×
„ვცდილობ, რომ მე თვითონ მაინც მივხვდე, რისი თქმა მინდა“

ბექა ადამაშვილი

მწერალი


2483

ინტერვიუს შესახებ

ალბათ, გქონიათ შემთხვევა, როცა შედარებით შორეულ ნაცნობზე გიფიქრიათ: „ჩემი ადამიანია“. ზუსტად ასეთი ჩემი ადამიანი აღმოჩნდა ბექა ადამაშვილი, რომელიც ინტერვიუს ჩაწერის წინ გავიცანი. 

მანამდე, მისმა წიგნებმა გამაოცა და მისმა ნიჭმა მომხიბლა. შეხვედრისას კი მივხვდი, რომ მას ვერ გაუშინაურდები, მაგრამ საკმარის პატივს გცემს იმისთვის, რომ უფრო მეტი გითხრას, ვიდრე მისი ხასიათის ადამიანისგან ელოდები. 

გაიცანით ბექა ადამაშვილი - თავისი თაობის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ადამიანი. 

ია ანთაძე

- ბექა, თქვენმა მეუღლემ ერთ გადაცემაში თქვა, რომ თქვენზე საინტერესო ადამიანი არასდროს შეხვედრია. ყოველდღიურ ცხოვრებაში რითი ხართ საინტერესო? 

- არ მიყვარს ზედსართავი სახელების იარლიყებად მორგება იმიტომ, რომ მოლოდინების გაცრუების შიში მაქვს. მაგრამ ყოველთვის ვაკვირდები იმ სიტყვას, რომლითაც ადამიანები მათთვის შედარებით უცხო პიროვნებას ახასიათებენ. მაგალითად, „ის მაღალი კაცი“, „ის მელოტი ბიჭი“, „ის ჭკვიანი გოგო“… სულ ვფიქრობდი, რა შეიძლება თქვას ჩემზე იმან, ვინც პირადად არ მიცნობს. „ის საინტერესო ადამიანი“ - არც ერთ მსგავს ფიქრში არ ყოფილა. შეიძლებოდა „ის გამხდარი ბიჭი“ ან „ის დიდყურებიანი ბიჭი“ უფრო ყოფილიყო. 

- მაგრამ თქვენს მეუღლეს, ანის, თქვენი პოზიტიური ნიშნებიდან პირველი სწორედ ეს გაახსენდა, რომ საინტერესო ადამიანი ხართ. 

- გაცილებით მეტს ვფიქრობ, ვიდრე ვლაპარაკობ და შეიძლება ვფიქრობდე, რომ ჩემი ფიქრების დიდი უმეტესობა უფრო საინტერესოა, ვიდრე ის, რასაც ვლაპარაკობ. ამიტომ, ალბათ, ვერ აღვიქვამ, რომ ეს აისბერგის წვერიც შეიძლება, საინტერესო იყოს. თუმცა, როგორც ჩანს, ანი ასე აღიქვამს და ეს მახარებს. როცა ადამიანის შეფასებას გთხოვენ და პირველი ამგვარი პასუხი მოგდის თავში, ალბათ, გულწრფელი, შეუფუთავი პასუხია. ჩემი მეუღლის შეფასება მახარებს, მაგრამ ვერ ვხვდები, კონკრეტულად, რას შეიძლება ეფუძნებოდეს.

- ნათქვამი გაქვთ, სკოლაში ხმაზე ხშირად ნიშნებს ვიღებდიო. 2015 წელს თქვით, საკუთარ თავს დამაჯერებლობას დავუმატებდი, სხვას არაფერს შევცვლიდიო. გასული წლის მიწურულს კი პოსტში დაწერეთ: „მომდევნო წელს იმდენს თუ შევძლებ, რომ უცხო ადამიანთან დასარეკად მთელი დღე არ ვემზადებოდე, მაგითიც უზომოდ ბედნიერი ვიქნები.“ ჯერ საკმარისი წარმატებისთვის არ მიგიღწევიათ, რომ ბავშვობიდან გამოყოლილი სიმორცხვე დაგეძლიათ? 

- როგორც ამ ფრაზებმაც აჩვენა, მორიდებულობა ჩემი ცხოვრების თანამდევი უკვდავი სულია. რაც შეეხება წარმატებას, ჩვენთან საკმარის წარმატებად ითვლება, საერთაშორისო მასშტაბით რომ წარმოაჩენ ქვეყანას და თავს. მაგ შემთხვევაშიც კი, მგონია, რომ ამ თვისებას სათანადოდ ვერ გავუმკლავდები. უცხო ადამიანთან დარეკვა მაინც მომერიდება, სულ რომ ბუკერის პრემია მომცენ ოდესმე. მგონია, იმდენად ჩაკირულია ეგ სიმორცხვე არაცნობიერში, რომ რთული იქნება, დაიძლიოს. 

- თქვენი ცხოვრების მომდევნო ეტაპებიც საკმარისად თავდაჯერებულს ვერასდროს გაგხდით? ამას ამბობთ?

- მე მგონი, თავდაჯერებულობის პიკიც და პლატოც უკვე გადავიარე. გარკვეულ ასაკში გგონია, რომ დიდ რამეს მიაღწიე. მაგალითად, 16 წლის ასაკში მეგონა, ისეთ ლექსებს ვწერდი, რომ ჩემი გამჩერებელი აღარავინ იყო დუნიაზე. ცოტა ხანში, როცა თავდაჯერება ძალიან მაღალ ხარისხში ავიდა, აღმოვაჩინე, რომ  ადამიანებს ჩემი ლექსები არ მოსწონდათ და ამაზე გავბრაზდი. ვერ ვხვდებოდი, როგორ შეიძლებოდა, არ მოსწონებოდათ ლექსი, რომელიც იყო წითელქუდას მიერ დარგულ მარიხუანაზე; ან ანჯელინა ჯოლიზე, რომელსაც ვწერდი, რომ სტუდენტი გავხდი და მისთვის აღარ მეცალა. ახლა ვფიქრობ, რომ ეგ თავდაჯერება მცირე ასაკში მოვილიე. მგონია, რომ მისი ხელმეორედ აღზევების შანსი ნაკლებად არსებობს. 

- აკადემიური პროფესიით ჟურნალისტი ხართ, მაგრამ ნათქვამი გაქვთ, ამ საქმისთვის მეტისმეტად ინტროვერტი გამოვდექიო. როგორ ფიქრობთ, ავტორის ინტროვერტული ბუნება, ირიბად მაინც, თქვენს წიგნებშიც მიგყვებათ?

- ამბობენ, რომ როდესაც რაღაცას წერ, რომც არ გინდოდეს, წერ იმაზე, რაც უკეთესად იცი და რაც შენგან მოდის. შეიძლება, პერსონაჟის პროტოტიპი პირადად შენ არ იყო, მაგრამ რაღაც თვისება, რომელიც მას შენდაუნებურად ან განზრახ მიანიჭე, შენგან მოდის. ყველაზე მარტივია, საკუთარ თავს დააკვირდე (შეცნობა ძნელია!), თვისებები ამოკენკო და მერე სხვებში გადაანაწილო. ახლა რომ დავუკვირდი, დიახ, ჩემი პერსონაჟების უმეტესობას ახასიათებს მორიდებულობა. ერთი საერთოდ თავს სწირავს საკუთარ შემოქმედებას იმისათვის, რომ მისმა „მსხვერპლშეწირვამ“ მის მაგივრად ილაპარაკოს... აქამდე არ მიფიქრია, მაგრამ აშკარად თითოეულ მათგანში არის მორიდება, სიმორცხვე, ცოტა ჩაკეტილობა სამყაროს და დანარჩენი პერსონაჟების მიმართ. ეს ჩემდაუნებურად მოხდა, განზრახ არ დამიგეგმავს.

 

 

„საუკეთესო თავდაცვაა თავდასხმა საკუთარ თავზე.“

 

 

- „ბესტსელერში“ - თქვენს პირველ წიგნში - ავტორი იმდენად ხშირად ერევა თხრობაში, რომ რამდენიმე მკითხველის ჩივილი წავიკითხე, კითხვას აღარ გვაცდისო. ლექსო დორეული კი „არილში“ წერდა: „ჩვენ შეგვიძლია ბექას გულწრფელობაში შევიტანოთ ეჭვი იმ მიზეზით, რომ თვითირონია მისი სტილისტიკის სამარკო ნიშანია.“ გამოდის, ზედმეტად ჩანხართ იმისთვის, რომ უკეთ დაიმალოთ. რამდენად ადეკვატურად და სამართლიანად მიგაჩნიათ ზოგიერთი მკითხველის გაღიზიანება „ბესტსელერის“ ავტორით? 

- ვეთანხმები ზოგიერთ მკითხველს და, ასევე, ვეთანხმები ცნობილ ფრაზას, რომ საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა. კიდევ უფრო ვეთანხმები ფრაზას, რომ საუკეთესო თავდაცვაა თავდასხმა საკუთარ თავზე. იმიტომ, რომ ნებისმიერი შეწუხდება, როცა ადამიანი საკუთარ თავს ერჩის და მან კიდევ ზემოდან დაუმატოს. 

- ლექსოც ამას ამბობს, რომ ეს არ არის გულწრფელი თავდასხმა საკუთარ თავზე. მისი აზრით, „ბესტსელერის“ ავტორი საკუთარ თავს ერჩის იმისთვის, რომ სხვების ისრები აიცილოს. 

- თავის დროზე, როცა ლექსოს წერილი წავიკითხე, ტერმინების არცოდნის გამო, ნახევარი ვერ გავიგე. ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრატურაზე ჩაბარების ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო. შემდეგ უკვე წერილი ბოლომდე აღვიქვი და ავტორს დავეთანხმე. ვეცადე, რომ შენიშვნები სამომავლოდ გამეთვალისწინებინა. როდესაც რაღაცას ვწერ, ან იდეაზე ვფიქრობ, ყოველთვის წარმოვიდგენ ყველაზე კრიტიკულად განწყობილ ადამიანს, რომელმაც შეიძლება ეს ნაწერი წაიკითხოს და მისი შესაძლო პოზიციის გამოცნობას ვცდილობ. დროდადრო ის კრიტიკოსი მკარნახობს, რომ რაც ახლა დავწერე, ცუდი, არცთუ ხარისხიანი ხუმრობაა. მაგრამ გულის სიღრმეში მომწონს. სწორედ ასეთ დროს მევლინება Deus ex machina-დ ავტორის პერსონაჟი და ამ ცუდ ხუმრობას თავადვე აკრიტიკებს. ასეთ დროს ვიცი, რომ ხუმრობას დაიწუნებენ, მაგრამ მაინც მინდა, დავტოვო იმიტომ, რომ ვიღაცას მოეწონება. 

- ვერ ელევით?

- დიახ, ვერ ველევი. და ვცდილობ ხოლმე, რომ საკუთარი თავის კომენტირებითვე მოვძებნო გამოსავალი. პირველ წიგნში, როგორც ჩანს, ბევრ რამეს ვერ შეველიე და ამიტომაც ხშირად გამოჩნდა ავტორი, რომელიც თვითირონიით თუ კრიტიკით ცდილობდა, ესა თუ ის მონაკვეთი შემუსვრისგან გადაერჩინა. ზოგადად, სტილისა და სტრუქტურის მხრივ, ჩემთვის წიგნები ორ ჯგუფად იყოფა. ერთი დაწერილია სუფთად, გამართულად, მაგრამ იგრძნობა, რომ ავტორმა წერისას „როგორ უნდა დავწეროთ რომანი“-ს ყაიდის წიგნში წაკითხული კონკრეტული წესებით იხელმძღვანელა. მეორეში იგივე წესები დაცულია, მაგრამ არ იგრძნობა, სათქმელი ბუნებრივად მოდის. როცა კითხულობ, ხვდები, რომ ნაწერი წყალივით მოედინება. ჩემს შემთხვევაში, „ბესტსელერის“ ავტორისეული ჩანართები ჰგავდა იმ „სუფთა“ ნაწერს, სადაც ხელოვნურად ვცდილობდი, რომ გულწრფელობის ილუზია შემექმნა. მაგრამ იმდენად გადაჭარბდა თვითირონია, რომ ხელოვნურობა საგრძნობი გახდა როგორც ავტორის ჩართვებში, ასევე სქოლიოების სიმრავლეში. 

- ცხოვრებაში მოკრძალებული ადამიანი ხართ და წიგნებში, პირიქით, აქტიურობთ, პერსონაჟებს და მკითხველს მუდმივად გამოწვევების წინაშე აყენებთ. თან, მეორე წიგნში ბევრად მეტი გამოწვევაა, ვიდრე პირველში. თქვენთვის, როგორც ავტორისთვის, კომფორტულია ასეთი აქტიურობა და სილაღე? თუ მიგაჩნიათ, რომ, უბრალოდ, წიგნისთვის ასეა საჭირო? 

- ჩემი აზრით, წიგნებში უფრო მეტად იმას ვდებ, რისი დეფიციტიც შეიძლება მე თვითონ მქონდეს ცხოვრებაში. 

- ეს ძალიან ბუნებრივია. 

- როგორც კითხვის დროს არის წიგნი თავშესაფარი იმისთვის, რომ  გარესამყაროს გამოეთიშო და სრულიად სხვა სივრცეში გადახვიდე, მგონია, რომ ტექსტის წერაც იგივეა - შენ მიერ ვერგადადგმული ნაბიჯების ხორცშესხმა. თავში ხშირად გიტრიალებს ფიქრი, თუ რა მოხდებოდა, რომ ეს ან ის გაგეკეთებინა (რისი გაკეთებაც ვერ გაბედე) და ლიტერატურა სწორედ ეგ არის - „რა მოხდებოდა, რომ“-ების განვრცობა. ვიღაცა რაღაცას აკეთებს და მერე უკვე შენი გადასაწყვეტია, როგორ განავითარო ეს ამბავი. ბევრი გზაჯვარედინი და ლაბირინთია თავში და გაინტერესებს, მინიმუმ, საკუთარ თავთან დააფიქსირო, რა მოხდებოდა, ეს რომ შენ გაგეკეთებინა. მარტო ის რომ აღწერო, რაც შენ გარშემო ხდება და რაც ისედაც გაგიკეთებია, უფრო მემუარი და ავტობიოგრაფიული წიგნი გამოდის, ვიდრე რომანი. მე ვცდილობ, ისეთი სამყაროები შევქმნა, რომლებთან შეხება რეალურ ცხოვრებაში ნაკლებად მიწევს და უფრო სხვა მხრივ მივცე გასაქანი ფანტაზიას. 

- გამოდის, იმას, რაც თქვენს წიგნებში ხდება, თქვენთვის აკეთებთ და არა - წიგნისთვის.

- დიახ. თითქოს, თავიდან ვცდილობდი, ის დამეწერა, რაც მკითხველებს შეიძლებოდა მოსწონებოდათ. მაგრამ მერე, საბოლო ჯამში, მაინც ისე გადავაკეთე, როგორც მე მომწონდა და ვეცადე, რომ სხვებისთვისაც მომეწონებინა. მაგის ფორმულებიც არსებობს, რა შეიძლება მოეწონოს ბევრ ადამიანს. ხშირად იწერება ურთიერთობაზე დაფუძნებული სასიყვარულო რომანები, რომლებიც მარტივი საკითხავია. თან, ისეთი ფრაზები უნდა ჩაურთო, რომლებსაც მერე ფეისბუქზე გამოიტანს მკითხველი და მაგ მხრივაც შეგიძლია, წიგნი პოპულარული გახადო. მაგრამ იმდენად ვერ ვგრძნობ სიახლოვეს იმ ნაწერებთან, რომლებიც მხოლოდ არსებულ რეალობას აღწერს, რომ მირჩევნია, ის დავწერო, რაც უფრო კომფორტულია ჩემთვის. თუკი ვინმეს მოეწონება, უბრალოდ, გამიხარდება. 

 

 

„დღეს რომ ჩემს წიგნებს ხელმეორედ ვწერდე, მგონია, შევძლებდი, ბევრად სერიოზული გამოსულიყო.“

 

 

- ერთხელ თქვით, წიგნებს, ძირითადად, გასართობად ვწერო. ვისი გართობა იგულისხმეთ - თქვენი თუ მკითხველის?

- კარგი შეკითხვაა. ბევრი ადამიანია ასპარეზზე, რომელსაც ჩემზე გაცილებით უკეთესად შეუძლია ღრმა ლიტერატურის წერა. არის წიგნები, რომლებსაც წაიკითხავ და იტყვი: „ნეტავ, ასე ვწერდე!“ მაგრამ წერას რომ იწყებ, მერე ხვდები, რომ სიკვდილის შემდეგ თომას მანი შენში ნამდვილად არ განსხეულებულა და გადადიხარ გასართობ ლიტერატურაზე, რომელიც, მგონია, რომ აგრეთვე საჭიროა. როცა ადამიანის გონება დაღლილია კლასიკური ლიტერატურის კითხვით ან, თუნდაც, თანამედროვე ნაწერებით, რომლებშიც კლასიკური ლიტერატურის ფესვებია, - მკითხველს ხანდახან, უბრალოდ, განტვირთვა სჭირდება. მაგრამ  მანდაც ზღვარი უნდა დაიცვა, რომ ანეკდოტების კრებული არ გამოგივიდეს. დღეს რომ ჩემს წიგნებს ხელმეორედ ვწერდე, მგონია, შევძლებდი, ბევრად სერიოზული გამოსულიყო. მაგრამ იმ მომენტში უფრო გართობისთვის დაიწერა. 

- მესმის, მაგრამ არ გეთანხმებით. ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება, გასართობი იყოს თქვენი ეს ორი წიგნი, განსაკუთრებით, მეორე - „ამ რომანში ყველა კვდება“. წიგნის ყველა აბზაცში არის გამოწვევა მკითხველის მიმართ, რაღაც თავსატეხი ან ფრაზეოლოგიური მოულოდნელობა, რაღაც მახე, რომელსაც ამოცნობა სჭირდება. ამ წიგნის კითხვა გასართობად შეუძლებელი მგონია. თუ გასართობად წაიკითხე, გამოდის, რომ, ფაქტობრივად, არ წაგიკითხავს. და თუ მართლა კითხულობ, ვერ გაერთობი. კომენტარი ხომ არ გაქვთ, ამასთან დაკავშირებით? 

- სიმართლე რომ ვთქვა (და როცა წინადადება ამ ფრაზით იწყება, უკვე ნიშნავს, რომ საკუთარ თავთან წინააღმდეგობაში მოხვედი), როდესაც წინა შეკითხვას ვპასუხობდი, შუა გზაში გავიაზრე, რომ გარკვეული ცოდნა გჭირდება იმისთვის, რომ ამ წიგნებით გაერთო. პირობითად, ერთ-ერთი თავი აგებულია ეჟენ იონესკოს „მელოტი მომღერალი ქალის“ მიხედვით. თუ არ იცი „მელოტი მომღერალი ქალი“, შეიძლება თქვა, რა სისულელე და აბსურდი დაუწერია ამ ადამიანსო. ეს არ ნიშნავს, რომ ვისაც ეჟენ იონესკოს ეს ნაწარმოები წაკითხული აქვს, ის აუცილებლად აღფრთოვანდება. ზოგმა, პირიქით, სწორედ ამის გამო შეიძლება დაიწუნოს. მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, მისი არცოდნა, შესაძლოა, იმას იწვევდეს, რომ საერთოდ ვერ მიხვდე, რატომ არის ამისთვის დათმობილი ხუთი გვერდი. თავის მიწურულს ერთ-ერთი პერსონაჟიც სწორედ იმას კითხულობს, რატომ უთმობენ წიგნებში სისულელეს ხუთ გვერდსო - იმ ხალხისთვის, ვინც შეიძლება ეგ იფიქროს. საბოლოო ჯამში, გასართობი არის უფრო, ალბათ, ჩემთვის. და გართობა იქნება სხვისთვისაც, თუკი ის კონტექსტი ეცოდინება, რაც ამ ნაწერებში იგულისხმება. 

- ბოლო წლებში ორი დიდი პიროვნული გამარჯვება მოიპოვეთ - ევროკავშირის ლიტერატურული პრიზის პირველი ქართველი მფლობელი გახდით და პირველმა მოიპოვეთ ქვეყნის „მთავარი ჭკვიანის“ სტატუსი.  რაიმე სხვა მოვლენა თუ განგიცდიათ ისეთივე გამარჯვებად, როგორც ეს ორი საჯარო ამბავი? 

- უნდა დავფიქრდე. შეიძლება, ჩემთვის დიდი ნაბიჯი იყო, მაგრამ იმდენად უმნიშვნელო იყო სხვებისთვის, რომ არ ჩავთვალე მნიშვნელოვნად. 

 
ალბათ, ეს გამოწვევაც, გარკვეულწილად, უკავშირდება სიტყვებს, როგორც ბევრი რამ ჩემს ცხოვრებაში. მაგალითად, ძალიან მეშინოდა სიტყვის „მიყვარხარ“. იმიტომ, რომ, ჯერ ერთი, როდესაც პირველად ვთქვი „მიყვარხარ“, ვერ ვთქვი, ძალიან ძლიერ სიტყვად ჩავთვალე და ვთქვი „მომწონხარ“. ისიც, ორთოგრაფიული შეცდომით და „მომწნოხარ“ ეწერა. ვერც ვთქვი, დავწერე. და, შესაბამისად, ძალიან დიდი დრო დამჭირდა იმისთვის, რომ საკუთარი ენისთვის კავშირი მეპოვნა გულთან, ენა დამეკავშირებინა გულთან იმისთვის, რომ ეს სიტყვა მეთქვა და ბევრი ჩემი ურთიერთობა შეიძლება უბრალოდ არ შედგა იმის გამო, რომ ვიყავი გაუბედავი.

როდესაც გავბედე და მყარად ვთქვი, „მიყვარხარ“ მერე უკვე საბოლოოდ შედგა ურთიერთობა და დღემდე შემდგარია.

- დაახლოებით ასეთ პასუხს ველოდი,  გმადლობთ. 

- სხვა მხრივ, ცხოვრებაში რისკიანი ადამიანი ვარ, ანუ, თუ ეს რისკი ჩემს პირად ურთიერთობებს არ ეხება. იმავე 50 000-ის შემთხვევაში, არც მიფიქრია, უკან დამეხია იმის შიშით, რომ შეიძლებოდა, დავმარცხებულიყავი. 

- „მთავარ ჭკვიანში“ გამარჯვებამ 50 000 ლარი და შემოქმედებითი თავისუფლება მოგიტანათ. სამსახურიდან ხანგრძლივი შვებულება აიღეთ და, როგორც მე წარმომიდგენია, მთლიანად შეიცვალეთ ცხოვრების წესი. ამხელა ცვლილების საშუალება მოგცათ იმან, რომ ინტელექტუალურ თამაშში ბოლო ორი - გადამწყვეტი - კითხვა მოიგეთ მხოლოდ და მხოლოდ ინტუიციაზე დაყრდნობით, როცა ცოდნა და ლოგიკა უკვე ვეღარ გეხმარებოდათ. ამ ფაქტმა რაიმე განსაკუთრებული თუ გასწავლათ? 

- როცა საკუთარ არჩევანს მოგვიანებით ვაანალიზებდი, ვერ მივხვდი, რატომ ამოვირჩიე ის კონკრეტული პასუხი. როდესაც ფინალური კითხვა გამოჩნდა და ხუთ დასახელებულ მწვერვალს შორის ყველაზე მაღალი უნდა ამომეცნო, ვიფიქრე, რომ შეიძლება, ეს დედამიწაზე არსებული მწვერვალები არც ყოფილიყო, იმდენად უცხო იყო სახელები. ვფიქრობდი, მარსის მწვერვალები ხომ არ არის-მეთქი. ფილმებში ხდება ხოლმე, რომ როცა გადამწყვეტი ამბავია, შენი წარსულიდან რაღაც მონაკვეთს იხსენებ და ცდილობ, გადაწყვეტილება მასზე დაყრდნობით მიიღო, რომ ამით მაინც შეიკრას თხრობითი ლოგიკა. მაშინ ვიფიქრე, რომ რადგანაც ცხოვრებაში სისადავე მომწონს და პრეტენზიულობით არ გამოვირჩევი, ამ მწვერვალებს შორის ამომერჩია ყველაზე მოკლე, უფერული და, როგორც აღმოჩნდა, ყველაზე მაღალი მწვერვალის სახელი - მაკალუ. იქ იყო პასუხები შიშა-პანგმა, ბროუდ-პიკი, ნანგა-პარბატი... ეს მწვერვალები, თითქოს, ყვიროდნენ, რომ ძლევამოსილები არიან და ცოტა მეტი პრეტენზია ჰქონდათ, მინიმუმ, დეფისით შუაში. მიზეზი, რის გამოც სრულიად უცხო მწვერვალებს შორის ერთი დავასახელე, რაღაცნაირად შეესაბამებოდა ჩემს წარსულს. 

- საოცარი გადაწყვეტილებაა! ინტუიციაზე დაყრდნობით მოტანილ ცვლილებაზე რას იტყვით?

- ზოგჯერ მგონია, რომ ის კოსმოსური წყობა, რასაც სამყაროს და დიდ წესრიგს ვეძახით და რაც შეუძლებელია, შემთხვევითი იყოს, ხანდახან ნიშნებს გიგზავნის. უბრალოდ, უნდა გეყოს გამბედაობა, რომ ამ ნიშნებს მისცე საშუალება, შენი ცხოვრება შეცვალონ. მე ჩავთვალე, რომ ეს იყო ნიშანი, რომელიც საჭირო დროს გამომიგზავნა „სამყარომ“. ამ დასვენების პერიოდში ბევრ რამეს სხვანაირად შევხედე, ამოვვარდი რუტინიდან და ჩავვარდი უკეთეს რუტინაში, როდესაც გზაჯვარედინზე დგახარ და ფიქრობ, რომელ გზას დაადგე. 

- თქვენი ორივე წიგნი - „ბესტსელერი“ და „ამ რომანში ყველა კვდება“ - გამოირჩევა სტილით, რომლის განსაზღვრისთვის ყველაზე მეტად მომწონს ფრაზა ლექსო დორეულის უკვე ნახსენები წერილიდან - „ენის თვითმითითების უნარი“. ეს ნიშნავს ტექსტს, სადაც, თითქოს, ენა თავის შესაძლებლობებზე უთითებს და სადაც ყოველ ნაბიჯზე პატარა თუ დიდი ენობრივი ნაღმები ფეთქდება. პირველ წიგნში ეს უკვე თვალსაჩინოა, მაგრამ მეორე წიგნი ამ მხრივ განსაკუთრებულია. ფიქრობთ თუ არა, რომ შემდეგ წიგნში სტილი შეცვალოთ და ფორმას აღარ ჰქონდეს მეტი მნიშვნელობა, ვიდრე - შინაარსს? 

- 9 თვე გავიდა იმის  შემდეგ, რაც სამსახურიდან ხანგრძლივი შვებულება ავიღე და ეს ერთ-ერთი ის საკითხია, რომელზეც ამ პერიოდში ყველაზე აქტიურად ვფიქრობ. მეორე წიგნი პირველისგან იმით განსხვავდება, რომ ენობრივად უფრო დახვეწილი მგონია. თუმცა, მივხვდი, რომ მეორე წიგნიც არ არის იმ კრიტერიუმებში მოქცეული, რომლებიც რომანს სჭირდება. თითქოს, დუღაბი აკლია, რომელიც ამბავს შეკრავს და, ფორმის გარდა, ისეთ შინაარსს შესძენს, რომელიც მთლიანად მკითხველის სუბიექტურ აღქმაზე არ იქნება დამოკიდებული. როცა წიგნს ჰქვია „ამ რომანში ყველა კვდება“, სათაურივე მიუთითებს, რომ მთავარი იქნება ფორმა და არა შინაარსი. იცი, რა მოხდება, მაგრამ როგორ მოხდება, ეს არ იცი. ახლა ვცდილობ, მკითხველს არ სჭირდებოდეს სპეციფიკური ცოდნა იმისთვის, რომ რაღაცები აღიქვას; როდესაც მკითხავენ, რაზეა წიგნი, თავდაჯერებული პასუხის გაცემა შემეძლოს. აქცენტი მეტწილად შინაარსზე იქნება და შინაარსი ფორმას დააბალანსებს. უფრო მეტად ვემზადები ამ მესამე წიგნისთვის, ვიდრე პირველი ორი წიგნისთვის ვემზადებოდი. ვცდილობ, რომ მე თვითონ მაინც მივხვდე, რისი თქმა მინდა. 

 

 

„ვწერ, თუმცა, წერა გახდა ის, რისიც მეშინოდა.“ 

 

 

- ერთხელ თქვით, რომ ცოტა დრო მრჩება წიგნის წერისთვის, მაგრამ თუ მთლიანად ლიტერატურაზე გადავერთვები, შეიძლება, მომწყინდესო. იმის შემდეგ, რაც შესაძლებლობა მოგეცათ, რომ სამსახურისთვის თავი დაგენებებინათ და მხოლოდ წიგნზე გემუშავათ, როგორია თქვენი ცხოვრება? 

- ერთი ცვლილება აღმოვაჩინე: როდესაც მთავარი საქმე სხვა იყო და წიგნებზე თავისუფალ დროს ვმუშაობდი, მაშინ ბევრად უფრო მეტი ხალისით ვწერდი. თითქოს, ბონუსი იყო, ერთგვარი დესერტი, დამსახურებული ჯილდო ძირითადი საქმის კარგად გაკეთების შემდეგ. როცა ხანგრძლივი შვებულება ავიღე და წერა გახდა დღის მთავარი საქმე, გამოჩნდა ახალი ცდუნებები, რომლებიც თავისუფალ დროს მოჰყვება ხოლმე; მაგალითად, სხვა წიგნები, სხვა ფილმები, სერიალები, კომპიუტერული თამაშები... ვწერ, თუმცა, წერა გახდა ის, რისიც მეშინოდა. 

- რუტინა?

- რუტინა და, ასევე, საქმე - როგორც მთავარი კერძი. არადა, ხშირად ჭამის მთელი პროცესი არის სწრაფვა დესერტისკენ; ფიქრი იმაზე, რომ ბოლოში რაღაც კარგი შეგხვდება. ახლა ვცდილობ, დავაბალანსო: მქონდეს სხვა საქმე, რომელიც საკმარის დროს დამიტოვებს დესერტის მისაღებად. რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, როდესაც წერა გახდა საქმე, მართლაც, ოდნავ მოვიწყინე. თითქოს, ხალხის წინაშე დადებულ პირობას ვასრულებ. ამან მეტი პასუხისმგებლობა  და მეტი წნეხი მოიტანა. 

- მაინც დავაზუსტებ: ახლა, თქვენი ცხოვრების ამ ეტაპზე, თქვენი თვითდისციპლინა რაში გამოიხატება?

- ზოგადად, ყოველთვის მეგონა, რომ საქმეში ძალიან დისციპლინირებული ვიყავი. როცა აღმოჩნდა, რომ საქმე მხოლოდ მე მეხება, ჩემი მყარი რწმენა ოდნავ შეირყა. ბევრი რამ მაინტერესებს და ეს საცდურები იმდენი არხით მოგვეწოდება, რომ რთულია, გაუმკლავდე. როცა რამეს ვაკეთებ, ყოველთვის მგონია, რომ გვერდზე არის რაღაც ისეთი, რაც უფრო მეტ ინფორმაციას ან ცოდნას მომცემს. ავტომატურად გადავხტები სხვაგან და სხვა რამის კეთების სურვილი მიჩნდება. მიჭირს ერთსა და იმავე დროს გაღვიძება თუ ინტერნეტის გათიშვა, რომ რეჟიმში ჩავჯდე და აზრებს თავი მოვუყარო. 

- წერის დროს კონცენტრირებაში ხელს ხომ არ გიშლით ნივთები, გარედან შემოსული ხმები, ადამიანები, რომლებიც თქვენ სივრცეში არიან? 

- ძირითადად, ღამე ვმუშაობ. დღისითაც შეიძლება იყოს სიმშვიდე, მაგრამ დღის შუქი თითქოს გიბიძგებს, სხვა რამე აკეთო და არა საქმე. როდესაც სრულიად მარტო რჩები და სიჩუმე დაისადგურებს, ღამეული სიმყუდროვე განგაწყობს, რომ აკეთო ის, რასაც საქმედ მიიჩნევ. თითქოს, დღის ლიმიტი გეწურება და უნდა მოასწრო ყველაფერი, რაც დღის განმავლობაში გქონდა დაგეგმილი.

- ლევან ლეფსვერიძე (იმ კრეატიული სააგენტოს ხელმძღვანელი, სადაც თქვენ მუშაობდით) ამბობდა, ბექა ადამაშვილის მსგავსი მოწესრიგებული ტალანტი ჩემს ცხოვრებაში არ შემხვედრიაო. 

- მოწესრიგებული ნამდვილად ვიყავი, ტალანტობაზე გამიჭირდება, თავი დავდო. ზოგადად, ძალიან არ მომწონს, როცა ადამიანები ფიქრობენ, რომ მარტო ნიჭითაც შეუძლიათ, ფონს გავიდნენ. ბევრი „ტალანტი“ ჩაიკარგა იმიტომ, რომ ჩათვალა, ასეთ კონკურენტულ გარემოში მხოლოდ ნიჭით გაიტანდა თავს. მათ შეცდომებზე ვისწავლე, რომ რაც არ უნდა დიდ წარმატებას მიაღწიო, თუ მუდმივად არ შრომობ და საკუთარ თავს არ ავითარებ, შენი „ვარსკვლავი“ იმდენად სწრაფად შეიძლება მოწყდეს, რომ სურვილის ჩაფიქრებაც ვერ მოასწრო.

- კარგი იმპროვიზაცია უფრო ნიჭის შედეგია თუ უფრო - შრომის? 

- თქვენი ინტერვიუს პირველი კითხვა ყოველთვის რთულია ხოლმე. როდესაც პოტენციურ შეკითხვებზე ვფიქრობდი, მეგონა, რომ სწორედ ეს იქნებოდა პირველი კითხვა. სამწუხაროა, რომ მხოლოდ შეკითხვაზე ვიფიქრე და არა - პასუხზე. 

- ისე წერთ, რომ იმპროვიზაციის დიდი ექსპერტი ხართ. ამ კითხვაზე თქვენი პასუხი ნამდვილად მაინტერესებს.

- ორივე ელემენტს გარკვეული როლი ენიჭება - ნიჭსაც და შრომასაც. როგორც წესი, ერთი ამოსუნთქვით ვწერ. რაც თავში მომდის, ყველაფერი გადამაქვს. მერე, უბრალოდ, ვაშორებ იმას, რაც ზედმეტია. მგონია, რომ ნიჭს რაიმე სამეცნიერო ახსნა ექნება, უბრალოდ ღვთის საჩუქარი არ უნდა იყოს. მით უმეტეს, წერის შემთხვევაში გონება, რომელსაც ავარჯიშებ, მაგ კუთხით გამოიწრთობა ხოლმე. მაგალითად, შემოქმედებითობას სჭირდება გარკვეული ინფორმაცია იმისათვის, რომ ორი ან მეტი - ერთი შეხედვით დამოუკიდებელი - სუბიექტი დააკავშიროს. რა თქმა უნდა, ხანდახან იჭედები და შეიძლება, ორი წინადადებაც ვერ დაწერო. მაგრამ ხანდახან იმდენად სწრაფად მიეწყობა ერთმანეთს, რომ მეორე დღეს, შეიძლება, არც გახსოვდეს, ესა თუ ის ფრაზა როდის დაწერე. მეორე დიდი პროცესი, რომელიც უფრო შრომას მოითხოვს, ვიდრე ნიჭს, უკვე დაწერილის რედაქტირებაა. იმიტომ, რომ უნდა შეელიო რაღაცას, უნდა გადაყარო იმისთვის, რომ მიღებული შედეგი არ იყოს მხოლოდ ცნობიერების ნაკადი - ნაწერს ლაგამი ამოსდო იმისათვის, რომ ტექსტად იქცეს. 

- იმის შემდეგ, რაც თქვენი პირველი წიგნი გამოვიდა, ამბობდით, ავტორი ვარ, მწერალი არ ვარო. ავტორის სტატუსი უსაფრთხოაო. ახლა, რაც უკვე ორი წიგნის ავტორი ხართ და აღიარებაც მიიღეთ, როგორც ავტორმა, ვხედავ, ნაკლებად გაფრთხობთ მწერლის სტატუსი („ქოფირაითერი ვარ, შეთავსებით მწერალი.“) თქვენთვის რას ნიშნავს, როცა თავს ავტორს კი არა, მწერალს უწოდებთ? რა დამატებითი საფრთხე გააჩინა თქვენთვის ამ სტატუსმა?

- სადმე თუ დაწერ, ან იტყვი, მწერალი ვარო, არის ხოლმე კომენტარები - მწერალი, თორემ, შენც არ იყო ილია ჭავჭავაძე... ეს შიში არსებობს, რომ არ გაგკიცხონ ადამიანებმა, რომლებსაც არათუ ის არ წაუკითხავთ, რაც დაწერე, არამედ, თუნდაც, შენი სტატუსები არ უნახავთ და აზრები არ მოუსმენიათ. ფიქრობენ, რომ მწერალი არის ღვთივკურთხეული ადამიანი, რომელიც სადღაც ზეცაში ლივლივებს და მიწაზე არ დადის. არაცნობიერი წუხილია, რომ არ გაგკიცხონ იმის გამო, რასაც, შეიძლება, არ იმსახურებდე (ან, შეიძლება, იმსახურებდე კიდეც). მეორე მხრივ, ორ წიგნს რომ დაწერ და იძახი, ავტორი ვარო, შეიძლება ეს გამოჩნდეს, როგორც თავმდაბლობის ხელოვნური სიჭარბე. ამიტომაც, შემეშინდა, ზედმეტი რომ არ მომსვლოდა „ავტორის“ ძახილი და მწერლობა შევითავსე. 

- მე რა სტატუსით უნდა წარგადგინოთ? 

- ეგ ძალიან რთული საკითხია. თითოეულ სტატუსთან მიჭირს თვითიდენტიფიცირება. 18 წლის რომ ვიყავი, ერთ ტელევიზიაში ასეთი სტატუსითაც კი წარმადგინეს: „მედიაექსპერტი“. დღემდე „სქრინი“ შენახული მაქვს და მეცინება, რომ მახსენდება. იქიდან მოყოლებული, ხან ჟურნალისტის სტატუსი მქონდა, ხან - ბლოგერის, მერე ცრუ-ფსიქოლოგი დავირქვი, რადგან ბოლომდე არ ვისწავლე ფსიქოლოგია. 

- დავაზუსტოთ: ორ სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობდით, თითოზე წელიწად-ნახევარი ისწავლეთ და არც ერთი არ დაამთავრეთ.  

- მაგისტრატურებზე ჩემი სწავლის მიზანი იყო, რომ მიმეღო ცოდნა და არა დიპლომი. იმიტომ, რომ ის დიპლომი, რომელიც მივიღე (ჟურნალისტიკაში), დღემდე ვერაფერში გამოვიყენე, კედლის მოზრდილი ნაწილის დაფარვის გარდა. რადგანაც არც ფსიქოლოგობას ვაპირებდი და არც ლიტერატურის სამეცნიერო კვლევას, ჩავთვალე, რომ უკვე მივიღე ის ცოდნა, რაც ტექსტების დასაწერად მჭირდებოდა. 

- კარგით, სტატუსების ამბავი დავამთავროთ. 

- ჩემს ცხოვრებაში ამის მერეც იყო ბევრი სტატუსი, რომლებიც სხვადასხვა რამეს ასახავდა და, თითქოს, გულისხმობდა განვითარებას: სცენარისტი, ქოფირაითერი, კრეატიული დირექტორი. 

 
მერე უკვე რომ შემოვიდა ეს ავტორი. და მერე უკვე შემოვიდა მწერალი, მე თვითონ ვერ ვარ გარკვეული იმაში, ამ ყველაფრიდან რომელი არის ყველაზე მეტად... თვითნაბადი კი არა, ბუნებრივი და რომელი არის შეძენილი სტატუსი. თუმცა, რადგანაც საკუთარ თავს ყველაზე მეტად ვაიგივებ სიტყვებთან და წერასთან, ოღონდ, მხატვრულ წერასთან - და არა, პირობითად, სარეკლამო წერასთან - ალბათ, „ავტორი, შეთავსებით მწერალი“-ს შორის ვიფიქრებდი, რომელი შეიძლება იყოს სტატუსი.

მიხვდებოდით, რომ სტატუსები მაინცდამაინც არ მიყვარს და მგონია, რომ რა სფეროშიც ხარ იმ მომენტში, ის არის შენი სტატუსი. 

- იმისთვის, რომ მკითხველი არ დავაბნიოთ, აჯობებს, ინტერვიუს დასაწყისიდანვე შევთავაზოთ სტატუსი „მწერალი“. შემდეგ ამ მონაკვეთს წაიკითხავს და უფრო მეტს გაიგებს სტატუსების მიმართ თქვენი დამოკიდებულების შესახებ.  

- რადგან საუბრის დიდი ნაწილი ლიტერატურას და წიგნებს ეხებოდა, იყოს მწერალი.

 

 

„ვინმეს განაწყენების რომ არ მეშინოდეს, ალბათ, უფრო გულწრფელი ვიქნებოდი ადამიანებთან.“

 


- ერთხელ თქვით, ჩემი გამბედაობა რაციონალურიაო. რომ არ გეშინოდეთ (არ მოვერიდები ამ სიტყვას), რას გააკეთებდით?

- შიშის აღიარება სირცხვილი არ მგონია. მით უმეტეს, რომ თითოეულ ადამიანს აქვს შიში, რომელიც წარმართავს მის ცხოვრებას და, საბოლოოდ, ყველანი იმ დიდ შიშთან მივდივართ, საიდანაც დანარჩენი შიშები მოდის. ზოგადად, ვინმეს განაწყენების რომ არ მეშინოდეს, ალბათ, უფრო გულწრფელი ვიქნებოდი ადამიანებთან. რასაც ვამბობ, იმაში გულწრფელობას ახლაც ვცდილობ. რასაც არ ვამბობ, იმის გულწრფელობას ვგულისხმობ. ზოგიერთს ვეტყოდი, რომ ნაკლებად ზედაპირული ყოფილიყო შეფასებების გაკეთებისას, უფრო ლოგიკურად, ან, მინიმუმ, სკეპტიკურად მაინც ეფიქრა და სხვების ნათქვამი პირდაპირ არ გაემეორებინა. მაგრამ მეზარება ხოლმე დისკუსიაში შესვლა და დროის დაკარგვა იმაში, რომ ვიღაც მოვაქციო, ჩემი აზრით, სწორ პოზიციაზე. კონკრეტული რაღაც, რისიც მეშინია, სიტყვებით ნაკლებად გამოიხატება. ეს შეიძლება იყოს შენი ნათქვამის მიუღებლობის შიში, იმის მიუხედავად, რომ დარწმუნებული იყო შენს ნათქვამში. ერთი რამეც რომ „გაიპაროს“, შეიძლება, შეგრისხონ და ამას ვერიდები. კომფორტში ყოფნა მირჩევნია. თუმცა, შინაგანად შეიძლება მქონდეს ბრძოლები, რომლებიც მაშინ იჩენს თავს, როდესაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე ვდგავარ. ამ დროს ყველაფერს ვაანალიზებ - ეს რომ მოხდეს... ის რომ მოხდეს... და ამდენ ფიქრში, შეიძლება, მომენტი გაფრინდეს. ბევრს ვფიქრობ თითოეული გადაწყვეტილების წინ და ხშირად შეიძლება არ უხდებოდეს ზედმეტი რაციონალიზმი იმას, რასაც გული გეუბნება.

- დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ინტერვიუს დავასრულებთ თქვენი კომენტარით ცნობილი ადამიანების ორ გამონათქვამზე. პირველი ციტატა ეკუთვნის ავსტრიელ ფსიქიატრს ზიგმუნდ ფროიდს (1856-1939): „როცა მაკრიტიკებენ, შემიძლია, თავი დავიცვა. ქების წინაშე უძლური ვარ.“ 

- ძალიან მომწონს ეს ციტატა და ამ სიტყვებს დავიმახსოვრებ. ნამდვილად მირჩევნია, მომიძებნონ ნაკლი იქნება თუ ხარვეზი, რომელსაც ან დავეთანხმები და გამოვასწორებ (შესაბამისად, განვითარებაში დამეხმარება), ან არ დავეთანხმები და მექნება არგუმენტები, რატომ არ ვეთანხმები. როდესაც მეუბნებიან (ასეთიც ხდება ხოლმე, რატომღაც): „გენიოსი ხარ!“ ან: „გენიალურია! შედევრია!“ იმდენად მთრგუნავს ეს კომენტარი, არ ვიცი, რა ვუპასუხო. მადლობა ნიშნავს, რომ ვეთანხმები. არ ეტყვი არაფერს და ნიშნავს, რომ იმდენად გენიოსი გგონია თავი, არც კი ჩათვალე საჭიროდ, ყურადღება მიგექცია მისი მთქმელისთვის. რომ უთხრა - გმადლობ, მაგრამ გენიალურად არ  ვთვლი, - ეს ნიშნავს, რომ მისი შეფასების უნარში ეჭვი შეგაქვს, თითქოს, ცოტათი შეურაცხყოფას აყენებ ადამიანს. ამიტომ, როგორც კი ქება მესმის, უფრო მეტს ვფიქრობ, როგორ შეიძლება, რომ ვუპასუხო, ვიდრე მაშინ, როცა მაკრიტიკებენ. ქება მომწონს, მაგრამ მაშინებს. 

- მეორე ციტატის ავტორია გერმანელი მწერალი ფრანც კაფკა (1883-1924): „არც კი ვიცი, რაიმე საერთო თუ მაქვს საკუთარ თავთან.“

- ზედმეტად საინტერესო ფრაზაა იმისთვის, რომ გაიაზრო. (პაუზა) ხანდახან არის შემთხვევები, როცა საკუთარ თავს ვერ ცნობ - თუნდაც, ერთი თვის წინანდელ საკუთარ თავს. ეს, ალბათ, ცუდი არ არის. თუკი ყველაფერი მოგწონს, რაც წარსულში გიკეთებია; თუ დღემდე აღგაფრთოვანებს ის, რაც ხუთი წლის წინ დაწერე, ესე იგი, ხუთი წელი დაგიკარგავს. მსგავსი განცდა გამჩენია, როდესაც დამკვირვებლის თვალით შემიხედავს საკუთარი თავისთვის. ჩემ მიერ დაწერილს რომ ვკითხულობ, ან ტელევიზიით გადაცემულ კადრებს რომ ვუყურებ, ხანდახან მგონია ხოლმე, რომ სხვა ადამიანია, მე არ ვარ. როცა იცი, რომ ვინმე გაკვირდება, ან ბევრი ადამიანი გისმენს, ამ შემთხვევაში, სიტყვებს და ფრაზებს ფილტრავ, შეიძლება, ზოგიერთი აზრი საერთოდ არ თქვა. მერე, როდესაც მე თვითონ ვაკვირდები საკუთარ თავს იმ მომენტში, როცა სხვები მაკვირდებოდნენ, ვამჩნევ, რომ ის სხვა პიროვნებაა. რომელია ჩემი რეალური სიხშირე - ის, რომელიც საჯაროდ ირთვება თუ ის, რომელიც დანარჩენ დროს არის, ამის დადგენა საკმაოდ რთულია. შეიძლება, კაფკაც ამას გულისხმობდა. შეიძლება - არც.


 

ფოტომასალა: ზურაბ ქურციკიძე

გუნდი

ირაკლი გედენიძე

ზურაბ ქურციკიძე

გიო კუსიანი

გიორგი ურუშაძე

თამთა ყუბანეიშვილი

ნანა ყურაშვილი

ინგა ქორიძე