×
„დიდი სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი, რომ ტრავმებიდან გამოვიდეთ“

თამარ თანდაშვილი

ფსიქოლოგი


6229

ინტერვიუს შესახებ

მეამაყება, რომ ამ უაღრესად საინტერესო ადამიანს - თამარ თანდაშვილს - მე თვითონ მივაგენი, ვინმეს რეკომენდაციის გარეშე. 

მისი ენერგიით და ენთუზიაზმით სავსე ტექსტის განახევრება მომიხდა, რომ თქვენთვის წაკითხვა გამეიოლებინა. მაგრამ, რაც დავტოვე, ყველა წინადადება არა მხოლოდ საინტერესოა, არამედ, სასარგებლოც. მეც სხვანაირად დავინახე ჩემი ცხოვრება და ეს ინტერვიუ, ალბათ, თქვენც დაგეხმარებათ, საკუთარი თავი და ჩვენი საზოგადოება ახლებურად შეაფასოთ. 

„ავტორის რჩეული“ რომ არსებობდეს, ამ ინტერვიუს არაფრით არ გამოვტოვებდი. 

ია ანთაძე

- ქალბატონო თამარ, თუ გქონიათ, ან თუ გაქვთ პრობლემები, რომლებიც, პრინციპში, მოგწონთ?

- ყველა პრობლემა, რომელიც შენში მძიმე ტრავმას არ იწვევს, ან შენი ახლობლის გარდაცვალების მიზეზი არ ხდება, შემდგომ, როცა გადაივლი, უკვე ჭკუის სასწავლებელია. გონებით კი ეუბნები საკუთარ თავს - ახლა ამას მოვერევი და მერე სულ სხვა ადამიანი ვიქნები, ჩემს თავსაც დავეხმარები და სხვებსაც... მაგრამ იმ დროს ამ სიტყვების ძალას ვერ გრძნობ, იმიტომ, რომ ძალიან გტკივა. როგორც კი ტკივილი შენელდება, მერე მოდის მადლიერება, რომ ბოლოს და ბოლოს, კარგია, რაც შეგემთხვა. 

- ბავშვობაში უფრო მეამბოხე იყავით, თუ უფრო - დამჯერი?

- ორივე. მარტო ყოფნა მიყვარდა და ნებისმიერ კონფრონტაციაში შესვლას მერჩია, რომ განვრიდებოდი. ახლაც არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ადვილად შეიძლება, ვინმესთან კამათში შევიდეს, ან ზღვარს გადავიდეს. უბრალოდ, წერტილი მაქვს, რომლის იქითაც შემიძლია ამბოხი. მაგრამ თუ იმ წერტილს მივაღწიე, ამბოხი არის ხოლმე სერიოზულად დაგეგმილი და ძალიან რაციონალური. 

- დღეს რა თვისებები გჭირდებათ, როგორც პროფესიონალს?

- გააჩნია, რომელ პროფესიებზე ვლაპარაკობთ. როგორც კლინიკურ ფსიქოლოგს და ფსიქოთერაპევტს, პირველ რიგში, თანაგრძნობა გჭირდება. იმიტომ, რომ შეიძლება ერთ დღეს შენთან შემოვიდეს ადამიანი, რომელიც თავისი მსოფლმხედველობით სრულად სცდება შენს მსოფლმხედველობას და ძალიან ძნელია ასეთ ადამიანთან მუშაობა, თუ თანაგრძნობა არ გაქვს. ბიზნესქოუჩინგს რაც შეეხება, იქ, პირველ რიგში, მოთმინება გჭირდება. ბიზნესში ადამიანებს ძალიან რაციონალური გეგმები აქვთ. როგორც წესი, ეს გეგმა ჯერ ფულია და მერე ყველაფერი დანარჩენი. აქ უკვე უნდა მიაგნო ოპტიმალურ მოდელს, რომლითაც ადამიანს წარმატების მიღწევაში დაეხმარები. ხანდახან ეს გზები ფსიქოლოგს და ბიზნესმენს სრულიად განსხვავებულად წარმოუდგენიათ. დიდი დრო მიაქვს მოლაპარაკებებს, რომ საერთო კუნძულზე აღმოვჩნდეთ. ზოგჯერ ეს უზარმაზარი მოთმინების ხარჯზე ხდება. 

- ახლა მინდა, ვისაუბროთ ადამიანზე, რომელიც თანამედროვე საქართველოში ცხოვრობს - მისი შინაგანი და გარეგანი საფრთხეების რუკაზე, მის პერსპექტივაზე... თქვენ ამბობთ, რომ „ადამიანის ცხოვრება დაბადებიდან გარდაცვალებამდე გამართლებების და გაუმართლებლობების ჯაჭვია.“ რა არის ამ ორი განსხვავებული ჯაჭვის ძირითადი რგოლები? რა შემთხვევაში იტყვით, რომ, აი, ამ ადამიანს გაუმართლა, ამას - არ გაუმართლა?

- ყველაფრის დასაბამი არის ნევროლოგიური რგოლი. მე ამას ნევროლოგიურ ლატარიას ვეძახი: როცა ვიბადებით, როგორი მოცემულობა გვაქვს თავის ტვინში - სამედიცინო ენაზე ამას კონსტიტუცია ჰქვია. ასე რომ, დაბადებისთანავე ან მოიგე ნევროლოგიური ლატარია, ან არ მოგიგია. ლიბერალურ სამყაროში ხშირად ისმის, რომ თუ ადამიანს სურვილი აქვს და იშრომებს, ყველაფერს მიაღწევს. ნაწილობრივ, ვეთანხმები და ამ აზრს ხშირად თვითონაც ვაწოდებ აუდიტორიას. მაგრამ ბოლომდე მაინც არ ვეთანხმები. ლოგიკური კითხვა ჩნდება: ვისაც არ გამოუვიდა, ესე იგი, საკმარისად არ უნდოდა? ან ზარმაცია? გამოდის, რომ თუკი ადამიანი უკიდურეს სიღატაკეშია, თუკი საკუთარ თავს წარუმატებელს ეძახის, თუკი რაღაც ვერ გააკეთა ისე, რომ მისთვის ხუთი ვარსკვლავი დაგვეწერა, ესე იგი, ეს მისი არჩევანია? ამას კატეგორიულად არ ვეთანხმები. ცოტა ღრმად რომ ჩავიხედოთ, ერთ რამეს მივხვდებით: იმისთვის, რომ ადამიანის ცხოვრება შედგეს, უმნიშვნელოვანესია, რომ მას გაუმართლოს ნევროლოგიაში, თავის ტვინის წყობაში. ზოგადად, ჩვენს ქვეყანაში ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე არ საუბრობენ. დასავლეთის სამყაროშიც ბოლო 4-5 წლის დისკურსია. ნელ-ნელა შემოდის იმის ცოდნა, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობას და მონაცემებს, რომლითაც ადამიანი იბადება - იმისთვის, რომ მისი ცხოვრება შედგეს ან ასე, ან ისე. 

- ეს მთლიანად გენეტიკურია? 

- გენეტიკური და კონსტიტუციური ნაწილებისგან შედგება. გენეტიკური არის ის, რაც მშობლებისგან გადმოგეცემა, მზამზარეულად მოგერთმევა. მეორე არის კონსტიტუცია, როდესაც შენ, უბრალოდ, ამ მოცემულობით დაიბადე. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ბავშვებს, რომლებიც სიღარიბეში იზრდებიან, ან რომელთა დედა სიღარიბეში ცხოვრობს ორსულობის პერიოდში, - როგორც ფიზიოლოგიური, ასევე მენტალური მოუგვარებელი პრობლემები აქვთ. 

- ნაწილი ხომ ახერხებს სიღარიბის წრის გარღვევას? 

- უამრავი ადამიანია ასეთი. ესეც გამართლებაა. ვინც ახერხებს, რომ გაარღვიოს სიღატაკის წრე, როგორც წესი, არიან ადამიანები, რომლებმაც, ასევე, ნევროლოგიური ლატარია მოიგეს. ვიღაცას გაუმართლა იმაში, რომ ლმობიერი მშობელი ჰყავს, რომელიც შვილში ღირსებას აღიარებს, არ თრგუნავს, წაახალისებს... შეიძლება, ძალიან ღარიბია, მაგრამ არ ეშლება, რომ შვილს უნდა მოექცეს, როგორც ადამიანს. ეს უკვე სოციალური გამართლებაა. 

- თქვენგან გავიგე, რომ არიან ადამიანები, რომლებისთვისაც საკუთარი ცხოვრება საავტორო პროექტია - მათ ისე იცხოვრეს, როგორც თავად დაგეგმეს. არიან სხვები, რომლებიც საკმაოდ გვიან მიხვდნენ, რომ ლამის მთელი ცხოვრება დინებას მიჰყვებოდნენ და ახლა აქვთ განცდა, რომ საერთოდ არ უცხოვრიათ. დროულად როგორ უნდა ამოიცნოს ადამიანმა, თავისი სცენარით ცხოვრობს, თუ ე.წ. „შემოპარებული“ სცენარით? როდიდან დავიწყოთ ამაზე ფიქრი? 

- ასაკს ნამდვილად დიდი მნიშვნელობა აქვს. ახალგაზრდობაში არ მივყვებით მკაცრ ორიენტირს, რომლითაც განვსაზღვრავთ, ეს ჩვენი არჩევანია, თუ სხვისი არჩევანი, რომელსაც, რატომღაც, დავემორჩილეთ. თუ, მაგალითად, მოწოდებით მხატვარი ხარ, ფერების დანახვაზე საოცარი გრძნობები გიპყრობს და შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ესთეტიკა და ფერთა გამაა; მაგრამ უცებ მშობელი ისეთ ფაკულტეტზე ჩაგაბარებინებს, სადაც წამყვანი ფინანსებია, - შეიძლება, ეს მეტისმეტი განსვლა იყოს შენს ინტერესებსა და მშობლის სცენარს შორის. ამ დროს დიდი კონფლიქტი შეიძლება წარმოიქმნას. მაგრამ ხანდახან ეს ასე არ გამოიყურება. ხანდახან შენ თვითონაც ხერხემალი ჩამოყალიბებული არ გაქვს, სხვადასხვა გავლენის ქვეშ ექცევი და ექსპერიმენტს ატარებ. დიდად ვერც გრძნობ, რომ, შესაძლოა, სხვაგან უკეთესად ყოფილიყავი.

 

 „შენს თავს ეუბნები: ხუთოსანი გოგოსავით ვიცხოვრე და დღეს ხელში არაფერი არ მიჭირავს.“

 

-  პროფესიასაც ეხება და ოჯახსაც, როგორც ვხვდები. 

- დიახ, დაოჯახება კიდევ ერთი საკითხია, რომელიც საქართველოში ცოტა უცნაურად წყდება. ახლა უფრო ნაკლებად, იმიტომ, რომ ჩვენი შვილების თაობას ჩვენგან განსხვავებული ღირებულებები აქვს და, აქედან გამომდინარე, ძალიან კარგად ფიქრობს, სანამ ნაბიჯს გადადგამს. დაოჯახებას, ჩვენგან განსხვავებით, ახლა უფრო სერიოზულად ეკიდებიან. ალბათ, იმიტომ, რომ ჩვენს დროს მეორე ადამიანთან ყოფნის ალტერნატიული ფორმა არ არსებობდა, ან ძალიან ძვირ ემოციურ საფასურს იხდიდი ამისთვის. ახლა ახალგაზრდებს თანაცხოვრების ექსპერიმენტული პერიოდები აქვთ და ერთმანეთს აცლიან შემდეგ ეტაპებზე გადასვლას. ბევრი ცხოვრობს ასე. თუმცა, ძალიან ბევრი ადამიანი ჩვენს ქვეყანაში ისევ ქორწინებას, როგორც ინსტიტუტს, მიაშველებს ხოლმე მაშინვე ახალგაზრდებს, როგორც კი ისინი სექსუალურ ცხოვრებას დაიწყებენ, - რომ „გზას არ ასცდნენ“, არ გადაუხვიონ, ცუდი რეპუტაცია არ წამოიკიდონ ხალხის თვალში. აქ უკვე ძნელი გასარჩევია, მართლა საკუთარი არჩევანია, თუ კულტურამ გაუწერა სცენარი, - რომ შენ თუ ადამიანი მოგეწონა, აკოცე და სექსი გქონდა მასთან, ყველაზე კარგი გამოსავალია, ამ ადამიანზე დაქორწინდე და შვილები გააჩინო. სინანული როდის მოდის ხოლმე, იცით? წლების შემდეგ, ბავშვობის მეგობრებს რომ ხვდებიან. ადამიანი, რომელიც იმავე სოციალურ წრეში გაიზარდა, რომელშიც შენ, იმავე სკოლაში დადიოდა, მეტ-ნაკლებად იგივე შესაძლებლობები ჰქონდა და 10-15-20 წლის შემდეგ, შენდაუნებურად, იწყებ შენი ცხოვრების შედარებას ამ ადამიანის ცხოვრებასთან. უბრუნდები იმ საწყის წერტილს, რომლიდანაც ნათლად წარმოიდგენ, როგორ შეგეძლო, რომ გეცხოვრა. შენს თავს ეუბნები: ხუთოსანი გოგოსავით ვიცხოვრე და დღეს ხელში არაფერი არ მიჭირავს. 

- რა ვურჩიოთ ადამიანებს, რომ ამ მდგომარეობაში არ აღმოჩნდნენ?

- ოჯახის შექმნა უზარმაზარი გადაწყვეტილებაა. უნდა დავფიქრდეთ: ნამდვილად გვიღირს? გვინდა ამის გაკეთება? თუ ცხოვრების ეს ეტაპი მოვიდა - აბა, სხვა რა ვაკეთო? მოდი, ბარემ ოჯახს შევქმნი... და რადგან ოჯახი შევქმენი, მოდი, ბარემ შვილებსაც გავაჩენ... „ბარემს“ არ უნდა მოსდევდეს ისეთი გადაწყვეტილება, როგორიც არის მეორე ცნობიერების ამ ქვეყნად მოვლენა; ან მეორე ავტონომიურ ცნობიერებასთან საკუთარი ცხოვრების დაკავშირება.

- პროფესიაც ბევრს განსაზღვრავს. 18 წლის ასაკში ადამიანი იძულებულია, მთელი ცხოვრების პროფესია აირჩიოს. მერე, შეიძლება, მიხვდეს, რომ ეს მისი საქმე არ არის. 

- ასეთი რამ ხშირად გვხვდება. ჩვენს სკოლებში, განსაკუთრებით, დამამთავრებელ კლასებში, არ გვაქვს პროფესიული ორიენტაციის გაკვეთილები. სკოლაში ბავშვებს აუცილებლად უნდა გავაცნოთ სხვადასხვა პროფესია. უნდა წავიყვანოთ ბევრ ადგილას, სადაც მიმდინარეობს საინჟინრო, ქიმიური, ბიოლოგიური პროცესები... სამედიცინო დაწესებულებებში უნდა წავიყვანოთ... რომ სხვისი ჩაგონებულით კი არ იმოქმედონ, არამედ, ერთ-ორი საათით მაინც პირადად გამოცადონ, რაში მოუწევთ მონაწილეობა. 

- თუ ადამიანს აქვს განცდა, რომ არც საკუთარ თავთან და არც სხვებთან დიდი ბრძოლები არ გადაუტანია, ეს დადებითი მოვლენაა, თუ უარყოფითი? 

- ასეთი ადამიანი ცხოვრებაში, შეიძლება, ერთი ან ორი შემხვედრია. უიშვიათესი ფენომენია. ოღონდ, მე მაშინ რას ვერ მივხვდი, იცით? ამ ადამიანმა მართლა ასე ჰარმონიულად იცხოვრა, თუ ეს ადამიანი ბრძოლას არ არქმევს საკუთარ გამოცდილებას. მაშინ არ დამცალდა, რომ გამერკვია. 

- საკუთარი თავის მიმართ ნდობასთან არის თუ არა დაკავშირებული, როცა ადამიანს აქვს განცდა, რომ დიდი ბრძოლები არ უხდება, ისე ცხოვრობს. 

- არ ვიცი. ნაწილობრივ, შეიძლება, არის. საკუთარი თავის მიმართ ნდობა მეტ-ნაკლები მოცემულობაა, რომელიც თავიდან ადამიანს ზომიერად მოგეცემა. შემდეგ უკვე, ცხოვრების განმავლობაში, იმის მიხედვით, თუ როგორ მოქმედებ და გარემო როგორ გაჯილდოებს, ან გსჯის, შენი თავის მიმართ ნდობა ან გემატება, ან გაკლდება. შეიძლება, ეს პათოლოგიური და კლინიკურიც იყოს. არის სხვადასხვა ფსიქიკური აშლილობა, რომლებიც საკუთარი თავის მიმართ ნდობას ძალიან აზიანებს.

- ნდობა რომ გეზრდება, ასეთი პათოლოგიაც არსებობს?

- დიახ, ზედმეტი თავდაჯერებულობა ჰქვია, ფსიქოპათიის დროს ხშირია. ზოგჯერ, შეიძლება, საკუთარი თავის მიმართ ნდობა „შეგენჯღრეს“, მაგრამ თუ „ხერხემალი“ კარგად გაქვს განვითარებული, ნდობა ისევ მალე აღგიდგება. 

- არაერთხელ გიხსენებიათ „საკუთარი თავის მიმღებლობა“. ეს თვითმიმღებლობა შინაგანი მშვიდობის ფორმულად თუ შეიძლება, განვიხილოთ? 

- ეს უფრო გზაა, ვიდრე ფორმულა. თვითმიმღებლობა მაშინაც შეიძლება მაღალი გქონდეს, როდესაც ტურბულენტური ცხოვრება გაქვს - როდესაც შენს თავზე ძალიან ბრაზდები, ბევრჯერ წაიქცევი, ან, არაორდინარულობის გამო, ხშირად მოგხვდება საზოგადოებისგან. თვითმიმღებლობა არ ნიშნავს, რომ ბუდისტი ბერივით სიმშვიდეში, აუღელვებელ ჰარმონიაში გალევ ცხოვრებას და მერე გარდაიცვლები. 

- ახლა მინდა, ისეთ ცნებაზე ვილაპარაკოთ, როგორიც არის „ნორმალურობა“; არა გამორჩეულობა, არა პირველობა, არამედ ნორმალურობა. როდესაც აქ უყენებს თამასას ოჯახი ბავშვს, ან ადამიანი უყენებს ასეთ თამასას საკუთარ თავს, თქვენ ამას მიესალმებით? 

- თანამედროვე სამყარომ რაც მოიტანა, უნიფორმული წარმატების მოდელებია. ეს ჩვენს ბავშვობაშიც არსებობდა. უნიჭიერესი კლასელები მყავდა, რომლებსაც ცუდ სიტყვას ეძახდნენ - გავიმეორებ იმის გამო, რომ გითხრათ, რას ეძახდნენ - „დებილებს“. იმიტომ, რომ მათ არ შეეძლოთ მათემატიკის ამოცანის ამოხსნა, ან ფორმულის დამახსოვრება... მაგრამ მათ სხვადასხვა ნიჭს არავინ აღიარებდა. ახლაც არანაკლები ხდება. ხომ ვითომ სამყარო წინ წავიდა?! ინტერნეტის ეპოქაში ვცხოვრობთ, თითის დაჭერაზეა ყველა ინფორმაცია. ახლაც წარმატების მოდელი ასევე უნიფორმულია. ბევრ ჩემს ნაცნობს უნდა, რომ შვილი საზღვარგარეთ გაუშვას სასწავლებლად. საზღვარგარეთ საუკეთესო უნივერსიტეტში სწავლა არის წარმატების მოდელი, რომლითაც დღეს ბავშვის ავკარგიანობა იზომება. მეორე, ასევე უნიფორმული მოდელია, როდესაც გვგონია, რომ თუ ადამიანი ერთ გზას აირჩევს, ცხოვრების ბოლომდე იმას უნდა ემსახუროს. 

- პროფესიას გულისხმობთ? 

- დიახ. ჩვენს შვილებს ვაძალებთ, რომ პროფესია 14-15 წლის ასაკში აირჩიონ. შემდეგ, თუკი პროტესტი გაუჩნდა პირველ კურსზე, ჩვენთვის ტრაგედიაა. ისევ და ისევ: ბარემ მეორე კურსზე გადადი, ბარემ მესამეზე, ბარემ მეოთხეზე. აცდენინებ ოთხ წელიწადს, მერე ბარემ სამსახურსაც დაიწყებს და ამის შემდეგ შემობრუნება ძალიან უჭირთ ხოლმე. ფინანსურადაც ზარალიანია და ემოციურად ხარჯიანია ეს ყველაფერი. მეორე მხრიდან რომ შემოვუტრიალდეთ, ჩვენ ვართ პრემოდერნული, პატრიარქული საზოგადოება. აქედან გამომდინარე, არ გამოვირჩევით მრავალფორმიანი სცენარებით ჩვენი საზოგადოების წევრებისთვის. არ შეიძლება, მოსაწონი ორმოცდაათნაირი იყოს, მოსაწონს დიდი არჩევანი ჰქონდეს. ნორმასა და პათოლოგიას შორის ზღვარი ძალიან მკვეთრია. ყველაფერი პათოლოგიად ითვლება, რაც მაგისტრალური ნორმა არ არის. შეგვიძლია, პოლიციელივით დავუდგეთ ადამიანს და ვუთხრათ: „ქალი ხარ და გრძელი დალალები უნდა გქონდეს!“ „ბიჭი ხარ და რა უბედურებაა ასეთი ჩაცმა-დახურვა!“ აზრის გამოთქმის, ქცევის, პროფესიული არჩევანის, სექსუალური ორიენტაციის... ბევრნაირი პატრიარქალური, პოლიციური სისტემაა, რომელიც მისაღებობის კატეგორიას ძალიან ვიწროს და მყიფეს ხდის.

 

„კოლეჯი ის ადგილია, სადაც ფსიქიატრიული დიაგნოზების მთელი წყება იჩენს თავს.“

 

- პირადად თქვენ როგორ გზრდიდნენ: რომ განსაკუთრებული უნდა ყოფილიყავით? თუ შეიძლებოდა, ჩვეულებრივი ყოფილიყავით? 

- არ მახსოვს, რომ ეს სიტყვები ფიგურირებდა, მაგრამ მე მზრდიდნენ ისე, რომ ყველაზე კარგად უნდა მესწავლა. გამორჩეულობის ნაწილი აკადემიურ მხარეს ეხებოდა - ასეთი იყო დავალება. 

- ვისაც არ აძლევდნენ ასეთ დავალებას და კმაყოფილდებოდნენ იმით, რასაც ბავშვი თვითონ ახერხებდა? ამბობდნენ: არ მოვკლავ, ხუთიანები თუ არ ექნება... ეს მიგაჩნიათ თუ არა სწორ აღზრდად?

- მაშინაც იყვნენ და ახლაც არიან მშობლები, რომლებიც მკაცრად აკონტროლებენ შვილის ნიშნებს. მაგრამ არიან მშობლები, რომლებიც შვილებს ეუბნებიან: მთავარია, აღმოაჩინო საქმე, რომელიც შენ გეყვარება; და იკვლიო სამყარო შენი კონკრეტული ინტერესების პრიზმიდან; იყო ჯანმრთელი ემოციურად და ფსიქიკურად. 

- ეს, ალბათ, საუკეთესო სცენარია. 

- რა თქმა უნდა, ეს არის სწორი სცენარი. ჩვენ ვართ თაობა, რომელიც ძალიან მძიმე დროს გავიზარდეთ, როცა ქსეროქსის ფული არ გვქონდა და კონსპექტები მთელ ქალაქში მოძრაობდა. რაღაცას მივაღწიეთ, კეთილდღეობის რაღაც წერტილს, გავაჩინეთ შვილები, გავზარდეთ... ჩვენს შვილებს მივეცით ის, რაც ჩვენ გვენატრებოდა. მაგრამ, ამის სამაგიეროდ, მოვთხოვეთ, რომ ჰიპერწარმატებულები იყვნენ. 

- ისევ იქ მივდივართ, რომ გვინდა, ჩვენი სცენარი მოვახვიოთ თავზე ახალგაზრდებს. 

- ჩვენ ხომ უკმაყოფილებების ტომრები დაგვაქვს თან. ეს მოცემულობაა. გარკვეულწილად, გვინდა, რომ ჩვენმა შვილებმა აანაზღაურონ ჩვენი დანაკლისი. ორი შემთხვევა მქონდა უკვე, რომ ახალგაზრდა გოგო-ბიჭები, პირველკურსელები, საზღვარგარეთ წავიდნენ  სასწავლად. ძალიან წარმატებულები არიან. ერთსაც და მეორესაც მშობლები საქართველოდან ურეკავდნენ და ამოწმებდნენ, რა ნიშნებს იღებდნენ უნივერსიტეტში. აქ ცოტა მოზომილად უნდა ვიყოთ. კოლეჯის, ანუ ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებს ისედაც ბევრი ფსიქიკური პრობლემა აქვთ. კოლეჯი ის ადგილია, სადაც ფსიქიატრიული დიაგნოზების მთელი წყება იჩენს თავს. ყველაზე სათუთი ასაკია. 17-18 წლიდან ზემოთ, ზრდასრულობაში რომ შედიხარ და ახალ ინსტიტუციაში აღმოჩნდები, ისედაც დამამძიმებელია. პირველ რიგში, ჩვენი შვილების ფსიქიკურ სიმრთელეზე უნდა ვიზრუნოთ და მხოლოდ მერე - ნიშნებზე. 

- თქვენ პრემოდერნული ქვეყანა ახსენეთ. სხვა დროსაც გითქვამთ, რომ პრემოდერნულ, კლანურ ქვეყანაში ვცხოვრობთ. საფრთხეების რუკაზე რა მთავარ პუნქტებს ხედავთ ასეთ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანისთვის? 

- გააჩნია, ქალზე ვსაუბრობთ, თუ კაცზე - სხვადასხვა ტიპის საფრთხეები აქვთ. ქალის საფრთხე, პირველ რიგში, ის არის, რომ არ გახდეს ფიზიკური, სექსუალური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი. ძალიან ცუდი სტატისტიკა დაგვიგროვდა. თანაც, მნიშვნელობა არ აქვს, რომელ სოციალურ კლასს მიეკუთვნება ქალი იმიტომ, რომ ძალადობას სოციალური კლასი არ გააჩნია; ყველგან არის წარმოდგენილი - მდიდრებშიც, ღარიბებშიც, საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახებშიც. 

- მამაკაცებისთვის რა არის მთავარი საფრთხე?

- მამაკაცისთვის მთავარი საფრთხეა მასკულინობის ის მოდელი, რომელიც სრულიად მიუღებელია ქართველებისთვის. ეს არის მასკულინობის მოდელი, რომელიც ცოტა ფემინურობისკენ იხრება. ქართულ მასკულინობას აქვს თავისი სხეული, თავისი მიმიკა და პანტომიმიკა. მას აქვს მეტყველების მანერა. ამ პარამეტრებს, რომლებიც ძალიან მკაცრად არის გაწერილი, თუ ვინმე გასცდა, მას აუცილებლად ეჭვის თვალით შეხედავენ. როგორც კი ეჭვის თვალით შეხედავენ, მაშინვე „ჩამოალაბორანტებენ" ფემინურ კატეგორიამდე. ამის შემდეგ, მუდმივი თავდასხმის ობიექტი ხდება, რადგან პირდაპირ მიაწერენ, რომ არის ჰომოსექსუალი, გეი, დაარქმევენ ცუდ სიტყვას, პ-ზე რომ იწყება. მერე უკვე მის მიმართ ქცევას პიროვნების ღირსებასთან ახლოს ჩავლილიც კი არ აქვს. ამის შემდეგ მამაკაცი სერიოზულად დასაცავი ხდება - როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად. ადამიანს ყვავილებიანი მაისური ეცვა და ამის გამო სცემეს. ფემინური ესთეტიკის ელემენტი ჰქონდა შეტანილი თავის გარეგნობაში და ეს ვერ აპატიეს. 

- „საქართველოში ადამიანი კულტურულად ძალიან ადრე ბერდება,“ - ეს თქვენი ციტატაა. იქნებ, დაგვიზუსტოთ, რას გულისხმობთ ამ ფრაზაში და ისიც განგვიმარტოთ, რა ქვეყანაა ასეთი, რომელიც ადამიანებს ნაადრევად აბერებს კულტურულად. 

- ეს არის ქვეყანა, რომელიც ადამიანს ჩამოწერს რაღაც ასაკის შემდეგ, როგორც, დავუშვათ, ვადაგასულ ლიფტს ჩამოწერენ ხოლმე. შეერთებულ შტატებში რომ ვცხოვრობდი, 62 წლის ჯგუფელი მყავდა. სადოქტორო ხარისხს აკეთებდა. სამი თუ ოთხი სამაგისტრო პროგრამა ჰქონდა დამთავრებული. გადაწყვიტა, რომ ცხოვრება სწავლისთვის მიეძღვნა. სადოქტოროს დაამთავრებდა, ალბათ, 66-67 წლის ასაკში.  გახდებოდა პროფესორი და 10-15 წლიანი კარიერა ელოდებოდა წინ. კლასში პირველად რომ შემოვიდა, პედაგოგი მეგონა. რომ მითხრეს, ჩვენი ჯგუფელიაო, მეგონა, მეხუმრებოდნენ. მერე მეორე მამაკაცი შემოვიდა - 43 წლის, იმას მოჰყვა ქალი - 37 წლის. ჯგუფი შეიკრა, სადაც ასაკით პატარა სულ რამდენიმე ვიყავით. აქ მივხვდი, რომ ამერიკაში განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ ასაკთან.

 
იმიტომ, რომ ჩვენთან 62 წლის ადამიანი არის უკვე კარგა ხნის ჩამოწერილი - ყველაფრიდან, ყველა კატეგორიიდან და ერთადერთი, შეიძლება, ბებიას ან ბაბუას ფუნქცია გააჩნდეს, შვილიშვილი გაზარდოს; ან ის თანხა, რასაც, დავუშვათ, სამსახურში - რომელიც არასერიოზული სამსახურია, იმიტომ, რომ ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია, ამ ასაკში ვის უნდა ჰქონდეს სერიოზული სამსახური - რაღაცნაირად ამ თანხას მოაგროვებს, მოაქუჩებს და ისევ შვილიშვილებს დაახარჯავს. ისე, რომ ეს ადამიანი საკუთარ ინტერესებზე არც კი დაფიქრდება, რატომ? იმიტომ, რომ მისი ინტერესი, კარგა ხანია, მოკვდა.

 

- არა მხოლოდ პროფესიის კუთხით, არამედ, ნებისმიერი სხვა კუთხით?

- რომანტიკულ კუთხეზე აღარც ვლაპარაკობ. რომანტიკული კუთხით საქართველოში ძალიან ადრე გარდაიცვლება ხოლმე ადამიანი - ქალიც და კაციც. ქალი უფრო ადრე. „რა დროს შენი პირადი ცხოვრებაა?! შვილი გყავს (შვილიშვილი გყავს) და, მოდი, მიხედე!“ ამას წინათ იყო გადაცემა, 80-ს გადაცილებული ბებია გადმოხტა პარაპლანით. მთელი ცხოვრება უნდოდა ამის გაკეთება. ეს არის პიროვნულობა: როდესაც ადამიანს აქვს ოცნება, აქვს გეგმა, აქვს აქტიური სურვილები საკუთარ თავთან მიმართებაში. 

- ეს ბებია საქართველოში ცხოვრობს?

- დიახ, საქართველოში. ძალიან გამიხარდა. საქართველოში ვინმეს რომ ეთქვა 43 წლის ასაკში, უნივერსიტეტში უნდა ჩავაბაროო, იტყოდნენ: „კაი, რა, რა უბედურებაა, მოიგონა რაღაც. ამას, ეტყობა, კრიზისი აქვს!“ 60 წელს გადაცილებულ ადამიანებს სამსახურებში ალმაცერად უყურებენ: „ცოტაც და, ალბათ, ამის ადგილი გათავისუფლდება.“ არადა, ის ათწლეულები, რომლებიც ამ ადამიანმა იცხოვრა, არის საბადო, რომელსაც დანარჩენები უნდა დაეწაფონ.

 

„მათ გაუმართლათ, რომ ასეთი ძლიერი ნებელობის ადამიანები არიან; კულტურასაც კი ასე ადვილად ვერ „დააჩექმინებენ“ თავს.“

 


- გარეგანი ფაქტორები გასაგებია. შინაგანი ფაქტორებით რამდენად არის განპირობებული ადრეული კულტურული დაბერება?

- ისევ იმ სცენარებს მივადექით, რაც ცხოვრებაში გვაქვს. მოდი, ავიღოთ ჰიპოთეტური ქალი, დავარქვათ ანა. ანამ იცხოვრა იმ საზოგადოებაში, რომელმაც უთხრა: „ძალიან კარგი, რომ ისწავლე, კარგი გოგო ხარ! ახლა გათხოვდები, შვილები გეყოლება. თუ ქმარს გაუჭირდა, შეიძლება შენც იმუშაო. შვილებს გაზრდი, მერე სიბერეც წამოგეწევა, შვილიშვილები გეყოლება და შვილებს დაეხმარები მათ გაზრდაში.“ ანას წარმოდგენაში, გართობა, ხალისი და საკუთარი სურვილების დაკმაყოფილება მას ახალგაზრდობის ასაკში უნდა მოესწრო. როგორც კი ოჯახი შექმნა და თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა, ანას აღარ აქვს უფლება, რომ საკუთარი სურვილები დაიკმაყოფილოს. რა ეგოიზმია - ბებია პორტუგალიაში წავიდა, უამრავი თანხა დახარჯა და, ამ დროს, მის შვილს არ ჰყოფნის ფული, რომ თავისი შვილი კარგ კერძო სკოლაში მიიყვანოს... მთელი თბილისი ამაზე ილაპარაკებს. ზუსტად ეს არის კულტურული სცენარები, რომლებიც შემოთავაზებული გვაქვს. მოდი, ასე შევხედოთ: ანას გაუჩნდება თუ არა იმის სურვილი კი არა, თუნდაც, იდეა, რომ სამოცდა... რაღაც ასაკში პორტუგალიაში წავიდეს ორი კვირით, კარგად დაისვენოს, ახალი ადამიანები გაიცნოს, ახალი გამოცდილება შეიძინოს? სურვილებამდე ვერც მივა იმიტომ, რომ იდეა არ გაუჩნდება საერთოდ. ანას მეგობრებიდან, ნინიკო ასე არ ცხოვრობს, ლელა ასე არ ცხოვრობს, თეა ასე არ ცხოვრობს... თავის მეგობრებს შეხედავს, მეზობლებს შეხედავს, მერე მედიაში გაიხედავს და ვერსად დაინახავს მისი ასაკის ადამიანებს, რომლებიც საკუთარი თავისთვის ცხოვრობენ. გადაწყვეტს, რომ რაც არის, ეს არის ნორმა. ძალიან იშვიათად, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებსაც იმდენად მწველი და ძლიერი სურვილი აქვთ, რომ რაღაც აკეთონ თავისი თავისთვის, ან თავისი ინტერესებისთვის; ადამიანები, რომლებსაც ძალიან ძლიერი იმპულსი აქვთ სამყაროს კვლევის, სამყაროს შემეცნების, რომ მათ ვერცერთი კულტურული სცენარი ვერ გააჩერებს. ეს უიშვიათესი ფენომენია, მაგრამ ასეთი ადამიანები დღესაც არსებობენ საქართველოშიც და სხვა პატრიარქულ ქვეყნებშიც. 

- ანუ „კულტურულ სცენარებზე“ გამარჯვებული ხალხია. 

- დიახ, მათ გაუმართლათ, რომ ასეთი ძლიერი ნებელობის ადამიანები არიან; კულტურასაც კი ასე ადვილად ვერ „დააჩექმინებენ“ თავს. დანარჩენები, უბრალოდ, იჩაგრებიან. 

- ძალიან საინტერესო იყო. ალბათ, ბევრი ადამიანი დაფიქრდება თავის ცხოვრებაზე, ჩვენი ინტერვიუს ამ ნაწილს რომ წაიკითხავს. „ჩვენს საზოგადოებაში არ არის წამახალისებელი კულტურა,“ - ესეც თქვენი სიტყვებია. მართლაც, დღევანდელ საქართველოში ადვილია, ადამიანი ძალადობის ერთ-ერთ მხარეს აღმოჩნდეს - ან მსხვერპლი იყოს, ან მოძალადე. ამას რას უკავშირებთ - განათლების დონეს, კანონის აღსრულების პრობლემას, მარცხის დიდ გამოცდილებას, თუ რაიმე სხვა ფაქტორს?

- სწორი მიგნებაა. ჩვენ ვართ ტრავმირებული ერი. სტალინის პერიოდის რეპრესიებიდან რომ დავიწყოთ, საზოგადოების ერთი ნაწილი უბრალოდ აღგავეს პირისაგან მიწისა. და რაზეც არ ლაპარაკობენ - ამაში საზოგადოების მეორე ნაწილი მონაწილეობდა. ჩვენთან ხომ ლუსტრაცია არ მომხდარა?! ჩვენ ეს საშინელება ჩავიდინეთ, როგორც ერმა. კი ბატონო, იმპერიის ნაწილი ვიყავით და ეს ყველაფერი სისტემის ფარგლებში ხდებოდა. მაგრამ მაშინაც ან მჩაგვრელები ვიყავით, ან ჩაგრულები, ან შემთხვევით გადარჩენილები. ეს უზარმაზარი ტრავმაა. მერე ამას მოჰყვა საბჭოთა კავშირის ნგრევა და ჩვენი სოციალურად მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფილი, გარანტირებული ცხოვრებაც დავკარგეთ. ახალ გარემოსთან ადაპტირება ბევრს გაუჭირდა. სრული განსვლა იყო - რაშიც ცხოვრობდნენ და რაშიც აღმოჩნდნენ. შემდეგ, სამოქალაქო ომი, პარამილიტარული ჯგუფების თარეში, ადამიანების წამება, ქალების გაუპატიურებით გართობა. მერე იყო აფხაზეთის ომი. მერე ვითომ ცოტა დავლაგდით. ამას მოჰყვა სახელმწიფო გადატრიალება, რევოლუცია, მერე მთავრობის ძალიან მძიმე წასვლა. მანამდე კიდევ ერთი ომი. ჩვენ გვგონია, რომ ეს ტრავმები გადავიტანეთ; ხალისიანები ვართ ქართველები და უცებ გადაგვაქვს ყველაფერი. ასეთი ერი არ არსებობს, რომელიც ამდენ პრობლემას უცებ გადაიტანს. ეს მძიმე ტრავმები, სინამდვილეში, ჩვენში რჩება და იწვევს აგრესიას საკუთარი თავის და სხვის მიმართ. ჩვენთან მოვლენები კალეიდოსკოპურად ვითარდება და არასდროს დაგვცალდა რეფლექსია. ვერასდროს შევქმნათ ტრავმული ნარატივი; ვერ შევძელით იმის გადახარშვა და გააზრება, ტრავმამ რა მოიტანა. ერთი რევოლუციიდან მეორემდე, ერთი ომიდან მეორემდე მეტისმეტად მცირე დროა ხოლმე ამისთვის.

- რა ტიპის გადახარშვას გულისხმობთ? საზოგადოებრივ დისკუსიებს? მხატვრული ლიტერატურას? ფილმებს? 

- აბსოლუტურად ყველაფერს, რა თქმა უნდა, კულტურულ ფორმებს. მხატვრული ლიტერატურა და კინო ძალიან მნიშვნელოვანია. მეორეა საზოგადოებრივი ნარატივი და დისკურსი იმის შესახებ, რა გადაგვხდა და როგორ გადაგვხდა. აფხაზეთის ომის შესახებ მხოლოდ ჰეროიკული ნარატივები გვაქვს. აქა-იქ გაიჟღერებს ხოლმე, რომ ადამიანები საძარცვავადაც იყვნენ წასულები და არაერთი არაადამიანური აქტიც ჩაიდინეს. სიღმისეულად არც კი გვაქვს გააზრებული, რას ნიშნავდა ეს ომი. რას ნიშნავდა, თუნდაც, იმ ჯარისთვის, რომელმაც სამეგრელოს ტანკივით გადაუარა. ცოტა უმეცრები ვართ ამ ომთან დაკავშირებით. 

- ისიც, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს ჭუბერის უღელტეხილის გადმოვლა მოუხდა. იქ ხალხი გაიყინა; იქაც ბევრი ცუდი და კარგი რამ მოხდა. მაგრამ ერთმანეთისთვის თვალებში არ ჩაგვიხედავს და არ გვიკითხავს: რატომ არ წამოვიდა ხალხი ნორმალური გზით, სამეგრელოს გავლით? 

- სხვათა შორის, ეს კითხვა არასოდეს დამისვამს. ახლა დავფიქრდები და გამოვიკვლევ, რა იყო ამის მიზეზი. ორი უახლოესი მეგობარი მყავს, ლტოლვილებს რომ ვეძახით და, სინამდვილეში, იძულებით გადაადგილებული პირები არიან. თუნდაც, ე.წ. „ლტოლვილებს“ როგორ მოვექეცით დიდი ქალაქის მოსახლეობა და, განსაკუთრებით, თბილისელები? ყურში ჩამესმის: „ეგ ლტოლვილი ბავშვია და მაგასთან ფრთხილად იყავი!“ ქურდთან და ძველ ბიჭთან ფრთხილად იყავიო, არავინ გეუბნებოდა. „ლტოლვილი“ რა კატეგორია იყო?! ბოდიში გვაქვს მოსახდელი, როგორც ერს, ამ ადამიანებთან: დიდი ბოდიში იმისთვის, რომ სწორი მასპინძლობა არ გაგიწიე! 

- დღემდე ასე აღიქვამენ, რომ ღატაკ გეტოებში ცხოვრობდნენ და ვერასდროს გამოვლენ გარეუბნიდან, რაც არ უნდა გააკეთონ ამ ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ყველას არ ეხება. 

- მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიას რამდენიმე ათეული წელი დასჭირდა ტრავმის გადამუშავებისთვის. მაგრამ მოახერხეს, ძალიან დიდი შრომის შემდეგ. ბოლოს და ბოლოს, მოსახდელი ბოდიშიც მოიხადეს, მიზეზებიც გაიაზრეს, იკვლიეს კიდეც. ჩვენ ეს არ გაგვიკეთებია. კვლევა კი არა, ფაქტებიც არ დაგვიფიქსირებია. 

- შრომა საერთოდ არ ჩაგვიდია მაგ საქმეში. 

- დიდი სააზროვნო სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი, რომ ტრავმებიდან გამოვიდეთ. ახლა ტრავმიდან ტრავმამდე ვცხოვრობთ. და შედეგიც სახეზეა. ეს არის ტრავმირებული და ტრავმაგადაუმუშავებელი ერის სინდრომი, რაც დღეს ჩვენ გვჭირს.

- ჩემს წარმოდგენაში, ამ აგრესიის ერთ-ერთი წამალი, რაზეც თქვენ არაერთხელ გისაუბრიათ, იქნებოდა ემოციური წონასწორობა. თუ გვაქვს ხასიათში ან გამოცდილებაში რამე ისეთი, რაც წონასწორობის მიღწევაში დაგვეხმარება?

 
ემოციურ წონასწორობას როგორ უნდა მიაღწიოს ერმა, რომელიც ცხოვრობს არჩევნებიდან არჩევნებამდე, ჩემთვის არის წარმოუდგენელი. იმიტომ, რომ ყოველი არჩევნების წინა ექვსი თვიდან ერთ წლამდე ჩვენ ვიცით, რომ ცირკი, ჯოჯოხეთი, ქუჩის ჩხუბი, შუა საუკუნეების სიბნელე - ყველაფერი ერთად ამოყოფს თავს, დაგესევა და შენი ყოველდღიურობის ნაწილი ხდება. თან, ეს ყველაფერი არის მართვადი.

ოთხ წელიწადში ორი არჩევნები მაინც გვიწევს, მეტი თუ არა. რა გამოდის? ორწლიანი პაუზებით ვცხოვრობთ. და ამ ორწლიანი პაუზის წინა ექვსი-შვიდი თვე არჩევნებისთვის მზადების პერიოდია, როგორც ახლა. არჩევნების შემდეგ ორი-სამი თვე არჩევნების შედეგების გარჩევა და ძალაუფლების გადანაწილება გრძელდება. ესე იგი, ოთხი წლის განმავლობაში შეიძლება გვქონდეს ექვსი-შვიდი თვე, როდესაც მეტ-ნაკლები მშვიდობით ვცხოვრობთ. დანარჩენი არის აყალ-მაყალი, მანიპულაცია, აუდიტორიაზე ზეგავლენის მცდელობა, ძალადობის სხვადასხვა ფორმა, ბრალდებები და ფსიქოლოგიური წნეხი. ეს არის ჩვენი რეალობა. ასე რომ, წონასწორობა როგორ უნდა დაიჭიროს ერმა, ნაკლებად წარმომიდგენია. ალბათ, შემდგომი ეტაპია, პოლიტიკურად უფრო სტაბილურები რომ ვიქნებით.

 

„ადამიანების ჯგუფი, რომელიც იდეოლოგიურად ანგაჟირებულია და სადმე გამოგყვება, არ არსებობს. უნდა იყიდო.“

 


- საინტერესო აქცენტი იყო, რომ არჩევნებია ზოგადი ემოციური არაწონასწორობის საფუძველი. მაგრამ, შეიძლება თუ არა, ვთქვათ, რომ ჩვენს ქვეყანაში მოსახლეობა ბუნებრივადაც პოლარიზებულია, საარჩევნო წაქეზების გარეშე. მოსახლეობის დიდ ნაწილს ბუნებრივად აქვს კონსერვატიული და ტრადიციული ღირებულებები, მცირე ნაწილი კი ორიენტირებულია ადამიანის უფლებებზე, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებაზე, სწრაფ ცვლილებებზე. როგორ შევქმნათ თანაცხოვრების ისეთი მოდელი, რომელიც ხელს არ შეუშლის ქვეყნის განვითარებას?

- პოლიტიკის მიღმა თუ მეკითხებით, რა შეიძლება გაკეთდეს სწორი თანაცხოვრებისთვის, ამაზე პასუხი არ მაქვს. პოლიტიკა იმდენად შეჭრილია ყველაფერში, რომ ეს არის კიბოს უჯრედები, რომლის მეტასტაზები ბავშვის ტვინშიც კი არის გასული. ფენტეზის ჟანრიდან იქნება, ვიფიქროთ, რომ პოლიტიკის მიღმა შეიძლება, ქართველებმა ვიაზროვნოთ და უფრო მშვიდობიანად ვიცხოვროთ. ძალიან ბევრს ვმოგზაურობ საქართველოში. ბევრ ისეთ ადამიანს ვიცნობ, სოფელში რომ გაიზარდა. ასეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ პოლარიზაცია გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. სინამდვილეში, ადამიანებს გაცილებით მეტი რამ აერთიანებს, ვიდრე ყოფს: შვილების სიყვარული, ოჯახის კეთილდღეობა, ჯანმრთელობის მოთხოვნილება, მეტ-ნაკლები ეკონომიკური სტაბილურობა, სიყვარული. აგრესიული ჯგუფების მობილიზება რომ ხდება, ამისთვის უზარმაზარი ფინანსები იხარჯება და დიდი სამუშაო ტარდება. ეს რისი ინდიკატორია? ადამიანების ჯგუფი, რომელიც იდეოლოგიურად ანგაჟირებულია და სადმე გამოგყვება, არ არსებობს. უნდა იყიდო. მაგრამ ყიდვის შეთავაზებაზეც ბევრი არ გამოგყვება. მე არ ვფიქრობ, რომ ქართული საზოგადოება რადიკალურად არის დაყოფილი.  პოლიტიკურ ჭრილს თუ ავცდებით და ისე შევხედავთ ჩვენს თავს, მივხვდებით, რომ მეტ-ნაკლებად ერთნაირები ვართ; ერთმანეთს დიდად არ ვემტერებით. 

- თქვენი პროფესიიდან გამომდინარე, მუდმივად შეწუხებულ ადამიანებთან გიხდებათ ურთიერთობა. თან, ისეთ ქვეყანაში ცხოვრობთ, რომელსაც აგრეთვე სულ რაღაც უჭირს. თუ გქონიათ „აღარ შემიძლია!“ მომენტი? 

- არ მქონია და, ზუსტად ვიცი, რატომაც. ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მომუშავე ადამიანებს, ოფიციალურადაც კი, კონსტიტუციით გვაქვს გარანტირებული 60-ზე მეტი დასვენების დღე წელიწადში. რასაც გასწავლიან თვითმოვლის და ფსიქიკური ჯანმრთელობის მხრივ, პირველი რეკომენდაცია ის არის, რომ აუცილებლად უნდა იგრძნო, რა პერიოდის შემდეგ გჭირდება დასვენება. შენი შეცდომა არ იქნება ისეთი მარტივი, როგორიც, შეიძლება, ბუღალტრის შეცდომა იყოს. შენი შეცდომა ადამიანის სიცოცხლესა და სიკვდილზე გადის, მით უმეტეს, თუ ტრავმებთან მუშაობ. ეს ძალიან გამჯდარი მაქვს. ამის გარეშე შეუძლებელია, რადგან იცი, რომ ვიღაცას დააზიანებ იმის გამო, რომ შენს თავს ვერ მოუარე. 

- საკუთარ თავს როგორ აღიქვამთ ახლა, თქვენი ცხოვრების ამ მომენტში? 

- მე ვარ არანორმალური ოპტიმისტი. ქვეყანა რომ იქცეოდეს, ტორნადო რომ დაგვატყდეს თავზე, მზეს მაინც დავინახავ. თუ ვერ დავინახავ, მე თვითონ დავხატავ (იცინის). 

- დიდი მადლობა უაღრესად საინტერესო საუბრისთვის. ინტერვიუს დავასრულებთ თქვენი კომენტარით ცნობილი ადამიანების ორ გამონათქვამზე. პირველი ციტატის ავტორია ფრანგი დრამატურგი პიერ ბომარშე (1732-1799): „სიყვარულის საქმეში „მეტისმეტი“ ჯერ კიდევ არ ნიშნავს „საკმარისს“.

- პიერ ბომარშე, ალბათ, რომანტიკულ სიყვარულს გულისხმობდა. „მეტისმეტი არ ნიშნავს საკმარისს“ ჩემთვის შემდეგნაირად იშიფრება: შენ შეიძლება მეორე ადამიანს შენი გადასახედიდან, შენი გამოცდილებიდან გამომდინარე, მისცე ყველაფერი, რაც შეგიძლია - იმაზე მეტიც, ვიდრე გაქვს. მეორე ადამიანის გამოცდილებიდან, მისი ფსიქოტიპიდან და მსოფლმხედველობიდან გამომდინარე კი, მისთვის ეს იყოს ძალიან ცოტა. შენ შეიძლება ყოველთვის ისეთ რამეს გასცემ, რაც შენთვის ძალიან ღირებულია, მაგრამ მეორე მხარისთვის ეს არ წარმოადგენდეს ღირებულებას. ჩემთვის ეს ახსნა აქვს, „მეტისმეტი“ რატომ შეიძლება არ იყოს „საკმარისი“. 

- მეორე ციტატის ავტორია ინგლისელი მწერალი ჯორჯ ორუელი (1903-1950): „ორმოცდაათი წლის ასაკში თითოეულ ჩვენგანს ისეთი სახე აქვს, როგორსაც იმსახურებს.“

- ორუელი ფიზიკურ სახეს გულისხმობდა, თუ იერსახეს, ჰაბიტუსს, ადამიანის ეთიკურ სახეს - ნებისმიერ შემთხვევაში, არ ვეთანხმები. ინტერვიუს დასაწყისში ვისაუბრეთ იმის შესახებ, რომ ადამიანის ცხოვრება გამართლებების და გაუმართლებლობების მთელი ჯაჭვია. 50 წლის ასაკში ადამიანებს გვაქვს ის სახე, რომელიც ცოტა ჩვენი ავტორობით, მაგრამ, უმეტესწილად, ცხოვრების თანაავტორობით დავხატეთ. 50 წლის ასაკში ჩვენ უფრო გამართლებების და გაუმართლებლობების კრებული ვართ, ვიდრე მხოლოდ და მხოლოდ ის, რასაც ვიმსახურებთ. 
 

ფოტომასალა: ზურაბ ქურციკიძე

გუნდი

ირაკლი გედენიძე

ზურაბ ქურციკიძე

გიო კუსიანი

გიორგი ურუშაძე

თამთა ყუბანეიშვილი

ნანა ყურაშვილი

ინგა ქორიძე