×
„არ უნდა ებრძოლო შენს თავს იმიტომ, რომ გაცვდები“

დეა ყოლბაია

ექიმი პათოლოგანატომი


3765

ინტერვიუს შესახებ

კინორეჟისორმა ბუბა ხოტივარმა ერთხელ  თავის გადაცემაში ასე წარადგინა ჩვენი დღევანდელი სტუმარი: ამ ადამიანის ცოტა მეშინია, რადგან მხოლოდ ეროვნულმა ბიბლიოთეკამ იცის იმდენი, რამდენიც დეა ყოლბაიამო. 

რაკი ქალბატონ დეასთან საუბრის ცოტა მეც მეშინოდა, გადავწყვიტე, ის გზა ამერჩია, რომელიც ყველა საფრთხეს ამაცილებდა: მხოლოდ ის მეკითხა, რაც მართლა მთელი გულით მაინტერესებდა. მით უმეტეს, რომ მე საქართველოს ამბები მაინტერესებდა, ქალბატონ დეას კი ამ თემაზე თავისი აზრები საჯაროდ არასდროს გამოუთქვამს. 

ინტერვიუს შემდგომ შთაბეჭდილებასაც გაგიზიარებთ: ჩემს მოლოდინს გადააჭარბა სტუმრის არა ცოდნამ, არა აზროვნების მასშტაბმა, არა გულწრფელობამ, არამედ - სითამამემ. ვფიქრობ, ჩვენი პროექტის ერთ-ერთ ყველაზე თამამ ინტერვიუს გთავაზობთ. 

ქალბატონი დეას უკეთ გასაცნობად, აქვე წარმოგიდგენთ Podcasthub-ის „ქალების პოდკასტის“ გადაცემას „ესაუბრე მას“, სადაც, დეა ყოლბაიასთან ერთად, ანდრო დგებუაძესაც შეხვდებით.  

ია ანთაძე

- ქალბატონო დეა, თქვენს პიროვნებაში თითქმის ყველაფერი განმაცვიფრებელია და უცხო ადამიანისთვის განცვიფრება იწყება თქვენი პროფესიით, რადგან ექიმი პათოლოგანატომი ხართ. როგორ აირჩიეთ ეს პროფესია?

- პირველ რიგში, დიდი მადლობა ყურადღებისთვის. სრულიად შემთხვევით შევხვდი დიდებულ ქალბატონს, ჩვენი მედიცინის ბურჯს, აკადემიკოს თამარ დეკანოსიძეს. ქალბატონი თამარი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პათოლოგიური ანატომიის კათედრის გამგე იყო, ღვაწლმოსილი ექიმი-მეცნიერი. მე მესამე კურსზე ვსწავლობდი სამედიცინო აკადემიაში, როდესაც მოხსენება მქონდა ადამიანის ბიოლოგიური რიტმების ნერვულ ენდოკრინულ რეგულაციაზე. დამდეს პატივი და ჩვენი მედიცინის კორიფეები შეიკრიბნენ ამ მოხსენების მოსასმენად. მოხსენების შემდეგ ქალბატონმა თამარმა შემაქო და მითხრა, ჩემთან უნდა წაგიყვანო, აბა, დაინტერესდი პათოლოგიური ანატომიითო. 90-იანი წლებია - არა შუქი, არა წყალი, არა გზა, არა სტუდენტობა და აკადემიაში პათოლოგიური ანატომია, როგორც მოსახდელი სენი, ისე მოვიხადეთ. მაგრამ, ქალბატონი თამარის პიროვნებიდან გამომდინარე, დავინტერესდი. მან ჯერ თავისთან კათედრაზე დამიბარა, შემდეგ სახლში მისი ხშირი სტუმარი გავხდი. ასე რომ, ქალბატონი თამარის სიყვარულმა მომიყვანა პათოლოგიურ ანატომიაში. ინტერნატურა და ასპირანტურა დავამთავრე. მერე, მინიმუმ, რვა წელი ვიყავი კათედრაზე. პრაქტიკული მეცადინეობები მქონდა და სხვადასხვა კომერციულ ინსტიტუტში ლექციებს ვკითხულობდი. 

- რამდენი ხანია, რაც უშუალოდ თქვენი პროფესიით აღარ მუშაობთ? 

- 2002 წლიდან ფარმაციაში ვარ. ჩემი პრეპარატები შევქმენი, ჩემი „კოქტეილი“, მცენარეული ბიოაქტიური დანამატები. ეს პრეპარატები, ძირითადად, სიმსივნის საპროფილაქტიკოდ და კომპლექსურ მკურნალობაში გამოიყენება. 

- როგორც თქვენ ბრძანეთ, წარმოშობით აფხაზეთიდან ხართ, გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯიდან. სკოლა იქ დაამთავრეთ და თბილისში ამის შემდეგ ჩამოხვედით. რთულ პერიოდში, აფხაზეთის დაკარგვის შემდეგ, თავი აუტსაიდერად თუ გიგრძვნიათ? 

- არასოდეს. მე - არასოდეს. 

- იმის გამო, რომ დედა თბილისიდან იყო და თბილისი თქვენთვის მშობლიური ქალაქია? 

- დიახ, ფუძეც მქონდა, სამეგობრო წრეც მყავდა, ნათესავებიც აქ ცხოვრობდნენ. რა თქმა უნდა, დრამა იყო, მამული დაიკარგა, ჩემი ახლობლები, ნათესავები დაიხოცნენ, მთელი ოჯახი აიყარა და მამაჩემი, პრაქტიკულად, ამას შეეწირა. სერიოზული ნერვული სტრესის გამო დაეწყო ნეიროპათია, ნერვული აშლილობები. პირადად მე დევნილობა არანაირად არ მიგრძვნია, თუმცა, 90-იან წლებში, როგორც ყველას უჭირდა, ისე გვიჭირდა ჩვენც. 

- თუ გქონდათ შეხება თქვენს ნათესავებთან, რომლებიც ჯერ ე.წ. „გეტოებში“ ცხოვრობდნენ, მერე გარეუბნებში?

- დევნილობის ხანაში, მთელი ჩვენი სანათესავო - 30 ადამიანი - თბილისში ჩვენს სახლში ცხოვრობდა. ერთმანეთზე გადავდიოდით, პეშვი ლობიოთი ვაპურებდით ბავშვებს. ეს ნამდვილად იყო...

- თქვენ ამბობთ, რომ „ტკივილი არის ის, რაც ჩვენ გვინახავს, სიცოცხლეს გვინარჩუნებს.“ როგორ ფიქრობთ, საქართველოს რეალურად სტკივა აფხაზეთი? ჯერ კიდევ გვინარჩუნებს სიცოცხლეს აფხაზეთის და სამაჩაბლოს ტკივილი?

- არა, ტკივილი აღარ არის. დარჩენილია მხოლოდ მფრინავი ფრაზები: „აფხაზეთი ჩემი ტკივილია!“ „გახსოვდეს აფხაზეთი!“ თუმცა, კარგა ხანია, ეს ფრაზები ტელევიზორიდანაც აღარ გამიგია. აფხაზეთის თემა საერთოდ ამოვარდნილია. ეს არის პოლიტიკა, დაგეგმილი, არ ვიცი, მტრის თუ მოყვრის მიერ. რაც აღარ გტკივა, ის დავიწყებას ეძლევა. ვთქვათ, როგორც ჩვენი მითოკულტურული წიაღი ამოიძირკვა მეხსიერებიდან. ქრისტიანობა, რა თქმა უნდა, პლანეტარული მასშტაბის მოვლენაა, მაგრამ ის, რაც ქრისტიანობამდე გვქონდა, მთელი 1500 წლოვანი ისტორია ამოიშალა ჩვენი კულტურული მეხსიერებიდან. დღეს მე რომ გამოვიდე ინიციატივით, თავის ძველ ადგილზე აღვადგინოთ ჩვენი წარმართული კერპები, გაცი და გა, როგორც კულტურული ფენომენი - ეს ნამდვილი ბომბი იქნება. მეტყვიან, წარმართული კერპების აღდგენა გინდაო. თუნდაც, ძირძველი ქართველური წარმართული ასტრალური სახელები გავიხსენოთ: ცისანა, ცისმარი, მზიური, მზისა, მთვარისა... ამ სახელებს დღეს აღარ არქმევენ. სოფიო, ელისაბედი, ეკატერინე - ხშირად შეგვხვდება. სულ მაინტერესებს, როგორც ექიმს, რომელია თავის ტვინის ის სტრუქტურა, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას, რომ ეს „დონე“ სახელია და ის - არა. 

- გასაგებია, რომ ბევრი რამ დროთა განმავლობაში აქტუალობას კარგავს და დავიწყებას ეძლევა. თქვენი ნათქვამია: „თუ არ მეტკინა შენი სიშორე, აღარ მოგძებნი“. აფხაზეთის ტკივილი თუ დავივიწყეთ, ამის შედეგი რა იქნება?

- სამუდამოდ დაკარგული გვაქვს ის, რაც აღარ გვტკივა. ეს ტკივილი დაგვავიწყეს ისეთი ტკივილგამაყუჩებლებით, როგორებიც არის შოკური თერაპია და ყურადღების გადატანის მანევრი, მაგალითად, ეკონომიკური სიდუხჭირე. „მაცივარი სულ ცარიელი მაქვს, აფხაზეთის დროა?!“ ან „მე მარტო როგორ დავიბრუნებ სოხუმს და ცხინვალს?“ 

 

 

„უნდა შევთანხმდეთ, რომ ერთმანეთი ადამიანობით შევაფასოთ და არა ინტელექტით ან განათლებით.“

 

 

- სანამ საქართველოზე საუბარს გავაგრძელებთ, უფრო ზოგადი კითხვა მაქვს. თქვენ ბრძანეთ, რომ სამყაროს შემეცნებით ხართ დაკავებული. ამავდროულად, ექიმი ბრძანდებით და ადამიანის შემეცნება თქვენი პროფესიაა. რით ჰგვანან ისინი ერთმანეთს - სამყარო და ადამიანი?

- მიკრო და მაკრო სამყარო ერთმანეთის ასლია, პრინციპულად ერთი და იგივეა. განსხვავება არის მასშტაბში, ენერგეტიკაში, ვიბრაციებში, სიხშირეში... არცერთი ატომი ცოცხალი არ არის და არაცოცხალ ატომთა ერთობლიობა ქმნის ცოცხალს. ჩემი არცერთი უჯრედი არ არის გონიერი, მაგრამ უგონო უჯრედთა ერთობლიობა ქმნის გონის მატარებელ სტრუქტურას. ასევეა სამყარო. იმისთვის, რომ გავიგო, ჩემს თავს რა ხდება, უნდა გავიგო, სად ვარ, ანუ სამყარო უნდა გავიგო: რომ ეს არის თბილისი, რომელიც საქართველოშია, საქართველო არის კავკასიაში, კავკასია ევრაზიაა, ევრაზია დედამიწაა, დედამიწა მზის სისტემაა, მზის სისტემა „ირმის ნახტომშია“, „ირმის ნახტომი“ ადგილობრივი გალაქტიკური ჯგუფია, რომელიც გაერთიანებულია სუპერკლასტერში „ლანიაკია“ და დიდი ატრაქტორისკენ მიდის... ეს - რაც ახლა ვიცით. საზოგადოების ძალიან დიდი პრობლემა გაუცნობიერებლობაა.

- გაუცნობიერებლობა - რისი? სამყაროში ჩვენი ადგილის?

- ზოგადად, აზროვნების პრინციპზე ვლაპარაკობ. ახლახან საშინელება მოხდა, ახალგაზრდა ბიჭი მოკლეს შუა თბილისში. იმ მკვლელმა, რომელიც ბიჭის მოსაკლავად დაიქირავეს, რომ გააცნობიეროს, ეს რას ნიშნავს, ხომ ვეღარ გააკეთებს? მას ესმის, რომ ადამიანს ესროლა და გაიქცა. ესმის, მაგრამ ვერ აცნობიერებს, რა გააკეთა. ჩვენ რომ ვაცნობიერებდეთ, რა ხდება ჩვენს თავს, ყველანი გავჩუმდებოდით, ერთმანეთს ხელს ჩავჭიდებდით და მტრობა დამთავრდებოდა. გაცნობიერება არის იმის პირობა, რომ ჩვენი ფიქრების სინქრონიზაცია მოხდეს. 

- სინქრონიზაცია რასთან? ერთმანეთთან? 

- დიახ, ერთმანეთთან, ამას თანხმობა ჰქვია. უნდა შევთანხმდეთ, რომ ერთმანეთი ადამიანობით შევაფასოთ და არა ინტელექტით ან განათლებით... თუ გაქვს, კარგია. მაგრამ ბევრი განათლებული, ერუდირებული ადამიანი საშინელებებს ამბობს და ჩადის. შეიძლება განათლებული ინტელექტუალი ბოროტი იყოს, რადგან ვერ აცნობიერებდეს. ერთია, რა იცი, მეორეა - რა შეგიძლია. 

- თვალს რომ გადავავლებთ სამყაროს და ადამიანის განვითარებას, შეგვიძლია, ვთქვათ - ადამიანთა სამყარო, რაც დრო გადის, უმჯობესდება თუ უარესდება? 

- უმჯობესდება, რა თქმა უნდა. 

- რატომ?

- დედამიწის მოსახლეობა უკვე 7 მილიარდზე მეტია. ამდენი მანამდე არასდროს ყოფილა. ეს სიმრავლე განაპირობებს იმას, რომ სტატისტიკურად კარგიც და ცუდიც მატულობს. მაგალითად, დაავადებები იყო, მაგრამ გამოკვლევის მეთოდები, ინტელექტუალური, ინსტრუმენტული რესურსი მანამდე არ იყო. თორემ, სიმსივნეც იყო, ტუბერკულოზიც, ოსტეოქონდროზიც, ათეროსკლეროზიც და ფსიქიკური დაავადებებიც. უბრალოდ, აღწერილობა არ გვაქვს იმიტომ, რომ გამოვლენა არ ხდებოდა.

- მედიცინის მიღწევებიდან გამომდინარე ამბობთ, რომ საერთო მდგომარეობა უმჯობესდება? 

- მხოლოდ აქედან გამომდინარე არ ვამბობ. ლეონარდო და ვინჩი ქვის ხანაში რომ დაბადებულიყო, იქნებოდა ლეონარდო? თავისი მონაცემებით იქნებოდა, მაგრამ რაც მან შექმნა, იქიდან ვერაფერს შექმნიდა. ჩვენ გვაქვს ინდუსტრიული რევოლუცია.  მეცნიერება საზოგადოების სამსახურშია და განვითარება გარდაუვალია. თუმცა, სტატისტიკიდან გამომდინარე, თუ პესიმისტი ხარ, იტყვი, კაცობრიობა დაკნინების გზაზეაო და თუ ოპტიმისტი ხარ, იტყვი, რომ პროგრესისკენ მივდივართ. აღარ მახსოვს, ჰოლანდიაში თუ ბელგიაში, ერთ-ერთი მერი, რომელიც ეჭვმიტანილი იყო კორუფციაში, შუა მოედანზე მოკლეს და შეჭამეს. 200 წელიწადში ამ საზოგადოებამ შექმნა სოციალურად არნახულად დაცული, აწყობილი სისტემა. არ არის განსხვავება? ფასეულობები ბევრად უკეთესია დღეს, ვიდრე შუასაუკუნეებში იყო. კანის ფერის, სოციალური წარმომავლობის, პოლიტიკური, რელიგიური თუ სხვა განსხვავებული ორიენტაციის გამო ადამიანს არ კლავ, არ ავიწროებ... 

- ანუ კაცობრიობა პროგრესისკენ მიდის არა მხოლოდ ტექნიკურად, არამედ - ჰუმანიტარული თვალსაზრისით. 

- დიახ, ჰუმანიტარული და ინტელექტუალური თვალსაზრისით მიდის პროგრესისკენ.

- ამ ვრცელი კონტექსტის გათვალისწინებით, მინდა, ისევ საქართველოში დავბრუნდეთ. თქვენ ბრძანეთ, რომ ეროვნება მოდის აღზრდიდან. თუ ადამიანი ქართველად არ აღზარდე, ქართველი ვერ იქნება. როგორ ფიქრობთ, დღეს ეთნიკურად ქართველ ახალგაზრდებს უნდათ, რომ ქართველები იყვნენ, ანუ საკუთარ წინაპრებს ჰგავდნენ? თუ უფრო მეტად უნდათ, რომ უცხოელებს, ვთქვათ, ფრანგებს ან ბელგიელებს ჰგავდნენ? დღევანდელ საქართველოში იდენტობის პრობლემა თუ შეგინიშნავთ? 

- საერთოდ, იდენტობის პრობლემა საზოგადოებაში მწვავედ მაშინ იჩენს თავს, როდესაც მას ვიღაც ერჩის. აი, მაგალითად, როცა გაძალებენ, ლაღიძის ხაჭაპური კი არა, მაკდონალდსის ბურგერი უნდა მიირთვაო. დღეს იდენტობა გაიგივებულია ისეთ მავნე ფენომენთან, როგორიც არის ნებისმიერი მიუღებლობა: ქსენოფობია თუ ჰომოფობია. მაგრამ როგორ შეიძლება, ვინმემ ქართველობა წამართვას, როცა ჩემი აღზრდით ქართველი ვარ?

- ეს გასაგებია. კონფლიქტი არ ჩნდება, როდესაც ადამიანი საკუთარი იდენტობის ერთგულია. მაგრამ მომისმენია მოსაზრება, რომ რადგან 30 წელიწადია, საქართველო მარცხის გზაზე მოძრაობს, ახალ თაობას გაწყვეტილი აქვს ემოციური კონტაქტი მამების თაობასთან. ახალგაზრდების ის ნაწილი იგულისხმება, რომელსაც არ უნდა, მარცხიან ქვეყანასთან და, ზოგჯერ, საკუთარ ტრავმირებულ ოჯახთან იყოს იდენტიფიცირებული. არის თუ არა ეს პრობლემა?

- არის პრობლემა. 25 წლამდე ახალგაზრდები, რომლებიც უცხოეთში  სასწავლად წავიდნენ, უკან იშვიათად ბრუნდებიან და თუ დაბრუნდნენ, ამბობენ - ეს სად დავბრუნდი, რა მინდოდაო?! მარტივ მაგალითს გეტყვით: მე ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი ქართველი. მე რომ ავად გავხდე, უნდა შევძრა მთელი ფეისბუკი და ტელევიზია, გამოვაცხადო ჩემი ანგარიშის ნომერი და ვთხოვო ყველას, რომ, თუნდაც, ლარი გადმომირიცხონ. ჩემი გადარჩენისთვის საჭიროა, რომ ვიმკურნალო მუსულმანურ თურქეთში, იუდეურ ისრაელში, პროტესტანტულ გერმანიაში, კათოლიკურ იტალიაში, ან უღმერთო ჰოლანდიაში. რატომ? აქ არ არიან ექიმები, რომ უმკურნალონ ან პარკინსონს, ან სიმსივნეს? არ ვენდობი მე - ქართველი მართლმადიდებელი ქრისტიანი ქართველ მართლმადიდებელ ქრისტიანს. მე რომ გამოგიწეროთ წამალი, თქვენ შეხვალთ აფთიაქში და ფარმაცევტი გეტყვით: ეს წამალი არის გერმანულიც, იტალიურიც, თურქულიც, ბერძნულიც, რუსულიც და ქართულიც. რომელს აირჩევთ?

- გერმანულს.

- დიახ, მაგრამ თუ ამდენი ფული არ გაქვთ, იყიდით კათოლიკური იტალიის მიერ დამზადებულს; თუ მაინც არ გეყოთ თანხა, იყიდით მუსულმანური თურქეთის წარმოებულს. თუ ძალიან შეზღუდული გაქვთ ფინანსები, მაშინ იყიდით მართლმადიდებლური რუსეთის, საბერძნეთის ან ქართული წარმოების წამალს. რატომ? მე, ქართველი მართლმადიდებელი ქრისტიანი, ყველაზე ნაკლებად ვენდობი მართლმადიდებლურ ქვეყნებში წარმოებულ წამალს და ყველაზე ბოლოს ვენდობი მართლმადიდებლურ საქართველოში წარმოებულს. 

- რამდენად საფუძვლიანია ჩემი უნდობლობა? 

- საფუძვლიანია და გეტყვით, რატომ. მიმოიხედეთ ამ ოთახში, ან თქვენს სახლში, ან სადმე სტუმრად - ვერ ნახავთ ნივთს, რომელიც მართლმადიდებლურ ქვეყანაშია დამზადებული. სამაგიეროდ, ნახავთ ჩინურ კომპიუტერს, ჩინურ ან იაპონურ ტელევიზორს... რატომ არის პოლიტიკისა და ეკონომიკის ფლაგმანი პროტესტანტული ქვეყნები? მეორე ადგილზე კათოლიკური ქვეყნებია და ბოლოში - მართლმადიდებლური, ისიც, რუსეთის ხარჯზე, რუსეთიც - ნედლეულის ხარჯზე. 

 

 

“ეს არის ფენომენი, ათეისტებმა როგორ შეძლეს ასეთი ტოლერანტული, სოციალურად უზრუნველყოფილი და დაცული საზოგადოების შექმნა.”

 

 

- ასე მგონია, თქვენ ბევრი რამ იცით კანონზომიერებების შესახებ. ახლა რასაც ბრძანებთ, ეს რა კანონზომიერებას ექვემდებარება?

- წავიკითხე, რომ ბოლო 40 წელიწადში ჰოლანდიაში  ეკლესიების 60%-ზე მეტი დაიხურა. სკანდინავიის ქვეყნების მოსახლეობის 95% (უხეშად რომ ვთქვათ) ათეისტია. ეს არის ფენომენი, ათეისტებმა როგორ შეძლეს ასეთი ტოლერანტული, სოციალურად უზრუნველყოფილი და დაცული საზოგადოების შექმნა. ჩვენთან, სადაც ყოველ წელს ახალი ეკლესია შენდება, ორ მართლმადიდებლურ ქვეყანას შორის გამყოფი საზღვარი ჩვენს გადამწვარ სახლ-კარზე გადის. რანაირად? აიღეთ ახლად აშენებული პროტესტანტული ტაძარი, მერე ახლად აშენებული კათოლიკური ტაძარი და მერე - ჩვენი მართლმადიდებლური ეკლესიები. პროტესტანტებთან ნახავთ, როგორ იცვლება არქიტექტურა, ახალი ელემენტები შემოდის - მოდერნი, პოსტმოდერნი, მინიმალიზმი. პროტესტანტულ ეკლესიებში არის არქიტექტურის დინამიკა. კათოლიკურში იმდენად არა, მაგრამ იქაც არის ელემენტები, რომლებიც დროთა განმავლობაში იცვლება. მართლმადიდებლურ ეკლესიებში ვერ მიხვდები, რომელი საუკუნისაა, თუ არ აწერია. ყველგან დაცულია ორთოდოქსული უწყვეტი ხაზი - ასეთი უნდა იყოს და არა სხვანაირი. 

- იმის თქმა გინდათ, რომ განვითარებას უშლის ხელს მართლმადიდებლობა? 

- განა მართლმადიდებლობა უშლის? არა, თურმე, ქრისტიანობის ჩვენეული გაგება ყოფილა ასეთი. დამოკიდებულებაა მთავარი. კათოლიკეებმა ქრისტიანობა გაიგეს ასე, პროტესტანტებმა გაიგეს ისე და უღმერთო ჰოლანდიელებმა ასე გაიგეს ადამიანი. 

- რომ ყველაფერი ადამიანისთვის უნდა იყოს?

- დიახ, ცენტრში ადამიანია.

- ჩვენი 30 წლიანი მარცხის მიზეზად რა მიგაჩნიათ?

- ცნობიერების კრიზისი. პატარა გადახვევა - ბერძნულ მითოლოგიურ სიუჟეტს შეგახსენებთ: დემეტრა ეძებს დაკარგულ ქალიშვილს, პერსეფონეს. ჰერმესი მას ჩუქნის ორ ჩირაღდანს, რადგან ქვესკნელში უნდა ჩავიდეს ქალიშვილის მოსაძებნად. ჰერმესი ეუბნება: ეს ორი ჩირაღდანი სულ უნდა ენთოს; ერთ-ერთიც თუ ჩაგიქრა, შენს შვილს ვერ იპოვიო. ერთი ჩირაღდანი არის ლოგიკა და მეორე - ინტუიცია. ჩვენ ვიცით, რომ ლოგიკის მესაჭე კლასიკური უნივერსიტეტია და ინტუიციის მესაჭე ეკლესიაა. როდესაც ამ ორივე ტიტანს მართავს შენი მტრის უშიშროების სადაზვერვო სამმართველო - გამორიცხულია, ამ დღეში არ იყო. ერთადერთი საშველი, რომ ამ კრიზისული ცნობიერებიდან გამოვიდეთ, არის სრულფასოვანი, მიუკერძოებელი განათლება, მიუკერძოებელი სულიერება და ლუსტრაციის კანონი. გავიგოთ, ეს ხალხი საიდან მოვიდა, ვინ რას ემსახურება. 

- ეკლესიას გულისხმობთ? 

- ეკლესიაც, ერიც და ბერიც. როდესაც ეკლესიაში შედიხარ  და განმარტებას არ იღებ, განათლებას არ იღებ; როდესაც იქ გხვდება მაფიოზური სტრუქტურა, - ვერავითარ გამოღვიძებაზე ვერ იქნება ლაპარაკი. ეს არის ცნობიერების დაპროგრამებული, დაგეგმილი კრიზისი. 

- მაგრამ რატომ ხდება, რომ დამოუკიდებელი ქვეყნის პოლიტიკაში მოდიან ადამიანები, რომლებთან დაკავშირებით კითხვები ჩნდება ორივე მიმართულებით - როგორც აკადემიური ცოდნის, ისე ღირებულებების კუთხით? თითქმის სულ ასეთი ხალხი რატომ ხვდება პოლიტიკაში, 30 წლის განმავლობაში?

- ახლა მაგალითს მოვიყვან. გერმანიაში, ერთ-ერთ ქალაქში, მცირერიცხოვანი მრევლი - დაახლოებით 500 ადამიანი - შეიკრიბა ახალგაზრდა სასულიერო პირის სახლთან და მას ქალაქის დატოვება მოსთხოვა. ამ ახალგაზრდა სასულიერო პირს მამამ დიდძალი ქონება დაუტოვა და მან ორსართულიანი, მაგრამ პატარა სახლის მშენებლობა დაიწყო. ხალხი გამოვიდა და ეუბნება: წადი ჩვენი ქალაქიდან! ჩვენ გვინდა, შენ წახვიდე ამ ქალაქიდან იმიტომ, რომ ერთს ამბობ და მეორეს აკეთებ! ამ ახალგაზრდა კაცმა დატოვა იქაურობა და წავიდა. 

- ნამდვილი ამბავია?

- დიახ, ნამდვილი ამბავია. გერმანელმა მრევლმა პირი შეკრა და თქვა: ეს კაცი რას აკეთებს? ძვირფასი მანქანით დადის, ძვირფას სახლს აშენებს... ეს რა მღვდლის საქციელია?! მათ უფლება არ მისცეს მღვდელს, მამის დანატოვარი ფულით ფუფუნებაში ეცხოვრა: აცდენილია სიტყვა და საქმეო. შენ  მისცემ უფლებას, რომ შენ გვერდით ასე მოიქცეს პოლიტიკოსი, სასულიერო პირი, ქმარი, ცოლი, შვილი? რის უფლებასაც მისცემ, იმის მიხედვით მოიქცევა. 

- შეიძლება ასე შევაჯამოთ ჩვენი საუბრის ეს ნაწილი, რომ სინამდვილეში, ორი ჩირაღდნის პრობლემა გვაქვს არა მხოლოდ პოლიტიკაში, არამედ - ყველგან? 

- საზოგადოებრივი თვითშეგნების დეფიციტი და ცნობიერების კრიზისი გვაქვს. მანკიერი წრე შეკრულია და ამ წრიდან ვერ გამოვდივართ. ყოველი ეკლესიის გვერდით რომ იყოს პატარა პალეონტოლოგიური მუზეუმი, ასტროფიზიკისა და კოსმონავტიკის პატარა ცენტრი... გამოდიხარ და ადარებ: აგერ, კაცობრიობის 7000 წლოვანი ისტორია, როგორც ბიბლია აღგვიწერს; 21-ე საუკუნეში გეუბნება, რომ სამყარო შვიდი ათასი წლისაა. გვერდით იყოს პლანეტარული მოდელიც, იყოს ასტროფიზიკაც, მთვარის დაპყრობა... 

- ანუ იყოს მეცნიერული აზრი? 

- დიახ, გვერდიგვერდ იყოს მეცნიერება და რელიგია. 

- დღეს ბევრჯერ ახსენეთ კრიზისული ცნობიერება და ადრე ნათქვამი გაქვთ, კრიზისული ცნობიერება კრიზისულ გადაწყვეტილებებს ბადებსო. ჩვენს რეალურ გარემოს როგორ ესადაგება ეს ფრაზა? 

- ცნობიერებას თუ განვიხილავთ, როგორც ტვინის პროდუქტს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ტვინი არასწორად ვითარდება; ტვინის სტრუქტურის, ნერვული ქსელის ჩამოყალიბება არასწორად ხდება. იმისთვის, რომ თავის ტვინის ნერვული სისტემა, ორგანიზაცია სათანადოდ განვითარდეს, ჩვენ გჭირდება სიმშვიდე ოჯახში, ნორმალური საარსებო გარემო. სახლში არ უნდა იყოს დაძაბულობა იმის გამო, რომ მაცივარი ცარიელია და შუქის ფულია გადასახდელი. ქუჩაში ბავშვის გაშვების არ უნდა გვეშინოდეს. უნდა გვქონდეს ნორმალური განათლების შანსი და ახალგაზრდა კემბრიჯში, იენაში, ოქსფორდში და სტენფორდში არ უნდა მიდიოდეს იმის გამო, რომ აქ სათანადო განათლების მიღება შეუძლებელია. ჩვენთან მიზანმიმართულად არის ჩამოშლილი ინტელექტუალური და სულიერი ცხოვრება, რომ არ მოხდეს თავის ტვინის ნორმალური სტრუქტურის ჩამოყალიბება, რომ არ გვქონდეს ნორმალური ცნობიერება. ჩვენთან პარანოიდული ტონი და ისტერია უკვე ნორმაა. ითვლება, რომ არტისტულები ვართ. სინამდვილეში, პარანოიდულობას ვნიღბავთ არტისტულობით. 

- ცხრა აპრილის პერიოდში, როცა საქართველოში დიდი ერთიანობის ხანა იდგა - მაშინაც ასეთები ვიყავით? 

არა. იცით, ჩვენ რა პარადოქსული შედეგის წინაშე ვართ? 

 
ღვთისმშობლის ღიმილი ვიტირეო! - ბრძანა ერთმა ჩვენმა დიდებულმა პრეზიდენტმა. საქართველოს მისიაში, „საქართველოს სულიერ მისიაში“ წერს ზვიად გამსახურდია - ღვთისმშობლის ღიმილი ვიტირეო! და კაცი, რომელმაც ღვთისმშობლის ღიმილი იტირა, ერთმა ეკლესიამ არ შეიფარა და არ დამალა! და ტყეში ნადირივით მოკლეს!

 

- ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო?

- აბა, როგორ?! კი ბატონო, ნარკომანიც სამკურნალოა; კი ბატონო, ქურდსაც შეეშალა, დრამატული ცხოვრება გამოიარა და ეკლესიას აფარებს თავს; იქ ვიღაცამ ადამიანი მოკლა, თუ შემოაკვდა და მასაც ეკლესია იფარებს. ნარკომანი, ქურდი და მკვლელი თუ შეიძლება, შეიფარო და გამოსწორების გზაზე დააყენო, ღვთისმშობლის ღიმილი ვიტირეო, კაცმა თქვა, ქვეყნის მტრები მოსაკლავად დასდევენ და ერთმა ეკლესიამ არ შეიფარა. ეს რას ნიშნავს?

- რას ნიშნავს?

- ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დაგეგმილი დივერსია ზედა ეშელონებიდან იმართება. ამას ნიშნავს! ეკლესიამ კარი რატომ არ გაუღო? არცერთმა?! ეს ნიშნავს იმას, რომ 9 აპრილის მერე მოხდა ძირითადი დაპირისპირება, რომელიც დღემდე გრძელდება. სულ მუდამ ორი მხარეა და ორივე მხარეს აქვს პარანოიდული დამანგრეველი ტონის ერთი და იგივე სიხშირე, ერთი და იგივე ვიბრაცია. ორივე მხარე ერთნაირი აგრესიულობით ამტკიცებს თავის სიმართლეს. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, მართალს ამბობ თუ ტყუილს, როცა შენი ვიბრაცია დამანგრეველია. 

- თქვენ ბრძანეთ, რომ კრიზისიდან ვერ გამოვალთ, სანამ ინტელიგენცია დუმს. დიდი ხანია, საზოგადოების ის ფენა, რომელსაც „ინტელიგენციას“ ვეძახით, აზრის ლიდერის როლს ვეღარ ასრულებს. რა არის ამის მიზეზი და შედეგი?

- თქვენ გაინტერესებთ, რატომ აღარ აქვს ინტელიგენტის აზრს, ინტელიგენციის პოზიციას მნიშვნელობა? 

 
იმიტომ, რომ ინტელიგენციის დიდი ნაწილი, როგორც ისტორიამ აჩვენა, იბრძვის ფიზიკური გადარჩენისთვის. იბრძვის ელემენტარული ფიზიკური საზრდოსთვის და გაიყიდა. ინტელიგენცია გაიყიდა. ის ხდება რუპორი იმ ძალისა, რომელიც მეტს გადაუხდის.

 

- ყველას ხომ არ ეხება? 

- უმნიშვნელო ნაწილი დარჩა და მის ხმას აზრი აღარ აქვს. მაშინ უნდა იყოს მაჰათმა განდის მასშტაბის მოაზროვნე, ინტელექტუალი, სულიერი ძალის და ავტორიტეტის მქონე. მაჰათმა განდიც ააფეთქეს და მოკლეს ინდოელებმა. ყველაფერი ხომ პირობითია, შენ იმ პარიის ხარ, ამ პარტიის ხარ, ასეთი ხარ, ისეთი ხარ - რა გახდა ერთმანეთის მოსმენა? რა გახდა?! ტვინში ისეთი მედიატორული კოქტეილია, რომ მოსმენა აღარ შეუძლია. 

- მაჰათმა განდი ახსენეთ და ხომ არ არის ჩვენი პრობლემა ის, რომ საქართველოში ვინც აკვირდება, ის არ მოქმედებს და ვინც მოქმედებს, ის არ აკვირდება?

- ეს არის ჟანრის კლასიკა. ვისაც რაღაცის შეცვლაზე მიუწვდება ხელი, ის ორიენტირებულია მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებაზე და ვისაც მართლა შეუძლია, შექმნას ძალა და ღირებული სიტყვა თქვას, ის იმედგადაწურულია და ამბობს, არაფერი შემიძლიაო. ესეც ცნობიერების კრიზისია. 

 

 

„რაც ახლა იქმნება ინტერნეტში, ეს არის ყველაზე პერსპექტიული.”

 

 

- ჩვენთან პოლიტიკაში ზოგჯერ მოდიან ახალი ადამიანები, მაგრამ ძველი იდეებით. ახალი იდეების წარმოქმნაზე საუბრობდით და უნივერსიტეტების მაგალითი მოიტანეთ. წარმატებულ უცხოურ უნივერსიტეტებს ირგვლივ ბაღები და კაფეები აკრავს, სადაც ახალგაზრდები ურთიერთობენ, ახალ იდეებს წარმოშობენ; ხოლო საბჭოთა კავშირის უნივერსიტეტებს ასეთი საჯარო სივრცეები არ სჭირდებოდა და არც ჰქონდა. თქვენ რომ გისმენდით, გამახსენდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან დაკავშირებული ორი საჯარო სივრცე, საბჭოთა პერიოდში: ლიტერატურული სამშაბათობები უნივერსიტეტში და უნივერსიტეტთან მდებარე „ჩაის სახლი“. ორივე სივრცე იყო ურთიერთობის და იდეების გენერირების ცენტრი, თვითონ სტუდენტების მიერ შექმნილი. ქვეყანამ როგორ უნდა წარმოშვას იდეების ჩამოყალიბების და გაცვლის ცენტრები? სად ელოდებით ასეთი საჯარო სივრცეების გაჩენას?

- ერთადერთი, რაც მესახება, არის ინტერნეტის სივრცე. ინტერნეტში არის შინაურული დღიურების მსგავსი პოდკასტები. ზოგი ყურადსაღებია, ზოგი იაფფასიანია, მაგრამ რაც ახლა იქმნება ინტერნეტში, ეს არის ყველაზე პერსპექტიული. შინაარსი დაიწმინდება, დალაგდება... ციფრული მედია ვერ ჩაყლაპავს ტელევიზიებს, კლასიკური ჟურნალისტიკა ყოველთვის იქნება თამასა, საზომი. მაგრამ პოდკასტები, ინტერნეტდღიურები სულ უფრო მეტ მაყურებელს შემოიკრებს. 

- ინტერნეტში მართლაც შეიძლება ჩამოყალიბდეს გულწრფელი იდეების გაცვლის და წარმოქმნის საჯარო სივრცე. მაგრამ ციფრული მედიის ფინანსურად გაძლიერება როგორ წარმოგიდგენიათ?

- დღეს ასე ჩანს, რომ სამმილიონიანი ქვეყანა ძნელად თუ შეინახავს ასეთ ინტერნეტსტუდიებს. მაგრამ მალე საზოგადოებას ინფორმაციული შიმშილი შეაწუხებს, ეს მომენტი უკვე მომწიფებულია. მოდის თაობა, რომელიც ტელევიზორს საერთოდ არ უყურებს. მე სხვა თაობა ვარ, მაგრამ წლებია, ტელევიზორისთვის არ შემიხედავს. არც მცალია და ინტერესიც აღარ მაქვს, რადგან ინტერნეტიდან ვიღებ ყველაფერს, რაც მჭირდება. უკვე მოდის თაობა, რომელიც ფულსაც შოულობს, სხვანაირად აზროვნებს და ინტელექტუალურ საზრდოს ეძებს. გამოვიდეთ ამ „კორონობიდან“ და, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა, 3-4 წელიწადში ინტერნეტრესურსი გახდება ეკონომიკურად გამართლებული და ძლიერი. ის რეალურ კონკურენციას გაუწევს ტელევიზიას.

- მართლაც, საქართველოში ტელევიზიების უმრავლესობა მორალურად გაცვდა. ამიტომ, ძალიან სერიოზული ნიშა არსებობს თავისუფალი ციფრული მედიისთვის. 

- გეტყვით, რომ TikTok-ისთვის რამდენიმე სიუჟეტი მოვამზადეთ, 3-4 წუთიანი ჩანაწერები. რა თქმა უნდა, ასი ათასობით ნახვა არ გვაქვს, მაგრამ TikTok-ის მაყურებელთა ნაწილი ჩვენზე გადმოერთო და ფილოსოფიურ-მეცნიერულ ანალიზს უყურებს. TikTok-ის მაყურებელი შესანიშნავად ხვდება, რა არის ფასეული და რა - არა. 

- თქვენ, ვინც საერთოდ არ ხართ დაინტერესებული პარტიული დღის წესრიგით, თქვენი პრეზენტაციის სივრცეს მხოლოდ ციფრულ მედიაში ხედავთ?

- დიახ, იმიტომ, რომ ეს სივრცე მიუკერძოებელია. მე არ წარმოვადგენ არანაირ ფასეულობას ისეთი ტელევიზიებისთვის, როგორებიც დღეს გვაქვს. ჩვენი ერთადერთი მიზანი ციფრულ სივრცეში არის მეცნიერების პროპაგანდა. არა კონკრეტული იდეების, არამედ მეცნიერების პოპულარიზაცია. კლასიკური აკადემიური მეცნიერების მიმართ ინტერესი თუ არ გაჩნდა, არაფერი არ გვეშველება. 

- ფაქტობრივად, ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანების ხარისხიან ცხოვრებაზე. ასეთი რამ გაქვთ ნათქვამი: „აზრი აქვს არა სიცოცხლეს, არამედ - ცხოვრებას.“ თქვენ როგორ ხსნით მათ შორის განსხვავებას? რა შემთხვევაში შეიძლება თქვათ - ეს ადამიანი ცოცხლობს, ის კი ცხოვრობს?

- სადაც არის შემოქმედება, იქ არის ცხოვრება. სადაც შემოქმედება არ არის, იქ, უბრალოდ, არსებობაა. არა მხოლოდ ლექსი, დიდებული მუსიკალური ნაწარმოები ან ფერწერული ტილოა შემოქმედება. არა - წვნიანს აკეთებ შემოქმედებითად; მაკარონს მიირთმევ შემოქმედებითად... შემოქმედება ცნობიერების თამაშია, რითიც შენ ღმერთს უახლოვდები... ღმერთს ყველაფერი შეუძლია, ერთის გარდა - რომ შემოქმედი არ იყოს. 

- ერთი კითხვა გამიჩნდა: ბლუმის ცნობილი ტაქსონომიის მიხედვით, ადამიანის სააზროვნო უნარები 6 დონედ იყოფა. სინთეზის უნარი, რაც შემოქმედების საფუძველია, მაღალი სააზროვნო უნარია, მეხუთე დონე. მანამდე ადამიანმა უნდა გაიაროს ცოდნა, გაგება, გამოყენება, ანალიზი... როდის მივალთ სინთეზამდე? ხარისხიანი ცოდნის ეტაპზეც არ ვართ, როგორც საზოგადოება. 

- მოდის თაობა, რომელიც სხვანაირად იწყებს სწავლას, სხვა ხარისხით. სწავლის სწავლაც სხვანაირია. იმიტომ არ ესმით ერთმანეთის მამებს და შვილებს, რომ შვილი გეუბნება: ფრანგისგანაც ვისწავლი, ინგლისელისგანაც, წარმართობისგანაც, ისლამისგანაც, ინდუისტობისგანაც... მექნება ჩინური ვაზაც, ინდური გადასაფარებელიც - არა ნივთების დონეზე, არამედ, იდეების დონეზე. 

- ხედავთ ამ ტენდენციას? 

- დიახ, ეს არის - მრავალფეროვნება, მიღება, ერთმანეთის ზღაპრებისა და კერძების შეყვარება. ჩვენ ვართ კაცობრიობა. ყველანაირი დაყოფა პირობითია. 

 

 

„მოდის ტალღა, რომელსაც ეს უკვე დაბერებული „ჰომო სოვიეტიკუსი“ ვეღარ გაუმკლავდება.“

 

 

- მივედით იქამდე, რითიც მთავრდება „ვეფხისტყაოსნის“ ბოლო თავი - „ტარიელისა და ნესტან-დარეჯანის ქორწილი“: „შიგან მათთა საბრძანისთა თხა და მგელი ერთად სძოვდეს." ეს არის სამყაროში ადამიანთა თანაცხოვრების იდეალური მოდელი. მაგრამ რას გულისხმობს ეს მოდელი? ან როგორ მიიღწევა?

- როდესაც ვამბობთ, თხა და მგელი ერთად ძოვდესო, აქ რა ხდება? ძოვა აუცილებლად ჭამას არ ნიშნავს, ეს ნიშნავს თანაცხოვრებას. მგელი არ ჭამს თხას არა იმიტომ, რომ ცნობიერება შეეცვალა და ვეგეტარიანელი გახდა. იმიტომ არ ჭამს, რომ შიმშილი აღარ არის. არცერთს არ შია. თორემ, თუ მოშივდა, მგელი შეჭამს თხას. ანუ შიმშილი არ უნდა იყოს საზოგადოებაში. თანაც, თანაცხოვრების ჩვენი მოდელი უნდა შევარჩიოთ. არის მალაიზია, არის სკანდინავიის ქვეყნები, არის ამერიკული მოდელი. სახელმწიფოები სხვადასხვანაირად არის მოწყობილი. თავიდან არ უნდა დაიწყო ველოსიპედის გამოგონება, რადგან ვერაფერს მოიგონებ ისეთს, რაც მანამდე არ ყოფილა. 

- მოდელები სხვადასხვაა იმიტომ, რომ თანაცხოვრებისთვის საჭირო მესამე, ავტორიტეტი, რომელიც ან კონსტიტუციაა, ან ტრადიცია, ან რომელიმე ადამიანი - განსხვავებულია ქვეყნების მიხედვით. 

ჩვენთან კანონისადმი მორჩილების მიმართ პროტესტია. რატომ, იცით? 90-იან წლებში მაფიოზური კლანი გაერთიანდებოდა და 6 თვით იყიდდა კანონს, რომელსაც პარლამენტს მიაღებინებდა. 

- დიახ, როგორც წესი, ასეთ კანონებს კენჭს ახალი წლის წინა ღამეს უყრიდნენ. 

- გახსოვთ, არა?! ჩვენ გაგვიჩნდა პროტესტი იმის გამო, რომ შეიძლება კანონი იყიდონ ძლიერთა ამა ქვეყნისათა. 

- მიგაჩნიათ თუ არა, რომ ამდენი წინააღმდეგობის მიუხედავად, წლების სვლასთან ერთად, რაღაც საერთო გამოიძებნება დაპირისპირებულ ჯგუფებს შორის?

- დიახ. ავტორიტეტების ცვლილება უკვე დაწყებულია. იმიტომ, რომ ბერდება და მიდის თაობა, რომლისთვისაც ავტორიტეტი იყო ბრეჟნევი და, ზოგადად, „ჰომო სოვიეტიკუსი“. მოდის თაობა, რომლისთვისაც არავითარი ავტორიტეტი აღარ არის ის ხალხი, ვინც ახლა მართავს ქვეყანას - არც ხელისუფლება და არც ოპოზიცია. მოდის ტალღა, რომელსაც ეს უკვე დაბერებული „ჰომო სოვიეტიკუსი“ ვეღარ გაუმკლავდება. 

- ის ადამიანები, რომლებიც ქუჩაში სასტიკად სცემენ ჟურნალისტებს და ყველას, ვინც თვალში არ მოუვათ - ისინიც ხომ ახალგაზრდები არიან? მათ ადგილს სად ხედავთ? 

- ის ახალგაზრდები, რომლებიც იყიდეს, გინდა ერმა, გინდა ბერმა, - მათ გულის სიღრმეში უნდათ, რომ აქეთ ბანაკში იყვნენ.  ისინიც ახალგაზრდები არიან, ისინიც ქართველები არიან; ადრე თუ გვიან, ისინიც ამ პოდკასტზე აღმოჩნდებიან. 

- ჩვენი საუბარი სრულდება და ბოლოს მინდა, გკითხოთ: თქვენი სტანდარტული დღის განრიგი როგორია? როგორ ახერხებთ კოლოსალური რაოდენობის ცოდნის დაგროვებას და გააზრებას?

- მადლობა კომპლიმენტისთვის, მაგრამ მე ნამდვილად არ ვარ დიდი ცოდნის პატრონი. მე მაქვს არა ბევრი, არამედ, საინტერესო ცოდნა. რაც ვიცი, იქიდან არაფერი არ არის ჩემი, სამწუხაროდ. ჩემი არის მხოლოდ აღტაცება დიდი ადამიანების, დიდი მიგნებების, დიდი იდეების მიმართ. ჩემი ერთადერთი დამსახურება ის არის, რომ მე ვიცი, თურმე, რა არ ვიცი; მე მესმის, თურმე, რა არ მესმის. და ეს ნაცხოვრები მაქვს. მე ამ ექსპანსიურობით თუ არტისტულობით, გულწრფელად გადმოვცემ ჩემს აღტაცებას. რაც შეეხება განრიგს, უსაზღვროდ ზარმაცი ვარ და ყოველთვის ვეძებ მარტივ, ენერგეტიკულად დაბალდანახარჯიან გზებს. ამიტომაც ავირჩიე პათოლოგიური ანატომია, რომელიც მთელი მედიცინის ბაზაა. არ არსებობს თემა, პათოლოგიური ანატომიის მცოდნემ რომ ვერ გაიგოს. თუ იცი პათოლოგიური ანატომია, ესე იგი, იცი მედიცინა. ძალიან მიყვარს მენტალური მოგზაურობა და, ამიტომ, ფიზიკურად ცოტას დავდივარ. შესაბამისად, ბევრი დრო მრჩება. 

- შეიძლება, დღე ისე გავიდეს, რომ სულ მოქმედებაში იყოთ და ჭვრეტის მომენტი არ გქონდეთ? 

- რა თქმა უნდა, ეს ბიორიტმზეა დამოკიდებული - ხან გაქვს ჭვრეტა, ხან არ გაქვს; ხან გინდა ლექსი, ხან არ გინდა; ხან გინდა მოსმენა, ხან არ გინდა... არ უნდა ებრძოლო შენს თავს იმიტომ, რომ გაცვდები. უბრალოდ, უნდა გააცნობიერო, ახლა რა გინდა. 

- თქვენს ცხოვრებაში როგორია ბალანსი იმათ შორის, რასაც თვითონ ქმნით და რასაც შეიძენთ (რა თქმა უნდა, ცოდნის ჩათვლით)? 

- „ვქმნი“ მეტისმეტად ხმამაღლა ნათქვამია. მე რომ ვთქვა - „ჩემი შემოქმედება“ - ძალიან სასაცილოა. 

- საუბარი იმით დავიწყეთ, რომ თქვენ შექმენით კიბოს საპროფილაქტიკო პრეპარატები. ვიცი, რომ ლექსებს წერთ, საჯარო გამოსვლები გაქვთ..

- სამწუხაროდ, ბალანსი არ არის. ბალანსს რომ მიაღწიო, ბევრი სხვა კატეგორია გჭირდება. ენერგიის მართვა არ შემიძლია იმიტომ, რომ პრაქტიკულად არაფერი არ შემიძლია იქიდან, რაც ვიცი. ერთია იცი და მეორე - შეგიძლია. 0.1% შემიძლია, დანარჩენი - არ შემიძლია. მაგრამ, მაქვს იმედი, რომ ოდესმე შევძლებ (იცინის).

- დიდი მადლობა უაღრესად საინტერესო საუბრისთვის. ინტერვიუს დავასრულებთ თქვენი კომენტარით ცნობილი ადამიანების ორ გამონათქვამზე. პირველი ციტატა ეკუთვნის რუს მწერალ ლევ ტოლსტოის (1828-1910): „ჩემი - ისევე, როგორც ყველას - სიცოცხლე მსახურებაა; მას, თავისთავად, სხვა მიზანი არ გააჩნია.“

- აბსოლუტურად ვეთანხმები. მსახურება მოსამსახურედ ყოფნას არ ნიშნავს. ეს არის უანგარო ზრუნვა, ხოლო ზრუნვა ურთიერთობის ინსტინქტის მთავარი გამოვლენაა: ამას იმიტომ კი არ ვაკეთებ, რომ ვალდებული ვარ, არამედ იმიტომ, რომ სხვანაირად არ შემიძლია. ასე ცხოვრობენ მონასტერში. მონასტერი ის ადგილი კი არ არის, სადაც ღამის ორ საათზე დგებიან და ლოცულობენ. არა, ეს არის ადგილი, სადაც შეიკრიბნენ ადამიანები, რომლებსაც ღამის ორ საათზე ლოცვის გარეშე არ შეუძლიათ. ეს ლოცვაც ზრუნვაა.

- მეორე ციტატის ავტორია ქართველი ფილოსოფოსი მერაბ მამარდაშვილი (1930-1990): „ადამიანი არის ძალისხმევა, რომ იყო ადამიანი.“

- აუცილებლად. ესეც მართალია იმიტომ, რომ ადამიანი არის ხიდი ცხოველსა და ზეადამიანს შორის. ცხოველური არის „მე მინდა“. ადამიანური არის - „შეიძლება, თუ არ შეიძლება?“ ვალდებული ვარ, ეს ბალანსი დავიცვა, რომ შევდგე და გადავრჩე, როგორც ადამიანი; რომ გამომივიდეს ეს ხიდობა ცხოველსა და ზეადამიანს შორის; რომ კაცობრიობის ისტორიაში დაიწყოს ახალი ერა - ზეადამიანის. როგორის? რომელიც უფრო მეტად გაატარებს ღმერთს... თუ ის არსებობს, რაღაც ფორმით.

ფოტომასალა: ზურაბ ქურციკიძე

გუნდი

ირაკლი გედენიძე

ზურაბ ქურციკიძე

გიო კუსიანი

გიორგი ურუშაძე

თამთა ყუბანეიშვილი

ნანა ყურაშვილი

ინგა ქორიძე