×
„ამ ეტაპზე უფრო გალაღებული ვარ შინაგანად“

ნათია ფურცელაძე

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი (კერძო სკოლა „ქორალი“); მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის ფინალისტი; ფილოლოგიის მეცნიერებათა მაგისტრი, დოქტორანტი; ლიტერატურული კლუბის - ,,წიგნიერი" დამაარსებელი; თსუ - მიწვეული ლექტორი; გრიგოლ რობაქიძე, „წერილები სტეფან ცვაიგს“ (მთარგმნელი, გამომცემლობა „არტანუჯი“)


19212

ინტერვიუს შესახებ

არ არის ადვილი, ათიათასობით მასწავლებელს შორის შეარჩიო ერთი და თქვა, რომ აი, ეს არის საინტერესო ადამიანი. მაგრამ ნათია ფურცელაძემ არჩევანი გამიადვილა იმით, რომ საქართველოს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსში ხუთ ფინალისტს შორის მოხვდა. ეს იყო შარშან და ნათიას არსებობის შესახებ სწორედ მაშინ გავიგე. 

რა იყო ჩემი მიზანი, როდესაც სრულიად უცნობ ახალგაზრდა მასწავლებელს საკმაოდ რთული კითხვებით დავხვდი და საათნახევრის განმავლობაში ხან პროფესიულ თემებზე ვესაუბრე და ხანაც - პირადზე? 

პირველ რიგში, მინდოდა, ჩვენი ინტერვიუ საინტერესო ყოფილიყო ყველა მასწავლებლისთვის, რადგან მათ შორის ერთ-ერთი წარმატებული თავის აზრს გვიზიარებს მათივე პროფესიის გამოწვევებზე, საკუთარ მიღწევებსა და პრობლემებზე, საკუთარ ცხოვრებაზე. დარწმუნებული ვარ, ნათია ქართველი მასწავლებლებისთვის ჩემთან სტუმრობამდეც საინტერესო იყო და ახლა კიდევ უკეთ გაიცნობენ მას. 

შემდეგ, მინდოდა, ინტერვიუ იმ ადამიანებსაც წაეკითხათ, რომლებსაც, შეიძლება, ნათიას შესახებ არასოდეს სმენიათ და არც სკოლა აინტერესებთ, მაგრამ აინტერესებთ სრულიად ახალგაზრდა ქალი, დედა, მეცნიერი, მთარგმნელი, ლექტორი, წიგნის ავტორი, საკუთარი იმიჯის მკვეთრად შემცვლელი ადამიანი, რომელიც ყველაფერს ასწრებს.
 
არ დამითვლია, მაგრამ ნიძლავს ჩამოვალ, რომ ნათიამ საუბრისას ყველაზე ხშირად სიტყვა „პასუხისმგებლობა“ ახსენა. ყოველ შემთხვევაში, ასე იყო ტექსტის თავდაპირველ ვერსიაში. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ეს სიტყვა ბუნებრივად არის შეზრდილი მასთან. 

მაშ, გაიცანით საინტერესო ადამიანი - ნათია ფურცელაძე. 
 

ია ანთაძე

- ნათია, ნაფიცი მსაჯულობა რომ შემოგთავაზონ, თუ დასთანხმდებით?

- (პაუზა) როგორ იწყება ინტერვიუ?! უფრო - არა.

- რატომ? არ იქნება თქვენთვის საინტერესო?

- საინტერესო შესაძლოა იყოს. მაგრამ ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ზოგადად, არ ვარ ისეთი ადამიანი, რომ პასუხისმგებლობას ან გამოწვევას გავურბოდე. მაგრამ  საფუძვლიანად არ ვიცნობ ნაფიცი მსაჯულის მოვალეობებს. თუ დრო მექნებოდა, კარგად შევისწავლიდი საკითხს და საბოლოო გადაწყვეტილებას ამის საფუძელზე მივიღებდი, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან თავს შევიკავებდი.

- ნაფიცი მსაჯულის ერთადერთი მოვალეობაა, რომ სამართალი დაადგინოს. როგორ ფიქრობთ, იმისთვის, რომ ადამიანმა სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოს, არის თუ არა აუცილებელი, რომ ბევრი რამ იცოდეს?

- დიახ, რა თქმა უნდა. თუმცა, ცოდნა ისეთი მოცემულობაა, რომლის შესახებ ნებისმიერ ადამიანს განსხვავებული შეხედულება შეიძლება ჰქონდეს. ეჭვი არ მეპარება, რომ ნაფიცი მსაჯული კომპეტენტური უნდა იყოს.

- რაში - კომპეტენტური?

- უპირველეს ყოვლისა, თავის საქმეში.

 

ზოგადად, არ ვარ ისეთი ადამიანი, რომ პასუხისმგებლობას ან გამოწვევას გავურბოდე.

- საქმეც ეს არის, რომ ნაფიც მსაჯულს სწორედ ის თვისებები და უნარები სჭირდება, რაც მასწავლებელს: სამართლიანობის განცდა, მოსმენის უნარი, ლოგიკური აზროვნება, ახსნის და დარწმუნების გამოცდილება. მაგრამ ამჯერად მაინტერესებს, რა არის ის საფრთხეები, რამაც შეიძლება სამართლიანობის აღსრულებაში ხელი შეუშალოს როგორც მასწავლებელს, ისე ნაფიც მსაჯულს?

- მასწავლებელზე ვიტყვი: თუ მასწავლებელი უსამართლოა, ვერასდროს შექმნის სამართლიან გარემოს. სამართლიანი გარემო კი უმნიშვნელოვანესი პირობაა იმისთვის, რომ ახალგაზრდა თაობა სწორად განვითარდეს. თუ ვაცნობიერებთ, რომ ჩვენი მოვალეობა, უპირველეს ყოვლისა, არის ბავშვების პიროვნული განვითარება, მათთვის სწორი ღირებულებების ჩამოყალიბება, - სამართლიანობის განცდის გარეშე ამის მიღწევა შეუძლებელია. უსამართლო გარემოში აკადემიური უნარების გამომუშავებაც ძალიან რთულად წარმომიდგენია.  

- თქვენს პიროვნულ ზრდას რამ უფრო შეუწყო ხელი - კომფორტის ზონაში ყოფნის პერიოდებმა თუ გამოწვევების დაძლევის მცდელობებმა?

- ორივე გამოცდილება მქონია და ვფიქრობ, რომ ორივემ. თუ პროცენტულად შევადარებთ, ალბათ, გამოვა 60/40-ზე, სადაც 60% დაბრკოლებების გადალახვას აღნიშნავს. ბევრმა კომფორტულმა გამოცდილებამაც შემიწყო ხელი წინსვლაში. თუმცა, პრობლემების გადაჭრა  ბევრჯერ ახალი გზის  საფუძველი გამხდარა ჩემთვის.

- თუ გქონიათ განცდა, რომ, უნებლიეთ, თქვენი მოსწავლე დააღალატეთ? ასეთი დაბრკოლების გადალახვა თუ დაგჭირვებიათ?

- არა, ამის განცდა ნამდვილად არ მქონია.

შეიძლება ღამეები გავათენო იმისთვის, რომ არავინ დავაღალატო და, მით უმეტეს, მოსწავლე.

- გქონიათ თუ არა გამოცდილება, როდესაც აგრესიას შეეჯახეთ  სკოლაში ან უნივერსიტეტში?

- დიახ, მქონია, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ეს ხშირად მომხდარა.

- გაქვთ თუ არა ფორმულა, როგორ იქცევით მაშინ, როცა  აგრესიას ეჯახებით?

- მაქვს ფორმულა და ეს არის სიმშვიდის შენარჩუნება. აგრესია ვლინდება მაშინ, როდესაც აგრესორი საკუთარ ქმედებას ვერ აკონტროლებს. შესაძლოა, ეს იყოს აფექტის მდგომარეობაც და ყოველთვის მინდა, რომ ადამიანს მივცე დრო. შესაძლოა, გავიდეს რამდენიმე წუთი და დამშვიდდეს. მერე უფრო ეფექტურია კომუნიკაცია, ვიდრე მყისიერად. ყოველ შემთხვევაში, ასეთი ფორმულა მაქვს, რომ აუცილებლად მშვიდად უნდა ვიყო. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ  უნდა დავიჩაგრო.

- გახსოვთ შემთხვევა, როდესაც თქვენმა ფორმულამ არ იმუშავა, ან ვერ იმუშავა?

- (პაუზა) უფრო მეტად უმუშავია.

- ზოგჯერ - არა?

- ბუნებით  მშვიდობისმოყვარე ვარ და ყოველთვის ვცდილობ, რომ კრიტიკული სიტუაციები განვმუხტო. მაქვს პრინციპი, რომ თუ უსამართლობას ან აგრესიას შეესწრები, მაქსიმალურად კორექტულად, მაგრამ უნდა ჩაერიო, თუნდაც, უშუალოდ არ გეხებოდეს.

- თქვენ ერევით ასეთ დროს?

- ახლა ერთი სიტუაცია მახსენდება, როდესაც ჩემს სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა ასეთი ჩარევისას. ეს იყო დაახლოებით ხუთი წლის წინ. რამდენიმე თვის შვილი მყავდა - პირველად გავხდი დედა და ეს ემოციები მოჭარბებული მქონდა. მეტროში შევესწარი დაახლოებით ათი წლის ბავშვზე ძალადობის ფაქტს. სავარაუდოდ, მჩაგვრელი იყო დედა, რომელიც  შვილს აშინებდა და ძალით მიჰყავდა ლიანდაგებისკენ, რომ ბავშვს ის გაეკეთებინა, რაც უფროსს სურდა. გამვლელები არ ეკარებოდნენ და მე მაშინვე მივედი. ქალმა ხელი მკრა და მეც არ ვიცი, როგორ გადავრჩი, რომ ლიანდაგებში არ ჩავვარდი. იქვე ვუთხარი, რომ სოციალურ სამსახურს დავურეკავდი. ჩხუბი დამიწყო, რა უფლება გაქვს, ჩემს საქმეში რომ ერევიო. როგორც კი ტელეფონი მოვიმარჯვე, ბავშვი წაიყვანა  და გაიქცა. დანარჩენი ბავშვები იქვე დარჩნენ.

 

ცოდნა ისეთი მოცემულობაა, რომლის შესახებ ნებისმიერ ადამიანს განსხვავებული შეხედულება შეიძლება ჰქონდეს.

- ბოშები იყვნენ?

- ალბათ. ეთნიკურად ქართველები ნამდვილად არ იყვნენ. დღემდე მახსოვს ეს ამბავი და ვწუხვარ, რომ ბავშვი ბოლომდე ვერ დავიცავი. ახლა ბევრად მეტი გამოცდილება მაქვს. მაშინ იმდენი არ ვიცოდი, რამდენიც დღეს ვიცი.

- მოსწავლეს როგორ სჯით?

- შედეგის მიღწევა თუ მინდა, ჩემთვის წახალისება, პოზიტიური ქცევის განმტკიცება ბევრად შედეგიანია, ვიდრე დასჯა. დასჯა ვერ წარმომიდგენია, არ არსებობს ჩემს ყოველდღიურობაში. ერთადერთი, შეიძლება მოსწავლემ იგრძნოს, რომ ძალიან მეტკინა გული. ასეთ დროს ჩემთვის გამოსავალი ინდივიდუალური საუბარია - დიალოგი, პრობლემის განხილვა, თუნდაც, მოსწავლის მხრიდან შენიშვნის მოსმენა.

- დასჯა არასოდეს დაგჭირვებიათ? მექანიზმი არ გაქვთ, როგორ შეიძლება დაისაჯოს მოსწავლე, რომელიც წესებს არღვევს?

- გააჩნია, რა წესებს; ან როგორ არის ეს წესები შემუშავებული.

- არ აქვს მნიშვნელობა, შეიძლება, კლასმა შეიმუშავა, შეიძლება - სკოლამ, შეიძლება კანონში წერია.

- ვფიქრობ, დასჯა არ უნდა იყოს მექანიზმი. ინდივიდუალური მიდგომა მეხმარება, რომ ბავშვს ქცევა გამოვასწორებინო. მაგალითად, ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ გაკვეთილიდან გავუშვა მოსწავლე.

- მოსწავლის კლასიდან გაშვება ყველაზე პრიმიტიული და არასწორი დასჯაა თუნდაც იმიტომ, რომ საქმე  ბავშვის უსაფრთხოებას ეხება. მაგრამ მაინტერესებს, თქვენნაირი კრეატიული მასწავლებელი როგორ ექცევა ბავშვს, რომელსაც, ვთქვათ, სისტემატურად არ მოაქვს დავალება? ან გავიდა ერთი-ორი კვირა და არ ისწავლა არცერთი გაკვეთილი.

- ჩემს გამოცდილებას გაგიზიარებთ. თუ მოსწავლე მოდის და არ აქვს შესრულებული საშინაო დავალება,  ინდივიდუალური მიდგომა გულისხმობს -  გაკვეთილზევე შევუქმნათ ისეთი სიტუაცია, რომ ის დავალება შეასრულოს. თუ  დავალებას არ შეასრულებს, ჩემთვის ეს ძალიან მტკივნეული იქნება და თუ მე პატივს მცემს, როგორც ადამიანს, ცდილობს, რომ აქამდე არ მიიყვანოს საქმე. თუმცა, ამით იმას არ ვამბობ, რომ მე ვარ ღმერთი ან იდეალური და მსგავსი რამ არ ხდება. შესაძლოა, გაკვეთილის შემდეგ დავრჩეთ, გავიგო მიზეზი, რატომ მოხდა ასე და შევთანხმდეთ, რომ, მაგალითად, ორ-სამ დღეში დავალება უნდა შესრულდეს. შესაძლოა, წერითი თხზულება ელექტრონულად შეასრულოს და გადმომიგზავნოს. ბევრი რეგულაცია არსებობს, მაგრამ არა დასჯა. მიზნის მიღწევაში უფრო ჰარმონიული მეთოდები მეხმარება.

 

სამართლიანი გარემო უმნიშვნელოვანესი პირობაა იმისთვის, რომ ახალგაზრდა თაობა სწორად განვითარდეს.

- სწორედ ამ ჰარმონიული მეთოდების კონტექსტში მაინტერესებდა თქვენი რეაქცია წესების დარღვევაზე.

- ძალიან მეხმარება როლური თამაში, ასევე, პრობლემის შესაბამისი ტექსტის ან ფილმის შერჩევა და განხილვა. არსებობს ფილმი „გუნდის მომღერლები“, რომელიც გვიამბობს ბიჭების სკოლა-პანსიონში მცხოვრებ რთულ ბავშვებზე. მათთან მოდის მასწავლებელი, რომელიც წესების დამრღვევ ბავშვებს მომღერალთა გუნდად აქცევს. და სიმღერის დროს ბავშვები გაიღიმებენ, თუმცა, მანამდე სიცილი და ღიმილი მათთვის  უცხო იყო. ფილმი ჩემს მოსწავლეებთან ერთად ვნახე და მან ძალიან ბევრ, თუნდაც, პრობლემურ ქცევაზე დაგვაფიქრა. მსჯელობის მერე ბევრი დასკვნა გამოვიტანეთ, თავად როგორ მოიქცეოდნენ.

- ერთ ინტერვიუში ამბობთ, ბავშვებთან ყოველთვის გულწრფელი ვიყავი და ვმეგობრობდი, მაგრამ ჩვენ შორის ზღვარი არასდროს წაშლილაო. ზღვრის შინაარსი რა არის, ან  ზღვარი რისთვის გჭირდებათ?

- გეტყვით პირდაპირ: ჩემთვის მიუღებელია ფამილარობა, პატივისცემის გარემოს დარღვევა მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის. შესაძლოა, მათ  საკუთარი განცდების შესახებ ბევრი რამ მითხრან, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ, იცოდნენ, რომ მათი უფროსი მეგობარი ვარ და არა თანატოლი.

- ისინი გეუბნებიან თავისი განცდების შესახებ. თქვენ თუ ეუბნებით თქვენი განცდების შესახებ?

- აუცილებლად. თუ ჩვენ შორის ორმხრივი ნდობა არ ჩამოყალიბდა, შეიძლება, ბავშვი ერთი-ორჯერ გაგენდოს, მაგრამ გულწრფელ ურთიერთობას ვერ მიაღწევ.

- თქვენ რა შეგიძლიათ, მათ თქვენ შესახებ უამბოთ? რა განცდა შეგიძლიათ, რომ გაუზიაროთ?

- მაგალითად, იმ მომენტში რას განვიცდი, რა მიხარია, რა მაწუხებს, რომელმა ქცევამ შეიძლება დამასევდიანოს ან გამაბედნიეროს. ხშირად ვეუბნები: „ძალიან მიყვარხართ!“ და როდესაც ამას შენგან ისმენენ, აღარც მათ ერიდებათ ამის თქმა.

- თქვენ ახლა ძალიან იოლი შემთხვევა გვითხარით და მე უფრო რთული შემთხვევა დამაინტერესებდა.

- კარგი, მაშინ გეტყვით... ცხრა წლის ვიყავი, როცა მამა გარდამეცვალა. იმ პერიოდში მძაფრად ვერ ვიგრძენი უმამობა, მაგრამ 13-14 წლის ასაკში მივხვდი, რომ მამა ძალიან მჭირდებოდა. სულ ვწერდი დღიურებს და ეს განცდები დღემდე მაქვს ფურცლებად შემონახული. ერთია, რას იმახსოვრებს გონება და მეორეა, იქ რა წერია. რამდენიმე კვირის წინ ჯემალ ქარჩხაძის „იგი“-ზე ვსაუბრობდით და დატოვებულ კვალზე. იმ მომენტში რამდენიმე მოსწავლესთან ერთად ვიყავი. მომინდა, მომეყოლა, რას განვიცდიდი მაშინ - მამის გარეშე დარჩენილი 13-14 წლის გოგო. ჩემს ტკივილზე ვუამბე და ეს დავუკავშირე კვალის დატოვებას. ადამიანი ფიზიკურად მიდის, მაგრამ რა რჩება? ჩემზე ახალგაზრდა იყო, როცა ამ ქვეყნიდან წავიდა, მაგრამ დღემდე არსებობს ჩემთან ერთად. როდესაც ეს ტექსტი წავიკითხე, მე მათ გავუზიარე ჩემი - არა მხოლოდ ფილოლოგის, არა მხოლოდ ქართულის მასწავლებლის - შეხედულებები, არამედ, გავუზიარე განცდები პატარა გოგოსი, რომელმაც მამა დაკარგა.

 

პრობლემების გადაჭრა ბევრჯერ ახალი გზის საფუძველი გამხდარა ჩემთვის

- გასაგებია, მივიღე პასუხი, დიდი მადლობა. ახლა მინდა, სასკოლო განათლების სისტემაზე ვისაუბროთ. ჩემი ხედვით, საქართველოში როგორც სასკოლო განათლების, ასევე უმაღლეს სასწავლებლებში მიღების სისტემები მთლიანად ორიენტირებულია გამოცდებისთვის ბავშვების მომზადებაზე. არ ფიქრობთ, რომ ასეთი ორიენტაცია ზღუდავს შემოქმედებითობას როგორც მასწავლებლის, ისევე მოსწავლეების მხრიდან?

- ზოგადად, თუ გვინდა, რომ სისტემის მოწესრიგებაში როლი ვითამაშოთ,  თითოეულმა ჩვენი წილი პასუხისმგებლობა უნდა გავაცნობიეროთ და ჩვენებურად ვცადოთ გარემოს გაუმჯობესება. არცერთ მასწავლებელს, საგანმანათლებლო სივრცეში მომუშავე არცერთ ადამიანს სისტემა არ ეუბნება, რომ არ იყოს შემოქმედებითი.

- ფაქტობრივად, ეუბნება, ჩემი აზრით.

- რა თქმა უნდა, თქვენს შეხედულებას პატივს ვცემ, მაგრამ ჩემთვის არ არის მთავარი მოსწავლის და სტუდენტის გამოცდისთვის მომზადება. ჩვენი მოსწავლეები, შესაძლოა, აბარებდნენ გამოცდებს, მაგრამ კრიტიკულ სიტუაციაში ბევრ პრობლემას ვერ ჭრიდნენ. ჩემი ხედვა ასეთია, რომ მთავარია, მასწავლებელმა გააცნობიეროს თავისი წილი პასუხისმგებლობა  და მაქსიმალურ შედეგზე იყოს ორიენტირებული.

- თქვენს შედეგებთან დაკავშირებითაც მაქვს კითხვა. როდესაც სკოლაში მუშაობა დაიწყეთ, უფროსკლასელებს ასწავლიდით და, როგორც თავად წერთ, ისე შეძელით გესწავლებინათ, რომ მათ ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად რეპეტიტორი არ დასჭირდათ. ასეთი შედეგი ძალიან დიდ ინდივიდუალურ დისციპლინას მოითხოვს, რისი საშუალებაც, სკოლის მასწავლებელს, როგორც წესი, არ გააჩნია. როგორ შეძელით ამ შეუსრულებელი მიზნის მიღწევა, - ეს მინდა, რომ კარგად აგვიხსნათ.

- ჩემი აზრით, ეს არის ურთულესი, მაგრამ არა შეუძლებელი. ხანდახან ამ მიზნის მიღწევა არაადამიანურ შრომასთან არის  დაკავშირებული. მაგალითად, ეროვნული გამოცდა რომ წარმატებით ჩააბარონ, მოსწავლეებს უწევთ არგუმენტირებული ესეების და თხზულებების დაწერა. არგუმენტირებული ესე  ცხრა კრიტერიუმით ფასდება. საჭიროა, ისე შეაფასო მოსწავლის ნაწერი, რომ მოარგო ამ კრიტერიუმებს, მიუთითო, რა იყო სუსტი მხარე და რა დაწერა კარგად. რამდენიმე საათი მჭირდება, მაგალითად, 23 ნაშრომის გასასწორებლად. ამას დილის 4-5 საათიდან 8 საათამდე ვაკეთებ. ამ ბავშვების ნაწერები რომ გაჩვენოთ, როგორც ჟურნალისტს, ნახავთ, როგორია ამ თაობის ხედვა.

 

მშეიძლება ღამეები გავათენო იმისთვის, რომ არავინ დავაღალატო და, მით უმეტეს, მოსწავლე.

- ხედვა ამჯერად იმდენად არ მაინტერესებს, რამდენადაც მაინტერესებს, ვნახო, თქვენ როგორ გაასწორეთ ეს ნაწერები, რა მიუთითეთ, მერე როგორ შეამოწმეთ, თქვენი მითითებებიდან მოსწავლემ რა გაიგო და როგორ გამოიყენა  ეს ცოდნა სხვა თხზულებაში.

- ამას უნდა ჰქონდეს სისტემატური ხასიათი, თანაც, შენიშვნები არ უნდა იყოს ზოგადი. თითოეულ მოსწავლესთან კავშირია საჭირო.

- გამოდის, მოსწავლის ნამუშევარი მოწმდება ერთიანი ეროვნული გამოცდების კრიტერიუმების მიხედვით და მოსწავლეც იძულებულია, რომ ნაწერი ამ კრიტერიუმებს მოარგოს. წეღანდელ კითხვას ვუბრუნდები - სად რჩება შემოქმედებითობის ადგილი?

- საქმეც ის არის, რომ შემოქმედებითობას, ინდივიდუალურ აზროვნებას, ერუდიციას თავისი ადგილი აქვს კრიტერიუმებს შორის. საბოლოოდ კი, გეთანხმებით, რომ ნებისმიერი კრიტერიუმი შესაძლოა ჩარჩოში სვამდეს ადამიანს. მაგრამ უფროს თაობას კარგად ახსოვს მზა თემები - ამა და ამ პერსონაჟების შედარებითი დახასიათება.

- დიახ, გეთანხმებით.

- ახლანდელი მიდგომა ბევრად მეტად აფასებს და პატივს სცემს ინდივიდუალიზმს და შემოქმედებითობას - ამის თქმა მინდოდა. მე ვარ ერთი რიგითი მასწავლებელი და ვცდილობ, რომ ინსტრუქციები და ჩემი მოსწავლეების საჭიროებები დავუკავშირო ერთმანეთს.

- ყველამ ვიცით, რომ საჯარო სკოლის მასწავლებლის კარიერული წინსვლა დიდ რუტინას უკავშირდება. თქვენ, როგორც კერძო სკოლის მასწავლებელს, გაქვთ თუ არა მსგავსი რუტინა?

- რუტინაში ვალდებულებებს გულისხმობთ?

- გაქვთ თუ არა შესავსები ბევრი ფურცელი, სადაც დაწვრილებით აღიწერება თქვენი შრომის შინაარსი და შედეგები?

- ეს არ არის სავალდებულო, ჩვენზეა დამოკიდებული. თუმცა, მასწავლებლობა წარმოუდგენელია მუდმივი განვითარების, უწყვეტი განათლების გარეშე. ვერ ვიტყვი, რომ რუტინის გამო ამოსუნთქვის შესაძლებლობა აღარ მაქვს. თუმცა, კერძო სკოლების უმრავლესობა ჩართულია პროფესიული განვითარების სქემაში.

 

ჩემთვის წახალისება, პოზიტიური ქცევის განმტკიცება ბევრად შედეგიანია, ვიდრე დასჯა.

- თქვენ ხართ ჩართული?

- დიახ, მე პირადად ჩართული ვარ.

- თქვენთვის რა არის სქემაში ჩართვის მოტივაცია? რისთვის გჭირდებათ?

- უახლოეს ხანში ვაპირებ დისერტაციის დასრულებას და დაცვას. თუ ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მომენიჭება, სქემის მიხედვით, ეს ავტომატურად გულისხმობს ერთი საფეხურით წინსვლას. თუმცა, იმასაც გეტყვით, რომ პარალელურად მაქვს კონფერენციებში მონაწილეობის, საგანმანათლებლო საკითხებზე სტატიების წერის გამოცდილება და, ძალაუნებურად, დამატებითი კრედიტქულებიც დამიგროვდა.

- ახლა ის მაინტერესებს, რამდენად ეთანხმებით ამ რუტინის შინაარსს. ალბათ, რუტინა აქვს თითოეულ მასწავლებელს ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში. მაგრამ ბევრგან მასწავლებლის შეფასების კრიტერიუმი არის არა კრედიტქულები, არამედ, მოსწავლეების პროგრესი. სწორედ მოსწავლის პროგრესი უდევს საფუძვლად მასწავლებლის კარიერას. თქვენი დაკვირვებით, ის სისტემა, რაც  ჩვენთან არის, რამდენად ეფექტიანია მოსწავლეებისთვის?  

- მე ყველაფერს სწორედ  მოსწავლეების შედეგების გაუმჯობესებას ვუკავშირებ. ინოვაციური მეთოდების გამოყენება უფრო ეფექტურს ხდის გაკვეთილს და მიზანი ყოველთვის მოსწავლე და მისი შედეგია.

- მაგრამ ხომ არ იზომება მოსწავლის შედეგი?

- სისტემურად არ იზომება, თუმცა, ტარდება სხვადასხვა კვლევა, მაგალითად, წიგნიერების მიმართულებით და ასე შემდეგ.

- ეს საერთაშორისო, ზოგადი კვლევებია.

- დიახ. ერთი მაგალითი მინდა, გითხრათ. როდესაც თვითშეფასების კითხვარი შევავსე, იქ შემხვდა ასეთი კითხვა: „მოსწავლეებს რთავთ თუ არა შეფასების კრიტერიუმების შემუშავებაში?“ მაგალითად, ხვალ უნდა მოვაწყოთ პრეზენტაცია. შენ, მასწავლებელი, შენით აფასებ, თუ მოსწავლეებსაც რთავ პროცესში? მაშინ მივხვდი, რომ ამას არ ვაკეთებდი. ან კიდევ იყო ასეთი შეკითხვა: „მუშაობთ თუ არა იმაზე, რომ მოსწავლეებს გამოუმუშავდეთ მეტაკოგნიტური უნარები?“ ანუ ასწავლით თუ არა, როგორ ისწავლონ? მივხვდი, რომ გეგმაზომიერად, მიზანმიმართულად ამას არ ვაკეთებდი, მხოლოდ სიტუაციის მიხედვით. როდესაც ეს კითხვარი წავიკითხე, ძალიან ბევრ რამეზე დავფიქრდი. ამის შემდეგ  დავაკისრე  პასუხისმგებლობა მოსწავლეებსაც - ჩავრთე შეფასების კრიტერიუმების შემუშავებაში და შეფასება უფრო ობიექტურიც გახდა და გამჭვირვალეც. შედეგებიც ცალსახად გაუმჯობესდა. იმას არ ვამბობ, რომ ბევრი დოკუმენტის შევსება სასურველია. პირიქით, რაც უფრო გამარტივდება ბიუროკრატია, ბუნებრივია, ჩვენი მდგომარეობაც გაუმჯობესდება. მაგრამ იმას ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ რაც დღეს გვაქვს, ეს არის საქმის გაუარესება და არა ფიქრი მოსწავლეთა შედეგებზე.

 

ინდივიდუალური მიდგომა მეხმარება, რომ ბავშვს ქცევა გამოვასწორებინო.

- კი ბატონო, მთლად პირდაპირი პასუხი ვერ მივიღე, მაგრამ ჩავთვალოთ, რომ ეს არის თქვენი პოზიცია, დიდი მადლობა. ახლა კიდევ ერთ თემაზე მინდა გკითხოთ აზრი. საქართველოში 67 ათასი მასწავლებელია, კერძო სკოლების პედაგოგების ჩათვლით და მათგან 42 ათასი იმყოფება ყველაზე დაბალ საფეხურზე, ანუ პრაქტიკოსი მასწავლებელია. სისტემას არ გააჩნია ქმედითი მექანიზმი, რომ ამ 42 ათასი მასწავლებლის კომპეტენცია გაზარდოს, ან თუნდაც მათი ნაწილი გაუშვას სკოლიდან და უფრო კვალიფიციური კადრით ჩაანაცვლოს. ამ პირობებში, როგორ გესახებათ სკოლის მომავალი, მაგალითად, უახლოესი ათი წლის განმავლობაში?

- (პაუზა) უაღრესად საპასუხისმგებლო კითხვაა. მე ვფიქრობ, რომ მინიმუმ რაოდენობრივი კვლევის ჩატარებაა საჭირო იმისთვის, რომ ამომწურავი პასუხი გაეცეს ამ შეკითხვას.

- რა გინდათ, რომ ამ კვლევის მიზანი იყოს?

- თუნდაც, სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის მასწავლებლების გამოკითხვა და  მათი შეხედულებების დადგენა პროფესიიდან გასვლის რეგულაციებზე.

- ფაქტობრივად, ეს არის არა მასწავლებლების, არამედ განათლების პოლიტიკის სპეციალისტების საქმე, რომ შეიმუშაონ მექანიზმები, რომლებიც სკოლების კომპეტენციას გაზრდის.

- უკვე მუშაობს გადამზადების ერთწლიანი  პროგრამა, როგორ უნდა ჩაერთო სქემაში. მე ვიყავი ერთი სტუდენტის მენტორი და იმდენი ახალი იდეა და საინტერესო კომპეტენცია ჰქონდა ამ ახალგაზრდას, რომ ვერ ვიტყვი, თითქოს, იმედის სხივები არ ჩანს. მთავარია, ახალგაზრდები დაინტერესდნენ მასწავლებლის პროფესიით.

- ალბათ, ამაზე გიფიქრიათ, საქართველოში როგორ შეიძლება, რომ ბევრად უფრო პრესტიჟული გახდეს თქვენი პროფესია.

- უპირველეს ყოვლისა, მასწავლებლის პროფესიისადმი ნდობა და ინტერესი უნდა გაიზარდოს.

- ხელფასს თუ უკავშირებთ ნდობისა და ინტერესის გაზრდას?

- ხელფასსაც ვუკავშირებ, მაგრამ ეს პროფესია, მოგეხსენებათ, არ არის მხოლოდ ფინანსებზე დამოკიდებული. თუ შენ ხარ მასწავლებელი, ასწავლი კონკრეტულ დისციპლინას, ცდილობ ბავშვის პიროვნულ ჩამოყალიბებას და თან კიდევ ზრუნავ მასზე - ეს ძალიან დიდი სულიერი ენერგიის გაცემასთან (და მიღებასთანაც) არის დაკავშირებული.



 

მიზნის მიღწევაში უფრო ჰარმონიული მეთოდები მეხმარება.

- მოდით, თქვენს მოსწავლეებს დავუბრუნდეთ. ერთ ინტერვიუში წერთ: „ლიტერატურა თავისუფლებაა და ტექსტის ინტერპრეტაცია იმდენივე შეიძლება არსებობდეს, რამდენი მკითხველიც ეყოლება.“ დიახ, ასეა და ინტერპრეტაცია ხსნის ინტერპრეტატორის ბუნებას, მსოფლმხედველობას, რესურსს. თქვენი მოსწავლეების შესახებ რა გაიგეთ ლიტერატურის მეშვეობით?

- ლიტერატურა ბავშვების უკეთ გაცნობაში მეხმარება.

- შეგიძლიათ, ერთი კონკრეტული შემთხვევა რომ გვითხრათ?

- აი, თუნდაც, დღევანდელი გავიხსენოთ. ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი რომანია „გრძელფეხება მამილო“ და ამ წიგნზე მეშვიდეკლასელებთან ერთად ვსაუბრობდით იმის შესახებ, თუ რაზე დაფიქრდნენ მისი წაკითხვის შემდეგ.  ერთმა მოსწავლემ თქვა, რომ სამყაროს მიუსაფარი ბავშვის თვალით შეხედა. მეორემ ყურადღება მადლიერების განცდაზე გაამახვილა და მესამემ - პასუხისმგებლობის გრძნობაზე. კიდევ ერთმა ის თქვა, რომ არ უნდა დაკარგო იმედი. ყველამ რაღაც თავისებური დაინახა ამ ტექსტში.

- თქვენ რა დაინახეთ ამ ბავშვებში?

მე დავინახე ის, რომ ერთით მეტი გამოცდილება მიიღეს. მან რომ ის გააცნობიერა, რომ შეიძლება რთულ სიტუაციაში აღმოჩნდეს, მაგრამ ბრძოლისუნარიანი უნდა იყოს და არ დაყაროს ფარ-ხმალი - ეს არის ჩემთვის შედეგი.
 ტექსტების ინტერპრეტაცია ზუსტად ამაში მეხმარება, რომ თუ ბავშვები მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდებიან, ნაფიქრი ჰქონდეთ, თავად როგორ მოიქცეოდნენ.

- თქვენ ცდილობთ, თქვენი მოსწავლეების ცხოვრება გახადოთ უფრო შინაარსიანი და საინტერესო. თქვენს ცხოვრებაში თუ იყო ადამიანი, რომელზეც შეგიძლიათ თქვათ, რომ მასთან შეხვედრამ, მასთან ურთიერთობამ შეცვალა თქვენი ცხოვრება?

- დიახ, იყო და არაერთი. სკოლის პერიოდში რამდენიმე ასეთი მასწავლებელი იყო, მაგრამ ამჯერად დავასახელებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩემს ლექტორს  ეკატერინე ნავროზაშვილს.

 

ჩემთვის მიუღებელია ფამილარობა, პატივისცემის გარემოს დარღვევა მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის.

- რას საგანს გასწავლიდათ?

- მასწავლიდა მეოცე საუკუნის თარგმანის ისტორიას, აკადემიურ წერას, მხატვრულ თარგმანს და ასე შემდეგ.

- რით შეცვალა თქვენი ცხოვრება?

- დამეხმარა იმაში, რომ რაც  თეორიულად ვიცოდი, მექცია პრაქტიკად - ეს ერთი. მეორე - ჩვენი შეხვედრებით, ლექციებით, სემინარებით, მიმოწერით დამარწმუნა, რომ არ უნდა დამეკარგა იმედი.

- იმედი რატომ უნდა დაგეკარგათ?

- ვფიქრობდი, რომ შეიძლება ვერ დავსაქმდე. დამეხმარა იმ მომენტში იმაში, რომ ჩემი თვითშეფასება ყოფილიყო ადეკვატური. არც დაბალი და არც გადაჭარბებული - ადეკვატური. და ამას რომ მივაღწიე, მერე მივხვდი, რომ თუნდაც იმით, რაც მე ვიცოდი და როგორი ცოდნაც მქონდა, ეს ჩემი ცოდნა იქნებოდა ჩემი იმედი ყოველთვის. მან  სხვა თვალით დამანახა, თუნდაც, ლიტერატურასთან ურთიერთობა. მასწავლა, რომ შეიძლება წიგნში აღწერილი ამბავი არ გესიამოვნოს, მაგრამ ძალიან ბევრი რამ მიიღო იმიტომ, რომ დაფიქრდე. და კიდევ, აი, მთავარი პრინციპი: სულ ვეუბნებოდი - მე როგორ გადაგიხადოთ მადლობა იმ ყველაფრისთვის, რაც მომეცით-მეთქი - სულიერი მხნეობა თუ რა ჰქვია ამას. და ყოველთვის მპასუხობდა, რომ თუ ჩემგან რამე ასეთი მიიღე, ეს სხვას გაუზიარეო. როცა თვითონ მაქვს ურთიერთობა სტუდენტებთან და მოსწავლეებთან, ყოველთვის ვცდილობ, რომ ეს არ დამავიწყდეს.

- მასალაზე რომ ვმუშაობდით, ცხადია, თვალში მოგვხვდა, რომ თქვენი იმიჯი ბოლო წელიწადნახევარში მკვეთრად შეიცვალა. ყველაზე გაბედული ექსპერიმენტი რა იყო თქვენს გარეგნობასთან დაკავშირებით?

- მას შემდეგ, რაც დედა გავხდი,  ისეთი წონა მქონდა, რაც არ მსიამოვნებდა. შევებრძოლე ამ წონას და საკმაოდ ბევრი მოვიკელი.

- როგორ შეძელით?

- როცა  წონის დაკლებაზე ზრუნვა დავიწყე, ვერ ვიფიქრებდი, რომ ამდენს შევძლებდი. ერთ დღესაც იმ ძალით გავიღვიძე, რომ ძალიან მინდა, წონაში მოვიკლო. რაც შეეხება ვარცხნილობას, აი, ჩემი მეხსიერება როცა იწყება, ლამის იმ დროიდან მომყვება სურვილი, რომ მქონოდა მოკლე ვარცხნილობა, მოკლე თმა. როდესაც საკმაოდ ბევრი კილოგრამის მოშორება მოვახერხე, საკუთარ თავს ვუთხარი, რომ აი, ახლა დროა, შენი ოცნება აიხდინო და გქონდეს ისეთი ვარცხნილობა, როგორზეც წლებია ოცნებობ. ეს ორი რამ - წონა და თმა - ერთმანეთს დაუკავშირდა და, იცით, რა? დღემდე მომყვება განწყობები, რომლითაც დაინტერესდით - სილაღის, თითქოს უფრო გავთავისუფლდი. არ ვიცი, ზედმეტი კილოგრამების მოშორებამ მომიტანა ეს განცდა თუ ვარცხნილობის შეცვლამაც, მაგრამ ამ ეტაპზე უფრო გალაღებული ვარ შინაგანად, უფრო ხალისიანი ამ გარეგნობის შედეგად.

 

ჩვენი მოსწავლეები, შესაძლოა, აბარებდნენ გამოცდებს, მაგრამ კრიტიკულ სიტუაციაში ბევრ პრობლემას ვერ ჭრიდნენ.

- მიაგენით იმას, რაც გინდოდათ?

- მე მაქვს ამის განცდა. მაგრამ არ ვამბობ, რომ რაღაც სხვა არ მოვა. მრავალფეროვნება ჩემი ცხოვრების თანამდევია.

- ახლა მინდა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე ვისაუბროთ. თქვენ ხუთ მასწავლებელს შორის ყველაზე ახალგაზრდა ფინალისტი იყავით. იმის მიუხედავად, რომ ვერ გაიმარჯვეთ, ამ კონკურსის შემდეგ ბევრი კარგი მსმენია თქვენ შესახებ განათლების სისტემის მენეჯერებისგან და სპეციალისტებისგან. ხომ არ დაზარალდით იმის გამო, რომ კერძო სკოლის მასწავლებელი ხართ?  

- კონკურსი წელსაც ტარდება და რადგან განაცხადში წერია, რომ ნებისმიერი კერძო და საჯარო სკოლის მასწავლებელს შეუძლია მონაწილეობა, ვფიქრობ, ისინი თანაბარ პირობებში არიან. ერთ-ერთი, რამაც ამ კონკურსში მონაწილეობა გადამაწყვეტინა, იყო სანდო ჟიური და შეფასების კრიტერიუმების ღიაობა. მგონია, რომ დადგება დრო და რომელიმე წელს კერძო სკოლის მასწავლებელიც გაიმარჯვებს.

- რომელიმე წელს, მაგრამ არა პირველ წელს.

- არ მიფიქრია, რომ რაიმე კუთხით დავზარალდი, თუნდაც იმის გამო, რომ კერძო სკოლის მასწავლებელი ვარ.

- თუ აპირებთ, რომ კიდევ მიიღოთ მონაწილეობა ამ კონკურსში?

- ჯერჯერობით არ ვაპირებ, თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ წლების მერე ეს მოხდეს. ჯერ ბევრი საინტერესო ეტაპი მელის ცხოვრებაში - სადოქტორო კვლევა, დისერტაციის დაცვა და რამდენიმე პროექტი მაქვს დაგეგმილი.  

- რა იყო პოზიტიური და ნეგატიური მხარე იმის, რომ  კონკურსის ფინალისტი გახდით?

- პოზიტიური ის იყო, რომ შესაძლებლობა მომეცა, უფრო მეტი ადამიანისთვის მიმეწვდინა ხმა თბილისში და რეგიონებშიც. მე ყოველთვის ვამბობ, რომ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, თუ რას ფიქრობენ მოსწავლეები; როგორია მათი თვალით დანახული გაკვეთილი. მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ ბავშვების სურვილები, ინტერესები და საჭიროებაც. აი, ეს თითქოს უფრო მეტმა ადამიანმა გაიგონა და გაიგო.

 

მასწავლებლობა წარმოუდგენელია მუდმივი განვითარების, უწყვეტი განათლების გარეშე.

- ანუ თქვენი ავტორიტეტი გაიზარდა.

- დიახ, რა თქმა უნდა და გაიზარდა ყურადღება მასწავლებლების მხრიდან. კიდევ, ჩემი მოსწავლეები, ოჯახის წევრები იყვნენ ბედნიერები. რაც შეეხება ნეგატივს,  საზოგადოებისგან მართლა არ ყოფილა ნეგატიური ტალღა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ გახდა ნათია ფურცელაძე ფინალისტი.

- ბოლო კითხვა მაქვს: პირისპირ თოქშოუს წამყვანი რომ ყოფილიყავით, პირველ სტუმრად ვის მოიწვევდით?

- (პაუზა) ბევრი იდეა მიჩნდება. ერთი ადამიანი?

- დიახ.

- (პაუზა) დამაფიქრებელი შეკითხვაა.

- არ გვეჩქარება, იფიქრეთ.

- (პაუზა) სფერო შეუზღუდავია?

- აბსოლუტურად.

- (პაუზა) აკა მორჩილაძეს.

- ძალიან კარგი. ჩვენც დიდხანს ვიფიქრეთ, ჩვენი პროექტის პირველი სტუმარი ვინ უნდა ყოფილიყო. აკა მორჩილაძე იყო ჩვენი ერთ-ერთი ვერსია, მაგრამ ბოლოს სხვა არჩევანი გავაკეთეთ. ახლა საუბარი ტრადიციულად დავასრულოთ მოკლე კომენტარით ცნობილი ადამიანების ორ გამონათქვამზე. თქვენთვის, როგორც ადამიანისთვის, რომელიც სამეცნიერო საქმიანობას ეწევა, რომელიც წიგნის ავტორია და სწავლობს შტეფან ცვაიგისა და გროგოლ რობაქიძის ურთიერთობას, სპეციალურად შევარჩიეთ ორი ციტატა. პირველი ეკუთვნის ავსტრიელ მწერალს, შტეფან ცვაიგს (1881-1942): „რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, ჩვენი ქმედების მოტივი ყველაზე ხშირად არის პატივმოყვარეობა“

- არ ვეთანხმები. თუნდაც, იყოს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საყვარელი ავტორი, ვფიქრობ, იმით ვართ საინტერესოები, რომ საკუთარი შეხედულებები გვაქვს. რამდენი ადამიანიც არსებობს, იმდენნაირი მოტივი იარსებებს ქმედებისთვის. შესაბამისად, ასე ცალსახად იმის თქმა, რომ ქმედების მოტივი ყველაზე ხშირად არის პატივმოყვარეობა - ჩემს სულთან, ჩემს მსოფლმხედველობასთან ახლოს არ დგას.

 

რაც უფრო გამარტივდება ბიუროკრატია, ბუნებრივია, ჩვენი მდგომარეობაც გაუმჯობესდება.

- მეორე ციტატა კიდევ უფრო რთულია კომენტირებისთვის. მისი ავტორია ქართველი მწერალი გროგოლ რობაქიძე (1882-1962): „ქართველი ერის სტილი მწერლობაში განსხეულდა.“

- ლიტერატურა, ბევრ მხარესთან ერთად, მოიაზრებს ამასაც, რომ სინამდვილეს ასახავს. თუ გვინდა, რომ ვიკვლიოთ ერის სტილი, ამაში ქართული ლიტერატურა ნამდვილად დაგვეხმარება.

- შეგიძლიათ თქვენ, როგორც ქართული ლიტერატურის მასწავლებელმა, თქვენი აზრი გვითხრათ, რა არის ქართველი ერის სტილი, რომელიც მწერლობაში განსხეულდა? გურამ ასათიანმა ამ თემაზე წიგნიც დაწერა.

- მგონია, რომ ქართველი ერის სტილი არის სიყვარულის განცდა, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში - უნაპირო სიყვარულის. ჩვენი სტილის ნიშანიც ეს მგონია, რომ სიყვარული გვეფანტება. შეგვიძლია სიყვარული, უბრალოდ, საჭირო დროს და საჭირო ადგილას აღმოჩნდება, რომ აღარ არსებობს. ჩვენი სტილი ასევე არის ნაკლები შრომისმოყვარეობა, არ მინდა გამოვიყენო სიტყვა  „სიზარმაცე“. თუმცა, ახლანდელი თაობა ბევრად ბრძოლისუნარიანია.

- იმას გულისხმობთ, რომ მათი ბრძოლისუნარიანობა ლიტერატურაში აისახა?

თანამედროვე ლიტერატურაში ჩანს. თუმცა, ისიც ჩანს, როგორია რეალობა. ჩანს ძლიერი მხარეც, მაგრამ ისიც, რაც გამოსასწორებელია. სარკის ფუნქცია, ვფიქრობ, რომ დღევანდელ ლიტერატურას აქვს.
რამდენიმე ტექსტი გამახსენდა, რომლებმაც ჩემ წილ პასუხისმგებლობაზე დამაფიქრა, როგორც თანამედროვე ქართველი.

- გვითხარით, რა ტექსტები გაგახსენდათ და ამით დავასრულოთ.

 

ვერ ვიტყვი, თითქოს, იმედის სხივები არ ჩანს.

- ამ ზაფხულს არჩილ ქიქოძის „სამხრეთული სპილო“ წავიკითხე, რომელმაც ძალიან ბევრი რამ თვალწინ ამაფარა. „ქალაქი წყალზე“ - სალომე ბენიძის ეს რომანიც დაგვაფიქრებს, რამდენად მნიშვნელოვანია თანასწორი გარემოს არსებობა. ტორესა მოსის „სიბრძნე სიცრუისა“ გამახსენდა - თავისუფლება და წიგნიერება როგორ შეიძლება დაეხმაროს ადამიანს. ბევრისგან განსხვავებით, მე არ ვფიქრობ, რომ თანამედროვე ქართული ლიტერატურა არ არსებობს. პირიქით, ძალიან საინტერესო თემებზე მსჯელობენ ჩვენი თანამედროვე ავტორები. ახლა კიდევ ბევრი ვერ ვახსენე.

- ესე იგი, თუ ვიტყვით, რომ ქართველი ერის სტილი მწერლობაში განსხეულდა, თქვენი აზრით, გრიგოლ რობაქიძის ამ მოსაზრებას თანამედროვე მწერლობაც პასუხობს?

- დიახ. თუნდაც ნინო ხარატიშვილი გავიხსენოთ. გერმანულენოვანი მწერალია, მაგრამ მის ტექსტებში ყოველთვის ჩანს ქართული სინამდვილე. როგორ არ განსხეულდა - აკა მორჩილაძის შემოქმედება თავიდან ბოლომდე ეს არ არის?!  ახლა გამახსენდა აკას „შენი თავგადასავალი“ - როგორ არ ჩანს აქ ჩვენი სტილი? ცხადია, ჩანს და ამ ტექსტებთან კავშირი იწვევს მუდმივ ფიქრს. და მგონია, რომ ეს ფიქრი არის გამოფხიზლების, გამოღვიძების, პასუხისმგებლობების დაკისრების და გაცნობიერების თანამდევი ჩვენი ცხოვრების გზაზე.

ფოტომასალა: ზურაბ ქურციკიძე

გუნდი

ირაკლი გედენიძე

ზურაბ ქურციკიძე

გიო კუსიანი

გიორგი ურუშაძე

თამთა ყუბანეიშვილი

ნანა ყურაშვილი

ინგა ქორიძე