×
„შენ მიერ გაღებულზე ბევრად მეტით საჩუქრდები“

არჩილ ბადრიაშვილი

მთამსვლელი


1662

ინტერვიუს შესახებ

საუბრის ბოლოს არჩილ ბადრიაშვილმა მითხრა - კარგად არც ვიცი, რა გელაპარაკეთ, „იქ“ ვიყავი და „იქიდან“ ვლაპარაკობდიო. მეც ეს განცდა მქონდა, რადგან, თითქოს, იმას ვხედავდი, რასაც მოუმზადებელი ადამიანის თვალი ვერ ხედავს. 


წინა სტუმარი - სანდრო ასათიანი - ხელოვნურ ინტელექტზე და მანქანების მიერ ადამიანების ჩანაცვლებაზე ლაპარაკობდა. 


დღევანდელი სტუმარი - არჩილ ბადრიაშვილი - რომანტიზმზე და საკუთარი თავისთვის უანგაროდ დათმობილ დროზე ლაპარაკობს.  


ჩემთვის სამყაროს მიმართ ორივე დამოკიდებულება ერთნაირად საინტერესოა. მაგრამ, ვფიქრობ, რაც მეტად დავუახლოვდებით ხელოვნური ინტელექტის ეპოქას, მით მეტ ღირებულებას შეიძენენ ადამიანები, რომლებიც ბევრისთვის გაუგებარ თავგადასავლებს მიუძღვნიან საკუთარ თავს. 

ია ანთაძე

- არჩილ, რა არის ის, რასაც საკუთარ თავში არასოდეს შეცვლიდით? 

- რთული კითხვაა. ცვლილება ცუდი არ არის, ცვლილების დროს ვითარდები, ძლიერდები. 

- მაგრამ რას ხედავთ ისეთს, რასაც არ შეცვლიდით?

- ალბათ, თვისებების უმეტესობას არ შევცვლიდი. სწორად მიმაჩნია მათი განვითარება და ამ გზით გარდაქმნა.

- „მთაში დიდი სარბიელია, რომ შენს თავზე იმუშაო. მთა არ გაძლევს საშუალებას, რომ თავი მოიტყუო, გარემოს რეაქცია სწრაფია ხოლმე.“ თქვენი ეს მოსაზრება ნიშნავს თუ არა, რომ რაღაც მნიშვნელოვანი ადამიანური ასპექტით, ყველა მთამსვლელი ერთმანეთს ჰგავს?

- რაღაც თვისებებით, მთამსვლელები, რა თქმა უნდა, ერთმანეთს ჰგვანან. მაგრამ მთაში, ისევე, როგორც სხვაგან, ყველანაირი ადამიანი გხვდება. ასე რომ, მთაში ადამიანები ერთმანეთს მხოლოდ ზოგიერთ ასპექტში ემსგავსებიან. 

- მაგალითად, საკუთარ თავთან გულწრფელობის მხრივ თუ ჰგვანან ერთმანეთს?

- ვერ ვიტყვი, რომ ვინც მთაში დადის, ეს კარგი თვისება ყველას გამოვლენილი აქვს. მთის დადებითი ფაქტორის გარდა, ამ ნაბიჯისთვის ადამიანის მხრიდან მზაობაა საჭირო. დღეს ალპინიზმი კომერციალიზაციის ერაშია. ამ ერთგვარი ალპინისტური ატრაქციონის გარშემო ხშირად შეხვდებით უკეთურ, მთაში მიუღებელ საქციელს. ვფიქრობ, სერიოზულ მთამსვლელებს შორის უფრო მეტია საერთო და დადებითი თვისებებიც.

- კომერციულ ალპინიზმთან დაკავშირებით გკითხავთ: სამთო ტურისტები სპეციალურად მოწყობილ ინფრასტრუქტურას იყენებენ და მათ ბარგსაც სხვები ატარებენ. ეს ხომ არ აძლევს სამთო ტურისტებს საშუალებას, რომ უფრო მეტად გამოავლინონ ჭირვეული ხასიათი? თქვენ რომ ამბობთ, მთაში გარემო სწრაფად იძლევა პასუხს საკუთარი თავის მოტყუებაზეო, იქნებ, მათი გარემო არ იძლევა ამ პასუხს?

- მათ ხშირად ჯერ არ იციან, რომ გარემო სწრაფ პასუხს იძლევა და არ იციან, რომ მათთვისვე არის საზიანო თავის მოტყუება. ალბათ, ამიტომ ცდილობენ მაქსიმალურად, რომ საკუთარ მიზანს მიაღწიონ, ეშმაკობით იქნება, თუ სხვა ხერხებით. შეიძლება, ადამიანს არც მთა უყვარდეს, არც ბუნება და მთაში წასვლით რაღაც კონკრეტულ მიზანს ემსახურებოდეს, თუნდაც, იმას, რომ უფრო პოპულარული გახდეს. დროსთან ერთად, ისინიც სწავლობენ. საერთოდ, მთავარი ის არის, თუ რა მიზნით დადიხარ მთაში. 

- გარემო თუ ერთნაირია თქვენთვის და მათთვის, მაშინ, გარემოს პასუხი იმაზე ვერ იქნება დამოკიდებული, ვის რა მიზანი აქვს. 

- შენს თავს რომ ატყუებ, ესე იგი, რეალურად არასწორ ნაბიჯს დგამ და პასუხი გარემოს მხრიდან იქნება შესაბამისი. როცა შენ ეს უკვე იცი, ცდილობ, ნაკლები შეცდომა დაუშვა. ნამდვილი მთამსვლელის მოტივაცია მთის უპირობო სიყვარულია. საკუთარ სიცოცხლეს დებ სასწორზე, რისკავ იმისთვის, რომ მთაზე ახვიდე და იქიდან მატერიალური არაფერი ჩამოიტანო. შეიძლება, პირიქით, ჯანმრთელობა დაიზიანო. მე მაინც მჯერა, რომ თვითონ განგება, ბუნება შენს შესაბამის მოგზაურობას გთავაზობს. როგორი გულითაც ხარ შენ, დაახლოებით ისეთსავე და, ალბათ, კიდევ უკეთეს გამოცდილებას იღებ. მჯერა, რომ თუ ჭეშმარიტად წრფელი გულით ხარ, რაც არ უნდა მოხდეს, ყოველთვის შენ მიერ გაღებულზე ბევრად მეტით საჩუქრდები; იღებ იმას, რაც შენთვის უკეთესია, არ აქვს მნიშვნელობა, გონების სიცხადე იქნება, სიხარული, გასაჭირი თუ, საერთოდაც, სიკვდილი. შეიძლება, მწვერვალზე სხვა ადამიანთან ერთად იდგე, მაგრამ ეს წუთი შენთვის ან მისთვის უფრო მშვენიერი იყოს, იმიტომ, რომ ამაში სულ სხვა ძალისხმევა ჩაიდო.

- ბარში, სადაც გარემოს რეაქცია შეიძლება ასეთი სწრაფი არ იყოს, თუ მოგყვებათ პიროვნული განვითარების ის თამასა, რაც მთამ მოგაპოვებინათ?

- რაღაც ხანი მოგყვება. უფრო სწორად, რაღაც ხანი მოგყვება ძლიერად და მერე, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად, რჩება. მიზანი მაინც ის არის, რომ იგივე დონე, რაზეც მთა გასწორებს, ქალაქშიც შეინარჩუნო. 

- მთაში, ექსტრემალურ სიტუაციაში, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ადამიანს ზედმიწევნით ზუსტად ესმოდეს სხვისი და საკუთარი ემოციები? მთაში ემოციურ ინტელექტს თუ ენიჭება უფრო მეტი მნიშვნელობა, ვიდრე ქალაქში?

- მთის გარემო მრავალფეროვანიც არის და რთულიც. ბუნების გამოვლინება და ადამიანებს შორის ურთიერთობები ფაქიზია. ამავე დროს, შენი თავი გაქვს ტვირთად. შეიძლება მეტაფორულად ითქვას, რომ შენი ჯვარი, რომელიც მთაზე უნდა აიტანო, შენი სხეულია. ამ დროს რთულია სხვებზე დაკვირვება, მაგრამ დასწავლადია და ინტუიციაში გადადის. როდესაც შენს მეწყვილესთან ერთად ხარ, იქ სულ სხვანაირი ურთიერთობაა - უსიტყვოდ უგებთ ერთმანეთს. შეიძლება, დღეების განმავლობაში მაინცდამაინც არც ისაუბროთ, მაგრამ ყველაფერს ხვდებოდე - ვინ როგორ არის, როგორ მიდის საქმე, რა ემოციური ფონი და შემართებაა ამ ასვლის განმავლობაში. როდესაც სამთო გამყოლად მუშაობ, იქ აღქმის სხვანაირი უნარი უნდა გალესო. ადამიანს არ იცნობ, მაგრამ უნდა მიხვდე, როგორც პასუხისმგებელი პირი, რა უჭირს და რა ულხინს... 

 

 

„ალპინიზმის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ეს არის, რომ შიშებთან გამკლავება ისწავლო.“
 

 

- თქვენთვის ხშირად უკითხავთ შიშის შესახებ და თქვენც ყოველთვის პასუხობთ, რომ შიში გეხმარება, სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ამერიკელ კლდეზე მცოცავს, ალექს ჰონოლდს, რომელმაც 900 მეტრიან კლდეზე იცოცა დაცვის გარეშე, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია გაუკეთეს იმის გასარკვევად, მის ტვინში ხომ არ იყო რამე ისეთი, რაც მას შიშის გრძნობას უკარგავდა. მოგვიანებით ჰონოლდმა ინტერვიუში თქვა - როგორც ჩანს, მრავალწლიანი ვარჯიშით, უბრალოდ, მგრძნობელობა დავკარგე გარკვეულ სტიმულებზეო. თქვენ თუ შეგიმჩნევიათ, რომ გამოცდილების მატებასთან ერთად, შიშის სტიმულების მიმართ მგრძნობელობა დაგიქვეითდათ? 

- შიში სხვადასხვანაირია და ყველას ჩვენებურად გვესმის. შიში აუცილებელია, რომ გადარჩე. მაგრამ ოდნავ ზედმეტი შიში ხელს გიშლის. ეს მართალია, რომ ნელ-ნელა შიშზე რეაქცია იცვლება. ალბათ, რაც დრო გადის, მეც ვიცვლები და განსხვავებულად ვრეაგირებ შიშზე, ვიდრე ბევრი სხვა.

- შიშზე რეაქცია რა მიმართულებით იცვლება?

- შეიძლება, ენერგიად გარდაქმნა და კიდევ უფრო ქმედუნარიანი გახდე. უმეტეს შემთხვევაში, მთაში შიში იმის გამო ჩნდება, რომ თავს კარგად ვერ გრძნობ. არის შიში, როცა ობიექტური ხიფათია. შეიძლება, ძალიან კარგადაც ხარ, მაგრამ ხედავ, რომ ქვათაცვენაა, ან რაღაც მსგავსი. ბოლო ექსპედიციაშიც, ჰინდი კუშში, ბევრი მომენტი იყო, როცა საფრთხეს ვგრძნობდი. ამ შემთხვევაში, ეს დაკავშირებული იყო მრავალდღიან, მუდმივ სირთულეებთან, რომლებიც ამოსუნთქვის საშუალებას არ გვაძლევდა. ალპინიზმის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ეს არის, რომ შიშებთან გამკლავება ისწავლო. ალექს ჰონოლდს რაც შეეხება, მას კიდევ სხვანაირი სიმშვიდე აქვს. რომ უყურებ, ამას აშკარად ხედავ. თითქოს, ბუნებრივადაც ასეთი ტიპაჟია. 

- მისივე ახლობლები იღებდნენ ჰონოლდის ასვლას ელ კაპიტანზე (900 მეტრიან კედელზე). ცხადია, ისინი დაცვით მიჰყვებოდნენ. მათ აკრძალული ჰქონდათ დაცემინებაც კი, რომ ჰონოლდის კონცენტრაცია არ დაერღვიათ. როგორც ჩანს, კონცენტრაცია გადამწყვეტია. ეს, ალბათ, მთამსვლელისთვისაც მეტად მნიშვნელოვანია. 

- დიახ, ასეა. ძალიან კარგად მომზადებული უნდა იყო იმისთვის, რომ კონცენტრირდე იმ საქმეზე, რასაც აკეთებ და შიშზე და სხვა საგნებზე აღარ იფიქრო. 

- ამ უნარის გამომუშავება შესაძლებელია? 

- დიახ, იწყებ ვარჯიშით იოლ, ნაკლებად ხიფათიან პირობებში. ამ ვარჯიშის დროს ავითარებ კონცენტრაციის უნარს, ყველა სხვა დანარჩენ თვისებათან და ფიზიკურ კომპონენტთან ერთად. ნელ-ნელა გარემო რთულდება და ეს პროცესი წლების განმავლობაში გრძელდება. იმიტომაც არის მთამსვლელობა რთული და ბევრისთვის მიუღწეველი, რომ ამაში დახელოვნებას მრავალწლიანი პრაქტიკა სჭირდება. 

- მთაში რამდენად ხშირად ყოფილხართ სიტუაციაში, როცა გითქვამთ: „ეს არის წესები, რომლებიც ვისწავლე, მაგრამ რომლებიც დავარღვიე“?

- ბავშვი თავისი უსაფრთხოებისთვის ბევრ რამეს სწავლობს მშობლებისგან. როდესაც გაიზრდება, უნდა გადახედოს ყველაფერს, რაც იქამდე უსწავლია. ასეა მთამსვლელობაშიც. თავიდან ყველა წესი უნდა დაიცვა, მაგრამ მერე უნდა გადახედო ამ წესებს. არის წესები, რომლებიც, რაღაც მომენტში, ძალას კარგავს, ან, პირიქით, ვნებს უსაფრთხოებას. 

- მაგალითად?

- მაგალითად, ცუდი ამინდის პროგნოზი გაქვს, მაგრამ ინტუიცია გეუბნება, რომ ეს პროგნოზი შეიძლება არ გამართლდეს. წესით, უნდა დაეშვა მარშრუტიდან. მაგრამ გზას აგრძელებ. ეს შეიძლება უსაფრთხოების წესის დარღვევა იყოს, მაგრამ, მეორე მხრივ, მსგავსი ამბებით სავსეა მთამსვლელობა. მსოფლიოს ურთულესი ასვლების ნახევარიც არ დაგვირგვინდებოდა წარმატებით, ადამიანის მიერ შექმნილი წესები რომ დაიცვა.

- როდის დგება მომენტი, როცა, მრავალკვირიანი მზადების შემდეგ, წყვეტთ, რომ მწვერვალზე აუსვლელად უნდა მოტრიალდეთ უკან? როცა ფიქრობთ, რომ, ბოლოს და ბოლოს, მწვერვალზე ასვლა სავალდებულო არ არის, მიწაზე დაბრუნებაა სავალდებულო? სწორედ ასე მოხდა წელს გაზაფხულზე, როცა მაკალუზე (ჰიმალაი) ვერ ახვედით და მწვერვალიდან 600 მეტრში უკან მობრუნდით.

- ზოგჯერ ასეთი გადაწყვეტილება ნელ-ნელა მოდის. ზოგჯერ, შეიძლება, ერთი წელი ემზადებოდე ასვლისთვის, უკვე მწვერვალთან იყო და რამდენიმე წუთში შენთვის ცხადი გახდეს, რომ მორჩა, უნდა დაეშვა! საკმაოდ რთულად მისაღები გადაწყვეტილებაა. ზოგჯერ უფრო რთულია მობრუნება, ვიდრე გზის გაგრძელება, მაგრამ გიწევს. 

- მხოლოდ ამინდიდან გამომდინარე იღებთ ასეთ გადაწყვეტილებას? 

- ერთი ან ბევრი ფაქტორი შეიძლება იყოს. მაკალუზე 7800 მეტრიდან მოვბრუნდით. ახლოს ვიყავით მწვერვალთან, რამდენიმე საათის სავალი გვქონდა დარჩენილი, მაგრამ ვხედავდით, რომ მწვერვალზე ძალიან ძლიერი ქარი იყო. თანაც, გზა არ ჩანდა და ამ გზაზე პირველად ვიყავით. არის ფაქტორები, რომლებიც ან აძლიერებს, ან აბათილებს რისკებს. კიდევ იყო სხვა მიზეზები, უფრო მეორეხარისხოვანი. თუნდაც, ის, რომ მწვერვალის გზაზე სხვა აღარავინ დარჩა, ყველა მობრუნდა იმ დღეს, ჩვენ გარდა. იმის შანსიც არ არსებობდა, რომ ვინმე წამოგვეწეოდა დამხმარე ჟანგბადით და გზას გვიჩვენებდა. მთავარი მიზეზი კი იქ მაინც ამინდი იყო. 

- თქვენ თვითონ გითქვამთ: „ბევრი ტრიალდება. მაგრამ იმისთვის, რომ ეს რისკი გაწიე, საჩუქარს იღებ მწვერვალისგან. ბედნიერი ხარ.“ ზოგჯერ ხომ სწევთ რისკს და მაინც წინ მიდიხართ? რა გკარნახობთ ამ დროს?

- მთაში ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული გამართლებაზე. უბრალოდ, უნდა გიმართლებდეს. ეს შენც შეიძლება, მოიყვანო, გაზარდო შანსი, რომ გაგიმართლოს, ანუ სწორ დროს, სწორ ადგილას კარგ კონდიციაში და შემართებით იყო. იღბალი შეიძლება შენი აწმყოს, წარსულის და ჩვენთვის გაუგებარი სამყაროს მექანიზმის ერთობლიობასთან იყოს გადაჯაჭვული. მნიშვნელოვანია გუმანი, რომ მიხვდე - სარისკო სიტუაციაა, თუ გამოცდა. შესაძლოა, ეს იყოს ნიშანი, რომ უნდა გაჩერდე, ან წინაღობა, რომლის გადალახვითაც შენ კიდევ ერთხელ ამტკიცებ შენი მიზნისადმი თავდადებას. ამის განსხვავება უნდა ისწავლო. მე ვერ ვიტყვი, რომ ამ ცოდნას ვფლობ, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ გუმანი ხშირად მიმართლებს. 

- სარისკო მომენტები ხომ სულ იქნება მთაში? წინ როდის მიდიხართ?

- უმაღლესი კატეგორიის ასვლები რაც არის, მაგალითად, ძალიან დიდ სიმაღლეებზე ან ხანგრძლივ ვერტიკალებზე, რა თქმა უნდა, სირთულე მთავარი მახასიათებელია. ბევრჯერ გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღო. ფიზიკური სირთულეების მიღმა ყველაზე მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ფაქტორია, შინაგანი მდგომარეობა. ამაზეა დამოკიდებული, მწვერვალზე ახვალ, თუ ვერ ახვალ; ცოცხალი ჩამოხვალ,  ვერ ჩამოხვალ, თუ საერთოდ რას ნახავ და იგრძნობ გზად.

- თქვენ გქონდათ შემთხვევა, როცა კავკასიონზე, ჩათინის მთაზე, 42 საათი, ფაქტობრივად, გაუჩერებლად გადიოდით კლდეს. ასეთ დროს, ალბათ, ძალიან მნიშვნელოვანია ამტანობაც (რაც ფიზიკური კონდიციაა) და მოთმინებაც (რაც ფსიქიკური კონდიციაა). მსმენია, რომ მთაში ადამიანები გადაღლილობით იღუპებიან. ასეთ დროს, ფიზიკური მომზადება უფრო მეტად ეხმარება ადამიანს, რომ გადარჩეს, თუ ფსიქოლოგიური? 

- ჩათინზე იმას ვიტყვი, რომ დაახლოებით ერთი კვირა გავდიოდით მაგ კედელს. ზამთრისწინა პირობებში, ძალიან ბასრი იყო გარემო. ეს პერიოდი, როცა 42 საათი ვიყავით კედელზე გამოკიდებული, რა თქმა უნდა, ფიზიკურ სირთულეს შეიცავდა. მაგრამ, პრინციპში, ფიზიკურად მზად ვიყავით. ასეთ დროს, ერთ-ერთი მთავარი რისკი გადაღლისგან დაშვებული შეცდომებია. რა თქმა უნდა, ბევრად შენელებული ხარ, მაგრამ იქ მთავარი იყო, არ მომწყდარიყავი, ან  ისეთი შეცდომა არ დაგეშვა, რასაც შეიძლებოდა, საფრთხე შეექმნა გუნდისთვის. მოთმინებას რაც შეეხება, ეს ერთი კომპონენტთაგანია. ამ შემთხვევაში, გამოსავალი ისაა, რომ გააანალიზო მოუთმენლობის უაზრობა - მოთმინება რომც დაკარგო, სად წახვალ?!

- ალბათ, ძნელი სათქმელია, ასეთ დროს, გადარჩენისთვის რა უფრო მნიშვნელოვანია. 

- ალბათ, მთავარი მაინც უხილავი ძალის მფარველობა და, შენი მხრივ, ფსიქოლოგიური და ფიზიკური წონასწორობაა, ან ამის მუდმივი მცდელობა. 

 

 

„დღევანდელ ალპინიზმში მთაში მოწყვეტა უკვე აღარ ითვლება კატასტროფად.“

 

 

- “მთამსვლელს უყვარს, როცა სხვა იღებს ინიციატივას.“ - ეს ბიძინა გუჯაბიძის სიტყვებია. ალბათ, უფრო დიდი ექსპედიციები იგულისხმება, მაგრამ როცა მთაში ორნი ან სამნი ხართ, ეს წესი იქაც მოქმედებს?

- კაცია და გუნება. 

- ერთხელ ჰყვებოდით, რომ კლდიდან მოწყდით. მაშინ თქვა გიორგიმ (ტეფნაძემ), ახლა მე წავალ წინო და მეც წინააღმდეგობა აღარ გავუწიეო. 

- ეგ უშბაზე, ახალ გზაზე იყო 2020 წელს. ძირითადად, გიორგი და მე, ორნი დავდივართ ხოლმე. უშბაზე ასე გვქონდა გადანაწილებული - ერთ დღეს ერთი ადამიანი მიდის წინ, მეორე დღეს - მეორე.  იმ დღეს მე მომიწია მთელ დღეს თოკის წინ გატანა. უკვე საღამო იყო, ძალიან რთულ მონაკვეთს გავდიოდით. კლდე მომიტყდა, მოვწყდი. უკვე დაღლილიც ვიყავი და, თუმცა, ამ მოწყვეტამ გამახალისა და გამომაფხიზლა, მაინც, ჩვენთვისვე ჯობდა, რომ წინ გიორგი წასულიყო.

- მოწყვეტის პირველი გამოცდილება იყო თქვენთვის? 

- დიახ, ჩემი პირველი მოწყვეტა იყო მთაში. ჯერჯერობით, ბოლოც (იცინის). სხვათა შორის, დღევანდელ ალპინიზმში მთაში მოწყვეტა უკვე აღარ ითვლება კატასტროფად - როდესაც პროფესიულ დონეზე ხარ მზად და შესაბამისი დაცვის ორგანიზებაც იცი. ადრე ითვლებოდა, რომ მთაში არავითარ შემთხვევაში არ უნდა მომწყდარიყავი.

- იმიტომ, რომ დაცვა არ იყო საიმედო?

- სხვა ტიპის დაცვა იყო, არც თოკი იყო დინამიური... ახლა თოკები სპეციალურად მზადდება, რომ მოწყვეტისას დიდი დარტყმა არ მიიღო. უსაფრთხოება გაზრდილია და დაცვის საშუალებებიც ბევრად დახვეწილია.

- იმის გამო, რომ მთამსვლელი ტექნიკურად უფრო დაცულია, მსხვერპლი მთაში ახლა მკვეთრად ნაკლებია, ვიდრე ადრე იყო? 

- მსხვერპლი მთაში რაოდენობრივად გაზრდილია, მაგრამ იმის გამო, რომ ადამიანების რაოდენობამ გაცილებით იმატა. უსაფრთხოება, რა თქმა უნდა, გაუმჯობესებულია. აღჭურვილობა უფრო მსუბუქია. დასავლეთის მთებში აღწერილობები და კონდიციის დინამიური კონტროლი, ასევე, განახლებადი რეკომენდაციებია დანერგილი. ამინდის პროგნოზიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ადრე პროგნოზი არ იცოდნენ. ხედავდნენ, რომ კარგი ამინდია, მთვარეზე ,,სათლი დაეკიდება” - ახალი მთვარის კვირას კარგი ამინდები იყოო, იტყოდნენ... წავიდოდნენ და მერე, სადღაც ზემოთ, ამინდი ფუჭდებოდა, ან ,,კარგად ეჭირა”. 

- მსხვერპლი ნაკლებად გამოცდილი ადამიანების ხარჯზეა გაზრდილი? 

- დიახ, უფრო გამოუცდელების.

- იმის მიუხედავად, რომ ათასნაირი დაცვა აქვთ, მაინც ზედმეტად რისკავენ?

- დიახ, მაგალითად, არის მიდგომა, რომელიც ჩვენთან ასე ჟღერს - უჰ, მყინვარწვერზე ასვლას რა უნდა?! შორტებითაც მინახავს იქ ადამიანი. ერთი პატარა რაღაც რომ შეიცვალოს, დამთავრდა შენი ადვილი და იწყება ექსტრემი. კიდევ კარგი, ჩვენი მთები საკმაოდ მოწყალენი არიან. ზოგადად, ამბიცია იზრდება, ადამიანს თავდაჯერებულობა ეძლევა იმის გამო, რომ შეუძლია, მთა სატელიტური ფოტოებით შეისწავლოს, უყუროს ვიდეოს, წაიკითხოს ბევრი მასზე და თქვას: სხვას თუ შეუძლია, მეც შევძლებ! ასევე, ცალკე პრობლემად ითვლება მედიისა და სპონსორების წნეხი, რომ რაღაც არაადამიანური გააკეთო. ეს უფრო პროფესიონალებს ეხებათ. ბოლო დროს დაიწყო ამის ცხარე გარჩევა. იყო შემთხვევები, როდესაც ყველაზე გამორჩეული მთამსვლელები დაიღუპნენ იმის გამო, რომ მათგან სულ უფრო მეტს მოელოდნენ - აბა, შემდეგი რა იქნება?! აბა, უფრო მაგარი რა იქნება?! 

- თქვენ ერთხელ „სწორი სპონსორობა“ ახსენეთ. ეს, ალბათ, იმას ნიშნავდა, რომ სპონსორის მიმართ მადლიერება არ უნდა აიძულებდეს მთამსვლელს, რომ სასიცოცხლო რისკებზე წავიდეს. 

- რა თქმა უნდა.

- თქვენი და გიორგი ტეფნაძის წყვილზე უნდა ვისაუბროთ. როდესაც მთაში ორი ადამიანი დადის, ცხადია, ისინი ბოლომდე ენდობიან ერთმანეთს. ისიც კი თქვით, ორივეს უნდა ჰქონდეს სტოიციზმის ელემენტებიო, ანუ ეთიკური ფილოსოფია შემოიტანეთ თქვენს ურთიერთობაში. იმ დროს, როცა მთაში არ ხართ, რამდენად ხშირად გაქვთ ერთმანეთის ნახვის, თბილისში მეგობრობის სურვილი? 

- გრძელი ექსპედიციების შემდეგ, რამდენიმე დღე ვისვენებთ ხოლმე ერთმანეთისგან. არცერთი არ ვართ მარტივი, ფუმფულა ხასიათის ადამიანი. რა თქმა უნდა, ყველგან ვმეგობრობთ, გვიხარია ერთმანეთის ნახვა. ის მჭიდრო ურთიერთობა, რაც გვაქვს, მთაში იქნება თუ მთის გარეთ, არ იცვლება. 

- ნათქვამი გაქვთ: „ურთიერთობების ქარცეცხლში გამოგვივლია გიორგის და მე. ამ პროცესის მონაწილედ ყოფნა ძალიან საინტერესოა.“ რით არის საინტერესო?

- არაერთგვაროვანი, მრავალფეროვანი ურთიერთობაა - ისეთიც და ასეთიც. 

- უფრო საინტერესო ხომ არ იქნებოდა, რომ ეს ურთიერთობა ერთგვაროვანი ყოფილიყო, რაკი თქვენი სიცოცხლე თოკით არის გადაბმული?

- ეს შემადგენელი ნაწილია. ამის გარეშე ვერ წარმომიდგენია. 

- ანუ კამათის და აზრთა სხვადასხვაობის გარეშე? 

- დიახ, მაგ დროს ბევრი რამ იკვეთება. შეიძლება, შენ გჯეროდეს რაღაცის, მაგრამ კამათის შემდეგ დაფიქრდე, შესაბამისად, სხვა კუთხითაც დაინახო. რაც დრო გადის, ჩვენც ვვითარდებით, კამათი უფრო  იმაზეა მიმართული, რომ შედეგი გამოიღოს. 

- როცა ორ ადამიანს სხვადასხვა აზრი აქვს, ყოველთვის ძნელია გადაწყვეტილების მიღება. პრინციპულ თემებზე კამათის დროს, ვისი სიტყვაა „გამჭრელი“?

- საბედნიეროდ, სიღრმისეულ, პრინციპულ თემებზე საკამათო არაფერი  გვაქვს. ერთ აზრზე ვართ და ამიტომაც დავდივართ ერთად მთაში. სხვადასხვა აზრის შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღება ზოგჯერ ცოტა რთულია, მაგრამ რაღაცნაირად ვჯერდებით. მაგალითად, ერთ ადამიანს თუ მწვერვალისკენ უნდა წასვლა და მეორე ვერ გრძნობს თავს კარგად, ან არ უნდა მწვერვალისკენ წასვლა, ამ შემთხვევაში, მარტივია. გუნდის გადაწყვეტილება იმ ადამიანისკენ არის, რომელიც ფიქრობს, რომ ამ ადგილას ცუდ დროს ვართ. გუნდები, ზოგადად, ყველაზე სუსტ წევრზე იღებენ სწორებას და გუნდის იმ წევრზეც, რომელიც გადაწყვეტით ამბობს, რომ არა, უნდა მოვბრუნდეთ. 

- ზოგჯერ სამნი დადიხართ. სამიდან ერთიც კი რომ ასე ფიქრობდეს, ულაპარაკოდ უკან ბრუნდებით?

- დიახ. ჩვენ შემთხვევაში არა, თუმცა, ზოგჯერ ხდება, რომ ცრუ განგაშია და უნდა აიწონ-დაიწონოს სიტუაცია. ადამიანი თავს ვერ გრძნობს კარგად, მაგრამ შეიძლება გამოსწორდეს ეს მდგომარეობა: დაისვენო, წყალი დალიო, საჭმელი შეჭამო, თუ ტკივილია, იმას მიხედო. და გზა ისევ განაგრძო. ეს უფრო გამოუცდელებთან ერთად ან კომერციული ასვლების დროს ხდება, როცა ადამიანს თავისი შესაძლებლობების განსაზღვრა უჭირს. მაგრამ როდესაც ხედავ, რომ ადამიანი მწვერვალზე ამსვლელია, მას სხვადასხვანაირად უნდა დაუდგე გვერდში. 

 

 

„ქართველები არასდროს არ დადიოდნენ იმ სტილით დიდ მთებში, რა სტილითაც ჩვენ დავდივართ.“ 

 

 

- თქვენ ამბობდით, რომ თანამედროვე ევროპული ალპინიზმი მსუბუქი და სწრაფია; საბჭოთა ალპინიზმი კი უფრო სტატიკური იყო, ბევრი ადამიანის ჩართულობით. ჩვენ რაღაც საშუალოს პოვნას ვცდილობთო. თუ არსებობს და როგორია თანამედროვე ქართული ალპინიზმის სტილი?

- ეს არის ის სტილი, რომლითაც ჩვენ დავდივართ (იცინის). ჩვენ არ გვაქვს სწორება საბჭოთა ალპინიზმზე ან ევროპულზე. რა თქმა უნდა, ჩვენი წინამორბედები ქართველები იყვნენ, ამ კულტურას ვაგრძელებთ, ანუ ესტაფეტა, რომელიც ალექსანდრე ჯაფარიძემ დაიწყო, გამოხდა ხანი და ახლა ჩვენ გადმოვიბარეთ. იყვნენ მიხეილ ხერგიანი, ირაკლი გელდიაშვილი, არის ბიძინა გუჯაბიძე... მაგრამ ქართველები არასდროს არ დადიოდნენ იმ სტილით დიდ მთებში, რა სტილითაც ჩვენ დავდივართ. 

- რა არის განსხვავება? თქვენ კედელზე გასვლა ახსენეთ მაგ კონტექსტში. თან ევროპელების მსუბუქ და სწრაფ სტილზე რომ ლაპარაკობდით, კითხვა გამიჩნდა: სპეციფიკურ ადგილებში ხომ არ დადიან? ყველგან სწრაფად ხომ ვერ გახვალ?

- ევროპული ალპინიზმი მივიდა იქამდე, რომ უნდა შეარჩიო გზა, რომლითაც სწრაფად ახვალ მწვერვალზე. ეს არის, ძირითადად, ყინული, მიქსთი და თოვლი. ასეთ რელიეფზე გადაადგილება ბევრად ადვილია, ვიდრე კლდეზე, რადგან ყინული მეტ-ნაკლებად ერთგვაროვანია. არის მიქსთი, როდესაც კლდე და ყინული ერთმანეთს ერევა, ამ შემთხვევაში, სპეციალური (წერაყინისმაგვარი) ინსტრუმენტებით ცოცავ. მანდაც, შესაბამისად, შედარებით ადვილია გადაადგილება, ვიდრე შიშველ, ცივ კლდეზე, სადაც ვერც ხელს მოჰკიდებ რამეს და ვერც საცოც ფეხსაცმელს ჩაიცვამ, თუნდაც, მხოლოდ სიცივის გამო. ჩვენ კედლებს არ ვუფრთხით და არც მთაზე დროის გატარებას იმიტომ, რომ გვიყვარს მთა, იქ თავს კარგად ვგრძნობთ. 

- საბჭოთა სტილის სტატიკურობა რას ნიშნავს?

- იცით, როგორ ხდება? ერთ ადამიანს გააქვს თოკი, ამუშავებს მონაკვეთებს, შემდეგ კიდებს თოკს, ეშვება უკან. გუნდის წევრებს კარავი დადგმული აქვთ, საკვები მომზადებული, სასმელად თოვლი გამდნარია. მერე შეიძლება სულაც სხვამ გააგრძელოს თოკის ზემოთ გადაკიდება, შემდეგ ისევ დაშვება, ისევ უკან და ასე მიდიხარ მწვერვალამდე. ჩვენ ვცდილობთ (თუ არ ჩავთვლით რვაათასიან მწვერვალებს, სადაც აკლიმატიზაციის წესი ეტაპობრივ ასვლას მოითხოვს), რომ უკან არ დავეშვათ, მხოლოდ წინ ვიაროთ. ამის გამო, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ დისკომფორტს განვიცდით. თუნდაც, იმის გამო, რომ შეიძლება, საკარვე ადგილი ვერ მოძებნო და მოგიწიოს ღია ცის ქვეშ მჯდომარე ღამისთევა. ანუ შენი დისკომფორტის და ტექნიკური მომზადების ხარჯზე, სულ წინ მიიწევ, უფრო მალე ლახავ სირთულეებს. შეიძლება, რისკი მეტი იყოს, მაგრამ, სამაგიეროდ, სხვა სახის რისკები მეტ კონტროლს ექვემდებარება. ჩვენი სტილი - ჩვენი გზაა,  ბალანსის მოძებნა გადავწყვიტეთ ევროპულ და მემკვიდრეობით მიღებულ სტილს შორის. ეს გულისხმობს რთული მარშრუტების გავლას მცირე შემადგენლობით და მცირე რესურსებით. ადრე ხუთი-რვა ადამიანის პასუხისმგებლობა, ტვირთი და შრომა, აქ ორ-სამ ადამიანზეა გადანაწილებული. ევროპელი და ამერიკელი ალპინისტები დიდხანს ვერ გუობენ მძიმე ჩანთებს და ხშირად თავიანთ ასვლებს ამ ფაქტორზე დაყრდნობით განსაზღვრავენ. რა თქმა უნდა, მძიმე ჩანთა არც ჩვენ გვიყვარს, მაგრამ ბოლო სიტყვის უფლება მას ჩამორთმეული აქვს. ევროპელი მთამსვლელები ჩვენს ალპინიზმს შეიძლება ისე უყურებდნენ, რომ მათ ეს უკვე გავლილი აქვთ. მაგრამ მთლად ასე მარტივადაც არ არის საქმე. ჩვენი მარშრუტები უფრო რთულია, სწრაფად ვერ გაივლი. სხვანაირად დასაფასებელია დიდ კავკასიონზე ასვლები. აქ სამაშველო ვერტმფრენის, აღწერილობების და მთაზე კვალის იმედად არ დადიხარ.

- თქვენ, ძირითადად, გაუვლელი მთები გიზიდავთ. ერთხელ თქვით, ეს პრესტიჟულიაო. გაუვლელ მარშრუტებზე სიარული მსოფლიო ტენდენციაა, თუ თქვენი ერთგვარი ამოჩემებაა?

- ასეთი მთები ბავშვობიდანვე მიზიდავდა, როდესაც არც ვიცოდი, რა იყო სხვადასხვა სტილის ალპინიზმი. მთებს ვნახულობდი, რომელი მთაც მომწონდა, მასზე ჩემს ხაზებს ვავლებდი და ვფიქრობდი, როდესაც ნამდვილი მთამსვლელი გავხდები, ამ გზებს გავივლი-მეთქი. რეალურად, ეს არის მთავარი გამოწვევა მთამსვლელობაში, რომ უვალ გზაზე იარო. ეს ყველაზე რთული ალპინიზმია. ჩვენც ვცდილობთ, ყველაზე რთული ასვლები განვახორციელოთ. რაც მთავარია, ჩვენს გულს და გონებას ეძახიან უცნობი ჰორიზონტები, უფრო სწორად, ვერტიკალები.

- მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოზე - „ოქროს წერაყინზე“ - სამჯერ იყავით წარდგენილი და რამდენიმე დღის წინ, 2020 წლის უშბაზე ასვლისთვის, უკვე მეოთხედ წარგადგინეს. ეს ნიშნავს, რომ  თქვენი ძალისხმევა უცხოეთშიც ძალიან დაფასებულია? 

- დიახ, დაფასებულია და, ალბათ, უფრო მეტადაც. 

- ასეთი რამ თუ ხდება: ზუსტად იცით, რომ ესა თუ ის მთა თქვენთვის საინტერესოა, თუმცა, ისიც ზუსტად იცით, რომ ჯერ ამ მთისთვის მზად არ ხართ? 

- ჩვენს ლიმიტს მიღმა - ასეთი გზები არის. საუბარია მაღალ მთებზე, სადაც უმაღლეს ტექნიკურ სირთულეს ისეთი სიმაღლე ემატება, რომ ძალიან მცირე შანსი აქვს ნებისმიერ მთამსვლელს. 

- არსებობს პროგრამა, როგორ უნდა მოემზადოთ ურთულესი, ჯერ დაუძლეველი მარშრუტების გადასალახად? 

- თუ  რომელიმე კონკრეტულ მარშრუტზე წასვლა გადაწყვიტე, მერე შესაბამის მომზადებას იწყებ. ეს შეიძლება მარტო ვარჯიში არ იყოს, ეს შეიძლება იყოს ასვლები. 

 
ასევე, ისიც არის, რომ რაღაც ძალიან რთულ მთაზე რომ მიდიხარ, შეგრძნება გაქვს, რომ მთელი შენი, ვთქვათ, ეს ალპინისტური კარიერა შეიძლება ჩაითვალოს ამ კონკრეტული ასვლისთვის მომზადებად.

 

- მაგრამ ასეთი განცდა, შეიძლება, უსასრულოდ ჰქონდეს ადამიანს. 

- დიახ. ეგ არის საინტერესო, რომ შეიძლება გამოუცდელის თვალით ბევრად უფრო ერთფეროვანი ჩანდეს: მწვერვალზე ადიხარ - ჩამოდიხარ... იმდენად მრავალფეროვანია, იმდენად ულევი კომბინაციაა და ისეთი სირთულეებია, რომლებსაც, იცი, რომ ვერასდროს ამოწურავ, ყველაფერს ვერ დაძლევ ან გამოცდი. 

- ზოგადად, ადამიანზე ამბობთ? თუ თქვენთვის არის დაუძლეველი? 

- უფრო, შენთვის არის. მოვა სხვა თაობა, რომელიც იმდენად მომზადებული იქნება, რომ მეტსაც მოახერხებს. შენ იცი, რომ ამისთვის მზად არ ხარ. და ეს მომზადების და სიახლის პროცესი არ მთავრდება. თუ გონება სწორად მუშაობს, იქამდე არ უნდა მიხვიდე, რომ თავში აგივარდეს. მთა სწორედ იმას გასწავლის, რომ ფიზიკურად რაღაც პატარა, საკმაოდ მოწყვლადი წერტილი ხარ.

- ზამთრის ასვლა რომ გქონდათ შხარაზე, მაშინ თქვით, კავკასიონის ბოლო გამოწვევა დაძლეულიაო. ეს ემოციური ნათქვამი იყო, თუ გააზრებულად თქვით? 

- შემოკლებული ნათქვამია. ალბათ, მართებული იქნება, ასე ვთქვა - კავკასიონზე ზამთრის ერთ-ერთი უკანასკნელი და უდიდესი გამოწვევა დაძლეულია. ეს იყო კლასიკური გამოწვევა, რომლის შესახებ ყველამ იცოდა, ვისაც კი ზამთრის კავკასიონი აინტერესებს - რომ შხარის სამხრეთ კედელი ზამთარში გაუვლელი იყო. მცდელობები, ფაქტობრივად, ძირშივე მთავრდებოდა. მეც მქონდა ეს განცდა თავიდან, ძირში რომ მივედით - სად მივდივართ?! 

 

 

„თანამედროვე ტექნოლოგიებმა ცოტა გაანელა მძაფრი თავგადასავლის შეგრძნება.“
 

 

- მთაში შეცდომების ლიმიტი თუ არსებობს?

- შეცდომებზე სწავლობ. შეიძლება, სტატისტიკურად არც უნდა ვიყო ცოცხალი. დიდი ხნის წინ უნდა დამთავრებულიყო ყველაფერი, ბევრჯერ უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ... არ დამთავრდა. მთა გასწავლის - უფრო ასე ვიტყოდი. უმეტესობას ეძლევა ეს შანსი და ჯობია, რომ დროულად ისწავლო.

- ერთხელ ცდილობდით, გეპასუხათ კითხვაზე, მთაში რატომ დადიხართ და ასე ახსენით: „თავგადასავლის სიყვარულს მიყავხარ და მოყავხარ.“ ფიქრობთ, რომ 21-ე საუკუნე თავგადასავლების მაძიებელთა საუკუნეა? გაქვთ განცდა, რომ სწორ დროში მოხვდით? 

- მთამსვლელობის რომანტიზმის ხანა მეოცე საუკუნეა. მაშინ მთების სრული უმეტესობა აუსვლელი, გამოუკვლეველი იყო. ახლა თანამედროვე ტექნოლოგიებმა ცოტა გაანელა მძაფრი თავგადასავლის შეგრძნება - როცა იცი ამინდი, როდესაც რუკები გაქვს, სატელიტური ფოტოები გაქვს... მაგრამ ამის კომპენსაციას იმით ვახდენთ, რომ აუსვლელ მთებზე მივდივართ; ან ისეთ კედლებზე, სადაც ბოლოს 30 წლის წინ იყო ადამიანი. ასე ვიქმნით მძაფრი თავგადასავლის შეგრძნებას.

- ანუ 21-ე საუკუნეში პოულობთ მე-20 საუკუნეს?

- საქართველოში რომანტიზმის ხანა არ გადასულა. საბჭოთა კავშირის მარწუხებმა დიდი გავლენა იქონია ქართულ ალპინიზმზე და საქართველოზე, საერთოდ. თავისუფლები არ ვიყავით, რომანტიზმის განცდა განელებული იყო. 

- ასე მგონია, რომ მაშინ სწორედ რომანტიზმში გასაქცევი ერთ-ერთი გზა იყო ალპინიზმი. 

- მთა, ალბათ, მართლაც იყო თავისუფლების სივრცე. მაგრამ მთლიანად გარემო არ იყო თავისუფალი. ახლა, რამდენიმე წელიწადია, მეტად გამოიღვიძა მთის სიყვარულმა. იმას თუ ვიტყვით, რამდენად პოპულარულია მთამსვლელობა ქართველებში, - კი, მაგრამ უფრო შორიდან. 

- ეს იმის ბრალი ხომ არ არის, რომ ძალიან პრაგმატული გარემოა, ხოლო მთამსვლელობას სჭირდება როგორც თავდადება, ასევე უანგარობა. ამ პრაგმატულ გარემოში ბევრი დროის და ენერგიის ჩადება ისეთ საქმეში, რომელიც არაფერს გაძლევს, პიროვნული ზრდის გარდა, ბუნებრივიც კი მეჩვენება. 

- დრომ მოიტანა, რომ ახლა ბევრად უფრო რთულია მთაში სიარული სერიოზულ დონეზე, ვიდრე აქამდე იყო. მოყვარულის დონეზე კი - პირიქით. ზოგადად, სისტემა, თითქოს, ამის წინააღმდეგ მიდის. სამწუხაროდ, ასეა. 

- ალპინიზმი რომანტიკული ბუნების ადამიანების საქმედ თუ რჩება? 

- დიახ, რომანტიული ბუნების ადამიანებთან, რა თქმა უნდა, კავშირშია. როგორც გიორგი ტეფნაძემ თქვა და, ალბათ, არამარტო გიორგიმ: 

 
რაც უფრო მეტს დადიხარ, რომანტიზმი რაღაც გარდაიქმნება, კლებულობს, მაგრამ მაგის გარეშე შეუძლებელია. შეუძლებელია ის სირთულეები, ის არაადამიანური დატვირთვები და ის ხიფათები აიტანო და გადაურჩე, თუ შენში ეს რომანტიზმი აღარ არის.
 
 
 
- ფიქრობთ, რომ დრო გავა და, შეიძლება, საერთოდ აღარ წავიდნენ მთაში ადამიანები? 

- ალბათ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რაღაც დიდი გასაჭირის ხანა დადგება. სხვა მხრივ, არ მგონია. 

- ამბობენ, რომ მალე ბევრ საქმეს მანქანები შეასრულებენ. თუ ასე მოხდა, შეიძლება, ადამიანები საქმის გარეშე დარჩნენ და ისევ მთებისკენ მიბრუნდნენ.

- სხვათა შორის, პანდემიამაც დაგვანახა, რომ, თურმე, არ არის საჭირო ამდენი, ზედმეტი მუშაობა. შეიძლება, საქართველოში ბევრი სულ არ მუშაობდეს, მაგრამ მსოფლიოში ასეა. ამდენი მუშაობა ადამიანს არ სჭირდება. მჯერა, ადამიანი იმისთვის არის მოვლენილი ამ სამყაროში, რომ თავისი გზა იპოვოს, თავის თავზე დაკვირვების დრო და ენერგია სულ ჰქონდეს. როდესაც ისე ხარ ჩართული სისტემაში, რომ საკუთარი თავისთვის  დრო აღარ გრჩება, ამან შეიძლება პიროვნულ კატასტროფამდე მიგვიყვანოს. მე ასე ვუყურებ. 

- დიდი მადლობა უაღრესად საინტერესო საუბრისთვის. ინტერვიუს დავასრულებთ თქვენი კომენტარით ცნობილი ადამიანების ორ გამონათქვამზე. პირველი ციტატა ეკუთვნის სტენდალს, ფრანგ მწერალს (1783-1842): „განმარტოებაში შეიძლება შეიძინო ყველაფერი, გარდა ხასიათისა.“

- მიუხედავად იმისა, რომ სტენდალს დიდ პატივს ვცემ,  ვერ ვხვდები, რას გულისხმობს, ან რა კონტექსტში. ჩემი აზრით, განმარტოება ადამიანს საფუძვლიანად ცვლის, თანაც, აუცილებლად, ხასიათთან ერთად. 

- მეორე ციტატის ავტორია ჯორჯ ბიორნსი, ამერიკელი მსახიობი (1896-1996): „ბედნიერებაა, გყავდეს დიდი, მოყვარული, მზრუნველი, ერთსულოვანი ოჯახი... სხვა ქალაქში.“

- მე პირადად ამ ბოლო ორ სიტყვას ამოვიღებდი. იუმორს ვაფასებ, თუმცა, ჩემთვის ოჯახი სიმყარის და ძალის ნიშანია. ოჯახი არის მთავარი მიზეზი, მოტივაცია, რომ მთებიდან ყოველთვის უკან დავბრუნდე. 

- მთების გამო, მაინც სადღაც სხვა ქალაქში ხომ არ გამოდის თქვენთვის ოჯახი ?

- არა, იმიტომ, რომ დრო თუ მაქვს, იმ დროს ყოველთვის ოჯახთან ერთად ვატარებ. შორიდანაც კი ფიქრებით მათთან ვარ.

ფოტომასალა: ზურაბ ქურციკიძე

გუნდი

ირაკლი გედენიძე

ზურაბ ქურციკიძე

გიო კუსიანი

გიორგი ურუშაძე

თამთა ყუბანეიშვილი

ნანა ყურაშვილი

ინგა ქორიძე