×
„საზის გარეშე, ალბათ, ვერ ვისუნთქებ“

თინათინ ნარგილე მეჰთიევა

მუსიკოსი, აშუღი


1371

ინტერვიუს შესახებ

ამ ინტერვიუმ უძვიფასესი ადამიანი მაპოვნინა. 

არ მინდა, წინასწარ გითხრათ, რას ვგულისხმობ ამ სიტყვებში. წაიკითხეთ თინა-ნარგილეს ამბავი, რომელიც ნიჭიერი, ძლიერი, გონიერი, თბილი, გულწრფელი, მამაცი, გულჩვილი, პასუხისმგებლობიანი, სინთეზური კულტურის პირმშო ადამიანის ამბავია. ყველა ეპითეტი დინჯად ავწონ-დავწონე, სანამ დავწერდი. 

ჩემთვის თინა-ნარგილე განასახიერებს ჩვენი საერთო სამშობლოს საუკეთესო მომავალს. 

P.S. და აუცილებლად მოუსმინეთ მის ჰანგს, აქვე დართულ ვიდეოში. 
 

ია ანთაძე

- თინათინ, ძლიერი ადამიანისთვის დამახასიათებელი რა თვისებები გაქვთ?

- მთავარი ის არის, რომ ვიცი, რაც მინდა; ვიცი, რომელი გზით უნდა ვიარო და ამ გზაში ეჭვი არ მეპარება. 

- გზის არჩევა ბევრ რამეს შეიძლება ნიშნავდეს. თქვენ რას გულისხმობთ? 

- პირველ რიგში, ჩემი გზა სამართლიანობაა. ეს ნიშნავს, რომ ჩემი ცხოვრების გზაზე სწორად, სამართლიანად უნდა ვიარო. თუ სწორად არ ვივლი, არაფერი არ გამომივა. შემდეგ, ვარ მუსიკოსი, აშუღი და აუცილებელია, ამ გზაზეც სწორად ვიარო. 

- სამართლიანობა გასაგებია და პროფესიულ გზაზე სწორად სიარულში რას გულისხმობთ? 

- აშუღობა ძალიან ძნელი პროფესიაა, მით უმეტეს, ქალისთვის. ეს გზა ბავშვობიდან მომწონდა. ვიცოდი, რომ ჩემი ხმა, ჩემი ნიჭი ამ გზისკენ იყო. მაგრამ როცა გავიზარდე, ბევრმა მითხრა: ამ გზით ნუ ივლი, ძალიან ძნელია და ვერ მიაღწევ იმას, რაც გინდა; არ მიგიღებს საზოგადოება. მაგრამ არავის სიტყვას არ დავუჯერე და მაინც ჩემი გზა ავირჩიე. ეს ნიშნავდა, რომ აშუღური ჰანგები უნდა მცოდნოდა ძირფესვიანად, სწორად. 

- ვიცი, რომ ბაქოს კონსერვატორიაში (მუსიკალურ აკადემიაში) სწავლობდით. იქ შეისწავლეთ აშუღობა? თუ მხოლოდ ინსტრუმენტზე - საზზე - დაკვრა ისწავლეთ? 

- იქ მხოლოდ ინსტრუმენტზე დაკვრა ვისწავლე. დედაჩემის მამამ პროფესიულად იცოდა აშუღური ჰანგები. ღიღინებდა, როცა ჩვენთან მოდიოდა, ან როცა მე მივდიოდი მათთან. ქორწილებში, ნიშნობებში კაცი აშუღები მოდიოდნენ. მათი სიმღერა, მათი ძნელი აშუღური ჰანგები, მათი მყარი დგომა, მათში სერიოზულობა, თვითონ საზის ხმა - ყველაფერი ძალიან მომწონდა. პატარაობიდან ვმღეროდი, მაგრამ ინსტრუმენტზე დაკვრა არ ვიცოდი. არც აშუღები მასწავლიდნენ, არც ჩემს მშობლებს უფიქრიათ, რომ ესწავლებინათ. ალბათ, იმიტომ, რომ საქართველოში ქალი აშუღი არ არსებობდა. როცა ბაქოში საცხოვრებლად გადავედით, ჩემმა მშობლებმა ნახეს, რომ ქალები საზზე უკრავენ და ძალიან კარგადაც გამოსდით. მაშინ პატარა საზი მიყიდეს, რომ ჩვენთვის, სახლში დამეკრა. 

- რამდენი წლის იყავით? 

- 12 წლის. რომ ვთქვა, ჩემს მშობლებს ძალიან უნდოდათ, აშუღი გამოვსულიყავი და ცნობილი აშუღი გავმხდარიყავი, - ასე არ ყოფილა. უბრალოდ, უნდოდათ, ოჯახში, სუფრასთან დაეკრა თინას საზზე და ემღერა. 

- ის ხედვა, რომ აშუღობა მამაკაცის პროფესიაა, იმით იყო გამოწვეული, რომ ძველ დროში სულ ასე ხდებოდა? ქორწილებში, ნიშნობებზე აშუღები სოფელ-სოფელ დადიოდნენ და ცხადია, ქალი ვერ ივლიდა. დღეს თუ არის მიღებული, რომ ქალი აშუღი ისეთივე პროფესიაა, როგორც - მამაკაცი აშუღი? 

- ქალი აშუღები, ძირითადად, აზერბაიჯანში და თურქეთში არიან. სამწუხაროდ, საქართველოში ამჟამად ერთადერთი ქალი აშუღი მე ვარ. ძველ დროში, რა თქმა უნდა, ძალიან ძნელი იყო ქალისთვის ოჯახიდან გასვლა, ქორწილებში, ნიშნობებში, სოფელ-სოფელ სიარული, თუნდაც, საზღვარგარეთ წასვლა. ქალი ოჯახიდან არ გადიოდა და, რა თქმა უნდა, ეს იყო დამაბრკოლებელი, მეტი არაფერი. ხალხიც მიეჩვია კაცებისგან აშუღური ჰანგების მოსმენას. 

- საზი, რომელზეც თქვენ უკრავთ, სამ კილოგრამს იწონის. ქალისთვის ზედმეტად მძიმე ინსტრუმენტი ხომ არ არის?

- რა თქმა უნდა, მძიმეა. ისიც გავითვალისწინოთ, რომ ქალის თითები ნაზია. საზს კი სინაზე არ უხდება. მას ფოლადის სიმები აქვს და ამ სიმებზე თითების „ცეკვა“ ნამდვილად ძნელია. ქალის სინაზისთვის, ქალის თითებისთვის რთული საკრავია. მეც ძალიან ძნელად მივაღწიე შედეგს, თითები სულ ჩამეჭრა, სანამ გამიმაგრდებოდა. 

- როდესაც გადაწყვიტეთ, რომ საზი თქვენი საკრავია და აშუღობა თქვენი პროფესია უნდა გახდეს, როგორ წარმოგედგინათ - ამ პროფესიით როგორ იცხოვრებდით და  თავს როგორ ირჩენდით? სად ხედავდით თქვენს ადგილს? 

- მაშინ არსად არ ვხედავდი ჩემს თავს და ჩემს ადგილს. უბრალოდ, საზის ოსტატები მომწონდა, მათი დაკვრა, მათი ჰანგები. და საერთოდ არ მეგონა, რომ მე ამას შევძლებდი. როცა დაკვრა დავიწყე, მაშინაც არ ვფიქრობდი, რომ აშუღი გავხდებოდი. 

- ეს პერიოდი რამდენ ხანს გაგრძელდა? 

- 2 -3 წელი. 15 წლის რომ გავხდი, მაშინაც არ ვფიქრობდი, რა და როგორი უნდა ყოფილიყო ჩემი გზა. მაგრამ ძალიან მინდოდა საზზე დაკვრა და კონსერვატორია იქნებოდა, თუ რომელიმე მუსიკალური სკოლა, ამ ინსტრუმენტზე დაკვრას მაინც ვისწავლიდი. მადლობას ვუხდი ჩემს მშობლებს, რომ სურვილის ასრულებაში დამეხმარნენ.

- ესე იგი, არ ყოფილან წინააღმდეგი, რომ საზზე დაკვრა პროფესიულად გესწავლათ. 

- დიახ, მიხვდნენ, რომ ნამდვილად ეს მინდოდა და დამეხმარნენ. კონსერვატორიაში საზის ოსტატმა ჩემს მშობლებს უთხრა: ძალიან ძნელია ასეთი ნიჭიერი ბავშვის პოვნა; მიხარია, რომ ჩემი მოსწავლეა; არ დაიზაროთ, არ დაიღალოთ, ეს საქმე ბოლომდე მიიყვანეთო. ჩემი ოსტატი მეც ხშირად მეუბნებოდა: „შეგიძლია, მაგრამ უნდა იშრომო, უნდა მიაღწიო! აქედან გხედავ, სადაც იქნები, მაგრამ ჯერ ბავშვი ხარ და ახლა გეუბნები, რომ ძალიან ბევრი უნდა ისწავლო და იშრომო!“ 

 

 

„სანამ საკუთარ ოჯახს შევქმნიდი, მანამდე ყოველთვის ისე ვიქცეოდი, როგორც ჩემი მშობლების ოჯახს უნდოდა.“

 


- თქვენი ბავშვობის პერიოდში, ვინ იყო ის ადამიანი, რომელმაც ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა თქვენს ხასიათზე, თქვენი გზის არჩევაზე? კონკრეტულად თუ იყო ვინმე, ახლობლებს შორის? 

- ახლო ადამიანზე ვერ ვიტყვი, ვერც ოჯახის წევრებზე, ვერც ნათესავებზე. ასეთი ადამიანი იყო ჩემი პირველი მასწავლებელი აზერბაიჯანში. მან დამარწმუნა, რომ ეს არის ჩემი გზა. 

- თუ ყოფილა თქვენს ცხოვრებაში პერიოდი, როცა გიცხოვრიათ არა ისე, როგორც თქვენ გინდოდათ, არამედ, ისე - როგორც სხვებს უნდოდათ? 

- დიახ, რა თქმა უნდა. სანამ საკუთარ ოჯახს შევქმნიდი, მანამდე ყოველთვის ისე ვიქცეოდი, როგორც ჩემი მშობლების ოჯახს უნდოდა. ჩემი აზრი არ იყო მნიშვნელოვანი, რაც მე მინდოდა, არც ეს იყო მნიშვნელოვანი. რაც და როგორც დედაჩემს, მამაჩემს და მამაჩემის დედას, ანუ ჩემს ბებიას უნდოდათ, - მეც ისე ვიქცეოდი. რა თქმა უნდა, ყველას უყვარს თავისი ოჯახი, თავისი მშობლები. არ მინდოდა, მათთვის მეწყენინებინა; არ მინდოდა, რასაც მეუბნებოდნენ, მათი სიტყვიდან გავსულიყავი. ასე იყო მანამ, სანამ ოჯახს შევქმნიდი. 

- როგორ ფიქრობთ, თქვენი ბავშვობა როდის დამთავრდა? როცა გათხოვდით და საკუთარი ოჯახი შექმენით?

- ძალიან ცელქი და ნიჭიერი ბავშვი ვიყავი, მაგრამ არავის ვაწუხებდი. სხვათა შორის, ხატვის ნიჭიც მაქვს. დიზაინერობაც მეხერხება. რაც კი ამ ცხოვრებაში ლამაზი მეჩვენება, ის მეხერხება. ჩემი ბავშვობა მაშინ დამთავრდა, როცა დავქორწინდი - ძალიან ადრე, 19 წლის ასაკში.  

- თქვენი ქორწინება ტრადიციული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი ქორწინება იყო, როდესაც თქვენს მომავალ მეუღლეს, შეიძლება, კარგად არც იცნობდით და არც გათხოვება გინდოდათ? თუ ეს ქორწინება თქვენი გააზრებული არჩევანი იყო? 

- არანაირად. საერთოდ ვერ წარმომედგინა, რომ დავქორწინდებოდი და სხვა ოჯახში გავაგრძელებდი ცხოვრებას. რას ნიშნავდა ქორწინება, სად და რატომ მივდიოდი - ამას ვერანაირად ვერ ვფიქრობდი. 

- ოჯახებმა გადაწყვიტეს? 

- დიახ, ოჯახებმა გადაწყვიტეს. 

- რაკი ამ დროს ბაქოდან უკვე დაბრუნებული იყავით, ესე იგი, თქვენი პროფესია არჩეული გქონდათ. 

- ბაქოდან მხოლოდ ბებიაჩემი და მე ჩამოვედით. მშობლები იქ დარჩნენ. დიახ, ამ დროს საზზე უკვე ვუკრავდი. სანამ ჩამოვიდოდით, მანამდე ჰქონდათ გადაწყვეტილი, რომ დავქორწინდებოდი. 

- თქვენი მეუღლის ოჯახი თბილისში ცხოვრობდა?

- დიახ, თბილისში ცხოვრობდნენ. მე თანახმა არ ვიყავი. მართლა ვერ წარმომედგინა, როგორ უნდა მეცხოვრა უცხო ოჯახში. მაგრამ, სამწუხაროდ, დავქორწინდით. 

- რა ასაკის შვილები გყავთ? 

- 20 წლის ბიჭი მყავს და 19 წლის გახდება გოგონა. 

- ეს ისევ იგივე ქორწინებაა? 

- კი, რა თქმა უნდა. 

- თქვენს მეუღლეზე ამბობთ, ჩვენს კაცებს არ უყვართ აქტიური და თავისუფალი ქალები, მაგრამ ჩემი მეუღლე ასეთი არ არისო. შეიძლება ითქვას, რომ თქვენ ძალიან გაგიმართლათ, რაკი ასეთი „ბრმა“ ქორწინება მყარი ოჯახით დამთავრდა? 

- ვერ ვიტყვი, რომ ძალიან გამიმართლა. რა თქმა უნდა, მადლობა ღმერთს, რომ ასეთი ოჯახი მაქვს და მშვენიერი შვილები მყავს. მაგრამ, ჩემი მეუღლისთვის რომ მეთქვა, შენ როგორც გინდა, ისე ვიცხოვრებ-მეთქი, რა თქმა უნდა, არ იქნებოდა თანახმა, ჩემი პროფესია გამეგრძელებინა. მაგრამ, წლების განმავლობაში, კარგად გამიცნო. როცა დავქორწინდით, ისიც ბავშვი იყო - 19 წლის. სანამ შვილები სკოლაში წავიდოდნენ, საზისთვის ხელი არ მიხლია. 

- ეს არ ვიცოდი. 

- ქალაქგარეთ ვცხოვრობდით, ბავშვები პატარები იყვნენ და გადავწყვიტე, რომ სანამ სკოლაში წავიდოდნენ, მე თვითონ გამეზარდა ჩემი შვილები. მე უნდა ვყოფილიყავი მათთან ყოველ დღე და ყოველ საათს. ასეც მოხდა. სკოლაში სიარული რომ დაიწყეს, მეც ნელ-ნელა დავიწყე გარეთ გასვლა. 

- ამასობაში, თქვენი მეუღლეც მიეჩვია, ალბათ, თქვენს ხასიათს. 

- დიახ, იცოდა, რაც მინდოდა. იცოდა, ვინ ვიყავი, რანაირი ვიყავი. თავიდან, რა თქმა უნდა, არ ეგონა, რომ თინა ასეთი ნიჭიერი აღმოჩნდებოდა, ასეთი ცნობილი და წარმატებული გახდებოდა. ჩემს მეუღლეს დღევანდელ დღეზე რომ ეფიქრა, ალბათ, ხელს შემიშლიდა. 

- ამას არ ველოდი. მე პირიქით წარმოვიდგინე. მეგონა, ამბობდით - რომ მიმხვდარიყო, რამდენს მივაღწევდი, რა თქმა უნდა, თავიდანვე ხელს შემიწყობდაო. გამოდის, დღესაც მისთვის, როგორც ტრადიციული ცნობიერების ადამიანისთვის, უკეთესი იქნებოდა თქვენ ამ წარმატებებისთვის არ მიგეღწიათ და მის გვერდით სახლში მჯდარიყავით? 

- რა თქმა უნდა. 

 
ჩვენთან ცოტა ძნელია, ცოტა კი არა, ძალიან ძნელია ქალის წარმატება.

მით უმეტეს, ძნელია, რომ ეს წარმატება კაცებმა მიიღონ.  ბევრი მიფიქრია, რატომ უნდათ, რომ ქალი მხოლოდ სამზარეულოში იყოს, ქალი ოჯახში და ბავშვებთან იყოს. რა თქმა უნდა, ამასაც ვასწრებ. მე თვითონ ისეთი პიროვნება ვარ, რომ არ მინდა, ოჯახში მეუღლე და შვილები უკმაყოფილოები იყვნენ ჩემით. არ მინდა, იფიქრონ: დედა მუშაობს, სულ გასულია, საზღვარგარეთ დადის და ჩვენ მის გარეშე ვართო. ამიტომ ვახერხებ, რომ შვილებთანაც ვიყო, მეუღლესთანაც ვიყო. ეს არის ჩემი არჩეული სწორი გზა, რაც თავიდან გითხარით. არ მინდა, რომ ჩემს გზას ვინმე შეეხოს. 

- ტელევიზორში რომ გხედავენ, შვილებს რა რეაქცია აქვთ? 

- რა თქმა უნდა, ძალიან უხარიათ. მაგრამ ყველა შვილს უნდა, რომ დედა გვერდით ჰყავდეს. თუმცა, ისეთი წყნარი, ჩუმი შვილები მყავს, რომ თავის აზრს თავისუფლად ვერც მეუბნებიან. მე უნდა მივხვდე, რა უნდათ - ან მზერის მიხედვით, აქ ქცევის მიხედვით.

- გარდატეხის ასაკი როგორ გაიარეს? 

- ჩემი შვილები მე მგვანან, თუ ასე გავზარდე, არ ვიცი. ძალიან ჭკვიანები არიან, არასდროს არ გავწვალებულვარ მათი ქცევით. 

 

 


„ჩვენს ოჯახში, ძირითადად, ყველაფერი აღმოსავლურია, სამწუხაროდ.“ 

 

 

- წესებს ოჯახში, თუნდაც, შვილებთან ურთიერთობაში, თქვენ ადგენთ, თუ თქვენი მეუღლე? 

- მე, რა თქმა უნდა. 

- ანუ, ოჯახში ლიდერი თქვენ ხართ? 

- არა, ლიდერს ვერ ვიტყვი. უფრო, ჩემს მეუღლესაც და ჩემს შვილებსაც მე ვუჩვენებ, რა სჭირდებათ.  

- რატომ არ შეიძლება, რომ თვითონ გადაწყვიტონ? 

- ნიჭიერი ბავშვები არიან, მაგრამ რა უნდათ, - ამის გარკვევაში ვეხმარები. არაფერს არ ვაძალებ, რა თქმა უნდა. თავისუფლად შეუძლიათ, თავისი გზა აირჩიონ. მე, უბრალოდ, ვეკითხები, მივანიშნებ - იქნებ, ეს გინდა?

- თქვენ ევროპის ბევრ ქვეყანაში გქონდათ სოლო კონცერტი და, შეიძლება ითქვას, ევროპის კარი ღია გაქვთ. თქვენ გააღეთ ეს კარი თქვენი ნიჭით. პროგრესის კარიც ღია გაქვთ. მაშინაც, როცა პროფესია აირჩიეთ და შემდეგაც, როგორც ვხვდები, ბევრჯერ გამოაჩინეთ თქვენი ქალური ძალა. თქვენს ოჯახში რა არის აღმოსავლური და რა არის დასავლური?

- ჩვენს ოჯახში, ძირითადად, ყველაფერი აღმოსავლურია, სამწუხაროდ. 

- მაგრამ ეს თქვენი სიახლოვე ევროპასთან? თქვენი პროგრესული აზროვნება? რა შევიდა ოჯახში აქედან?

- ეს ყველაფერი ჩემი წარმატებაა და ჩემ მიმართ ნდობას იწვევს. რა თქმა უნდა, სადაც მიდიან, ყველგან პატივისცემით ექცევიან იმიტომ, რომ იციან, ნარგილეს, ანუ თინას ოჯახის წევრები არიან.

- ცხოვრების წესში არაფერი შეცვლილა? 

- ცხოვრების წესში არაფერი არ შეცვლილა. ოჯახში როგორც ვიყავი, ისევ ისე ვაგრძელებ ცხოვრებას. 

- გინდათ, რომ თქვენი შვილები ევროპაში წავიდნენ და იქ ისწავლონ? როგორც წავიკითხე, ერთს დიზაინი აინტერესებს, მეორეს - არქიტექტურა. 

- იციან, რომ თავისი გზა თავისუფლად შეუძლიათ აირჩიონ, მათ შორის, შეუძლიათ, წავიდნენ და ევროპაში ისწავლონ. თუმცა, ჯერჯერობით, ვერ რისკავენ. ამაშიც მე უნდა დავეხმარო ჩემს შვილებს. 

- თქვენთან ერთად ევროპაში თუ ყოფილან თქვენი ოჯახის წევრები?

- არა, არასდროს. მხოლოდ თურქეთში ყოფილან ჩემთან ერთად შვილები, სხვაგან ჯერ ვერ მოვახერხეთ. 

- თქვენ სოლო კონცერტები გქონდათ ბრიტანეთში, ჰოლანდიაში, ბელგიაში, შვეიცარიაში, ნორვეგიაში, დანიაში... რა იზიდავთ ევროპელებს პირადად თქვენში? ან თქვენ რა შთაბეჭდილება გრჩებათ, ან თვითონ რას გიზიარებენ? 

- თავიდან დიდი ჩხუბი მქონდა ჩემს თავთან. პირველად ლონდონში რომ მიმიწვიეს სოლო კონცერტზე, ბევრი არ მიფიქრია, დავთანხმდი. მოწვევა გამომიგზავნეს და თავისუფლად ჩავედი. რომ მივდიოდი, არ ვფიქრობდი, ინგლისელებს მოეწონებოდათ თუ არა ჩემი საზი, აშუღური ჰანგები, თვითონ მე მოვეწონებოდი თუ არა, როგორ შემხვდებოდნენ... სანამ ჩავიდოდი, ამაზე არ მიფიქრია. რომ ჩავედი, მითხრეს, ინგლისელები ისეთი ხალხია, რომ რაც არ მოსწონთ, თავისუფლად გაგრძნობინებენ და პირველივე სიმღერის შემდეგ შეიძლება სცენიდან ჩამოსვლა მოგიხდესო. საათ-ნახევარი მქონდა დრო სცენაზე და ეს რომ გავიგე, ძალიან ვინერვიულე. დავიწყე ჩემი თავის ლანძღვა: რა გინდოდა? მარტო მოხვედი, შენს საზთან ერთად...  

 
საზი... სად საზი, სად ინგლისელები, სად აშუღური ჰანგები, სად ინგლისელები... რას გაიგებენ, რას მიხვდებიან?! რომ ავედი სცენაზე, ერთი სიმღერა ვიმღერე კანკალით. ახლაც მაქვს სურათი, რომ დავიწყე სიმღერა, ვერ მივხვდი, მაგრამ ცრემლები მაქვს. თურმე ვტიროდი, რომ ვმღეროდი.
 

სცენიდან მაყურებელი არ ჩანდა, ბნელოდა, დიდი შუქის ქვეშ ვიდექით მარტო მე და ჩემი საზი. ვერ აგიხსნით, როგორ მეშინოდა. სიმღერა რომ დავამთავრე და მაყურებლის ტაში რომ მოვისმინე, მათი აღფრთოვანება რომ ვნახე, ისევ ავტირდი, ახლა სიხარულისგან. ჩემი სახელი არ იცოდნენ, მაგრამ იცოდნენ, რომელი ქვეყნიდან ვიყავი და დაიწყეს ყვირილი: „ჯორჯია! ჯორჯია!“ ისევ ავტირდი. ასე ტირილით გავაგრძელე საათ-ნახევარი სცენაზე დაკვრა. იქ ერთი ცოტა გიჟი ფოტოგრაფი იყო, უცნაური მანერები ჰქონდა. ზოგჯერ ძირს წამოწვებოდა და ისე მიღებდა. თან მეცინებოდა, თან ვტიროდი. ჩემი პირველი კონცერტი ლონდონში ასეთი სასწაული იყო. 

 - სხვა ქვეყნებში რა ხდებოდა? 

- სხვა ქვეყნებში უფრო მშვიდად ვიყავი. უკვე ვიცოდი იქაურების აზრი, მათი დამოკიდებულება; ვიცოდი, რას ელოდნენ ჩემგან. ამსტერდამში ეკლესიაში იყო კონცერტი. მანდ იგივე ფოტოგრაფი შემხვდა. თურმე, ისე მოეწონა ჩემი საზი და აშუღური ჰანგები, მე თვითონ ისე მოვეწონე, რომ სადაც მივდიოდი, დამყვებოდა. ეს არ ვიცოდი. ამსტერდამში ორი საათი ვიყავი სცენაზე და კონცერტი რომ დამთავრდა, შემხვდა ეს ფოტოგრაფი. ბანკის ბარათი გამომიწოდა. ვერ მივხვდი, რა უნდოდა. მაშინ ინგლისურად მხოლოდ ერთი-ორი სიტყვა ვიცოდი და ვერ ვიგებდი, რას მეუბნებოდა. გვერდზე დამხმარე გოგონა მყავდა. ვუყურებ, რა უნდა ამ ადამიანს-მეთქი. თურმე, ბარათზე ჩემი სურათი აქვს, საზთან ერთად. ძალიან გამეცინა, მომეწონა. მეუბნება, მიყვარხართ, ძალიან მომწონს თქვენი საზი და სცენაზე თქვენი მყარად დგომაო. პიჯაკი გაიხადა და მკლავზე ჰქონდა ამოტვიფრული ჩემი სურათი, საზთან ერთად. მკლავს რომ ამოძრავებდა, თითქოს, ვუკრავდი და ვმღეროდი. 

- მგონი, ვხვდები, თქვენი ოჯახის წევრები რატომ ნერვიულობენ. 

- არაფერს არ მეუბნებიან. მიცნობენ, იციან, რომ ძალიან მომწონს და მიყვარს ჩემი პროფესია. საზის გარეშე, ალბათ, ვერ ვისუნთქებ. 

 

 

„სად ვარ მაგ დროს, როცა აშუღურ ჰანგს ვასრულებ, მე თვითონაც არ ვიცი.“

 

 

- აშუღი არის ადამიანი, რომელიც თვითონ წერს ტექსტსაც და ჰანგსაც, თვითონ უკრავს და მღერის. აშუღი ნიშნავს შეყვარებულ ადამიანს, მაგრამ, პირველ რიგში - ღმერთში შეყვარებულს. ეს მაღალი თამასა, ღვთის, მარადიულის სიყვარულის განცდა დღესაც არის შემორჩენილი აშუღურ ტექსტებში და ჰანგებში? 

- დიახ, რა თქმა უნდა. აშუღობა ღმერთისგან ადამიანისთვის მოცემული ნიჭია. მე როცა ვლაპარაკობ, სხვა ადამიანი ვარ, მაგრამ როცა სცენაზე ვარ, როცა ვმღერი, როცა ხელში საზი მიჭირავს, სულ სხვა ადამიანი ვხდები. რატომ? ვმღერი იმ ლექსს, რომელიც სიყვარულს ეხება, გმირობას ეხება, ჩემს ქვეყანას, ოჯახურ სიყვარულს... ამ ტექსტს სად მივყავარ, ეგ აღარ ვიცი. სად ვარ მაგ დროს, როცა აშუღურ ჰანგს ვასრულებ, მე თვითონაც არ ვიცი. სცენაზე მაშინ ვბრუნდები, როცა ჰანგებს მოვრჩები და ტაშის ხმა გამომაფხიზლებს. და კიდევ ერთი რამ არის ჩემში უცნაური: როცა მეკითხებიან - თინა, რას იმღერებ კონცერტზე? არ ვიცი. სანამ სცენაზე გავალ, სანამ მაყურებლებს დავინახავ, არ ვიცი, რა უნდა ვიმღერო. როცა სცენაზე გამოვდივარ, უცბად მაგონდება რომელიმე ჰანგი და ვიცი, რომ იმას ვიმღერებ. მანამდე ვერ ვიტყვი. 

- როგორ იწერება ეს მუსიკა ან ტექსტები? 

- ტექსტი თავისით მოდის. უფრო დილით და საღამოს ვწერ. როგორც არ უნდა დაღლილი ვიყო საღამოს, ტექსტი თავისით იწერება. მაგრამ ადრე დილით უფრო ადვილად გამომდის - ხუთ ან ექვს საათზე. 

- ყოველდღე მუშაობთ? 

- დიახ, თითქმის ყოველდღე ვმუშაობ. ოჯახისთვის და ბავშვებისთვისაც ვიტოვებ დროს. ვცდილობ, ეს ორი რამ ერთმანეთს არ შეეჯახოს. 

- როგორ წარმოგიდგენიათ, ვისთვის არის ის, რასაც თქვენ ქმნით? 

- აღმოსავლეთის ქალებისთვის, რომლებსაც სულ ეშინიათ: "რას იტყვის მეუღლე? რას იტყვის საზოგადოება? ჩემი გზა რომ ავირჩიო - რაც მიყვარს, იმ გზით რომ წავიდე - როგორ გამიგებენ?" იმედი მაქვს, მათთვის ძალა და მაგალითი ვიქნები. 

- ისევ იმ თემას მივუბრუნდები, რომ, ერთი მხრივ, თქვენ უძველესი ტრადიციის დამცველი და გამგრძელებელი ხართ. მეორე მხრივ, პროგრესიც თქვენშია. პროგრესისკენ სწრაფვა და ტრადიციული ცნობიერება რა საფუძველზე ერთიანდება თქვენში? 

- პირველ რიგში, თუ ადამიანს თავისი თავი არ უყვარს, სხვას ვერ შეიყვარებს. არ დავიჯერებ, ვინმე თუ მეტყვის, ჩემი თავი არ მიყვარს, მაგრამ შენ მიყვარხარო. ადამიანს, პირველ რიგში, თავისი თავი უნდა უყვარდეს, თავისი წარსული, თავისი ტრადიცია, თავისი ვინაობა, თავისი მუსიკა...

- ეს ყველაფერი ბევრს უყვარს, მაგრამ თქვენ უნიკალური ხართ. იმდენ რამეს უნდოდა გაბედვა თქვენს ცხოვრებაში და ყველაფერი გაბედეთ, რაც კი სწორად მიგაჩნდათ. თუმცა, ტრადიცია სულ სხვა რამეს ამბობდა. რა გაძლევდათ ძალას, რომ უკან არ დაგეხიათ და ასეთი ძლიერი ყოფილიყავით? 

- ალბათ, ღმერთისგან მონიჭებული ნიჭი მაძლევდა ძალას. სანამ ნაბიჯს გადავდგამდი, მანამდე ვფიქრობდი: „თუ უკან დავიხევ, არ გამომივა; წინ უნდა წავიდე, უნდა მივაღწიო! თუ ერთხელ არ გამომივა, კიდევ ვცდი და მეორედ გამომივა!“ ვიცოდი, რომ თუ უკან დავიხევდი, ვერ ვიქნებოდი აშუღი, არ ვიქნებოდი თინა-ნარგილე. შეიძლება, მხოლოდ ნარგილე ვყოფილიყავი, მაგრამ თინა-ნარგილე საქართველოში ვერ ვიქნებოდი. ბევრ რამეს მივაღწიე, მაგრამ ადვილად არა, ძალიან ძნელად მივაღწიე. 

- ყველაზე ძნელი რა იყო? 

- ყველაზე ძნელი იყო საზოგადოებასთან ურთიერთობა.  ჩემთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რას ფიქრობდნენ ჩემზე ადამიანები. აზერბაიჯანში ან თურქეთში რომ მეცხოვრა, ბევრად ადვილი იქნებოდა, მაგრამ საქართველოში ვცხოვრობ. 

- რატომ იყო თქვენთვის უფრო ძნელი, საქართველოში მიგეღწიათ იმისთვის, რასაც მიაღწიეთ? 

- საქართველო მრავალფეროვანი ქვეყანაა. ქართველ აუდიტორიას უნდა შევხვედროდი. უნდა მცოდნოდა, ქართველ ხალხს ჩემგან რა მოეწონებოდა; რა უნდა გამეკეთებინა, რომ მათთვის მისაღები ყოფილიყო. 

- ამაზე ფიქრობდით? 

- რადგან საქართველოში ვცხოვრობ და მომავალშიც აქ ვიცხოვრებ, ამაზე ძალიან ბევრს ვფიქრობდი. აზერბაიჯანში ან თურქეთში რომ ვყოფილიყავი, ამაზე არ ვიფიქრებდი. მათთვის ძალიან ბუნებრივია საზიც, აშუღური ჰანგებიც და ქალი აშუღიც უფრო მეტად მისაღებია. ქართველ ხალხს ქალი აშუღი არ უნახავს. თავის დროზე იყო აშუღი სონა, მაგრამ ისე გარდაიცვალა, ოჯახი არ შეუქმნია. ძალიან უყვარდა ერთი პიროვნება. უფრო სწორად, ორი შეყვარებული ჰყავდა, ერთი ადამიანი და ერთი - ინსტრუმენტი. მაგრამ ინსტრუმენტი აირჩია. მიხვდა, რომ ოჯახს თუ შექმნიდა, აშუღობას ვეღარ მიაღწევდა. 

 

 

„სამწუხაროდ, თქვენ ეს არ იცით, მაგრამ  ძალიან კარგები, ლამაზები და ძლიერები ხართ.“

 

 

- თქვენ ამბობთ, მინდა, ჩაიხანა გავხსნა, რომ ძველ საკრავებზე ვინც უკრავს, მოვიდეს და თავისი თავი წარმოაჩინოსო. ამ ჩაიხანის სტუმრებად ვინ წარმოგიდგენიათ - უცხოელები? საქართველოს მოქალაქეები? ვისთვის გინდათ ამ ჩაიხანის გახსნა? 

- ერთ-ერთი მთავარი, ვისთვისაც მინდა ჩაიხანის გახსნა, საქართველოში მაცხოვრებელი აზერბაიჯანელი დიასახლისი ქალები არიან.

- რომ გესტუმრონ? თუ რომ დაასაქმოთ? 

- რომ დავასაქმო, რომ ვესტუმრო, რომ მესტუმრონ... მინდა, მათ დავანახო, რამდენად ნიჭიერები არიან. აზერბაიჯანელ ქალებს რომ ველაპარაკები, მეუბნებიან - „ჩვენ ვინ ვართ? ჩვენ მხოლოდ დიასახლისები ვართ.“ მათ უნდა დავანახო, რამდენად ნიჭიერები არიან. უნდა დავანახო, რომ მათი ვინაობა მნიშვნელოვანია. უნდა ვუთხრა: „სამწუხაროდ, თქვენ ეს არ იცით, მაგრამ  ძალიან კარგები, ლამაზები და ძლიერები ხართ.“ ეს არის ჩაიხანის გახსნის მნიშვნელოვანი მიზეზი. 

- იმედია, შეძლებთ ამ ოცნების ასრულებას. ბავშვებს საზზე დაკვრას ასწავლით. როგორც წავიკითხე, 20 მოსწავლე გყავთ. მოსწავლე გოგონები თუ გყავთ? 

- დიახ, ორი გოგონა მყავს. 

- თქვენი შემოსავლის ძირითადი წყარო ეს მოსწავლეები არიან? 

- არა. როგორც აშუღს შეეფერება, მაინც დავდივარ ქორწილებში, ნიშნობებში...

- მხოლოდ აზერბაიჯანულ ქორწილებში დადიხართ? 

- ქართულ ქორწილებშიც ვყოფილვარ. ინგლისელებთანაც ვიყავი ქორწილში. 

- ეს კონკრეტული საზი, ინსტრუმენტი, რომელზეც ახლა უკრავთ და ჩვენთანაც მოიტანეთ, რამდენი წელია, რაც გაქვთ?

- ასე ვიტყოდი, რომ ერთად გავიზარდეთ. 

- ერთი საზი გაქვთ, წლების განმავლობაში? 

- დიახ, ერთი საზი მყავს. ყველგან ერთად დავდივართ - საზღვარგარეთ, ქორწილებში, ნიშნობებში. რა თქმა უნდა, სხვა საზებიც მაქვს სახლში, მაგრამ ეს საზი, რომელიც სულ თან მაქვს, ჩემი ნამდვილი მეგობარია. თავისუფლად შემიძლია, დაველაპარაკო. როცა მოწყენილი ვარ, გამიგებს, როცა მიხარია, მით უმეტეს, მიგებს. 

- ნათქვამიც გაქვთ, ჩემი მესამე შვილიაო. 

- დიახ, რა თქმა უნდა, ეს არის ჩემი მესამე შვილი. შეიძლება, შვილებმა ვერ გამიგონ, მაგრამ საზი ყოველთვის გამიგებს (იცინის). 

- სამყაროს დიდი წესრიგის თუ გჯერათ? 

- კი, აუცილებლად. არ ვარ ისეთი პიროვნება, რომ ვინმეს რამე ვთხოვო. ტელევიზიაა, კონცერტებია, საზღვარგარეთ წასვლაა - არავისთვის არაფერი არ მითხოვია. ყოველთვის მჯეროდა, რომ თუ სწორად ვივლიდი, ყველაფერი წინ დამხვდებოდა. მართლაც, ყველაფერი წინ დამხვდა. 

- თუ გქონიათ მომენტი, რომელზეც იტყვით, რომ, აი, ამ მომენტიდან ჩემი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა?

- არ მიფიქრია ამაზე. მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ სწორად მეცხოვრა. ცხოვრების შეცვლაზე თუ ვიფიქრებდი, შეიძლებოდა, ბევრი სხვა რამ გამეკეთებინა და, ალბათ, შევძლებდი, რომ ჩემი გზა შემეცვალა. მაგრამ ეს არასდროს არ გამიკეთებია. 

- რა განცდაა, რომ თქვენს საქმეში ერთადერთი ხართ და სხვა არავინ არის? 

- სხვა პროფესიის ადამიანი რომ ვყოფილიყავი, შეიძლება, შემშინებოდა, მეფიქრა - სამსახური არ დავკარგო, „სკამის“ გარეშე არ დავრჩე-მეთქი. მაგრამ ახლა ისეთი „სკამი“ მაქვს, რომ იქიდან არავინ არ ამაყენებს. ამიტომ, ცხოვრებაში, ღმერთის გარდა, არავის შიში არ მაქვს. 

- ძალიან ძლიერი ქალი ხართ. რომელია სიტყვა, რომელიც მთელი თქვენი ცხოვრების მეგზურად გამოდგება? 

- სამართალი. 

- რითიც დავიწყეთ, იმით ვამთავრებთ. უღრმესი მადლობა ძალიან საინტერესო საუბრისთვის. ინტერვიუს დავასრულებთ თქვენი კომენტარით ცნობილი ადამიანების ორ გამონათქვამზე. პირველი ციტატის ავტორია ამერიკელი მწერალი და ფილოსოფოსი აინ რენდი (1905-1982): „თუ გადაწყვეტილებას ვერ იღებთ გულსა და გონებას შორის კონფლიქტის გამო, ენდეთ გონებას.“ 

- ვეთანხმები. ყოველთვის ამის მჯერა. გულს ბევრი რამ უნდა, მაგრამ გონებით უნდა იცხოვრო. 

- რასაც ამბობთ, ეს აშუღის სიტყვებია? 

- აშუღურ პროფესიაში მეტი წილი გულია. იმიტომ, რომ ღმერთისგან მოცემულ ნიჭს გული გრძნობს. რა თქმა უნდა, გული და გონება მეგობრები არიან. მაგრამ ხანდახან გულს ისეთი რამ უნდა, რაც გონებას არ მოსწონს. რასაც გონება აირჩევს, ის არის სწორი გზა. 

- მეორე ციტატა ეკუთვნის ძველ ბერძენ ფილოსოფოსს - პლატონს (ძვ.წ. 427-347): „სიკვდილი არ არის ყველაზე უარესი, რაც ადამიანს შეიძლება შეემთხვეს.“

- ამასაც ვეთანხმები. არიან ადამიანები, რომლებსაც საკუთარ სიცოცხლეს სიკვდილი ურჩევნიათ. ალბათ, არასწორი არჩევანის გამო ხდება ეს მათ თავს. თანაც, სიკვდილი მარადისობაა. ისეთი საშიში არაფერია სიკვდილში. 

- იმას ამბობთ, რომ ვინც ცხოვრების სწორი გზა აირჩია, არც მათთვის არის სიკვდილი საშიში და არც იმათთვის, ვინც არასწორი არჩევანის გამო ცხოვრება დაიმახინჯა? 

- დიახ. მთლიანობაში არ არის სიკვდილი საშიში. მათ შორის, არც იმისთვის, ვინც გულით იმოქმედა და არა გონებით. ასეთი ადამიანი შეცდომამდე უფრო მივა, ვიდრე წარმატებამდე და, შეიძლება, სიკვდილი ინატროს. მაგრამ სიკვდილი საშიში არავისთვის არ არის. 

- თქვენ გჯერათ ამის? სიკვდილის არ გეშინიათ? 

- არ მეშინია. 

 
ღმერთმა დამბადა, ანუ ღმერთის ნებით დავიბადე. ღმერთის ნებით მაქვს ეს ყველაფერი - ნიჭი, ოჯახი, სახელი, ვინაობა - ყველაფერი! ღმერთმა მომცა ეს ჯანი. მადლობა ღმერთს, ასეთი რომ დამბადა. სტუმრები ვართ ამ ქვეყანაში. როცა მორჩება ჩვენი დრო, მაშინ წავალთ.

 

ფოტომასალა: ქეთევან სვანაძე

გუნდი

ირაკლი გედენიძე

ზურაბ ქურციკიძე

გიო კუსიანი

გიორგი ურუშაძე

თამთა ყუბანეიშვილი

ნანა ყურაშვილი

ინგა ქორიძე