×
„როგორი განათლებაც გვაქვს, ისე ვცხოვრობთ“

გიორგი გახელაძე

განათლების მკვლევარი


4106

ინტერვიუს შესახებ

გიორგი გახელაძესთან ინტერვიუს ზოგიერთ მონაკვეთს, ვიცი, მკითხველების ნაწილი არ დაეთანხმება. მტკივნეულ თემებზე ვისაუბრეთ და, თან, ეს თემები ბევრ ადამიანს უშუალოდ ეხება. მაგრამ გიორგი განათლების მკვლევარია და უფრო ზოგად სურათს გვიჩვენებს, ვიდრე განათლების სფეროში ჩართული ერთი კონკრეტული ადამიანი ხედავს ხოლმე. 

როგორც წესი, ნებისმიერი პრობლემის განხილვას ადამიანები ამ ფრაზით ამთავრებენ: სანამ განათლების სისტემა არ შეიცვლება, არაფერი გვეშველება. ალბათ, ეს ფრაზა ბევრჯერ მოგისმენიათ და თქვენც ბევრჯერ გითქვამთ. 

გაიცანით გიორგი გახელაძე, რომელიც მხოლოდ სიტუაციას კი არ აღწერს, არამედ, გამოსავალსაც გვთავაზობს. და ეს გამოსავალი სულ ერთ სიტყვაში ეტევა. ოღონდ, „სპოილერისგან“ თავს შევიკავებ და იმ ერთ სიტყვას შესავალშივე არ გაგიმხელთ. 
 

ია ანთაძე

- გიორგი, რამდენად მგრძნობიარე ხარ სხვისი აზრის მიმართ, შენთან დაკავშირებით?

- ძალიან მგრძნობიარე ვარ. მაგრამ ეს ნებისმიერ „სხვაზე“ არ ვრცელდება - ზოგის მიმართ მგრძნობიარე ვარ და ზოგის მიმართ საერთოდ არ ვარ მგრძნობიარე. ყველაზე მეტად, რა თქმა უნდა, ჩემი ოჯახის წევრების აზრები მაინტერესებს, მერე უკვე - ჩემი უახლოესი მეგობრების. 

- რაზეა დამოკიდებული, ზოგადად, ადამიანი რამდენად მგრძნობიარეა სხვისი აზრის მიმართ? 

- ჩემი დაკვირვებაც და კვლევებიც ადასტურებს, რომ ადამიანი მისი ახლობლების მოსაზრებების მიმართ არის მგრძნობიარე. მეტი სიახლოვე მეტ მგრძნობელობას ნიშნავს. შორ  ურთიერთობებში კი ადამიანი ნაკლებად მგრძნობიარე ხდება. თუმცა, პროფესიულ სფეროში ან გართობის სფეროში, შესაძლებელია, იმ ადამიანების მოსაზრებების მიმართაც იყო მგრძნობიარე, ვინც ყველაზე კომპეტენტურად ან ყველაზე ავტორიტეტულად მიგაჩნია. 

- შენი ახალგაზრდობის თბილისში ვინ გაგონდება ძალიან პოპულარული - ქალი ან მამაკაცი - და რატომ იყო პოპულარული?

- ჩემი სტუდენტობა ისეთ პერიოდს დაემთხვა, როდესაც ძალიან პოპულარული იყო მერაბ კოსტავა, ზნეკეთილობის ცოცხალი მაგალითი, რომელსაც, სამწუხაროდ, დღეს იშვიათად იხსენებენ. პოლიტპატიმრები ახლად გათავისუფლებულები იყვნენ, მაშინ გამოდიოდნენ ასპარეზზე და მათ მიმართ დიდი ინტერესი გაჩნდა, არა მხოლოდ ახალგაზრდებს შორის.

- ერთ საჯარო გამოსვლაში განმარტავდი ტრადიციულ და მოდერნულ საზოგადოებებს, ანუ დახურულ და ღია საზოგადოებებს. საკამათო არ არის, რომ საქართველოში ორივე ტიპის საზოგადოება არსებობს, მაგრამ როგორია მათ შორის ბალანსი და როგორ იცვლებოდა ეს ბალანსი ბოლო 30 წლის განმავლობაში - ჩვენი დამოუკიდებლობის პერიოდში?

- მხოლოდ ჩემს პირად დაკვირვებაზე არ ვილაპარაკებ, ეს საკითხი ნაკვლევიც არის. თუმცა, ჩემი პირადი განცდა უფრო სკეპტიკურია.  ჩვენი საზოგადოების ღირებულებების კვლევა და მასზე დაფუძნებული დასკვნები - რომელი ტიპის საზოგადოება ვართ - ადასტურებს, რომ გარდამავალი (ტრანზიციული) საზოგადოება ვართ. მაგრამ ძალიან ნელი ტემპით მივიწევთ წინ, განსაკუთრებით, პოსტსაბჭოთა საზოგადოებებს თუ შევედრებით. 

- რომელს, მაგალითად?

- ბალტიის ქვეყნებს, ან იმავე უკრაინულ საზოგადოებას, რომელმაც, 30 წლის განმავლობაში, უფრო სწრაფი პროგრესი განიცადა, ვიდრე ჩვენ. რა თქმა უნდა, ჩვენც მივდივართ ღია საზოგადოებისკენ, მაგრამ ძალიან ნელი ტემპით, სამწუხაროდ. 

- ფსიქოლოგ გაგა ნიჟარაძესთან მქონდა ინტერვიუ, სადაც კონკრეტულად ვილაპარაკეთ ღია საზოგადოების ნიშნებზე - ქვეყანა რამდენად განვითარდა ამა თუ იმ მიმართულებით. მთლიანობაში, ცუდი სურათი არ იყო იმ თვალსაზრისით, რომ მაინც ყველა ნიშნით წინ ვართ, ვიდრე ვიყავით. 

- სხვადასხვა მახასიათებლის მექანიკური შეჯამებით შეიძლება აღმოჩნდეს, რომ სწორ გზაზე ვდგავართ და კარგი სიჩქარით ვმოგზაურობთ. მაგრამ ამ მახასიათებლებს შორისაც არის მთავარი და მეორეხარისხოვანი. ვფიქრობ, რომ თაობათა ცვლის პირობებშიც კი, ძალიან ძნელად გამოვდივართ მონობის დაფასებიდან და ძნელად გადავდივართ თავისუფლების დაფასებაზე. სხვაგვარად რომ ვთქვა: ჩვენ, საზოგადოების უმეტეს ნაწილს, მათ შორის, ახალგაზრდების ნაწილსაც, ტვინი ჯერ კიდევ იმგვარად გვაქვს მოწყობილი, რომ ერთმმართველს და პატრონს ვეძებთ. უმეტეს შემთხვევაში, თვითმპყრობელობა გვირჩევნია თვითმოქმედებას და თვითმმართველობას. ეს მხოლოდ სახელმწიფოს პოლიტიკურ მოწყობას არ ეხება; ყოფით ცხოვრებაში, ნებისმიერ სოციალურ სტრუქტურაში, სამწუხაროდ, ეს არის მთავარი მუხრუჭი. 

- პოლიტიკური პროცესი და საზოგადოების ნება რა გავლენას ახდენს ერთმანეთზე? ხელისუფლება ჯერ სამოქალაქო ომით შევცვალეთ, მერე მშვიდობიანი რევოლუციით, შემდეგ არჩევნებით და, ბოლოს, მესამე ვადით ავირჩიეთ არსებული ხელისუფლება (ანუ ვეღარ შევცვალეთ ორ ვადაში). ეს პროცესი როგორ ასახავს საზოგადოების განვითარებას? 

- პირველ შემთხვევაში, მომხრე ვარ, გამოვიყენოთ არა ტერმინი „სამოქალაქო ომი“, არამედ, „სამხედრო გადატრიალება“. 

- კი ბატონო. ოღონდ, ესეც ნიშანდობლივია, რომ ჯერ კიდევ ვერ შევთანხმებულვართ, რა დავარქვათ იმას, რაც 1991-1992 წლების მიჯნაზე მოხდა: სამოქალაქო ომი, თბილისის ომი, სამხედრო გადატრიალება, თუ რაიმე სხვა. 

- „თბილისის ომი“ ხატოვნად შეიძლება დავარქვათ. სამწუხაროდ, ვიცით, რომ დაპირისპირება თბილისის ფარგლებს შორს გასცდა. რაც შეეხება საზოგადოების ნებას და პოლიტიკურ პროცესს, ამაზე უამრავი ადამიანი მსჯელობს. მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკურ პროცესს საზოგადოების მზაობა განაპირობებს. სხვა საქმეა, როგორ საზოგადოებად ვყალიბდებით. სამხედრო გადატრიალება, როგორც წესი, მცირერიცხოვანი ადამიანების ძალისმიერი ამბოხია. მაგრამ როდესაც ამას უშვებ, როდესაც ამას ეგუები, აშკარაა საზოგადოების უნებობა და მოუმწიფებლობა. 

- ახლა საით მიდის საზოგადოების ნება? ზოგად ტენდენციას როგორ ხედავ?

- რაღაც მიმართულებით პროგრესი არის იმიტომ, რომ ჩვენი საზოგადოება უფრო და უფრო მეტად აფასებს კეთილდღეობას, სტაბილურობას და ამისკენ ისწრაფვის. მაგრამ, რაც უკვე ვთქვი, ეს იმ პოლიტიკური პროცესის და საზოგადოების ნების ნაწილია, როდესაც თვითმოქმედებას და თვითმმართველობას ვარჩიეთ თვითმპყრობელობა და ერთმმართველობა. პოლიტიკურ პროცესში ეს არჩევნებით მოხდა, ესე იგი, ეს მოხდა საზოგადოების ნებით. ჩვენ ძნელად ვვითარდებით კრიტიკული აზროვნების თვალსაზრისით, რაც არის მოდერნული საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი როგორც კოლექტიურ, ისე ინდივიდუალურ დონეზე. 

- მაშინ, უფრო ზოგადად ვთქვათ: რა ხარკის გაღება უწევს საზოგადოებას იმის გამო, რომ ქვეყანაში განათლების საერთო დონე არის ისეთი, როგორიც არის?

- ჩვენ ბევრად მეტ დროს და ფულს ვხარჯავთ წარმატებული ცხოვრებისთვის საჭირო განათლების მისაღებად, ვიდრე ნორმალური განათლების სისტემის პირობებში დავხარჯავდით. თანაც, ვფერხდებით განვითარებაში და ძნელად ვაღწევთ მიზანს: გვყავდეს თვითმოქმედი პიროვნება და გვქონდეს თვითმმართველი საზოგადოება. აი, ამ ხარკს ვიხდით. სინამდვილეში, ხარკს ვიხდით სიღარიბით, ხარკს ვიხდით ჩვენი დამცრობილი დამოუკიდებლობით როგორც პიროვნებების, ისე ქვეყნის მასშტაბით. 

 

 

„უმეტეს შემთხვევაში, ეს არის არა სწავლა, არამედ - გავლა“.

 

 

- ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის - გიორგი ქადაგიძის ლექციის ჩანაწერს მოვუსმინე, სადაც ამბობს, რომ საქართველოში დაუსაქმებლობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გვაქვს 20-29 წლის ასაკის ადამიანებში, თუმცა, ყოველწლიურად სხვადასხვა უნივერსიტეტს 40 000 ახალგაზრდა ამთავრებს. ეს მონაცემები რით აიხსნება? კვალიფიკაციის პრობლემაა? თითქოს, უცნაური მონაცემებია. 

- სამწუხაროდ, არ არის უცნაური. ამ ახალგაზრდებმა განათლება მიიღეს დამოუკიდებელ საქართველოში, თან, იმ პერიოდში, როცა მიერთებული ვართ ბოლონიის პროცესს. ეს ნიშნავს, რომ, თითქოს, უმაღლესი განათლების უკეთესი სისტემა გვაქვს. მაგრამ ვინ ასწავლის ამ ახალგაზრდებს? უმეტესწილად, ასწავლიან  - კი არ ასწავლიან, სამწუხაროდ, იშვიათ შემთხვევებში ასწავლიან და სწავლობენ; უმეტეს შემთხვევაში, ეს არის არა სწავლა, არამედ - „გავლა“. რაიმე შინაარსთან დაკავშირებით რომ ჰკითხავ ახალგაზრდას: აბა, რა იცი ამ შინაარსზე? გეტყვის: „მე ეს გავიარე“. ამას სკოლის მოსწავლეც გეუბნება, სტუდენტიც და, რაც ყველაზე ნიშანდობლივია, ამას გეუბნება პროფესორ-მასწავლებელიც. რასაც „გადიან“ და არ სწავლობენ, ეს შესაბამისად აისახება მათ კვალიფიკაციაზე. თანაც, ჩვენი ბაზარი არ არის თავისუფალი. ჩვენთან კერძო საკუთრება ვერ გახდა დომინანტური. უამრავი რამ ჯერ კიდევ სახელმწიფოს საკუთრებაა და კერძო სექტორიც, ჩვენი საზოგადოებრივი მოწყობის გამო, უფრო ფავორიტისტულ-ნეპოტისტურია. რომ შევაჯამოთ, ერთი მხრივ, ახალგაზრდებს კვალიფიკაცია აკლიათ იმიტომ, რომ, ხშირ შემთხვევაში, მათ ცუდად ასწავლეს; მაგრამ ვინც კარგად ისწავლა და უფრო ენერგიულიც არის, რომელ შრომის ბაზარზე უნდა იპოვოს ადგილი? - იქ, სადაც ჯერ კიდევ ჩვენი თაობის ადამიანები, „ჰომო სოვეტიკუსები“ არიან ჩაფრენილები თითოეულ სამუშაო ადგილს. საკმარისად ვერ ვაწარმოებთ ახალ სამუშაო ადგილებს, სადაც ახალგაზრდებს დავიმატებდით და არც ის გვემეტება, რომ ჩვენი თავი ახალგაზრდებით ჩავინაცვლოთ. ანუ ახალგაზრდებს ვრიყავთ როგორც სწავლით, ისე დასაქმების ბაზრის თაობებრივი ოკუპაციით. 

- რა პროცესიც ახლა აღწერე, მე მგონი, ეს პროცესი ყველაზე თვალსაჩინოდ ჩანს საჯარო სკოლებში, კადრების ცვლასთან დაკავშირებით. 

- რა თქმა უნდა. სკოლაში მასწავლებლების საშუალო ასაკი კვლავ იმატებს და პროფესია კვლავ განუხრელად „ბერდება“. ბოლო 15 წლის განმავლობაში, მზარდია იმ ახალგაზრდა მასწავლებლების რაოდენობა, რომლებსაც უნდათ, სკოლაში იმუშაონ. მაგრამ, უმეტეს შემთხვევაში, როტაცია არ ხდება. ეს ხელს უშლის სკოლაში ახალი ცოდნის და ხედვების შეტანას, სკოლის გამოცდილების გამდიდრებას.

- თუკი სკოლებში ვერ შედიან, საიდან ვიცით, რომ იმატა იმ ახალგაზრდების რაოდენობამ, ვისაც სკოლაში მუშაობის დაწყება უნდა?

- იქიდან ვიცით, რომ იმატა იმ ახალგაზრდების რაოდენობამ, რომლებიც უმაღლესში სწავლობენ მასწავლებლის პროფესიას. რაოდენობრივად ნამდვილად იმატა, მაგრამ თვისობრივად დიდად არ შეცვლილა ის ახალგაზრდობა, ვინც მასწავლებლობას აპირებს.

- ეს რას ნიშნავს?

- ეს იმას ნიშნავს, რომ შესაბამის პროგრამებზე, უმეტეს შემთხვევაში, დაბალი აკადემიური მოსწრების აბიტურიენტები მოდიან. ამ ფენომენს ჩვენ უკვე მრავალი ათეული წელია, ვიცნობთ - პედინსტიტუტებიდან მოსულ მასწავლებლებს. ის, რომ სკოლაში ვერ შედის გამორჩეული ახალგაზრდების თუნდაც მცირე ნაწილი, სისტემის მოწყობა-მართვის პრობლემაა. დღეს, უმეტეს შემთხვევაში, სკოლებში ისევ იმ ავად სახსენებელი „ნუცას სკოლის“ კურსდამთავრებულები ასწავლიან. 

- ანუ?

- პედინსტიტუტების. „ნუცას სკოლას“ რას ვეძახდით? ის კურსდამთავრებულები 1990-იან წლებში ძალიან ზერელედ ვითომ გადაამზადეს. სინამდვილეში, მათთვის სკოლა სოციალურ თავშესაფრად იქცა. საჯარო სკოლების ფართო ქსელს, იქ დასაქმებული ადამიანებით, მთლიანად ფლობს სახელმწიფო. სკოლების მხოლოდ სახელწოდება შეიცვალა, სამწუხაროდ - ესენი არიან სახელმწიფო სკოლები და არა საჯარო სკოლები. თავის საკუთრებიანად, თავის მმართველობიანად, თავის კონტროლ-ზედამხედველობიანად, ყველა ფუნქცია ცენტრალურ ხელისუფლებაშია თავმოყრილი. შესაბამისად, ცენტრალური ხელისუფლების ყოველი კონკრეტული შემადგენლობა ამ სისტემას განიხილავს არა როგორც სწავლა-განათლების ადგილებს, არა როგორც თავისუფალი ადამიანების აღზრდის ცენტრებს, არამედ, როგორც საკუთარ ადმინისტრაციულ რესურსს. 

- შენ თქვი, რომ დღეს სასკოლო სისტემა ცენტრალურ ხელისუფლებას ეკუთვნის. ამის ალტერნატივა რა უნდა იყოს? როგორც ვხვდები, კერძო სკოლებს არ გულისხმობ. 

- არა, მხოლოდ კერძო სკოლებს ნამდვილად არ ვგულისხმობ. თუმცა, კერძო სკოლების სიმრავლე და არჩევანი განათლების ხარისხს აუმჯობესებს. ყველაზე ნაყოფიერი, წარმატებული საგანმანათლებლო სისტემები ის სისტემებია, სადაც საჯარო სავალდებულო განათლება ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშია. ეს არის ალტერნატივა და არა კერძო სკოლები. მაგრამ ეს ცვლილება თავისთავად გულისხმობს ადგილობრივი თვითმმართველობის მასშტაბურ რეფორმას. მარტო სკოლების გადაცემით არაფერი გამოვა. 

- 1990-იან წლებში მე თვითონ ვასწავლიდი ე.წ. „გერმანულ სკოლაში“, რომელიც მასწავლებლებს დიდ აკადემიურ და პიროვნულ თავისუფლებას გვაძლევდა, სწავლების პროცესში. მოვისმინე, შენ ამბობდი, რომ 90-იანი წლები ექსპერიმენტების ფანჯარა იყო, ერთი მხრივ, საბჭოთა სკოლასა და, მეორე მხრივ, დღევანდელ სუპერცენტრალიზებულ სკოლას შორის. საკმაოდ წარმატებული ექსპერიმენტების შემდეგ, რატომ მოხდა სასკოლო სისტემის ხელახალი ცენტრალიზაცია? 

- საზოგადოება და ცხოვრება ისეთი გვაქვს, როგორიც გვაქვს განათლება - ამის არათუ მწამს, არამედ, ზუსტად ვიცი, რომ ასეა. 1990-იანი წლების დასაწყისში გაიხსნა ფანჯარა, სადაც, საბჭოთა სისტემისგან განსხვავებით, აღმოცენდა და განვითარდა არამარტო ე.წ. „გერმანული სკოლა“ (რომლის ნაწილი მეც ვიყავი), არამედ სხვა სკოლებიც. მაშინ განათლებაში მრავალფეროვნების გემო გასინჯა საზოგადოებამ, მაგრამ, სინამდვილეში, საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილმა. როგორ ვიცხოვროთ დამოუკიდებლად? რას ნიშნავს საზოგადოებრივი ცხოვრების ახლებურად მოწყობა? ამას ჩვენი საზოგადოება დაეჯახა და ხელის ცეცებით დაიწყო სიახლეების ძიება. მაგრამ ცოდნით და გაბედულებით მაძიებლები ცოტანი არიან ხოლმე. მათი ძიების შედეგები მერე ან ვრცელდება მთელ საზოგადოებაზე, ან არა. შენ მეკითხები, რატომ ვერ გავრცელდა სასკოლო თავისუფლება. იმიტომ, რომ საზოგადოების იმ ნაწილმა, რომელსაც არ ჰქონდა ნაგემი ავტონომიურობისა და თავისუფლების სიკეთე, მაინც არჩია, რომ განათლების სისტემას ერთი პატრონი ჰყოლოდა და მმართველობა ცენტრალიზებული ყოფილიყო. სინამდვილეში, ეს არჩევანი არა მხოლოდ განათლების სისტემას, არამედ მთელ პოლიტიკურ პროცესს და ქვეყნის მოწყობას ეხებოდა.

- გამოდის, ნაკლები თავისუფლება საზოგადოების დაკვეთა იყო? 

- რა თქმა უნდა, საზოგადოების დაკვეთა იყო. პირდაპირ ამას არავინ ამბობდა, მაგრამ იყო მოთხოვნა, რომ სისტემას გამოუჩნდეს პატრონი. ზუსტად იმ პერიოდში მახინჯად ვითარდებოდა კერძო უმაღლესი სასწავლებლები. ახალ სასწავლებლებს შორის საუკეთესოებიც იყო, როგორიც, მაგალითად, „იესემი“ (ESM), მაგრამ იყო (როგორც მაშინ ეძახდნენ) „სადარბაზოს უნივერსიტეტებიც“. საზოგადოებრივი აზრის დომინანტი „იესემით“ აღფრთოვანება კი არ აღმოჩნდა, არამედ, „სადარბაზოს უნივერსიტეტებით“ აღშფოთება და მოთხოვნა, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში არსებულ მექრთამეობას ბოლო მოღებოდა, ანუ, ჯამურად - სისტემას პატრონი გამოსჩენოდა. და გამოუჩნდა კიდეც. ჩვენ ამას დღემდე ვეგუებით. 

 

 

„ზუსტად ეს იყო საზოგადოების მოთხოვნა, რომ ვიღაცას უმაღლესი სასწავლებლები გაეკონტროლებინა.“

 

 

- სწორედ გავრცელებული მექრთამეობის დასაძლევად დაინერგა დიდი სიახლე განათლების სისტემაში - ერთიანი ეროვნული გამოცდები. მაგრამ ვნახე, შენ ამბობდი, რომ ვიდრე ერთიანი ეროვნული გამოცდები დაწესდებოდა, აბიტურიენტების ოჯახების მიერ ჯამურად გადახდილი თანხა (მომზადების  და ქრთამის სახით) იყო წელიწადში 21 მილიონი ლარი და ახლა 80-90 მილიონი ლარიაო. ეს ქრთამი არ არის, მაგრამ თვალნათლივ აჩვენებს, რამხელა უფსკრულია სკოლის ცოდნასა და იმ ცოდნას შორის, რაც უნივერსიტეტში მოსახვედრად არის საჭირო. რა მოხდა? რა კუთხით არ გაამართლა მისაღები გამოცდების რეფორმამ? 

- ერთიანი ეროვნული გამოცდები წმინდა მმართველობით-მენეჯერული გადაწყვეტილება იყო, რომელსაც  თავისი დანიშნულება ჰქონდა. ეს იყო სწორი საზოგადოებრივი დაკვეთა. 2004 წლამდე გაბატონებული მექრთამეობა და უმაღლეს სასწავლებელში მოსაწყობად დახარჯული 21 მილიონი ლარი წელიწადში, რაღაცით უნდა შეცვლილიყო, თანაც, სასწრაფოდ. საზოგადოების მხრიდან მოთხოვნილ ცვლილებათა დღის წესრიგში ეს ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი იყო და სწრაფ რეაგირებას ითხოვდა. შესაბამისად, სწრაფი რეაგირების სხვადასხვა ალტერნატივიდან, ეს მოდელი შეირჩა. დიდი დაკვირვება არ სჭირდება, რომ თავად დასახელება - ერთიანი ეროვნული გამოცდები - მიგვითითებს ცენტრალიზებაზე. ზუსტად ეს იყო საზოგადოების მოთხოვნა, რომ ვიღაცას უმაღლესი სასწავლებლები გაეკონტროლებინა. თუმცა, ადამიანები, რომლებიც ამ რეფორმას ატარებდნენ, თავისი ლიბერალური მსოფლმხედველობიდან გამომდინარე, დარწმუნებულები იყვნენ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები დროებითი გადაწყვეტილება იყო. ერთიან გამოცდებს უნდა ემოქმედა მანამ, სანამ უმაღლესი განათლების სისტემაში შესაბამისი ფუნდამენტური ცვლილებები გატარდებოდა. ერთ-ერთი ფუნდამენტური ცვლილება უნდა ყოფილიყო უნივერსიტეტებში სწავლა-განათლების ხარისხის მართვის სისტემის აწყობა, რაც ყველაზე თვალსაჩინოდ ვლინდება ხოლმე აკრედიტაციით. 2008 წელს უნივერსიტეტების აკრედიტაციის პირველი ეტაპი უნდა დასრულებულიყო და დაწყებულიყო პროგრამული, ანუ შინაარსობრივი აკრედიტაცია. ამის შემდეგ, უნივერსიტეტები საკუთარ ხელში აიღებდნენ მართვის სადავეებს და ერთიანი ეროვნული გამოცდები გაუქმდებოდა. მაგრამ, სინამდვილეში, სადავე, რომელიც ხელში ჩაიგდო მთავრობამ, ხელიდან აღარ გაუშვა. 

- გულისხმობ, რომ ხელიდან აღარ გაუშვა უნივერსიტეტების აკრედიტაციის შემდეგ?

- დიახ, აკრედიტაცია ჩატარდა და ახლაც ტარდება. შესაბამისად, უცნაური ამბავი გვაქვს: მთავრობა და განათლების სისტემა უმაღლეს სასწავლებლებს აძლევს ნებართვას, რომ განახორციელონ სასწავლო-საგანმანათლებლო პროცესი, უღიარებს მათ სწავლა-განათლების ხარისხს, უღიარებს დიპლომებს, მაგრამ არ ანდობს სტუდენტების მიღებას. პარადოქსია! უმაღლესი სასწავლებლებიც სუსტები აღმოჩნდნენ. უნარიც დაკარგეს, რომ საკუთარ თავზე აიღონ ეს საქმე. „აგერ, აკეთებს მთავრობა და მე თავი რაზე შევიწუხო?!“ - ეს არის მათი მიდგომა.

- მაგრამ ამდენი ფული რატომ გადის აბიტურიენტების ოჯახებიდან უნივერსიტეტებში ჩასაბარებლად?

- 2005-2008 წლებში 21 მილიონი ნულამდე დავიდა. ეს მოსალოდნელიც იყო, როგორც ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი ეფექტი. მერე და მერე დაიწყო ზრდა ამ მონაცემმა. არ იყო სიურპრიზი, რომ თუ გამოცდების ერთიანი სისტემა შენარჩუნდებოდა, აუცილებლად გააჩენდა ჩრდილოვან-ფარულ დანახარჯებს უმაღლესში მოსაწყობად. რატომ? იმიტომ, რომ არიან კონკრეტული ადამიანები, რომლებიც ამზადებენ და ატარებენ ამ გამოცდებს. გაჩნდა საზოგადოების მოთხოვნა, რომ, აბა, უკეთესი შედეგისთვის, მოდი, ვიპოვოთ გამსწორებელი თუ ტესტის შემდგენი და მას მოველაპარაკოთ ბავშვის მომზადებაზე. 

- ეს თანხა - წელიწადში 80-90 მილიონი ლარი - თავიდან ბოლომდე რეპეტიტორებთან მიდის?

- დიახ. 

- ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მოთხოვნილი ცოდნა არ ემთხვევა იმ ცოდნას, რასაც სკოლა აძლევს მოსწავლეს? ვისი და რისი ბრალია, რომ არსებული და მოთხოვნილი ცოდნა ერთმანეთს არ ემთხვევა? 

- მმართველობის ბრალია. 

- ერთიანი მმართველობის პირობებში, ზუსტად ცოდნის აცდენის პრობლემა არ უნდა მოხსნილიყო?

- ერთიანი ეროვნული გამოცდების მოთხოვნებს ქმნიან ადამიანები, რომლებიც საგამოცდო ცენტრში მუშაობენ. ისინი დაცილებულები არიან არამარტო სკოლას, არამედ, უმაღლეს სასწავლებლებსაც. მათი მოთხოვნები არ ითვალისწინებს არც სასკოლო განათლების ხარისხს და არც უმაღლესის საჭიროებებს. ცალკეა, თავისთვის არის. შინაარსობრივი კონტროლი კი არ იქნება მანამ, სანამ ცენტრი სამინისტროს მმართველობის ქოლგის ქვეშ არის და სანამ ლოიალურია. 

- მაგრამ მათ ხომ არ შეუძლიათ, რომ ფორმალურად გასცდნენ იმ საზღვრებს, რასაც სასკოლო პროგრამები აწესებს? ჩემი ხედვით, პრობლემა ის არის, რომ თვითონ სკოლა ვერ ეწევა თავის პროგრამებს. სკოლა არ არის ხარისხიანი ცოდნის გაცემის და მიღების ადგილი. 

- ამაში მართალი ხარ. ფორმალურად ისინი ეროვნული სასწავლო გეგმის ჩარჩოებში სხედან, როდესაც თავიანთ საგამოცდო მოთხოვნებს აყალიბებენ. ფორმალურად, სკოლებიც ამავე ჩარჩოში მოქმედებენ. სკოლებში სწავლა-განათლებით დაინტერესებული მხარე, სინამდვილეში, ბავშვი და მშობელია. რა თქმა უნდა, ყველაზე არ ვრცელდება, რასაც ვამბობ, მაგრამ მასწავლებლების, დირექტორების, რესურსცენტრების და მთელი ბიუროკრატიული აპარატის მთავარი მოტივი არ არის, რომ სკოლაში კარგი სწავლა-განათლება იყოს. განათლების სამინისტროს შენობაში, უზნაძის N52-ში წყდება, 2200-მდე საჯარო სკოლაში ვინ, რა და როგორ უნდა ისწავლოს. საკლასო ოთახში დატოვებული გვყავს „ზაბლონა მასწავლებლები“, რომლებიც ფორმალურ ეროვნულ სასწავლო გეგმას შინაარსიან განათლებად ვერ აქცევენ. მონდომებული და ჭკვიანი მასწავლებელიც კი იმდენად შებორკილია სამინისტროს სხვადასხვა მოთხოვნით, იმდენად დაუფასებელია, რომ, ზოგ შემთხვევაში, არც უღირს, კარგად ასწავლოს. 

- მძიმე სურათი დახატე, მაგრამ მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის PISA-ს ბოლო კვლევის მიხედვით (2018), 15 წლის ახალგაზრდებს საქართველოში სავალალო შედეგები აქვთ წაკითხულის გააზრებაში (70-ე ადგილი 77 ქვეყანას შორის) მათემატიკასა (66/78) და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში (73/78). ეს თვალსაჩინოდ ადასტურებს, რომ სკოლა არ არის ის ადგილი, სადაც ხარისხიანი ცოდნის გადაცემა ხდება. როგორ ფიქრობ, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სკოლა აძლევდეს იმ ცოდნას, რაც საკმარისი იქნება ნორმალურ უნივერსიტეტში მოსახვედრად?

- ეს ხედვა - რომ სკოლა არის უმაღლესისთვის გადადგმული ნაბიჯი და სხვა არაფერი - ჩვენ გვანგრევს. 

- რატომ?

 
ნებისმიერი სასწავლებელი, ნებისმიერი განათლება ნორმალურ საზოგადოებაში, თავისთავად არის ღირებული.

ამ მიდგომით, რომ სკოლა უნდა „გავიარო“ და უმაღლესში მოვხვდე, სასკოლო განათლებას საკუთარ ავტონომიურ საგანმანათლებლო ღირებულებას ვუკარგავთ. ამით სკოლადამთავრებული ადამიანის, ანუ ჩვენი საზოგადოების წევრის ღირებულებას ვამცირებთ, საკუთარ შვილებს ვამცირებთ. მაგრამ ამას რა უშველის? მხოლოდ და მხოლოდ დეცენტრალიზაცია; მათ შორის, სკოლის მონდომებული, წარმატებული კურსდამთავრებულების უფრო იოლად გადანაცვლება უმაღლეს სასწავლებლებში.  

 

 

„დიახ, უნივერსიტეტი თავად უნდა განსაზღვრავდეს, ვინ გახდება მისი სტუდენტი.“

 

 

- ნიშნავს თუ არა ეს, რომ თვითონ უნივერსიტეტებმა უნდა განსაზღვრონ, რა არის მათი მომავალი სტუდენტებისთვის კარგი სასკოლო განათლება? 

კერძო უნივერსიტეტებს თუ არ ჩავთვლით, უმაღლეს განათლებაშიც ძალიან არის შეჭრილი სამინისტროს ძალაუფლება. უნივერსიტეტის აკადემიური თავისუფლება მკვეთრად შეზღუდულია, სამწუხაროდ. დიახ, უნივერსიტეტი თავად უნდა განსაზღვრავდეს, ვინ გახდება მისი სტუდენტი. და ეს მოთხოვნები სხვადასხვა უნივერსიტეტისთვის ერთნაირი ვერ იქნება. შემდეგ უნივერსიტეტების მოთხოვნებს სკოლა გაითვალისწინებს, თავისი სასწავლო გეგმების შედგენისას. მაგრამ, გადამწყვეტი ის არის, რომ თითოეული სკოლა, პირველ რიგში, საკუთარი სასკოლო საზოგადოების საჭიროებებს უნდა ითვალისწინებდეს.

- სკოლების დეცენტრალიზაცია განათლების ხარისხს პირდაპირ როგორ მიებმება? 

- განათლების ხარისხს განაპირობებს ის, თუ რამდენად პასუხობს განათლება სწავლების საჭიროებებს, ინტერესებსა და მისწრაფებებს.  არ არსებობს სწავლების ხარისხის სხვა, გარე მახასიათებელი. ნებისმიერი სასწავლებელი - სკოლა, ბაღი, სახელობო სახელოსნო თუ უნივერსიტეტი, რაც მეტად დამოუკიდებელი იქნება ადმინისტრაციულ-ფინანსურად და აკადემიურად, მით უფრო ახლოს მივა იმ საზოგადოებასთან, რომელსაც ემსახურება; რომლის წინაშეც არის ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელი. 

- კონკურენციაც ხომ მეტი იქნება? 

- ბევრად უფრო ჯანსაღი იქნება კონკურენციაც. PISA-ს სპეციალურ ანგარიშებში ჩანს, რომ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს - როგორც ქვეყნებს შორის შედარებისას, ისე ქვეყნებს შიგნითაც - აღწევენ მეტი ავტონომიურობისა და მეტი ანგარიშვალდებულების სკოლები. თუ ან ავტონომიურობა, ან გამჭვირვალება მოიკოჭლებს, ასეთი სკოლები ვერ არიან საუკეთესოთა შორის. საქართველოში სულ ორი ტიპის სასწავლებელი გვაქვს - სახელმწიფო და კერძო-პრივატული. რასაც ჰქვია საჯარო, საზოგადო, სათემო - რაც ყველაზე მრავალრიცხოვანია მთელ განვითარებულ სამყაროში, ჩვენ არ გვაქვს. შარშან გამოქვეყნდა კვლევა - განათლების არჩევანის ინდექსი - რომელსაც ხუთ წელიწადში ერთხელ ატარებს ფრიდმანის ინსტიტუტი (აშშ). 2021 წელს იყო მორიგი რაუნდი, რომელმაც თვალსაჩინოდ დაადასტურა, რომ ამერიკის იმ შტატებში, სადაც განათლების არჩევანის მეტი თავისუფლება აქვთ ადამიანებს, განათლების ხარისხი უფრო მაღალია. ყველაფერი რომ შევაჯამოთ, უკეთესი განათლებისთვის აუცილებელია მეტი არჩევანი, მეტი ავტონომიურობა და მეტი ანგარიშვალდებულება. 

- სამოქალაქო უფლებების მოძრაობის ლიდერს ამერიკაში - მარტინ ლუთერ კინგს უთქვამს: „ინტელექტს პლუს ხასიათი - აი, ნამდვილი განათლების მიზანი“-ო. როგორი ხასიათი შეიძლება იყოს განათლების მიზანი? და, საერთოდ, ჩვენთან თუ არის განათლების მიზანი - ხასიათი?

- სიტყვა „ხასიათი“, რომელიც ბევრ რამეს მოიცავს, პირველ რიგში, ღირებულებათა ერთობას გამოხატავს. დღეს არის თუ არა ჩვენი განათლების მიზანი ხასიათზე ზრუნვა? ხშირად გაიგონებ, რომ აღზრდა სკოლიდან გაქრა. არა, არაფერიც არ გამქრალა! მაგრამ მიზანი სხვადასხვანაირი ხასიათის აღზრდა შეიძლება იყოს. ჩვენთან მიზანი მორჩილი მოქალაქის აღზრდაა. კარგი განათლების მიზანი კი თავისუფლების სიყვარულია. კარგ განათლებაში ინტელექტსა და თავისუფალ, თვითმოქმედ ხასიათს შორის ხიდი კრიტიკული აზროვნებაა, რა მხრივაც, როგორც ვთქვი, ჩვენ ძალიან ნელა ვვითარდებით. 

- შენ ადრე ამბობდი, რომ საბჭოთა სასკოლო სისტემა „შემსრულებელს“ ზრდიდა. გამოდის, ბევრი არაფერი შეცვლილა?

- მაგ თვალსაზრისით, ნამდვილად ბევრი არაფერია შეცვლილი. 

 
როდის შეიძლება ვილაპარაკოთ, რომ განათლება შედეგიანია? რაღაც ეტაპზე არის შედეგიანი. რაც უფრო თვითმოქმედია ადამიანი. თვითმოქმედი - გონიერი და ნებიანი.

 

- მიზნების და შესაძლებლობების ბალანსი დაკავშირებულია თუ არა განათლებასთან? მაგალითად, შენს შვილებს როგორ ასწავლი იმას, რომ წარმატების საფუძველი მიზნებისა და შესაძლებლობების ბალანსია? სოციოლოგები ამბობენ, ბავშვის მიზნების თამასა ხშირად იმის მიხედვით განისაზღვრება, რა გარემოშიც ცხოვრობსო. 

- არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას. თუ ბავშვს გარემოცვა ასწავლის თავისუფლებას - და ამ გარემოცვაში მასწავლებლებიც შედიან - მაშინ იზრდება იმის ალბათობა, რომ ნებისმიერ გარემოში გაზრდილ ბავშვს, თუნდაც, კოსმონავტობა მოუნდეს. ეს არ არის აბსოლუტური დასკვნა, რომ მიზნებს მხოლოდ არსებული შესაძლებლობები განაპირობებს. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ადამიანისთვის მნიშვნელოვანია წონასწორობა საკუთარ მიზნებსა და შესაძლებლობებს შორის. ამის სწავლება კარგი განათლების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია. 

- შენ კმაყოფილი ხარ, შენი შვილები როგორ აწონასწორებენ თავის მიზნებსა და შესაძლებლობებს? 

- არ ვარ კმაყოფილი. თანაც, ამ თვალსაზრისით, სხვადასხვანაირები არიან. მაგალითად, ერთ ქალიშვილთან დაკავშირებით ვცდილობ (და კარგად არ გამომდის), რომ მიზნების თამასა უფრო მაღალი ჰქონდეს იმიტომ, რომ თავისი შესაძლებლობების დანახვა უჭირს. ჩემი გადასახედიდან, არსებული მდგომარეობით არ ვარ კმაყოფილი, როგორც მშობელი. მეორე ქალიშვილთან მიმართებაში, ჩემი აზრით, წონასწორობა დარღვეულია იმ მხრივ, რომ შესაძლებლობები მაღალი და მრავალფეროვანი აქვს, მაგრამ მიზნები სწრაფად ეცვლება.

- „თავისუფლების დღიურში“ დაწერე: „რასაც ვაკეთებ და რაც მგონია, რომ სასარგებლოა, საბოლოო ჯამში, ყველაფერი ძალიან კონკრეტულ ადამიანებზე უნდა აისახოს - პირველ რიგში, ჩემს შვილებზე.“ ამ მხრივ თუ ხარ კმაყოფილი, შენს შვილებზე როგორ აისახება ის, რასაც აკეთებ?

- მანდ ჩემი მიზნების და შესაძლებლობების წონასწორობა ვიღაცამ შეიძლება დამიწუნოს იმიტომ, რომ მიზნები უფრო მაღალია, ვიდრე ჩემი დღევანდელი შესაძლებლობები. ჩემი მიზანია, რომ ჩემი შვილები, ისევე, როგორც სხვა შვილები, იყვნენ (ამ სიტყვას კიდევ ვიმეორებ) თვითმოქმედი ადამიანები, რომლებიც უფრო იოლად მოიპოვებენ თავისუფლებას და, შესაბამისად, ბედნიერებას. ეს მინდა, დავინახო. ეს მინდა, რომ ისწავლონ ჩემი დახმარებით და სხვების დახმარებით. 

- დაბრკოლებას რა ქმნის?

- თავისუფლების ბევრ განმარტებას ვნახავთ და ერთ-ერთი ყველაზე სწორი განმარტების მიხედვით: „თავისუფლება არის საკუთარი სურვილების ასრულების შესაძლებლობა.“ რომელიმე სიტყვას თუ ამოვაგდებთ, თავისუფლება ვერ შედგება. ყველაფერი იწყება საკუთარი სურვილებისგან. ჩემი სურვილებისგან კი არა, საკუთარი სურვილებისგან. საკუთარი სურვილების ჩამოყალიბებაში, ჩემი აზრით, ჯერჯერობით ცოტა მოიკოჭლებენ ჩემი შვილები. თვითონ რომ ჰკითხო, ალბათ, არ დამეთანხმებიან. 

 

 

„საკუთარი სურვილების ასრულების შესაძლებლობა არის თავისუფლება.“

 

 

- შენი მეუღლე - ირმა მალაციძე - საბავშვო მწერალია. როცა ოჯახში საბავშვო მწერალი ცხოვრობს, ეს როგორ ცვლის ოჯახის სახეს და შინაარსს? რას ნიშნავს, როცა ოჯახში საბავშვო მწერალი ცხოვრობს? 

- როდესაც ოჯახში საბავშვო მწერალი ცხოვრობს, ეს, სულ მცირე, რამდენიმე თავისებურებასთან არის დაკავშირებული. პირველი: ოჯახში ძალიან ხშირია დაკვირვება ბავშვების, ჩვენი შვილების, ქცევაზე, გამოთქმებზე და დეტალებზე. იმიტომ, რომ ეს მწერალს სჭირდება. შესაბამისად, დანარჩენებიც ამ პროცესში ვართ  ჩართულები და მერე დაკვირვება რუტინაში გადადის. მეორე თავისებურება არის ხშირი მსჯელობები - ერთობლივი ან დაჯგუფებული - წარმოსახვებზე, რაც, ასევე, რუტინაში გადადის. 

- ოჯახში მუდმივად შემოქმედებითი ატმოსფეროა, როგორც მივხვდი. 

- კიდევ ერთი თავისებურება ის არის, რომ ნაყოფიერი საბავშვო მწერლის ოჯახში, სახლის ყველა კუთხე-კუნჭულში დევს წიგნი, ფურცელი, კალამი და არასდროს სახლი არ არის (ვერ არის) დალაგებული. 

- ამას საყვედურად ამბობ თუ ფაქტად?

- ეს ასეა, ამას ვეჩვევით. სხვა ადამიანი რომ შემოვა, სახლი ყოველთვის არეულია, მაგრამ ასეთი ამბავია... კიდევ, ხშირია საუბარი როგორც ოჯახის წევრებს შორის, ისე სხვა ადამიანებთან - ბავშვების შესახებ. ეს ოთხი რამ არის, რაც, მგონი, გამოარჩევს ოჯახს, რომელშიც საბავშვო მწერალი ცხოვრობს. 

- შესანიშნავად აღწერე, დიდი მადლობა. ბოლო კითხვა მაქვს: ადამიანს ცხოვრება ცვლის, თუ ადამიანს ადამიანები ცვლიან? 

- ეს განსხვავებული გამონათქვამებია? 

- არ არის? 

- გარკვეულწილად, არის და ჩემი პასუხია: ადამიანს ცხოვრება ცვლის. განათლებას რომ მივუბრუნდეთ, არსებობს წარმოდგენა, რომელიც დღემდე გაბატონებულია ჩვენს საზოგადოებაშიც, რომ კარგი განათლება დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მზადებაა. ასე ფიქრობდა ასი წლის წინ ჯონ დიუი, იმის მიუხედავად, რომ ინოვატორი იყო. მაგრამ სიმწიფის ჟამს, როდესაც თავადაც განვითარდა ცხოვრებაში და თავის საგანმანათლებლო ფილოსოფიაში, დაბეჯითებით ამბობდა: „მცდარია, როდესაც მიგვაჩნია, რომ განათლება არის ცხოვრებისთვის მზადება. განათლება თავად ცხოვრებაა.“ ეს ზუსტად ის არის, რაც საუბრის დასაწყისში ვთქვით - რომ როგორი განათლებაც გვაქვს, ისე ვცხოვრობთ. 

- დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ინტერვიუს დავასრულებთ შენი კომენტარით ცნობილი ადამიანების ორ გამონათქვამზე. პირველი ციტატის ავტორია თანამედროვე ამერიკელი ინვესტორი და ავტორი რობერტ კიოსაკი (1947): „თუ იცი, რა გინდა, ესე იგი, ცოტა იცი... ან ცოტა გინდა.“ ჩვენ, პირიქით, ხშირად გვესმის, რომ უნდა იცოდე, რა გინდა. 

- როგორც ვთქვით, საკუთარი სურვილების ასრულების შესაძლებლობა არის თავისუფლება. ადამიანები ვსწავლობთ თავისუფლებას, ვსწავლობთ სურვილებს, ამ სურვილებს შორის საკუთარის და სხვისის ერთმანეთისგან გარჩევას. იმიტომ, რომ ადამიანები, თავისი ცხოვრების განმავლობაში, საკუთარ სურვილებსაც ასრულებენ და სხვის სურვილებსაც. 

- და ზოგჯერ ერთმანეთშიც ერევათ. 

- ხშირად ერევათ და ამას სწავლა უნდა, რომ დაადგინო, რომელია შენი სურვილები. მერე სურვილების ასრულების შესაძლებლობებსაც ვსწავლობთ და ასე ვვითარდებით. განათლება არის ცხოვრება და ცხოვრება არის თავისუფლების სწავლა. ეს მუდმივი პროცესია. ამიტომ ვეთანხმები კიოსაკის, რომ „თუ იცი, რა გინდა, ესე იგი, ცოტა იცი... ან ცოტა გინდა.“

- მეორე ციტატა ეკუთვნის ამერიკელ პოეტს და ფილოსოფოსს რალფ უოლდო ემერსონს (1803-1882): „თითოეული გონება ირჩევს ან ჭეშმარიტებას, ან სიმშვიდეს. არავის შეუძლია, აირჩიოს ორივე.“

- მე ჭეშმარიტებას და სიმშვიდეს ერთმანეთის ალტერნატივად არ განვიხილავ. მაგრამ გააჩნია, ემერსონი სიმშვიდეში რას გულისხმობს. ემერსონის „სიმშვიდეს“ თუ ილიას „უძრაობას“ შევადარებთ, მაშინ დავეთანხმებოდი. ცოცხალი ადამიანი, პიროვნება, ყოველთვის მოძრაობით ვითარდება. ჭეშმარიტება, სინამდვილეში, მოძრაობასა და მუდმივ განვითარებაშია. 

ფოტომასალა: ირაკლი გედენიძე

გუნდი

ირაკლი გედენიძე

ზურაბ ქურციკიძე

გიო კუსიანი

გიორგი ურუშაძე

თამთა ყუბანეიშვილი

ნანა ყურაშვილი

ინგა ქორიძე