა სავარძელში თბილად და კომფორტულად. მედიკო მასწავლებელმა დაგვამშვიდა, ზურას მოეფერა. ახლაც მიკვირს, როგორი სწორი იყო ამ ქალბატონის ყოველი ნაბიჯი. ნდობა უნდა გვქონდეს ერთმანეთის. რთული ქცევის ბავშვებთანაც ნდობა უმთავრესია. 

-    მიგაჩნიათ თუ არა, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩვენი საზოგადოება უფრო მეტად ტოლერანტული და  მიმღები გახდა შეზღუდული შესაძლებლობის პირების მიმართ? სტიგმების მიმართ მგრძნობელობა გაზრდილია თუ არა? 
 

 

ახლა და ახლა ვმუშაობ ჩემს თავზე, რომ კარგი მსმენელი გავხდე.

-    დიახ, ასე მგონია. ძალიან დიდხანს მრცხვენოდა ჩემი ძმის  პრობლემის გამო. მაგრამ რაღაც ასაკში დავამარცხე ეს სირცხვილი. ჩაცმის სტილი აქვს ძალიან საყვარელი ზურას - აიწევს შარვალს ლამის წელამდე, აიკეცავს სახელოს. შენი ოჯახის წევრს ასე რომ დაინახავ, არ გესიამოვნება. მაგრამ მანამდე თუ შემრცხვებოდა და მიწაში ჩაძრომა მომინდებოდა, მოვიდა დრო, რომ ეს ყველაფერი გადავლახე. შეყვარებულიც მყავდა, რომელსაც ხელს გავაშვებინებდი, მივიდოდი ჩემს ძმასთან, მოვაწესრიგებდი და ავიყვანდი სახლში. 

-    როგორ დაძლიეთ სირცხვილის გრძნობა? 

-    ასაკმა მოიტანა, გავიზარდე. მივხვდი, რომ ეს არის მოცემულობა, რომელიც უნდა მიიღო. ზურა ისეთია, როგორიც არის და მეამაყება, რომ საოცარი ადამიანია. 

-    დიდი მადლობა ამ გამოცდილების გაზიარებისთვის. ალბათ, საზოგადოებასაც ზრდიან თქვენნაირი ადამიანები, რომლებიც თავის პრობლემაზე გველაპარაკებიან. 

-    მე და ჩემი ოჯახი ვერ გამოვდგებით იმის მაგალითად, რომ ყველაფერს სწორად ვაკეთებთ. ზურა კვლავ საავადმყოფოშია და უზარმაზარი სურვილი აქვს, შინ დაბრუნდეს. ახლა ბედიანში წევს. ბედიანამდე გზის გარკვეული მონაკვეთზე საერთოდ არ არის ასფალტი. „მარშრუტკა“ საავადმყოფომდე მიდის, მაგრამ უკან აღარ ბრუნდება და გვიწევს, ბედიანში ვიპოვოთ ადგილი, რომ ღამე გავათიოთ. საავადმყოფოში ისეთი პირობებია, ერთი კვირა რომ მომიწიოს იქ ყოფნა, შეიძლება, ცოცხალი ვეღარ გადავრჩე. ინფრასტრუქტურაა საშინელი. დირექტორი არაჩვეულებრივი ადამიანია და ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია, მაგრამ არ არის საკმარისი. სახელმწიფოს არ აინტერესებს ეს ადამიანები, რომლებიც ბედიანში ცხოვრობენ. თითქოს, გაწირული ჰყავს. არადა, არ არიან ბევრნი. 80 მამაკაცია და 80-მდე ქალი. მათი ღირსეულად მოვლა არ უნდა იყოს ძალიან ძნელი. შეიძლება, ნებისმიერ ჩვენგანს დაგვემართოს ასეთი რამ. 

-    საერთოდ, საზოგადოება იმით ფასდება, რამდენად სწორად უვლის თავის ყველაზე მოწყვლად, ყველაზე დაუცველ ნაწილს. 

-    ნელ-ნელა კიდევ გავიზრდებით, ამის მჯერა. 

-    ორი ცნება რომ გითხრათ, უფრო „თქვენი“ ამ ორიდან რომელია - გულღია თუ გონიერი? 

-    ორივე რომ ვთქვა?
 
-    ამჯერად ვერ გამოვა, დაპირისპირების კონტექსტში მაინტერესებს. 

-    მაგრამ - გული, გრძნობა და გონება ერთმანეთზე რომ ჰკიდია? (იცინის)

-    ეგეც არის, რა თქმა უნდა. 

-    გულღიას ვანიჭებ უპირატესობას, თუმცა, ბევრი ტკივილი შეიძლება მოგიტანოს გულღიაობამ. ეს არ ნიშნავს, რომ ვზარალდები. მაშინვე თავდაცვის მექანიზმი მერთვება ხოლმე, როგორც კი ვატყობ, რომ ჩემი გულღიაობა საფრთხეს მიქმნის. 

-    როცა მხატვრულ ლიტერატურას კითხულობთ, რა უფრო მოგწონთ - როდესაც მწერალი მკაფიოდ ამბობს თავის სათქმელს, თუ როდესაც უფრო ბუნდოვან, რთულ ფორმებს ირჩევს? 

-    მეორეს, რაც დაასახელეთ, მეტი დრო და ნებისყოფა სჭირდება მკითხველისგან. 
 

 

თითოეული ბავშვის ცხოვრებაში უნდა აღმოჩნდეს ერთი ადამიანი მაინც, ვისაც ჩაეჭიდება.

-    მგონი, უფრო გემოვნების საკითხია, ვიდრე დროის. 

-    ამაშიც გეთანხმებით. მე ყველანაირ ლიტერატურას ვკითხულობ. ძალიან მიყვარს ესსეები, სადაც ნათლად ჩანს ადამიანის აზროვნება. ამ ბოლო დროს ინტელექტუალურმა რომანმა გამიტაცა. თუმცა, რომ არა ქალბატონი ნინო ფირცხალავა, ჩემი ლექტორი, „დოქტორ ფაუსტუსს“ ისე ვერ გავიგებდი, როგორ მისი დახმარებით გავიგე. ასეთ ლიტერატურასთან შეხებისას გჭირდება ვიღაც, გზის გამკვალავი. მეტ საფიქრალს გიტოვებს ასეთი წიგნები. ადრიან ლევერკიუნზე მთელი ზაფხული ვფიქრობდი. მეც ვერ ვხვდებოდი, ქორწილში რატომ უნდა გაგახსენდეს ადრიან ლევერკიუნი. ესე იგი, მან ძალიან ძლიერი ზემოქმედება მოახდინა ჩემზე. მაგრამ ხიმენესის „პლატერო და მე“, ან ამ ყაიდის სხვა წიგნები რომ გავიხსენოთ, ესეც სულისთვის ძალიან საჭიროა. მათი ესთეტიკური სამყარო გამშვიდებს, „რთული“ წიგნების ამაფორიაქებელი ეფექტისგან განსხვავებით. ორივე ტიპის ლიტერატურას დიდი ძალა აქვს. 

-    ახლა მინდა, გთხოვოთ, რამდენიმე კონკრეტული რჩევა მისცეთ მშობლებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გააღვიძონ თავის შვილებში ცნობისწადილი და წიგნის მიმართ სიყვარული. 

-    პირველ რიგში, უნდა გავისიგრძეგანოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვისთვის ურთიერთობა. ამაზე დგას შემდგომ მთელი მისი ცხოვრება. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საუბარს, მრავალფეროვან ლექსიკას. თავიდან შეიძლება გაუჭირდეთ მშობლებს, მაგრამ არ უნდა შეშინდნენ. უამბონ თავისი ბავშვობის შესახებ, თავისი გულისტკივილის შესახებ, როგორ წაიქცნენ, როგორ იტკინეს... სოფლში გატარებული დრო გაიხსენონ, ერთი სიტყვით, ბავშვობის თავგადასავალი გაუზიარონ. მეორეა, რომ აუცილებლად წაუკითხონ ზღაპრები, ასევე, მოიგონონ ზღაპრები მათთვის. არ შეშინდნენ იმ სისასტიკით, რაც ქართულ ხალხურ ზღაპრებშია. რომ ვფიქრობ და ბავშვებს რომ ვაკვირდები, ეს არის ცხოვრებისთვის მზადება. ბავშვის ინტერესი მაინც იმაზეა კონცენტრირებული, რომ სიკეთე იმარჯვებს. დარწმუნებული ვარ, ძლიერ პიროვნებებად გაიზრდებიან, თუკი ამ ფუნდამენტურ ძალას ჩავდებთ მათ პატარა სხეულებში. მე თუ კითხვა მიყვარს, სწორედ იმიტომ, რომ ბავშვობაში სულ მიკითხავდნენ ჩემს უსაყვარლეს წიგნს - ქართულ ხალხურ ზღაპრებს. არაჩვეულებრივი ლექსიკაა ამ ზღაპრებში. წინადადებებია ისეთი, რომ სულს უხარია. გაუმახვილონ ყურადღება, ენის დაგემოვნება ასწავლონ: აი, რა კარგი სიტყვაა, რა კარგი წინადადებაა... დამერწმუნეთ, დიდ სიამოვნებას მიიღებენ თავის შვილებთან ერთად. მთავარია, ეს ერთობლივი კითხვა წლების განმავლობაში გაგრძელდეს და სიამოვნებაზე იყოს დაფუძნებული, არა ვალდებულებაზე. 

-    შემდეგ ესაუბრებით შვილებს იმაზე, რასაც ერთად კითხულობთ? 

-    აუცილებლად, პერსონაჟებზე ვსაუბრობთ, როგორ მოიქცეოდნენ თვითონ, რა მოეწონათ ყველაზე მეტად. გაგება-გააზრებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. 
 

 

შინაგანი ხმა გიკარნახებს, რომელი გზა უნდა აირჩიო და რომელზე თქვა უარი.

-    დიდი მადლობა რჩევებისთვის. ბოლო კითხვა მაქვს: თქვენ ძალიან კარგად წერთ. აქამდე თქვენი ბლოგი იყო ცნობილი, ახლა მალე წიგნიც გამოვა თქვენი ცხოვრების რაჭის პერიოდზე. ხომ არ გიფიქრიათ, რომ დადგება ერთი დღე, როდესაც ყველაფერს დანარჩენს მიატოვებთ და მწერალი გახდებით?

-    დიდი მადლობა ამ სიტყვებისთვის. გამოგიტყდებით, ეს არის ყველაზე დიდი შიში, რომ ყველაფერმა, რასაც ახლა ვაკეთებ, მიმიყვანოს იქამდე, რომ წერა დავიწყო. მაგრამ იმდენად წარმოუდგენლად მიმაჩნია რამის გამოგონება, ვფიქრობ, ეს არ მოხდება. ძალიან დიდი ნიჭია საჭირო,  სითამამეც. ალბათ, არ გამომივა.  

-    მაგრამ, შეიძლება, ოდესმე გარისკოთ...

-    ალბათ... სადაც ეს მოხდა, რომ ჩემს პირად გამოცდილებაზე ვწერ... 

-    აქამდე თუ დაგიწერიათ რამე ისეთი, რისი საფუძველიც რეალური ფაქტები არ ყოფილა? 

-    მხოლოდ ბავშვობაში. 

-    საუბრის დასასრულს მოვისმენთ თქვენს კომენტარებს ცნობილი ადამიანების ორ გამონათქვამზე. პირველი ციტატა ეკუთვნის გერმანელ მწერალს, ერიხ მარია რემარკს (1898-1970). „ყველაზე რთული ცხოვრებაში ის არის, სწორად განსაზღვრო, რომელი ხიდი უნდა გადაიარო და რომელი - დაწვა“. 

-    ძალიან მაგარი რამეა! თუმცა, რთულია... ამას გონებით ვერ განსაზღვრავ, რომელი ხიდი უნდა დაწვა. ალბათ, უფრო სინდისი, შინაგანი ხმა გიკარნახებს, რომელი გზა უნდა აირჩიო და რომელზე თქვა უარი. 

-    ეს შინაგანი ხმა თქვენთვის გამოცდილებას ეფუძნება თუ ირაციონალურია? 

-    გამოცდილებას ეფუძნება აუცილებლად, ყველაფერს, რაც გაგივლია. 

-    მეორე ციტატის ავტორია ირლანდიელი დრამატურგი ჯორჯ ბერნარდ შოუ (1856-1950). ასეთ რამეს ამბობს: „ვისაც შეუძლია, აკეთებს; ვისაც არ შეუძლია - ასწავლის.“

-    მთლად ასე არ არის, ვერ დავეთანხმები. რომ ასწავლო, სწორედ რომ უნდა შეძლო. თუ არ შეგიძლია, ვერ ასწავლი. დანიელ პენაკის სიტყვები გამასხენდა ისევ, მასწავლებლობას უკავშირდება: „ამის კეთებას რა ჯობია, რომ იკითხო, წერო და ასწავლო“... სწავლებაც კეთება გამოდის, ასე არ არის?! 

ფოტომასალა: ზურაბ ქურციკიძე

გუნდი

ირაკლი გედენიძე

ზურაბ ქურციკიძე

გიო კუსიანი

გიორგი ურუშაძე

თამთა ყუბანეიშვილი

ნანა ყურაშვილი