×
„არ ვიცი, რამდენად მაღელვებს, როგორი ვარ სხვების თვალში“

ნინო ლომიძე

ვალდორფის თავისუფალი სკოლის მასწავლებელი


1891

ინტერვიუს შესახებ

ინტერვიუს დროს კითხვის შემობრუნება ჩემთვის ახალი არ არის - როგორც წესი, ასეთ დროს, სტუმარი კითხვის შინაარსის დაზუსტებას გთხოვს. 

ამჯერად, ნინო ლომიძემ კითხვა იმგვარად შემომიბრუნა, რომ უნებურად მათქმევინა ის, რაც ჩემთვისაც მოულოდნელი იყო და, ალბათ, მკითხველისთვისაც: რომ როდესაც კითხვებს ვწერ, პასუხებზე არ ვფიქრობ; შესაბამისად, რთული კითხვების პასუხები თვითონაც არ ვიცი. 

ამ ინტერვიუში არაერთ რთულ და აქტუალურ კითხვაზე წაიკითხავთ ნინო ლომიძის პასუხებს. ამიტომაც შევარჩიე სტუმრად, რომ ბევრად კომპლექსურად უყურებს საკუთარ თავს, პროფესიას და სამყაროს, ვიდრე ხშირად ჩვენს დღევანდელ საზოგადოებაში ვხვდებით. 

გაიცანით ნინო ლომიძე - ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, რომელიც ცდილობს, თითოეული ბავშვი საკუთარი ცხოვრების ფაბულის ავტორად გაზარდოს. 
 

ია ანთაძე

- ნინო, როგორ ფიქრობთ, თქვენი ცხოვრების მანძილზე, უფრო მეტი გაგიციათ, თუ მიგიღიათ?

- ზუსტად თქმა გამიჭირდება. ასე მგონია, აღებმიცემობა მაქვს გაჩაღებული. პროფესიიდან გამომდინარე, იმას, რასაც მე ვაკეთებ, სწავლა-სწავლება ჰქვია. იმედი მაქვს, რაღაცას ვძენ ადამიანებს და ბევრს ვიღებ კიდეც. გამიჭირდება თქმა, რომელია მეტი. 

- სად ავლებთ მიჯნას - როდის ფიქრობთ და როდის აზროვნებთ?

- არის ცნობიერი და ფხიზელი მომენტები, როცა ხვდები, რომ აზროვნების პროცესში ხარ. ფიქრი კი უწყვეტად მიმდინარეობს, შენი ჩარევისა და ნების გარეშე. 

- გახასიათებთ, რომ ფიქრით წარსულ მომენტებს უბრუნდებით და ერთსა და იმავეს ატრიალებთ თავში ისე, რომ არ აცნობიერებთ, რამდენ დროს კარგავთ? 

- მიყვარს დროით თამაში. როდესაც ზამთრის ტანსაცმელს ვინახავ, ვფიქრობ ხოლმე იმ დღეზე, როცა ზამთარი მოვა და ეს ყველაფერი ისევ დამჭირდება. მომავალში წინასწარ ჩახედვა მიყვარს წარმოსახვით; ასევე, მიყვარს წარსულის რაღაც მომენტებში დაბრუნება, მოკლე ხნით. მაგრამ თუ იმ მდგომარეობაზე მეკითხებით, როდესაც „ჩახვეული“ გაქვს წარსული, ან წარსული გგონია ყველაზე ღირებული, - ამას ძალიან ვუფრთხი. 

- დავუშვათ, უკმაყოფილო ხართ თქვენი თავით და რაღაც მომენტს ფიქრით ბევრჯერ უბრუნდებით - ასე თუ ხდება?

- მგონია, რომ ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე კარგად შემიძლია საკუთარ თავთან მოლაპარაკება. თუკი წარსულში შეცდომა მაქვს დაშვებული და საკუთარ თავს ამის გამო ვსაყვედურობ, ერთგვარი დიალოგი იმართება, მაგრამ რაღაც მომენტში ვაჩერებ ჩემს თავს: „საკმარისია! იწვნიე შედეგები. გეყო. ახლა გააგრძელე!“ 

- გამოდის, კარგად აკონტროლებთ, რომ ბევრი დრო არ დაუთმოთ იმას, რაც წარსულში დარჩა.

- დიახ. და ვფიქრობ, ეს ღირებული გამოცდილებაა. წარსულში ან შეცდომაში ჩარჩენა არაფრის მომტანია. უკან მიმართული მზერით წინ ვერ ივლი. მაგრამ შეცდომის აღიარება მნიშვნელოვანია. 

- ამას აზროვნების პროცესს არქმევთ? 

- დიახ, ეს არის აზროვნების პროცესი. 

- ნდობის სიჭარბე კეთილშობილებად თუ მიგაჩნიათ? 

- გულუბრყვილობასთან უფრო დავსვამდი ტოლობის ნიშანს.

- ანუ „ჭარბ ნდობას“ თქვენთვის უარყოფითი კონოტაცია აქვს?

- ყველასა და ყველაფრისადმი უპირობო ნდობა შეიძლება სახიფათო იყოს. და ნამდვილად არის სიფხიზლის ნაკლებობის სიმპტომი. ძაღლს შეუძლია, იყოს ადამიანის უპირობოდ ერთგული. ადამიანის მხრიდან ბოლომდე და უპირობოდ სხვისადმი მინდობა, ალბათ, არასწორი დამოკიდებულებაა, პირველ რიგში, საკუთარი თავის მიმართ. არ არის უსაფრთხო.

- გულწრფელობა არის თუ არა აუცილებლად ღირსეული ადამიანის თვისება? ღირსებას და გულწრფელობას ერთმანეთთან თუ აკავშირებთ? 

- მე ვფიქრობ, გულწრფელობა ყოველთვის ლიმიტირებულია. ჩვენ არ ვართ და არ შეგვიძლია ვიყოთ ბოლომდე გულწრფელები. საკუთარ თავთან გულწრფელობა აუცილებელია, თუმცა, ხშირად გვირჩევნია, რაღაცები საკუთარ თავსაც დავუმალოთ. ასე უფრო ადვილია. ბოლომდე გულწრფელი ადამიანი არ არსებობს. 

- რატომ? იმიტომ, რომ უფრო კომფორტულია, რთულ კითხვებს ადვილი პასუხები გავცეთ? 

- უფრო კომფორტულია, ისეთი პასუხები გავცეთ, რომლებიც უკეთესი კუთხით წარმოგვაჩენს. მაგალითად, როცა ადამიანს სთავაზობენ, თავისი უარყოფითი თვისებები დაასახელოს, ოდესმე მოგისმენიათ, რომ ვინმეს ეთქვა: „მე ვარ ლაჩარი“, „მე ვარ ხარბი“, "მე ვარ შურიანი“? 

- გეთანხმებით. შეიძლება, ადამიანმა რომელიღაც კონკრეტულ შემთხვევაში თქვას, რომ ვიღაცის შეშურდა. ეს არის მაქსიმუმი, რასაც ადამიანი საკუთარ თავზე ამბობს. 

- ვამატებთ ხოლმე - „თეთრი შურით შემშურდა“. იმიტომ, რომ გვიყვარს მძიმე ემოციების შელამაზება. 

- თქვენ ამ მხრივ მუშაობთ თქვენს თავთან? 

- დიახ და ეს ძალიან საინტერესო სამუშაოა. თხრას ჰგავს, თითქოს, შიგანს ითხრი. თან, ძალიან არ გინდა, თვითონვე ეწინააღმდეგები. 

- რისთვის გჭირდებათ? შედეგი რა არის? 

- საკუთარ ბნელ მხარეებს აცნობიერებ და ეს არმიჩქმალვა მნიშვნელოვანია.

- რისთვის არის მნიშვნელოვანი? რას გაძლევთ? 

- ვფიქრობ, რომ მაძლიერებს და შინაგანად მტკიცეს მხდის. თან, ერთგვარი შვებაც არის. ზოგჯერ ემოციურ მდგომარეობაში ვარ და არ ვიცი, რა მჭირს. როგორც კი მოვძებნი ჩემი შინაგანი მდგომარეობის შესატყვისს, ვმშვიდდები. 

- თუ გახსენდებათ თუნდაც ერთი ემოციური მდგომარეობა, რომლისთვისაც გაგიჭირდათ სახელის მოძებნა, მაგრამ როცა სახელი დაარქვით - ამოისუნთქეთ? 

- კი და არაერთი, ოღონდ, ვფიქრობ, რომელი დავასახელო. ყველა ეს შინაგანი სამუშაო ზუსტად ისეთია, რის გაცხადებაც არ მოგინდება. 

- კი ბატონო, ასე ღრმად აღარ შემოვიჭრები თქვენს სამყაროში. უბრალოდ, მაინტერესებდა, რა იყო ის ემოცია, რისთვისაც შეიძლება თქვენნაირ ადამიანს სახელის დარქმევა გასჭირვებოდა. სხვა კითხვა მაქვს: თუ მოგწონთ ადამიანები, რომლებიც შეზღუდვებს ვერ ეგუებიან და რომლებიც, ამის გამო, დისკომფორტულები არიან სხვებისთვის?

- განსაკუთრებით საინტერესო და საჭირო ასეთი ადამიანები მგონია. რომ არა ასეთი ადამიანები, რომლებიც საზღვრებს მიღმა, ჩვენი წარმოდგენების ვიწრო ჩარჩოებს მიღმა აზროვნებენ და ქმედებენ, ალბათ, ცივილიზაციაც არ განვითარდებოდა. 

 

 

„იმის აღიარება, რომ ჩვენ, შეიძლება, სინამდვილეში, ძალიან ცოტა რამ ვიცოდეთ, გაბედულებას მოითხოვს.“ 

 

 

- თანამედროვე სამყაროში, ვის დაარქმევდით განათლებულ ადამიანს? ადრე განათლებული იყო ის, ვინც ლათინურად კითხულობდა და რამდენიმე ევროპულ ენაზე ლაპარაკობდა. დღეს ვინ არის განათლებული?

- მე ვფიქრობ, განათლებულია ის, ვისაც შეუძლია თავისი ცოდნის გამოყენება სასიკეთო ცვლილებებისთვის. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია - თუკი ვინმე იტყვის, რომ თავის პროფესიაში უკვე ყველაფერი იცის და არაფრის მიღება აღარ სჭირდება, ის ვერ იქნება განათლებული. განათლება უწყვეტი პროცესია და იმის აღიარება, რომ ჩვენ, შეიძლება, სინამდვილეში, ძალიან ცოტა რამ ვიცოდეთ, გაბედულებას მოითხოვს. 

- საინტერესოა, რომ განათლება გაბედულებას დაუკავშირეთ. ეს ჩემს შემდეგ კითხვას ეხმიანება. თქვენ წერთ ამერიკელი ფილოსოფოსის ნოამ ჩომსკის ორ კონცეფციაზე განათლების შესახებ. ერთი კონცეფცია გულისხმობს ისეთი ადამიანის აღზრდას, რომელსაც განვითარებული აქვს ავტორიტეტების თუ სისტემების  მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება და შემოქმედებითი აზროვნება; მეორე კონცეფცია გულისხმობს ავტორიტეტების აღიარებას, უკვე არსებული ცოდნის დასწავლას და ჩარჩოებში აზროვნებას. რიტორიკულ კითხვას არ ვსვამ, პასუხი ნამდვილად მაინტერესებს: როგორ ფიქრობთ, დღეს ჩვენი განათლების სისტემა რა ტიპის განათლებას აძლევს ახალგაზრდებს? 

- მიფიქრია, რომ ახლანდელი განათლების სისტემა - 12 წელზე გათვლილი, 45 წუთიანი გაკვეთილების კალეიდოსკოპური ცვალებადობით - უკვე შეუსაბამოა თანამედროვე სამყაროსთვის. ასეთი განცდაც მაქვს, რომ ჩვენი განათლების სისტემა უფრო მეტად ორიენტირებულია შინაარსების კონსერვირებაზე, ვიდრე ახალი შინაარსების შექმნაზე, ან ძველის გააზრებაზე. მე ქართულ ენასა და ლიტერატურას ვასწავლი და ჩემს საგანში სასკოლო კურსი სწორედ შინაარსების გადარბენაზეა ორიენტირებული. მოსწრებაზე გვაქვს ხშირად საქმე, იმდენად გადატვირთულია პროგრამა. რის მიცემაც ლიტერატურას შეუძლია, განსაკუთრებით, მოზარდებისთვის, იმისთვის ნაკლებად ვიცლით. 

- ესე იგი, ჩომსკის ორი კონცეფციიდან, ჩვენ მეორეს მივყვებით?

- დიახ, მეორეს, რა თქმა უნდა. შინაარსი, ჩარჩო, კითხვარები, ტესტები, დატვირთული პროცესი... ვამბობთ ხოლმე, რომ სწავლება მოსწავლეზეა ორიენტირებული, მაგრამ ეს განაცხადი შინაარსს არ შეესაბამება. 

- როგორ წარმოგიდგენიათ, მეორე კონცეფციაზე განათლების სისტემის მორგების შედეგი რა არის, ან რა იქნება? 

- სისტემა გაზრდის სხვისი დავალებების კარგ შემსრულებლებს, ასევე, ადამიანებს, რომლებიც მარტივი სამართავები იქნებიან. 

- მკაფიო პასუხია, მაგრამ სისტემასთან დაკავშირებით კიდევ მაქვს კითხვები. თქვენ კალეიდოსკოპური სწავლება ახსენეთ - 45 წუთი ისტორიის გაკვეთილი, შემდეგ 45 წუთი ფიზიკა, შემდეგ - ქართული ლიტერატურა, შემდეგ - ბიოლოგია, შემდეგ - მათემატიკა, ან რაიმე სხვა საგანი... პრინციპში, ჩვენი სკოლის ფორმატი ასეთია მრავალი ათწლეულის განმავლობაში. ეს ფრაგმენტირებული სწავლება იძლევა თუ არა საშუალებას, ახალგაზრდები დაეუფლონ ფონურ ცოდნას, რომელიც მათ სამყაროს სურათის მეტ-ნაკლებად გამთლიანებაში დაეხმარება?

- რასაკვირველია, ერთეულებთან, ათეულებთან, იმედი მაქვს, ასეულებთანაც, ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელია. მაგრამ, მეტწილად, ახალგაზრდებს მეხსიერების გამოყენებით დასწავლას ვთავაზობთ. მე ფრიადოსანი ვიყავი, მაგრამ ჩემი სასკოლო ცოდნა ფიზიკასა და ქიმიაში რამდენად მეხმარება ყოველდღიურ ცხოვრებაში, ან რა მახსოვს იმ პროგრამიდან? არ მეხმარება და არც ბევრი არაფერი მახსოვს. მე მგონია, რომ სასკოლო ცოდნა, ძირითადად, მეხსიერების გავარჯიშებაა და, ისიც, დროებითი. გახსოვს მანამ, სანამ საგანი გაქვს ჩასაბარებელი, ან ნიშანი - მისაღები. 

- მაგრამ ფრაგმენტული ცოდნის გამთლიანება სხვაგან სად უნდა მოხდეს, თუ არა სკოლაში? 

- სწორედ ეგ მიმაჩნია პრობლემად. მეხსიერების ხარჯზე მიღებული ცოდნა, საბოლოდ, რას აძლევს ახალგაზრდა ადამიანს? რამდენად უღვივებს მას ინტერესს სამყაროს მიმართ? განათლების სხვადასხვა სისტემაში საინტერესო ალტერნატიული მეთოდები არსებობს და, მათ შორის, ერთ-ერთი აქვს ვალდორფის სკოლას - „ეპოქალური სწავლება“ ჰქვია. 

- რას ნიშნავს „ეპოქალური სწავლება“?

- სამი ან ოთხი კვირის განმავლობაში იღებენ ერთ საგანს და უღრმავდებიან მას. არსებობს მთავარი გაკვეთილი, რომელიც იწყება 9.00-ზე და 10.45-ზე მთავრდება. ეს მთავარი გაკვეთილი ყველა საფეხურზეა - დაწყებითზეც, საბაზოზეც და საშუალოზეც. ჩემმა შვილმა ვალდორფის სკოლა დაამთავრა და, თუ არ ვცდები, მეექვსე კლასში მისი ერთ-ერთი მთავარი გაკვეთილი იყო მინერალოგიის ეპოქა. მახსოვს, ბათუმის პლაჟზე რომ დავდიოდით, ჩემი პატარა შვილი როგორი ინტერესით და სიყვარულით უყურებდა ქვებს, შემდეგ იღებდა რომელიმე ქვას მის შემადგენელ მინერალებს ასახელებდა. ეს მგონია განსხვავებული მიდგომა - სამყაროს მიმართ ინტერესის გაღვივება, შეცნობისა და შემეცნების სურვილის აღძვრა.

- ჩემი აზრით, ფონური ცოდნა არის რესურსი, ერთგვარი კულტურული ბაზა, რომელიც ყოველი კონკრეტული პროდუქტის შექმნისას უნდა გააქტიურდეს და უზრუნველყოს პროდუქტის ხარისხი. თუ ჩვენი სკოლა ვერ ახერხებს ამ ფონური ცოდნის მიცემას ახალგაზრდებისთვის, საკმარისი იქნება თუ არა კონკრეტულ სფეროში მიღებული საუნივერსიტეტო ცოდნა პიროვნების და ქვეყნის განვითარებისთვის? 

- ბოლო პერიოდში, ჩემი კარგი მოსწავლეებისგანაც მსმენია და კურსდამთავრებულებისგანაც, რომ კარგად ვეღარ ხვდებიან, საუნივერსიტეტო განათლების მუღამი რა არის. მაშინ, როდესაც მათ შეუძლიათ, მათთვის საინტერესო საგანი თვითონ იკვლიონ, ან შესაბამისი კურსები გამოიწერონ და თვითონ დაადგნენ განათლების გზას, რას იძლევა უნივერსიტეტი? მომისმენია ასეთი ფრაზა: „რატომ არის საჭირო, კიდევ მთელი დღე გავატარო ოთხ კედელში გამოკეტილმა, ვისმინო რაღაც ლექციები, ვიკითხო ასეულობით გვერდი, რომელიც იმ მომენტში არ მჭირდება, ან არ მაინტერესებს?!“ სავარაუდოდ, ბევრი ახალგაზრდისთვის გაცილებით უფრო საინტერესო პროცესი დაიწყება ზუსტად ასეთი ფორმალური განათლების დასრულების შემდეგ. 

- ფიქრობთ, რომ ფორმალურ უმაღლეს განათლებას დიდი დღე აღარ უწერია? 

- ასე ვერ ვიტყვი. სავარაუდოდ, ეს მალე არ მოხდება. მაგრამ იმას კი ვხედავ, რომ ძალიან ბევრ საინტერესო მოზარდს და ახალგაზრდას შემეცნების შიმშილი სკოლის ოთხ კედელში ვერ უკმაყოფილდება. 

- და ვერც უნივერსიტეტის ოთხ კედელში? 

- დიახ, მარტივად ჰბეზრდებათ ეს კედლები, რადგან ვერ იღებენ იმას, რაც მათ სჭირდებათ. 

 

 

„რამდენად დიდ დროს ვუთმობთ იმას, რომ ადამიანებს საკუთარ თავთან ურთიერთობა ვასწავლოთ?!“

 

 

- მაშინ სხვა კითხვა მაქვს. თანამედროვე თაობას ტიკ-ტოკის თაობასაც უწოდებენ. ტიკ-ტოკის კულტურით ცხოვრება კი ნიშნავს კონცენტრაციის უნარის დაქვეითებას, სიღრმეში წვდომის სურვილის გაქრობას და ისეთი ტემპით ცხოვრებას, რომელიც გამორიცხავს ასეულობით გვერდის კითხვას. ხომ არ ფიქრობთ, რომ ახალგაზრდები ზედმეტად ზედაპირულები გახდნენ და ამიტომ ვეღარ ხედავენ საუნივერსიტეტო განათლების მნიშვნელობას? იქნებ, ის ცოდნაც კი, რაც საქართველოში უნივერსიტეტს შეუძლია ახალგაზრდებს მისცეს, მათთვის უკვე მეტისმეტად მძიმე ტვირთია?

- აქ ისმის შემხვედრი კითხვა: რას აკეთებს განათლების სისტემა იმისთვის, რომ ამ გამოწვევებს რაღაც სამარჯვი დაახვედროს? რომ ახალგაზრდებს სხვადასხვა ტექნიკით ან მეთოდოლოგიით დაეხმაროს, ან თუნდაც, კონცენტრაციის უნარი განუვითაროს? რას აკეთებს სკოლა ამისთვის? ბევრსაც ვერაფერს. თუ ახალი რეალობა ის არის, რომ ახალგაზრდებს აღქმის ახალი ხერხები სჭირდებათ და ამ საჭიროებებს თვითონ იკმაყოფილებენ ტიკ-ტოკის მეშვეობით, ჩვენ რას ვახვედრებთ ამ რეალობას? თვალს ვხუჭავთ და ვიმეორებთ: 45 წუთი იყავი ყურადღებით, უცქირე დაფას, გადაშალე წიგნი ამა და ამ გვერდზე, დაიზუთხე, დაისწავლე... ეს რომ არ ჭრის, ფაქტია. რამდენად დიდ დროს ვუთმობთ იმას, რომ ადამიანებს საკუთარ თავთან ურთიერთობა ვასწავლოთ?! რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ახალგაზრდებს დავეხმაროთ? 

- რას ვაკეთებთ? აი, თქვენ გეკითხებით. 

- მეტწილად საყვედურნარევი, ან ხელის ჩაქნევის განწყობით ვამბობთ ხოლმე: „ამათ არაფერი ეშველებათ!“ ეს ფრაზა ხშირად მომისმენია ახალგაზრდების მიმართ. მე მგონია, რომ ახალგაზრდებს უნდა ვასწავლოთ საკუთარ თავთან თუნდაც მოლაპარაკებების წარმოება; საკუთარი სხეულის, როგორც ინსტრუმენტის მართვა; კონცენტრაციის უნარის განვითარება; ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. 

- თქვენ ქართულის მასწავლებელი ხართ და ლიტერატურის სავალდებულო პროგრამა ვრცელ ტექსტებსაც მოიცავს. ალბათ, ახალ თაობაში ძალიან იშვიათია ადამიანი, რომელიც სიამოვნებას მიიღებს დიდი წიგნების კითხვით. თუმცა, მოცულობა გადამწყვეტი არ არის, რადგან „ჰარი პოტერი“ შვიდი ტომია და კითხულობენ კი არა, ლამის ზეპირად იციან. თქვენ როგორ უმკლავდებით ამ გამოწვევას, რომ ბევრი ისეთი რამ უნდა ასწავლოთ, რაც, შეიძლება, ბავშვებს საერთოდ არ აინტერესებდეთ?

 
არ ვიცი, რამდენად წარმატებით ვუმკლავდები და ყველასთან, ალბათ, ვერაფერსაც ვერ ვუმკლავდები. დიდი პრობლემა არის ის, რომ მასწავლებლებს გვიჭირს გადაწყვეტილებების მიმღებებთან რაღაც პრობლემებზე საუბარი და ის განცდა, რომ საკლასო ოთახი არის ძალიან დაშორებული კაბინეტს, - ეს განცდა მუდმივად მაქვს.

 

- ჩინოვნიკის კაბინეტს? 

- იმ კაბინეტს, სადაც კურიკულუმები დგება, სადაც სწავლების მეთოდოლოგიაზე მუშაობენ, სადაც სავალდებულო საპროგრამო ტექსტები უნდა შემუშავდეს. დიდი პრობლემაა პროგრამული გადატვირთულობა და ისიც, რომ ახალგაზრდების ასაკობრივი ინტერესები გათვალისწინებული არ არის. კონკრეტულ მაგალითს მოგიყვანთ. 15-16 წლის მოზარდებს, მეათე კლასში, მთელი წლის განმავლობაში ძველი ქართული ენით ვესაუბრებით. სწავლება უალტერნატივო ქრონოლოგიური პრინციპის დაცვით გვიხდება. ქრონოლოგიური, იგივე ისტორიზმის პრინციპი განაპირობებს იმას, რომ მეათე კლასში თავს იყრის სამი ჰაგიოგრაფიული თხზულება, „ვეფხისტყაოსანი“, სულხან-საბა ორბელიანისა და დავით გურამიშვილის შემოქმედებიდან შერჩეული მონაკვეთები. და მასწავლებელმა უნდა მოასწროს ამ ტექსტების დამუშავება. სიტყვა „მოსწრებას“ დავაკვირდეთ - ეს ტექსტები უნდა მოვასწროთ. 

- მეორე საინტერესო სიტყვაც არსებობს - გავიარეთ. კი არ ვისწავლეთ, კი არ გავიგეთ, არამედ, ეს ავტორები გავიარეთ. დიდი პრობლემაა, რა თქმა უნდა.

- ბევრი მასწავლებელი ვერ ან არ საუბრობს ამ პრობლემაზე. განსაკუთრებით ჭირს ამაზე საუბარი კაბინეტში. ისიც ვიცი, რატომ: იმიტომ, რომ გიბრუნდებიან და კომპეტენციაზე მიგითითებენ. ეს არ არის კომფორტული. 

- იმას გულისხმობთ, რომ მასწავლებელს ეუბნებიან: „ვერ ასწავლი იმიტომ, რომ კვალიფიკაცია გაკლია“? 

- დიახ, მე თვითონ მომისმენია ასეთი კონტრარგუმენტი: „დაესწარით კარგი მასწავლებლების გაკვეთილს; ისინი ყველაფერს ასწრებენ და ახერხებენ.“ მაგრამ ეს სიმართლე არ არის. კონკრეტული კვლევა შემიძლია შემოგთავაზოთ. 2016 წელს მე თვითონ ვიყავი ერთი სამაგისტრო ჯგუფის ხელმძღვანელი. ჰაგიოგრაფიული ტექსტების სწავლებას იკვლევდა სამი მაგისტრანტი. კითხვები მიმართული იყო მასწავლებლებისადმი და მოსწავლეებისადმი. მასწავლებლები გულწრფელად, თავდაჯერებით ამბობდნენ, რომ დიახ, ყველაფერი მოასწრეს, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. მაგრამ მოსწავლეები აბსოლუტურად განსხვავებულად აფასებდნენ პროცესს, მათი პასუხები ძალიან ნეგატიური იყო. ასეთი განცდა მიჩნდება, რომ სავალდებულო საპროგრამო ნაწარმოებების ავტორები განწირული ავტორები არიან. იმიტომ, რომ, ხშირ შემთხვევაში, უკუეფექტს ვიღებთ. აი, მაგალითად, ძალიან იშვიათია „ვეფხისტყაოსნის“ გამგები და მოყვარული ადამიანი, რომელმაც მეათე კლასის ეს საწამებელი პროგრამა გაიარა. რა თქმა უნდა, თუკი ის ოდესმე თვითონ არ მიუბრუნდა პოემის ტექსტს. 

- თქვენ წერდით, ლიტერატურა გვაძლევს საშუალებას, რომ წიგნის მოყვარული ადამიანი თავისი ცხოვრებისეული ფაბულის, თავისი ამბის ავტორი გახდესო. ამას როგორ ახერხებთ იმ რეალობაში, რაც გაქვთ? 

- როდესაც მასწავლებელს აქვს დრო და შემოქმედებითი თავისუფლება, მაშინ შეიძლება ამის მიღწევა. ნებისმიერი რთული ტექსტი შეიძლება დამუშავდეს ახალგაზრდებთან ისე, რომ მათ ეს ტექსტი მიიჩნიონ ერთგვარ გზამკვლევად თავისი ცხოვრების რთულ სიტუაციებში. 

 
პირდაპირ როგორღაც რომ გამოიხმონ ესა თუ ის პერსონაჟი ან გმირი, მიმართონ მათ დახმარებისთვის და მიიღონ ეს დახმარება. ამის გაკეთება ნამდვილად შესაძლებელია.

და აქაც ზუსტად შემიძლია გავიხსენო ისეთი მომენტები, როცა გულდაჯერებით ვიტყვი: დიახ, ეს შედგა - შედგა მოსწავლის შეხვედრა ლიტერატურულ გმირთან. 

- თუ გაქვთ დაუკმაყოფილებლობის განცდა იმის გამო, რომ რაც გინდოდათ, ყოველთვის ვერ შეძელით, ან ყველასთან ვერ შეძელით? 

- რა თქმა უნდა. სულ გაქვს განცდა, რომ პროგრამა მოსასწრებია, რადგან ახალგაზრდები გამოცდაზე უნდა გავიდნენ და პროგრამული მასალა ჩააბარონ. ეს წნეხი, ეს ტვირთი, რასაკვირველია, არის. 

- ერთიან ეროვნულ გამოცდას გულისხმობთ? 

- დიახ. შინაგანად დიდი წინააღმდეგობა მაქვს. არ მინდა, ვიყო მასწავლებელი, რომელიც ახალგაზრდებს ეროვნული გამოცდებისთვის ამზადებს. ეს ფუნქცია ძალიან მღლის და არ მომწონს. დამამთავრებელ კლასებში, შეიძლება, მოსწავლემ იკითხოს: „ეს ტექსტი საპროგრამოა?“ თუ საპროგრამოა, მაშინ დაუთმობს დროს, თუ არა, მაშინ არ უღირს. 

 
მე მგონია, რომ თუ სწორად წარიმართება პროცესი, არავითარ შემთხვევაში სკოლის უმთავრესი დანიშნულება არ უნდა იყოს ეროვნული გამოცდისთვის მომზადება და თუ სწორად იქნა წარმართული პროცესი, მაშინ... თუ მე ადამიანს ვასწავლე წერა, კითხვა, წაკითხულის გააზრება, ამ გააზრებულის მოწესრიგება წერილობით და ზეპირად, მაშინ, მე მივაღწიე შედეგს და ის ეროვნულსაც ჩააბარებს და ცხოვრებისეულ გამოცდილებასაც შეიძენს, სამომავლოს.

გული მტკივა, რომ, განსაკუთრებით, მეთორმეტე კლასი გამოცდებისთვის მოსამზადებელ კურსად არის გადაქცეული. 

 

 

„იქნებ, უნივერსიტეტებს მიენიჭოთ უფლება, რომ თვითონ განსაზღვრონ, როგორი სტუდენტები სჭირდებათ?“

 

 

- თქვენ წერდით, რომ რეპეტიტორობის ინსტიტუტი განათლებაზე თანაბარ ხელმისაწვდომობას არ უზრუნველყოფს. ამავე დროს, წერდით დაშტამპული სწავლების ჩარჩოზე, რომელსაც, ეროვნული გამოცდების ფორმატიდან გამომდინარე, რეპეტიტორები ქმნიან. ეს გასაკვირიც არ არის: რეპეტიტორმაც როგორმე ხომ უნდა მოასწროს ერთ წელიწადში აბიტურიენტის გამოცდისთვის მომზადება?! მე მგონია, რომ რეპეტიტორობის ინსტიტუტმა თავისი ფუნქცია უკვე ამოწურა, რადგან არ განვითარდა. აბიტურიენტის ოჯახი ბრმად ირჩევს რეპეტიტორს და ასე ბრმად შერჩეული მასწავლებლები განსაზღვრავენ ახალგაზრდა ადამიანის აკადემიურ მომავალს. თქვენ როგორ გესახებათ უკეთესი ხიდი სკოლასა და უნივერსიტეტს შორის, ვიდრე რეპეტიტორია? 

- ერთიანი ეროვნული გამოცდების ფორმატი თავის დროზე მნიშვნელოვანი, პროგრესული და საჭირო სიახლე იყო. გვახსოვს, საიდან ამოვყვინთეთ მისი მეშვეობით. ახლა უკვე ნამდვილად დროა, რომ ეს ფორმატი გადაიხედოს. იქნებ, უნივერსიტეტებს მიენიჭოთ უფლება, რომ თვითონ განსაზღვრონ, როგორი სტუდენტები სჭირდებათ? უნივერსიტეტმა თვითონ რომ შექმნას კრიტერიუმები? ამ შემთხვევაში, იქნებ, შეიცვალოს მდგომარეობა. 

- ეს ნიშნავს, რომ სკოლის როლი გაიზრდება?

- დიახ, და ეს როლი შეიცვლება. სკოლაში სწავლის მიზანი აღარ იქნება ეროვნული გამოცდების ჩაბარება. ამ შემთხვევაში, იქნებ, მეტი დრო დაეთმოს სააზროვნო უნარების, კრიტიკული აზროვნების, შემოქმედებითობის განვითარებას. 

- განათლების ეროვნულ მიზნებში წერია, რომ სკოლამ ლიბერალური ხედვის მოქალაქე უნდა აღზარდოს. ეს ნიშნავს, რომ უნდა აღზარდოს მოქალაქე, რომლისთვისაც მთავარი ღირებულებები იქნება ღია საზოგადოება, ადამიანის უფლებების დაცვა, საბაზრო ეკონომიკა. მაგრამ სკოლა საკმაოდ კონსერვატიული ორგანიზმია. მასწავლებლების თემი რამდენად მზად არის იმისთვის, რომ სკოლაში ლიბერალური ღირებულებები დანერგოს? 

- მე მეტად იმედიანად ვარ. ბევრ ასეთ მასწავლებელს ვიცნობ. მაგრამ იმისთვის, რომ თქვენი აღწერილი საზოგადოება ჩამოყალიბდეს, საჭიროა, სკოლაში მოსწავლის ხმა ისმოდეს მკაფიოდ.  დღეს რას წყვეტენ მოსწავლეები? რამდენად ხშირად მიდიან დირექტორთან ინიციატივებით? რამდენად უწყობს სკოლა ხელს მოსწავლეების იდეების განხორციელებას? ეს მაწუხებს. ქმედით საზოგადოებას ვერ შევქმნით, თუკი ახალგაზრდებს არ ვასწავლეთ, რომ ცვლილებები მათ ხელშია. თუკი რაიმე არ მოსწონთ, მაგალითად, აყროლებული ტუალეტი - ხმა უნდა ამოიღონ და რაღაც ნაბიჯები გადადგან. ეს ძალიან უტრირებული მაგალითია. 

- ეს ძალიან ძლიერი მაგალითია. მაგრამ მე კითხვა დავსვი მასწავლებლებზე და მომეწონა, რომ აქცენტი მოსწავლეებზე გადაიტანეთ.

- თუ სკოლაში მოსწავლეების ხმა არ ისმის, ეს სისტემის, მასწავლებლების და დირექციის პასუხისმგებლობად მიმაჩნია. კარგი მასწავლებელი, თავის მოსწავლეებთან ერთად, მუდმივად ახორციელებს შემოქმედებით პროექტებს. 

- პირადად თქვენ თუ გაქვთ ტაბუირებული თემები თქვენს მოსწავლეებთან ურთიერთობაში? საუბრობთ ხოლმე ე.წ. „საჩოთირო“ თემებზე? 

- დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ დიახ, ვსაუბრობთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოზარდ ადამიანს ჰქონდეს ნდობა. მან უნდა იცოდეს, რომ თუკი არის რაღაც, რასაც ვერ გაუზიარებს მშობელს, მეგობარს ან ნათესავს, სკოლა არის და იქნება ადგილი, სადაც მასზე იზრუნებენ. ამის განცდა ბავშვს აუცილებლად უნდა ჰქონდეს. 

- მაშინაც კი, როდესაც ოჯახიდან ვერ იღებს ამ ზრუნვას? 

- განსაკუთრებით მაშინ. 

- ძალიან რთული ამოცანაა, რომ ოჯახზე მეტი პასუხისმგებლობა სკოლას დავაკისროთ. 

- ბოლოს რაც მოხდა, როდესაც 14 წლის გოგონა ყველას მხრიდან გულგრილობას შეეწირა, სკოლას თავისი პირდაპირი ფუნქცია რომ შეესრულებინა - რომელიმე მასწავლებელს ან დირექტორს ხმა ამოეღო, სოციალური სამსახური ჩაერთო, პატრული გამოეძახებინა - შედეგი ხომ სხვა იქნებოდა?! 14 წლის გოგონას აღუკვეთეს თავისუფლება და მას აუპატიურებდა 28 წლის ადამიანი, რომელმაც დღემდე ვერ გაიაზრა თავისი დანაშაული. ამაზრზენი იყო სასამართლო პროცესზე მისი მხრიდან თავის მართლების მცდელობა. ასეთ მწვავე შემთხვევებში, შეიძლება ითქვას, რომ სკოლას გადამწყვეტი როლი აქვს. მაშინ, როდესაც მოსწავლე ვერ იღებს უსაფრთხოების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გარანტიას ოჯახისგან, დიახ, სკოლამ უნდა შეითავსოს ეს ფუნქცია. 

- დიახ, ახლა მესმის, რას გულისხმობთ. 

- არსებობს კითხვები, თუნდაც, სექსუალურ განათლებაზე. უაღრესად მნიშვნელოვანია ამ საკითხებზე საუბარი, ყველაფრის ამოთქმა, რაც გაინტერესებს და აკადემიურ სივრცეში პასუხების მიღება. იმ პასუხების არა, რაც შეიძლება სხვადასხვა საიტზე იპოვო. ეს უსაფრთხოების საკითხიც არის. დაწყებით საფეხურზეც კი უნდა ასწავლო ბავშვს, რომ არავის აქვს უფლება, სხეულის გარკვეულ ნაწილებზე შეეხოს. თუ სკოლა თვითონ ვერ წყვეტს ამ რთულ საკითხს, შეუძლია, დროდადრო მოსწავლეებთან შეხვედრაზე მოიწვიოს სპეციალისტები, თუნდაც, ექიმები. ჩვენს სკოლაში გვაქვს ეს პრაქტიკა. 

- თქვენი სკოლა ტიპური სკოლა არ არის. დაახლოებით წარმომიდგენია, რა ხდება სხვა სკოლებში, ამ კუთხით.

- საერთოდ, ჩვენ საზოგადოებას ახასიათებს, რომ გვიჭირს აღიარება, როცა რაღაცის გაკეთება არ შეგვიძლია. მაინც ჯიუტად მივუყვებით შეცდომებიან გზას - იმის ნაცვლად, რომ შევყოვნდეთ, შეცდომა ვაღიაროთ და პრობლემის გადაჭრის გზები ვეძებოთ. ამას ჩემი ჰოლანდიელი მეგობარი, რომელიც წლებია, საქართველოში ცხოვრობს, „ვიცი-ვიცი მენტალიტეტს“ ეძახის. 

- თქვენი კარიერის განმავლობაში, თქვენი მთავარი მოვალეობა რა იყო და რა არის? 

- (პაუზა) როგორც მასწავლებლის?

- დიახ. 

- ერთი, რაც მინდა, დაზუსტებით იცოდნენ ჩემმა მოსწავლეებმა, არის ის, რომ მიგულონ ადამიანად, რომელთანაც შეიძლება მისვლა ნებისმიერი კითხვით, პრობლემით ან გულისტკივილით. მინდა, შევძლო, რომ მათ ერთგვარი უსაფრთხოების განცდა მივანიჭო. როგორც ლიტერატურის მასწავლებელს, მინდა, მათთვის ლიტერატურა ვაქციო იმ სამარჯვად, რომელიც მათ სამყაროს კარს შეუღებს, ინტერესს გაუღვივებს არა მხოლოდ ლიტერატურის, არამედ, ზოგადად, სამყაროს და კვლევის მიმართ. კიდევ მინდა, რომ ჩემს მოსწავლეებს ცხოვრებისთვის საჭირო ისეთი თვისებების გამომუშავებაში შეუწყოს ხელი ჩემმა გაკვეთილებმა, რომლებიც რთულ მომენტებში დაეხმარებათ. 

 

 

„ვისურვებდი, რომ ნაკლები იყოს საზოგადოებრივი დაკვეთა, მეტი იყოს მიმღებლობა.“

 

 

- ახლა მინდა გკითხოთ, როგორც ადამიანს - რა გინდათ, რომ, ზოგადად, ადამიანებმა თქვენ შესახებ იცოდნენ? 

- არის თუ არა ეს კითხვა მიმართული იქით, თუ რა სახით მინდა, საზოგადოების წინაშე წარვდგე? რა ვაჩვენო იმისთვის, რომ შეექმნათ შთაბეჭდილება, ვინ ვარ და როგორ უნდა აღმიქვან? 

- დიახ.

- (პაუზა) არ ვიცი. 

- ამ პასუხს არ ველოდი. 

- ვერ მოვიხელთე, რა კონტექსტში ვუპასუხო თქვენს კითხვას. 

- იდენტობა რასთან გინდათ, რომ გქონდეთ, გარშემომყოფების აღქმით? ალბათ, აქ მოვძებნიდი პასუხს - რასთან მინდა, რომ ჩემი იდენტობა იყოს ცხადი. 

- და როგორი იქნებოდა თქვენი პასუხი? 

- არ ვიცი, სამწუხაროდ. როცა კითხვებს ვწერ, პასუხებზე არ ვფიქრობ. ვფიქრობ მხოლოდ სტუმარზე. ამიტომ, ახლა გამიჭირდება, სწრაფად გიპასუხოთ. 

- ზოგჯერ მაქვს ხოლმე განცდა, რომ ჩემი რაიმე ქმედება, ან ცხოვრების სტილი შეიძლება იყოს უჩვეულო. ახლაც მიჭირს, ადამიანები წარმოვიდგინო, როგორც სიმრავლე. მაგრამ მაქვს განცდა, რომ ერთგვარი საზოგადოებრივი დაკვეთები არსებობს. მაგალითად - ჩაიცვი ქუსლიანი ფეხსაცმელი, თუ საქმიან შეხვედრაზე მიდიხარ; გამოიყენე მაკიაჟი; ჭაღარა რომ გაქვს, აუცილებლად უნდა შეიღებო; სახის ნაოჭებს რას უშვრები? ამდენ დროს რატომ ატარებ ძაღლებთან?!.. და მსგავსი წუხილები. ვერ ვიტყვი, რომ ეს დაკვეთები ჩემთვის შემაწუხებელია (ახლა უკვე). მაგრამ ვისურვებდი, რომ ნაკლები იყოს საზოგადოებრივი დაკვეთა, მეტი იყოს მიმღებლობა. თქვენი კითხვის პასუხად გეტყვით - არ ვიცი, რამდენად მაღელვებს, როგორი ვარ სხვების თვალში, ან როგორი მინდა, რომ ვიყო. ყოველ შემთხვევაში, არ ვიცი, ახლა ეს რამდენად მაღელვებს. 

- ზოგადად, ჰუმანიტარული განათლება ხელს უწყობს ორიენტაციას შიდა სამყაროზე და არა გარეგან ნიშნებზე. თქვენი ჰუმანიტარული განათლება მეუბნება, რომ პროფესია სწორად აირჩიეთ. გარეგანი ნიშნები, რაც ჩამოთვალეთ, არ გაწუხებთ, რადგან თქვენი ყურადღების ცენტრი სხვაგან არის. და თქვენი პროფესია ხელს უწყობს იმ „სხვაგან“ აქცენტების გაღრმავებას. ამ მხრივ, მგონი, მოსალოცი ადამიანი ხართ. 

- გმადლობთ. 

- რომელია სიტყვა, რომელიც მთელი თქვენი ცხოვრების მეგზურად გამოდგება?

- მოგზაურობა. 

- შესაძლოა, არა გეოგრაფიული გაგებით? 

- მოგზაურობა, როგორც სიახლეების შემეცნების ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო საშუალება. დიახ, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დასვენებას არ ვგულისხმობ. ვგულისხმობ მოგზაურობას, როგორც მუდმივ მოძრაობას. არ მინდა, გავჩერდე მანამ, სანამ ახლის შეცნობის სურვილი მექნება. ეს, რა თქმა უნდა, გულისხმობს შინაგან მოგზაურობებსაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა. მოგზაურობას ხშირად აიგივებენ განსაკუთრებული ქვეყნების მონახულებასთან. სინამდვილეში, ამ ბოლო წლებში, მით უმეტეს, იმის შემდეგ, რაც უშბა მყავს, ძალიან ბევრი სამოგზაურო ადგილი აღმოვაჩინე თბილისის შემოგარენში. ალბათ, თქვენც არ გეცოდინებათ, რომ თბილისიდან მანქანით დაახლოებით ნახევარი საათის სავალზე არის არაჩვეულებრივი ტყეები, მთები, ხევები, სამოგზაურო ადგილები. უფრო მეტიც, ნუცუბიძის პლატოს ზევით აღმოვაჩინე ტყეები, ხევები, ღელე და ჩანჩქერიც კი.

- ჩვენს მკითხველებს ვუთხრათ, რომ უშბა თქვენი ძაღლია, რომელსაც წიგნიც კი მიუძღვენით. დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ინტერვიუს დავასრულებთ თქვენი კომენტარით ცნობილი ადამიანების ორ გამონათქვამზე. პირველი ციტატის ავტორია პოლონელი პოეტი, აფორისტი სტანისლავ ეჟი ლეცი (1909-1966): „დუმილს თავის კონტექსტში უნდა მოუსმინო.“ 

- დიახ, დუმილი ხშირად მრავლისმეტყველიც არის. შეიძლება დუმილის წაკითხვა, ასევე, შვების პოვნაც შეიძლება დუმილში. და ზოგჯერ, ურთიერთობის დროს, დუმილი შეიძლება მაშველ რგოლადაც იქცეს. 

- მგონი, მასწავლებელს გამძაფრებული უნდა ჰქონდეს უნარი, რომ მოსწავლის დუმილი სწორად წაიკითხოს. დუმილი შეიძლება იყოს ბავშვის თავშესაფარი და მასწავლებელმა ეს პირად შეურაცხყოფად არ უნდა მიიღოს. 

- ოქსიმორონი კი გამოდის ეს მრავლისმეტყველი დუმილი, მაგრამ კითხვაზე ვერმიღებულ ან არმიღებულ პასუხში, მართლაც შეიძლება, ბევრი რამ იკითხებოდეს. 

- მეორე ციტატა ეკუთვნის ამერიკელ მწერალს - ჰენრი მილერს (1891-1980): „ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩენ, რომ ერთადერთი პრობლემაღა დაგრჩა – საკუთარი თავი.“

- იმედი მაქვს, რომ საკუთარი თავის პრობლემად არასდროს ვიქცევი და პირიქით, საკუთარი თავი მუდმივად დარჩება ინტერესის თუ კვლევის ობიექტად. ვეტყოდი ჰენრი მილერს, რომ დიდი იმედი მაქვს, ეგ „მშვენიერი“ დღე არასდროს დადგება.
 

ფოტომასალა: ირაკლი გედენიძე

გუნდი

ირაკლი გედენიძე

ზურაბ ქურციკიძე

გიო კუსიანი

გიორგი ურუშაძე

თამთა ყუბანეიშვილი

ნანა ყურაშვილი

ინგა ქორიძე