×
„სამართლიანობის განცდა ფუნდამენტურია“

ქეთი დალინკევიჩი

კლინიკური ფსიქოლოგი


872

ინტერვიუს შესახებ

ქეთი დალინკევიჩი მაშინ აღმოვაჩინე, როცა „დღის კოდს“ ესტუმრა და მოზარდებზე ილაპარაკა. ძალიან იშვიათია, კამერებს მიუჩვეველი ადამიანი ეთერში ასე მკაფიოდ აყალიბებდეს სათქმელს და ეს სათქმელი არსებითად მნიშვნელოვანი იყოს. 

ჩვენს ინტერვიუში ქეთის კიდევ უკეთესად გაიცნობთ. ინტერვიუს ყოველი აბზაცი დამაფიქრებელი და გასათვალისწინებელია. როცა სტუმარი ლაპარაკობს, ალბათ, თქვენი ოჯახის ხან ერთი ბავშვი წარმოგიდგებათ თვალწინ, ხან მეორე... ან მესამე... ყველაფერი, რასაც ამბობს, დამაჯერებელია, რადგან აშკარაა, თავისი საქმე იცის და უყვარს. პიროვნულ ხიბლზე აღარ შევჩერდები, რომ მორიდებულ ადამიანს უხერხულობა არ ვაგრძნობინო. 

გაიცანით ქეთი დალინკევიჩი, რომელსაც, პროფესიულადაც და პიროვნულადაც, ჩემთვის ყველაზე ძვირფას ადამიანებს ვანდობდი. 
 

ია ანთაძე

- ქეთი, ის წიგნი თუ გახსოვთ, რომელმაც ბავშვობის პერიოდში ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა თქვენზე?

- მახსოვს. ეს იყო ჰარიეტ ბიჩერ სტოუს „ბიძია თომას ქოხი“. რუსულ ენაზე წავიკითხე. ძალიან ძველი გამოცემაა. ბაბუაჩემისგან შთამომავლობით გადმოგვეცა და საუკუნეზე მეტი ხნისაა. გარეგნულად ორიგინალურია, საინტერესო და უცხო გარეკანი აქვს. სანამ წაკითხვას შევძლებდი, სულ ვათვალიერებდი. როცა წავიკითხე, ამ წიგნმა დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე. 

- რა იყო მთავარი, რაც წიგნმა დაგიტოვათ?

- ალბათ, ადამიანების მიმართ ემპათია. ვინც ფსიქოლოგობას ან ფსიქოთერაპევტობას აპირებს, მას წიგნების კითხვა ძალიან უნდა უყვარდეს. მხატვრულ ლიტერატურასაც ვგულისხმობ, არა მხოლოდ პროფესიულს. მხატვრულ ლიტერატურაში აღწერილი გმირები, მათი ცხოვრება, მათი განცდები გამოცდილების დაგროვების გზაა. მაგალითად, „დორიან გრეის პორტრეტი“ ძალიან კარგად გვიჩვენებს ნარცისისტული პიროვნების წყობას. თუ წაკითხული გვაქვს, შეიძლება, ცოტა უკეთესად შევძლოთ ნიუანსების „დაჭერა“ რეალურ ადამიანებშიც. რა თქმა უნდა, თეორიული ცოდნა აქტიურად გვჭირდება, მაგრამ მხატვრული ლიტერატურაც გვეხმარება. მათი ერთმანეთთან შერწყმით კიდევ უფრო ფართო და ზუსტ სურათს ვიღებთ. 

- ის თუ გახსოვთ, რა ასაკში აიღეთ პირველად პასუხისმგებლობა თქვენს თავზე?

- ეს იყო სკოლაში. რამდენი წლის ვიყავი, აღარ მახსოვს, მაგრამ მახსოვს დიდი უსამართლობის განცდა, რომელმაც მიბიძგა, რომ ხმა ამომეღო და რაღაც გამეკეთებინა. საპასუხოდ, პირდაპირი მნიშვნელობით, სახეში სილა გამარტყეს იმიტომ, რომ ვიცავდი ადამიანს, რომელიც სერიოზული უსამართლობის მსხვერპლი იყო იმ მომენტში. თუმცა, მახსოვს დიდი შინაგანი ემოციური ნაკადი, რომელიც მეუბნებოდა - ეს უნდა გააკეთო იმიტომ, რომ საჭიროაო. შეიძლება, მანამდეც ამიღია პასუხისმგებლობა, მაგრამ ეს შემთხვევა მკაფიოდ მახსოვს. მაშინ ნამდვილად პასუხი ვაგე ჩემს ქცევაზე, ნამდვილად ვიცოდი, რას ვაკეთებდი და რა მიზანი მქონდა. სამწუხარო ის არის, რომ გარემოსგან ყოველთვის იმას არ ვიღებთ, რაც ჩვენ გვინდა, ან გვგონია, რომ სწორი იქნებოდა, სამართლიანობის თვალსაზრისით. 

- თქვენს შემდგომ ქცევაზე ხომ არ იმოქმედა ამ ამბავმა?

- არ უმოქმედია. დღემდე ასე გრძელდება, უსამართლობაზე ძალიან მძაფრად ვრეაგირებ. მაგ შემთხვევის შემდეგ იყო სხვა შემთხვევებიც, როდესაც კლასში ისევ დადგა უსამართლობის საკითხები. დაახლოებით რომ წარმოიდგინოთ, მთელი კლასის წინაშე ერთი მე ვიყავი, რომელიც რაღაცას უპირისპირდებოდა. იყო ჩემი მოწინააღმდეგე მხარე, ნაწილი კი ხმას არ იღებდა. განცდა, როცა რაღაცას ებრძვი მარტო, მაგრამ იცი, რომ ეს ძალიან საჭიროა, ყოველთვის მქონდა. თუკი სადმე უსამართლობას ვხედავ, რაც არ უნდა ვიცოდე, რომ დავზიანდები, მაინც იმას ვაკეთებ, რაც სწორად მიმაჩნია. იგივე ხდება ხოლმე თერაპიის დროსაც. შეიძლება, რაღაც ისეთის თქმა მომიხდეს პაციენტისთვის ან პაციენტის მშობლისთვის, რაც არ არის მარტივი და კარგი მოსასმენი. მაგრამ როდესაც ვთვლი, რომ ეს საჭიროა და ჩემი პასუხისმგებლობაა, ყოველთვის ვაკეთებ, რაც არ უნდა შფოთვის განცდა ან შიშის ემოცია მქონდეს - რომ შეიძლება ამას რაღაც არასასიამოვნო მოჰყვეს. 

- რა არის ის არსებითი, რაც თქვენში ბავშვს განასხვავებს თქვენში ზრდასრულისგან?

- ალბათ, შეგუება იმასთან, რომ უცხო აღარ ვარ. ბავშვი რომ ვიყავი, ჩემი გვარიდან და გარეგნობიდან გამომდინარე, ყველა რუსულად მელაპარაკებოდა, ყველას არაქართველი ვეგონე. გვარის გამო, დღემდე გამორჩეული ვარ, მაგრამ თავიდან ძალიან მძაფრად მქონდა უცხოობის განცდა. თითქოს, იქ ვიყავი, სადაც არ უნდა ვყოფილიყავი. ახლა ამას შევეგუე და უფრო მეტად გამიჩნდა სახლის განცდა. ბოლო ხანს საქართველოში ბევრი უკრაინელი და რუსი ჩამოვიდა და შეიძლება, მე უფრო ადაპტური ვჩანვარ, მათთან შედარებით. ბევრი ერთად დადის, რუსულად საუბრობენ. მე საერთოდ არ ვლაპარაკობ რუსულად. თავიდან პროტესტიც მქონდა. იმის მიუხედავად, რომ უკრაინელებთანაც ვმუშაობ და რუსებთანაც (რომლებსაც დახმარება სჭირდებათ), სესიაზე სამუშაო ენად ინგლისურს ვთავაზობდი. რაღაც მომენტში ესეც გადავლახე და მივედი იმ აზრამდე, რომ შეგვიძლია, რუსულად ვისაუბროთ. ეს ყოველთვის უკრაინელებთან თანხმდება, რადგან მათ ქვეყანაში ომი და ოკუპაციაა. უკრაინიდან და რუსეთიდან ჩამოსული პაციენტები თვითონ დამეხმარნენ, რომ თერაპიულ სეანსებზე რუსულ ენაზე გადავსულიყავით. 

- მართლა ძალიან უცხო გვარი გაქვთ. საქართველოში საიდან მოხვდა თქვენი ოჯახი? 

- ზუსტი ისტორია არ ვიცით. მამაჩემის დიდი ბაბუა ჩამოვიდა აქ. ერთი ვერსიის მიხედვით, პოლონური გვარია. ნაძალადევში იმ უბანში გვაქვს სახლი, სადაც ოდესღაც პოლონელები დასახლდნენ. თუმცა, საქართველოში ჩვენი გვარით მხოლოდ ჩვენი ოჯახია, სხვა არავინ არის. მეორე ვერსია ხორვატიას უკავშირდება - მათ გვარებს ჰგავს ჩვენი გვარი. უკვე ბევრი თაობაა, საქართველოში ვცხოვრობთ. 

- ჩემმა ახალგაზრდა სტუმარმა ტბელ აბუსერიძემ მითხრა,  ჩემი სახელი და გვარი მარკეტინგულად ძალიან გამართლებული აღმოჩნდაო; იმიტომ, რომ ბევრ ჩემზე ჭკვიან ადამიანს ვერ იმახსოვრებენ, მაგრამ მე ყველა ძალიან ადვილად მიმახსოვრებსო. თქვენი გვარი თუ გეხმარებათ, რომ სხვებზე უკეთ დაგიმახსოვრონ და სხვებისგან გამოგარჩიონ? 

- სავარაუდოდ, დიახ. ამ გვარის არევა სხვა გვართან, განსაკუთრებით, ქართულ გვარებთან, ძალიან უცნაური იქნებოდა. სკოლაში, უნივერსიტეტში, ყველგან, სადაც ვყოფილვარ, მარტივად მიმახსოვრებდნენ. მაგრამ არ მგონია, რომ გვარის გამო უფრო ცნობილი გავხდე. ჩემს პროფესიაში, თუ კარგი შედეგი არ გაქვს თერაპიული თვალსაზრისით, მხოლოდ გვარის გამო შენთან არავინ მოვა. ჩვენ რეალურად ვეხმარებით ადამიანებს და თუ მათ ეს დახმარება ვერ მიიღეს, ნამდვილად არავინ მოვა იმის გამო, რომ გვარმა დააინტერესა. 

- მე გკითხეთ, რა არსებით სხვაობას ხედავთ თქვენს თავში ბავშვსა და ზრდასრულს შორის. შესაძლებელია თუ არა, განვაზოგადოთ ის თვისება ან თვისებები, რითიც უფროსები ბავშვებისგან განსხვავდებიან?

- რა თქმა უნდა, შესაძლებელია. ბავშვები უფრო იმპულსურები არიან. რა სურვილიც გაუჩნდებათ, უნდათ, რომ მაშინვე დაიკმაყოფილონ. მოზარდობის ასაკში კი მეამბოხეობა და წინააღმდეგობა ახასიათებთ. რაც არ უნდა მართალი იყოს დედა, მამა, მასწავლებელი ან ვინმე სხვა  - მოზარდს სურვილი უჩნდება, მათ შეეწინააღმდეგოს და ყველაფერი თავის ჭკუაზე გააკეთოს. ზრდასრული ადამიანი უფრო მეტად ჩამოყალიბებულია, საკუთარ სურვილებს აცნობიერებს და ადეკვატურად იქცევა. თუმცა, ზრდასრულიც შეიძლება იყოს უფრო ბავშვური, ვიდრე ასაკობრივად შეესაბამება. რა თქმა უნდა, ეს ინდივიდუალური საკითხია. ძირითადი განმასხვავებელი შეიძლება ისიც იყოს, რომ ბავშვს უყვარს თამაში, წარმოსახვის უნარი და ფანტაზია უფრო მეტად განვითარებული აქვს, ნაკლებად ზის ჩარჩოებში. ზრდასრული ადამიანი კი, როგორც წესი, კონკრეტულ ჩარჩოებში ჯდება და იმ ჩარჩოებიდან გამომდინარე იქცევა. 

 

 

„შეუძლებელია, წესები ვინმესთვის მავნე იყოს.“

 

 

- არიან ადამიანები, რომლებიც მიდრეკილები არიან, რომ იაზროვნონ და იცხოვრონ ჩარჩოებს მიღმა. თქვენ მშობლებს ურჩევთ, რომ ოჯახში შეიმუშაონ და დაიცვან წესები, რათა ბავშვები წესრიგს თავიდანვე მიაჩვიონ. ფიქრობთ თუ არა, რომ არის ბავშვების კატეგორია, რომლებისთვისაც ძალიან მავნე შეიძლება აღმოჩნდეს, თუნდაც, წესების ჩარჩოში მათი ჩასმა?

- წესები, რომელთა მაგალითებიც მომყავს, ბავშვის განვითარებისთვის ხელშემწყობია. ალბათ, წესები აზროვნების „ჩარჩოებისგან“ უნდა გამეცალკევებინა. მაგალითად, „გოგოს ფერია ვარდისფერი“; „მანქანებით ბიჭები თამაშობენ“; „კალათბურთზე შენ რა გინდა, ბიჭი ხომ არ ხარ?!“ - ეს წესები კი არ არის, არამედ, მშობლის დამახინჯებული აზროვნებაა, რომელშიც საკუთარი შვილიც უნდა, რომ მოაქციოს. რეალურად, შეუძლებელია, წესები ვინმესთვის მავნე იყოს. მშობლებს ხშირად ვეუბნები: წესები არსებობს ყველგან, მით უმეტეს, ზრდასრულ ცხოვრებაში. თუ სამსახურში არ მივდივართ, შეიძლება, ორჯერ გვაპატიონ და მესამედ - გამოგვაგდებენ. თუ მანქანაში ღვედს არ ვიკეთებთ - გვაჯარიმებენ და ა.შ. წესრიგის გარეშე არაფერი არ არსებობს. კანონზომიერებასთან არის თანაკვეთაში და, რეალურად, ამას ადრეული ბავშვობიდანვე ვასწავლით. რაც უფრო ადრე მივაჩვევთ ბავშვს წესების არსებობას, მით უფრო გაუადვილდებათ ცხოვრება, როდესაც გაიზრდებიან. თუ ბავშვი საერთოდ წესების გარეშე იზრდება, თუ მისთვის არაფერი აკრძალული არ არის, როგორც კი გარეთ გადის, თუნდაც, ეს იყოს საბავშვო ბაღი, სკოლა, ან, მით უმეტეს, ზრდასრული ცხოვრება, წინააღმდეგობების მიმართ მეტისმეტად მგრძნობიარე ხდება. 

- რომ შევაჯამოთ, თქვენ მიგაჩნიათ, რომ არ არსებობს ბავშვი, თავისი კონსტიტუციით, აზროვნების წესით, რომლისთვისაც მავნე შეიძლება იყოს, თუკი ოჯახში წესებს დაუქვემდებარებენ. სწორად გავიგე? 

- მავნე ნამდვილად ვერ იქნება. თუმცა, რა თქმა უნდა, წესებს გააჩნია. წესები არ უნდა იყოს ძალიან ხისტი, ძალადობრივი. მაგალითად, ძილის რუტინა ავიღოთ. შეიძლება, წესად ვაქციოთ, რომ ბავშვები ყოველ საღამოს იძინებენ ცხრა საათზე. ელემენტარულია, არავითარი სიმკაცრე ამ წესში არ არის. ბავშვს სჭირდება ნორმალური ძილი, რომ დილით კონკრეტულ დროს გაიღვიძოს. თავის ნებაზე რომ მივუშვათ, შეიძლება, ღამის სამ საათამდე არ დაიძინოს. მაშინ, როგორ ადგება დილით სკოლისთვის? მთელი დღე მოდუნებული, გაღიზიანებული ივლის და შეიძლება, მერხზეც ჩამოეძინოს. ოღონდ, უნდა ვთქვა, რომ არსებობს რაციონალური წესები და ირაციონალური წესები. მაგალითად, გაჯეტები დღეს ძალიან აქტუალურია. ყველა ბავშვს უყვარს ტელეფონი და კომპიუტერი. რაციონალურია, ვუთხრათ ბავშვს, რომ დაძინებამდე ტელეფონი სხვა ოთახში უნდა დავტოვოთ და მშვიდად დავიძინოთ. ირაციონალური იქნება, მშობელმა რომ თქვას: „უნდა და რა ვქნა?! რა გავაკეთო?! ითამაშოს თორმეტ საათამდე და მერე დაიძინებს, აბა, რას იზამს?!“ ასეთ ქცევას ბავშვი მიჰყავს დამოკიდებულებამდე, როცა ტელეფონის გარეშე აღარ შეუძლია. ირაციონალური, ასევე, შეიძლება იყოს წესი, როდესაც მშობელი ძალიან ღიზიანდება, თუკი ბავშვი თავის ოთახს ზედმიწევნით არ მოაწესრიგებს. ამ შემთხვევაში, ყოველთვის ვურჩევ ხოლმე: ჯობია, თავი დაანებოთ და თქვენ ნუ დაუწკრიალებთ ოთახს; ცადეთ, რომ მისი პასუხისმგებლობა გაზარდოთ და ბავშვმა თვითონ იზრუნოს თავის გარემოზე, როგორც შეძლებს. მკაცრად ჩამოყალიბებული წესი, რომ, გინდა თუ არა, ყველაფერი ზედმიწევნით დალაგებული უნდა იყოს, შეიძლება, შეუსაბამო აღმოჩნდეს ბავშვისთვის. უმეტეს შემთხვევაში, ასეთ დროს, მშობელი თავის შფოთვას ვერ უმკლავდება და ამ შფოთვას ძალდატანებით ახვევს თავს საკუთარ შვილს. ასეთ დროს, სავარაუდოდ, ბავშვს წინააღმდეგობის სურვილი გაუჩნდება, საერთოდ არ მოუნდება დალაგება, ან ძალდატანებით დაალაგებს - ორივე საზიანოა. 

- რა უნდა გაითვალისწინოს მშობელმა იმისთვის, რომ მის განზრახვასა და მისი მოქმედების შედეგს შორის სწორი კავშირი დამყარდეს?

- ყველაზე რთულია ის, რომ მშობლები ვერ თანხმდებიან. თუ ოჯახის ზრდასრული წევრები შეთანხმებულები არიან, რატომ სთხოვენ ბავშვს, რომ ასე მოიქცეს, უფრო მეტია ალბათობა, რომ მიზანს მიაღწევენ. არათანმიმდევრული მიდგომის დროს ბავშვი იბნევა, ვერ ხვდება, მისგან რას ითხოვენ. ხედავს, რომ ზრდასრულები თვითონაც ვერ თანხმდებიან და მას მეტი საშუალება ეძლევა მანიპულირებისთვის. მაგალითად, იმ მშობელს მიმართავს, რომელიც, იცის, რომ სურვილს შეუსრულებს. ასეთ შემთხვევაში, მშობლების დაპირისპირებაც არ არის გამორიცხული - მანიპულაციების გზით, ბავშვი ძაბავს ურთიერთობას მშობლებს შორის. მშობლები ჩხუბობენ იმის გამო, რომ მე თუ „არას“ ვეუბნები, შენ რატომ ეუბნები „კის“?! „როცა მე ჩემი ტელეფონი ჩამოვართვი, შენ შენი ტელეფონი რატომ მიეცი?!“ 

- რამდენად ძნელია, ან ადვილია, მშობელმა ზუსტად გამიჯნოს, რა არის ბავშვის ახირება (კაპრიზი) და რა არის მისი რეალური საჭიროება? შეიძლება, ვინმემ იფიქროს, ამის გარჩევას რა უნდაო. მაგრამ სულ მარტივი მაგალითი რომ ავიღოთ: როცა ბავშვი ამბობს, თავი მტკივა და სკოლაში ნუ გამიშვებთო, შეიძლება, მშობელს გაუჩნდეს ეჭვი, რომ ბავშვს სკოლაში წასვლა ეზარება. მაგრამ, მეორე მხრივ, შეიძლება, ბავშვს მართლა რაღაც აწუხებს. 

- ალბათ, ამ შემთხვევაში, ასაკობრივი განვითარებაა მნიშვნელოვანი. მაგალითად, არსებობს სამი წლის ასაკის კრიზისი, როდესაც ბავშვი უფრო მეტად აღგზნებულია, უნდა, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს თავის მშობლებს. იწყება „მე კონცეფციის“ ჩამოყალიბება. ბავშვი ამბობს: „მე გავაკეთებ!“ „მე თვითონ ჩავიცვამ!“ და ასე შემდეგ. თუ მშობელმა იცის განვითარების ნორმები, ხვდება, რომ ეს ბუნებრივი ქცევაა. რა მაგალითიც თქვენ თქვით, მაგ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია მშობლის დაკვირვებულობა. თუ მანამდე ბავშვი თავს არ იტკივებდა და ახლა ყოველდღე იტკივებს, ყველაზე რაციონალური იქნება, მშობელი პედაგოგს დაელაპარაკოს და ჰკითხოს, მისი შვილი როგორ იქცევა სკოლაში. თუ ჩივილები ხშირია, მნიშვნელოვანია პედიატრთან გასაუბრებაც. თუ ბავშვი ეკრანთან დიდ დროს ატარებს, თუ კვების რაციონი დაუბალანსებელი აქვს, თუ გვიან იძინებს - რა თქმა უნდა, ალბათობა მეტი იქნება, რომ თავი ასტკივდეს, ან რაიმე სხვა წუხილი გაუჩნდეს. შეიძლება, თავის ტკივილი სტრესის გამოძახილი იყოს - რაღაც ხდება ოჯახში ან სკოლაში და ბავშვის ორგანიზმი ფსიქო-სომატურ რეაქციას იძლევა. იმ შემთხვევაში, თუკი ბავშვი მგრძნობიარე და ზედმეტად მშფოთვარეა, მკაცრი პედაგოგის გაკვეთილზე, შეიძლება, თავის ტკივილი ან მუცლის ტკივილი დაეწყოს, ღებინების შეგრძნება გაუჩნდეს, ან ტემპერატურა მოემატოს. თუ თავი მტკივა და სკოლაში წასვლა არ მინდა, ეს ტკივილი მეხმარება, რომ, მაგალითად, თავიდან ავირიდო ჩემს კლასელთან შეხვედრა, რომელთანაც კონფლიქტი მაქვს. 

- თქვენ ის შემთხვევები ჩამოთვალეთ, როცა ადამიანს ობიექტურად უჭირს. მაგრამ როგორ გავარჩიოთ ეს ობიექტური ჩივილები ახირებებისგან? 

- მაგ შემთხვევაშიც აუცილებელია დაკვირვება. თუ არასასიამოვნოს არიდება მინდა თავიდან, აუცილებლად მოვიგონებ რაღაცას და ვიტყვი, რომ თავი ან მუცელი მტკივა. 

- ესე იგი, მიზეზი ყველანაირ ჩივილს აქვს და ბავშვის ყველანაირი ჩივილი საყურადღებოა. 

- დიახ, თუკი არაფერი არ ხდება, ბავშვი არ იტყვის, რომ თავი სტკივა და სკოლაში წასვლა არ უნდა. ზოგადად, ჩვენ, ფსიქოლოგები, ქცევათმეცნიერების - ბიჰევიორიზმის მიხედვით, ვთვლით, რომ ნებისმიერ ქცევას აქვს თავისი მიზეზი და მიზანი. უმიზნოდ არც ერთი ქცევა არ ხორციელდება. 

 

 

„ზოგადად, ადამიანის ბაზისი, ფუძე ექვს წლამდე ყალიბდება.“

 

 

- თქვენ ზღვარს შლით დისციპლინასა და თვითდისციპლინას შორის, როდესაც ამბობთ: „მშობლებმა არ უნდა იფიქრონ, რომ დისციპლინა კონტროლის საშუალებაა. ბავშვს მშობელი კი არ აკონტროლებს, არამედ, ბავშვი აკონტროლებს თავის თავს.“ როგორ უნდა მივიდეს აქამდე ბავშვის და მშობლის ურთიერთობა? 

- ამ შემთხვევაში, მშობლებს მეტი მოთმინება სჭირდებათ. დღეს თუ ჩემს შვილს რაღაცას ვაკეთებინებ, თუნდაც, დისციპლინის მხრივ, შედეგს ხვალვე არ უნდა ველოდო. დისციპლინაზე ზრუნვა ბავშვის გაჩენის დღიდანვე იწყება. სხვა შემთხვევაში, ასაკის მატებასთან ერთად, შეიძლება, პრობლემებმაც მოიმატოს. რაზეც უკვე ვისაუბრეთ - ოთახის დალაგება იქნება, საკუთარი ნივთების მოწესრიგება, საკვების მიღება თუ სხვა რამ, ყველაფერზე ზრუნვა ადრეულ ასაკში უნდა დაიწყოს. თუ ბავშვი შევაჩვიე, რომ შეუძლია, ტელევიზორთან მიიტანოს საკვები და იქ ფეხზე მდგომმა მიირთვას, მერე, ათი წლის ასაკში, პრობლემა არ უნდა მქონდეს, რატომ არ ჯდება მაგიდასთან. იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია. შვილი რომ 15 წლის ხდება, მერე ამბობს მშობელი: „რა ვიცი, უზრდელია ჩემი შვილი? ყველაფერი ასე რატომ უყრია გარშემო? შოკოლადის ქაღალდით სავსე აქვს ოთახი.“ 

 
როგორ მივიდა აქამდე? ან რატომ არ აწუხებს ეს? ან დისციპლინის საკითხები სად იყო მანამდე, მაგალითად? ჰქონდა და უცბად გაქრა? ძალიან უცნაურია ხოლმე და რეალურად შეუძლებელი, რომ დისციპლინირებული ყოფილიყო ბავშვი რაღაც ასაკამდე და მერე, მოზარდობის დროს, უეცრად რადიკალურად სხვანაირი გამხდარიყო.

თუ რამე ამგვარი მოხდა, მაშინ უკვე ფსიქიკურ სტატუსზე ჩნდება კითხვები - რის გამო შეიცვალა ბავშვის ქცევა რადიკალურად? რაიმე ტრავმული ან განსაკუთრებული ხომ არ განიცადა? ხშირად ამბობენ: „ჯერ პატარაა, არაფერი არ ესმის და როცა გაიზრდება, მერე დავიწყებთ მასთან მუშაობას.“ ეს დიდი შეცდომაა. მაშინაც, კი, როცა ბავშვი მხოლოდ ბგერებს წარმოთქვამს და გარემოს ათვალიერებს, სინამდვილეში, ძალიან ბევრ ინფორმაციას იღებს. ზოგადად, ადამიანის ბაზისი, ფუძე ექვს წლამდე ყალიბდება და ექვსი წლის შემდეგ მასზე ახალი გამოცდილებები შენდება.

- რა შემთხვევაში უნდა მოეკიდოს მშობელი გაგებით, როდესაც ბავშვი ამბობს „არა!“?

- თუკი მშობელსა და შვილს შორის ჯანსაღი ემოციური ბმაა, მშობელი აუცილებლად მიხვდება მისი შვილის უარის ზუსტ ან სავარაუდო მიზეზს. ჯანსაღი ემოციური ბმა ასაკობრივად შესაბამის მიჯაჭვულობას ნიშნავს. ეს მჭიდრო კავშირშია მშობლის მიერ არჩეულ აღზრდის სტილთან. ზოგადად, უმჯობესია, მშობლები ყველა ასაკის ბავშვს საკმარისად სერიოზულად აღიქვამდნენ. არ უნდა ხდებოდეს ბავშვის ნააზრევის, გაზიარებული ფიქრების უგულებელყოფა ან აბუჩად აგდება. ეს არის გზა ნდობით სავსე ურთიერთობისკენ. ნდობა კი იმის საწინდარია, რომ მშობელს სჯერა შვილის ნათქვამის და, ასევე, შვილი ენდობა მშობელს - რომ მის ნათქვამს სერიოზულად აღიქვამს. ასეთ დროს ბავშვს თუ მოზარდს ტყუილი აღარ დასჭირდება. მშობელიც ეჭვს არ შეიტანს შვილის ნათქვამში. ყოველ შემთხვევაში, გულისხმიერად მოისმენს, ინფორმაციას გადაამოწმებს და მხოლოდ ამის შემდგომ დაიწყებს მოქმედებას. მნიშვნელოვანია, რომ მშობელი ჰიპერმზრუნველი არ იყოს. თუ ცდილობს, რომ ყველაფერი თვითონ გაუკეთოს საკუთარ შვილს, ეს ბავშვს გარკვეულ უნარებს უქვეითებს, იმის ნაცვლად, რომ პირიქით, საჭირო უნარების განვითარება წაახალისოს.  ხშირად მშობლები ერიდებიან ხოლმე ემოციების გაზიარებას - იმის თქმას, რომ მე ახლა გაბრაზებული ვარ. ყვირილი ან კარის გაჯახუნება ბევრად მარტივია, ვიდრე თქმა, რომ მე ახლა გავბრაზდი, რადგან შენ ადექი და გატეხე სათამაშო, რომელიც ორი დღის წინ გიყიდე. 

- ანუ ახსნას გულისხმობთ?

- დიახ, და თუ მშობელი რეალურად უხსნის ბავშვს ყველაფერს, გარკვეულ მიზეზშედეგობრივ კავშირებსაც აჩვენებს, თანდათანობით ბავშვიც ამას სწავლობს: ხედავს, რომ ემოციები არსებობს; რომ ემოციებზე საუბარი ნორმალური და ადეკვატურია;  რომ თვითონაც შეუძლია, მისთვის სანდო ადამიანთან მივიდეს და თავისი სათქმელი გაუზიაროს. ვთქვათ, საკუთარ ემოციებს არ აზიარებს მშობელი, მაგრამ ბავშვი რომ გამოჰყავს ბაღიდან ან სკოლიდან, ეკითხება: აბა, მომიყევი, დღეს რა ხდებოდა. ეს „აბა, მომიყევი“ უფრო დაკითხვას ჰგავს და ბავშვს გაზიარების სურვილს უკლავს. 

- სწორი ფორმა რა იქნებოდა? 

- სწორი ფორმა იქნებოდა, პირველ რიგში, მისალმება: როგორ ხარ? იმიტომ, რომ რამდენიმე საათია, ერთმანეთი არ უნახავთ. ამის შემდეგ, შეიძლება, უფროსმა დაიწყოს მოყოლა - დღეს ასეთი დღე მქონდა... მერე უნდა დაელოდოს, ბავშვიც თუ გაუზიარებს რამეს. შეიძლება, პირველი ათი დღე არაფერი არ გააზიაროს, მაგრამ, თანდათანობით, მშობელმა შეამჩნიოს, რომ ბავშვიც იწყებს მოყოლას. ბავშვებს ძალიან ხანმოკლე მეხსიერება აქვთ. კონკრეტულ რაღაცას იმახსოვრებენ გარკვეული დროის განმავლობაში და, მაგალითად, მთელი დღის შეჯამება, როგორც ამას ზრდასრული ადამიანი აკეთებს, მათთვის რთულია. ბაღის ასაკის ბავშვებს ვგულისხმობ. შესაბამისად, თუ მშობელს უნდა, რომ ბავშვს შენიშვნა მისცეს, მაშინვე, მყისიერად უნდა უთხრას. თუ სამი საათი გავიდა და მერე ეკითხება - შენ ეს რატომ გააკეთე? - ბავშვისთვის გაუგებარია. ასევე არ არის შესაბამისი გახსენება: „გახსოვს, ხუთი დღის წინ რომ ასე მოიქეცი?“ ჯობია, მაშინვე მოხდეს რეაგირება, როცა რაღაც ხდება.

- ჩვენ „არა!“-ზე ვლაპარაკობდით და თქვენ საუბრის დასაწყისში თქვით, რომ გარდატეხის ასაკში ყველაზე მწვავეა ეს „არა!“, როცა ბავშვი მეამბოხეა. ყველაზე მეტად რა შეცდომებს უნდა ერიდონ და რა შეცდომებთან დაკავშირებით უნდა გამოიჩინონ სიფრთხილე გარდატეხის ასაკში მყოფი მოზარდების მშობლებმა? 

- მშობლების შეცდომებს გულისხმობთ? 

- დიახ. 

- ყველაზე მნიშვნელოვანი აქაც ნდობის ფაქტორია: ბავშვი და მშობელი რამდენად ენდობიან ერთმანეთს. 

- მაშინ, „ჩანართი“ კითხვა მაქვს: ვიცით, რომ ბავშვისთვის მშობელი ავტორიტეტია წლების განმავლობაში, მაგრამ მოზარდობის ასაკში ავტორიტეტის ჩანაცვლება ხდება: მშობლის მაგივრად, თანატოლის მოსაზრებები და შეხედულებებია გადამწყვეტი. როგორ უნდა მოხდეს, რომ ნდობა მაინც დარჩეს, იმის მიუხედავად, რომ მშობელი ავტორიტეტი აღარ არის?

- ავტორიტეტის საკითხი აღზრდის სტილს უკავშირდება. ზოგი აღზრდის ლიბერალურ სტილს ანიჭებს უპირატესობას, ზოგი ავტორიტარულ სტილს მიმართავს. ყველას თავისი შედეგი აქვს. თუ მე, როგორც მშობელმა, არ ვიცი, როგორ უნდა ვმართო ჩემი შვილის ქცევა და ვეუბნები: „მამა მოვა და ნახე, რა დაგემართება!“ ან „ახლა პატრულს დავურეკავ!“ ეს ბავშვისთვის პირდაპირი შეტყობინებაა, რომ მე ვერ გიმკლავდები და მჭირდება სხვა ადამიანი, რომელიც მოვა და მოაგვარებს პრობლემას შენსა და ჩემ შორის. მშობლებს თუ აღზრდის განსხვავებული სტილი აქვთ, ესეც იწვევს ხოლმე პრობლემას. როცა ვამბობთ, რომ მშობელი ავტორიტეტია, ეს არ ნიშნავს, რომ ბავშვს მისი უნდა ეშინოდეს.  მშობელი უნდა იყოს ადამიანი, რომლის აზრი ბავშვისთვის მნიშვნელოვანია; ადამიანი, რომელსაც ბავშვი ენდობა. 

- და რომელიც უსაფრთხოების გარანტიც არის, ალბათ. 

- რა თქმა უნდა, უსაფრთხოებას მშობელი ბავშვის დაბადებიდანვე ქმნის. 

 

 

„მოზარდის მშობელს უნდა შეეძლოს დათმობა და დიალოგზე შვილის დათანხმება.“

 

 

- კითხვას დავუბრუნდები: როგორ უნდა მოხდეს, რომ თანატოლი იყოს ავტორიტეტი, მაგრამ მშობლების მიმართ ნდობა შეინარჩუნოს მოზარდმა? 

- ავტორიტეტი პირდაპირ არ გადადის მეგობრებზე. უბრალოდ, მოზარდს სოციალიზაციის აქტიური მოთხოვნილება უჩნდება. ძალიან მინდა, რომ ჩემი თანატოლების წრეში მიმიღონ, როგორც მათი თანასწორი; მინდა, მათნაირი გავხდე. თუ მშობლების მიმართ მაქვს ნდობა, შეიძლება, მივიდე და ვუთხრა: „რა ვქნა, მინდა, რომ მათთან ერთად ვიყო, მაგრამ თან ისეთ რამეს აკეთებენ, რაც არ მომწონს. როგორ მოვიქცე?“ 

- არსებობს მოზარდი, რომელიც მშობლებს ასეთი კითხვით მიმართავს?

- რა თქმა უნდა, არიან ასეთი ღია მოზარდები. მშობლებიც არიან ხოლმე ძალიან ღია დღევანდელი მოზარდებისთვის წაყენებული მოლოდინებისა და მოთხოვნებისადმი. იმიტომ, რომ დღევანდელი მოზარდები ცოტა სხვა რეალობაში იზრდებიან, ვიდრე ეს წლების წინ ხდებოდა. 

 
შესაბამისად, თუ მშობელი ძალიან კარგი დამკვირვებელია, ძალიან კარგი მსმენელია და ესმის საკუთარი შვილის, მას შეუძლია, გარკვეულ დათმობებზე წავიდეს, რითიც გარკვეულ, ასე ვთქვათ, ნდობის ფაქტორსაც ინარჩუნებს, უსაფრთხოებასაც ქმნის და მუდმივად ეუბნება შვილს, რომ რაც არ უნდა მოხდეს, მაგალითად, მე შენთან ვარ და ჩემი იმედი შენ ყოველთვის უნდა გქონდეს.

თუ მშობელი, პირიქით, აკრძალვებს აწესებს და ეუბნება: „რას ჰქვია?! ახლა შენ გარეთ ვერ გახვალ!“ - ამ შემთხვევაში, ნდობა ინგრევა. მოზარდის მშობელს უნდა შეეძლოს დათმობა და დიალოგზე შვილის დათანხმება. ზოგიერთი მოზარდი მშობელს ტელეფონს უთიშავს და ხმას არ სცემს. რა თქმა უნდა, ეს მშობელსაც აღიზიანებს. მერე იწყება დაძაბული, კონფლიქტური ურთიერთობა და, რა თქმა უნდა, მშობელი ავტორიტეტს კარგავს. 

- ასეთ დროს, რა გადაარჩენს ურთიერთობას? 

- რაც ძალიან გვიჭირს ხოლმე, ეს არის მოსმენა. შეიძლება, მოზარდი ერთ რამეს ამბობდეს და მშობელი მის ნათქვამს სხვანაირად თარგმნიდეს. ან პირიქით. ზოგადად, მოსმენის უნარი ძალიან აკლიათ ხოლმე ოჯახის წევრებს და, ხშირ შემთხვევაში, არ შეუძლიათ მეორე ადამიანის პოზიციის გათვალისწინება. თუ შემიძლია, რომ ჩემი მოზარდი შვილის ადგილზე წარმოვიდგინო თავი, ჩემთვის უფრო მარტივი გახდება იმის გააზრება, რა შეიძლება უნდოდეს მას. მხოლოდ ამის შემდეგ შემიძლია, ვიფიქრო, რა გავაკეთო იმისთვის, რომ შვილიც კომფორტულად იყოს და მეც კომფორტულად ვიყო. 

- მოკლედ, აღზრდის პროცესში სულ ფიქრი და დაკვირვებაა საჭირო. 

- რა თქმა უნდა. 

- და როცა მოზარდი თავის ოთახში იკეტება და თითქმის არ ლაპარაკობს?

- მოზარდობის დროს ჩაკეტილობა გარკვეულ ცვლილებებზე მიუთითებს. შეიძლება, სახლშია კონფლიქტები, ან თანატოლებმა დამჩაგრეს, რის გამოც გადავწყვიტე, რომ ჩაკეტილი უკეთესად ვგრძნობ თავს. 12-15 წლის მოზარდმა უფრო მეტი ძალა შეიძლება იპოვოს საკუთარ თავში იმისთვის, რომ, თუნდაც, აზრობრივად შეეწინააღმდეგოს იმას, რაც არ მოსწონს. პირდაპირ არ თქვას, მაგრამ ფიქრი დაიწყოს იმაზე, რომ რაც აქამდე ხდებოდა ჩემს ოჯახში, სწორი არ იყო. 

- მიგაჩნიათ თუ არა, რომ ჩვენი დღევანდელი რეალობა - სკოლა, მშობლების მოუცლელობა, პანდემია, სიღარიბე, არაჰუმანური გარემო - არამარტო ებრძვის, არამედ ამარცხებს კიდეც ჩვენს ბავშვებს და, მით უფრო, მოზარდებს? რამდენადაც ვიცი, ბევრ მოზარდს არ აქვს სურვილი, რომ საქართველოში იცხოვროს. 

- მოზარდების ცხოვრებაზე ძალიან დიდი გავლენა აქვს ინტერნეტს. ბავშვები აქტიურად უსმენენ ადამიანებს სხვადასხვა ქვეყანაში. ხედავენ, ცხოვრების როგორი ხარისხია დასავლეთის ქვეყნებში და შემდეგ საკუთარს ადარებენ. ბევრი მოზარდი შეიძლება უკმაყოფილო იყოს საკუთარი ოჯახის შესაძლებლობებით, ან ქვეყნის მდგომარეობით. სანამ ამდენი ინფორმაცია არ არსებობდა, ადამიანები იმით კმაყოფილდებოდნენ, რაც ჰქონდათ და რასაც ირგვლივ გარემოში ხედავდნენ. დღეს ნამდვილად ბევრი მეუბნება, რომ უცხოეთში უნდა წასვლა. თითქმის ყველა მოზარდს აქვს გეგმა, რომ სადღაც წავიდეს, ისწავლოს და იცხოვროს. მოზარდების შემთხვევაში, წასვლის ამბავი ხშირად უკავშირდება მარწუხების მოხსნას: აქედან გავაღწევ და იქ ყველაფერი გადასარევად იქნება. მაგრამ მე თუ უბრალოდ გავიქეცი უცხოეთში და იქაც ვერაფერი ვერ გავაკეთე, შეიძლება, თავზე ჩამოვინგრიო მთელი ჩემი ცხოვრება და შინაგანი სამყარო. 

- ისეთი მოზარდები თუ შეგხვედრიათ, რომლებსაც სულ არ მოსწონთ თავისი ქართველობა? 

- ბევრი აღნიშნავს, რომ არ მოსწონთ, რასაც ადგილობრივი კულტურა ითხოვს მათგან - რომ მაინცდამაინც ასე უნდა მოიქცე. თუმცა, ვინმესთვის რომ ქართველობა მიუღებელი იყოს, ასეთი შემთხვევა არ მქონია. თერაპიიდან გამომდინარე, რასაც შევსწრებივარ, უფრო მეტად თავისუფლებას უკავშირებენ სხვაგან ცხოვრებას. ფიქრობენ, რომ უცხოეთში ნაკლები ჩარჩოა. მიაჩნიათ, რომ ეს წნეხი თუ მოიხსნება, როცა დედა ან მამა დაურეკავს და ჰკითხავს, ასე გვიან სად დადიხარო? - მათი ცხოვრება ბევრად უფრო დალაგდება. 

- თამარ გეგეშიძე მყავდა სტუმრად - წიგნების ავტორი და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. თავის მოსწავლეებზე ზუსტად ამას ამბობდა, რაც ახლა თქვენ თქვით, რომ მეტი თავისუფლება არის პირველი, რაც ახალგაზრდებს სხვა ქვეყნებში იზიდავს. შეიძლება, ილუზია იყოს, შეიძლება, რეალობა იყოს, მაგრამ მათ ცნობიერებაში ეს არის პირველი პრიორიტეტი: წავიდე, რომ გავთავისუფლდე. 

- თუ თავისუფლების მოსაპოვებლად მივდივარ, მაგრამ მერე ვამჩნევ, რომ 12 საათი მუშაობა მჭირდება და სამსახურის შემდეგ ისეთი განადგურებული ვარ, რომ ძილის გარდა, ვერაფერს ვეღარ ვაკეთებ, სად არის თავისუფლება? ცოტა რომანტიზებაც ხდება უცხო ქვეყნების - რომ იქ ყველაფერი ნათელი და კარგია. შრომა და ძალისხმევა ყველა ქვეყანაში საჭიროა, ამის გარეშე არსად არაფერი გამოვა. 

- ფსიქოლოგებისგან ზოგჯერ მსმენია, რომ ბავშვი იზრდება და იმეორებს თავისი მშობლების სცენარს (მათ შეცდომებს); ზოგჯერ კი, პირიქით, უთქვამთ, რომ შვილი საკუთარ ოჯახში ცდილობს, მშობლების შეცდომები აღარ გაიმეოროს. ეს ინდივიდუალურია? თუ რაიმე ზოგადი წესიც არსებობს? 

- ნამდვილად ინდივიდუალურია. მნიშვნელოვანია ადამიანის ინტელექტის მაჩვენებელი - რამდენად ფიქრობს და იაზრებს, რას აკეთებს. არის შემთხვევები, როცა მშობელი მეუბნება: „ზუსტად იმას ვაკეთებ, რასაც დედაჩემი (ან მამაჩემი) აკეთებდა; თუმცა, ვფიქრობდი, რომ ეს ქცევა არ მომწონდა.“ თუ ადამიანს აქვს უნარი, რომ ეს შეამჩნიოს, ალბათობა მეტია, რომ საკუთარი ქცევები შეცვალოს. ყოველ შემთხვევაში, ეცადოს მაინც, რომ შეცვალოს. ინდივიდუალურია, რომელ მხარეს წავალ - იმავეს გავიმეორებ, თუ საპირისპიროს გავაკეთებ. თუმცა, როცა საპირისპიროს ვაკეთებ, ესეც საფრთხის შემცველია, რადგან შეიძლება, ზედმეტი მომივიდეს. მაგალითად, მშობლები ხშირად ამბობენ: მე თუ არაფერი არ მქონდა ბავშვობაში, მინდა, რომ ჩემს შვილს ყველაფერი ჰქონდეს. შვილს აღარ აქვს მადლიერების განცდა იმიტომ, რომ მისთვის ყველაფერი ხელმისაწვდომია. არაერთ მშობელს უთქვამს ჩემთვის: ბავშვი მაღაზიაში რომ შედის, უბრალოდ, არ იცის, რას დაადოს ხელი იმიტომ, რომ უკვე ყველაფერი აქვსო. ეს, რა თქმა უნდა, კარგი არ არის. ასე გაზრდილ ბავშვს გაუჭირდება, ზრდასრულობის დროს პრობლემებს გაუმკლავდეს. მეორე მხრივ, ჩვენ ყველა ადამიანს ვერ ვეტყვით, რომ თერაპიაზე იაროს, რათა თავისი ბავშვობა გააცნობიეროს. ცვლილებების სურვილს იწვევს არსებულის მიმართ პროტესტი. თუ ადამიანს პროტესტი არ აქვს, შეუძლია, წყნარად იცხოვროს. მერე რა, თუ მშობლების გზას იმეორებს?! 

 

 

„განათლების ხარისხი რამდენად გააბათილებს სისასტიკეს, ჩემთვის ბუნდოვანია.“

 

 

- რა არის ის, რასაც თქვენს თავში არასდროს შეცვლიდით? 

- სამართლიანობის განცდას, რაზეც თავიდან ვილაპარაკე. რაც არ უნდა მტკივნეული იყოს, სამართლიანობის განცდა ფუნდამენტურია. ამას ნამდვილად არ შევცვლიდი არასდროს, რაც არ უნდა მწარე და ცუდი გამოცდილება მქონდეს. მიხარია, რომ ასეთი ადამიანი ვარ. 

- თქვენს პროფესიასთან როგორ კორელაციაშია სამართლიანობის განცდა? 

- პროფესიასთან კორელაციას რა კუთხით გულისხმობთ? 

- ძალიან მიმღებელი უნდა იყოთ ყველანაირი ადამიანის და მის მიერ განვლილი ნებისმიერი გზის მიმართ. სამართლიანობის გამძაფრებული განცდა ხელს ხომ არ გიშლით, ადამიანებთან მუშაობისას? 

- თუ ამოვალ იმ საწყისი წერტილიდან, რომ ყველა ქცევას თავისი მიზეზი და შედეგი აქვს, მაშინ არ მიშლის ხელს. თუ ბოლომდე გავიგებ, რა იყო ადამიანის ქცევის მიზეზი, ან მისი ფსიქიკური სტატუსი როგორია, ძალიან ბუნებრივად მივიღებ მის მიერ განვლილ გზას, ყოველგვარი განსჯისა და განკითხვის გარეშე. 

- რომელია სიტყვა, რომელიც თქვენი ცხოვრების მეგზურად გამოდგება?

- ორ სიტყვას ვიტყვი: მეგობრობა და ერთგულება. ერთგულებას ძალიან ვაფასებ ადამიანში და ვფიქრობ, მეც ერთგული ვარ. მეგობრობაც ერთგულებას მოიცავს. თუ ადამიანი ერთგული არ არის, მეგობარი როგორ იქნება?

- დიდი მადლობა საინტერესო და სასარგებლო საუბრისთვის. ინტერვიუს დავასრულებთ თქვენი კომენტარით ცნობილი ადამიანების ორ გამონათქვამზე. პირველი ციტატის ავტორია ავსტრიელი მეცნიერი ზიგმუნდ ფროიდი (1856-1939): „თქვენი პიროვნების მასშტაბი იმ პრობლემის სიდიდით იზომება, რომელსაც შეუძლია, წონასწორობა დაგაკარგვინოთ.“ 

- ვიღაც დარდობს ხვალინდელ პურზე, ვიღაც - ქვეყნის დამოუკიდებლობაზე. საკითხი, რომელიც წონასწორობას გვაკარგვინებს, ანუ რომელიც „გვადარდებს“, განსაზღვრავს ჩვენი პიროვნების „სიდიდეს“, სიღრმეს.

- მეორე ციტატა ეკუთვნის ფრანგ მწერალს ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის (1900-1944): „აღზრდა მეტია, ვიდრე განათლება, რადგან ადამიანს აღზრდა ქმნის.“

- სრულიად ვეთანხმები. რაც არ უნდა განათლებული იყოს ადამიანი, რაც არ უნდა მაღალი ჰქონდეს ინტელექტის მაჩვენებელი, ან ბევრი წიგნი ჰქონდეს წაკითხული, შეიძლება, ძალიან სასტიკად იქცეოდეს. განათლების ხარისხი რამდენად გააბათილებს ამ სისასტიკეს, ჩემთვის ბუნდოვანია. აღზრდამ კი შეიძლება განაპირობოს ადამიანში კონკრეტული პიროვნული ნიშნები - რამდენად კეთილი იქნება, რამდენად მეგობრული, გულწრფელი თუ შრომისმოყვარე. ეს არის მთავარი, რაც ადამიანს ადამიანად ქმნის.
 

ფოტომასალა: ზურაბ ქურციკიძე

გუნდი

ირაკლი გედენიძე

ზურაბ ქურციკიძე

გიო კუსიანი

გიორგი ურუშაძე

თამთა ყუბანეიშვილი

ნანა ყურაშვილი

ინგა ქორიძე