×
„მგონია, რომ სამართალი ზნეობის მინიმუმია“

ლელა ფირალიშვილი

კულტუროლოგი


2485

ინტერვიუს შესახებ

ლელა ფირალიშვილზე ყველა ამბობს: „რა ჭკვიანია!“ თვითონ ფიქრობს, რომ „ჭკვიანი“ ძალიან უხერხული სიტყვაა. რატომ?

თავიდან ფიზიკოსი იყო, ახლა კულტუროლოგია. როგორ? 

არასდროს არავისთვის მწარე სიმართლე პირისპირ არ უთქვამს. განა, ეს შესაძლებელია? 

რას ნიშნავს, როცა სამყარო გეძახის და ღმერთი თვალს გიკრავს?

ლელა ფირალიშვილთან ინტერვიუ, პირველ რიგში, მის შინაგან სამყაროში შეღწევის კუთხით მაინტერესებდა. ეს არის ღრმა ინტერვიუ, პირად საკითხებზე; ანუ ეს არის ის, რაც ზედმიწევნით შეესაბამება ჩემს ამჟამინდელ განზრახვას და ძალისხმევას.
 

ია ანთაძე

- ლელა, როგორ ფიქრობთ, სამყაროს შეცვლაში თუ მონაწილეობთ? 

- დიახ და არა. დიახ იმდენად, რამდენადაც სამყარო ჩვენით ხორციელდება; არა იმდენად, რამდენადაც მხოლოდ ჩვენი - ერთეული ადამიანის - ძალისხმევა საკმარისი არ არის სამყაროს შესაცვლელად.

- თუ შეგიძლიათ, დაახლოებით განსაზღვროთ, ვისზე ან რაზე ახდენთ გავლენას?

- ჩემი დაკვირვებით, რაღაც აზრით, ვახერხებ გავლენის მოხდენას სტუდენტების სააზროვნო სივრცეზე, მათ თვალსაწიერზე; რა თქმა უნდა, ოჯახის წევრები მიწევენ ანგარიშს და პირიქით; თუ რაღაც დამიწერია, გამოხმაურებით მივმხვდარვარ, რომ ვიღაცისთვის საინტერესო იყო და მადლობა უფალს, თუ მადლიან მეტამორფოზას განიცდის ის ადამიანი, ვინც წაიკითხავს; ინტერვიუებზე ყოფილა გამოხმაურება და უთქვამთ, ბევრი რამ გახდა ჩემთვის ნათელიო. ერთ ეპიზოდს გავიხსენებ. სტუდენტობისას, რუსეთში, ჩემთან ერთად ვოლგისპირელი გოგონები სწავლობდნენ. როცა საქართველოში დავბრუნდი, მათგან წერილი მივიღე, რომელმაც ტირილამდე მიმიყვანა ემოციისგან: წარმოდგენა არ გაქვს, რა ჩაიდინე ჩვენს ცნობიერებაშიო, მომწერეს. მაშინ არანაირი ძალისხმევა არ გამიწევია, რომ ვიღაცის ცნობიერებაში რაიმე შემეცვალა. 

- როგორ ფიქრობთ, რას გულისხმობდნენ? 

- ეს ის წლებია, როდესაც ჩვენში, შიგნით, ბობოქრობს ეთნიკური იდენტობა, ეროვნულობის განცდა, ხახუნი უზარმაზარ რუსულ მონსტრთან... როგორც ჩანს, ამ განცდებმა პოვა რეზონანსი იმ გოგონებში. როცა მომწერეს, მართლა ბედნიერი ვიყავი იმის გამო, რომ ჩემმა ემოციებმა სხვებშიც მსგავსი ემოციები აღძრა.

- თქვენი ამჟამინდელი საქმის შინაარსი რა არის? რამდენიმე წინადადებით როგორ აგვიხსნით? 

- ყოველ ინტერესს გავეკიდები ხოლმე - ეგ არის და ეგ! რომ გითხრათ, თითქოს, კონკრეტული მიზანი მაქვს, მოგატყუებთ. ფიზიკოსობიდან დავიწყე და ინფორმაციული კულტურის შესახებ რეფლექსიის სივრცეში მოვხვდი. ოღონდ, ყოველი შემდგომი ნაბიჯი ინტერესის გამო გადავდგი - იქ, შიგნით, რაღაცას ვხედავდი. ახლა ჩემი ძირითადი საქმიანობა სტუდენტებთან ურთიერთობაა. სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები მაქვს სამხატვრო აკადემიაში. ორივე პროგრამა ინფორმაციულ კულტურას ეხება. 

- თვითგამოხატვის რომელი ფორმა განიჭებთ მეტ კომფორტს? საჯარო გამოსვლებიც გაქვთ, ინტერვიუებიც, სამეცნიერო ნაშრომებიც, ლექციებს ატარებთ...

- ლექციები, მხოლოდ ლექციები. ლექცია ფაქიზ თემებთან და ერთმანეთთან ძალზე ინტიმური ურთიერთობის ადგილია. ისეთ ენერგიას მაძლევს სტუდენტების ერთი პატარა რეპლიკაც კი... ისეთ რამეს გახსნის ხოლმე ჩემშიც და მათშიც, რაზეც მანამდე არ მიფიქრია. ამიტომ, იქ ბედნიერი ვარ. 

- ცხოვრების გზის არჩევა თქვენთვის რას ნიშნავს? პროფესიის არჩევას? მეუღლის არჩევას? ცხოვრების სტილის არჩევას? მეგობრების არჩევას? 

- რაღაცები, უბრალოდ, გეძლევა. 

- რას გულისხმობთ?

- ყველაფერი არ გეძლევა, გეძლევა რაღაც სპექტრი არჩევანისთვის. მაგალითად, მუსიკოსი ვერაფრით გავხდებოდი იმიტომ, რომ არ მომეცა ისეთი მუსიკალური ყური, როგორიც ამ საქმეს სჭირდება. თუმცა, სულ შევნატრი იმ ადამიანებს, რომლებსაც პროფესიული კავშირი აქვთ მუსიკასთან. მგონია, რომ მუსიკა სამყაროსთან ურთიერთობის ყველაზე მაღალი რეგისტრია. რაც მომეცა, ეს იყო მრავალმხრივი ინტერესები და ამისთვის მადლობელი ვარ. მეგობრები თავისთავად მოდიან, ეს ჩვენზე ცოტათია დამოკიდებული. ზოგიერთი ძალზე საინტერესო ადამიანი ისე ჩაივლის და წავა, რომ შემდეგ ფიქრობ: ეს თუ ასეთი იყო, ნეტავ, მაშინ მივმხვდარიყავი, როცა ურთიერთობა მქონდა! რა თქმა უნდა, შენი არჩევანიც მნიშვნელოვანია, მაგრამ ბევრი რამ განპირობებულია იმ სოციალური და კულტურული გარემოთი, რომელშიც მოხვდი - რომელ ოჯახშიც დაიბადე, რომელ გარემოშიც გაიზარდე. 

 

 

„სამყარო ასე თამაშობს და სულ თვალს გვიკრავს უფალი.“

 

 

- თქვით, მადლობელი ვარო და, თქვენი ცხოვრების ამ ეტაპზე, კონკრეტულად, რისთვის ხართ მადლობელი?

- ყველაფრისთვის. აბსოლუტურად ყველაფრისთვის. იმის მადლობელიც ვარ, რა ტკივილები და ტრავმებიც გადავიტანე; იმისიც, რა მადლიც მარგუნა ჩემმა ქვეყანამ, ჩემმა ოჯახმა, ჩემმა წინაპრებმა. გულწრფელი იდენტობა აქედან მაქვს; სადაც ნამდვილი ვარ, აქ ვარ. კიდევ, იმ ადამიანებმა განსაზღვრეს ჩემი იდენტობა, რომლებთან ერთადაც მოვხვდი დროში და სივრცეში. მანდ არჩევანი არ გვაქვს. სამყარო ასე თამაშობს და სულ თვალს გვიკრავს უფალი. ერთი რამ მახსენდება ხშირად: ჩემს ბავშვობაში, სახარება რომ წავიკითხე - ხომ პარადოქსული ტექსტია?! - გაავებული ვიყავი, სულ საქორწინოდ ვერ ვიქნები გამოწყობილი-მეთქი. ძალზე გვიან მივხვდი, რომ, დიახ, სულ საქორწინოდ უნდა იყო გამოწყობილი. 

- ეს თქვენთვის რას ნიშნავს? 

- სულ ცოცხალი უნდა იყო; მადლით უნდა მიიღო ის წამი, რომელიც გეძლევა. ეს ღვთაებრივი საჩუქარია. ამიტომ, ყველაფრის და ყველას მადლობელი ვარ. 

- თქვენი ხასიათისთვის ყველაზე მეტად დამახასიათებელ თვისებად რა მიგაჩნიათ? 

- გაუცხოება და სიმშვიდე. 

- „გაუცხოებაში“ რას გულისხმობთ?

- ემოციები მოჭარბებული მაქვს ხოლმე, ყოველ მოცემულ წამს ემოციური დრამატულობა მჭირს. თუ მიხარია, შემიძლია ვიტირო, თუნდაც, მეგობრის დანახვისას. საკუთარ თავზე ვიმუშავე, რომ ემოციების გამოვლენა ჩამეკეტა და გაუცხოება შემძლებოდა. რა თქმა უნდა, ამან ბევრი პრობლემაც გააჩინა. ხანდახან ამ პროცესს საკუთარ თავთან გაუცხოებისკენაც მიჰყავხარ. მაგრამ იმ ხასიათით, რომლითაც ლელა დაიბადა, მერე, როცა, ვთქვათ, 18 წლის იყო, ვერ გადარჩებოდა. 

- თქვენი პიროვნული ზრდის ნაყოფად მიგაჩნიათ, რომ თქვენი ემოციები შეგიძლიათ, ჩაკეტოთ? 

- ჩავკეტო - არა; ვმართო. ჩაკეტვისგან ღმერთმა დაიფაროს ყველა ადამიანი. მხოლოდ ემოციაშია ცოცხალი ნერვი უფალთან. ინტელექტუალურ საქმიანობაში - არა, განსჯაში - არა, არაფერში... ემოციაში კი ცოცხალი ხარ. 

- ყველაზე ხშირად კომპლიმენტს რასთან დაკავშირებით გეუბნებიან? ჩემი ვერსია მაქვს, მაგრამ თქვენი პასუხი მაინტერესებს. 

- შიგდაშიგ ჩემი სამკაულები მოსწონთ - ქვებთან თამაში მიყვარს. ასევე, მოხსენების ან ინტერვიუს შემდეგ ხშირად უთქვამთ, რა საინტერესო იყოო. ერთხელ, ერთმა ადამიანმა მითხრა, შენ რომ გელაპარაკები, სულ აღმოჩენებში ვარო. ახლა მეცინება, მაგრამ მაშინ გაბადრული სახით მივედი სახლამდე. ადამიანი ასეთია...

- მეც ამას ვგულისხმობდი. თქვენს საჯარო მასალაში სულ იყო ეს კომპლიმენტი თქვენ მიმართ: „როგორი ჭკვიანი ხართ!“

- ეს სულ მაწუხებს. მგონია, რომ „ჭკვიანი“ უხერხული სიტყვაა. 

- ვიცი, რომ ერთმანეთისგან მიჯნავთ ჭკვიანს და გონიერს. 

- არა მხოლოდ. ჭკუა... არ ვიცი. 

- თქვით ბოლომდე. 

- ჭკუით დაწყებული საქმე მადლიანი ვერ იქნება. 

- ჭკუასთან მეტისმეტ პრაგმატიზმს აკავშირებთ? 

- არა მხოლოდ. ეს ბესიკ ხარანაულმა თქვა, ლელას არ უთქვამს: ჭკუით დაწყებული საქმე მადლით ვერ დამთავრდებაო. სამწუხაროდ, ზუსტი ციტატა არ მახსოვს. რა თქმა უნდა, მესმის, რომ ჭკუა საჭირო რამ არის, ჭკუა ახდენს იმ ცოდნის, გამოცდილების, მადლის სტრუქტურირებას, რომელიც გეძლევა. ოღონდ, ჭკუა სრულიად უხერხული რამ არის, როდესაც მას არ ახლავს გონიერება, ემოცია, ინტელექტი. იმიტომ კი არა, რომ პრაგმატულია, უბრალოდ, მექანიკურია, ზედმეტად ლოგიკურია, ვულგარულად რაციონალურია. 

- თუ გრძნობთ, რომ ოთახში ყველაზე გონიერი ხართ, ეს თქვენთვის კარგი ადგილია, თუ ცუდი?

- ასეთიც მიგრძნია, მაგრამ იქ მოსაწყენია. 

- ანუ ყოველთვის კარგი ადგილი არ არის?

- ყოველთვის კი არა, არასდროს არ არის კარგი ადგილი. მე დიალოგის ადამიანი ვარ. ადამიანები მიყვარს. არ ვარ და არ მინდა, რომ ვიყო მარტოხელა, თუნდაც, ჩემს ნააზრევში. გასაგებია, რომ ჩემი ნააზრევის მხოლოდ მინიმუმს ვაზიარებ. ის ჯერ ჩემს სულში უნდა გამოვატარო, გონებაშიც არა. იმიტომ, რომ სული წმენდს გონებას, მადლად მხოლოდ სული აქცევს. ოღონდ, რომ მკითხოთ, სული რა არისო, ვერ გეტყვით. 

- მადლი რა არის? 

- მადლი ის არის, რაც სასიკეთოდ ცვლის სამყაროს. 

- განვლილი ცხოვრების გამოცდილება რას გეუბნებათ - თქვენი სურვილები რამდენად ემთხვევა თქვენს შესაძლებლობებს?

- არასოდეს არ ემთხვევა. მაგრამ უნდა ცადო, რომ დაამთხვიო. ადამიანის შესაძლებლობები უკიდეგანოა. 

- თქვენში რომელია უპირატესი, რომელი უსწრებს?

- ჩემში შესაძლებლობები უსწრებს სურვილებს, სამწუხაროდ. 

- რატომ არის სამწუხარო?

- იმიტომ, რომ გარკვეული დისკომფორტია. 

- რა გიშლით ხელს, რომ თქვენს შესაძლებლობებს თქვენი სურვილები დააწიოთ? 

- დრო და ჩვეულებრივი კომპლექსები. ხანდახან ვკითხულობ ხოლმე ტექსტებს ფუნდამენტურ მეცნიერებებში. სულ ვუბრაზდები ჩემს თავს - რა კარგ ადგილას იყავი, რამდენი რამ შეგეძლო და სად წახვედი?!

- ფიზიკას გულისხმობთ? 

- ფიზიკასაც, მათემატიკასაც. იმ სივრცეში ყოფნა მიხაროდა. ისეთი უცნაური ჯაჭვია ჩემი ცხოვრება... ფიზიკა სულ არ ჰგავს „მოდის თეატრ მარგარიტას“, რომელიც 90-იანი წლების ბოლოს გავაკეთე და რომელიც ერთ-ერთი პირველი პერფორმანსი იყო საქართველოში. 

- სამხატვრო აკადემიაში გააკეთეთ ეს პერფორმანსი?

- არა, მხატვრული მოდელირების ფაკულტეტის სტუდენტებს ვასწავლიდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ამ ახალგაზრდებმა მომცეს იმპულსი. მერე, შემთხვევით, გია მარღანიას გადავეყარე, რომელიც ქორეოგრაფია. მივხვდი, რომ რაღაც ახალი უნდა მომხდარიყო ჩემს ცხოვრებაში. 

- მხატვრული მოდელირების ფაკულტეტზე რას ასწავლიდით? 

- ფერთა თეორიას და სტილთა თეორიას ვასწავლიდი. 

- ფიზიკიდან ფერთა თეორიაში როგორ მოხვდით? 

- სწორედ ამას ვამბობ - სამყარო უსასრულო შესაძლებლობებს გთავაზობს. თუ სურვილი იმ შესაძლებლობებს არ დაემთხვა, გაივლის, წავა... და ცოდვა ხარ. 

 

 

„როგორღაც, ასე გამომდის ხოლმე, სამყაროსგან მოდის იმპულსი.“

 

 

- დინების საწინააღმდეგოდ ცურვაში აზარტს თუ ხედავთ? 

- არა, ვერ ვხედავ. 

- ისე გამოდის, თითქოს, თქვენი ცხოვრების კალაპოტი სხვა მხარეს მიდიოდა და თქვენ სულ სხვა მხარეს მიდიოდით. 

- არა, აზარტი არაფერ შუაშია. ფიზიკიდან ფერთა თეორიაში იმიტომ აღმოვჩნდი, რომ ფერში დავინახე რაღაც საინტერესო, კალეიდოსკოპური. ფერი არა მხოლოდ ემოციური და ესთეტურია, არამედ, ნამდვილია. 

 
იქ მერე გამოძიება დავიწყე, რომ, ღმერთო ჩემო, აბა, ერთი, რა გინდა ჩემგან?! რაღაცას მთხოვ. ახლა ცოტა მეტაფორულად ვამბობ, მაგრამ... რაღაც გინდა ჩემგან. არადა, არ მეხსნები. იმიტომ, რომ მარტო ის ვიცი - ნიუტონის ოპტიკა, მარტო ის ვიცი - გოეთეს ფერთა თეორია. გეხვეწები, რა, მეტი მითხარი, თუ გინდა, რომ ვითამაშოთ.

როგორღაც, ასე გამომდის ხოლმე, სამყაროსგან მოდის იმპულსი. ეს ბევრად უფრო საინტერესოა, ვიდრე სოციალური ცხოვრება. 

- თქვენი ბავშვობის ან მოზარდობის რომელიმე ოცნებაზე თუ შეგიძლიათ, თქვათ: „კიდევ კარგი, ეს არ ახდა!“?

- ძალიან სასაცილოა, მაგრამ ფეხბურთელობაზე ვოცნებობდი. ისე გავიზარდე, რომ ჩემი ძმა და მამიდაშვილები სულ ფეხბურთს თამაშობდნენ და მე კარში მაყენებდნენ. მაშინ 4-5 წლის ვიყავი და ძალიან ვჩხუბობდი, ესენი კაცები არიან, უფლება აქვთ, ფეხბურთი ითამაშონ და მე არა-მეთქი. სერიოზულად თუ გიპასუხებთ, ბევრჯერ მიფიქრია იმაზე, რომ ოცნება თითქმის არ მქონია, უფრო ინტერესი მქონდა. ორ სიტყვას ვადარებ ხოლმე: „ვითომ“ და „თითქოს“. ეს „ვითომ“ შენია და მას თამაშობ. „თითქოს“ უფლისაა. ამათი შეხვედრის დროს წარმოუდგენელი მისტერია თამაშდება. 

- მაგალითად, რა?

- (პაუზა) მაგალითად, სიცოცხლე; მაგალითად, ყოველი წამი. იმიტომ, რომ შენ მუდმივად ხარ „ვითომ“ და ის მუდმივად გაძლევს შენს ვერსიას. იქ ისეთი უცნაური შეხვედრა ხდება, რომლის ვერბალიზაცია მართლა მიჭირს. მაგრამ მაგ განცდაში მუდმივად სიცოცხლეა, მუდმივად რაღაც მიხარია. თუშეთში რომ მოვხვდი, პირველად მაშინ ვიგრძენი, ლაკირებული აკადემიზმი რამდენად არანამდვილი იყო. 

- ბუნებასთან სიახლოვის გამო გაგიჩნდათ ეს განცდა? 

- არა, იქ ჯერ კიდევ შენარჩუნებული იყო ცნობიერების მითოსური სტრუქტურები. მაგალითად, ერთი ადამიანი გულწრფელად ყვებოდა, რომ ტყის ალს გადაეყარა და დანარჩენებსაც გულწრფელად აინტერესებდათ, სად იყო, რომ იქ არ გაევლოთ. თუშეთში იმდენად ცოცხალია ეს ინტიმური ურთიერთობა ნებისმიერ ღვთაებასთან თუ ხთონურ ძალასთან... ახალგაზრდა ვიყავი და იქ ვიგრძენი, რომ „ის“ და „შენ“ მანდ ხვდებით ერთმანეთს. ოღონდ, „მანდ“ ტოპოსი არ არის. 

- ტოპოსი ვერც იქნება, მითოპოეტური სივრცეა. 

- დიახ, მხოლოდ მითოპოეტური სივრცეა, რომელიც გეხსნება. და შენ თუ „ვითომ“ არ ითამაშე, მაქციად თუ არ იქეცი... მაქცია ცუდი არ არის.

- არ არის ცუდი მაქცია? რას გულისხმობთ?

- მაქციობის უნარი ცუდადაც შეიძლება გამოიყენო, მაგრამ მაქცია ცუდი როგორ არის, როცა შეგიძლია „ეს“ იყო და შემდეგ „ის“ გახდე?! ძალისხმევაა საჭირო, ისე ვერ შეიცვლები. ამიტომ, სულ კონტაქტზე უნდა იყო ღვთაებრივთან, თორემ, შეიძლება, ხთონურმა ძალამ ჩაგიჭიროს. ყველაფერი მადლია მადლიანი ადამიანის ხელში და ყველაფერი ჯოჯოხეთია ხთონური ძალების ხელში. 

- რაღაც მომენტში ყველა ადამიანს უწევს დათმობა სხვისთვის ან, თუნდაც, სამყაროსთვის... თქვენ როგორ მიჯნავთ, დათმობა კეთილი ნებაა, თუ სისუსტის გამოვლენაა?

- მე ჩემთვის მიმაჩნია, რომ დათმობა ხშირად სისუსტეა. იმდენად დამთმობი ვარ, იმდენად ხშირად მივყვები სხვის სურვილებს, რომ ხანდახან დრო არ მრჩება საკუთარი სურვილების განსახორციელებლად.  

- ვის ან რის მიმართ ხართ დამთმობი?

- პერსონებზე არ არის. უბრალოდ, უკონფლიქტო ადამიანი ვარ. პრობლემა თუ წარმოიქმნება, გარიდება მირჩევნია. 

- მაგრამ, ალბათ, ზოგჯერ მაინც გიხდებათ, რომ ადამიანს სიმართლე უთხრათ.

- არა. 

- არა? ნებისმიერ შემთხვევაში გაცლას ირჩევთ? 

- დიახ, გაცლას ვირჩევ. ეს ბევრჯერ ყოფილა. ალბათ, მეც დრო მჭირდება, მასაც დრო სჭირდება. მზად რომ იყოს მოსასმენად ან სიმართლის დასანახად, ხომ იზამდა? ლელა რად უნდოდა?! ეს ჩემი ხასიათია. არ იფიქროთ, რომ ცნობიერად მივედი აქამდე. 

- კითხვის დასმაც კი აღარ ღირს, თქვენთვის სიკეთე მეტია, თუ სამართლიანობა. 

- მგონია, რომ სამართალი ზნეობის მინიმუმია. ერთ პატარა ეპიზოდს მოვყვები. ჩემი ბავშვობის ოჯახი 1937 წლის მსხვერპლი იყო. პაპამ მოახერხა და დაბრუნდა. ერთხელ ვლაპარაკობდით, ისიც კი მახსოვს, თვითონ სად იჯდა და მე სად ვიჯექი. მოზარდი ვიყავი, ჩემს თავთან სულ ბრძოლები მქონდა. უცებ ვეუბნები: დავუშვათ, ვიღაც გადაარჩინე და ის, ვინც შენ გადაარჩინე, წავიდა და ხუთი კაცი მოკლა; გამოდის, რომ ხუთი კაცის სიკვდილზე ხარ პასუხისმგებელი? პაპამ მითხრა - არა, შენ ღვთის წინაშე ის უნდა გააკეთო, რასაც შენგან ითხოვს უფალი; ხუთი კაცი თუ მოკლა, ის თავის მკვლელობებზე აგებს პასუხს და შენ - შენს სიკეთეზე, სამყაროს მარტო ვერ შეცვლიო. თავიდანაც ხომ ეს გითხარით, მე მხოლოდ საკუთარი თავი შემიძლია შევცვალო და მხოლოდ ამდენად შემიძლია შევცვალო სამყარო. 

- მაგრამ თქვენთვის რას ნიშნავს ცნება „ვაპატიე“? ეს ხომ მაინც გექნებათ გამოცდილი? 

- ალბათ, ახალგაზრდობაში. ახლა უფრო ინდიფერენტული ვარ, ამ მხრივ. „ვაპატიე“ უნებლიეთ მოდის. გადაწყვეტილებით ვერ აპატიებ. თუ ემოციები დუღს, ესე იგი, არ გიპატიებია. ამ ასაკში უკვე შემიძლია ვთქვა, რომ, თითქოს, არც კი დგას პატიების საკითხი. 

 

 

„თუ პატიება დეკლარირებულია, დიდი ალბათობით, შეიძლება, შურისძიების ერთ-ერთი სახე იყოს.“

 

 

- შეიძლება, პატიება შურისძიების ნაირსახეობა იყოს?

- რა თქმა უნდა, ეს ყველაზე ხშირია, როცა პატიებით შენს მორალურ უპირატესობას უსვამ ხაზს. 

- ესე იგი, საბოლოოდ, ცუდია ასეთი პატიება?

- დიახ, ცუდია. საშიშია. პატიება უნებლიეთ უნდა მოხდეს. თუ პატიება დეკლარირებულია, დიდი ალბათობით, შეიძლება, შურისძიების ერთ-ერთი სახე იყოს. 

- გვიამბეთ ერთი ადამიანის ან პერსონაჟის შესახებ, რომელიც ნამდვილად საინტერესოდ მიგაჩნიათ. 

- ბევრი ძალიან საინტერესო ადამიანი ყოფილა ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ პირველი ვინც გამახსენდა, ბატონი არჩილ სულაქველიძეა, რომელიც უნივერსიტეტში მათემატიკურ ანალიზს გვასწავლიდა. უკეთილშობილესი, უგონიერესი ადამიანი, აღარ ვლაპარაკობ, როგორი პროფესიონალი იყო. როგორც წესი, ფიზიკის ფაკულტეტზე გოგონები ცოტანი ვიყავით და ჯგუფხელებად ჩვენ გვირჩევდნენ. ჯგუფხელი რა იყო? ჟურნალში „არა“ უნდა ჩაეწერა მათთვის, ვინც არ ესწრებოდა. არჩილ სულაქველიძემ ასეთი მხიარული თამაში შემოიღო: თუ „არას“ არ ჩავწერდი (პერიოდულად მამოწმებდა, ვწერდი თუ არა), რამდენი „არაც“ არ მეწერა, ათზე გაამრავლებდა და იმდენ საჯარიმო მაგალითს მაძლევდა ამოსახსნელად. მერე კიდევ უფრო გაართულა დავალება: როცა მაგალითს ვხსნიდი, თან რომელიმე ლექსი უნდა მეთქვა ზეპირად. თვითონ წარმოუდგენელი განათლების და, ზოგადად, ესთეტი კაცი იყო. ქართული და რუსული პოეზია საოცრად იცოდა. შეუძლებელი მოახერხა ამ ადამიანმა - ჩემში ერთდროულად გააცოცხლა  რაციონალური და პოეტური საწყისები. 

- შინაგანი მშვიდობის თქვენეული რეცეპტი რა არის? 

- ხასიათი. მეტი არაფერი. 

- ხომ თქვით, საკუთარ თავზე ვმუშაობო? 

- ვმუშაობ, რა თქმა უნდა. მაგრამ ერთი რამ ვიცი - სად ხარ მაგარი? სადაც ხასიათს აჯობებ. ვიღაც ზარმაცია და თავის სიზარმაცეს უნდა აჯობოს. ვიღაც უწესოდ იქცევა და თავის უწესობას უნდა აჯობოს. მე, რაღაც აზრით, სიმშვიდის რჩეული ვარ. ვერ გეტყვით, რომ უმძიმესი პერიოდები არ გამივლია, მაგრამ მშვიდად გავიარე. 

- ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ადამიანმა ლატარია მოიგო, თუ მყარი ფსიქიკური კონსტიტუციით დაიბადა. 

- მე ნამდვილად მოვიგე ლატარია, როცა ჩემს ოჯახში დავიბადე. დედა ფილოლოგი მყავდა, მე და ჩემს ძმას ძილის წინ „ვეფხისტყაოსანს“ გვიკითხავდა. ოჯახში ისეთ ურთიერთობებს ვხედავდი, არც კი ვიცოდი, რომ გარეთ სხვანაირი იყო სამყარო. ალბათ, ამან განაპირობა ჩემი ხასიათი. ისეთი მძიმე პერიოდები გამივლია, ეს ხასიათი რომ არ მქონოდა, შეიძლებოდა, გავგიჟებულიყავი. 

- თუ არის ვინმე, ვინც თქვენთვის პრინციპულად მიუღებელია? ან თუ არის ვინმე, ვინც გძულთ?

- უცხო ადამიანი უნდა მძულდეს თუ არა, არ ვიცი. პრინციპულად მიუღებელი კი ძალიან ბევრია - ადამიანიც და ჯგუფიც. ყოველთვის ვცდილობ, თავი ავარიდო მათთან ურთიერთობას. 

- რა ახასიათებთ? 

- დემიურგობის სურვილი - გარდაქმნას სამყარო, ახალი ადამიანი გამოჩეკოს, პოლიტიკური წესრიგი შეცვალოს, ცხოვრება ამიწეწოს იმიტომ, რომ მას ასე წარმოუდგენია კოსმოსური ჰარმონია. 

- თუ არის შესაძლებელი, რომ საღი აზრით და სინდისით ცხოვრება ერთმანეთს დაუპირისპირდეს? ან პრინციპულად თუ ეწინააღმდეგება ერთმანეთს?

- ამ თემაზე ბევრი მიფიქრია. ორი ალგორითმი დევს ქართულ რეალობაში: ერთი - ხელისუფლების მომხრე, მეორე - მოწინააღმდეგე. არგუმენტები და რაციო არ მუშაობს; რაღაც ირაციონალური მდგომარეობაა. ერთი ამბობს - საღი აზრი მე ვარ, მეორეც ამბობს - საღი აზრი მე ვარ. არანაირი ინდიკატორი არ არსებობს, რომ გაიგო, რომელია საღი აზრი, რომელს ახლავს სინდისი. ჩვენთვის ჯოჯოხეთია, რომ ამ ალგორითმის გარშემო ვართ აწყობილები. 

- დაპირისპირების ალგორითმი სამოქალაქო ომის შემდეგ ხომ არ ჩამოყალიბდა? სამოქალაქო ომის ის შედეგი ხომ არ არის, რომელიც დღემდე ვერ დავძლიეთ?

- სამოქალაქო ომიც ხომ მაგიტომ გვქონდა?! სამწუხაროდ, ისტორიაში გაქვავებული ერი ვართ. ჩვენთვის უცხოა ის სამუშაო, რაც ევროპამ ჩაატარა საკუთარ თავზე და სოციალურ სივრცეზე. ხშირად მითქვამს, რომ ევროპელისთვის თავისუფლება ორგვარია: „Freedom” და “Liberty”. პირველი პერსონალური თავისუფლებაა და მეორე - სოციალური თავისუფლება. მათი შეხვედრის ადგილი არის კულტურა. ჩემი და თქვენი პერსონალური თავისუფლება ერთმანეთს ხვდება “Liberty”-ში, ჩვენს სოციალურ თავისუფლებაში. ერთმანეთთან ის კულტურული კოდები უნდა გავცვალოთ, რომლის კულტივირება მოვახერხეთ ჩვენ შიგნით. ამ გაცვლით ვქმნით თავისუფალ სოციალურ სივრცეს. 

- ეს ყველაფერი ჩვენთან რა კავშირშია?

- არასდროს არ გვქონია - სოციალური თავისუფლება საერთოდ არ ვიცით, რა არის. 

- არც პერსონალური თავისუფლება ვიცით? 

- პერსონალური თავისუფლება ბევრს ჰქონდა და აქვს, მაგრამ კრიტიკული მასა არ გვყავს, რომელიც თავისუფლებას ამუშავებდა, როგორც სოციალურ ეკვივალენტს. ამიტომ გვიჭირს. 

 

 


„ოპტიმიზმი საჭიროა, რომ რეალისტი იყო.“

 


- თანამედროვე საქართველოს ვინ უფრო სჭირდება - გაწონასწორებული, სოლიდური ადამიანები თუ იდეალისტები, რომლებიც უკეთეს მომავალს გეგმავენ?

- გაწონასწორებული ადამიანები სჭირდება, რომლებიც გეგმავენ, რომ ხვალ უკეთესები იყვნენ, ვიდრე დღეს არიან. მხოლოდ ასეთი ადამიანები სჭირდება. 

- ეს ნიშნავს, რომ რეალისტები უფრო მოგწონთ, ვიდრე ოპტიმისტები?

- ოპტიმიზმი საჭიროა, რომ რეალისტი იყო. თუ იმედი არ მაქვს, რომ ჩანაფიქრს რეალურ სივრცეში განვახორციელებ, ის პროექტი თავიდანვე ჩაშლილია. ადამიანის რეალიზმი ნამდვილად უნდა პასუხობდეს მის ოპტიმისტურ იდეას. 

- თეოლოგს და ფილოსოფოსს - ავგუსტინე ავრელიუსს - უთქვამს: მთავარში ერთიანობა, მეორეხარისხოვანში თავისუფლება და ყველაფერში სიყვარულიო. ერთიანობას თავისუფლებაზე წინ რაიმე შემთხვევაში თუ დააყენებთ?

- არა. ოღონდ, ეს თავისუფლება უნდა იყოს საკუთარი თავის უფლობა და არა თავნებობა. 

- მაგალითად, კანონის წინაშე თანასწორობაზე რას იტყვით? ერთიანობა მთავარში - ანუ კანონის წინაშე თანასწორობაში? 

- ეგ სოციალური თავისუფლების ელემენტია და ვეთანხმები, რა თქმა უნდა; მით უმეტეს ვეთანხმები, თუ ღვთაებრივი კანონის წინაშე თანასწორობაზე ვლაპარაკობთ. 

- ამ შემთხვევაში, ერთიანობაა პრიორიტეტული, თუ მაინც თავისუფლება?

- თავისუფლების გარეშე, იქ ერთიანობა ვერ იქნება. 

- ადამიანების შესახებ ყველაზე სევდიან სიმართლედ რა მიგაჩნიათ?

 
აი, რომ ვერ რეალიზდა იმ სოციალური პირობების გამო, რომელშიც დაიბადა და წარმოუდგენელი ტკივილით ატარებს უმწეობის სევდას.

 

- თქვენთვის რომელია სიტყვა, რომელიც მთელი ცხოვრების მეგზურად გამოდგება?

- მადლი. 

- მოვიდა დრო, გვიამბოთ ერთი ამბავი, რომელშიც ჩანხართ ისეთი, როგორიც სინამდვილეში ხართ. 

- (პაუზა) ნეტავ, გამახსენდეს ერთი ამბავი... (პაუზა) ერთი ამბავი, რომელიც ახლა მახსენდება... ჩემი შვილი სამი წლის იყო, როცა ბაკურიანში ერთ-ერთ ექიმთან წამიყვანეს, ჩემი ავადმყოფობის გამო. უმძიმესი ტკივილები მქონდა. ძალიან ლამაზ მოლზე მოვხვდით და ბავშვმა სირბილი დაიწყო. თამაში უნდოდა და მთხოვა, გავიქცევი და დამეწიეო. მაგ ეპიზოდმა მერე ბევრი რამ განსაზღვრა ჩემს ცხოვრებაში. მივხვდი, ტკივილი რომ არ დამეთრგუნა ბავშვის სასარგებლოდ, დედა ვერ ვიქნებოდი. მაღალძირიანი ქოშები მეცვა. გავიხადე და გამოვეკიდე. ზუსტად ორ წუთში ტკივილმა გამიარა. რომ გავჩერდი, ბავშვი მომახტა და ჩამეხუტა. გულში მადლობა ვუთხარი პაპუნას - თურმე, რა ძალა აქვს შენს სურვილს, რომ ორ წუთში ტკივილი დათრგუნა-მეთქი. რა თქმა უნდა, მერე ტკივილი დაბრუნდა, ავადმყოფობამ ხელიც დამრია, მაგრამ, ხომ გითხარით, ამ შემთხვევამ ბევრი რამ განსაზღვრა ჩემს მომავალ ქცევებში. ავადმყოფობა შვიდი წელი გრძელდებოდა, მაგრამ ბაკურიანის მოლზე ისეთი სინათლე ამოიფრქვა ჩემთვის, რომ მივხვდი, სხვანაირად არის საჭირო ცხოვრება და არა ტკივილით. როგორღაც უნდა გაერიდო ტკივილს, იმკურნალო, თავს აჯობო. 

- დიდი მადლობა უაღრესად საინტერესო საუბრისთვის. ინტერვიუს დავასრულებთ თქვენი კომენტარით ცნობილი ადამიანების ორ გამონათქვამზე. პირველი ციტატის ავტორია ავსტრიელი ექიმი, ფსიქოთერაპევტი ალფრედ ადლერი (1870-1937): „ფსიქოლოგიური განვითარებისთვის აუცილებელია, რომ ადამიანს მიზანი ჰქონდეს.“ 

- ხომ გითხარით, მე მიზანი არასოდეს მქონია. ფსიქოლოგიურად ვარ განვითარებული თუ არა, ამასაც ვერ გეტყვით. ფაქტია, რომ მიზანი გულისხმობს იმ ადგილის მონიშვნას, სადაც უნდა მიხვიდე. ჩემი გაჭირვება მუდმივად ეს იყო, რომ მეტისმეტად ბევრი ადგილია... რომელიც უფრო მეძახის, იქით მივდივარ. ვისაც მიზანი აქვს, ის ბევრად მობილიზებული ადამიანია, ვიდრე ის, ვინც, უბრალოდ, სამყაროსგან ელოდება დაძახებას. 

- მეორე ციტატა, რომელიც ამერიკელ მწერალს - ერნესტ ჰემინგუეის (1899-1961) ეკუთვნის, თქვენთვის სიურპრიზი არ იქნება: „კარგია იქ მისვლა, საითაც მიისწრაფვი. მაგრამ რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია, ეს თვითონ გზაა.“  

- (იცინის) იესომ თქვა: „მე ვარ გზა და ცხოვრება“. გზაში არა მხოლოდ საშიშროება და რისკი ხვდება ადამიანს, არამედ - მადლიც. გზა ჩემთვის მთელი ცხოვრებაა. მიზანი კიდევ... რა ვიცი, სადღაც მიხვალ... გზა სადღაც მიგიყვანს. ის „სადღაც“ ალბათ, ნაკლებად საინტერესო არ არის, ვიდრე მიზნით განსაზღვრული ზუსტი ადგილი, სადაც უნდა მისულიყავი. დიახ, გზა და ცხოვრება იდენტურია. 

ფოტომასალა: ირაკლი გედენიძე

გუნდი

ირაკლი გედენიძე

ზურაბ ქურციკიძე

გიო კუსიანი

გიორგი ურუშაძე

თამთა ყუბანეიშვილი

ნანა ყურაშვილი

ინგა ქორიძე