×
„მაშინ მე ვიქნები სიყვარულის მხედარი და არა სიყვარულის მონა“

რუსუდან ბოლქვაძე

მსახიობი, რეჟისორი, პედაგოგი


3397

ინტერვიუს შესახებ

რუსუდან ბოლქვაძეს მრავალი წელია, ვიცნობ. ამიტომ, კარგად ვიცი, რომ არის თემები, რომლებზეც არასოდეს ლაპარაკობს, მით უმეტეს, საჯარო სივრცეში. შესაბამისად, ინტერვიუს მზადების პროცესში ჩემი გამოწვევა იყო, რომ მაქსიმალურად ახლოს მივსულიყავი აკრძალულ ზონასთან და ცნობილი მსახიობი მკითხველისთვის ახალი სახით, ახალი შინაარსით დამენახებინა. თუმცა, ეს ისე უნდა გამეკეთებინა, რომ შემთხვევით „წითელი ხაზები“ არ გადამეკვეთა.

მეორე მხრივ, არის თემები, რომლებზეც რუსუდანი ინტერესით, ემოციურად საუბრობს და მაშინ მის მოსმენას არაფერი ჯობია. შესაბამისად, უნდა შემერჩია ეს თემები, მათი ახალი, მოულოდნელი კუთხეები მომეძებნა და სტუმრისთვის საშუალება მიმეცა, საკუთარი თავი გამოეწვია „თავისივე“ თემების ახლებურად გასააზრებლად.

ჩემი მოსამზადებელი სამუშაოს ორი მთავარი მიზანი გაგიმხილეთ, შედეგს კი თავად შეაფასებთ. იმედი მაქვს, ინტერვიუში დაინახავთ სხვადასხვანაირ რუსუდან ბოლქვაძეს და, მთლიანობაში, ის ბევრად ახლობელი გახდება თქვენთვის.

ია ანთაძე

-   რუსუდან, მოდით, ასე დავიწყოთ ჩვენი საუბარი: შეგეძლოთ თუ არა, რომ ცხოვრებაში გაგეკეთებინათ ბევრად მეტი, ვიდრე დღემდე გააკეთეთ?

-   დიახ, ალბათ, შემეძლო. ზოგადად, მგონია, რომ ადამიანს ყოველთვის აქვს ნაკლულობის განცდა, რომ, თითქოს, მეტის გაკეთება შეეძლო. მე ეს განცდა ძალიან მძაფრად მაქვს. შეიძლება, ჩემი პროფესიის ბრალიც არის, რადგან მსახიობი ასაკზეა მიბმული. როგორც ზამთარში გაზაფხულის პეიზაჟს ვერ გადაიღებ, ასევე, არის როლები, რომლებსაც ასაკის გამო ვეღარ ითამაშებ. ამის ტკივილიანი განცდა მუდამ მაქვს.

-   თქვენი შესაძლებლობების განხორციელებას განსაკუთრებული დაბრკოლებები შეხვდა, თუ ზოგადად ადამიანს ახასიათებს, რომ თავის შესაძლებლობებს ბოლომდე ვერ იყენებს?

-   მე მგონი, ორივე ერთად. ზოგადად ადამიანსაც ახასიათებს და ჩვენს თაობას განსაკუთრებული დაბრკოლებებიც შეხვდა. ფაქტობრივად, ეპოქების მიჯნაზე აღმოვჩნდით. მე სწორედ გარდამავალ ათ-თხუთმეტ წლიან პერიოდში ვიყავი საუკეთესო ასაკში, როდესაც ფიზიკური და პროფესიული შესაძლებლობები ერთმანეთს ემთხვევა  და ადამიანი აღმავლობის ხანაშია. ეს ყველაზე ნაყოფიერი ასაკია, როდესაც უკვე გამოცდილებაც გაქვს და ჯანმრთელობაც ხელს გიწყობს. სწორედ მაშინ დაგვემთხვა ერთი ეპოქიდან მეორეში გარდამავალი უმძიმესი წლები. თუმცა, ძალიან მძიმე დროშიც ვცდილობდი, რომ არ გავჩერებულიყავი და ჩემს პროფესიაში რაღაც გამეკეთებინა.

-   როგორ ფიქრობთ, რა არის ისეთი, რაც თქვენ შექმენით და რაც თქვენზე დიდხანს იცოცხლებს?

-   მართლა არ ვიცი, რა შევქმენი ისეთი, რაც ჩემზე დიდხანს იცოცხლებს. საკუთარ თავში ძალიან დარწმუნებული ადამიანი უნდა იყო, ამ კითხვას რომ უპასუხო.  შემიძლია მხოლოდ ის ვთქვა, რომ მომსწრე და მონაწილე ვიყავი პროცესის, რომელიც სხვამ შექმნა და რისი ნაყოფიც მის შემდეგ დარჩა. თუმანიშვილის თეატრს ვგულისხმობ. ბედნიერი აღმოვჩნდი, რომ წლების განმავლობაში ამ პროცესში ვმონაწილეობდი. ღმერთმა უნდა მისცეს ადამიანს ძალა, რომ ერთი რამ მაინც გააკეთოს ისეთი, რაც მის შემდეგ დარჩება და უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდება, ვიდრე მისი ცხოვრება. მაგრამ მე არ მგონია... 
 

 

რატომღაც ამაზე არც მიფიქრია, რომ მაკვირდებიან.


-   ინტერვიუებში ხშირად იმეორებთ, რომ ბედნიერი ბავშვობა გქონდათ. და მაინც, როცა პატარა იყავით, ყველაზე მეტად რა გაშინებდათ დიდების ცხოვრებაში?

-   რა მაშინებდა? (პაუზა) ბავშვობაში ძალიან დაცული ვიყავი და შეიძლება ამის გამო მერე უფრო მტკივნეულად განვიცადე ცხოვრებასთან შეჯახება. ოჯახში დიდი სიყვარულით გვზრდიდნენ და ადამიანს ხომ მეტი არაფერი უნდა, ბავშვს, მით უმეტეს... მატერიალურად განებივრებული არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ არც არაფერი მაკლდა. იმაზე მეტი მოთხოვნა არ მქონია, რაც შესაძლებლობა იყო. ამიტომ შიშები, რომ გავიზრდები და, ვაიმე, რა იქნება და მერე რა მეშველება - არ მახსოვს. რატომღაც მეგონა, რომ როცა გავიზრდები, მერეც ასე იქნება - დაუსრულებლად.

-   შიში არ ყოფილა, მაგრამ იყო თუ არა განცდა, რომ რაღაც მნიშვნელოვანი გამოტოვეთ, რაღაც შეგეძლოთ  გაგეკეთებინათ და არ გააკეთეთ, ან ვერ გააკეთეთ.

-   ალბათ, უფრო მერე - სტუდენტობისას. ბავშვობიდან არ მახსოვს ასეთი განცდა, რომ რაღაც გამოვტოვე. შეიძლებოდა, რომ უფრო დამოუკიდებელი ან თამამი ბავშვი ვყოფილიყავი. ბუნებით მორიდებული ვიყავი და უკან ვხევდი ჩემს თავს. გვიან მივხვდი, რომ ამან ხელი შემიშალა.

-   ამ თემას დავუბრუნდებით. სტუდენტობა ახსენეთ და ახლა რომ შეგეძლოთ, სტუდენტობის ასაკის რუსუდან ბოლქვაძეს ერთი რამ უთხრათ, ის ერთი რამ რა იქნებოდა?

-   ჩემს მეგობრებს და მე საკმაოდ დალხენილი სტუდენტობა გვქონდა. ისეთ შრომაში ვიყავით გენიალური ქალბატონის, ლილი იოსელიანის გვერდით... მაქსიმალურად ვიღებდით ყველაფერს. ამიტომ, შეიძლება იმ რუსუდანისთვის სათქმელი იყოს ერთი ეს - საკუთარი თავის ცოტა მეტი რწმენაა საჭირო.
 

 

მე  არ ვარ ბუნებით კონფლიქტური, უფრო მშვიდობისმოყვარე ვარ.


-   ის ფაქტი, რომ სხვები მუდმივად გაკვირდებიან თეატრშიც და თეატრს მიღმაც, გიქმნით თუ არა დამატებით მოტივაციას, რომ თქვენც მუდმივად დააკვირდეთ თქვენს თავს?

- მე ისედაც ასეთი ვარ. ვიღაც მაკვირდება და, ამიტომ, მოდი, მეც დავაკვირდე - სიმართლე გითხრათ, ამ კუთხით ჩემი თავისთვის არც შემიხედავს. რატომღაც ამაზე არც მიფიქრია, რომ მაკვირდებიან. პასუხისმგებლობას ყოველთვის მმატებდა არა საზოგადოებრივი აზრი ჩემზე, არა ის, რომ ვიღაც მიყურებს და როგორ აღმიქვამს, არამედ ჩემ მიერ გაკეთებული და გასაკეთებელი საქმე.

-   ადრე, სანამ  საზოგადოება გაგიცნობდათ და შემდეგ, როდესაც ყველა გიცნობდათ, ყველა გცნობდათ - თქვენი თავის მიმართ დამოკიდებულება არ შეგიცვლიათ?

-   პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, მომემატა. დამოკიდებულება შეიცვალა იმ მხრივ, რომ უფრო მომთხოვნი გავხდი საკუთარი თავის მიმართ.

-   ზოგადად, თქვენს თავთან ურთიერთობა მოგვარებული გაქვთ?

-   (პაუზა) თითქოს, მეტ-ნაკლებად. საერთოდ, წინააღმდეგობებით სავსე ადამიანი ვარ. ხშირად დავკვირვებივარ ჩემს თავს და აღმომიჩენია, რომ ერთსა და იმავე მოვლენაზე შეიძლება ორი აზრი მქონდეს - ორივე დასაბუთებული და ორივე ჩემი.

-   და ერთმანეთთან წინააღმდეგობრივი?

-   შეიძლება, მთლად წინააღმდეგობრივი არა, მაგრამ განსხვავებული.

-   შეგიძლიათ, მაგალითი გვითხრათ?

-   ახლა უცებ გამიჭირდება. მაგრამ საერთოდ მახასიათებს, რომ მოვლენას ბევრი მხრიდან შევხედო. ხშირად ჩემს თავს ვეკამათები ხოლმე. შეიძლება ეს ჩემი პროფესიული ჩვევაც არის. როდესაც პერსონაჟს უნდა გაუგო, ყველაფერს მისი კუთხით უყურებ - ამას მიჩვეული ვარ. ბავშვობაში მასწავლიდნენ, რომ ყოველთვის უნდა გაუგო მეორე ადამიანს, ვისთანაც საუბრობ. კონფლიქტი ხომ მაგიტომ ხდება, რომ ადამიანები ერთმანეთს ვერ უგებენ. მე  არ ვარ ბუნებით კონფლიქტური, უფრო მშვიდობისმოყვარე ვარ. ამიტომ, ვცდილობ ხოლმე, როდესაც  კონფლიქტური სიტუაციაა, სხვა ადამიანის პოზიციიდანაც დავინახო თემა თუ მოვლენა. ასეთი დამოკიდებულება ზოგჯერ ხელს მიშლის, ზოგჯერ კი მეხმარება. 
 

 

იმაზე მეტი მოთხოვნა არ მქონია, რაც შესაძლებლობა იყო.


-   ადამიანმა შეიძლება მოვლენას სხვადასხვა კუთხით შეხედოს, მაგრამ ჩემი კითხვის შინაარსი იყო, ღირებულებითი კონფლიქტი თუ გაქვთ თქვენს თავთან?

-   არა, ღირებულებითი არა. ზუსტად ამის გამო, კონფლიქტი არა ჩემს თავთან, არამედ, პირიქით, გარემო სიტუაციასთან მქონია. როცა პრინციპულად არ დათმობ შენს ღირებულებას, ბევრჯერ შენი საქმე შეიძლება გაფუჭდეს. ხშირად უთქვამთ - კაი, გაჩერდი, რა გინდა. შეიძლება წამიგია კიდეც საქმე, ასე გარედან, ერთი შეხედვით. მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ წამიგია, იმიტომ, რომ ჩემს ღირებულებებთან, ჩემს პრინციპებთან და ჩემს თავთან კონფლიქტზე არ წავსულვარ.

-  ახლა მჭიდროდ მივუახლოვდით მთავარ თემას. ეს თქვენი მთავარი თემაა - ანტიგონე, რომლის როლი თქვენთვის განუხორციელებელ ოცნებად დარჩა. თუმცა, თქვენივე განმარტებით, ყველაფერი, რასაც აკეთებთ, ირიბად მაინც უკავშირდება ანტიგონეს, როგორც მთავარ იდეას. ეს იდეა, ჩემი აზრით,  სამ ძლიერ ცნებას აერთიანებს - თავისუფლებას, ძალაუფლებას, სიყვარულს. დავიწყოთ თავისუფლებით: თქვენთვის თავისუფლება არის ყველაფრის კეთება, რაც კანონით დაშვებულია, თუ ყველაფრის კეთება, იმის მიუხედავად, თუ რა წერია კანონში?

-  რომელ კანონში? რა კანონში? სახელმწიფო კანონში თუ ღვთიურ კანონში? აი, საქმეც ეს არის, რომ კანონს გააჩნია. ათასნაირი კანონი არსებობს, მათ შორის, ტოტალიტარული სახელმწიფოს კანონები. ასევე, არსებობს ადამიანური და ზნეობრივი კანონები. ჩემთვის ზნეობრივი კანონია მთავარი. 
 

 

როცა პრინციპულად არ დათმობ შენს ღირებულებას, ბევრჯერ შენი საქმე შეიძლება გაფუჭდეს.

-   ესე იგი, თავისუფლება შეიძლება მოიცავდეს იმას, რომ დაირღვეს კანონი, რომელიც არ არის სამართლიანი?

-  დიახ.

-  ახლა წიგნებზე ვლაპარაკობთ თუ რეალურ ცხოვრებაზე?

-  მე ასე მიმაჩნია: შეიძლება, რომელიღაც კანონი ზუსტად ის არის, რომელიც უნდა დაარღვიო იმისთვის, რომ თავისუფლება მოიპოვო. აბა, მაშინ, საერთოდ რა არის თავისუფლება? 

-  ძალაუფლება ადამიანს თავისუფლებას ანიჭებს თუ თავისუფლებას ართმევს?

-  (პაუზა) არის შემთხვევები, როცა ანიჭებს და არის შემთხვევები, როცა ართმევს. მაგალითად, კრეონს ძალაუფლება ანტიგონეს შემთხვევაში თავისუფლებას ართმევს, მაგრამ სახელმწიფოებრივი მასშტაბით - ანიჭებს.  კრეონსა და ანტიგონეს შორის ცნობილ სცენაში კრეონი ანტიგონეს ეკითხება - შენ რისთვის იბრძვი, ბოლოს და ბოლოს? რაზეც  საწყალი გოგო სიკვდილის წინ ფიქრობს, რატომ ვკვდები, არ ვიციო. თუმცა, იცის, რატომაც კვდება -  სწორედ იმ თავისუფლებისთვის. მაგრამ კრეონის ლოგიკით შეიძლება დავით აღმაშენებლამდეც მივიდეთ - რომელმაც თავისი ძალაუფლება იმ თავისუფლებისთვის გამოიყენა, რომელიც ქვეყანას მოუტანა, ოღონდ, სისხლიანი რეპრსიებით.  

-  ერთი მთავარი თავისუფლება, რაც ანტიგონეს აქვს და კრეონს არ გააჩნია - ამბოხის უფლებაა. ძალაუფლება ადამიანს ამბოხის უფლებას ართმევს?  

-  დიახ.

-  ფაქტობრივად, გამოდის, რომ გაქვს ძალაუფლება, გაქვს თავისუფლება, მაგრამ მაინც რაღაც ჩარჩოში უნდა იჯდე...

-  დიახ, კრეონისნაირი ადამიანებისთვის ასეა.

-  ვისაც ძალაუფლება აქვს, ყველა კრეონისნაირი არ არის?  

-  დიახ, რა თქმა უნდა. ცხადია, ის ჩარჩოში ზის, რადგან სახელმწიფო მოღვაწეა. როდესაც საკუთარ დისშვილს სიკვდილით სჯის, კრეონი კარგავს არჩევანის თავისუფლებას.  მაგრამ, ისევ ვამბობ, მიმართებას გააჩნია. ერთია, როდესაც ჩემ უკან პირადი ინტერესია, მეორეა, როდესაც ჩემ უკან ქვეყანა დგას. „სისხლის მდინარეები დააყენა“ - ერთი ფრაზაა, მაგრამ რამდენი ადამიანის ბედს მოიცავს დავით აღმაშენებლის შესახებ ჩვენამდე მოღწეული ეს ფრაზა. დღეს დავით აღმაშენებელს წმინდანად ვაღიარებთ. ეს იყო ადამიანი, რომელმაც „გალობანი სინანულისანი“ დაწერა. 
 

 

ბოლოს და ბოლოს, იმ თავდავიწყებაშიც შენს წონასწორობას ეძებ.


-  ძალაუფლებისა და თავისუფლების მიმართება მართლაც ძალიან წინააღმდეგობრივია. მაგრამ ახლა სიყვარულზეც ვთქვათ: სიყვარულის ნეგატიურ ანარეკლად, ოპოზიტად რა მიგაჩნიათ? სიძულვილი? თუ გულგრილობა?

-  (პაუზა) უნდა დავფიქრდე. ალბათ, მაინც, გულგრილობა. მე მგონი, სიძულვილი ისეთი დიდი უბედურებაა, რომ ის არაფრის ოპოზიტი არ შეიძლება იყოს. სიძულვილი თუ სადმე დაბუდდა, იმას ოპოზიტი ვეღარ ეყოლება. სიყვარული კიდევ თავისთავად იმდენად დიდი სინათლეა, რომ ვერც მას ეყოლება ოპოზიტი.

-  “სიყვარულის მონა” - ეს ფრაზა თქვენთვის მისაღებ მოვლენას ასახავს თუ მიუღებელს?

-  თუ ვიტყვით იმას, რომ სიყვარული თავისთავად თავისუფლებაა, თავისუფლების მონა როგორ უნდა ვიყო? თავისუფლება და მონა ერთად - როგორ?

-  როდესაც სიყვარულის გრძნობა წარმართავს და აკონტროლებს ადამიანის ქცევას, მის სიცოცხლეს მთლიანად.  

-  მაშინ შემიძლია ვთქვა, რომ მე ვარ სიყვარულის მხედარი და არა მისი მონა.

-  ახლა ამ კითხვით მინდა, ანტიგონეს თემა დავასრულოთ: რომ გქონდეთ შეზღუდული არჩევანი სულიერ წონასწორობასა და თავდავიწყებას შორის, რომელს აირჩევდით?   თქვენი იმიჯის მიხედვით,  მე ადვილად ვუპასუხებდი ამ კითხვას.  მაგრამ თქვენი პასუხი არ ვიცი, როგორია.

-  ჯერ თქვენი აზრი მაინტერესებს ჩემ შესახებ.

-  ჩემი აზრით, ერთმნიშვნელოვნად აირჩევდით სულიერ წონასწორობას. მიუხედავად იმისა, რომ ანტიგონეა თქვენი გმირი.

-  (პაუზა) ადამიანს რისთვის სჭირდება, რომ თავდავიწყებაში გადაეშვას? კარგად გრძნობს, ხომ, იქ თავს? ესე იგი, იქ არის მისი სულიერი წონასწორობა. 

 

როგორც ზამთარში გაზაფხულის პეიზაჟს ვერ გადაიღებ, ასევე, არის როლები, რომლებსაც ასაკის გამო ვეღარ ითამაშებ.


-  ეფექტური პასუხია, მაგრამ მაინც კითხვისგან გაქცევად მეჩვენება.

-  საერთოდ, მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი რამ, როგორც სიძულვილი-სიყვარული, შავი-თეთრი, თავდავიწყება-წონასწორობა, ინის და იანის ამბავია. ისე გადადის და გადმოდის ერთმანეთში, რომ ხშირად ერთი მოვლენის ორი მხარეა. ამიტომ შეიძლება ჩემი პასუხებიც ასეთია. აკი მოგახსენეთ, ცოტა გაორებული ადამიანი ვარ-მეთქი. ისიც მომწონს, ესეც მომწონს - პატიოსნად ვამბობ, რომ ასეა. თუმცა, საერთო ჯამში, ალბათ, მაინც სულიერ წონასწორობას ავირჩევდი. რაც არ უნდა აქეთ-იქით იხტუნო ადამიანმა, ბოლოს და ბოლოს, იმ თავდავიწყებაშიც შენს წონასწორობას ეძებ.

-  როგორც ანტიგონე ეძებდა თავის წონასწორობას თავდავიწყებაში?

-  დიახ, ოღონდ, წონასწორობაში გულგრილობა არ უნდა იგულისხმებოდეს. წონასწორობა ნიშნავს ჰარმონიას და არა გულგრილობას.

-  სხვადასხვა მიზეზით, თქვენ გქონიათ იძულებითი პაუზა პროფესიულ საქმიანობაში და შემდეგი კითხვის პასუხი საკუთარი გამოცდილებით იცით: არაფრის კეთება უფრო საფრთხეა თუ უფრო შესაძლებლობა?

- არაფრის კეთება საფრთხე არ არის. ოთარაანთ ქვრივს რომ ეკითხება არჩილი - ახლა გიორგი რომ ჩვენთან იქნება და შენ მოიწყენო? რატომ მოვიწყენ, გულში ჩაიხედე, რამდენი ბარტყი მყავს გასაზრდელიო. არაფრის კეთება საფრთხეა იმისთვის, ვისაც გულში და სულში არაფერი გააჩნია. თუ ამ წუთას შენი კონკრეტული საქმისგან თავისუფალი ხარ, რაღაც სხვა გააკეთე. თუ სხვა რამის კეთება არ შეგიძლია და არ გაინტერესებს, ეგ კიდევ სხვა საქმეა.

-  თქვენთვის ის პაუზები შემოქმედებითად ნაყოფიერი იყო?

-  მე მადლიერი ვარ იმ ხალხის - როგორც არ უნდა გაეცინოთ თვითონ მათ, ვის გამოც პროფესიული პაუზა მქონდა - რომ თავისუფალი დრო მაჩუქეს. შეიძლება ჩემი საყვარელი საქმე ვერ გავაკეთე და ამაზე ძალიან მწყდება გული, მაგრამ წავედი და რაღაც სხვა ვაკეთე. იქიდან ისეთი რამ მივიღე, რისი გემო შეიძლება ვერ გამეგო, აქ რომ ვყოფილიყავი.
 

 

ღმერთმა უნდა მისცეს ადამიანს ძალა, რომ ერთი რამ მაინც გააკეთოს ისეთი, რაც უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდება, ვიდრე მისი ცხოვრება.


-  კონკრეტულად რას გულისხმობთ?

-  მაგალითად, თუნდაც იმას, რომ ჯერ ავიღე და ჩემი უამრავი ფოტო დავახარისხე. მერე ახალი ფოტოები გადავიღე და ერთი პერიოდი ძალიან ვიყავი ამით გატაცებული. სინამდვილეში, ის ფოტოები რამდენად ღირებული იყო საზოგადოებისთვის, ეგ სხვა საკითხია.

-  თუმცა, გამოფენა გქონდათ და პოზიტიური გამოხმაურებებიც წავიკითხე.

-  ორი გამოფენა მქონდა - ჯერ TMS გალერეაში და შემდეგ თეატრში. მერე წავედი და სპექტაკლი დავდგი,  სტუდენტებთან და სკოლის მოსწავლეებთან დავიწყე მუშაობა. ეს ძალიან ბევრს ნიშნავდა ჩემთვის.

-  ერთ-ერთ ინტერვიუში თქვით, რომ მორიდებულმა ხასიათმა ხელი შეგიშალათ, უფრო ახლოს ყოფილიყავით მიხეილ თუმანიშვილთან. ის ხელს გიწვდიდათ, თქვენ კი ვერ პასუხობდით და ამას ნანობთ. ახლა, როდესაც ეს ურთიერთობა დასრულებულია, მაინც როგორ ფიქრობთ, მორიდებული ხასიათი ადამიანის დადებითი მხარეა თუ უარყოფითი?

-  ჩემ შემთხვევაში, ალბათ, უარყოფითი. წრეგადასული არც მოურიდებლობა ვარგა და არც მორიდებულობა. ზომიერებაა მთავარი. ახლა გული მწყდება იმიტომ, რომ მაშინ ვფიქრობდი - უხერხულია, მე არ ვარ ამხელა, ამის ღირსი.

-  სინამდვილეში, რა დაკარგეთ ხასიათის ამ თვისების გამო?

-  აი, ეს დავკარგე, თუნდაც, იმავე თუმანიშვილისნაირ გენიოსთან ურთიერთობის უფრო მეტი ბედნიერი წუთი. რაღაც მომენტში უცებ ვჩერდები და უკან ვიხევ. 
 

 

შეიძლება, რომელიღაც კანონი ზუსტად ის არის, რომელიც უნდა დაარღვიო იმისთვის, რომ თავისუფლება მოიპოვო.

-  ახლაც, როცა ეს ყველაფერი გაცნობიერებულია?

- ახლაც. იმიტომ, რომ ეს არის ჩემი ხასიათი. ერთხელ, მახსოვს, ლილი იოსელიანთან ვარ გაკვეთილზე და რაღაცნაირად ვიუხეშე. ოღონდ, ქალბატონი ლილის მიმართ კი არა, სხვა ადამიანის მიმართ და იმდენად წარმოუდგენელი იყო ეს საქციელი, რომ მერე მე თვითონ კინაღამ გავგიჟდი. ქალბატონმა ლილიმ მითხრა - სხვათა შორის, ეგრე ხდებაო, სადღაც ბალანსი უნდა შედგეს და რაღაც ისეთი უნდა გააკეთო, რაც საერთოდ არ არის შენს ხასიათშიო.  მართლაც, ზოგჯერ შეიძლება არაადეკვატურ სიტუაციაში უცებ ამოხტეს და გამოძვრეს ეს სიუხეშე და არ ჯობია, რომ თავიდანვე სწორად აიღო ის, რაც შენია? არ შეიძლება, არ მოიხადო ორასი ბოდიში იმისთვის, რომ იღებ იმას, რაც გეკუთვნის? 

- გადაცემაში „ბენეფისი“ მონაწილეობისას ერთი რამ თქვით, რამაც ძალიან დამაფიქრა და ველოდებოდი თქვენთან შეხვედრას, რომ ეს მეკითხა. თქვენ თქვით, რომ ქალბატონი ლილი იოსელიანი არის ის ადამიანი, ვისი ძეგლიც უნდა იდგეს თბილისში.

-  მე ვთქვი ეს?

-  ძეგლი რამ გაგახსენათ, ეს მაინტერესებს. მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობა ხომ არ არის იმ ხასიათის, რომელიც ადვილად ექვემდებარება დავიწყებას?

-  ალბათ, კი. ახლა, ამ წუთას არ მახსოვს, ძეგლი რატომ ვახსენე. ალბათ, იმ პერიოდში საზოგადოებაში იყო დისკუსია, ვისი ძეგლი უნდა დაიდგას და ვისი - არა. თვითონ ქალბატონი ლილი არ იყო ასეთი ადამიანი, რომ პედესტალზე დამდგარს ეთქვა - მე ასეთი ვარ და მიყურეთ! ჩუმად აკეთებდა თავის სერიოზულ და დიდ საქმეს. ლილი იოსელიანი იყო ფიგურა, რომელიც საზოგადოებას სჭირდებოდა, როგორც ზნეობრივი ორიენტირი. მხოლოდ ამ თვალსაზრისით შეიძლება ძეგლი ვახსენოთ. და არა ფიზიკური ძეგლი, რომელთანაც მიხვალ და ყვავილს დადებ. 
 

 

არაფრის კეთება საფრთხეა იმისთვის, ვისაც გულში და სულში არაფერი გააჩნია.


-   თუ დაეთანხმებით ფრაზას, რომ ადამიანი იზრდება იმისდა კვალად, თუ როგორ იზრდება მისი მიზნები? ამ მხრივ თქვენზე რას გვეტყვით?

-  ეს ორი მოვლენა ნამდვილად კავშირშია ერთმანეთთან. ახლა ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი წამოიჭრა - თეატრალური ინსტიტუტის დოქტურანტურაში ჩავაბარე სარეჟისორო ფაკულტეტზე და ეს ამ წუთას ზუსტად პასუხობს თქვენს კითხვას.

-  დოქტურანტურა რისთვის გჭირდებათ?

-  მინდა, რომ რეჟისურის  კუთხით აკადემიური ცოდნა მივიღო. სპექტაკლი რომ დავდგი, ცხადია, ჩემი ცოდნა თუმანიშვილისგან მქონდა აღებული. მასთან ურთიერთობა სახელოსნოს პრინციპზე იყო აგებული და შეიძლება, პირდაპირ არ ერქვა გაკვეთილები რეჟისურაში, მაგრამ ერქვა, ვთქვათ, თეატრიდან სახლისკენ ერთად სვლა. და გზაში მუდმივად ცოდნა შემოდიოდა ჩემში. თვითონ გვასწავლიდა, როგორ აგებდა სპექტაკლებს რეჟისორულად და 25 წელი ამ ადამიანის გვერდით გავატარე. ახლა მინდა, ეს პრაქტიკული და ინტუიციური ცოდნა სისტემურ ცოდნად ვაქციო.

-  სანამ ინტერვიუს დავამთავრებთ, ტრადიციულად, მოკლე კომენტარს გთხოვთ ორ ფრაზაზე, რომლებიც ცნობილ ადამიანებს ეკუთვნით. პირველი ციტატის ავტორია მე-18 საუკუნის ფრანგი მეცნიერი ჟორჟ ბუფონი, მაგრამ შემდეგ ეს ფრაზა მცირედი სახეცვლილებით გაიმეორეს კოკო შანელმა და მარინა ცვეტაევამ, ალბათ, სხვებმაც.  „სტილი - ეს ადამიანია“ - აი, ამ ფრაზაზე გთხოვთ კომენტარს.

- არც ვიცი, რა კომენტარი გავაკეთო, გარდა იმისა, რომ ვეთანხმები (იცინის). ეს მართლაც ასეა. ისევე, როგორც ჟანრი. ყველა ადამიანს თავისი ჟანრი აქვს, იმ ჟანრში არსებობს. სტილიც ადამიანის მსოფლმხედველობაა, სამყროს მიმართ დამოკიდებულების გამოხატვის ფორმაა. 

 

თუ არ აპატიე, შენ მძიმდები, წყენის მონა ხდები და თავისუფლებას კარგავ.


-  ჟანრზე არ მიფიქრია, საინტერესოა. შეიძლება, სხვა სტუმრებს ვკითხო,  რომელ ჟანრში ხედავენ საკუთარ ცხოვრებას.

-  ცხოვრება გთავაზობს ყველაფერს. ამ ყველაფრიდან ადამიანი იმას იღებს, რაც მასთან ახლოა და რაც მას სჭირდება. როგორც მცენარე იღებს ნიადაგიდან იმას, რითიც საზრდოობს.

-  მეორე ციტატა არის ფრაზა, რომელიც თქვენ სიტყვა სიტყვით გაიმეორეთ ერთ ინტერვიუში, როგორც თქვენი გამოცდილების ნაწილი. თუმცა, მანამდე ეს ფრაზა თქვა ამერიკის პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ.

-  რას ლაპარაკობთ? (იცინის)

-  ციტატა: „აპატიეთ თქვენს მტრებს, მაგრამ მათ სახელებს ნუ დაივიწყებთ“.

-  მე ცოტა სხვანაირად ვიტყოდი.

-  თქვენ თქვით: „მე ვაპატიე ჩემს მტრებს, მაგრამ მათი სახელები მახსოვს“. რატომ?

-  რატომ და იმიტომ, რომ პატიება აუცილებელია. პატიება შენ გჭირდება. იმასაც სჭირდება, ალბათ, თუ მოვიდა და გთხოვა, მაპატიეო. თუ არ აპატიე, შენ მძიმდები, წყენის მონა ხდები და იმ თავისუფლებას კარგავ, რაზეც ვლაპარაკობდით. შეიძლება ის არ გთხოვს პატიებას და ძალიან გახარებულია, რომ გაწყენინა. მაგრამ შენ მაინც უნდა აპატიო იმისთვის, რომ  გულიდან ტვირთი მოიხსნა.

-  ეს გასაგებია, მაგრამ რატომ უნდა გახსოვდეს?

-  უნდა გახსოვდეს, როგორც გამოცდილება, რომ სხვა შემთხვევაში გაფრთხილდე და შეცდომა აღარ დაუშვა. უნდა გახსოვდეს ადამიანი, რომელმაც გული გატკინა და კიდევ უფრო მეტად უნდა გახსოვდეს მოვლენა, რომელიც შენს მტრად მიგაჩნია. 

ფოტომასალა: ზურაბ ქურციკიძე

გუნდი

ირაკლი გედენიძე

ზურაბ ქურციკიძე

გიო კუსიანი

გიორგი ურუშაძე

თამთა ყუბანეიშვილი

ნანა ყურაშვილი