×
„მომწონს ჩვეულებრივ ამბებზე წერა“

თამარ გეგეშიძე

მწერალი, მასწავლებელი


2497

ინტერვიუს შესახებ

თამარ გეგეშიძე ორი საყმაწვილო რომანის ავტორია, რომელთაგან ერთი („საშლელები“) 2020 წლის ბესტსელერად არის აღიარებული თავის ჟანრში. ეს სულ არ მიკვირს, რადგან მახსოვს, როგორ მიყვარდა სკოლაზე დაწერილი წიგნები, როცა მე თვითონ მოსწავლე ვიყავი. ორი წიგნი ახლაც კარგად მახსოვს. 


თამარს პირველად შევხვდი, როცა ინტერვიუს ჩასაწერად ტელევიზიაში მოვიდა. ახლაც მიკვირს, როგორ ბუნებრივად მიბიძგა თავისი გახსნილობით და კეთილგანწყობით, რომ მომავალი წიგნისთვის რჩევაც კი მიმეცა, თან, ცოტა დამრიგებლური ტონით. ახლა სრულებით არ ვფიქრობ, რომ ეს საჭირო იყო. მაგრამ თამარის მზადყოფნა, ყველას მოუსმინოს, მასთან მოსაუბრეს სრული გულახდილობისთვის განაწყობს. ამას თქვენ თვითონ ნახავთ, როცა ინტერვიუს წაიკითხავთ. 


თამარი მხოლოდ იმ მხრივ არ არის გამონაკლისი, რომ კარგი მსმენელია. იმანაც არანაკლებ მომხიბლა, რომ „ჩვეულებრივი“ ამბები აინტერესებს და მოსწონს ადამიანები, რომლებიც ცხოვრებაში კარგის დანახვას ცდილობენ. 


მოკლედ, როგორც მიხვდით, დღევანდელი საქართველოს კონტექსტიდან სრულად არის ამოვარდნილი. ასე გაუმართლათ მის მოსწავლეებს და გაგვიმართლა ჩვენ - მის მკითხველებს. 

ია ანთაძე

- თამარ, რამდენადაც ვხვდები, ბევრი საქმე გაქვთ: სკოლაში ასწავლით, წიგნებს წერთ, ორ შვილს ზრდით. თქვენი თვითდისციპლინა რაში გამოიხატება?

- წერას ყოველთვის სჭირდება დისციპლინა. ეს არ არის მხოლოდ შთაგონებაზე დამოკიდებული პროცესი. ამიტომ, აუცილებელია, შენს თავთან მოაგვარო დისციპლინის პრობლემა. ყოველთვის დღის საათებში ვმუშაობ, როცა ყველაზე პროდუქტიული ვარ. 

- წიგნებზე მუშაობთ დღის საათებში?

- დიახ, მასალაზე, ინფორმაციის მოპოვებაზე, დახარისხებაზე... ძალიან ხშირად კონკრეტულ ადამიანებთან გასაუბრებაც მჭირდება. ვთქვათ, მყავს პერსონაჟი, რომელიც პროფესიით ტრავმატოლოგია. რა ვიცი ამ პროფესიის შესახებ? შეიძლება, რამდენიმე ადამიანი შევარჩიო, მათ გავესაუბრო და მეტი გავიგო. ეს ყველაფერი და უშუალოდ წერის პროცესიც, ვცდილობ, დღის იმ მონაკვეთში მოვაქციო, როცა ყველაზე აქტიური და ორგანიზებული ვარ. 

- სკოლაში ყოველდღე დადიხართ?

- კვირაში ოთხი დღე ვმუშაობ სკოლაში, ერთი დღე ჩემთვის დავიტოვე. შაბათი დილაც ჩემია. კვირაში ორი დღე სკოლიდან შედარებით ადრე ვთავისუფლდები. ეს არის დრო, რომელსაც წიგნებზე მუშაობას ვუთმობ. 

- ორი შვილი გყავთ. ბავშვები ამ დროს სად არიან?

- ბავშვები კერძო სკოლაში დადიან და ხუთ საათამდე იქ არიან. უმცროსი გოგონა მეორე კლასშია, უფროსი - მეექვსეში. უფროსი ჩემი ერთ-ერთი პირველი მკითხველია. პატარა იყო, როცა ვურჩიე, ჯერ არ გინდა ამ წიგნის წაკითხვა-მეთქი, მაგრამ ითაკილა, მოინდომა და წაიკითხა. 

- თქვენი ცხოვრება უფრო „მოსალოდნელის“ ვექტორით ვითარდება, თუ უფრო „მოულოდნელის“ ვექტორით?

- მოსალოდნელია ის, რაც არის რუტინა: დილას ვდგები, სამსახურში მივდივარ, დღის პირველ ნახევარს სკოლაში ვატარებ. შემდეგ ამას შეიძლება წინასწარ დაგეგმილი საქმე მოჰყვეს: შეხვედრა, პრეზენტაცია, წიგნზე მუშაობა, შვილებთან ურთიერთობა. მაგრამ სკოლაში ყოველთვის ხდება რაღაც ისეთი, რასაც არ ელოდები. ყოველი დღე თავგადასავალია, მოულოდნელობებით არის სავსე. შეიძლება, ეს იყოს ერთი წინადადება, რომელიც დაწერა მოსწავლემ, რომლისგანაც ამას არ ველოდი. შეიძლება, ვიღაცამ რაღაც განსაკუთრებული ფრაზა თქვა. ეს ყველაფერი ჩემთვის, როგორც ავტორისთვის, ძალიან საინტერესოა. 

- 2014 წელს, 28 წლის ასაკში, ფილოლოგიის დოქტორის ხარისხი მიიღეთ. ეს ნიშნავს, რომ აპირებდით, მეცნიერი ყოფილიყავით? 

- დიახ, ნამდვილად ამას ნიშნავს. შეპყრობილი ვიყავი მეცნიერებით, კვლევის პროცესი ძალიან მაინტერესებდა. მაგისტრატურაში სწავლის დროსვე გადავწყვიტე, რომ სამეცნიერო ხაზით გავაგრძელებდი მუშაობას. ეს ხანგრძლივი პროცესი იყო, რომელიც, დიდწილად, ბიბლიოთეკაში გავატარეთ. 

- მრავლობითში რატომ ამბობთ?

- ვგულისხმობ რამდენიმე ადამიანს, მეგობრებს, რომლებიც ერთად დავადექით ამ გზას. მაგრამ კვლევის პროცესში მივხვდი, რომ ჩემი დაწერილი ტექსტები უფრო მომწონდა, ვიდრე სხვისი ნაწერების კვლევა. დისერტაციაზე მუშაობა უამრავ დროს, ენერგიასა და რესურსს მოითხოვს. აღმოვაჩინე, რომ მეტ სიამოვნებას მანიჭებდა, როცა ჩემთვის ვწერდი რაიმე პატარა მხატვრულ ტექსტს ან, თუნდაც, ბლოგს. ამან მიმახვედრა, რომ სხვაგან იყო ჩემი ადგილი. მართალია, დისერტაციის საქმე ბოლომდე მივიყვანე, მაგრამ მერე გამომცემლობაში წავედი სამუშაოდ, რომ უფრო ახლოს ვყოფილიყავი წიგნებთან. მე მგონი, მაშინ კარგი არჩევანი გავაკეთე. 

- ხუთი წელიწადია, ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლით სკოლაში. თქვენს პროფესიულ საქმიანობას რა შემატა თქვენი, როგორც ფილოლოგიის დოქტორის, უნარ-ჩვევებმა? 

- ალბათ, ეს არის კვლევის უნარი, რეფერატის წერის გამოცდილება, ტექსტის აგება, სტატიებზე მუშაობა -  რაც შემიძლია, ჩემს მოსწავლეებს გავუზიარო. არცერთი გამოცდილება არ იკარგება. მქონია ერთი-ორი სამსახური, რომლებიც საერთოდ არ შემეფერებოდა და ძალიან მალე მივხვდი, რომ იქიდან უნდა წავსულიყავი. 

- მაგალითად? 

- უნდა დავასახელო? მაგალითად, საინფორმაციო სააგენტო. მალე აღმოვაჩინე, რომ იქ საერთოდ არ იყო ჩემი ადგილი. მაგრამ ეს გამოცდილებაც კი შემდეგ გამომადგა.  მიტარებია ტრენინგები და მქონია თამაშების მართვის გამოცდილებაც, რაც გაკვეთილებზე გამოვიყენე მოსწავლეების გასახალისებლად. მწერლის პროფესია მაძლევს იმის საშუალებას, რომ სარგებელი ყველგან ვნახო. 

- რა არის თქვენი პირადი ემოცია, რომელიც ყველაზე ხშირად გიჩნდებათ, სკოლასთან დაკავშირებით?

- კეთილგანწყობა, რომელიც ჩემი მთავარი იარაღია სკოლაში. მოსწავლე, განსაკუთრებით, მოზარდი, მუდმივად უნდა გრძნობდეს, რომ მის მიმართ კეთილგანწყობილი ხარ. ამის თამაში შეუძლებელია, ძალიან აშკარა ემოციაა, რომელიც დეტალებში იგრძნობა. ვფიქრობ, ჩემი კეთილგანწყობა მუდმივად ჩემთანაა და მეხმარება. 

- როცა სკოლის გარეთ ხართ, მაშინ რა ემოცია გაქვთ, სკოლასთან დაკავშირებით?

- ზოგადად, სკოლას აუცილებლად ახლავს დაძაბულობა. იმდენ ადამიანთან გიწევს ურთიერთობა, სულ ფიქრობ, რამე არ შეგეშალოს. იქნებ, ეს სწორად არ გააკეთე? იქნებ, ისე ჯობდა? ბევრ რამეზე ერთდროულად გიწევს ფიქრი: რვეულები, გამოკითხვა, საუბარი, თანადგომის გამოხატვა, გაზიარება... მაგრამ, დაძაბულობასთან ერთად, სკოლას ინტერესიც ახლავს და ეს ინტერესი მეხმარება, როგორც მასწავლებელს და ადამიანს. 

- ლიტერატურის მასწავლებელი თავის მოსწავლეებს წიგნის კითხვას ასწავლის და აყვარებს მას. თქვენ, იმის გარდა, რომ მასწავლებელი ხართ, ორი საყმაწვილო წიგნი დაწერეთ, რომლებიც ძალიან პოპულარულია. რა არის თქვენი მიზანი - რა გინდათ, რომ ბავშვებს და მოზარდებს ასწავლოთ? 

- ეს ორი პროფესია - მასწავლებლის და მწერლის - ერთდროულად მოვიდა ჩემს ცხოვრებაში. ერთი წელი ვიმუშავე მასწავლებლად და ჩემი ემოციების აღწერაც დავიწყე. ძალიან ბევრი პრობლემა დავინახე, რომლებიც მანამდე, როგორც ზრდასრულ ადამიანს, როგორც მასწავლებელს თუ დედას, არ შემიმჩნევია. არ ვიცოდი, რომ შეიძლება, ერთმა სიტყვამ ისე დათრგუნოს მოზარდი, საერთოდ აღარ მოუნდეს სწავლა და, შესაბამისად, ერთმა სწორმა სიტყვამაც დაუჯერებელი შედეგი მოგცეს. არავინ არ იცის, რა ხდება კლასში, როცა საკლასო ოთახის კარი მიიხურება. რაც არ უნდა მოვინდომოთ შეღწევა, ამას ვერ შევძლებთ, თუ შიგნით არ ვართ. თავიდან მინდოდა, რომ ბავშვები უკეთ გამეცნო - ამისთვის მივედი სკოლაში. ბევრჯერ ვაღიარე და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ თავიდან მომხმარებლური დამოკიდებულება მქონდა მასწავლებლის პროფესიის მიმართ.

 

 

„ჩვენ მოგვწონს ჩვენი მსგავსის აღმოჩენა წიგნებში.“

 

 

- გასაგებია, რომ თქვენთვის წიგნის დაწერა გინდოდათ, მაგრამ ბავშვებისთვის რა გინდოდათ?

- მინდოდა, რომ ყველაფერი, რაც დავინახე, მათაც დაენახათ. მინდოდა მეჩვენებინა, რომ მათ პრობლემებს ვხედავ; ჩვენ, უფროსები, ვხედავთ, რომ მათი მსგავსი პერსონაჟები დადიან ჩვენ შორის, რეალურები არიან. ვიღაცას რაღაც ისეთი აწუხებს, რაც სხვასაც აწუხებს. პერსონაჟი ხომ განზოგადების საშუალებას გვაძლევს. ბევრი მეუბნება და ჩემთვის დიდი კომპლიმენტია - თქვენს პერსონაჟს მივამსგავსე საკუთარი თავიო. ამ დროს ვხვდები, რომ შეიძლება,  პერსონაჟმა გაამართლა. ჩვენ მოგვწონს ჩვენი მსგავსის აღმოჩენა წიგნებში. 

- რას აძლევს ბავშვს წიგნში მისი მსგავსის აღმოჩენა?

- იმ წიგნში, სადაც პრობლემაა წარმოჩენილი, გარკვეულწილად, პრობლემის გადაჭრის გზაც არის ნაჩვენები. თუ ნაჩვენები არ არის, მინიშნება მაინც არის და შეუძლია, იმ გზას გაჰყვეს. თანაგანცდაც მნიშვნელოვანია - რომ ვიღაცამ გაიზიარა შენი პრობლემა და შენსავით ფიქრობს. პირველი ეს მოსდით ხოლმე გონებაში, ამაზე ფიქრობენ - ჩემნაირია! მე, ზოგადად, მომწონს ჩვეულებრივ ამბებზე წერა, ყოველდღიურობა, ჩვეულებრივი დიალოგები, მოვლენები, რომლებსაც დამსწრე არ სჭირდება. ამ დამოკიდებულებით, თქვენ და მე შეიძლება ვიყოთ პერსონაჟები, იმიტომ, რომ ვსხედვართ პატარა კაბინეტში, ვსაუბრობთ ლიტერატურაზე, გარეთ შემოდგომაა, თქვენ პირბადით ხართ, მე - არა, რაღაც ხდება... უკვე პერსონაჟები ვართ. ეს მიდგომა მეხმარება, რომ ნებისმიერი მოვლენა ვაქციო ამბად ან თავგადასავლად და ნებისმიერი ადამიანი გახდეს ჩემი პერსონაჟი, თუ ეს მჭირდება. წიგნით სათქმელის გადაცემა მარტივია - ერთხელ იტყვი და მერე ის ნათქვამი ბევრ ადამიანთან მივა.

- ერთი მთავარი თემა, რაც თქვენს ორივე წიგნს გასდევს და ორივე წიგნში პრობლემურია, არის მშობლების და შვილების ურთიერთობა. როგორ ფიქრობთ, რა არის მშობლის ყველაზე დიდი ვალდებულება შვილის წინაშე?

- აღზრდა რომ გვერდით გადავდოთ, მე მგონი, მთავარია, ბავშვს ბედნიერი ბავშვობა ჰქონდეს. ბავშვობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი, საიდანაც მერე მთელი ცხოვრება ვიკვებებით. ამას რომ ვიაზრებ, ყველა ბავშვის წინაშე - ჩემი შვილების, მოსწავლეების, სხვა ბავშვების წინაშე - პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ბავშვობის მოგონებებმა ადამიანი მუდმივად უნდა გააძლიეროს. 

- თქვენ თქვით, აღზრდა რომ გადავდოთო. რომ არ გადავდოთ? 

- აღზრდა ბევრ ვალდებულებას გულისხმობს, მათ შორის, ბავშვის მხრიდანაც. აქ იწყება კონფლიქტები: მოდი, ეს გააკეთე! არ გავაკეთებ!

- აღზრდაში რა არის თქვენთვის მთავარი? კი ბატონო, ბავშვი თავს ბედნიერად გრძნობს, მაგრამ როცა გაიზრდება, შეიძლება, მშობლებს საკუთარი შვილი აღარ მოეწონოთ. 

- აქ  აუცილებელია ბალანსი. ის, რომ ბავშვს თავი ბედნიერად ვაგრძნობინოთ, არ ნიშნავს, მას არ ვასწავლოთ. უნდა ვასწავლოთ, როგორც მშობელმა, სხვა შემთხვევაში, მასწავლებლისგანაც არ ისწავლის. 

- რა არის ყველაზე მთავარი, რაც გინდათ, რომ თქვენს შვილებს ასწავლოთ? 

- ალბათ, უნდა ვასწავლო, როგორი ადამიანები იყვნენ. ერთხელ ერთმა მშობელმა მკითხა, ჩემი შვილი როგორი მოსწავლეაო? მისი შვილი არ იყო მოტივირებული მოსწავლე, არ მეცადინეობდა. ვუთხარი, რომ კარგი ადამიანია, ძალიან მომწონს, პატივისცემით არის გამსჭვალული საგნის და ჩემ მიმართ, მაგრამ, რაც საჭიროა, იმას არ აკეთებს-მეთქი. მიპასუხა, არაუშავს, მთავარია, რომ კარგი ადამიანიაო.  ამ ქალის შემშურდა. მერე ჩემი მეგობარი და მე ვსაუბრობდით ამ შემთხვევაზე. მე, მაგალითად, მარტო ამით ვერ დავკმაყოფილდებოდი, სხვა მოთხოვნებიც მაქვს. ალბათ, ჩვენი შვილების შესაძლებლობები სწორად უნდა აღვიქვათ, რომ იმაზე მეტი არ მოვთხოვოთ, ვიდრე შეუძლიათ; საკუთარ ამბიციებს არ უნდა შევწიროთ შვილის შესაძლებლობები. ეს მშობლისთვისაც მნიშვნელოვანია და მასწავლებლისთვისაც, ჩემი გამოცდილებით. 

- თქვენი წიგნებიდან გამომდინარე, მშობლებს არ სცალიათ შვილებისთვის ისე, როგორც, ვთქვათ, მასწავლებელი ისურვებდა. ასეა?

- მასწავლებლის პოზიციიდან არ ვიტყვი, ეს ზოგადი დამოკიდებულებაა. ვხედავ, რომ მშობლებს, მეც, მათ შორის, ასევე, ბევრ ჩემს მეგობარს, ჩემ გარშემო პროფესიულად წარმატებულ ადამიანებს, ძალიან ცოტა დრო გვაქვს,  და რაც დრო გადის, სულ უფრო ცოტა დრო გვრჩება ჩვენი შვილებისთვის. ამიტომ, ბავშვები ცდილობენ, ეს დრო სხვადასხვანაირად შეივსონ - ტექნიკასთან ურთიერთობით, ონლაინ მეგობრობით, სხვა ადამიანებთან კომუნიკაციით. ბავშვმა უნდა მიიღოს მშობელთან ურთიერთობის აუცილებელი მინიმუმი, რომ რაზეც აქამდე ვისაუბრეთ, ეს ჰქონდეს - ცოტა დარიგება, მითითება და ბევრი სიყვარული. ეს აუცილებელია, რომ ბავშვი დარწმუნებული იყოს საკუთარ თავში; აუცილებელია იმისთვის, რომ კომპლექსები არ განუვითარდეს. 

- ერთი რამ დამამახსოვრდა თქვენი წიგნიდან: მშობელი, რომელიც ცდილობს, დღის გარკვეული ნაწილი ბავშვთან გაატაროს, პარალელურად, მაინც თავისი საქმით არის დაკავებული. ტელეფონზე ურეკავენ, ხან თვითონ რეკავს. გამოდის, რომ შვილთან ურთიერთობის ხარისხი ძალიან დაბალია. 

- ეს ხარისხი ყველაზე მნიშვნელოვანია. დღეში ნახევარი საათიც კი, რომელსაც იმისთვის გამოიყენებ, რომ ბავშვს ეთამაშო, მასთან ერთად დახატო, წიგნი წაიკითხო, უყურო რაღაც ისეთს, რაც მას აინტერესებს და შენ არ გაინტერესებს, შეიძლება, საკმარისი იყოს. ბავშვთან ერთად უნდა გააკეთო ის, რაც მას უნდა: იგრძნოს, რომ მისიანი ხარ. ეს მასწავლებლისთვისაც მნიშვნელოვანია - როცა ბავშვი გრძნობს, რომ მისიანი ხარ. თანამედროვე სამყაროში, ვინც მუშაობს, ვინც თავის საქმეს ან ოჯახის სარჩენ საქმეს აკეთებს, არავის აქვს ბევრი დრო. ამიტომ, ბავშვებს მათთან ყოფნა უნდა შევარგოთ.  ამ მხრივ, საკუთარ შვილებთან ურთიერთობასაც ძალიან ვაკვირდები. 

 

 

„მე მიმაჩნია, რომ ბავშვთან, მოზარდთან ბრძოლა არ შეიძლება.“

 

 

- მეორე თემა, რაც ორივე წიგნს გასდევს და ბევრად ჰარმონიულია, ვიდრე მშობლების და შვილების ურთიერთობა - ეს არის მასწავლებლების და მოსწავლეების დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ. გამომცემელმა მარი კორინთელმა ერთხელ დელიკატურად გკითხათ, რომელიმე მშობელი ხომ არ გაბრაზდა ამის გამო და ხომ არ გითხრათ, რომ ყველაფერს ჩემი შვილისთვის ვაკეთებო? მე მინდა, ცოტა უფრო ხისტად დავსვა ეს კითხვა: დარწმუნებული ხართ, რომ მასწავლებლის და მოსწავლის ურთიერთობა მეტად ჰარმონიულია, ვიდრე ბავშვის და მშობლის? 

- სხვათა შორის, პირველად ვისმენ ამ კომენტარს, რომ მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობა უფრო ჰარმონიული მოგეჩვენათ. როცა ვწერდი, ორივე თემაზე მინდოდა მესაუბრა. მშობლებთან ურთიერთობას რაც შეეხება, აქ ასეთი პოზიცია მაქვს - ცოტა ორივე მხარემ უნდა დათმოს. როცა ხედავს, რომ მშობელი დაკავებულია, შვილსაც ნაკლები მოთხოვნა უნდა ჰქონდეს და მშობელმაც ნაყოფიერად უნდა გამოყოს ის აუცილებელი დრო, რაც შვილს სჭირდება. მასწავლებლის შემთხვევაში, მე მგონი, უფრო ჩავუღრმავდი პრობლემას.

- რას გულისხმობთ?

- მასწავლებლებისა და მოსწავლეების ურთიერთობაზე, როგორც წესი, ნაკლებს ვსაუბრობთ, შეუსწავლელი თემაა. არადა, ოდითგანვე ეს ძალიან დაპირისპირებული წყვილია. მასწავლებელი მუდმივად რაღაცას ითხოვს და მოსწავლეს მუდმივად არ სურს იმის გაკეთება, რასაც სთხოვენ. ჩემი წიგნების მასწავლებლები ცდილობენ, რომ კონფლიქტი ბრძოლაში არ გადაზარდონ - ურთიერთობა იყოს არა ბრძოლა, არამედ,  უფრო დათმობა უფროსების მხრიდან. 

- ზუსტად ამას ვგულისხმობ - მასწავლებლები თქვენს წიგნებში მუდმივად თმობენ. 

- მე მიმაჩნია, რომ ბავშვთან, მოზარდთან ბრძოლა არ შეიძლება. ის პატარაა, ჯერ არ იცის ბევრი ისეთი რამ, რაც შენ იცი. ერთხელ ერთმა მასწავლებელმა მითხრა: კონფლიქტი როგორ უნდა მომივიდეს ბავშვთან, ჯერ უნდა გაიზარდოს, რომ მასთან კონფლიქტი მქონდესო.  მეც ჩემს წიგნებში პასუხისმგებლობას მასწავლებელს ვაკისრებ, პირველმა მან უნდა დათმოს. 

- თქვენ აქა-იქ ახსენებთ მასწავლებლებს, რომლებიც ბავშვებს არ უყვართ. მაგრამ ასეთი მასწავლებლები ტექსტში გაკრთებიან და მერე აღარ ჩანან. თუმცა, მასწავლებლები, რომლებიც მუდმივად ბავშვების გვერდით არიან, ცდილობენ, რომ ყურადღებიანები და თბილები იყვნენ; ცდილობენ, კონფლიქტამდე არასდროს მივიდნენ. თქვენ კერძო სკოლაში ასწავლით და იქ, შეიძლება, მართლაც ჰარმონიული გარემოა, მაგრამ ხომ იცით, რა ხდება სხვა სკოლებში? თუ პირადად თქვენი გამოცდილება განაზოგადეთ, ეს გასაგებია, მაგრამ რეალური სურათი ძალიან განსხვავდება თქვენს წიგნებში აღწერილისგან. 

- შეიძლება, ჩემს წიგნებში გამიზნულადაც კი იყვნენ აქცენტირებული ის მასწავლებლები, რომლებიც ბავშვებზე ზრუნავენ. შეიძლება, მათი წახალისებაც მინდოდა. იმ მასწავლებლებზე, რომლებიც ბავშვებს ვერ უგებენ, უფრო მეტს ვსაუბრობთ და ახლა სხვა რაიმეც ვთქვათ. ამ კუთხით, კერძო და საჯარო სკოლა ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდება. მე უბრალოდ მინდოდა, დადებით მხარეებზე გამემახვილებინა ყურადღება. შეიძლება, ცოტა გამბედაობაც დამაკლდა, როგორც ავტორს. ახალ წიგნზე ვმუშაობ, მასწავლებლების პრობლემებს ვუღრმავდები და  ჩემს თავს ვთხოვ, რომ უფრო მეტი ვთქვა. 

- საყვედური თუ მიგიღიათ იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენს წიგნებში იდეალიზებული სასკოლო გარემოა აღწერილი? 

- საყვედური არ მიმიღია, მაგრამ თავად ვიცი, რომ ჩემს პირველ წიგნში თავს ამის უფლება მივეცი. რაკი ის უფრო პატარა ასაკობრივი ჯგუფისთვის არის დაწერილი („სული-ჩიტის“ მთავარი პერსონაჟი 11 წლისაა), შეგნებულად გავყევი ბავშვების სურვილებს და ავუსრულე, ავუხდინე ოცნებები. იმ ასაკის ბავშვებისთვის დაწერილ წიგნში ეს შემეძლო. „საშლელებში“, სადაც პერსონაჟის ასაკი 13 წლამდე გავზარდე, უკვე მივუახლოვდი რეალობას. სხვათა შორის, საყვედური არ მიმიღია, პირიქით, უთქვამთ - ჩვენც ასე გვგონია, ჩვენც ასე ვხედავთ. თუმცა, ისიც უთქვამთ, რომ წიგნში პასუხგაუცემელი კითხვებია დარჩენილი. 

- მე ძალიან მომწონს, როცა თქვენ ამბობთ, რომ ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრება გაინტერესებთ. მაგრამ, იმედი მაქვს, რომ შემდეგ წიგნში, სადაც თქვენი პერსონაჟების ასაკი კიდევ უფრო გაიზრდება, მართლა მეტს გაბედავთ. იმას კი არ ველოდები, რომ თანამედროვე ე.წ. „ენჯიოშნიკურ“ თემებს წამოწევთ მაინცდამაინც, არამედ, ვგულისხმობ, რომ ყოველდღიური ცხოვრების რუტინას უფრო ღრმად ჩახედავთ და სკოლის ცხოვრებასაც უფრო მეტი წახნაგით აღგვიწერთ. თქვენი ორივე წიგნი სიამოვნებით წავიკითხე, მაგრამ მინდა, რომ თქვენი შემდეგი წიგნი კიდევ უფრო დამაფიქრებელი იყოს.

- ერთი რამ თავიდანვე გადავწყვიტე, მქონდეს პოზიტიური მიდგომა - რომ კარგიც დავინახო. ამას ვერ დავთმობ, ეს ზუსტად ვიცი. მომწონს, როდესაც ადამიანები ცხოვრებაში კარგის დანახვას ცდილობენ. ჩემი პერსონაჟები ამას ცდილობენ. მასწავლებლების პრობლემას კი ნამდვილად სჭირდება განვრცობა. 

 

 

„ჩემი მთავარი მიზანია, ყველაფერს მოზარდის თვალით ვუყურო.“

 

 

- გუშინ ვკითხულობდი, რომ 5340 პრაქტიკოსი მასწავლებელი გავიდა სხვადასხვა საგნობრივ გამოცდაზე, რათა თავისი კომპეტენცია დაედასტურებინა და მათგან 2886-მა ბარიერი ვერ გადალახა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იმ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც გამოცდაზე გასული მასწავლებლების ნახევარზე მეტი ვერ ადასტურებს კომპეტენციას თავის საგანში. როცა სკოლის გარემოზე დაწერილ წიგნს ვკითხულობ, მინდა, რომ მსგავსი პრობლემები სადღაც ჩანდეს. 

- განათლების სფეროს პრობლემები რომ ჩამოვთვალოთ, სია დაუსრულებელი იქნება - სახელმძღვანელოთი დაწყებული, პროგრამით დამთავრებული, რომლებიც, შეიძლება, მოსწავლის ასაკის შესაფერისი არ იყოს. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წიგნები, რომლებზეც ახლა ვსაუბრობთ, მოზარდებისთვის დაიწერა. წიგნის ყველა თემა მათთვის უნდა იყოს საინტერესო. რა დოზით შეიძლება, პრობლემები მივაწოდო და როგორ უნდა დავწერო, რომ არ გადავაჭარბო - ამაზე ყოველთვის ვფიქრობ. ჩემი მთავარი მიზანია, ყველაფერს მოზარდის თვალით ვუყურო. ეს დიდი ხნის წინ ვისწავლე, როცა  გამომცემლობაში ვმუშაობდი საბავშვო ტექსტების ადაპტირებაზე. მაშინ უფრო რთულ, ჩახლართულ წინადადებებს ვწერდი და ერთმა გონიერმა ადამიანმა მითხრა, წარმოიდგინე, რომ პატარას ელაპარაკები, ამ წინადადებებს ეტყოდიო?

- ამ მხრივ თქვენი ტექსტები იდეალურია. 

- გმადლობთ კომპლიმენტისთვის. ჩემი წიგნის ენა მარტივია. ერთხელ ერთმა მასწავლებელმა თქვა შეხვედრაზე, შეიძლება, ამ წიგნებმა ლექსიკური მარაგი ვერ გაუმდიდროს მოსწავლესო. ეს საყვედურად არ მიმიღია. ყოველთვის ვცდილობდი, ახლოს ვყოფილიყავი ყოველდღიურ ლექსიკასთან. 

- შემეცნებით მხარესთან დაკავშირებით, თქვენს წიგნებს სასაყვედურო, მგონი, არაფერი აქვს. მაგალითად, ვიცით, რომ წიგნებში, ტრადიციულად, არსებობს ამბები და აღწერები. სანამ ბავშვი ლიტერატურის გემოს გაიგებს, მას უფრო მეტად ამბები იზიდავს. თქვენს წიგნებში კი ბევრი აღწერაა, ბევრი „შეფარული“ ინფორმაციაა. ისიც ზუსტად ვიცი, რომ თქვენი წიგნები მასწავლებლებს მრავალმხრივ ეხმარება. რის მიხედვით აბალანსებთ შემეცნებით და წმინდა ლიტერატურულ მხარეს?

- ამაზე ბევრი მაქვს ნაფიქრი. ინფორმაცია, რომელიც მინდა, მივაწოდო, თავის ადგილას ძალიან ფრთხილად უნდა ჩავსვა. მაგალითად, შემაწუხებელია მშენებლობები, დიდი კორპუსები პატარა ქალაქში. ამას პირდაპირ ვერ დავწერ, მაგრამ ეს შეიძლება ბაბუამ უთხრას თავის მეზობელს და ძალიან ბუნებრივად ჟღერდეს. წერის დროს საგანგებოდ არ ვფიქრობ მხატვრულ ხერხებზე. წინასწარ მაქვს იმ თემების გეგმა, რომლებიც მჭირდება, მაგრამ სად და როგორ გამოჩნდება რომელიმე მათგანი, ამას გზადაგზა ვხვდები. როგორც ვფიქრობ, თავიდან ისე ვწერ და შემდეგ მივუბრუნდები ხოლმე რედაქტირებისთვის. მირჩევნია, შინაარსობრივად მივყვე იმას, რასაც წერის პროცესში ვგრძნობ.

 
ხმამაღალი ნათქვამი არ გამომივიდეს: ვენდობი ჩემს თავს. როგორც მე ვგრძნობ, ის მინდა, რომ დავწერო.

დანარჩენს, ტექნიკურ მხარეს, მერე გავმართავ. 

- სადამდე მიდის თქვენი კარგი ურთიერთობა მოსწავლეებთან? 

- ჩემი და მოსწავლის ურთიერთობა არ ნიშნავს ისეთ მეგობრობას, როგორიც შეიძლება იყოს ორ თანატოლ ადამიანს შორის. როცა მასწავლებლობა დავიწყე, არაერთი შეცდომაც დავუშვი, მაგრამ შეცდომებზე ვისწავლე. ერთი-ორჯერ თითქმის კონფლიქტამდეც მივედი. მერე ჩემს თავს ვუთხარი, რომ ასე არ შეიძლება. მთავარი პრობლემა ის არის, რომ რაღაც მარტივზე, ელემენტარულზე ვღიზიანდებით. მაგალითად, როცა მოსწავლე თავს მოიმძინარებს; ან არ მოიმძინარებს, მაგრამ დემონსტრაციულად არ გისმენს. შეიძლება, მის ნათქვამზეც გავღიზიანდეთ. ეს ის მოვლენებია, რომლებსაც აგრესია მოჰყვება. აგრესიამდე თუ არ მივედით და მანამდე გავაჩერეთ ეს ემოცია, ყოველთვის მოვიგებთ. შეიძლება, მოგვიანებით გაიგო, რომ ბავშვმა ძალიან გვიან დაიძინა, ან ფიზიკურად აღარ შეუძლია მეშვიდე გაკვეთილზე რთულ ქვეწყობილ წინადადებაში გაარჩიოს მთავარი და დამოკიდებული წინადადება. არის ასეთი მომენტები, მაგრამ მათ აუცილებლად უნდა მოჰყვებოდეს კომპენსაცია. ვთქვათ, მოსწავლემ უნდა გითხრას, რომ დღეს დავალების გარეშე მოვიდა, მაგრამ ამ დავალებას შემდეგ მოიტანს - და უნდა მოიტანოს. პატივისცემა მუდმივად უნდა ახლდეს ურთიერთობას.

- ზღვარს სად ავლებთ მოსწავლეებთან ურთიერთობაში?

- ეს არის ურთიერთობა ორი განსხვავებული ასაკის ადამიანს შორის. ბავშვებს უჭირთ ზღვრის გავლება. ჰგონიათ, რომ თუ ექსკურსიაზე წახვედი მასწავლებელთან ერთად და იქ იმხიარულე, მერე შეიძლება ამ მასწავლებელს შენობით მიმართო. აქამდე რომ არ მივიდეს საქმე, თავი ოდნავ დისტანციაზე გიჭირავს. მე, ყოველ შემთხვევაში, ასე მირჩევნია. მაგრამ ეს ხელს  არ მიშლის, რომ ბავშვები ჩემთან გაიხსნან. 

- შენობით მომართვა  წითელი ხაზია თქვენთვის?

- წითელი ხაზი არა, მაგრამ, ძირითადად, ასე ხდება - თქვენობით მომმართავენ. სკოლაშიც ეს ეტიკეტია, დაწყებით კლასებშივე ასწავლიან. 

- თქვენ სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებთან გქონიათ ურთიერთობა. ამ ზღვრის სწორად მოძებნა - კეთილგანწყობა, მაგრამ ორმხრივი პატივისცემის შენარჩუნება - პატარებთან უფრო ძნელია, თუ უფროსკლასელებთან? 

- ამაზე არ მიფიქრია. თუ ზღვარი ბავშვური გულუბრყვილობით დაირღვა, ამას ადვილად გამოასწორებ, მაგრამ თუ უფროსკლასელებთან გადაილახა ზღვარი, ამის გამოსწორება ნამდვილად გართულდება. რაც უფრო იზრდება ბავშვი, მეტად ყურადღებით უნდა იყო, რომ რამე არ გამოგეპაროს. თუმცა, კონფლიქტური სიტუაციის გამოსწორებაც შეიძლება მარტივი დათმობით. ამით ხომ მოსწავლესაც ასწავლი დათმობას. შეიძლება, უცებ უკან დაიხიო ისე, რომ ბავშვი გაოგნებული დატოვო.

- თქვენ ამბობთ, რომ წარმატების გზა - შრომის გზაა. როგორ ათავსებთ მოსწავლეებთან ახლო ურთიერთობას და მათთვის შრომის უნარის გამომუშავებას?

- კარგი კითხვაა, მაგრამ მე კიდევ უფრო რთულად მაქვს საქმე. მე ვარ მასწავლებელი, რომელმაც მოსწავლეს ყველა დავალების შესრულება უნდა მოსთხოვოს. ამის გარდა, ბავშვებს ავტორის თვალით ვუყურებ და მათგან მუდმივად რაღაცას ვსწავლობ. მე მგონი, ჩემი კეთილგანწყობაც აქედან მოდის. ამ კუთხით, ნებისმიერი მათგანი, როგორც ადამიანი, ჩემთვის მისაღებია. რომელიმე არამოტივირებული მოსწავლე ძალიან კარგი, საინტერესო ადამიანია და ჩემთვის ეს საკმარისია, მაგრამ მას არ აქვს დავალება. ძალიან კარგად ვარ განწყობილი მის მიმართ, მაგრამ ეს არ მიშველის მაშინ, როცა ჟურნალში ნიშანი უნდა შევიტანო. ამის ბალანსი ჩემთვის ერთ-ერთი  მთავარი სირთულეა. პირადი ურთიერთობები მეხმარება, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ესეც ვერ მშველის. ნიშნები ძალიან არ მიყვარს და მუდმივად მსაყვედურობენ, რომ ხშირად ნიშნებს არ ვწერ.

 
მე როცა ჩავატარებ ძალიან კარგ გაკვეთილს და მოსწავლეებთან ვისაუბრებ ძალიან საინტერესო თემაზე და ერთმანეთს გავუზიარებთ ისეთ რამეს, რაც პირველად ვთქვით, შეიძლება, რაღაც ამ საკითხს ჩავუღრმავდებით, როლური თამაშია თუ ნებისმიერ რამ, ამის მერე მრცხვენია, რომ ამ ყველაფერში დავწერო ნიშანი. იმიტომ, რომ ეს არის იმაზე მეტი, ვიდრე ნიშანი.

მაგრამ არის სიტუაცია, როცა მოსწავლეებს თვითონ აინტერესებთ ნიშანი. იქ ძალიან მობილიზებული ვარ. 

- რა არის ის მთავარი უნარ-ჩვევები, რაც სკოლამ უნდა მისცეს მოსწავლეს? 

- სკოლა იძლევა ცოდნას, მაგრამ თითქმის არ ავითარებს უნარებს, რომლებიც ბავშვს ცხოვრებისთვის მოამზადებს. უპირველესი  არის ის, რომ ბავშვმა სწავლა უნდა იცოდეს. სწავლის პროცესი მუდმივად გრძელდება. სკოლამ უნდა ასწავლოს, როგორ იმუშაოს ახალგაზრდამ საკუთარ თავზე, როგორ შეიძინოს საჭირო ცოდნა დამოუკიდებლად, როგორ შეუქმნას მოტივაცია საკუთარ თავს. შრომას ვემხრობი, თუმცა, მიფიქრია და მიმაჩნია, რომ მეც ცოტა ზარმაცი მწერალი ვარ. კიდევ უფრო მეტი დრო შემიძლია ამ საქმისთვის გამოვითავისუფლო, ალბათ. 

- თქვენ ორი წიგნი ძალიან სწრაფად გამოეცით. 

- პირველი წიგნი რომ გამოვეცი, რედაქციაში გაგზავნიდან გამოცემამდე პროცესს დიდი დრო დასჭირდა. ამასობაში, მეორე წიგნზე დავიწყე მუშაობა. ერთი წელი დამჭირდა პირველი წიგნის დასაწერად და წელიწად-ნახევარი  - მეორე წიგნისთვის. 

- თქვენს წიგნში „საშლელები“ აღწერილია წიგნის მოყვარულთა კლუბი ბავშვებისთვის, სადაც ისინი ერთმანეთს აზრებს და შთაბეჭდილებებს უზიარებენ წაკითხული წიგნების შესახებ. გაზიარება ნამდვილად ზრდის კითხვის მოტივაციას. დღეს სად ხედავთ ისეთ ადგილებს, სადაც შეიძლება ახალგაზრდებმა წაკითხულ წიგნებთან დაკავშირებული მოსაზრებები და ემოციები გაცვალონ?

- ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ასეთი ადგილი, უპირველეს ყოვლისა, შეიძლება იყოს გაკვეთილი. კარგი მასწავლებლის ხელში ეს უნდა იყოს გაკვეთილი. 

- ქართული ლიტერატურის გაკვეთილს გულისხმობთ? 

- არა მხოლოდ, შეიძლება იყოს ისტორიის, ხელოვნების ან სხვა ნებისმიერი გაკვეთილი. ბიოლოგიის მასწავლებელი მყავდა, რომელიც, სხვადასხვა მცენარეს რომ ახსენებდა, მერე ციტატები მოჰყავდა ლექსებიდან. სხვათა შორის, მინდა, ასეთი პერსონაჟი ჩემს წიგნშიც შემოვიყვანო. 

 

 

„ამ ასაკს ახასიათებს, რომ სხვა უფრო მოსწონთ, ვიდრე საკუთარი თავი.“

 

 

- როგორც ვიცი, ახლა უფროსკლასელებს ასწავლით. ვისთან და რასთან იდენტობა სურთ მათ დღევანდელ საქართველოში? მაგალითად, თუ მოსწონთ, რომ ქართველები არიან? 

- ეს რთული კითხვაა. უცებ ბევრი პასუხი გამიკრთა თავში. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან მოსწონთ ქართველობა. ბევრი საცდურია, ბევრი ქვეყანაა, რომელშიც, მათი აზრით, ახალგაზრდები უფრო თავისუფლები არიან, უკეთესად ცხოვრობენ. მე ვფიქრობ, ამ ასაკს ახასიათებს, რომ სხვა უფრო მოსწონთ, ვიდრე საკუთარი თავი, სხვა სამყარო, მაგრამ არა საკუთარი... ამ ასაკში იშვიათად გვხვდებიან თავდაჯერებული ადამიანები, რომლებსაც მოსწონთ თავისი სამშობლო, ოჯახი და მყარი იდენტობა აქვთ. ამ ასაკში, როცა მთელი ცხოვრება წინ აქვთ, ფიქრობენ, რომ რაღაც უკეთესი უნდათ და სჭირდებათ.

- თქვენ ამას უყურებთ, როგორც ნორმალურ მოვლენას?

- მე ამას არ ვებრძვი. მაგრამ ყველამ უნდა ვიცოდეთ, ვინ ვართ. მე, როგორც ლიტერატურის პედაგოგი, მუდმივად ვცდილობ, რომ ეს მარცვლები ჩავყარო. თუმცა, იშვიათად მომისმენია, ვინმე ამბობდეს, რომ, ვთქვათ, წავალ უცხო ქვეყანაში, ვისწავლი, მერე დავბრუნდები და ჩემს ქვეყანას ავაშენებ. მეორე მხრივ, ვფიქრობ, რომ ამას მაინც ბევრი გააკეთებს. იდეალისტურად არ ვამბობ, ასე მოქცევას ასაკი სჭირდება. 

- პირადად თქვენ რა იცით ახლა ისეთი, ძალიან მნიშვნელოვანი, რაც, ვთქვათ, 20 წლის ასაკში არ იცოდით? 

- ბევრი რამ! ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ და მათგან ბევრი რამ ვისწავლე. დღეში მინიმუმ 70 ადამიანს ვხვდები და ყველა რაღაც გავლენას ახდენს ჩემზე. მთავარი მაინც ადამიანებთან ურთიერთობის უნარი და გამოცდილებაა. 

- დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ინტერვიუს დავასრულებთ თქვენი კომენტარით ცნობილი ადამიანების ორ გამონათქვამზე. პირველი ციტატის ავტორია გერმანელი ფილოსოფოსი არტურ შოპენჰაუერი (1788-1860): „კითხვა ნიშნავს, იაზროვნო სხვისი თავით, ნაცვლად შენი საკუთარი თავისა.“

- სხვისი თავით „აზროვნება“ არ გამოდის, მაინც საკუთარი თავით მოგიწევს. მაგრამ ბევრს თუ წაიკითხავ, იფიქრებ სხვაზე, მის განცდებზე, მის ადგილას თუ დააყენებ შენს თავს, ალბათ, მიხვდები, სხვა როგორ აზროვნებს და ეს დაგეხმარება, შენც სწორად იაზროვნო. რამდენ ადამიანსაც გაუგებ, იმდენად გაიზრდები და მეტ გამოცდილებას შეიძენ. 

- მეორე ციტატა ეკუთვნის იტალიელ მწერალს - უმბერტო ეკოს (1932-2016): „წიგნი სხვისი ფიქრების მითვისების საშუალება კი არა, პირიქით, საკუთარი აზრების მწარმოებელი მანქანაა.“ მგონი, უმბერტო ეკომ შოპენჰაუერის ამ მოსაზრებას უპასუხა. 

- მუდმივად ვიმეორებ, რომ დამკვირვებლის როლში ვარ. შეიძლება, თქვენი რომელიმე მიმიკა ან ფრაზა ავიღო და სადღაც გამოვიყენო. მაგრამ პერსონაჟის პროტოტიპადაც რომ გაქციოთ, ეს არ ნიშნავს, რომ რაიმე მივითვისე. ბევრ ადამიანს უნდა შევხვდე, მოვუსმინო, რომ ჩემი შეხედულებები რეალობას მოვარგო და სხვებისთვისაც მისაღები გავხადო. სამყაროში ყველაფერი იმპულსია, მათ შორის, სხვისი ნათქვამი, სხვისი დაწერილი სტატია თუ წიგნი. ამ იმპულსებმა შეიძლება ისეთი ემოცია აღძრას შენში, რომ მოგინდეს, სადღაც წახვიდე, ძალიან დიდხანს იარო, იფიქრო და ეს ემოცია ბოლომდე გაითავისო. ასეთ იმპულსებს ყოველთვის ველი და ვუსაფრდები. 
 

ფოტომასალა: ირაკლი გედენიძე

გუნდი

ირაკლი გედენიძე

ზურაბ ქურციკიძე

გიო კუსიანი

გიორგი ურუშაძე

თამთა ყუბანეიშვილი

ნანა ყურაშვილი

ინგა ქორიძე