×
“ზოგჯერ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ კონკია ვარ“

ქეთი მატაბელი

მხატვარი


8303

ინტერვიუს შესახებ

ქეთი მატაბელის ოჯახის ყველა წევრი ხელოვანია: მეუღლე - გია გუგუშვილი და შვილები - გიორგი ბანძელაძე, მარიამ და ლუკა გუგუშვილები. ამიტომ, იმ ფოტოებზე, რომლებისთვისაც განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ირაკლი გედენიძეს, ქეთი მატაბელის ოჯახის სხვადასხვა წევრის ნამუშევრებს იხილავთ. დღევანდელ ინტერვიუს მართლაც განსაკუთრებული გალერეა ახლავს.

ქეთის და მე დიდი ხნის ახლობლობა გვაკავშირებს. ათი წლის განმავლობაში ვასწავლიდი ქართულ ენასა და ლიტერატურას მის უფროს შვილს, გიორგის და მისი კლასის დამრიგებელიც ვიყავი. ჩვენ ერთად გადავიტანეთ ყველაზე მძიმე წლები - 9 აპრილი, თბილისის და აფხაზეთის ომები, გაუთავებელი მიტინგები სკოლის მიდამოებში და ტყვიები - სკოლის კედლებში. თუ ვინმე მეიმედებოდა იმ რთულ დროს, თუ ვინმე მეგულებოდა ჩემს საყრდენად და ნამდვილ მეგობრად - მათ შორის ერთ-ერთი პირველი იყო გიორგი ბანძელაძე, უცნაური ბიჭი, რომელმაც ყოველთვის იცოდა რაღაც ჩემზე მეტი, თუნდაც, 7 წლის ასაკში...

ქეთი მატაბელთან ინტერვიუში ვსაუბრობთ მხოლოდ და მხოლოდ ქეთის შესახებ - მის შემოქმედებაზე, მის ეჭვებზე, მის ძიებებსა და მიგნებებზე. 

და მაინც, ეს ინტერვიუ ეძღვნება გიორგი ბანძელაძეს, როდესაც ის პატარა ბიჭი იყო. 

ია ანთაძე

-    ქეთი, შენ სილამაზის დიდი მცოდნე ხარ. როგორ შეგიძლია, აღწერო, ვინ არის ლამაზი, ან რა არის ლამაზი?

-    სილამაზესთან დაკავშირებით პირველი ის აზრი მომდის თავში, რომ სილამაზე და ხელოვნება იხსნის სამყაროს. ჩემთვის სილამაზე არის ყველა ყვავილში, ამ ყვავილის არქიტექტურულ წყობაში, ფერში - თავისი გამებით და ნახევარტონებით. ყველა ადამიანში არის სილამაზე, ასაკისა და გარეგნობის მიუხედავად. როგორც მხატვარმა, ყველა ადამიანში მინდა, დავინახო ღმერთი, რომელიც თითოეულ ჩვენგანშია. ჩემი ერთი მეგობარი მეუბნება ხოლმე: დაინახე ადამიანი მთლიანობაში! მე კი უფრო დადებითს ვხედავ. ერთი შეხვედრა მქონდა ქალთა კოლონიაში. ძალიან საინტერესო ორი საათი გავატარე ამ ქალბატონებთან. 

-    ხედავდი იქ სილამაზეს? 

-    აი, მოგიყვებით. ვთხოვე, რომ რამე დაეხატათ და ერთმა დახატა ძალიან საინტერესო გამოსახულება, ლაბირინთს მივამსგავსე. ვხედავდი მას ამ ლაბირინთში, საიდანაც გამოსავალს ვერ პოულობს. დახატა, იმუშავა და მერე ვუთხარი, აბა, ისე გააკეთე, რომ ლაბირინთიდან გამოხვიდე-მეთქი. ადგა და წავიდა. მე დავინახე მასში სურვილი, რომ გამოვიდეს იქიდან, სადაც არის. ამას ვარქმევ სილამაზის დანახვას. არ ვიცი, ამ ადამიანს რა დანაშაული ჰქონდა ჩადენილი, მაგრამ აშკარად დავინახე ის დადებითი, ადამიანური, რაც მასში იყო. ისიც საინტერესოა, რომ სტუდენტებთან სულ ვმუშაობ და ახალგაზრდები ხშირად მუქ ფერებში ხატავენ. მათი ნებაა, რა თქმა უნდა. ქალთა კოლონიაში კი ხატავდნენ ცოცხალ, კონტრასტულ მწვანეს, ყვითელს, ლურჯს. ესეც ჩემთვის იყო სილამაზე, რაც მათში აღმოვაჩინე. 
 

 

ყველა ადამიანს თავისუფალი ნება აქვს და, ალბათ, როგორც აზროვნებს, ისე ქმნის თავის ნამუშევრებს.

-    შენ თქვი, რომ სილამაზე და ხელოვნება გადაარჩენს სამყაროს. ცნობილი ამერიკელი აბსტრაქციონისტის, ბარნეტ ნიუმანის ერთ ციტატას წავაწყდი ცოტა ხნის წინ. მისი ნახატები მილიონობით დოლარი ღირს. თუმცა, გაუწაფავი თვალით შეიძლება ეს ნამუშევრები სწორად ვერ შეაფასო - თითქოს, ასეთ ღირებულს ვერაფერს ხედავ. მაგრამ საინტერესოა, რასაც ნიუმანი წერს: „თანამედროვე ხელოვნების იმპულსი არის სილამაზის განადგურების სურვილი“. შენთვის ეს ფრაზა გასაგებია? 

-    ყველა ადამიანს თავისუფალი ნება აქვს და, ალბათ, როგორც აზროვნებს, როგორც ხედავს, ისე ქმნის თავის ნამუშევრებს. კონკრეტულად, არ ვიცი, რომელ აბსტრაქციაზეა საუბარი. ისიც არ ვიცი, ეს მხატვრები თავისი გამოხატვით იმ უარყოფითს გვიჩვენებენ, რაც სამყაროში დაგროვდა, თუ თვითონ არიან პროცესის მონაწილეები. შეიძლება გავიხსენოთ ისეთი აბსტრაქციონისტები, როგორებიც, ვთქვათ, კანდინსკი და მალევიჩი არიან. ისინი ზუსტად აცნობიერებდნენ, რას აკეთებდნენ და რა უნდოდათ. რაც შეეხება ფასს და ღირებულებას: ძალიან იშვიათია, რომ ნამუშევრის ფასი ბევრად აღემატებოდეს მის რეალურ ღირებულებას. მაგრამ ის, ვინც ამ თანხას იხდის, არ მგონია, ყოველთვის ბოლომდე ერკვეოდეს, რას ყიდულობს. მოდი, ასე შევხედოთ. არის ლეონარდოს ცნობილი ნამუშევრები და არსებობს მათი ასლები. რა განსხვავებაა? შეიძლება, ზედმიწევნით მიმსგავსებული ასლი გაკეთდეს. მაგრამ ლეონარდოს ნამუშევრებში დევს უდიდესი ენერგია, ისეთი, რომ, როცა ნამუშევარს მოშორდები, შეიძლება, უკან მოგახედოს და დაგაბრუნოს - პირდაპირ იმოქმედოს შენზე. ასლი კი არ იმოქმედებს. შეიძლება, ერთ ფერში ან ერთ წერტილშიც კი  საოცარი ენერგია იყოს ჩადებული. 

-    იმას თუ ეთანხმები, რომ თანამედროვე ხელოვნების იმპულსი შეიძლება სილამაზის განადგურება იყოს? 

-    ეგ უკვე სხვა თემაა. სიტყვა „განადგურება“ არ მიყვარს.  სილამაზე როგორ უნდა გაანადგურო? პერფორმანსებსაც აკეთებენ, რომლებშიც დიდი აგრესიაა. მაგ მიმართულებით არც ვიყურები. სილამაზის განადგურების უფლება არავის აქვს. ამ ტიპის აზროვნებასთან ახლოს არ ვარ. ვერ ვხვდები, რა ხალხია და არც მაინტერესებს. 

-    შეიძლება ვთქვათ, რომ თანამედროვე ხელოვნება უფრო პრიმიტიულ ფორმებს იძენს? 

-    ფაქტია, რომ გარემო მთლიანად მეგობრული გახდა - ყველას შეუძლია დახატოს, იმღეროს, იცეკვოს, თვითონ განვითარდეს, პროფესიონალების დახმარების გარეშე. მაგრამ მერე ყველაფერი ბუნდოვანი ხდება. 
 

 

ძალიან იშვიათია, რომ ნამუშევრის ფასი ბევრად აღემატებოდეს მის რეალურ ღირებულებას.

-    რა ხდება ბუნდოვანი, ხარისხი? 

-    დიახ. თითქოს დიდი, ბალახებიანი მდელოა და ყვავილები აღარ ამოდის. მაგრამ მერე რომელიმე ყვავილი მაინც ამოყოფს თავს და ბალახებში გაიბრწყინებს. თუმცა, რთულია მისი გამოჩენა. უფრო მეტი ბრძოლა სჭირდება იმისთვის, რომ გაიმარჯვოს. 

-    როდესაც თქვენი თაობა შემოდიოდა შემოქმედებით სივრცეში, დამოუკიდებელი საქართველო პირველ ნაბიჯებს დგამდა საბაზრო ეკონომიკის მიმართულებით. ფორმაციის ცვლილებამ, საბაზრო ეკონომიკის პირობებში დამკვიდრების აუცილებლობამ რა ამოცანების და კომპრომისების წინაშე დაგაყენათ 80-იანი წლების მხატვრები? 

-    ჩვენმა პედაგოგებმა ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს ჩვენს პროფესიულ ცხოვრებაში. ჩემი მასწავლებლები იყვნენ ხიტა ქუთათელაძე, კოკი მახარაძე, ზურა ნიჟარაძე, ედმუნდ კალანდაძეც გვასწავლიდა. მათი ძალიან მადლიერი ვარ და ამას სულ ხაზგასმით ვამბობ. ჩვენს დროს თავისუფლება შემოდიოდა და მთავარი ეს იყო. „მისტიციზმის“ ხსენებაზე აღარ დაგიჭერდნენ და რელიგიურ თემებზე მუშაობაც დავიწყეთ. უცებ გაიხსნა გზა უცხოეთში. თავიდანვე ძალიან დიდი ინტერესი იყო ყოფილი საბჭოთა მხატვრების მიმართ. უცხოელები კარგ ფასად ყიდულობდნენ ერთბაშად 8-9 ნამუშევარს. ჩვენც გვიწყობდნენ გამოფენებს უცხოეთში. შემოსავალიც გვქონდა, მერე, ალბათ, ამ თანხებმა გადაგვარჩინა, რომ საქართველოში დავრჩით და საზღვარგარეთ არ გადავსახლდით, თუმცა, შემოთავაზებები იყო. მე და ჩემი მეუღლე, გია გუგუშვილი, ფაქტობრივად, ჩვენი შემოქმედებით ვცხოვრობთ და ეს ცოტა უცნაურადაც მეჩვენება. მაგრამ ჩემს შვილებს - გიორგის და ლუკას რომ ვუყურებ, ესენი სხვანაირად აზროვნებენ. ბევრად რაციონალურები არიან და ზოგჯერ გვიბრაზდებიან ხოლმე: ამას ასე რატომ აკეთებ... ამას იაფად რატომ ყიდი... ამას ძვირად რატომ ყიდი... (იცინის). ჩვენ გვასწავლიდნენ, რომ ფულის აღება ცუდია. რომ გააკეთებ ნამუშევარს, არ უნდა გაყიდო. ექიმი ავადმყოფს რომ უმკურნალებს, ფული არ უნდა აიღოს. რატომ? მაგრამ ჩვენ ასე გვზრდიდნენ. იმ პერიოდში არ იყო  აუცილებლობა, რომ არსებობისთვის გვებრძოლა. პირიქით, მხატვრობა გვეხმარებოდა, რომ შინაგანად გავძლიერებულიყავით და, ღმერთის წყალობით, ვყიდდით ნამუშევრებს.

-    არცერთ ეტაპზე არ მოგიხდათ გადარჩენისთვის ბრძოლა? 

-    ბევრი გამოფენა გვქონდა უცხოეთში. ახლაც გვაქვს. თუმცა, ვერ გეტყვი, რომ  გაჭირვება არ გვინახავს. უშუქობაში, ომში, რა თქმა უნდა, გვიჭირდა. გიას და მე რამდენიმე ოჯახი უნდა გვერჩინა. ჩემი შვილების მეგობრებისთვის საჩუქრების გაკეთება რომ მინდოდა, დავიწყე პატარა ფოლიანტების დამზადება. მერე ერთმა მთხოვა, მეორემ და, რაკი მოსწონდათ, გაყიდვა გადავწყვიტე. სადღაც ვაბარებდი... მაგრამ მანდ მოხდა ის, რომ მე ცოტა გავმეორდი.
 

 

ჩვენს დროს თავისუფლება შემოდიოდა და მთავარი ეს იყო.

-    რას გულისხმობ?

-    ახლაც შეიძლება მიხვიდე რომელიმე ოჯახში და ჩემი ფოლიანტი დაგხვდეს. განა ეს შემოქმედებითი არ იყო? მაგრამ მაწუხებდა და ახლაც მაწუხებს, რომ ზოგჯერ ძირითად გზას გადავუხვევ ხოლმე. მიწევდა თითქმის ერთისა და იმავეს კეთება გასაყიდად. იცი, რა უცნაურია? ახლა სხვა რამეს ვაკეთებ და ეს არ უნდათ. ის უნდათ და, ძალაუნებურად, ვიმეორებ. გიკვეთავს ადამიანი და გეუბნება - მინდა ეს. ხომ უნდა გააკეთო, რაც უნდა? და სულ მგონია, თითქოს, ვიტყუები. აქედან ძნელად გამოვედი და გამოვდივარ ჯერ კიდევ. „ვეფხისტყაოსანი“ მშველოდა, რომ სულიერი ძალები ისევ შემომეკრიბა. მერე ძალიან დამეხმარა ხელოვნებათმცოდნე ქეთი კინწურაშვილი, რომელმაც ჩემს წიგნზე დაიწყო მუშაობა. კატალოგი უკვე თითქმის მზად არის. ამ წიგნისთვის ერთად გავიარეთ და გავაანალიზეთ მთელი ჩემი შემოქმედება, მისი ყველა ეტაპი. თუმცა, ახლა ის პერიოდი მაქვს, როცა ახალ ეტაპზე გადასვლის გზებს ეძებ, მაგრამ ძველიდან ვეღარ გამოდიხარ. 

-    კონკრეტულად, რას გულისხმობ, საიდან ვეღარ გამოდიხარ? 

-    ახლა „ვეფხისტყაოსნის“ ძველი მინიატურებით (მე-12 საუკუნიდან მე-18 საუკუნის ჩათვლით) კოლაჟებს ვაკეთებ. ამ კოლაჟებს თავაქარაშვილი (მე-17 საუკუნის მხატვარ-მინიატურისტი) ლეიტმოტივად მისდევს. მინდოდა, რომ ძველისთვის ახალი იმპულსი მიმეცა. და მგონი, ეს შევძელი. ყოველდღიურად რასაც ვაწებებდი, გამებივით იყო ჩემთვის. ახლა ამაზე ვმუშაობ და ამას ვყიდი. მთელი ბრძოლა მიდის იქ, ამ გამების დაკვრა არც ისე ადვილია. საბოლოოდ, ეს ნამუშევრები გამომადგა, რომ კიდევ მეტი გამეკეთებინა ჩემი მთავარი მიზნისთვის. იცი, რა იყო მიზანი? მიზანი სულ ახლახან აღმოვაჩინე. ერთ ამბავს გეტყვი: მამაჩემი იყო ექიმი. როცა რუსთაველს შევეხე და ვიქტორ ნოზაძის შრომების კითხვა დავიწყე 80-იან წლებში, მამაჩემმა მითხრა:

 
თუ გინდა, რომ ხელოვანი გამოხვიდე, უნდა გქონდეს სინდისი - ყოვლად შეუბღალავი და უნდა გაუძლო ცდუნებას.

და მთელი ცხოვრება მიმყვებოდა ეს რჩევა, რომ  - ცდუნებას უნდა გაუძლო და უნდა გქონდეს სინდისი. სულ ცოტა ხნის წინ ჩემთვის გამოვარკვიე, რა არის სინდისი. ეს არის ღმერთის ხმა შენში. უნდა მიუყურადო, კი არ უნდა დაახშო. ამასთან ერთად, შეპყრობილი ვარ „ვეფხისტყაოსნით“ და სულ მახსოვდა ვაჟა ფშაველას სიტყვები, რომ რუსთაველი უნდა იყოს ქართველი ადამიანის გონების მმართველი. ცოტა ხნის წინ იმასაც მივხვდი, რომ მინდა, „ვეფხისტყაოსნის“ ცნობიერებით ვიცხოვრო. 

-    ვისაც შენთან რაიმე შეხება აქვს, ყველამ იცის, რომ „ვეფხისტყაოსანი“ შენი ცხოვრების უმთავრესი წიგნია. მაგრამ ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო თავად შოთა რუსთაველი? როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო ადამიანი, ვინც ეს წიგნი დაწერა? 

 
ვინ იყო ჩემთვის რუსთაველი? - ის იყო ნათელმხილველი. აი, ნამდვილად ვიცი, რომ იყო ნათელმხილველი, ძალიან დიდი განათლებით და ძალიან დიდი მისიით მოსული. მან დაგვიტოვა საოცარი ნაწარმოები, რომელიც თუ ალეგორიულად და სიმბოლურად არ გაიაზრე, ისე ვერ გაიგებ.

ვიქტორ ნოზაძე წერდა, რუსთაველის პოემა მზით არის მოფენილიო. ასეთ მზით მოფენილ ქვეყანას გვიჩვენებდა შოთა რუსთაველი ჩვენ, ქართველებს და მთელ დედამიწას. გვეუბნებოდა, რომ რასაც ვაკეთებთ, სიკეთით და სიყვარულით უნდა ვაკეთოთ, სინდისით და თავისუფალი ნებით. 
 

 

მერე, ალბათ, ამ თანხებმა გადაგვარჩინა, რომ საქართველოში დავრჩით და საზღვარგარეთ არ გადავსახლდით.

-    შენ რომ დაგეწერა წიგნი, რაზე იქნებოდა? 

-    ამაზე არასდროს მიფიქრია. ალბათ, ზღაპარს დავწერდი, ძალიან ლამაზს, სიმბოლოებით და ალეგორიებით. ეს იქნებოდა სიყვარულთან დაკავშირებული, რომელიც ადამიანის ქვეცნობიერში შევიდოდა და აჩვენებდა გზას, თუ როგორ უნდა იცხოვროს სწორად, როგორ უნდა უყვარდეს, როგორი მეგობარი უნდა იყოს...

-    იმის შესახებ, რომ შენი ბუნება იმთავითვე რომანტიკულია, შენი მეუღლეც საუბრობს და ეს შენს ნამუშევრებშიც ჩანს. შესაძლებელია, დარჩე რომანტიკოსად ამდენი წლის შემდეგ? თუ მაინც გრძნობ, რომ ბუნებრივად ხდები უფრო რაციონალური?   

-    ცხოვრება, რა თქმა უნდა, კვალს გამჩნევს. ეს ტარიელის გზაა. ტარიელს კი არ ვადარებ თავს - იმის თქმა მინდა, რომ მან უნდა გადალახოს სიძნელეები და თავის თავში დახოცოს ეს მხეცები. ნადირობაც სიმბოლურია - შენში უარყოფითს ებრძვი. ეს ბრძოლა მიდის ჩემშიც, როგორც ყველა ადამიანში. ამას ვგულისხმობ სწორედ, როცა ვამბობ, რომ რუსთაველის ცნობიერებით მინდა, ვიცხოვრო. რატომ მჭირდება რუსთაველი? რატომ გვჭირდება ის ჩვენ ყველას? იმიტომ რომ ძალიან აქტუალურია. მინდა, რომ უარყოფითი დავამარცხო ჩემში, რომანტიზმი შევინარჩუნო; მინდა ვიყო, თუნდაც, როგორც რაინდი, შუასაუკუნეების რაინდი ასეთ რაციონალურ, ყოფაზე მიჯაჭვულ გარემოში. როგორც ჩანს, ბუნებით ვარ ასეთი იმიტომ, რომ ყვავილის სილამაზე ისევ ისე მოქმედებს ჩემზე ახლაც, და კიდევ უფრო მეტად, ვიდრე ბავშვობაში. ახლა ცნობიერად ვხედავ, რომ ყვავილი მარტო ლამაზი კი არ არის და მარტო სურნელი კი არ აქვს, ის შემოქმედმა არქიტექტურულად ააგო, მთვარე ზრდის ამ მცენარეს, მზე ზრდის. ამიტომაც, განსხვავებულია ის სურნელი, რომელიც აქვს ჩვენს ყვავილებს და, ვთქვათ, ჰოლანდიურს. ორივე ულამაზესია, მაგრამ ჩვენებს ეთერული სხეული აქვთ. ამით განსხვავდება ეს ორი.  რომანტიზმი, სილამაზის სიყვარული არ დამიკარგავს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ბრძოლა გიხდება ადამიანს - ახლობელთანაც, გარემოსთანაც, ცვლილებებთან, ასაკთან დაკავშირებითაც. ეს ყველაფერი არის. მაგრამ კიდევ ერთი, ყველაზე ძლიერი, რაც სულ ახლახან მკაფიოდ ვიგრძენი, სულის უკვდავებაა, რომელიც, თუ გჯერა, - ეს არის რწმენა. ოღონდ, ნამდვილად თუ გჯერა. ეს რწმენა ჯერ კიდევ ძალიან მცირეა, მაგრამ ვგრძნობ, რომ შეიძლება, უფრო გავაძლიერო. ეს მომცა რუსთაველის ჩხრეკამ. წლების განმავლობაში ამით ვყოფილვარ, თურმე, დაკავებული და ვერ ვხვდებოდი.  ადამიანი ზოგჯერ გვიან ხვდება იმას, რაც შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანია. ერთ ამბავს გეტყვით: მაქვს ხატი - პაპაჩემის პაპის მამის.  პატარა ხატია და რომ გახსნი, 12 წმინდა ნაწილია შიგ შემორჩენილი. ჩემს წიგნზე მუშაობის დროს, ეს ხატი რომ მეჭირა და ქეთი კინწურაშვილი ფოტოებს უღებდა, უცებ მეუბნება: „აბა, ნახე შენი ნამუშევარი“. ვხედავ, ჩემი ნამუშევარი ამ ხატის ზუსტი ანალოგია - ოთხკუთხედებში ჩასმული თორმეტი ნაწილი. ესე იგი, როგორი შთაბეჭდილება მოუხდენია ამ ხატს თავის დროზე... ჩემი  ხელთნაკეთი წიგნებიც კავშირშია არაცნობიერთან. ამას კი ვხვდებოდი, რომ ჩემი ფოლიანტები ჩვენი ოჯახის ძველ ლოცვანს და საგვარეულო ხატებს უკავშირდებოდა.  მაგრამ თორმეტნაწილიან ხატსა და ჩემს ნამუშევრებს შორის კავშირს ვერ ვაცნობიერებდი. ბავშვობის შთაბეჭდილებიდან ამოვიდა ეს ყველაფერი. 
 

 

მხატვრობა გვეხმარეობდა, რომ შინაგანად გავძლიერებულიყავით.

-    თქვი, რომ მინდა, შუასაუკუნეების რაინდივით ვიყოო. რაინდობა გულისხმობს სინდისსაც, რაც წეღან ახსენე და, ასევე, გულისხმობს მსახურებას. ახლა მინდა, შენი რაინდული ბუნების ეს მხარე აღგვიწერო - როგორ გესმის მსახურება და რას აკეთებ ამ კუთხით. 

-    იცი, რა არის? ზოგჯერ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ კონკია ვარ და ზოგჯერ - ვარ დედოფალი. ეს ზღაპარი ძალიან საინტერესოა, მსახურობ და მერე გეძლევა ამაღლებული. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც პრინცის მეუღლე გახდე. ეს არის სიყვარულით შეერთება, როგორც რუსთაველთან ნესტან-დარეჯანი (რაც ნიშნავს „არ არის ქვეყნად“) ხდება ტარიელის; ანუ ტარიელი დაიბრუნებს არაამქვეყნიურ სიბრძნეს - ეს არის მთელი პოემა. კონკიას ზღაპარშიც ასეა. ეს მსახურება მაქვს. შემიძლია, ძალიან ბევრი ვიშრომო, ვიფიქრო, ვაკეთო. ამის გარეშე არაფერი მოდის, ეს მასწავლეს ჩემმა მშობლებმა, ამის მაგალითი მომცეს. შეიძლება, ცოტა გაცვდა ეს სიტყვა, მაგრამ მაინც მიყვარს - რა მისია გაქვს? ანუ რითი მოხვედი, რატომ მოხვედი და რომელი პირდაპირი გზით უნდა იარო, როგორც მთამსვლელმა? მთამსვლელობა ძალიან ადვილია იმიტომ, რომ იცი ზუსტი მიზანი - სად უნდა მიხვიდე. პირდაპირ მიდიხარ, იცი, რომ უნდა გადაარჩინო, იციან, რომ უნდა გადაგარჩინონ. ჭეშმარიტებები მკაფიოა. ცხოვრების გზა ჩემთვის და ბევრისთვის მწვერვალზე ასვლა უნდა იყოს. ანუ როცა მიზანი დასახულია, გზიდან არ უნდა გადახვიდე და სხვა ყვავილები არ უნდა დაკრიფო. მიზანს ვეღარ მიაღწევ, ასე თუ მოიქცევი. აქ არის ძნელი, ბარში; იქ, მთაში, ადვილია - მიზანს ხედავ და მიდიხარ. ეს მიზანი, რომელიც ცხოვრებაში ღმერთისგან გაქვს მოცემული, შენი ბედია და ეს ბედი თვითონ უნდა მართო. ქრისტეს მოსვლის შემდეგ შენი ბედი უკვე შენს ხელშია. უნდა იარო საკუთარ გზაზე საკუთარი მიზნისკენ და სხვაგან არ გადაუხვიო. მაშინ იცხოვრებ სინდისიერად და თავისუფალი ნებით. მაგრამ ეს ძალიან რთულია. 

-    ჩემთვის შორიდან შენში მსახურებას ვხედავ, თუნდაც, უსინათლო ადამიანებთან თანამშრომლობაში. ამ თანამშრომლობას და ურთიერთობას აღიქვამ, როგორც შენს მორიგ საქმეს, თუ როგორც განსაკუთრებულ მისიას? 

-    მჯერა, რომ სამყაროში ტყუილუბრალოდ არ მოვსულვარ, იმისთვის არ მოვსულვარ, რომ დავტკბე ყველაფრით, რაც ჩემ ირგვლივაა... ნამდვილად მაქვს სურვილი, რომ რაღაც გავაკეთო, ანუ დავუბრუნო სამყაროს ის, რაც მომცა. ეს არის ჩემი საკეთებელი საქმე. როგორ უნდა დავაბრუნო? უსინათლოებთან ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჩემთვის. შეიძლება, მათთან ურთიერთობის იმპულსი საკმაოდ შორიდან მოდის. ბავშვობისას ბებია მიყვებოდა ადამიანზე, რომელმაც, სრულიად უსინათლომ, ძალიან ბევრს მიაღწია ცხოვრებაში. 
 

 

მიწევდა თითქმის ერთისა და იმავეს კეთება გასაყიდად.

-    რეალურ ამბავს გიყვებოდა?

-    დიახ, რეალურ ამბავს. შეხვედრებს და ნიშნებს ვარქმევ ამას. ძალიან ბევრი შეხვედრა და ნიშანი იყო, რომლებმაც უსინათლო ადამიანებთან მიმიყვანა. როგორი ნიშანი იყო, იცი? „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციებში ყველგან მაქვს სხვადასხვა ენის ანბანი - ჩინური, ქართული, ინდური, ებრაული... მათ შორის, უსინათლოებისთვის ბრაილის შრიფტიც მქონდა. ერთხელაც მოვიდნენ ანსამბლ „გეორგიკას“ ბიჭები. საუბრისას ეს ანბანი ვაჩვენე. ბრაილის შრიფტი რომ ნახეს, მითხრეს, უსინათლო ბავშვთა სკოლასთან ურთიერთობა გვაქვს და თუ გინდა, ბრაილის ფურცლებს მოგიტანთო. კი ბატონო, როგორ არ მინდა-მეთქი და მომიტანეს თეთრი, ულამაზესი ფურცლები. „დედა ენა“ ეწერა, „უნარები“ და გულზე მომხვდა. მანამდე გამოფენა გვქონდა მე, გია გუგუშვილს, თამაზ ვარვარიძეს და სოფა კინწურაშვილს გერმანიაში, მამბურგში, ძმები გრიმების ქალაქში. სადაც გამოფენა იმართებოდა, ის აღმოჩნდა უსინათლოების სასწავლო ქალაქი. ეს გოგონები, ბიჭები დადიან ჯოხებით, ხმაურით, ყველგან ბრაილის შრიფტია, გადასასვლელზე ხმოვანი სიგნალებია. ცხოვრობენ ლაღად, მშვენივრად. ერთი არ მიფიქრია, საქართველოში როგორი გარემოა ასეთი ახალგაზრდებისთვის. მერე „გეორგიკას“ ბიჭები რომ მოვიდნენ და ბრაილის შრიფტის ფურცლები მომიტანეს, ამან ძალიან იმოქმედა. რამდენიმე ნამუშევარი გავაკეთე და გამოფენაზე გავიტანე. გამოფენაზე მოვიდნენ მერიიდან და მითხრეს, რაკი ამ თემით დაინტერესდით, თუ გინდათ, უსინათლო ბავშვების სკოლაში წაგიყვანთო. მოვხვდი ამ სკოლაში და იქ სულ გავგიჟდი. იცი, რატომ გავგიჟდი? ჯერ ყველაფრის ინტერესი გაქვს და მერე ხედავ - კიბე არის ყვითელი ზოლით, ნაცრისფერი ზოლით და ბოლოს ისევ ყვითელია. ვფიქრობ, რა არის? ყვითელს მე ვხედავ მზეს. ისინიც ყვითელს ხედავენ, ზოგი შავ-თეთრს ხედავს. პედაგოგები ამ ბავშვებისთვის ბევრ რამეს აკეთებენ თავისი ხელით. შემოქმედებითი ნამუშევრებია. გამოფენა რომ მოაწყო ამ ნამუშევრების, ძალიან საინტერესო იქნება. მოვხვდი საოცარ სამყაროში და ანამნეზივით ავკრიფე, რა სჭირდებათ, რა უნდათ ამ ბავშვებს. უნდათ, რომ შევიდნენ სადმე და ხელი მოკიდონ, გაიგონ, რა არის. ძალიან დამაინტერესა და დავიწყე მათთვის მუშაობა. და, აი, როგორი სვლებია ბედისწერის: იმ სკოლაში გავიცანი ერთი ქალბატონი, გადასარევი - ახლა ძალიან ვმეგობრობთ. მისი მამა მუშაობდა „ვეფხისტყაოსანზე“ და უნდოდათ, პოემა ბრაილის შრიფტით დაებეჭდათ. ჩემი გამოფენა რომ იყო, „თეთრი კვადრატი“, მაგ დროისთვის დაამთავრეს, ერთი ცალი მაჩუქეს. სამ ცალს კი ყდა გავუკეთე. სრულიად უსინათლო ქალბატონმა სამჯერ გაარედაქტირა მთელი ტექსტი, რომ შეცდომა არ გაპარულიყო. 
 

 

მთელი ცხოვრება მიმყვებოდა ეს რჩევა, რომ - ცდუნებას უნდა გაუძლო და უნდა გქონდეს სინდისი.

-    ანუ ახლა არსებობს ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი „ვეფხისტყაოსანი“?

-    დიახ, ახალი. ადრეც ყოფილა. წარმოგიდგენიათ, ეს რამდენი წლის ნაშრომია და რა ენერგიაა ჩადებული?! ნამდვილად დიდი სტიმული მივეცით ერთმანეთს. არც ისე ადვილია, უსინათლო ადამიანთან შეხვიდე კონტაქტში. სწორედ ესაა, რომანტიზმია თუ რაც არის... სულ სხვა შეგრძნებები მოდის. 

-    მთავარი რა მიიღე მათგან? 

-    სწორედ ის მივიღე, რაც ყველაზე მეტად მჭირდებოდა. სულ ახალი ხაზით წავედი ჩემს საქმეში. კონკურსში გავიმარჯვე და პარიზში ძალიან ძლიერ საგამოფენო დარბაზში მიმაქვს ეს ახალი ნამუშევრები. პარალელურად კი ის ხდება, რომ სტუდენტებთან ვმუშაობ. ნამდვილად ნიჭიერები არიან, მაგრამ, ჩვენგან განსხვავებით - ყველაფერი რომ ჩაკეტილი გვქონდა - მათ ყველა ბარიერი მოხსნილი აქვთ და ახლა თავისუფლება გახდა მათი ბარიერი. 

-    რას გულისხმობ? 

-    ოკეანეში რა ხდება, ცაში რა ხდება - ყველაფერი ცნობილია. ეს ინფორმაცია ტექნოლოგიებმა მოიტანა. სტუდენტები კი მუშაობენ, ქმნიან თავისას, მაგრამ თან ფიქრობენ - ყველაფერი უკვე გაკეთებულია და ჩვენ რაღა უნდა გავაკეთოთ განსხვავებული? აი, აქ შეიკრა სინთეზი - სტუდენტებმა უსინათლო ბავშვებისთვის დაიწყეს ობიექტების შექმნა. ვცდილობთ, შევიგრძნოთ, როგორ ხედავენ უსინათლოები სამყაროს. ეს დიდი სტიმულია ახალგაზრდებისთვისაც და ჩემთვისაც - ახალი ფორმების მოსაძებნად. 
 

 

ვინ იყო ჩემთვის რუსთაველი? - ის იყო ნათელმხილველი.

-    მინდა, რომ დავაზუსტოთ: უსინათლო ბავშვებთან მეგობრობა როგორ არის დაკავშირებული პარიზში შენს გამოფენასთან? 

-    პარიზში გამოფენა აღარავის უკვირს. მაგრამ სერიოზულ ნიშაში მოვხვდი და თან ისე, რომ ხელიც არ გამინძრევია. თვითონვე მოინდომეს. ეს კონტაქტი რომ დაიბადა სტუდენტებთან და უსინათლოებიც გავიცანით, მთელი ამბავი შეიკრა. არაფრისგან გამოგვივიდა ძალიან საინტერესო ნამუშევრები. სტუდენტებმა თვითონ იპოვეს უბრალო მასალები და ამ მასალისგან შევქმენით ნამუშევრები უსინათლოებისთვის. უსინათლოები მეუბნებიან: ჩვენ ძალიან გვაინტერესებს აბსტრაქცია. ვფიქრობ, აბსტრაქცია აინტერესებთ, როგორ გავაკეთო? მოდი, გავაკეთებ მალევიჩის და კანდინსკის მიხედვით. კანდინსკის ძალიან საინტერესო ფილოსოფია აქვს, რომლის ქვაკუთხედია წერტილი და ხაზი. გავაკეთე კუბი, რომელზეც არის კანდინსკის წერტილი და ხაზი - შავი თეთრზე. ამობურცულია, ხელით ეხებიან და გრძნობენ. როდესაც ამ აბსტრაქციას ვაკეთებდი, დარჩა ბევრი რამ და იქიდან ავაგე ახალი კომპოზიციები. ასე გადავედი სულ სხვა თემატიკაზე. შეიქმნა ახალი ეტაპი, რასაც დიდხანს ვეძებდი და მჯერა, ეს მიმართულება კიდევ სხვა მიმართულებას გამიხსნის. ამოვედი იმ ძველიდან, რასაც ასე ვცდილობდი. ძველი თუ არ განაახლე, ის სიკეთე, რაც ძველს ახლავს, ბოროტებად იქცევა. ძველი ახალი იმპულსით უნდა შეავსო, თუ არადა, ჭაობივით ხდება. ჩემს განცდას გიყვებით. ბევრი ეტაპი გავიარე: ბულგაკოვის ეტაპი, გრაფიკები, თბილისი, ანსამბლაჟები და კოლაჟები, მერე რუსთაველი, მერე ფოლიანტები. ეს ჩემი ბავშვობაა, ჩემი წინაპრებია, ჩემი საგნებია. ახლა კი დადგა ახალი ეტაპი, რომელმაც ის ძველი უნდა ჩაანაცვლოს. 
 

 

რომანტიზმი, სილამაზის სიყვარული არ დამიკარგავს.

-    ბატონ ლევან ლაღიძესთან გვქონდა ინტერვიუ და ის ამბობდა, რომ როგორც ხე არის ერთიანი და ვერ იარსებებს ვერც ფესვების გარეშე და ვერც ტოტების გარეშე, ასევეა „ძველი“ და „ახალი“, ტრადიცია და პროგრესი - ისინი ერთმანეთის გარეშე არ არსებობს. 

-    დიახ, ძალიან ჰგავს იმას, რასაც მე ვამბობ. საუკუნეებს რომ გადახედო, რამდენჯერ იყო ეს ქვეყანა დაპყრობილი, ვის არ შემოჰქონდა თავისი კულტურა, აქედანაც გაჰქონდათ. ქართველი მაინც ახერხებდა და თავის სულს არ კარგავდა, უცხოს იძენდა და ვითარდებოდა. მართლა საინტერესო ქვეყანაა საქართველო. არ შეიძლება, ეს არ იგრძნო და არ გამოხატო. ერთი რამ მინდა, ვთქვა, რადგან ძალიან გულწრფელი საუბარი გამოგვივიდა - ისევ ნიშნების შესახებ. ექვსი წლის წინ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები მქონდა. ჩემმა მეუღლემ ძალიან იყოჩაღა და გერმანიაში გავიკეთე  სერიოზული ოპერაცია, რომელზეც, ფაქტობრივად, გადავრჩი. ამ ამბავს ერთი ძალიან საინტერესო ფაქტი უკავშირდება. ირაკლი ფარჯიანმა დიდი ხნის წინ მაჩუქა ბიბლიიდან ორი თუ სამი ფურცელი და „ირაკლი“ მიაწერა. მან გადაწერა ბიბლია, მისი ცნობილი ნამუშევარია. რაღაც პერიოდში ეს ფურცლები დამეკარგა დალაგებისას და ორი წელი ვერ ვპოულობდი. სწორედ როცა გერმანიაში მივდიოდით ოპერაციისთვის, საბუთებში რაღაცას ვეძებდი და ეს ორი ფურცელი ვიპოვე. ძალიან გამიხარდა,  მაგრამ გერმანიაში ვარ ფიქრებით, ხვალ მივდივართ... მეორე დილით გია მეძახის ზედა სართულიდან - ამოდი და ცოტა ხანში წავიდეთო.

 
ამოვედი და ამ ორ ფურცელს ვიღებ და მოდი, ერთი, ირაკლი რას მეტყვის-მეთქი და ზუსტად არის სახარებიდან - ასე ვკითხულობ, იესოსთან რომ მიდიან და წერს: „ეს ავადმყოფობა არ არის სასიკვდილო. ირაკლი“


-    საოცრებაა. 
 

 

ჩემი ფოლიანტები ჩვენი ოჯახის ძველ ლოცვანს და საგვარეულო ხატებს უკავშირდებოდა.

-    გავგიჟდი, ეს ისეთი ნიშანი იყო. კათოლიკურ ხარებაზე გამიკეთეს ოპერაცია და მართლმადიდებლურ ხარებაზე ჩამოვედი თბილისში. ირაკლის ნაჩუქარი ხარება მაქვს, სხვათა შორის. როგორ არ უნდა დაიჯერო, რომ ეს ნიშნები არსებობს. შენ და მე დიდი ხნის ურთიერთობა გვაკავშირებს და იმიტომ ვბედავ, ამდენს რომ გიყვები. 

-    ეს არ არის მხოლოდ ორი ადამიანის - შენი და ჩემი - ურთიერთობა. ეს სხვებისთვისაც მნიშვნელოვანია. ადამიანებს ამხნევებს ურთიერთობა მეორე ადამიანთან, რომელიც ეტყვის, რომ სინდისია მთავარი, მსახურებაა მთავარი, შენ თუ სწორად მოიქცევი, ღმერთი მოგეხმარება, ნიშნები მოგეცემა... ჩვენც იმიტომ ვშრომობთ, რომ თქვენი სიტყვა, თქვენი გამოცდილება მკითხველთან მივიტანოთ. 

-    გახსნა მე თვითონაც მეხმარება იმიტომ, რომ მე ახლა ვმუშაობ, თქვენთან ერთად. ეს პროცესია. მხატვარს სულ აქვს ეჭვები, რაც ცუდი არ არის. მაგრამ გადაჭარბებული ეჭვი არ ვარგა. გზა, რომელზეც ჩვენ მოვდივართ, არის ქრისტიანობა, რომელიც  დასნეულებულია. უნდა დაველოდოთ ტარიელს, რომელიც იპოვის ნესტან-დარეჯანს, დაგვიბრუნებს დაკარგულ სიბრძნეს და ვიცხოვრებთ ჰარმონიაში. 
 

 

ვცდილობთ, შევიგრძნოთ, როგორ ხედავენ უსინათლოები სამყაროს.

-    არ ვიცი, ეგ როდის მოხდება, მაგრამ დიდი მადლობა ამ ოპტიმიზმისთვის. ჩვენი ინტერვიუები ტრადიციულად მთავრდება ხოლმე სტუმრის კომენტარებით ცნობილი ადამიანების ორ გამონათქვამზე. პირველი ციტატა ეკუთვნის მე-20 საუკუნის ამერიკელ განმანათლებელს მარვა კოლინსს (1936-2015): „თუ შეცდომების დაშვება არ შეგიძლიათ, ეს ნიშნავს, რომ არ შეგიძლიათ არაფერი“. 

-    სწორია, მე მგონი. ვეთანხმები. 

-    ხომ არსებობს შეცდომების შიში, რაც აფერხებს შემოქმედებას? 

-    ბევრი სხვა რამის შიში მაქვს, მაგრამ შეცდომების არ მეშინია. თუ შეცდომა რაღაცას გასწავლის, ეს ცუდი არ უნდა იყოს. მე ასეთი გამოცდილება მაქვს: თუ მოხდა რაღაც უარყოფითი, ამ უარყოფითს თავისი დადებითი მოჰყვება, თუ შეცდომას კიდევ არ გაიმეორებ, კიდევ არ გაიმეორებ, რიტმში თუ არ ჩასვამ ამ გამეორებას. თუ გავიგებ, რას მკარნახობს ჩემი სინდისის ხმა, შეცდომა დიდი მასწავლებელი იქნება. 

-    მეორე ციტატის ავტორია მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მხატვარი, ესპანელი პაბლო პიკასო (1881-1973): „მე არ ვეძებ, მე ვპოულობ“. 

-    კარგია მერე, მომწონს. თუმცა, როგორ არ ეძებდა?! მთელი მისი ბიოგრაფია ძებნის პროცესია.  უბრალოდ, გენიოსები ადვილად პოულობენ, ჩვენ კი გრძელი გზის გავლა გვიხდება. ვინ შეედრება მაგათ პოვნაში?! 

ფოტომასალა: ირაკლი გედენიძე

გუნდი

ირაკლი გედენიძე

ზურაბ ქურციკიძე

გიო კუსიანი

გიორგი ურუშაძე

თამთა ყუბანეიშვილი

ნანა ყურაშვილი

ინგა ქორიძე