×
„გამიმართლა ქვეყანაში, სადაც დავიბადე“

ლევან ლაღიძე

მხატვარი


4204

ინტერვიუს შესახებ

ლევან ლაღიძე მეგობრად თუ არა, თანამოაზრედ ნამდვილად მიმაჩნია. ასე ადვილად ვერ დავიჩემებ ამ განსაკუთრებული ადამიანის მეგობრობას, მაგრამ მასთან ყოველი შეხვედრა, ყოველი საუბარი დიდხანს მრჩება გულში, თან მაფიქრებს, თან მახალისებს და თან მამდიდრებს. 

სიტყვა „სიმდიდრე“ შემთხვევით არ მიხსენებია. 

ზოგჯერ დავფიქრებულვარ იმაზე, რომ რომელიღაც ყოჩაღმა ნაცნობმა ცხოვრება შესანიშნავად მოიწყო და, ალბათ, უზრუნველ ყოფასაც თავისი დიდი ხიბლი აქვს. ამ დროს სურვილი მიჩნდება, მეც ჩემს სიმდიდრეს გადავავლო თვალი და მაშინ  მახსენდება ჩემთვის ძვირფასი ადამიანები, რომლებიც აკეთებენ ყველაფერს, რაც შეუძლიათ (ზოგჯერ ბევრად მეტსაც) და მადლიერები არიან იმისთვის, რაც სანაცვლოდ მიეცემათ, თუნდაც, სულ მცირედი. 

ასეთი განძია ჩემთვის ბატონი ლევანი, რომლის არსებობა საკმარისი სტიმულია იმისთვის, რომ არასოდეს დავეჭვდე მთავარ ფორმულაში: ბედნიერია ის, ვინც მადლიერია!
 
წაიკითხეთ ინტერვიუ, რომელმაც, შეიძლება, უბრალოდ, ცხოვრების ტვირთი შეგიმსუბუქოთ.  
 

ია ანთაძე

-    ბატონო ლევან, როდესაც თქვენთან ინტერვიუსთვის ვემზადებოდი, გადავწყვიტე, დამეჯგუფებინა ის თემები, რომლებზეც თქვენ საუბრობთ ხოლმე როგორც საჯაროდ, ისე პირადი შეხვედრებისას. მაგრამ აქამდე არ გქონიათ საშუალება, რომ საჯაროდ უფრო ვრცლად გესაუბრათ ამ თემებზე. დღეს მინდა, რომ ინტერვიუსთვის ზუსტად ეს ჩარჩო შემოგთავაზოთ. მოდით, დავიწყოთ წაშლით. თქვენთვის მხატვარი არის ის, ვისაც არა მხოლოდ ხატვა შეუძლია, არამედ - წაშლაც. როდის და რატომ ხდება წაშლის უნარი ასეთი მნიშვნელოვანი?
 

-    ადრეული ასაკიდან მესმოდა ძალიან ცნობილი სენტენცია, რომ ხელოვნება მსხვერპლის გარეშე არ არსებობს. იმ ასაკში მოგწონს მსხვერპლის, ზოგადად, გაღების თემა. მაგრამ სინამდვილეში არ აცნობიერებ, რა მსხვერპლზეა საუბარი. შემდეგ რაღაც პერიოდში იწყებ ფიქრს - კი მაგრამ, რა იგულისხმება? რა შეიძლება, მსხვერპლად გაიღო? ყოფითი კომფორტი - ეს რა მსხვერპლია. როცა რაღაცას ქმნი, ეს ისედაც მაინცდამაინც არ გაინტერესებს. მერე კიდევ უკვირდები, რომ სხვის ხარჯზე მსხვერპლი არ გამოვა, მხოლოდ შენ უნდა გაიღო. და ცხოვრება რომ მიდის, მოგეცემა ეს გამოცდილება, რომ ერთ მშვენიერ დღეს, მუშაობისას აღმოაჩენ, რა მსხვერპლზეც არის ლაპარაკი. რა არის ისეთი ძვირფასი, რაც შეიძლება შენ გაიღო და არა ვიღაც სხვამ შენთვის. ერთხელ ეს მე თვითონ განვიცადე. 

-    გვიამბობთ?
 

 

მარტო ხარ, მუშაობ და იმდენად გიპყრობს კმაყოფილება, რომ გინდა, ვიღაცას გაუზიარო.

-    რაღაცას ვაკეთებდი და ძალიან კარგი მონასმი გამოვიდა, დეტალი. და ამ დეტალმა, რომელიც მოულოდნელად კარგი იყო, ეიფორიაში ჩამაგდო. მარტო ხარ, მუშაობ და იმდენად გიპყრობს კმაყოფილება, რომ გინდა, ვიღაცას გაუზიარო. ეს ყველას გამოუცდია. მაშინ სიგარეტს ვეწეოდი და მახსოვს, ყავაც რომ დავლიე, სიგარეტიც რომ მოვწიე, - აღარ ვიცი, რა ვქნა, იმდენად მომწონს ეს მონასმი. აღფრთოვანებული ვარ, მაგრამ ვერავის ვურეკავ, გვიანი ღამეა. მერე დამღალა ამ ეიფორიამ. რომ დაიღლები, იწყებ კიდევ ერთხელ თვალიერებას... დაღლილმა რომ შევხედე, ვგრძნობ, ვეღარ ვაგრძელებ მუშაობას: ნამეტანი ლამაზიაო, რომ იტყვიან, ეგ იყო. მოკლედ, რომ აღარ გავაგრძელო, ბოლოს წავშალე... და დაიწყო სიცოცხლე ტილომ, მთელმა კომპოზიციამ. ანუ ეს იყო მსხვერპლად გასაღები - დეტალი, რომელიც გამოგივიდა, მაგრამ ხელს უშლის იმ მომენტში შენს ხედვას, შენს კომპოზიციას. ბოლოს, ასე დავარქვი: ეს ის მონასმია, რომელშიც მთლიანობა არ მჟღავნდება. და მერე, იცით, რითი მთავრდება ეს პროცესი? ძალიან საინტერესო მდგომარეობით - რომ წაშლი, დიდი სიხარულია, მაგრამ ეიფორია კი აღარ არის, მშვიდი, ნამდვილი, დამაჯერებელი განცდაა. და აღარ ცდილობ, ვინმეს გაუზიარო. არავის გაღვიძება აღარ გინდა. უბრალოდ, გინდა რომ ისევ შეცურო. მზად ხარ შრომისთვის და აგრძელებ გზას. 

-    შესანიშნავია, დიდი მადლობა ამ გამოცდილების გაზიარებისთვის. მეორე თემა, რომელზეც უნდა ვისაუბროთ, ეს არის სიფხიზლის თემა. თქვენ ბევრჯერ გითქვამთ, რომ ზოგადად ხელოვანს და, მათ შორის, მხატვარს უნდა ახასიათებდეს მუდმივი სიფხიზლე და არა ბოჰემურობა. მაგრამ რითი შეიძლება ეს სიფხიზლე მიიღწეოდეს? მაგალითად, ამ კონტექსტში თქვენ გაიხსენეთ გალაკტიონის ცნობილი ლექსი: „ამ ბნელი ღამით ვიღაც დადის საქართველოში, ამ ბნელი ღამით ვიღაცა კვნესის“. ცხადია, როცა ამ ლექსს წერდა, გალაკტიონს ახსოვდა ის ადამიანი, რომელიც ყველამ დაივიწყა. მაგრამ შესაძლებელია თუ არა, რომ ამ ტიპის სიფხიზლე მიიღწეოდეს ალკოჰოლით ან ნარკოტიკით თრობის მეშვეობით? ჩვენ გუგა კოტეტიშვილი გვყავდა სტუმრად, რომელმაც თქვა, საღამოობით ცოტას ვეწევი, რადგან კონცენტრაციაში მეხმარებაო. კი ბატონო, სიფხიზლე, მაგრამ ეს რა სიფხიზლეა? 

-    ეს არის სიზუსტე. ეს არის საზღვარზე დგომის სიფხიზლე. უყურებს ყველა, მაგრამ უცებ დაინახავს პოეტი ან მხატვარი. ეს მოგეცემა - წამი, რომელიც გინდა, რომ გააჩერო, რაც სიმთვრალეში ძალიან ძნელი მისაღწევია. გამოცდილებით ვიცი, რომ შემოქმედებაში ყოფნა თავისთავად ისეთი თრობაა, პირიქით, იმას ფიქრობ, როგორ გამოხვიდე იმ მდგომარეობიდან, როგორ გადმოლახო საზღვარი უკან, რომ ყოფაში დაბრუნდე. ანა ახმატოვამ თქვა: პოეტი არაფრით განსხვავდება დანარჩენებისგან, უბრალოდ, ცერებზე დგას და ისე უყურებს სამყაროსო. უყურებს ყველა, მაგრამ პოეტი უყურებს ცერებზე მდგარი, ეს მისი „პრივილეგიაა“. დავით კაკაბაძის პეიზაჟებში დიდი სიფხიზლეა - ხედვა, რომელიც ზუსტი რაკურსის მოსაძებნად არის აუცილებელი. თუ ვინმეს თრობის დროს შეუძლია, ცერებზე იდგეს და ასეთი სიფხიზლე გამოავლინოს, კი ბატონო. 
 

 

უყურებს ყველა, მაგრამ უცებ დაინახავს პოეტი ან მხატვარი.

-    მესამე თემა, რომელზეც უნდა ვისაუბროთ, - ეს არის სტილი. თქვენ ამბობდით: „გემოვნება მოგეცემა, მაგრამ სტილი უნდა მოიპოვო, მათ შორის დიდი გზაა“; „სტილის შექმნაში მონაწილეობს ხასიათიც, მსოფლმხედველობაც“. მინდა, უფრო ზუსტად აგვიხსნათ, თქვენთვის სტილი  შინაარსის გარეგანი გამოხატულებაა, გარეგნული მაჩვენებლების ჯამია, თუ თავად შინაარსი? 

-    ორივე. მხატვრების შემთხვევაში, სტილი - ეს არის ხასიათი, რომლითაც ვცნობთ მხატვარს. გემოვნება, როგორც უნარი, მოგეცემა და სტილი შენ თვითონ უნდა მოიპოვო. გემოვნება რომ სტილად იქცეს, ეს უნდა იყოს ადამიანების ნების, შემეცნებითი გზის შედეგი. მართლაც, ძალიან დიდი გზაა გასავლელი, რომ სტილი ჩამოგიყალიბდეს. ეს არის შენი რაკურსი, შენი ხედვა, შენი მეთოდი, რაც შემდეგ გარეგნულადაც გამოვლინდება. ზოგადად, ნიჭი და გემოვნება არანაირი არგუმენტი არ არის ჩემთვის; არაფერს არ ნიშნავს, გარდა იმისა, რომ ეს არის წინაპირობა, რითიც უნდა გაიარო მარათონი სტილის ჩამოსაყალიბებლად. 

-    ანუ ნიჭი და გემოვნება არის შესაძლებლობა, რომელიც ან განხორციელდება, ან არა? 

-    დიახ, რომელიც მოგეცემა, როგორც საჩუქარი. 

-    მაგრამ სტილი უკვე ამ საჩუქრის რეალიზებაა. 

-    დიახ, სტილი რეალიზებული გემოვნებაა; შენივე გადამოწმებული, შენივე გამოწრთობილი. ეს დიდი შრომაა. 

-    დიახ, მაგრამ თითქოს მაინც უფრო გარეგნული მახასიათებელია. მასში რომ შინაარსი დაინახო, შენც მზად უნდა იყო - მაყურებელი ხარ, მსმენელი თუ მკითხველი. 

-    დიახ, მე ნამდვილად მივხვდი, რომ ამ ამბავში, რასაც ჩვენ შემოქმედებას ვეძახით, ადამიანები, რომლებიც იზიარებენ იმას, რასაც შენ ჩხირკედელობ, ისევე მონაწილეობენ, როგორც შენ თვითონ. იმისთვის, რომ სხვისი სტილი დაინახო, სტილი თვითონაც უნდა გქონდეს. მარტო გემოვნებით დანახვა შეუძლებელია. არაფერს არ იძლევა, რომ მე კარგი გემოვნება მაქვს. შენ იზრდები იმ დროს, როცა კითხულობ, როცა უყურებ, უსმენ... შენზე ზემოქმედებს მატისი, სეზანი, კაკაბაძე... ვინც გინდა. სპეციალურად იმ მხატვრებს ვასახელებ, ვისაც აშკარად გამოხატული ზრდა და შემეცნებითი გზა აქვთ გავლილი. ადამიანს მაგალითად რომ მოიყვან, მისი სკოლა უნდა იკითხებოდეს. არიან მხატვრები, რომლებსაც, როცა იწყებენ, სტილი პირდაპირ აქვთ მოცემული. 
 

 

თუ ვინმეს თრობის დროს შეუძლია, ცერებზე იდგეს და ასეთი სიფხიზლე გამოავლინოს, კი ბატონო.

-    ფიროსმანი, მაგალითად?

-    დიახ, ფიროსმანი სტილით დაიბადა (იცინის), არაფერი არ მოუპოვებია, უბრალოდ, არ უღალატა. მისი პირველი და ბოლო ნახატი ერთნაირია. ასე ხატავს. კარნახით წერაა ეგ. 

-    ლიტერატურაში ცნობილი მოვლენაა, მკითხველი თავადაც მონაწილეობს წიგნის ქმნადობის პროცესში და, ერთგვარად, თანაავტორია. მხატვრობასთან დაკავშირებით ახლა პირველად მოვისმინე. 

-    ჩემი გალერეა მაძლევს ამ დიდ პრივილეგიას, რომ ხშირად მე თვითონ ვარ მაყურებელი. აქვე მაქვს სახელოსნოც და ძალიან სწრაფად გადავდივარ პირადიდან საჯარო სივრცეში, სახელოსნოდან გალერეაში. საოცარი გამოცდილებაა. 

-    გალერეას აუცილებლად დავუბრუნდებით, მაგრამ შემდეგი თემა, რომელზეც მინდა, რომ ვისაუბროთ, ეს არის პროგრესი. თქვენ ამბობთ: „პროგრესი მიიღწევა ყოველდღიური უკან დაბრუნებით და დღევანდელი ღირებულებების გადამოწმებით იმასთან მიმართებაში, რაც უკვე იყო, რაც მარადიულია“. ასევე, არაერთხელ გითქვამთ, რომ მემკვიდრეობის მცველობა არის განვითარების პირობა.  ნიშნავს თუ არა თქვენი ფრაზები, რომ პროგრესი ორგანულად არის დაკავშირებული ტრადიციასთან?
 

 

გემოვნება, როგორც უნარი, მოგეცემა და სტილი შენ თვითონ უნდა მოიპოვო.

-    ეს ორი ცნება ურთიერთშემავსებელი კი არ არის, მე მგონი, ერთი და იგივეა. ერთი მეორის გარეშე საერთოდ ვერ წარმომიდგენია. რაც შეეხება მემკვიდრეობას და მის მცველობას, როგორც კი იწყებ ღირებულებების დანახვას, მასთან ხარ და, ამავდროულად, მცველი ხდები. მერე, უბრალოდ, უნდა უერთგულო. 

-    მაყურებლის პოზიციიდან ამბობთ თუ მხატვრის პოზიციიდან? 

-    ორივე პოზიციიდან ვამბობ. როგორც კი რაიმე ღირებულების  თანამონაწილედ გრძნობ თავს, როგორც კი ამით, ასე ვთქვათ, მოიწამლე - შენ უკვე ხდები მემკვიდრე. ხოლო მემკვიდრე  - ეს პასუხისმგებლობაა. პასუხისმგებლობა კი სიფხიზლეა. მცველი ხდები  ღირებულებების, რაც ერთდროულად ნიშნავს წარსულის შენახვასაც და სამომავლო ღიაობასაც, პროგრესისთვის მზაობასაც.  

-    მაგრამ ტრადიციული საზოგადოება რომ ძალიან ძნელად ეგუება სიახლეს?  

-    არ მიყვარს ასეთი კალამბურული მაგალითის მოყვანა, მაგრამ არის ორი ვარიანტი: ან შენ ცდილობ, რომ ფესვების გარეშე რამე აღმოაცენო, ან მეორე - ფესვები რადგან გაქვს, გგონია, რომ არაფრის აღმოცენება აღარ გჭირდება. განახლება თავისთავად გულისხმობს ფესვებს. ხოლო ფესვები თავისთავად გულისხმობს განახლებას. მცენარე ძალიან კარგი მაგალითია: ერთდროულად იკვებება ტრადიციით და ისწრაფვის მზისკენ, სიახლისკენ - რაც გინდათ, დავარქვათ. ვაჟა ფშაველაზე მეტი ტრადიციის მატარებელი არ ვიცი მე და ამაზე გახსნილი ადამიანი არ არსებობს სამყაროსათვის.

 
შემოქმედი, რომელსაც არ გააჩნია ტერიტორია, საიდან ხედავს, ან არ გააჩნია ფესვები, მე არ ვიცი ახლა, არ მგონია, რომ... ან თავს იტყუებს ადამიანი, თუ ხედავს, ესე იგი, არ აღიარებს, რომ სადღაციდან მოდის.

გზაზე ყოფნა როგორ შეიძლება, თუკი არ გრძნობ, რომ გზა მეტია, ვიდრე შენი ბიოგრაფია? გზაში ყოფნაა მხატვრობა და გზა აუცილებლად მეტია, ვიდრე მგზავრი. გზა ტრადიციაა, თან მოძრაობა და პროგრესია. 

-    კარგით, ეს როგორ ხდება, რომ დღევანდელ ქართულ საზოგადოებაში ის ადამიანები, რომლებსაც საკუთარი თავი პროგრესის მცველები ჰგონიათ და ის ადამიანები, რომლებსაც საკუთარი თავი ტრადიციების მცველებად წარმოუდგენიათ, საერთოდ ვერ უგებენ ერთმანეთს და ვერ გრძნობენ ერთმანეთის საჭიროებას? ზოგჯერ ისეთი განცდა მაქვს, მათი ნება რომ იყოს, ალბათ, ისურვებდნენ, რომ ერთ ქვეყანაში არც ეცხოვრათ.

-    ძალიან მძაფრი ფრაზაა. მე მიყურებია, მაგრამ, მართალი გითხრათ, ვერ გამიგია, ეს ხალხი რაზე კამათობს.

 
სულ მაქვს შეგრძნება, რომ ეს ადამიანები არ შეთანხმებულან კამათის საგანზე.

მე არ მგონია, რომ შინაარსობრივად ღირებული რამე იდოს იმაში, რაც მერე ესთეტურად უღირსი გამოდის. როცა კამათი ფორმით უშნოა, იქ შინაარსს აღარ ვეძებ. 
 

 

სტილი რეალიზებული გემოვნებაა.

-    ეს ხეც და გზაც ძალიან კარგი მაგალითია, მაგრამ...

-    ხალხო, მოილაპარაკეთ, რაზე ვკამათობთ - ეს განცდა მაქვს სულ. ყველაფერი, რაც შეიძლება თუნდაც რამდენიმე ადამიანმა გაიგონოს, აუცილებლად პასუხისმგებლობით უნდა ითქვას. კულტურულმა ადამიანმა შეიძლება მეგობრის გამო წესი და კანონი დაარღვიოს იმიტომ, რომ ასეთი ხედვა აქვს. მაგრამ განსხვავება რა არის, იცით, არამხედველისგან ან რეციდივისტისგან? არღვევს, მაგრამ პასუხისმგებლობას არ გაურბის. ამბობს: ამ კანონით დამსაჯეთ, მაგრამ ვერ დაგავალდებულებთ, რომ დაინახოთ იმ კანონით, რომლითაც მე ვხედავ. ზოგჯერ ადამიანები გამოდიან და გვმოძღვრავენ, როგორ უნდა ვიცხოვროთ. თვითონ კი არაფერზე პასუხისმგებლობას არ იღებენ. ასეთი ადამიანი ჩემთვის მოდერნისტი და პროგრესისტი კი არ არის, არამედ, პარაზიტია. ერთხელ პიკომ (ზურაბ ნიჟარაძემ) კარგი რამ თქვა - როცა რაღაც იმდენად ახალია, რომ არაფერს არ ჰგავს, ესე იგი, ის არის უმსგავსიო (იცინის). 

-    თქვენ კულტურული ადამიანი ახსენეთ. ფიქრობთ თუ არა, რომ თანამედროვე ქართული საზოგადოების დიდი პრობლემა სწორედ კულტურული ადამიანების დეფიციტია, ანუ ისეთი ადამიანების, რომლებიც ხეს დაინახავდნენ თავისი ფესვებით, ფოთლებით, მიწის ჩაჭიდებით, ცისკენ სწრაფვით... სხვა დროსაც გითქვამთ - კულტურული ადამიანი უფრო მეტად საკუთარ მოვალეობებზეა ორიენტირებული, ვიდრე უფლებებზეო. 

-    უფრო სწორად, ეს ხომ ურთიერთშემავსებელია? უფლება თავისთავად გულისხმობს ვალდებულებას და პირიქით. უფლების არქონას არ განიცდი. პასუხისმგებლობის არქონას კი განიცდი ადამიანი. 

-    უფლების არქონას როგორ არ განვიცდით? ბოლო ათწლეულების მთავარი თემაა უფლებების დაცვა.

-    მე გეუბნებით სიტუაციას, სადაც ადამიანი განიცდის, რომ სინამდვილეში, მას არანაირი ვალდებულება არ გააჩნია. საბჭოთა კავშირში, მე მახსოვს, ძალიან დამთრგუნველი იყო ის ფაქტი, რომ, სინამდვილეში, არაფერი გევალებოდა. იმიტომ არ იყავი არაფერი, რომ შენზე არაფერი იყო დამოკიდებული. ნამდვილი ვალდებულებები არ გქონდა. 

-    კულტურული ადამიანის სოციალურ ფუნქციას როგორ ხედავთ? ეს არის ადამიანი, რომელიც თავისი არსებობით უკვე ქმნის პირად მაგალითს და ამით ამოიწურება მისი სოციალური ფუნქცია, თუ ეს არის ადამიანი, რომელიც მძაფრად განიცდის საკუთარ მოვალეობებს, მაგრამ, ამავე დროს, სხვისი უფლებებისთვის აქტიურად იბრძვის? 
 

 

გზა აუცილებლად მეტია, ვიდრე მგზავრი.

-    გააჩნია, რა ტიპის ადამიანია, რა არის მისი ბუნებრივი მდგომარეობა. ეს შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც საერთოდ არ ჩანს საზოგადოებაში, საჯარო სივრცეში, მაგრამ უდიდესი მცველის ფუნქცია ჰქონდეს, და ასეთი მაგალითები გვაქვს. მაგრამ ადამიანების ნაწილი ძალიან აქტიურია - ან პროფესია აქვთ ასეთი, ან ხასიათი. სიჩუმე არ არის მაინცდამაინც სიბრძნის ნიშანი. მეორე მხრივ, შეიძლება ადამიანი სოციალურად აქტიური არ იყოს, მაგრამ შინაგანად დიდ მოქალაქეობრივ მუხტს ატარებდეს.

-    როგორც მივხვდი, გარემოზე გავლენაა გადამწყვეტი.  

-    დიახ, აუცილებლად. მაგალითად, დიდი პროგრესი  უნივერსიტეტის სახით მოიტანა ისტორიკოსმა ივანე ჯავახიშვილმა, რომელმაც ძალიან კარგად იცოდა, საიდან მოვდივართ. პროგრესი მოიტანა საგანძურის მცველმა ექვთიმე თაყაიშვილმა. არის უფრო აქტიური ხალხიც, არის იაკობ გოგებაშვილი. ეს ხომ ფანტასტიკაა, ეს ყველაფერი ხომ იყო?! თუ მინდა, რომ რომელიმე კონკრეტულმა ახალგაზრდამ რაღაც მიიღოს, მე უნდა გავცე, პირველ რიგში, და არ უნდა ვეძებო გზები, როგორ გასცეს ვიღაც სხვამ. ჩემთვის კოდექსია, თუ გინდა, მიეხმარო ადამიანს - შენს ხარჯზე. შენ უნდა გაიღო. ტაქსის მძღოლიდან დაწყებული, ბევრ ადამიანს ვხვდები, რომლებშიც სულ ვპოულობ საოცარ რესურსს, სულ! ოღონდ, ერთ რამეს ვერ ვხვდები: რანაირად შეიძლება, რომ შენ არაფერი ცადო, არ ჩადო, არ გასცე და მოთხოვნა გიჩნდებოდეს სხვების მიმართ. ხშირად, რასაც სიზარმაცეს ვეძახით, სინამდვილეში, აქტიური პარაზიტიზმია. 

-    შემდეგი თემა, რომელზეც უნდა ვისაუბროთ, არის თავისუფლება. თქვენ ბევრი რამ გითქვამთ ამ თემაზე:  რომ თავისუფლებისთვის ყველაფერი უნდა გაიღო ადამიანმა; რომ თავისუფლებისთვის ყოველდღიურად უნდა გადაიხადო; რომ არაფერი არ არის საჭირო, რაც თავისუფლებას ზღუდავს... მაგრამ არ ვიცი, თავისუფლება თქვენთვის მთავარი პრიორიტეტია, როგორც მხატვრისთვის, თუ როგორც ადამიანისთვისაც?  თქვენ ხართ დისციპლინის კაცი, ორგანიზებული, ფხიზელი, მოვალეობებზე ორიენტირებული. ასეთი ცხოვრების წესი წინააღმდეგობაში ხომ არ მოდის თავისუფლებასთან? წეღან თქვით, ჩარჩო თავისუფლებას არ ზღუდავსო. 
 

 

როცა კამათი ფორმით უშნოა, იქ შინაარსს აღარ ვეძებ.

-    პირიქით.

-    პირიქით - როგორ? 

-    უცნაური რამ მოხდა. მე თვითონ მომიწია იმის მენეჯმენტი, თუ როგორ შევათავსო შემოქმედებითი თავისუფლება ჩემს მოვალეობებთან, როგორც ადამიანმა, რომელსაც ოჯახი ჰყავს, როგორც მოქალაქემ, როგორც შვილმა. ეს კითხვა ჩემთვის ძალიან ადრე გაჩნდა: როგორ მოხერხდეს, რომ მე ვიყო თავისუფალი შემოქმედი, მაგრამ სხვის ხარჯზე არა. აღმოვაჩინე, რომ ბევრად ადვილია ცხოვრება, თუკი თავისუფალი შემოქმედი ხარ და არ განიცდი, შენ გარშემო ვინმეს შია თუ სწყურია. მაგრამ სხვის ხარჯზე თავისუფლება, მოგეხსენებათ, არ არსებობს. არაფერი ამაში უხერხული არ არის, რომ სამედიცინო თვალსაზრისით, ფიზიკურად ჩემთვის ძალიან რთულია ყოფითი დეტალები, თუნდაც, დანა-ჩანგლის მოხმარება. მაგრამ მოხერხდა ისე, რომ მხატვრობაში უშველებელი ტილო, სრულიად დეტალების ჩათვლით, შემიძლია თავიდან ბოლომდე შევასრულო - რაც ძნელი წარმოსადგენია, ჩემი მოტორიკიდან გამომდინარე. შეიძლება ეს ვერ მოვახერხო ყოფაში - ლურსმანი ვერ მივაჭედო ნორმალურად. იმიტომ კი არა, რომ მეზარება, უბრალოდ, არ გამომივიდეს. მაგრამ არსებობს ფსიქოენერგია, დისციპლინა, მეთოდური შრომა და ეს ყველაფერი თავისთავად გახერხებინებს იმას, რაც ვიღაცისთვის შეიძლება ვირტუოზული იყოს, მაგრამ შენთვის ძალიან ბუნებრივია. 

-    ეს მოხერხდა თქვენი ნებელობის დაძაბვით? 

-    ეს მოიტანა ამ თანმიმდევრულმა მუშაობამ, ამ ტექნიკამ. ზუსტად მახსოვს ის განწყობა, რომლითაც 1988 წელს მივიღე გადაწყვეტილება, რომ  ვიქნები მხატვარი და მეტი არაფერი. 

-    რას გულისხმობდით? 

-    დავინახე, რომ თავისუფალი ბაზრის პერიოდი მოდიოდა. ეს არ ნიშნავდა მხოლოდ თავისუფლებას და დამოუკიდებლობას. ეს ნიშნავდა სხვა წესრიგს, სხვა მოცემულობას, სხვა რეალობას, როცა, გინდა-არგინდა, პასუხისმგებლობა უნდა აგეღო შენს თავზე. ზუსტად უნდა გცოდნოდა, რითი იცხოვრებდი, რა იქნებოდა შენი პროფესია, შენი საქმე. ასეთ დროს „ვითომ მხატვარი ხარ“ აღარ გამოდიოდა.

 
ანუ იმ „სანატორიუმიდან“ უკვე საშველი გამოჩნდა, ასე რომ ვთქვათ, იმ საბჭოთა კავშირიდან. მე მახსოვს, რომ რახან მე ეს მინდოდა, ვიცოდი, რომ ეს არის გადასახდელი და ჩვეულებრივად, ჩემს მეუღლესთან შეთანხმებით, გავყიდე ბინა.

ვიცოდი, რომ დაახლოებით სამი წელი მჭირდებოდა ძალიან სერიოზული ჩაყვინთვისთვის, რომ მზად ვყოფილიყავი ნამდვილი ცურვისთვის, როცა დრო მოვიდოდა. ვიცოდი, რომ დიდი ექსპერიმენტებისთვის განმარტოება მჭირდებოდა. შეიძლებოდა, რაღაც პერიოდი არც გამოვჩენილიყავი და ეს იყო ჩემი შეგნებული გადაწყვეტილება. საბედნიეროდ, გვქონდა ოროთახიანი ბინა ვერაზე, გავყიდე და ჩავდე ჩემს პროფესიაში. ბედი მაქვს კარგი. აღმოჩნდა, რომ ამ ორ-სამ წელიწადში მართლაც დამთავრდა საბჭოთა კავშირი და თავისუფალი ბაზარიც გაჩნდა. ამ დროისთვის მე ასე თუ ისე უკვე მყარად ვიდექი გზაზე. 
 

 

სიჩუმე არ არის მაინცდამაინც სიბრძნის ნიშანი.

-    ბინის გაყიდვა რატომ იყო საჭირო? 

-    ფინანსური უზრუნველყოფა სჭირდებოდა იმას, რომ არსად არ ვიმუშავებდი და მარტო დავხატავდი. სანამ მე ექსპერიმენტებს ვატარებდი, ოჯახსაც ხომ უნდა ეცხოვრა? ნამეტანი იმერელი ვარ და ქართველი, არ შემიძლია, ჩემ გარშემო ადამიანებს პრობლემები ექმნებოდეთ იმის გამო, რომ მე ავიხირე თავისუფლება. 

-    ანუ იმას, რომ თქვენ ყოფილიყავით დამოუკიდებელი მხატვარი, რომლის ნამუშევრები გაიყიდებოდა საბაზრო ეკონომიკის პირობებში, დასჭირდა ამხელა ინვესტიცია - ოროთახიანი ბინა ვერაზე. 

-    ფერწერა ფუფუნებაა, დღეს - მით უმეტეს. ეს ძვირი სიამოვნებაა და ყოფაც თავისას ითხოვს. 

-    გამოდის, ოჯახმა ძალიან დაგიჭირათ მხარი. 

-    ამას მხარდაჭერა არც ჰქვია. მე საერთოდ ყველაფერში მიმართლებს. გამიმართლა ქვეყანაში, სადაც დავიბადე; გამიმართლა დროში; გამიმართლა ადამიანებში, ვინც გარშემოა, ვინც შრომას გიფასებს... ძალიან ბევრ რამეში გამიმართლა. მე ვერ ვიპოვე უმადურების საფუძველი (იცინის). ისე, მხატვრულად ვწუწუნებ ზოგჯერ. 

-    ზუსტად ასე რომ უნდა გეხატათ, როგორც ხატავთ - ეს როგორ მოხდა? 
 

 

ჩემთვის კოდექსია, თუ გინდა, მიეხმარო ადამიანს - შენს ხარჯზე.

-     ეს გზა ძალიან დიდხანს გაგრძელდა. ნამდვილად მახსოვს, როგორ ხდებოდა ცვლილებები, განზოგადება, იმპროვიზაცია, ინტერპრეტაცია... მერე ნელა-ნელა დგინდება, საით მიდიხარ. როგორც ვენახში, კვალში ყოფნაა მხატვრობა, ყოველდღიური პროცესი. პრიორიტეტების დალაგებას სწავლობ. გადამოწმება კი იმისთვის არის საჭირო, რომ შედეგი გაამყარო და არ დაგეშალოს სასიცოცხლო კონსტრუქცია. ბევრი რამ ხდება თავისთავად, უშენოდ, მაგრამ არჩევანს რომ აკეთებ, იქ აღარ გაქვს უფლება, რომ სიფხიზლე მოადუნო. ყოველდღიურობაშიც ძალიან კარგი საზომია პრიორიტეტების დადგენა. ყველაზე მთავარი რა არის? შემოქმედება. იქ არანაირი კომპრომისი არ არსებობს. როგორც კი შემოქმედებას გამოსცდები, აქეთ უკვე ბევრი კომპრომისია. 

-    მაგალითად? 

-    გამოფენ, - ეს უკვე შეთანხმებებია, იქ ვერ იქნები პრინციპული და ახირებული. ერთადერთი ადგილი, სადაც შენ გაქვს უფლებაც და აუცილებლობაც, რომ იყო ახირებული - მხატვრის სახელოსნო და შემოქმედებითი პროცესია. 

-    თქვენ საბჭოთა პერიოდი გამოიარეთ. თქვენნაირი ადამიანები, რომლებისთვისაც თავისუფლება შემოქმედების აუცილებელი პირობაა, იმ დროში როგორ იქნებოდით? 
 

 

ხშირად, რასაც სიზარმაცეს ვეძახით, სინამდვილეში, აქტიური პარაზიტიზმია.

-    მხატვრობაში ყოველთვის არის შესაძლებელი, ასე თუ ისე დაიცვა საზღვრები. 

-    მაგალითად, მწერლობაში როგორ არის? 

-    ახლახან ვფიქრობდი, რატომ განსხვავდება მწერლობა და მხატვრობა ასე ერთმანეთისგან? მწერლობას მაინც მეტად სჭირდება გარემო, ვიდრე მხატვრობას. მწერალს მეტი კომპრომისი მოუწევს, თუ უნდა, რომ დამოუკიდებლობა შეინარჩუნოს. ასე თუ ისე, ალეგორიული ფორმა უნდა მოძებნოს. მეტი არასაჭირო ფორმის მოძებნა სჭირდებოდათ ჩვენს მწერლებს, მეტი ძალისხმევა. მაგრამ ყველა იგავური და ალეგორიული ხომ ვერ იქნება? 

-    კინოში კიდევ უფრო რთული იყო, ალბათ.

-    პირიქით. კინოს, მგონი, იმან უშველა, რომ საბჭოთა კავშირი მეტ-ნაკლებად თვითონ მონაწილეობდა მსოფლიო კინოპროცესში. შესაბამისად, ქართული კინოს ხალხიც არ იყო მოწყვეტილი კინოს განვითარების საერთო კონტექსტს. მოსკოვში ძალიან ცნობილი რეჟისორები და მსახიობები ჩამოდიოდნენ. რა თქმა უნდა, კინოშიც ბევრი იყო სახელმწიფო კონიუნქტურით ნაკეთები ფილმი.

-    კონიუნქტურა, ცხადია, იყო. თავისუფლების შესაძლებლობა თუ იყო, - ამაზე ვლაპარაკობთ. 

-    შემოქმედებაში ან ხარ თავისუფალი, ან არ ხარ. „ცოტა თავისუფალი“, „თითქმის თავისუფალი“ ვერ იქნები. ეს არის პასუხისმგებლობა. საზღვრის ძებნაა, ნაბიჯების გამოთვლაა, სიზუსტეა. რასაც ჩვენ ირაციონალურს ვეძახით, ის არის კარგად დაგეგმილი მოულოდნელობა. თან რაღაცის გამგრძელებელი ხარ, თან იმაზე ფიქრობ, რომ გასაგრძელებლადაც უნდა მოამზადო. გზა უნდა გაგრძელდეს. ღია უნდა იყო და მაქსიმალურად უნდა გასცე შემდგომი თაობისთვის. მხატვრობაში ნამდვილად ასეა. 
 

 

არ შემიძლია, ჩემ გარშემო ადამიანებს პრობლემები ექმნებოდეთ იმის გამო, რომ მე ავიხირე თავისუფლება.

-    ახლა გალერეის და გალერისტების თემაზე უნდა ვისაუბროთ. მხატვრებს და გალერისტებს ერთმანეთი რომ არ უყვართ, მაგრამ ერთმანეთზე რომ არიან დამოკიდებული, ეს ბევრჯერ მსმენია. თქვენც გაქვთ ნათქვამი, რომ გალერისტებს კონიუნქტურა ზღუდავს. რა მთავარი პრობლემა აქვთ გალერისტებს საქართველოში?

-    საფრთხილო თემაა. გალერისტები ჩვენი თაობაა და უფრო ახალგაზრდებიც, ყველანი ჩემი მეგობრები არიან. პირველ რიგში, უნდა დაარქვა სახელი - რა გინდა. თუ შენ გინდა, რომ გალერისტი იყო და შენი საქმის განსახორციელებლად საკმარისი შემოსავალი გქონდეს - ეს ერთი გზაა. თუ გამდიდრებას აპირებ - არ მგონია, რომ გალერეა ამისთვის სწორი არჩევანი იყოს. კონცეპტუალურად უნდა გქონდეს ჩამოყალიბებული, რა გზაზე დგახარ. მაგრამ ქართველ გალერისტებს კონიუნქტურის გათვალისწინება უწევთ. 

-    არ მესმის, რა კონიუნქტურას გულისხმობთ.

-    გალერისტები ზოგჯერ ამბობენ, რომ ხელოვნება ესმის მხოლოდ ორ პროცენტს, ამიტომ, ისეთ რამეს ვაკეთებთ, რაც ორ პროცენტზე მეტს დააინტერესებსო. ფიქრობენ, რომ გალერეის მხრიდან შეთავაზება მრავალფეროვანი უნდა იყოს. მაგრამ მერე აღმოჩნდება ხოლმე, რომ რატომღაც არ გაამართლა ამ მრავალფეროვნებამ. მათთვისაც მითქვამს, რომ არ არის სწორი დამოკიდებულება: შენ უნდა გქონდეს კონცეფცია და მერე ისეთ ტირაჟზე უნდა გახვიდე, რაც ამ კონცეფციის ადეკვატურია. ნიშა უნდა ჰქონდეთ. სინამდვილეში, გალერეის მხარდამჭერი მოსახლეობის 2% კი არა 0.02% რომ იყოს, საკმარისია მისი არსებობისთვის. სინამდვილეში, ასი ადამიანიც საკმარისია, რომ იარსებო, როგორც გალერეამ. ოღონდ, ნამდვილ მხარდამჭერს ვგულისხმობ, მათ შორის, ფინანსურ მხარდამჭერს. ანალოგიით რომ ვთქვათ, ფეისბუქში არსებობს „ლაიქი“ და „შეარი“ - ანუ მოწონება და გაზიარება. „ლაიქი“ ყოველთვის მეტია, ვიდრე „შეარი“. ცხოვრებაშიც ასეა - გაზიარება უფრო რთული ამბავია, სტილისტური გადაწყვეტილებაა, ხოლო მოწონება ადვილია. თუ „ლაიქი“ გაქვს ხუთასამდე, „შეარი“ შეიძლება იყოს ასამდე და ეს საკმარისია, რომ შენი კონცეპტუალური მიზნები განახორციელო. გამდიდრებისთვის არ არის საკმარისი. მაგრამ როდესაც „შეარების“ ხარჯზე „ლაიქებს“ გაეკიდები, ნამდვილ გამზიარებელს კარგავ. აღმოჩნდება, რომ ის 20 000 ადამიანი მხარდამჭერი კი არ იყო, უბრალოდ „დაგილაიქა“ და გაიარა. მერე ამბობ, რომ ბედი არ გაქვს. სინამდვილეში, არ მოეკიდე პასუხისმგებლობით იმ გამზიარებელს. საქართველოში დიდი ფუფუნებაა გამზიარებელი ადამიანი, რომლის შესანარჩუნებლად ყველაფერი უნდა გასცე. ჩემს გალერეაში წელიწადში ერთხელ თამაშდება ნახატი იმ ადამიანებისთვის, ვისაც უნდა, რომ ჩემი ნამუშევარი ჰქონდეს, მაგრამ ვერ ყიდულობს. გამზიარებელი მოვიდა და იმ ადამიანში ყველაფერი უნდა ჩადო. ზოგჯერ უთქვამთ: აი, მოვიდა მყიდველი, მევაჭრა რაღაც... დაიწყე იმით, რომ მოვიდა... რა მაგარი ამბავია! ვან გოგთან არ მივიდა არავინ. არსებობს ადამიანი, რომელსაც შენი ნახატის შეძენა უნდა, - აქედან დაიწყე და გაგიხარდეს. მერე, რომ მეუბნები, - იცი, რა იაფად მივეცი?! ის დაგავიწყდა, სანამ მოვიდოდა, როგორ გინდოდა, რომ მოსულიყო? მადლიერება ძალიან დიდი თვისებაა და ურთიერთობების საფუძველია. 
 

 

გამიმართლა დროში; გამიმართლა ადამიანებში, ვინც გარშემოა, ვინც შრომას გიფასებს...

-    თქვენს გალერეასთან დაკავშირებით რატომ თქვით, ბევრი რამ დამანახა და უფრო თამამი გავხდიო? 

-    გალერეის გვერდზე არის ოთახი, სადაც ვმუშაობ. მოვიწყე ფუფუნება, რომ აქვე ვხატავ და ერთი ნაბიჯია სახელოსნოდან გალერეამდე, პრინციპულობიდან - შესაძლებლებლობების და კომპრომისების მდგომარეობამდე. გამოფენა, ნამუშევრების პრეზენტაცია ავტორს დისტანცირების საშუალებას აძლევს, ისევე, როგორც დაბეჭდილი წიგნი, გამოქვეყნებული სტატია. პრეზენტაცია საშუალებას გაძლევს, რომ უცხო თვალით შეხედო საკუთარს. 

-    გამოდის, თქვენ აქ, თქვენსავე გალერეაში, მაყურებლის თვალი გაქვთ?

-    რა თქმა უნდა. რა დროც არ უნდა იყოს, რასაც არ უნდა ვაკეთებდე, როდესაც ნამუშევრები ექსპონირებულია, მე ვარ მაყურებელი. რაც სახელოსნოში კეთდება, აქ, გალერეაში, იმის გადამოწმება ხდება. ნახატი შენს მოლბერტზე სხვა არის და გალერეაში - სხვა, თუნდაც, ორი ნაბიჯი იყოს ამ ორ სივრცეს შორის. 

-    და თამამი რატომ ხდებით გალერეაში?

-    მუშაობის დროს ყოველთვის არსებობს ეჭვები. სახელოსნო პრინციპული სივრცეა და იქ არ გინდა კომპრომისის დაშვება. გალერეაში კი ხვდები, რომ ეს სვლა, რომელიც იქ უხეში გეგონა, აქ გიდასტურდება. გალაკტიონის „მგოსანთ სითამამე“ ხომ გახსოვთ? რა არის მგოსანთ სითამამე? ბარიკადებზე დგომა არ იგულისხმება, ცხადია. რა სითამამეა, იცით? ბევრ რამესთან დაკავშირებით მიჩვეული ხარ - აღზრდით, ტრადიციებით, რომ ასე შეიძლება, ისე არ შეიძლება. მაინც არის შენში ცენზურა. და უცებ თამამი სვლა მოგივიდა თავში. ამ დროს რა ხდება? ერთი მხრივ, იმიტომ, რომ გადამოწმებული გაქვს ყველაფერი და დიდი გზა გაქვს გამოვლილი, სულ გგონია, რომ უნდა მოიცადო, ჯერ არ დაღვინებულა ამ თამამი სვლის იდეა. მაგრამ იდეა დაღვინებიდან დაძმარებაში შეიძლება გადაგივიდეს, თუ დაგაგვიანდა. აი, ეს არის მგოსანთ სითამამე - გაბედო და თამამი სიტყვა თქვა იქვე, პროცესში. სახელოსნოშიც არის თავისი ამბები, შიშები, ცურვაა იქ, შემოქმედებაა. და სითამამე საჭიროა მაშინ, როცა გგონია, რომ იდეა ჯერ არ დაღვინებულა, ჯერ არ დამდგარა რაღაც ახალი შემოქმედებითი ნაბიჯის გადადგმის დრო. მეც ბევრჯერ გადამიდია სამომავლოდ, როდესაც პროცესის ფორსირება არ მდომებია.

 
რომ გამოგაქვს, ატყობ, რომ, არა, კაცო, ეს თურმე... როგორც მნახველი, დავეთანხმე მე ამას. გესმის, რა არის? მე უკვე როგორც მხატვარს, შემეშინდა. კი არა, მომერიდა. აი, ხომ გაგიჟდება კაცი, იტყვიან, რომ გიჟიაო, მაგრამ ეს ყველაფერი მართლა ასეა, რა ვქნა? მომერიდა, როგორც მხატვარს და როგორც მაყურებელი, დავეთანხმე. მიდი! მიდი! უფრო თამამად! გააკეთე! ანუ გადამიყვანა განხორციელების რეჟიმში გალერეამ.

ამ გალერეის გამო კრედიტი ავიღე, მაგრამ არ მეშინია. რატომ უნდა მეშინოდეს, ტოტალიზატორს კი არ ვთამაშობ; მანქანა კი არ მიყიდია, რომლის ტარება ჩემს შესაძლებლობებს აღემატება. კრედიტი ავიღე შემოქმედებითი თავისუფლებისთვის და მე თვითონ უნდა გადავიხადო. პირიქით, ფორმაში მამყოფებს. 
 

 

როდესაც „შეარების“ ხარჯზე „ლაიქებს“ გაეკიდები, ნამდვილ გამზიარებელს კარგავ.

-    თქვენ თქვით, რომ გამოცდილება არის სიმდიდრე და როგორც ყველა სიმდიდრე, ამავე დროს, გამოცდაც არისო, შეიძლება ხაფანგად გადაიქცესო. როდის აქვს გამოცდილებას პოტენცია, რომ განძად გადაიქცეს და როდის დგება საფრთხე, რომ გამოცდილება იქცეს ხაფანგად? 

-    გამოცდილება მუდმივად გზაში ყოფნაა და შენ თუ ამ გზის გაგრძელებას აპირებ, არაფრით არ უნდა დატოვო წინ შენთვისვე ხაფანგები. თვითკმაყოფილება ჰქვია მაგას. რაც უფრო ღრმად ყვინთავ ფერწერაში, რაც უფრო ღრმად ჩადიხარ, მით უფრო დიდი ოკეანე იშლება შენ წინ. დღეს  გაცილებით მეტი რამ არ ვიცი, ვიდრე 20 წლის წინ და ეს „არ ვიცი“ სიცოცხლისუნარიანი გახდა ჩემთვის. თუ ადრე „არ ვიცი“-ში რაღაც თავმდაბლობა იყო, დღეს ეს მართლა „არ ვიცი“-ს ნიშნავს. როცა გგონია, რომ უკვე რაღაც პასუხი გაქვს ნაპოვნი, ეს არის ხაფანგი. და იმ წუთში უნდა წაშალო. მთლიანად უნდა წაშალო, თუ წასაშლელია. ხატვა ხომ სურვილია წამით გაელვებულის გაჩერების, ანუ დაფიქსირების. მაგრამ ცოცხალი მხოლოდ ის ნახატებია, რომლებსაც არ აქვს პრეტენზია, რომ წამი გააჩერა. 

-    საუბარს, ტრადიციულად, დავასრულებთ თქვენი მოკლე კომენტარებით ცნობილი ადამიანების ორ გამონათქვამზე. პირველი ციტატის ავტორია ინგლისელი მწერალი ედუარდ მორგან ფორსტერი (1879-1970): „იძულებული რომ ვიყო, სამშობლოს ღალატსა და მეგობრის ღალატს შორის გავაკეთო არჩევანი, იმედი მაქვს, მეყოფა ძალა, რომ სამშობლოს ვუღალატო.“ 
 

 

კრედიტი ავიღე შემოქმედებითი თავისუფლებისთვის.

-    ჩემთვის აქ ნათლად ჩანს, რომ ამ კაცს სამშობლო ძალიან უყვარდა. ის განიცდის სამშობლოს და იცის მისი ღირებულება. ამიტომ სჭირდება დიდი ძალა სამშობლოს ღალატისთვის. მაგრამ მეგობრის ღალატი სამყაროს ღალატია. მეგობარი არის კონკრეტული ადამიანი. სამყარო კი სწორედ კონკრეტულ ადამიანს განიცდის. ფარა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ფარას მწყემსი ტოვებს ერთი კრავის გამო. სხვანაირად ის ფარაც ვერ გადარჩება. შენ თუ ფარას პატივს სცემ, იმ კრავს უნდა გაეკიდო. ასეა მეგობარიც. ხოლო სამშობლოს თუ უღალატე, აიღებ პასუხისმგებლობას იმიტომ, რომ შენთვის უდიდესი ღირებულებაა. ჭეშმარიტებასაც უნდა უღალატო მეგობრის გამო და ეს არის იმ ჭეშმარიტების დადასტურება. 

-    რომელსაც ღალატობ?

-    დიახ. და ის ჭეშმარიტება მაშინ გაპატიებს. თუ გყოლია მეგობარი, ასეა. 

-    მეორე ციტატა ეკუთვნის გერმანელ ფილოსოფოსს, ოსვალდ შპენგლერს: „ადამიანმა იშვიათად იცის ხოლმე, სინამდვილეში, რისი სწამს.“ 

-    (პაუზა) ამ ძალიან საინტერესო კითხვას ასე ვუპასუხებდი: მე ვიცი, რომ მხატვრობის დროს მარტო არ ვარ, მაგრამ რატომ არ ვარ მარტო - არ ვიცი, ამას სახელს ვერ დავარქმევ. ამ დროს რისი მწამს, ვერ გეტყვი. მწამს, რომ სამყარო ისეთი კომპოზიციაა, რომელსაც არ შეიძლება ჰქოდეს საწყისი და სასრული. ეს არის თამაში, რომელიც არ არის გათვლილი შედეგზე. ეს არის დიდი, უსასრულო, მუდმივი თამაში, რომელშიც ვმონაწილეობ. ვიცი თუ არა, რისი მწამს? ამ კუთხით არ მიფიქრია. ო, როგორი პროვოკაციული კითხვაა! 

ფოტომასალა: მირიან მელაძე

გუნდი

ირაკლი გედენიძე

ზურაბ ქურციკიძე

გიო კუსიანი

გიორგი ურუშაძე

თამთა ყუბანეიშვილი

ნანა ყურაშვილი