×
„ქალისთვის არადამახასიათებელი ენერგიის პატრონი ვარ“

თეონა ცირამუა

გორის ქალთა კამერული გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელი, დირიჟორი


7595

ინტერვიუს შესახებ

მოვიდა „უცხო“ და წავიდა „შინაური“ - ეს არის მოკლე ალგორითმი, რომლითაც ზუსტად შეგვიძლია აღვწეროთ თეონა ცირამუას და ჩვენი პროექტის გუნდის ურთიერთობა.
 
ინტერვიუს დროს, ერთი-ორჯერ ჩავაცივდი, რაღაცის გარკვევას ვცდილობდი. საერთოდ არ აღელვებულა, ყველაფერს მშვიდად მიხსნიდა. საუბრის ბოლოსკენ კი იმდენად გულწრფელად და თავდაჯერებულად უპასუხა ჩემს „ჩამჭრელ“ კითხვას ქეთი მელუასთან დაკავშირებით, რომ იმ წამს საბოლოოდ დავრწმუნდი - ერთ-ერთი გამორჩეული ინტერვიუ შედგა! 

რეპეტიციაზე დასწრების უფლებაც მოგვცა და, მოგვიანებით, გორის ქალთა კამერული გუნდის ყველა წევრი გავიცანით. როდესაც მათ დირიჟორი მუსიკალურ ნიუანსებზე ელაპარაკებოდა (ზოგჯერ, მკაცრადაც), ჩემთვის „ჩინური“ იყო. თუმცა, გუნდის მოსმენა ერთი სიამოვნებაა და რეპეტიციაც უაღრესად საინტერესოა არა მხოლოდ მუსიკალური კუთხით, არამედ, სხეულის ენის თვალსაზრისით: თეონას არტისტულობას გუნდის წევრებიც თავისებური მიმიკებით და მოძრაობებით ეპასუხებიან, მხარს უბამენ, ჟესტების დიალოგში მიჰყვებიან. მოკლედ, დიდი სანახაობაა! 

თეონასთან ურთიერთობისას კი, რაგინდ კომფორტულად გრძნობდე თავს მის გარემოცვაში, არასოდეს გავიწყდება, რომ ეს უბრალო, გულწრფელი და პოზიტიური ადამიანი უნიჭიერესი, ლამის უპრეცედენტო პროფესიონალია. ჩვენი ინტერვიუ ამაში კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ. 

მჯერა, ბევრად მეტს მიაღწევს! 

ია ანთაძე

-    ქალბატონო თეონა, იმისთვის, რომ რაღაც ნამდვილად ღირებული შექმნას, ადამიანს სჭირდება მოთმინება. დავიწყოთ ამით: რისი მოთმენა გიწევთ და შეგიძლიათ, როგორც პროფესიონალს?
 

-    მნიშვნელოვანი თემით ვიწყებთ. პირადად მე არ მეგონა,  ამდენი მოთმინების უნარი თუ მქონდა. მაგრამ ცხოვრებამ მასწავლა, რომ რკინისებური ნერვებია საჭირო. თუმცა, ემოციური ადამიანი ვარ, შეიძლება სიბრაზემ მოულოდნელად ამაფეთქოს და ვეღარ მოვითმინო. ეს უფრო მეტად რეპეტიციაზე ხდება. არის კიდევ სულ სხვა შემთხვევა, როდესაც არ არის საჭირო მოთმინება და პასუხია გასაცემი. 

-    მაგრამ, ითმენთ?

-  მაგრამ გავცემ პასუხს (იცინის). გარედან უფრო სხვანაირად ჩანს, რადგან, ზოგადად, მომღიმარი ადამიანი ვარ. მაგრამ ადვილი არ იყო გზა, რომელიც გავიარე. ოთხი წელი შესრულდა და მეხუთე დაიწყო, რაც გორის ქალთა კამერული გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელი ვარ. კი არ ვწუწუნებ, უბრალოდ, მოთმინება დამჭირდა და ბევრი რამ მოვითმინე. თუმცა, ზოგჯერ პასუხის გაცემის მომხრეც ვარ. 

-    თუ გქონიათ შემთხვევა, როცა მოთმინება თქვენი არჩევანი არ ყოფილა, მაგრამ იძულებული იყავით, რომ მოგეთმინათ? 

-    დიახ, რა თქმა უნდა. მაგრამ იძულებული ვიყავი იმიტომ კი არა, რომ პასუხის გაცემის მეშინოდა. გულწრფელად ვიტყვი - მომითმენია იმიტომ, რომ ჩემს კარიერულ წინსვლას ასე სჭირდებოდა. 

-    და კონკრეტულად რისი მოთმენა გიწევდათ?

-    ხელოვნურად ჩემი უკან დახევის. 
 

 

მომითმენია იმიტომ, რომ ჩემს კარიერულ წინსვლას ასე სჭირდებოდა.

-    ეს იყო პროცესი გუნდის შიგნიდან თუ გარედან?

-    ორივე. 

-    მენეჯმენტის სახელმძღვანელოებში წერია, რომ სწორი მართვის პირობებში ჩვეულებრივი ადამიანები აკეთებენ არაჩვეულებრივ საქმეებს. არის თუ არა ეს ფორმულა მორგებული თქვენს გუნდზე? 

-    დიახ, ნამდვილად ასეა. გუნდთან სწორად უნდა იმოქმედო. ამიტომ, მუსიკაზე ფიქრის გარდა,  ფსიქოლოგიაზეც მიხდება ფიქრი. შეიძლება რაღაც პატარა შეცდომა გგონია, მაგრამ დიდი შეცდომა აღმოჩნდეს და შენც გავნოს და საქმეც დააზარალოს. 

-    ადამიანებთან ურთიერთობას გულისხმობთ?

-    ადამიანებთან ურთიერთობას, მათ შორის, რეპეტიციის დროს. კვირაში სამჯერ, ექვსი საათის განმავლობაში რეპეტიციის წაყვანას რომ გეგმავს, დირიჟორმა რაღაც სტრატეგია უნდა შეიმუშაოს. და ამ სტატეგიას თუ ჩაშლა ემუქრება, თუნდაც, გუნდის ცოტა ნაკლები მობილიზაციის გამო, ზოგჯერ აგრესიის გამოვლენაც მიწევს. თუმცა, ვფიქრობ, რომ ჩემი აგრესია არასდროს ყოფილა უსამართლო. ამიტომაც მგონია, რომ ჩემი გუნდის წევრებს ვუყვარვარ. უსამართლო  ხელმძღვანელი არავის უყვარს. 

-    რაკი სტრატეგია ახსენეთ, ვიცი, რომ თქვენ გაქვთ გრძელვადიანი სტრატეგია, რომელიც თავიდანვე გააცანით გუნდის წევრებს. აგრეთვე, გაქვთ ხასიათი, რომელიც გეხმარებათ ან ხელს გიშლით ამ სტატეგიის განხორციელებაში. როგორ ფიქრობთ, რომელი უფრო მნიშვნელოვანი, წონიანი კომპონენტია წარმატებისთვის - თქვენი სტრატეგია თუ თქვენი ხასიათი?

-    მე ჩემი ხასიათი მოვარგე იმ სტრატეგიას, რაც დავსახე. ბავშვობაში სხვანაირი ვიყავი - ბევრად წყნარი. ბავშვობას რომ ვადარებ, აბსოლუტურად სხვა ადამიანი მიყურებს სარკიდან. სტრატეგიაზე ძალიან ბევრი ვიფიქრე და ყოველთვის ვცდილობ, ჩემი ხასიათის მინუსებმა ხელი არ შემიშალოს მის განხორციელებაში. 

-    ხასიათის რა თვისებამ, კონკრეტულად? 

-    ისევ მოთმინებასთან არის კავშირში. რკინისებური ნერვები უნდა მქონოდა, რომ პერმანენტულად სწორად წასულიყო პროცესი. არადა, მომთმენი ადამიანი არ ვიყავი. წარმატებისთვის კი, ალბათ, ორივე ერთად უნდა იყოს - სინქრონში: სწორი ხედვა და სწორი ხასიათი. 
 

 

წინააღმდეგობები თითქმის ყოველდღე მხვდება.

-    როგორ მიიღება გადაწყვეტილებები თქვენს გუნდში? თქვენ წყვეტთ ერთპიროვნულად? მაგალითად, 2016 წლის მაისში გორში საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის დახურვაზე გორის ქალთა კამერული გუნდი არ გამოვიდა, რადგან ჩათვალეთ, რომ ფესტივალის ადმინისტრაციამ წინა დღეებში პირადად თქვენ და გუნდს შეურაცხყოფა მოგაყენათ. სტუმრები თქვენს გამოსვლას ელოდებოდნენ, მაგრამ უარი თქვით. როგორ მიიღეთ ეს კონკრეტული გადაწყვეტილება?

-    გეტყვით. ჯერ მე თვითონ ვწყვეტ იმის მიხედვით, რა მიმაჩნია სწორად. იმ დღეს, დასკვნითი კონცერტის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, გუნდი ჩვენს სარეპეტიციო ოთახში დავიბარე. არ იცოდნენ, რისთვის ვიბარებდი. იცოდნენ, რომ ფესტივალზე უნდა გამოსულიყვნენ. მე მათ ავუხსენი ჩემი პოზიცია და ისიც ვუთხარი, რომ არ მინდოდა, ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიმეღო. ვუთხარი, რომ, ჩემი აზრით, აუცილებლად უნდა გვქონოდა რეაქცია შეურაცხყოფაზე და ისიც ვუთხარი, რომ მე თვითონ არ მინდოდა კონცერტზე გამოსვლა. მხარი ყველამ ერთხმად დამიჭირა. ისინიც გაბრაზებულები იყვნენ, მხოლოდ მე - არა. არ მინდა, ჩემს თავზე ლაპარაკი გამომივიდეს, მაგრამ მე იმდენად ამოვწიე გუნდის ავტორიტეტი, თუნდაც, ძველი ავტორიტეტი დავუბრუნე, და კიდევ ძალიან ბევრი რამ ისეთი გავაკეთე, რასაც გუნდი ხედავს. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ქურდულად არ წამოვსულვარ, კულტურის განყოფილების ხელმძღვანელს დავურეკე და გავაფრთხილე, რომ დასკვნით კონცერტზე არ გამოვიდოდით. მითხრა, გასაგებია თქვენი გადაწყვეტილებაო. დავქოქე მანქანა და წამოვედი თბილისში. 

-    ამ ტიპის წინააღმდეგობები სხვა დროსაც გხვდებათ, თუ ეს გამონაკლისი იყო? 

-    ეს ყველაზე გახმაურებული შემთხვევა იყო. წინააღმდეგობები თითქმის ყოველდღე მხვდება, მაგრამ ისეთი, რომლებსაც სიტყვიერ პასუხს არ გავცემ, ღიმილით ვუპასუხებ და გავივლი. 

-    ეს შურის პრობლემაა თუ მატერიალური დაინტერესება?

-    მატერიალური არა. 

-    ცოტა მიკვირს. ისეთი ავტორიტეტი გაქვთ, არ ველოდი, რომ ყოველდღიური დაბრკოლებები გექნებოდათ. 
 

 

ხანდახან ისეთი უხეში ვარ, რომ ჩემი თავიც არ მიყვარს იმ მომენტში.

-    მეც მიკვირდა თავიდან, მაგრამ ახლა უკვე აღარ მიკვირს, მივეჩვიე (იცინის).

-    შესაძლებელია თუ არა, რომ ადამიანი ხელმძღვანელის პოზიციაზე იყოს ძლიერი და, ამავდროულად, არ იყოს უხეში? 

-    პირადად ჩემი გამოცდილებიდან გეტყვით: ხანდახან ისეთი უხეში ვარ, რომ ჩემი თავიც არ მიყვარს იმ მომენტში. მაგრამ იძულებული ვარ, რომ ასე მოვიქცე. 

-    ახლა აქცენტი საით გადაგაქვთ? თქვენს თავზე თუ რომელიმე სხვა მხარეს - როცა ამბობთ, რომ იძულებული ხართ, იყოთ უხეში? 

-    რა თქმა უნდა, სხვა მხარეს. 

-    მაშინ თქვენი ციტატა მინდა წაგიკითხოთ: „რამდენადაც რეპეტიციაზე მკაცრი ვარ, არასაქმიან გარემოში ორმაგად მეგობრული გახლავართ“.

-    დიახ. 

-    ეს ფრაზა ჩემთვის ბუნდოვანია. თუ ვიცი, რომ საღამოს შვიდი საათის შემდეგ ჩემ მიმართ გულწრფელად მეგობრული ხართ, მაშინ როგორ უნდა დავიჯერო, რომ დღის ორ საათზე გულწრფელად მკაცრი ხართ? რა ბერკეტი გაქვთ, რომ მივიღო და დავიჯერო თქვენი სიმკაცრე? 

-    სამართლიანობა. ჩემი არცერთი შენიშვნა ან აგრესიული მიმართვა უსამართლო არ ყოფილა. ნინო რამიშვილზეც ამბობენ, ბიჭებს მათრახს ურტყამდა ფეხებზეო. მე ამას არ ვაკეთებ, რა თქმა უნდა... მაგრამ დარწმუნებული ვარ, ვერავინ შემედავება იმაში, რასაც ვამბობ. მეორე მხრივ, ნამდვილად ასეა - მეგობრულიც ვარ. 
 

 

ადვილ რეპეტიციებს არ ვატარებ.

-    ნინო რამიშვილი კარგად ახსენეთ, მაგრამ რამდენადაც ვიცი, ქალბატონი ნინო საერთოდ არ ფიქრობდა, რომ თავისი მოცეკვავეების მეგობარი იყო. მთელი ის ზრუნვა და სითბო, რაც აუცილებელია ადამიანებს შორის ურთიერთობაში, ბატონ ილიკოს ჰქონდა აღებული საკუთარ თავზე. მათი ფუნქციები ზუსტად იყო გადანაწილებული. 

-    ჩემთან ორივეა შერწყმული - ნინო რამიშვილიც და ილიკო სუხიშვილიც (იცინის).

-    მაგრამ თქვენი გუნდის წევრებისთვის ეს რამდენად დამაჯერებელია? 

-    რეპეტიციის შემდეგ თუ გუნდი სადმე მიდის, მეც მათთან ერთად ვარ. ზუსტად ისევე ვერთობი, როგორც ისინი. ხელის გამართვაა საჭირო (ყველანაირი გაგებით) თუ ნებისმიერი რამ, რაც შემიძლია, ვეხმარები. შეიძლება ვიღაცისთვის დაუჯერებელი იყოს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ გუნდის წევრებთან ურთიერთობას ვარეგულირებ. 

-    თქვენს ბერკეტებს დავუბრუნდები. მაგალითად, თუ გადაწყვეტთ, რომ ასეა საჭირო, შეგიძლიათ, გუნდიდან გაუშვათ ადამიანი?

-     რა თქმა უნდა, მე თუ გადავწყვეტ, რომ წევრმა უნდა დატოვოს გუნდი, ამას აუცილებლად გავაკეთებ. თანაც, გავაკეთებ ყველანაირი იურიდიული ნორმების დაცვით, ისე, რომ ამ ნაბიჯს პრობლემები არ მოჰყვეს. განაწყენებული ადამიანისგან ყველაფერს შეიძლება ელოდო. 
 

 

გარდა სმენისა და ხმისა, ვითხოვ გამძლეობას და მობილიზაციას.

-    იმ პირველი პრეცედენტის გარდა, როცა თქვენ 13 ადამიანი გაუშვით გუნდიდან იმის გამო, რომ თბილისელები იყვნენ, კიდევ ვინმე თუ გაგიშვიათ?

-   ისინი მხოლოდ თბილისელობის გამო არ გამიშვია. ზუსტად ვიცოდი მათი შემცვლელი გორელები, უკეთესი პროფესიონალები. ფსიქოლოგიური მომენტიც არის - როდესაც ადამიანი გორში ცხოვრობს და გორის ქალთა კამერულ გუნდში მღერის, პროფესიულად ცოტა ნაკლები დონისაც რომ იყოს, თუ ხელმძღვანელი მიეხმარება, უფრო მეტი მონდომება და მიზანსწრაფვა აქვს, ვიდრე სხვა ქალაქიდან ჩამოსულს. მაგრამ თუ რადიკალურად ჯობია თბილისელი გორელს, რა თქმა უნდა, მას გუნდიდან არ გავუშვებ. 

-    იმ ახალი შემადგენლობიდან თუ წასულა ვინმე? 

-    დიახ, წასულა. პროფესიულ მომენტს უნდა შევეხო. ადამიანი რომ მოვიდა გუნდში, დარწმუნებულია, რომ ხმა აქვს, სმენა აქვს... მაგრამ გამძლეობა თუ აქვს? ის სისხარტე თუ აქვს, რაც ჩქარი ნაწარმოებების შესრულებას სჭირდება? ამბობენ, რომ ქალისთვის არადამახასიათებელი ენერგიის პატრონი ვარ და ცოტა რთულია ჩემი გაძლება. მაგრამ ვცდილობ, რეპეტიცია ისე ჩავატარო, რომ საინტერესო იყოს. თუ გადავიღლებით, ზოგჯერ იუმორსაც მოვიშველიებ, შეიძლება მოვყვე, წინა დღეს რაც გადამხდა. ვცდილობ, ისე გავიდეს ექვსი საათი, რომ ადამიანები მუდმივად სტრესში არ იყვნენ. მიუხედავად ყველაფრისა, მაინც მიმაჩნია, რომ ადვილ რეპეტიციებს არ ვატარებ. ამიტომ, გარდა სმენისა და ხმისა, ვითხოვ გამძლეობას და მობილიზაციას. ყველაზე მეტად მაღიზიანებს, როცა გუნდის წევრი მოშვებულია. ვიღაცას ჰგონია, რომ გუნდში სიმღერა ადვილია. არადა, ვიზუალურადაც იგრძნობა, როცა ვიღაც „ამოვარდნილია“ საერთო განწყობიდან. მე მაშინვე ვამჩნევ. თუ ადამიანი მუდმივად გამოსაღვიძებელია, რა თქმა უნდა, თავის საქმეს ვერ შეასრულებს ისე, როგორც საჭიროა. 

-    და ემშვიდობებით?

-    დიახ. მაგრამ ეს ხშირად არ ხდება. გუნდის წევრებს სულ ვეუბნები: მე არ მინდა, რომ შეგცვალოთ. პირიქით, მირჩევნია, რომ ერთი და იგივე შემადგენლობა იყოს. წლები სჭირდებათ ადამიანებს, რომ მათი ტემბრი და სუნთქვა დაემთხვეს. ყველაფერი უნდა გვესმოდეს ერთმანეთის და ეს ერთ დღეში და ორ დღეში კი არა, ერთ წელიწადშიც არ მიიღწევა. ამიტომ, მირჩევნია, რომ ერთი შემადგენლობა იყოს და გუნდის წევრები არ იცვლებოდნენ. მაგრამ ისიც ძალიან გამაღიზიანებელია, როცა აქეთ ვიღაც მონდომებულია და იქით ვიღაც მოდუნებულია. 
 

 

ჭანჭიკი რომ არ იყო და „მე“-მდე მიხვიდე, გჭირდება შრომა.

-    წეღან ნათქვამს მინდა, დავუბრუნდე. თქვენ თქვით, იურიდიული წესების დაცვით ვუშვებ გუნდის წევრსო. მაგრამ „გამოსაღვიძებელ“ ადამიანს იურიდიულად რა საფუძველს უძებნით გუნდიდან გაშვებისას? 

-    შინაგანაწესში ყველა დეტალი მითითებულია, მათ შორის, ისიც, რომ მობილიზებულები უნდა იყვნენ რეპეტიციაზე.

-    წერილობით უფიქსირებთ შინაგანაწესის დარღვევას? 

-    რა თქმა უნდა. იქ არის პირველი შენიშვნა, მეორე შენიშვნა...

-    ანუ არ ერიდებით ამ პროცედურებს.  

-    არ მოვერიდები, იძულებული ვარ. ნეტავ, არ იყოს საჭირო, მაგას რა აჯობებდა. 

-    ახლა თქვენი კიდევ ერთი ციტატა მინდა, შეგახსენოთ:  „ჩვენ ისეთ რეჟიმში აღმოვჩნდით უცებ, რომ ადამიანურად ვამბობ, მე არ მცალია, გუნდის წევრების პრობლემები გავითვალისწინო. ადამიანური პრობლემები ყველას გვაქვს, მაგრამ მოგვარებადი თუ არ არის, გუნდის დატოვება მოუწევს.“ 

-    რა ცივი ადამიანი ვარ (იცინის).

-    გქონიათ თუ არა შემთხვევა, როცა გუნდიდან რომელიმე წევრი წასულა იმის გამო, რომ თავისი ადამიანური პრობლემები ვერ მოუგვარებია?

-    დიახ, ყოფილა. ეს გათავისებული აქვთ. ჩვენს ამპლუაში რომ აღმოჩნდება ადამიანი, ის თვითონ ხვდება, როგორ უნდა მოიქცეს. შეიძლება გაჩნდეს პრობლემა, რომელიც მალე გვარდება. ამ შემთხვევაში, ვაცლი. ზოგან ჭირია, ზოგან ბავშვი დაიბადება... ასე კი არ არის?! მაგრამ როცა გუნდის წევრმა იცის, რომ რეპეტიციის ხანგრძლივად გაცდენა მოუწევს, თვითონვე მოდის და მეუბნება, რომ გუნდიდან უნდა წავიდეს. გუნდის რეპეტიციები მუდმივად ვითარდება და ადამიანი თვითონ იგრძნობს დისკომფორტს, როცა ფეხს ვერ აგვიწყობს. თორემ მე ერთი თვეც მიმიცია ადამიანისთვის და ორი თვეც. მაგრამ თვეობით და წლობით თუ გაგრძელდა რეპეტიციების გაცდენა, რა თქმა უნდა, ეს მიუღებელია. 
 

 

ჩვენ უნდა ვიცოდეთ ჩვენი ნაკლი.

-    თუ შეგიძლიათ გვითხრათ, რა ყოფილა ისეთი კონკრეტული პრობლემა, რის გამოც ადამიანს უთქვამს, რომ უნდა წავიდეს?

-    გეტყვით: ერთი გოგონა გვყავდა გუნდის წევრი და როცა დაფეხმძიმდა, ექიმებმა წოლითი რეჟიმი გამოუწერეს. როცა ადამიანი 9 თვე ვერ ივლის, მერე ბავშვი შეეძინება და ისევ ვერ ივლის... ცხადია, თვითონ წავიდა. კადრსაც ვაქცევ ყურადღებას. თუ არაფერი განსაკუთრებული მონაცემების ადამიანი არ არის და კიდევ ანგარიში უნდა გავუწიო, მაშინ, რა თქმა უნდა, ანგარიშს ვერ გავუწევ და ულტიმატუმს წავუყენებ. როდესაც საკმარისად კარგი არ ხარ პროფესიაში, ესე იგი, უნდა განვითარდე, რომ გუნდის ხელმძღვანელის მოთხოვნები დააკმაყოფილო.  თუ პრობლემები გაქვს და თან ხარისხს ვერ მაძლევ, რთული შემთხვევაა. ჩვენს გუნდს ჰყავს კამერული შემადგენლობა. რაც უფრო მცირეა გუნდი, მით უფრო მეტ პროფესიონალიზმს მოითხოვს თითოეული წევრისგან. 

-    თქვენ თქვით, სანთლით ვეძებ ადამიანებს, ვინც შეიძლება გუნდში მოვიყვანოო. სხვაგან თქვით, საქართველოში სასწავლო სისტემა დაშლილია და ამიტომაც ძნელია შემცვლელის პოვნაო.  მესმის, რომ უფასო მუსიკალური სკოლების სისტემა აღარ არსებობს და სახელმწიფო კარგავს ნიჭიერ ახალგაზრდებს, განსაკუთრებით, რეგიონებში. მაგრამ გორში მთლად ცუდად არ უნდა იყოს საქმე. 
 

 

თავისუფლება მჭირდება მუსიკაში და დისციპლინა მჭირდება გუნდში.

-    მხოლოდ გორზე არ ვამბობ, საერთოდ ვამბობ. როდესაც ამ ქალაქში ჩამოვედი, 23 წლის ვიყავი და ბატონმა სანდრო კაჭარავამ, გორის სამუსიკო კოლეჯის დირექტორმა,  მთლიანად ჩამაბარა კათედრაც და გუნდიც. აქ ოთხი წელი სწავლობდა ადამიანი ნებისმიერ პროფესიას - საგუნდო-სადირიჟორო იქნებოდა, საფორტეპიანო თუ სხვა. მერე მიდიოდა კონსერვატორიაში, თუ სურვილი ჰქონდა. 45 ბავშვი მყავდა იმ გუნდში. შემდეგ დაიწყო რეფორმა და ვიღაც „ჭკვიანმა“ გადაწყვიტა, რომ დირიჟორობას ორი წელი ყოფნის. არადა, ზუსტად ორი წლის შემდეგ იწყება სქემის ჩამოყალიბება და „გაჯენა“, ნაწარმოებთან შეგუება. ამ დროს კი ადამიანი სწავლას ამთავრებს და ჰაერში რჩება. 45 ბავშვიანი გუნდი ხომ მყავდა, არა? ახლა მყავს 5 ბავშვიანი. ამას რეფორმა ჰქვია? აბსოლუტურად მოშლილია სისტემა, რომელიც თითქმის იდეალურად იყო მოწყობილი. შვიდწლედის შემდეგ იყო ოთხწლედი, შემდეგ - კონსერვატორია. ახლა კი ვმუშაობ კოლეჟში, მაგრამ ვერ გავიგე, საერთოდ, სად ვმუშაობ. 

-    ეს კოლეჟი უკვე ახალი სისტემის ნაწილია და თქვენ ვერაფერს შეცვლით. 

-    კოლეჯს თავისი ხელმძღვანელი ჰყავს. მე იქ, კი ბატონო, საგუნდო-სადირიჟორო მიმართულებით წამყვანი პედაგოგი ვარ, მაგრამ  ჩემი საქმე მაქვს. ვინც ჩემს ზემოთ არის, იმათ უნდა მოილაპარაკონ.

 
ამან რა გამოიწვია, მარტივად გეტყვით ციფრებით. მე რომ ვაბარებდი კონსერვატორიაში, 7 ადგილი იყო და 28 განცხადება. ახლა 12 ადგილი აქვთ და 7 განცხადება შემოვიდა. აი, ეს გამოიწვია. კონსერვატორია იკვებებოდა სასწავლებლებით.

სამი უძლიერესი სასწავლებელი იყო თბილისში და სამივე დაიხურა. ახლა არც ვიცი, რა არის. იმდენად მაქვს ხელი ჩაქნეული, რომ აღარც ვკითხულობ.
 
-    გორის გოგონათა გუნდი, რომელიც ახლა „იქს ფაქტორის“ კონკურსში მონაწილეობს, საიდან გაჩნდა ამ დანგრეული სასწავლო სისტემის პირობებში? 

-    ეგ გუნდი, საერთოდ, ჩვენი გუნდის ბაზაზე ჩამოყალიბდა. ამ გუნდს უნდა ეკვება ჩვენი გუნდი. თაობათა ცვლა უნდა ყოფილიყო უზრუნველყოფილი. მერე რაღაცნაირი გაყოფა მოხდა. ქალთა და გოგონათა გუნდები სხვადასხვა დაქვემდებარებაში აღმოჩნდა. 

-    სინამდვილეში, ალბათ, შესაძლებელია, რომ ის რესურსი დროთა განმავლობაში თქვენ გამოიყენოთ, იურიდიული ნიუანსების მიუხედავად. 
 

 

ხანდახან ვფიქრობ, რომ არაფერი დამირღვევია.

-    შეიძლება, რომ ამაზე არ ვუპასუხო? 

-    კი ბატონო. მაშინ ისევ თქვენს გუნდს დავუბრუნდეთ. როგორც ვიცი, იქ 21 წევრია. 

-    ხან 21, ხან 22. 

-    გჭირდებათ თუ არა, თქვენი გუნდის წევრებს რეპეტიციაზე აგრძნობინოთ, რომ ისინი არიან რაფინირებულად აწყობილი ორგანიზმის ნაწილი, მაგრამ,  ამავდროულად, თითოეული მათგანი არის თვითკმარი, დასრულებული ღირებულება? გქონიათ ამის პრობლემა, რომ ადამიანებს თავი უგრძვნიათ, ასე ვთქვათ, ჭანჭიკად კარგად აწყობილ მანქანაში?

-    დიახ, მქონია ეს პრობლემაც. მე მინდა, ხარისხს მივაღწიო მათი ინდივიდუალობით. ზოგჯერ ვეუბნები, რომ თუ ჭანჭიკივით იქნებით, არაფერი გამოგივათ. მე მინდა, რომ პიროვნება მეჯდეს გუნდში. გამძლეობაზე რომ ვსაუბრობდით, ბევრჯერ მიჩხუბია მაგ თემაზე: „მე“ უნდა გქონდეს, რომ მე გამომყვე. გუნდში ახლები რომ მოხვდებიან, თუნდაც, ძველები, რაღაც შიში აქვთ. როცა ხარისხი არ მომეწონება, ავაყენებ რომელიმეს და ვეტყვი: აბა, გამიკეთე, მაჩვენე, რას აკეთებ. ეს „აბა, გამიკეთე“ ზოგისთვის არის ტრაგედია. ურჩევნია, რომ ტყვია მოხვდეს შუბლში, ვიდრე რაღაც ნოტები მიმღეროს. მე ყოველნაირად ვცდილობ, ვეუბნები: „გათავისუფლდი!“ მაგრამ მისთვის ძნელია, სწორედ იმიტომ, რომ ჭანჭიკად გრძნობს თავს.

 
ჭანჭიკი რომ არ იყო და „მე“-მდე მიხვიდე, გჭირდება შრომა და ვეჯახებით ქართულ ხასიათს.

ამას შეურაცხყოფისთვის არ ვამბობ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ჩვენი ნაკლი. ვაღიარებ, რომ უნიჭიერესი ერი ვართ, მაგრამ საქმის ბოლომდე მიყვანა არ გვიყვარს. გვირჩევნია, სხვამ გააკეთოს და ჩვენ გაკეთებულზე მივიდეთ. ვეუბნები, ასეთ „ვაიმეში“ იქნები სულ, ნამუშევარი თუ არ გაქვს. მე მჭირდება პროფესიონალი, თავის თავზე მომუშავე ადამიანი და არა ჭანჭიკი. ჭანჭიკთან ვერაფერს გავაკეთებ. 

-    როდესაც შემოქმედებითობა არის ცხოვრების წესი, ეს მოითხოვს სულიერ, შინაგან თავისუფლებას და აჩენს რისკის სურვილს. თავისუფლება როგორ ეწყობა დისციპლინას? შემოქმედებითობა (როგორც ცხოვრების წესი) და დისციპლინა (როგორც ცხოვრების წესი) ერთმანეთს თრგუნავს თუ აძლიერებს?
 

 

თავდაჯერებული ვარ ჩემს საქმეში.

-    არ თრგუნავს, პირიქით. მე თავისუფლება მჭირდება მუსიკაში და დისციპლინა მჭირდება გუნდში. არის მომენტი, როცა გავჩერდებით და რაღაც მინდა ავხსნა. ვიღაც გადაიჩურჩულებს. მე უნდა ველოდო, როდის მორჩებიან საუბარს? ეს, რა თქმა უნდა, მიუღებელია. როცა დირიჟორი ჩერდება, ყველა ჩერდება. როცა დირიჟორი იწყებს მუსიკის კეთებას, ყველა იწყებს მუსიკის კეთებას, ოღონდ, რა თქმა უნდა, თავისუფლად.
 
-    თქვენს თავთან თუ გქონიათ კონფლიქტი იმის გამო, რომ შემოქმედებითიც უნდა იყოთ და დისციპლინირებულიც? 

-    არა, მე თვითონ ვახერხებ ორივეს შერწყმას.

-    მაშინ, რომელიმე ხომ არ ზარალდება? 

-    შეიძლება, ოდნავ დისციპლინა ზარალდება იმისთვის, რომ ვიყო თავისუფალი. 

-   ცნობილია, რომ გორში საგუნდო შესრულების კულტურა დანერგა ბატონმა შალვა მოსიძემ,  რომელიც, 1967 წელს, კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ, პედაგოგად გორის მუსიკალურ სასწავლებელში გაანაწილეს. მან 1970 წელს, სანდრო კაჭარავასთან ერთად, დააარსა "გორის გოგონათა გუნდი“. მიგაჩნიათ თუ არა ბედნიერ დამთხვევად, რომ ბატონი შალვას უნარებმა და გორის მუსიკალურმა რესურსმა ერთად მოიყარა თავი? ბატონი შალვა სადმე სხვაგან რომ გაენაწილებინათ, იმ ქალაქშიც შეიქმნებოდა საგუნდო მუსიკის ასეთი მაღალი კულტურა?

-    ასე არ ვფიქრობ, რომ ბატონი შალვა ყველგან შექმნიდა იმას, რაც გორში შექმნა. რა თქმა უნდა, ბატონი შალვა განსაკუთრებულია. მან ფაქტობრივად დაანგრია ის, რაც იყო და სრულიად ახალი ჟღერადობა შექმნა. ეს ამოუწურავი თემაა. მაგრამ მე ვფიქრობ, გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა იმ ფაქტს, რომ გორში მას დახვდა ბატონი სანდრო კაჭარავა, რომელიც იყო უნიკალური მენეჯერი. მისთვის არ არსებობდა დაბრკოლება და გამოუვალი მდგომარეობა.
 

 

ვისთანაც არ უნდა გავაბა შემოქმედებითი კავშირი, ყოველთვის მექნება იმის ამბიცია, რომ ვაჯობო.

-    ცოცხალია?

-    არა, სამწუხაროდ, შარშან ოქტომბერში გარდაიცვალა. ბატონი შალვა გენიალურად აკეთებდა მუსიკას, მაგრამ ყველაფერს დანარჩენს აკეთებდა ბატონი სანდრო. საგუნდო მუსიკა საზღვარგარეთ ფაქტობრივად გორის ქალთა გუნდმა გაიტანა. მთელი ევროპა მოიარეს, კონკურსები, გამარჯვევები... ამ ყველაფრის ორგანიზატორი იყო ბატონი სანდრო.  

-    კარგით, მაშინ ასე ვიკითხავ: ბატონი სანდროს მსგავსი მენეჯერი რომ დახვედროდა რომელიმე ქალაქში ბატონი შალვას მსგავს მუსიკოსს, გვექნებოდა იგივე შედეგი? მე გორის მუსიკალური რესურსი მაინტერესებს. 

-    გორში იყო მუსიკალური სასწავლებელი, რომელთანაც არსებობდა გოგონათა გუნდი - 1970 წლიდან 2007 წლამდე. ამ სასწავლებლის დირექტორი იყო სწორედ ბატონი სანდრო კაჭარავა, უმკაცრესი, მაგრამ სამართლიანი ადამიანი. გამართული სასწავლო სისტემა მთლიანად  მისი დამსახურებაა. დიდი სტრატეგოსი იყო. გორის საგუნდო მუსიკის ფესტივალიც მისი დაარსებულია. 

-    გასაგებია ყველაფერი. ახლა, როგორც იქნა, მივადექით თქვენს შემოქმედებით მხარეს. მაგრამ, აი, რა მხრიდან მივადექით: თქვენ ამბობდით, რომ რეპეტიცია ბევრად დამატყვევებელია, ვიდრე კონცერტიო. ხსნიდით, რომ რეპეტიციის დროს ხდება იმის მიგნება, რაც მერე საზოგადოების სამსჯავროზე გამოდის. და ეს მიგნების პროცესი არის ძალიან საინტერესო. 

-    საინტერესო და ბევრად უფრო დატვირთული ფსიქოლოგიურად. 

-   როცა ეს წავიკითხე, გამახსენდა ბატონი მიხეილ თუმანიშვილი, რომელმაც დაწერა წიგნი - „სანამ რეპეტიცია დაიწყება“ და ამ წიგნში აღწერა, თვითონ როგორ ემზადება რეპეტიციისთვის. ახლა მინდა, თქვენ გვიამბოთ, როგორ ემზადებით რეპეტიციისთვის და რა ხდება მანამ, სანამ თქვენი რეპეტიცია დაიწყება. 

-    საგუნდო დირიჟორების მომზადება უკავშირდება, პირველ რიგში, ნაწარმოების შერჩევას. მე მაგალითად ტექსტსაც ვაქცევ ყურადღებას, მარტო მუსიკას არა. იმიტომ, რომ ტექსტმა უნდა წაიყვანოს მერე მუსიკა. 

-    არაქართულ სიმღერებშიც?

-   დიახ. ნაწარმოებს ხელს არ ვკიდებ, თუ შინაარსი არ ვიცი. ამ პროცესში გუნდის წევრებსაც ვრთავ. თვითონ მოსწონთ, რომ გუნდს ეხმარებიან და ნაწარმოების განხილვაში მონაწილეობენ. შეიძლება, ტექსტი არ ჰქონდეს ნაწარმოებს, მაგრამ ასევე აუცილებელია სათაურის გათავისება. იოსებ კეჭაყმაძის „ქორალი“, მაგალითად. „ქორალი“ ისეთი ნაწარმოებია, სადაც ადამიანის განწყობას დიდი მნიშვნელობა აქვს. დღეს ქორალმა შეიძლება სევდიან განწყობაზე დამაყენოს,  ხვალ იმავე ქორალმა შეიძლება ღიმილი მომგვაროს, რაღაც სასიამოვნო გამახსენოს. ყველა ნაწარმოებს სჭირდება ჩაწვდომა: რა უნდა მიიღოს მისგან მსმენელმა და მაყურებელმა, - ამაზე ფიქრი არ მთავრდება.

 

ქეთიმ ბევრი რამ ისწავლა ჩემგან და მეც ბევრი რამ ვისწავლე მისგან.

ნაწარმოებს რომ გავარჩევ, დიდი დრო არ მჭირდება, რომ მივხვდე (მით უმეტეს, ტექსტი თუ ახლავს), რა ხასიათთან მაქვს საქმე. ამ ყველაფრის თავმოყრა ხდება რეპეტიციამდე. მერე, სანამ ბგერასა და მუსიკაზე დავიწყებ ლაპარაკს, გუნდს გადავცემ შინაარსს, ტექსტის ავტორის შესახებ ინფორმაციას - ვინ იყო, რა იყო, კიდევ რა აქვს დაწერილი. ამის შემდეგ იწყება ზრუნვა და მისწრაფება, რომ მაქსიმალურად ავსახოთ, რაც ამ ნაწარმოებში დევს. ჯემალ ბეგლარიშვილის ნაწარმოებია აკაკი წერეთლის ლექსზე: „თუ ჩემს სამშობლოს გამოაღვიძებს“. იქ თუ ტექსტიდან რომელიმე სიტყვა მსმენელს მკაფიოდ ვერ მიაწოდე, ფაქტობრივად, ჩავარდნილია შესრულება. არის კიდევ უამრავი ნიუანსი, გამღერებაზე ათასნაირი სავარჯიშოა, თანხმოვნების გამოსაკვეთი ცალკე, რეჩიტატივის ცალკე, - ურთულესი პროცესია. რეპეტიციის ექვსი საათი გავა და უამრავი რამე გვრჩება გაუკეთებელი. 

-    როგორ ხდება ხოლმე - თქვენი ჩანაფიქრი აღემატება ქმნილებას, რომელიც გაგაქვთ საზოგადოების სამსჯავროზე, თუ აღწევთ, რომ რეალურად მიიღოთ ის, რაც ჩაფიქრებული გაქვთ? ან იქნებ პროდუქტი უკეთესიც გამოდის, ვიდრე ჩანაფიქრი იყო? 

-    ხშირ შემთხვევაში, ვაღწევთ; ხშირ შემთხვევაში - არ მეშინია ამის თქმის - კიდევ უფრო სხვანაირად გავაკეთებდი, ვიდრე გუნდი მომყვება ამდენი რეპეტიციის შემდეგ. ამას მაყურებელი კი ვერ გრძნობს, უბრალოდ, მე სხვანაირად გავაკეთებდი. 

-    რატომ ვერ აკეთებთ, რესურსი არ არის საკმარისი?

-    არ არის საკმარისი. არ ეწყინებათ, ალბათ, ჩემი გუნდის წევრებს, ნამდვილად არ არის საკმარისი. არსებობს ფილოსოფიური ნაწარმოებები. იქ ძალიან რთულია, იმ წერტილს მიაღწიო, სადაც სრულად გამოხატავ იმას, რაც ნაწარმოებში დევს. 

-    ამ წუთას რამე კონკრეტული ნაწარმოები გაქვთ მხედველობაში?

 
- თუნდაც, ის, რაც წეღან ვთქვი, ჯემალ ბეგლარიშვილის „თუ ჩემ სამშობლოს გამოაღვიძებს ჩემი სიკვდილი, აჰა, მეც მზად ვარ. მოდი, ჯალათო, შენი მახვილი შეუბრალებლად ზედ გულზე დამკარ!“ ახლაც კი ცრემლები მადგება, რომ ვამბობ.

ამ ნაწარმოების  შესრულებას პროფესიონალი მსახიობები სჭირდება, მარტო მომღერლები არ კმარა. 
 

 

ძალიან მომწონს ქეთის ბგერაში სიმშვიდე.

-    თუ ყოფილა შემთხვევა, როდესაც უფრო მეტი მიგიღიათ, ვიდრე ჩაგიფიქრებიათ?

-    არა, არასდროს. 

-    არა? მაგიტომაც გამოგდით ყველაფერი, რომ მაღალი თამასა გაქვთ. ისეთი შეცდომა თუ დაგიშვიათ, რომლის დავიწყება არ შეიძლება?

-    არა, ჯერჯერობით. ყოველთვის ვცდილობ, რომ სერიოზული შეცდომა არ დავუშვა. რადიკალური ნაბიჯები გადამიდგამს, მაგრამ დაუფიქრებლად არ გადამიწყვეტია. მეორე მხრიდანაც ვუყურებ სიტუაციას. ისეთ ნაბიჯს არ გადავდგამ, რომ ამან მერე რამეში ხელი შემიშალოს. ხვალ მივდივარ რეპეტიციაზე და შეიძლება ეს ხვალ დამემართოს, მაგრამ აქამდე არ მომსვლია. ისე, მაგისთვისაც მზად ვარ ფსიქოლოგიურად, რომ შეიძლება, რამე შემეშალოს. 

-    თქვენ ჩემს აღქმაში ხართ მამაცი ადამიანი იმიტომ, რომ ბევრი კლიშე დაარღვიეთ. ვახსენოთ თუნდაც ორი უმთავრესი - გუნდის რეპერტუარი და დირიჟორობის არტისტული  მანერა. თქვენ გაქვთ ის ნიჭი, ის რესურსი, რომელმაც გუნდი ბევრ გამარჯვებამდე მიიყვანა. არის თუ არა სტერეოტიპების ნგრევა პროცესი, რომელსაც თქვენთვის სიამოვნება მოაქვს? 

-    ეს არის ბუნებრივი პროცესი, რომელიც მოჰყვა რეპეტიციებს. ამაზე ცოტა მიჭირს საუბარი, რადგან ხანდახან ვფიქრობ, რომ არაფერი დამირღვევია. როგორც ვდირიჟორობ, ეგ არის. აბა, სხვანაირად როგორ უნდა ვიდირიჟორო?! არ მაქვს პასუხი. 

-    კამერული გუნდის დირიჟორის სტერეოტიპი რომ დარღვეულია, ამას არ აღიარებთ?

-    რომ დაგროვდა მასალა და ვადარებ, აღმოჩნდა, რომ დარღვეულია, მაგრამ იმ მომენტში ამაზე არ მიფიქრია. 
 

 

ჩემი თავის მიმართ ძალიან კრიტიკული ვარ.

-    შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაიმე განსაკუთრებული სიამოვნება ამ პროცესისგან არ მიგიღიათ?

-    რა თქმა უნდა, მიმიღია. შინაგანად ვგრძნობდი, რომ რაღაცას სხვანაირად ვაკეთებდი. მაგრამ ეს დაგეგმილი არ ყოფილა. დაგეგმილს, როგორც წესი, ხელოვნური ელფერი დასდევს. ხელოვნურს კი ყოველთვის გრძნობს მაყურებელი და არ მიგიღებს. 

-    ახლა მოვედით ქეთი მელუას თემასთან. გორის ქალთა კამერული გუნდი არის ერთი მუსიკალური ორგანიზმი, ხოლო ქეთი მელუა არის მეორე ორგანიზმი.

-    აბსოლუტურად განსხვავებული.

-    თანამშრომლობასთან ერთად, არსებობს თუ არა შეჯიბრებითობის ელემენტი თქვენს პროფესიულ ურთიერთობაში? 

-    შეჯიბრებითობა? არ დავმალავ ახლა ამას - მე არ დავკომპლექსებულვარ იმით, რომ ქეთი მელუასთან უნდა მეთანამშრომლა. თავდაჯერებული ვარ ჩემს საქმეში. ამის უკან ძალიან დიდი შრომა და ბევრი ფიქრი დევს. როგორც კი პროექტის გეგმა დაისახა, მე მქონდა ამბიცია, რომ გუნდი არაფრით ნაკლები არ უნდა ყოფილიყო. ქეთი მელუას ბევრი ფანი ჰყავს და, რა თქმა უნდა, ეს ძალიან სასიამოვნოა. ქეთის ფანებსაც უნდა მოსწონებოდათ ჩვენი გუნდი ისე, რომ გადარეულიყვნენ (იცინის).  ვისთანაც არ უნდა გავაბა შემოქმედებითი კავშირი, ყოველთვის მექნება იმის ამბიცია, რომ ვაჯობო. ამას ცუდი გაგებით არ ვამბობ. 

-    ზუსტად მესმის, რასაც ამბობთ. 

-    ასევე ქეთისაც უნდა ჰქონდეს ეს ამბიცია და ვინც იქნება ჩვენი მომავალი თანამშრომელი - ხომ არ ვიცი, ვინ იქნება - იმასაც უნდა ჰქონდეს, მეც უნდა მქონდეს და მაშინ იქმნება ღირებული პროდუქტი. როდესაც მე მაქსიმალურად ვმუშაობ ჩემს თავზე და ისიც მუშაობს, ეს ბოროტი შეჯიბრება კი არ არის, ზუსტად იმ საქმის გამარჯვებაა, რასაც ორმა ადამიანმა მოჰკიდა ხელი. 

-    მგონი, ძალიან გულწრფელი და კარგი პასუხი მივიღე. დიდი მადლობა ამისთვის. 

-    არ შემეშინდებოდა ამის თქმა, პირდაპირი ადამიანი ვარ. მე ეს მითქვამს ქეთისთვის და ქეთისაც უთქვამს ჩემთვის, რომ მან ბევრი რამ ისწავლა ჩემგან და მეც ბევრი რამ ვისწავლე მისგან. 

-    „იმდენი რამ ვისწავლე, ისე წინ წამიყვანა ამ გუნდმა, როგორც მუსიკოსი, რომ უბრალოდ სიტყვებით ვერ გადმოგცემთ,“ - ეს  ქეთი მელუას სიტყვებია, რომლებიც, ჩემი აზრით, მის პროფესიონალიზმს კიდევ ერთხელ ადასტურებს. 

-    რა თქმა უნდა. ქეთი უნიკალური პიროვნებაა. 
 

 

ძალიან ტრავმირებულიც კი ვყოფილვარ.

-    როგორ ფიქრობთ, რა იცის მან დღეს ისეთი, რაც თქვენთან შეხვედრამდე არ იცოდა? 

-    არ ვიცი, ეს მას უნდა ჰკითხოთ.

-    როცა მექნება საშუალება, აუცილებლად ვკითხავ. 

-    (იცინის) ქეთიმ თვითონვე თქვა, ცოტა შემეშინდა, თქვენი ჟღერადობა რომ მოვისმინეო. მერე, რეპეტიციების დროს, აბსოლუტურად ორგანული გახდა მისთვის ჩვენი გუნდი. პირველი დღის შიში დაიძლია. 

-    რისი შეეშინდა კონკრეტულად? 

-    ალბათ, მრავალხმიანობის, იმ ჟღერადობის სიძლიერის, რაც გუნდმა გამოსცა. მისთვის უცხო იყო და თანდათან მოირგო გუნდის სპეციფიკა.

-    თქვენ თუ ისწავლეთ რამე ისეთი, რაც მანამდე არ იცოდით, მუსიკალური კუთხით?

-    ზოგადად, ძალიან მომწონს ქეთის ბგერაში სიმშვიდე. მე თვითონ ტემპერამენტიანი ვარ. აბსოლუტურად განსხვავებული ტიპაჟები აღმოვჩნდით. ქეთისგან მე ვისწავლე ბგერის ტარება. იმის შემდეგ, რაც ქეთისთან მქონდა ურთიერთობა, ხშირად ვცნობ ჩემს ნაწარმოებებში ქეთის ბგერას. ეს ხმა ყურში მაქვს და ბევრ რამეს ვაკეთებ ამ ხმის მიხედვით. 

-    საუბრის ბოლოს, ისევ თქვენი ციტატა მინდა შეგახსენოთ: „რაზეც მაქვს ამბიცია, მჯერა, რომ გამომდის. მაგრამ ადამიანურ კანონებს არასდროს დავარღვევ და ამის ხარჯზე არ მოვიპოვებ ამ ამბიციას.“ - იქნებ, განგვიმარტოთ ეს სიტყვები.

-    ჩემი თავის მიმართ ძალიან კრიტიკული ვარ. სულ ვაანალიზებ - რაც მინდა, რომ გამომივიდეს, ვარ თუ არა ამის ღირსი და რაღაცას ხომ არ მივედ-მოვედები. თუ დავრწმუნდი, რომ ეს არ არის ზერელე ამბიცია და შემიძლია კონკრეტული საქმის გაკეთება, ამაზე მივდივარ. მივდივარ არა იმისთვის, რომ ვიღაც გავწიო, გადავაგდო და ვთქვა, რომ, აი, მე მოვედი! მუსიკაში არსებობს ხარისხები - ცუდი, კარგი და ძალიან კარგი. შენ თუ კარგი ხარ, ეს არ ნიშნავს, რომ საუკეთესო ხარ. არსებობს ნიჭიერი, უნიჭიერესი და არსებობს კიდევ გენიოსი. ვიღაც კარგს ჰგონია, რომ გენიოსია. შესაბამისად, თავის შესაძლებლობებთან წინააღმდეგობაში მოდის და ცდილობს, დაუმსახურებლად მოიპოვოს ის, რაც არ ეკუთვნის. ამით ყოველთვის ვიღაც ზიანდება. მე სადამდეც მოვედი, დარწმუნებული ვარ, რომ არავინ დაზიანებულა. პირიქით, მე დავზიანდი. ძალიან ტრავმირებულიც კი ვყოფილვარ, იმიტომ, რომ ხელოვნურად ვიყავი გაჩერებული და ეს ჩემთვის რთული გადასატანი იყო. 

-    მერე, რითი გადალახეთ ეს ტრავმა? 

-    95% მოთმინებით და 5% პასუხის გაცემით იმისთვის, ვინც პასუხს იმსახურებდა. 
 

 

როდესაც ბედი გიღიმის, უფრო მეტ შრომას გთხოვს.

-    საუბარს ტრადიციულად დავასრულებთ თქვენი მოკლე კომენტარით ცნობილი ადამიანების ორ გამონათქვამზე. პირველი ციტატის ავტორია ჯერალდ სვოუპი, ამერიკელი ბიზნესმენი, General Electric Co-ს პრეზიდენტი (1872—1960): „წარმატების ფორმულა არ მაქვს, მაგრამ შემიძლია შემოგთავაზოთ მარცხის ფორმულა: შეეცადეთ, რომ ყველას მოაწონოთ თავი“. 

-    ვეთანხმები. ზუსტი ნათქვამია. „შეეცადე, რომ ყველას მოაწონო თავი,“ - ეს პირდაპირ კავშირშია სიყალბესთან და ამას საზოგადოებას ვერ გამოაპარებ. იქვე უკვე დამარცხებული ხარ. 

-    მეორე ციტატა ეკუთვნის ფრანგ მწერალს ფრანსუა დე ლაროშფუკოს (1613 – 1680): „ბევრად ძნელია, ღირსეულად მოიქცე მაშინ, როცა ბედი გწყალობს, ვიდრე მაშინ, როცა ბედი არ გწყალობს“.

-    ამ აზრსაც ვეთანხმები. 

-    თქვენ ბევრი წარმატება გქონდათ ბოლო ერთ წელიწადში. ამიტომ მინდოდა, ამ ციტატაზე კომენტარი გაგეკეთებინათ. 

-    ბედი ისე არ გიწყალობებს არაფერს, თუ პროდუქტი არ დაინახა. ქეთიმ რომ დამირეკა, მან ხომ არ იცოდა, რეალურად რას დავახვედრებდით. მე გამიმართლა, რომ ქეთი დაინტერესდა, მაგრამ ის ფაქტი, რომ პროექტი შედგა - დიდი შრომის შედეგია. 

-    რა ცდუნებები, რა საფრთხეები იყო ისეთი, რაც წარმატების, ფიანდაზების ფონზე თქვენს ღირსებას ემუქრებოდა?

-    ფიანდაზად რომ მოდის წარმატებები, ყოველთვის მეშინია. გუნდს ვეუბნები: ”ნუ გიხარიათ!“ ჩემს თავსაც ვეუბნები, რომ ხიბლში ჩავარდნა არ შეიძლება. ასეთ დროს შიში მაქვს, ბედნიერება უბედურებად არ გადამექცეს. ყველა ახალი ფიანდაზი ახალ მოთხოვნას გიყენებს. ხელოვნებაში ასეა - თუ გაჩერდი, ესე იგი, უკან მიდიხარ. სულ უნდა იმუშაო, სულ წინ უნდა იარო. როდესაც ბედი გიღიმის, უფრო მეტ შრომას გთხოვს. რატომღაც, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეა.  
 

ფოტომასალა: მირიან მელაძე

გუნდი

ირაკლი გედენიძე

ზურაბ ქურციკიძე

გიო კუსიანი

გიორგი ურუშაძე

თამთა ყუბანეიშვილი

ნანა ყურაშვილი