×
„ადამიანი მთლიანობაში მიყვარს, იმის მიუხედავად, ის ნაცარქექიაა თუ არა”

მარი მალაზონია

ექიმი-ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი, ექიმთა საერთაშორისო ასოციაცია “930”-ის პრეზიდენტი, ევროპის პრევენციული, რეგენერაციული და დაბერების საწინააღმდეგო მედიცინის საბჭოს წევრი, სატელევიზიო გადაცემის (“პირადი ექიმი - მარი მალაზონია”) ავტორი და წამყვანი


8740

ინტერვიუს შესახებ

რატომღაც, ქალბატონ მარი მალაზონიასთან ინტერვიუ ყველაზე პოლემისტური გამოვიდა. ჩემი კითხვების სულისკვეთება ხშირად უპირისპირდებოდა მის პასუხებს, ქალბატონი მარი კი მოთმინებით ცდილობდა, ახალ-ახალი არგუმენტი მოეძებნა ჩემს დასარწმუნებლად. და, ხშირ შემთხვევაში, მიზანს აღწევდა.

მოგვიანებით, როცა ამ დისკუსიის დრამატურგიაზე ვფიქრობდი, ერთი ახსნა მოვძებნე: როგორც ჩანს, ინტერვიუს დროს უნებლიეთ ვცდილობდი, მარი მალაზონიას უნაკლო იმიჯში რაიმე ბუნებრივი ბზარი აღმომეჩინა. ალბათ, ეს ჟურნალისტისთვის დამახასიათებელი პროფესიული ცნობისმოყვარეობა და სურვილი იყო. საბოლოოდ, მეტად კმაყოფილი დავრჩი იმით, რომ, პოლემიკის შემდეგ, ჩემთვის ბევრად საინტერესო რესპონდენტს დავემშვიდობე, ვიდრე შეხვედრის დაწყებისას წარმომედგინა. მგონი, ქალბატონი მარიც კმაყოფილი დარჩა იმით, რომ საზოგადოებას კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი ბუნებრივი სახე, ოღონდ, სხვა კონტექსტში, სხვა სიღრმით და სხვა წახნაგებით.

ასე რომ, გთავაზობთ, თავიდან გაიცნოთ ძალიან ცნობილი ქალბატონი - ექიმი-ნუტრიციოლოგი მარი მალაზონია.

 

ია ანთაძე

-         ქალბატონო მარი, თქვენ  მთელი საქართველო გიცნობთ და მარი მალაზონიას ეს სახე, რომელსაც ყოველდღე ვხედავთ, მხოლოდ სატელევიზიო სახეა, თუ თქვენი ბუნებრივი სახეც არის?

-         ნებისმიერი ადამიანი, ვინც მიცნობს, დამეთანხმება, რომ ჩემი არსებობის და საქმიანობის არცერთი სფერო ერთმანეთისგან გამიჯნული  არ არის. მე ვარ ასეთი, როგორიც ვარ. მაგალითად, მეტყველების მანერა ასეთი მაქვს საკუთარ სამზარეულოშიც, აუდიტორიაშიც და მაყურებელთან ურთიერთობის დროსაც.

-         რაც მე თქვენ შესახებ მსმენია, იმის მიუხედავად, რომ ძალიან დაკავებული ადამიანი ბრძანდებით, რაღაც ჯადოსნობით მაინც ახერხებთ, რომ ყველას მიმართ იყოთ ერთნაირად გულისხმიერი და სწორი. მაგრამ როდისღაც ხომ იღლებით? როგორია დაღლილი მარი მალაზონია?

-         დაღლილობა ფიზიოლოგიური და ბუნებრივი მოვლენაა. თუ ადამიანი ცოცხალია, ის აუცილებლად იღლება კიდეც. მაგრამ ყოველთვის ვცდილობ, რომ თუ  პრობლემა მაქვს, ეს სხვას არ ვაგრძნობინო. როცა ვიღლები, ჩემი საუკეთესო წამალი ჩემი ოჯახია - შვილებთან, მეუღლესთან ურთიერთობა.


-         ნერვები თუ გღალატობთ, ზოგჯერ მაინც?

-        საჯაროდ იშვიათად. ოჯახშიც არ ყოფილა შემთხვევა, რომ შვილები დამეტუქსა, ან ხმამაღლა მესაუბრა. თუ ჩავთვლით, რომ ნერვების ღალატი ის მდგომარეობაა, როდესაც მართლაც გადაულახავი სირთულე მაქვს (უახლოეს წარსულში ეს იყო ჩემი დედიკოს ავადმყოფობა), ასეთ შემთხვევაში, მე და ჩემი ნერვები ერთად ვრჩებით აივანზე. გარწმუნებთ, ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც სიტუაცია ძალიან რთულია და არ მინდა, რომ პრობლემა სხვებისთვისაც ტვირთად იქცეს.
 

 

 

ზოგჯერ ერთი სიცოცხლე არ არის საკმარისი, რომ მოიპოვო ნდობა, როგორც ადამიანური ურთიერთობის მთავარი კაპიტალი .


-         მათ შორის, თქვენი ოჯახის წევრებისთვის?

-         დიახ, უპირველეს ყოვლისა, ოჯახის წევრებისთვის.

-        როდესაც ფეისბუკზე თქვენი სახელით ყალბი პროფილი გაჩნდა, თქვენ გაავრცელეთ განცხადება, სადაც წერდით, რომ განსაკუთრებით უფრთხილდებით ნდობას და რომ თქვენ მიმართ ნდობა მთელი თქვენი სიცოცხლის საპირწონეა. ეს ძალიან ძლიერი სიტყვებია. ვიცით, რომ ნდობა მოაქვს სტანდარტის დაცვას ხანგრძლივად. არადა, გასული წლის აპრილში საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომ თქვენს ერთ-ერთ გადაცემაში დაირღვა ქარტიის მერვე პრიციპი. ეს პრინციპი ჟურნალისტს ავალდებულებს, დაიცვას ბავშვის უფლებები და მისი საუკეთესო ინტერესები. თქვენ კი ერთ-ერთ დაავადებაზე საუბრისას, გადაცემაში აჩვენეთ ბავშვი ამ დაავადებით. ვიცი, რომ საკითხის განხილვას ესწრებოდით. თუ დაეთანხმეთ ქარტიის გადაწყვეტილებას?

-        ნდობიდან დავიწყებ. ზოგჯერ ერთი სიცოცხლე არ არის საკმარისი, რომ მოიპოვო ნდობა, როგორც ადამიანური ურთიერთობის მთავარი კაპიტალი. ნდობა არის საზოგადოების მზაობა, რომ არა უბრალოდ მიიღოს ჩვენი ინფორმაცია, არამედ, გაიზიაროს და უკრიტიკოდ გამოიყენოს ის იმიტომ, რომ მის მიღმა ხედავს მნიშვნელოვან ცოდნას, გამოცდილებას, ადამიანურ ღირსებას. ნდობა გვიქმნის წინაპირობას, რომ გავბედოთ და შევეხოთ რთულ საკითხებს. მაგრამ ამ გამბედაობაში არის რისკები, რომ  ზოგჯერ შეიძლება საზოგადოების მხრიდან ვერ მივიღოთ მოსმენის მზაობა და ამას დრო დასჭირდეს. პრობლემა, რომელიც მაშინ წამოვწიეთ, მშობლებისთვის იყო საყურადღებო.  დღესაც მჯერა, რომ მშობელს უნდა დავანახოთ ისეთი ცვლილებები ბავშვის ორგანიზმში,  რომელიც სწორედ მან უნდა შენიშნოს, როდესაც ბავშვს ჰიგიენურად აწესრიგებს. როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ბავშვს არ ჩამოუყალიბდეს ის ნაკლი, რომელიც მერე მას თანატოლების თუ საზოგადოების მხრიდან დაჩაგვრის ობიექტად აქცევს - ეს არის ჩემი ტკივილი. ზოგიერთ საკითხზე საუბარი შეიძლება ადრე გვეჩვენება, წესის დარღვევადაც გვეჩვენება, მაგრამ ეს საკითხები განხილვის საგანი უნდა იყოს.
 

 

მე არ მივეკუთვნები იმ ადამიანთა რიცხვს, რომლებიც კრიტიკულ მოსაზრებას არ ისმენენ.


-         ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ სხვა ფორმით ამ თემაზე ვერ ისაუბრებდით და ფორმა, რომელიც გადაცემაში გამოიყენეთ, ოპტიმალური იყო?

-      იმ მომენტისთვის ჩვენ ასე ვფიქრობდით. მე არ მივეკუთვნები იმ ადამიანთა რიცხვს, რომლებიც კრიტიკულ მოსაზრებას არ ისმენენ. განხილვაზეც იმიტომ მივედი, რომ მინდოდა, ჩემი პროფესიული აზრი გამეზიარებინა იქ მსხდომი ადამიანებისთვის.

-         ფაქტობრივად, ვერ დაარწმუნეთ ქარტიის საბჭო.

-      უნდა ვთქვა, რომ ყურადღებით მომისმინეს და ბევრი რამ გაითვალისწინეს. თუმცა, ფორმა ყოველთვის შეიძლება იყოს სადავო და ყველას დავეთანხმები, რომ უკეთესი ფორმებიც შეიძლება გამოვიყენოთ. სხვათა შორის, მოგვიანებით ჩვენს ჟურნალისტს ქარტიის სპეციალური სერტიფიკატი გადაეცა, ჩვენს გადაცემაში განხორციელებული პროექტისთვის.

-      ინტერვიუს მომზადების დროს მოვისმინე თქვენი მოსაზრება იმის შესახებ, რომ ადამიანისთვის მთავარი თავისუფლებაა, ხოლო ჯანმრთელობა ინსტრუმენტია, რომ ეს თავისუფლება არ შეიზღუდოს. ლოგიკა სრულიად გასაგებია, მაგრამ უშვებთ თუ არა, რომ შეცდომებიც თავისუფლების ნაწილია? ადამიანები,  რომლებმაც იციან, რომ თამბაქო, ალკოჰოლი, ნარკოტიკი მავნეა, მათი მოხმარების უფლებას სწორედ პირად თავისუფლებას უკავშირებენ. თქვენი აზრით, სახელმწიფომ როგორ უნდა შეხედოს ამ დილემას?

-     

დიახ, თავისუფლება ადამიანის ყველაზე დიდი მონაპოვარია და ამ ჭრილში მე, როგორც ექიმმა, შემიძლია გითხრათ, რომ ავადმყოფობა შეზღუდული თავისუფლებაა, ჯანმრთელობა კი არის თავისუფლება თვითრეალიზაციისთვის საუკეთესო შესაძლებლობებით.

ყოველი ადამიანი ინდივიდია და თავისუფლებას თითოეულ მათგანს სხვადასხვა რამ ანიჭებს: ვიღაცისთვის ეს არის მის მიერ შერჩეული პალიტრის შესაბამისად სურათის შექმნა; ვიღაცისთვის - არა ერთი ჭიქა ღვინო, არამედ ორი-სამი ლიტრი; სხვებისთვის კი -  ნარკოტიკი ან აზარტული თამაში. მაგრამ ადამიანი სოციალური არსებაა და ეს მისი დამატებითი პასუხისმგებლობაა. როდესაც ის არა მხოლოდ საკუთარი თავისუფლების მასშტაბებს და საზღვრებს ითვალისწინებს, არამედ ითვალისწინებს წინაპირობებს სხვა ადამიანების თვითრეალიზაციისთვის - აი, აქ არის ოქროს შუალედი და საიდუმლო.

 

 

 

ავადმყოფობა შეზღუდული თავისუფლებაა, ჯანმრთელობა კი არის თავისუფლება თვითრეალიზაციის საუკეთესო შესაძლებლობებით.


-       მაგრამ ხომ შეიძლება, ადამიანს საკუთარი თავი სოციუმის ნაწილად არ მიაჩნდეს და მარტოობაში სურდეს ცხოვრება? სახელმწიფო მას ხომ ვერ აიძულებს, რომ საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა გაიზიაროს? არჩევანი შეზღუდული გვაქვს: ან გვყავს თავისუფალი მოქალაქეები, რომლებიც თავის ნებაზე, თავისი შეცდომებით ცხოვრობენ და სახელმწიფო ამას ეგუება; ან სახელმწიფო აწესებს „სწორი ცხოვრების“ წესებს და ჩვენ ვემორჩილებით. ამ კონტექსტში მაინტერესებს, მაგალითად, როგორი ნარკოპოლიტიკა უნდა იყოს ქვეყანაში - ლიბერალური თუ მკაცრი?

-     ნარკოტიკული ნივთიერებები არსებობდა ათასწლეულების მანძილზე, მაგრამ ნარკომანია ბოლო საუკუნეებში გაჩნდა. რეალურად, ის მასშტატები, რაზეც ახლა ჩვენ ვლაპარაკობთ, ნარკოტიკებზე დამოკიდებულებამ მეოცე საუკუნეში შეიძინა. რატომ? იმიტომ, რომ ადამიანის ცხოვრების წესი შეიცვალა. გაჩნდა Homo faber-ის, ტექნიკური ადამიანის ცნება, რამაც Homo sapiens - გონიერი ადამიანი აბსოლუტურად სხვა რეალობაში გადაიყვანა. ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა, რაც თანამედროვე ადამიანს აქვს, ინფორმაციული ნევროზია. მასთან გამკლავება რთულია. ადამიანს არ შეუძლია, განსაზღვროს საკუთარი სტრესის წყაროები და ზუსტად იცოდეს, რა უქმნის პრობლემას, მაგრამ ის აღიქვამს დისკომფორტს, რომელშიც ცხოვრობს. ამიტომ, ადამიანი დღეს, როგორც არასდროს, ეძებს სიამოვნების წყაროებს და ამგვარ წყაროდ მიიჩნევს ნარკოტიკს, ჭარბად სმა-ჭამას, აზარტულ თამაშებს... ყველაფერი, რაც ადამიანს სიამოვნებას მოჰგვრის, შეიძლება მისთვის  დაუოკებელი მისწრაფების წყარო გახდეს. ის, რაც  დაუოკებელ სწრაფვას აღძრავს, ცვლის ადამიანის ცხოვრების წესს და დამოკიდებულებას აყალიბებს. დამოკიდებულება მხოლოდ შედეგია და მისი მოკვეთა პრობლემას არ გადაჭრის. ადამიანი დაიწყებს კომფორტის ალტერნატიული წყაროს ძებნას და აუცილებლად იპოვის მას.

 

ადამიანს არ შეუძლია, განსაზღვროს საკუთარი სტრესის წყაროები და ზუსტად იცოდეს, რა უქმნის პრობლემას, მაგრამ ის აღიქვამს დისკომფორტს, რომელშიც ცხოვრობს.


-         ესე იგი, თქვენ ფიქრობთ, რომ შედეგებს კი არ უნდა ვებრძოლოთ, არამედ - მიზეზებს.

-         აუცილებლად. და მიზეზი ისაა, რომ თანამედროვე ადამიანი დარჩა პრობლემების პირისპირ - მინიმალური სიამოვნებით. ამ ადამიანისათვის ჩვენ ძალიან ბევრი ალტერნატივის შეთავაზება გვჭირდება. ამიტომ უნდა ვილაპარაკოთ ხშირად იმაზე, თუ რა ვასწავლოთ დედას და მამას, რომ ბავშვს, გაზრდილი მოთხოვნილების პერიოდში, ეკრანდამოკიდებულება კი არ ჩამოუყალიბდეს, არამედ, ოჯახთან ერთად  ლაშქრობაში წასვლა მოუნდეს. სანამ შვილები პატარები არიან, ჩვენ უნდა მოვიგონოთ მათთვის სიამოვნების წყაროები, ჩვენ უნდა შევქმნათ ალტერნატივები. თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, რომ გონივრული, კარგად გააზრებული და შორეულ პერსპექტივაზე გათვლილი ალტერნატივები შევთავაზოთ საზოგადოების ყველა წევრს, ასაკის მიუხედავად.

-      ერთ-ერთ ინტერვიუში თქვენ ბრძანეთ: ჩვენ მაშინ ვართ ჯანმრთელები, როცა ჩვენი ორგანიზმი არის წონასწორობაშიო. ამ ცნებაზე ხშირად საუბრობთ დადებით კონტექსტში. მაგრამ მუდმივად წონასწორობის მდგომარეობა ხომ არ უკარგავს ცხოვრებას ხიბლს? ხომ არ ხდის მას მეტისმეტად მოსაწყენს? საინტერესო ადამიანები ხომ ხშირად სწორედ იმით არიან საინტერესონი, რომ წონასწორობის კანონებს არ იცავენ?

-         სიმართლე გითხრათ, დღეს მსგავსი ფრაზების გამოყენებას არ ვაპირებდი, უბრალოდ, თქვენმა კითხვამ მიბიძგა. კანტი „კატეგორიულ იმპერატივში“ ამბობს: ჩვენ უნდა მოვიქცეთ ისე, რომ ჩვენს მოქმედებაში ადამიანი იყოს მიზანი და არა საშუალება. თუ მხოლოდ მომხმარებლური დამოკიდებულება არ გვექნება ერთმანეთის მიმართ, გაცილებით მარტივია, ვისაუბროთ წონასწორობაზე. გახსოვთ, ალბათ, პიკასოს გოგონა ბურთზე. ითვლება, რომ ეს სცენა არის იდეალური სურათი, როგორ შეიძლება, დაიცვა წონასწორობა.
 

 

ადამიანი დღეს, როგორც არასდროს, ეძებს სიამოვნების წყაროებს და ამგვარ წყაროდ მიიჩნევს ნარკოტიკს, ჭარბად სმა-ჭამას, აზარტულ თამაშებს...


-           დიახ, შემოქმედებითი წონასწორობა.

-          ადამიანის ორგანიზმში ყოველთვის არ არის წონასწორობა, არც საზოგადოებაში. მაგრამ მუდმივი სწრაფვა წონასწორობისკენ განსაზღვრავს ადამიანის სწრაფვას თვითგანვითარებისკენ და სრულყოფისაკენ.

-     მიჭირს, დაგეთანხმოთ. ახლა გურამ რჩეულიშვილი გამახსენდა. ეს ადამიანი გასული საუკუნის 50-იანი წლების ხელოვნურ წონასწორობას არღვევდა თავისი არსებობით, ქცევით, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე მისი ნაწერები. მან თავისი სიკვდილითაც აჩვენა, რომ წონასწორობა არაფრად უღირდა.  

-      დაგეთანხმებით და თქვენს აზრს გავაგრძელებ. მოდით, მოვლენას უფრო ფართოდ შევხედოთ. ბეთჰოვენი, რომელიც მეცხრე სიმფონიას აბსოლუტურად ყრუ წერს, არაფრად აგდებს საზოგადოებაში დადგენილ სტანდარტებს. გოეთესაგან განსხვავებით, მას შეუძლია, მეფეს არ მიესალმოს. ეს არის წონასწორობის დარღვევა? შეიძლება, სოციალურად კი, მაგრამ ბეთჰოვენი, როგორც ფენომენი, როგორც მუსიკალური მოვლენა, არღვევს წონასწორობას?

-          არა, რა თქმა უნდა.

-       ის ქმნის წონასწორობას. მაგალითად ვან გოგი სოციალური თვალსაზრისით არღვევს წონასწორობას, თუკი მას კარგი ქცევის ჭრილში შევხედავთ; მოდილიანიც ასევე შეიძლება ასოციალურ ინდივიდად განვიხილოთ. მაგრამ შევხედოთ მათ მთავარ წვლილს კაცობრიობის ისტორიაში. მათ დაარღვიეს წონასწორობა? მათ შექმნეს წონასწორობა და ახალი რეალობა, რომელიც კაცობრიობის შემდგომი განვითარებისთვის საუკეთესო პირობად იქცა.

-         როგორც მივხვდი, თქვენ ბრძანებთ, რომ წონასწორობა უნდა განვიხილოთ, როგორც მრავალეტაპიანი პროცესი, სადაც ერთ ეტაპზე წონასწორობის დარღვევა შეიძლება ქმნიდეს ახალ წონასწორობას სხვა,  უფრო მაღალ ეტაპზე.  

-         დიახ. გააჩნია, რას ვეძებთ ამ წონასწორობაში. სად გვინდა მისი დანახვა.

-         პროგრესი უნდა იყოს ათვლის წერტილი, პროგრესიდან უნდა ამოვიდეთ.

-         პროგრესისთვის მთავარია საქმე, რომლითაც ადამიანი ახალ წონასწორობას ქმნის.

-         პასუხი მიღებულია, ძალიან საინტერესო იყო. ახლა მინდა, მაქს ფრიშს დავუბრუნდეთ. ძალიან მეცნო თქვენ მიერ დღეს Homo faber-ის ხსენება. თქვენს ერთ მოსაზრებას არ დავეთანხმე და მინდა, ახლა თქვენთან ერთად განვიხილო, თუ ნებას მომცემთ.

-         დიახ, გისმენთ.

 

სანამ შვილები პატარები არიან, ჩვენ უნდა მოვიგონოთ მათთვის სიამოვნების წყაროები, ჩვენ უნდა შევქმნათ ალტერნატივები.


-     რადიო თავისუფლებისთვის დაწერილ თქვენს დღიურში ამოვიკითხე:  “დროის მოკვლა – არ ვიცი სხვა გამოთქმა, რომელიც ასე ზუსტად მოერგებოდა ნაცარქექიობას, ანუ დროისა და, შესაბამისად, სიცოცხლის მიმართ მფლანგველ დამოკიდებულებას.” ფიქრობთ, რომ დროის მომკვლელ და სიცოცხლის მფლანგველ ადამიანს შეუძლია, დევს აჯობოს? სწორედ ნაცრის ქექვისას, ანუ განჭვრეტის, ფიქრის დროს ხომ არ იძენს ადამიანი იმ ცოდნას, რომლითაც შემდგომ შეუძლებელს შეძლებს? თქვენი აქტიური ცხოვრების წესი და მუდმივად მოქმედების ჩვევა ხომ არ გიშლით ხელს, რომ ჭვრეტის, ფიქრის, პასიური ადამიანის სამყარო სწორად დაინახოთ? სწორად გაუგოთ მათ?

-     რასაკვირველია, ეს ფრაზა ვერ ამოწურავს იმ აზრს, რაც მე მქონდა დროსთან დაკავშირებით. გავაგრძელებ ჩემს აზრს, თქვენი ნებართვით, და ვიტყვი, რა მაქვს მხედველობაში. დრო არ არის უბრალოდ ციფერბლატზე გადანაწილებული ერთეულები. დრო არის სიცოცხლე. საბოლოო ჯამში, ჩვენ ვირჩევთ, სიცოცხლის მხარეს ვართ თუ სიცოცხლის საწინააღმდეგო მხარეს.

-         გეთანხმებით.

-     თუ მე იარაღს ვამზადებ, შეიძლება, ძალიან კარგი სპეციალისტი ვარ, მაგრამ რაღაც მომენტში, ალბათ, ჩემს თავში მწიფდება აზრი, რომ ჩემი საქმიანობით შეიძლება სიცოცხლის მოწინააღმდეგეთა ბანაკში აღმოვჩნდე. როდესაც ვირჩევ ექიმობას, ძალიან მნიშვნელოვანია იმის განცდა, რომ ამ პროფესიის არჩევით სიცოცხლის დამცველთა ბანაკში ვხვდები.

-        მაგრამ როდესაც დროის მიმართ დამოკიდებულებაზე, დროის მოკვლაზე ვსაუბრობთ - ვინ კლავს დროს? ჩვენ - ჩვენი რიტმით, ჩვენი მუდმივი ქმედებით ვაცოცხლებთ დროს, ხოლო ვინც ნაცარში იქექება და შემდეგ დევს ამარცხებს, ის კლავს დროს? ჩვენ ხომ არ ვკლავთ დროს ჩვენი ფუსფუსით და ის ხომ არ აცოცხლებს, ანუ პირიქით ხომ არ არის?

-         საინტერესო მიდგომაა. დამაფიქრა იმ ფაქტმა, რომ შეიძლება, ასეც აღიქვას ადამიანმა ჩემი სიტყვები. ამ შემთხვევაში, დროის მოკვლაში იმასაც ვგულისხმობ, რომ ზოგჯერ ჩემს დროსაც კლავს სხვა. შეიძლება, მეც ძალიან ბევრ დროს ვკლავ მაშინ, როდესაც გადაწყვეტილების მიღების წინ ვფიქრობ.
 

 

მუდმივი სწრაფვა წონასწორობისკენ განსაზღვრავს ადამიანის სწრაფვას თვითგანვითარებისკენ და სრულყოფისაკენ.

-         არის კი დროის მოკვლა  გადაწყვეტილების მიღების წინ ფიქრი?

-         ჩემთვის არა, მაგრამ ვიღაცისთვის შეიძლება იყოს. ნაცარქექიობა ნეგატიურ კონტექსტში ვახსენე. ნაცარში ქექვა, სიუჟეტურად, არ არის აღწერილი, როგორც გადაწყვეტილების ძიების პროცესი.

-         დიახ, მაგრამ შედეგია აღწერილი.

-         შედეგი შეიძლება არ იყოს იმაზე დამოკიდებული, რომ ამ ადამიანმა ბევრი დრო გაატარა ნაცრის ქექვაში.

-         კარგით, თქვენც იფიქრეთ ამ თემაზე და მეც ვიფიქრებ.

-         აუცილებლად ვიფიქრებ იმიტომ, რომ გეთანხმებით, ადამიანის მნიშვნელოვან ოპერატიულ გადაწყვეტილებებს აუცილებლად სჭირდება წინაპირობა. მაგრამ ნაცარში ქექვა ნეგატიური აღქმით რამდენად არის ამის წინაპირობა, ამაზე ვიფიქრებ და ამ კითხვის პასუხს აუცილებლად მოვუძებნი გაგრძელებას. თუმცა, მინდა ერთი რამ განვმარტო: ძალიან კარგად მაქვს გაცნობიერებული, რომ თითოეული ადამიანის ხიბლი მის განუმეორებლობაშია. ადამიანი მთლიანობაში მიყვარს, იმის მიუხედავად, ის ნაცარქექიაა, თუ არა.

-         თუ შეგხვედრიათ ადამიანი, რომელსაც თავისი პიროვნება არ აინტერესებს? როგორი მოვლენაა ასეთი ადამიანი თქვენთვის - დადებითი თუ უარყოფითი?

-    ადამიანები სხვადასხვანაირები არიან და დღესაც ვახსენეთ ნაცარქექიები, არანაცარქექიები, ჰომო ფაბერები, ჰომო საპიენსები... თანამედროვე კლაფიციკაციით არიან “A ტიპის” და “B ტიპის” ადამიანები, ჰიპერაქტიურები და ნაკლებად აქტიურები. ჰიპოკრატე ამბობდა, რომ ოთხი ტიპის ადამიანი არსებობს. მათ შორის არის ერთი ჯგუფი, რომელსაც განურჩეველი დამოკიდებულება აქვს საკუთარი თავის მიმართ. ასეთი ადამიანების არსებობას ვერ უარვყოფთ. მაგრამ განათლების და ცოდნის უპირატესობა რაში მდგომარეობს? საზოგადოების სიმწიფე რაში გამოიხატება? განვითარებული საზოგადოება ადამიანებს შორის განსხვავებას კი არ შლის, პირიქით, ამ განსხვავებას იაზრებს იმისათვის, რომ ადამიანებს შორის თანაცხოვრება გააუმჯობესოს და, საბოლოო ჯამში, საზოგადოების ცხოვრება  გაამრავალფეროვნოს. დიახ, ჩვენ ვრჩებით განსხვავებულები, მაგრამ ჩვენი თუნდაც განურჩევლობა ან ზედმეტი დაინტერესება საკუთარი (თუ სხვისი) ცხოვრებით, შეიძლება, სწორად გამოვიყენოთ ისევ საზოგადოების სასიკეთოდ.
 

 

საბოლოო ჯამში, ჩვენ ვირჩევთ, სიცოცხლის მხარეს ვართ თუ სიცოცხლის საწინააღმდეგო მხარეს.


-         შეიძლება თუ არა, ადამიანები, რომლებსაც საკუთარი თავი არ აინტერესებთ, დიდი ალტრუისტები იყვნენ და საკუთარ ცხოვრებას სხვებს უძღვნიდნენ?

-      რასაკვირველია, არსებობს ორივე უკიდურესობა: ერთი მხრივ, ადამიანის განურჩევლობა ყველაფრის და ყველას მიმართ, მათ შორის, საკუთარი თავის მიმართ - და ეს საფრთხეა. მეორე მხრივ, არსებობს თვითშეწირვისთვის მზაობაც. ეს კიდევ განსხვავებული მდგომარეობაა, როდესაც პრიორიტეტები ამგვარად ლაგდება - საზოგადოება და მე; ოჯახი და მე; შვილები და მე.

-         ეს ჯანსაღი პოზიციაა?

-         ამაშიც არის რისკი. ფსიქიატრები უკიდურეს თვითშეწირვასაც განიხილავენ, როგორც საყურადღებო მდგომარეობას.

-         თქვენ ოჯახი ახსენეთ და მინდა, ამ თემას მივუბრუნდე. საოჯახო ჯილდო რომ არსებობდეს, თქვენი ოჯახის რომელ წევრს გადასცემდით და რისთვის?
 

 

განვითარებული საზოგადოება ადამიანებს შორის განსხვავებას კი არ შლის, პირიქით, ამ განსხვავებას იაზრებს იმისათვის, რომ ადამიანებს შორის თანაცხოვრება გააუმჯობესოს.

-       დაუფიქრებლად გეტყვით, რომ დედიკოს გადავცემდი. იმის მიუხედავად, რომ ის ერთი წელია, აღარ არის ცოცხალი, არამარტო ამ ჯილდოს, თუ რამ ჯილდო არსებობს, ყველაფერს გადავცემდი. მე სამი წლის ვიყავი, ჩემი ძმა კი ექვსი თვის იყო, როცა მამა 32 წლის ასაკში ავტოკატასტროფაში გარდაიცვალა. დედა ძალიან პატარა იყო ასაკით, როდესაც დაქვრივდა. მას  ბევრი არჩევანი ჰქონდა ადამიანურადაც, როგორც ქალსაც. მის მთავარ ღირსებად მიმაჩნია არა ის, რომ, სირთულეების მიუხედავად, ჩვენ გაგვზარდა. ის იყო ჩემთვის მისაბაძი, როგორც პიროვნება, რადგან არასოდეს გაბოროტებულა, ჰქონდა საოცარი სათნოება, პატიოსნება, ერთგულება და კეთილსინდისიერება. მან თითქმის 40 წელი ერთსა და იმავე კლინიკაში იმუშავა. ბოლოს, როდესაც ავადმყოფობდა, ტერიტორიულად უფრო ახლოს გადმობარგდა თავის ინსტიტუტთან და სულ ამბობდა: რა კარგია, ახლოს რომ ვარ. როგორც კი ფეხზე დავდგები, რაც  გასაკეთებელი დამრჩა, იმას დავასრულებო.
 

 


-         ვინ და რა არის ლამაზი - თქვენ რა კრიტერიუმებით საზღვრავთ?

-         რასაკვირველია, შეიძლება ტრადიციულად შევაფასოთ, ვინ არის ლამაზი და ამისთვის მედიცინას გაცილებით უფრო მკაფიო კრიტერიუმები აქვს, ვიდრე ნებისმიერ სხვა დარგს და სფეროს.

-         ვიდრე მხატვრობას? ვიდრე ლიტერატურას?

-       დიახ, ადამიანის სილამაზე არ შემოისაზღვრება მისი სხეულის პროპორციებით. თუ კითხვას გავამთლიანებთ - ვინ და რა არის ლამაზი? - მაშინ ვიტყოდი: ის მდგომარეობა და სიტუაცია, რომელიც ყველაზე კარგად გამოააშკარავებს ადამიანს, აერთიანებს „ვინ“ და „რა“ სილამაზეს. ანუ „რა“ დაგვანახებს, ვინ არის ლამაზი და „ვინ“ უზრუნველყოფს იმის ცოდნას, თუ რა არის ჭეშმარიტი სილამაზე.
 

-         დაბოლოს, რა გაკლიათ იმისთვის, რომ უფრო ახლოს მიხვიდეთ თქვენს იდეალურ მე-სთან?

-         უფრო სწორი იქნება, გიპასუხოთ, რა მაახლოებს ამ „იდეალურ მე“-სთან - ცოტა, და უფრო ბევრი რამ მაშორებს.

ერთი რამ, რაც არის არასაჯარო ჩემში - გაცილებით მეტად მიყვარს მხიარულება, სილაღე, ვიდრე შეიძლება ეს  ერთი შეხედვით შეიძლება ჩანს. იმიტომ, რომ სილამაზე ეს არის თავისუფლება.


ბოდიშის მოხდით უნდა ვთქვა, რომ თქვენს კითხვაში ამოვიკითხე, თითქოს, ახლოს ვარ ჩემს იდეალურ მე-სთან. სინამდვილეში, ძალიან შორს ვარ.

-         დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ინტერვიუს ტრადიციულად დავასრულებთ თქვენი კომენტარით ორ ციტატაზე. პირველი ციტატა ეკუთვნის ავსტრიელ მეცნიერს, ზიგმუნდ ფროიდს (1856 – 1939): „ანატომია ბედისწერაა“.

-         განვაზოგადებდი ჩემს კომენტარს: ანატომია, როგორც გენეტიკის საჩუქარი და ანატომია, როგორც თანდაყოლილი რეალობა. ანატომია ადამიანის მატერიალიზებული სახეა, მოცემულობა, რაც მართლაც შეიძლება  ბედისწერად იქცეს მატერიალურ სამყაროში.

 

 

გაცილებით მეტად მიყვარს მხიარულება, სილაღე, ვიდრე ეს ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს.


-       მეორე ციტატა ეკუთვნის ფრანგ მწერალსა და ფილოსოფოსს მიშელ დე მონტენს. ეს სიტყვები მეთექვსმეტე საუკუნეში დაიწერა:  „და ვერასოდეს მოღუშული ექიმი წარმატებას ვერ მიაღწევს თავის ხელობაში”.  

-         მე დავამატებდი შეგონებას, რომელიც ამ მოსაზრებას ახლდა: ექიმს აქვს სამი ინტრუმენტი - მინერალი, ბალახი და სიტყვა. სიტყვა და ემოცია ის აუცილებელი ინსტრუმენტებია, რომელთა მნიშვნელობა დღესაც აბსოლუტური აუცილებლობაა ექიმისთვის. კეთილგანწყობის გარეშე ადამიანების ნდობა ძალიან ძნელად მოსაპოვებელია.

-         თუ არსებობს კვლევა, რომელიც ადასტურებს, რომ კეთილგანწყობილ, ღიმილიან ექიმებს მეტი წარმატება აქვთ, ვიდრე გულჩათხრობილ და ზოგჯერ უხეში ქცევის ექიმებს?

-        არა მხოლოდ კვლევები, დარგიც არის - დეონტოლოგია, რომელიც გვასწავლის, რომ ურთიერთობა პაციენტსა და ექიმს შორის, ღიმილი, კომუნიკაციის კარგი უნარები, კეთილგანწყობა ზოგადად ადამიანის და არა მხოლოდ პაციენტის მიმართ - გადამწყვეტია წარმატებისთვის.  

ფოტომასალა: ირაკლი გედენიძე

გუნდი

ირაკლი გედენიძე

ზურაბ ქურციკიძე

გიო კუსიანი

გიორგი ურუშაძე

თამთა ყუბანეიშვილი

ნანა ყურაშვილი

ინგა ქორიძე