×
„სინამდვილეში, ადამიანი უფრო ძლიერია, ვიდრე საკუთარი თავი ჰგონია“

გიორგი მჭედლიშვილი

ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი


5119

ინტერვიუს შესახებ

მყოლია სტუმრები, რომლებიც შესანიშნავად საუბრობენ, მაგრამ როცა საქმე სათაურზე და ციტატებზე მიდგება, მიჭირს არჩევა. ისეთი თხრობაა, გამორჩეულ, თვითკმარ ფრაზებს ადვილად ვერ მიაგნებ. 

მაგრამ გიორგი მჭედლიშვილი ისეთი სტუმარია, რომლის ნაამბობი პირდაპირ დახუნძლულია საინტერესო ფრაზებით. გინდა, წინასწარ მეტი ციტატა შესთავაზო მკითხველს, რომ თვითონ დარწმუნდეს, რამდენად საინტერესოა დღევანდელი სტუმარი, რომელსაც, შეიძლება, ბევრი არ იცნობს.

გულწრფელად გირჩევთ, არ გამოტოვოთ ეს ინტერვიუ, თუკი საქართველოს თანამედროვე პოლიტიკა, განათლების პრობლემები ან, უბრალოდ, ჩვენი ქვეყნის ბედი გაღელვებთ.

P.შ. ბატონ გიორგის დიდი მადლობა საოჯახო ვიდეოს გაზიარებისთვის, სადაც მამასთან, ბატონ ზაურთან ერთად, მისი 80 წლის იუბილეზე, ასრულებს რომანსს „მხოლოდ შენ ერთს“. 

ია ანთაძე

- ბატონო გიორგი, თქვენი CV უცნაურ ინფორმაციას უყრის თავს. ფიზიკის განხრით ბაკალავრიატი და მაგისტრატურა დაამთავრეთ; მერე საერთაშორისო ურთიერთობები ისწავლეთ; მერე ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი გახდით; სადღაც შუაში ჰარვარდის უნივერსიტეტის განათლების მაგისტრის წოდება მოიპოვეთ. ახლა კმაყოფილი ხართ საკუთარი თავით? თუ კიდევ რამე ახალს ეძებთ?

- გამოგიტყდებით, რომ CV-სთვის არ ვსწავლობდი (იცინის). 5-10 წლით ადრე რომ დავბადებულიყავი და იმ პერიოდში მეცხოვრა, სანამ ქვეყანაში გარდატეხა დაიწყებოდა და ყველაფერი პოლიტიკით დაიმუხტებოდა, ვფიქრობ,  ბოლომდე ფიზიკას გავყვებოდი. დიდი ალბათობით, დღეს ვიცხოვრებდი ამერიკაში ან ევროპაში, ვიმუშავებდი რომელიმე უნივერსიტეტში ან კვლევით ცენტრში, როგორც მეცნიერი ფიზიკოსი. მაგრამ ისეთ პერიოდში მომიხდა სწავლის დამთავრება, რომ ფიზიკისთვის ადგილიც არ რჩებოდა საზოგადოებაში. მივხვდი, რომ ძალიან გამიჭირდებოდა მეცნიერებისთვის საკმარისი ენერგიისა და დროის დათმობა. დიდი გაჭირვება იყო და რაღაც ისეთი უნდა მეკეთებინა, რაც ოჯახს შემოსავალს მოუტანდა. 

- ვერ ხედავდით, ფიზიკით როგორ უნდა გეცხოვრათ? 

- მეცნიერებით ცხოვრება მაშინ ყოვლად უპერსპექტივო იყო. არადა, ზუსტად ფიზიკით და ასტრონომიით ცხოვრებას ვგეგმავდი, ჯერ კიდევ უფროს კლასებში...

- ბუნებრივია, რადგან ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლაში სწავლობდით. 

- დიახ, ყველა მეთანხმებოდა და ყველას მიაჩნდა, რომ თუ მათემატიკის და ფიზიკის სწავლა ხელგეწიფება, ამ მიმართულებით უნდა გაიღრმავო ცოდნა, ბურთი და მოედანი შენია... მაგრამ როცა ფიზიკის ფაკულტეტის მეორე კურსზე ვიყავი, 90-იანებში, უკვე მეუბნებოდნენ, რამე ნორმალურ ფაკულტეტზე გადადი, რა უნდა აკეთო მეცნიერებითო. 

- ოჯახში გეუბნებოდნენ? 

- ოჯახში ნაკლებად, მაგრამ ირგვლივ თითქმის ყველა ამას მეუბნებოდა, მათ შორის, კურსელებიც. საკუთარ თავსაც ვეუბნებოდი, აბა, რა უნდა ვაკეთო-მეთქი. ზოგი ინერციით ფიქრობდა, უნივერსიტეტს დავამთავრებ და მერე რამე სხვა გზას დავადგებიო. ზოგმა მაშინვე დაიწყო მუშაობა, სწავლის პარალელურად. ზოგმა მომავალ პროფესიას გადაუხვია და მეწარმე გახდა. ზოგი პოლიტიკაშიც ჩაერთო. კურსელების ნაწილი აფხაზეთში ომობდა. მოკლედ, ეს იყო გადარჩენის პერიოდი. 

- თქვენ მაგისტრატურაც ფიზიკის განხრით დაამთავრეთ.  ცდილობდით, რომ მაინც ფიზიკაში გეპოვათ საკუთარი ადგილი?

- შეიძლება, ინერცია იყო და შეიძლება, სურვილი მქონდა, რომ ბოლომდე მეცადა. ამასობაში მოვახერხე, რომ მატერიალურად ცოტა მოვმაგრდი. რამდენიმე მოსწავლეც გამიჩნდა. ასეთი ეპიზოდიც იყო ჩემს ცხოვრებაში - 1993 წელს თურქეთში რამდენიმე კვირის განმავლობაში მოსავალს ვკრეფდი. 

- ფიზიკურად შრომობდით?

- დიახ, ფერმერულად ვცხოვრობდი. ის ანაზღაურება - 4 დოლარი დღეში - მაშინდელი საქართველოს კვალობაზე ძალიან სერიოზული შემოსავალი იყო. 

- ახლა დარწმუნებული ხართ, რომ რაიმე ახლის სწავლა, სხვა მიმართულება, სხვა სპეციალობა - აღარ გაინტერესებთ?

- მაინტერესებს, რა თქმა უნდა. უცხოეთში თითო კურსი გავიარე - ეკონომიკაში და საერთაშორისო სამართალში. მიმაჩნია, რომ ამ სფეროებში ცოდნა აუცილებლად უნდა გავიღრმავო, რომ საერთაშორისო ურთიერთობის უკეთესი სპეციალისტი ვიყო. დღეს საერთაშორისო ურთიერთობა მოიცავს პოლიტეკონომიკას, ღრმა სამართლებრივ საკითხებს, სოციოლოგიას, ფსიქოლოგიას და ანთროპოლოგიასაც კი... თანამედროვე ცოდნა გადაჯაჭვული და სინთეზური ხდება. ბევრი სერიოზული მეცნიერი ცდილობს რამდენიმე სხვადასხვა სპეციალობის სინთეზს. ხშირად ეს სპეციალობები ერთმანეთისგან საკმაოდ დაშორებულია. დიახ, ვხედავ, რომ კიდევ რამდენიმე მიმართულებით უნდა გავძლიერდე. ეს შრომის ბაზრისთვისაც საჭიროა და საკუთარი კმაყოფილებისთვისაც. მინდა, ნაკლები იყოს სტატია, რომლის გაგებისთვის ბმულებზე გადასვლა და დამატებითი დროის ხარჯვა მჭირდება. 

- თქვენი ყველა პროფესია სტერეოტიპულად გულისხმობს თავშეკავებას, საკუთარი თავის კონტროლს, მობილიზებას - ფიზიკოსობა, დიპლომატობა, სკოლის მასწავლებლობა, ლექტორობა... რა განიჭებთ თავისუფლებას და სილაღეს? 

- თავისუფლების გზა პროფესიონალიზმზე გადის. სიამოვნებას უნდა განიჭებდეს, რომ რისკავდე, თავისუფალ ნაბიჯებს დგამდე მეცნიერებაში. გარკვეული რისკი დასაშვებია დიპლომატიაშიც, ოღონდ, მანამდე გამოცდილება უნდა შეიძინო, რომ იცოდე, როდის ღირს გარისკვა და როდის არ ღირს... ექსპერიმენტები პედაგოგიკაშიც საინტერესოა: ზოგჯერ არატრადიციული გზით ხსნი ახალ მასალას, ზოგჯერ  მოსწავლეს სთავაზობ, რომ მან წაიყვანოს გაკვეთილი... ეს ყველაფერი ჩემთვის არ შედის კონფლიქტში თავისუფლებასთან და სიამოვნებასაც მანიჭებს. როცა ამერიკაში ვსწავლობდი, იქ, გამოსაშვებ ზეიმზე, ყველა ფაკულტეტს (იქაურად - სკოლას) უნივერსიტეტის რექტორი და პრეზიდენტი მიმართავდნენ და გამოყოფდნენ ორ-სამ მომენტს, რაც ამ სკოლისთვის იყო დამახასიათებელი. როცა იურიდიულ ანუ სამართლის სკოლას მიმართეს, რექტორმა თქვა: ძალიან მადლიერები ვართ, რომ ისეთ შეზღუდვებს გვიწესებთ, რომლებიც უფრო თავისუფალს გვხდისო. 

- რას გულისხმობდა? 

- კანონები, თითქოს, ზღუდავს თავისუფლებას, როდესაც ადგენს, რა შეიძლება და რა არ შეიძლება. მაგრამ კარგად შედგენილი კანონი, მის მიერ დაწესებული სასჯელიც კი ადამიანებს და, ზოგადად, საზოგადოებას უფრო თავისუფალს ხდის. აი, ამას გულისხმობდა რექტორი. 

- გმადლობთ, გავიგე. რაიმე იმპულსური ქმედებით ნამდვილი გამარჯვებისთვის თუ მიგიღწევიათ? 

(პაუზა) მოულოდნელად გაკეთებული საქმე, შეიძლება, უკეთესადაც გამოგივიდეს. ორ შემთხვევას გავიხსენებ. ერთი იყო კონფერენცია, რომელზეც სამი საათით ადრე მთხოვეს მოხსენებით გამოსვლა. სერიოზულ კონფერენციაზე ასეთი რამ ძალზე იშვიათად ხდება, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი სპიკერი ვერ მოვიდა და მისი ჩანაცვლება უნდოდათ. მე გამოსვლა შემდეგ დღეს მქონდა და მკითხეს, შევძლებდი თუ ვერა, სამ საათში გამოვსულიყავი მოხსენებით. ვგრძნობდი, რომ ჩემთვის ჯობდა, ის დარჩენილი დღე გამომეყენებინა. მაგრამ, ორგანიზატორების თვალში და საკუთარ თვალშიც ბევრად მეტ „ქულას დავიწერდი“, თუ დავთანხმდებოდი. და დავთანხმდი კიდეც. კიდევ ერთი შემთხვევა: 15-16 წლის წინ მეგობრებთან ერთად რომელიღაც კლუბში ვიყავი. აღმოჩნდა, რომ კარაოკეს კონკურსსაც ატარებდნენ კლუბის მფლობელები. მეგობრებმა იცოდნენ, რომ ჩემი ჰობი იყო სიმღერა და მთხოვეს, მემღერა. მაშინ ძალიან მეშინოდა ხალხში გამოსვლა. არ მინდოდა, მაგრამ შიში გადავლახე, ვიმღერე და საკმაოდ კარგად გამოვიდა. ბევრი ხალხი იყო... ეს ორი შემთხვევა  ჩემთვის მნიშვნელოვნად მიმაჩნია საჯარო გამოსვლის შიშის დასაძლევად. დაახლოებით, ათი წელია, რაც ეს შიში დავძლიე.

 

„თავისუფლებისთვის ადამიანი უნდა მოემზადოს.“

 


- თქვენ ასწავლით როგორც სკოლაში, ისე უნივერსიტეტში. მართალია, მხოლოდ კერძო სკოლაში სწავლების გამოცდილება გაქვთ, მაგრამ, თქვენი აზრით, დღევანდელ საქართველოში რამდენად მყარია ბმა ზოგად და უმაღლეს განათლებას შორის? სკოლა როგორ ამზადებს მოზარდს უნივერსიტეტისთვის, ან უნივერსიტეტი რას ახვედრებს სკოლიდან მოსულ ახალგაზრდას?

- სადაც ძლიერი სკოლაა, იქ ბმაც ჰარმონიულია. უნივერსიტეტში ადამიანი დამოუკიდებლად ფიქრს ეჩვევა, აზროვნება ჩარჩოებისგან თავისუფლდება. თან, სტუდენტი ირჩევს იმ ფაკულტეტს, რომელიც აინტერესებს; ლექციებსაც თვითონ ირჩევს, სრული თავისუფლება აქვს. მაგრამ თავისუფლებისთვის ადამიანი უნდა მოემზადოს. სასკოლო საგნებმა თითოეულ მოსწავლეში მისი ინდივიდუალობა უნდა გახსნას. კარგ, ძლიერ სკოლაზე ვამბობ. ჩვენი პრობლემა ის არის, რომ, სამწუხაროდ, ბევრი ძლიერი სკოლა არ გვაქვს. სხვადასხვა უნივერსიტეტში ვასწავლი პირველ და მეორეკურსელებს და, სამწუხაროდ, ხშირად მიფიქრია, რომ ეს სტუდენტი მოსულია ამა და ამ სკოლიდან, დანარჩენები - რომელიმე ჩვეულებრივი სკოლიდან. აზროვნების სტილით ვხვდები. ხშირად რომელიმე სტუდენტი არანაკლებ ნიჭიერია, ვიდრე მეორე - აკადემიურად ძლიერი, მაგრამ ის ძლიერია იმიტომ, რომ უკეთეს სკოლაში სწავლობდა. 1996 წელს UNESCO-მ გამოაქვეყნა მაშინდელი ევროკომისრის ჟაკ დელორის კომისიის ანგარიში განათლებაზე. ამ ანგარიშში წერია, რომ განათლება უნდა ეხმარებოდეს ადამიანს, საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიად იქცეს. ეს მისია ჩვენთან, საქართველოში, ალბათ, 10-15%-ით სრულდება. ეს მონაცემი აუცილებლად უნდა გავზარდოთ. თანაც, ზღვარი არ არსებობს, თუ 15-დან 30%-მდე ავალთ, კმაყოფილი არ უნდა ვიყოთ იმიტომ, რომ კიდევ 70% გვექნება მისაღწევი. 

- ეს 15% საიდან დაასკვენით?

- 21 წელია, სკოლებში ვასწავლი და 13 წელია -  უნივერსიტეტებში. ერთგვარი სტატისტიკა შემიგროვდა იმ 1000-ზე მეტ ახალგაზრდაზე დაკვირვებით, ვისთანაც შეხება მქონია. ვფიქრობ, რომ სკოლის განათლება საჭირო იმპულსს, საჭირო ბიძგს აძლევს ყოველ მეშვიდე ან ყოველ მეათე სტუდენტს. მეორე და მესამე კურსს რომ ვუყურებ, ხშირად ვფიქრობ, სტუდენტებს შორის რამდენია უკვე შემდგარი. ჩემი მისიაა, რომ ვისაც სჭირდება, მას მცირე ბიძგი მაინც მივცე. 

- „შემდგარში“ რას გულისხმობთ?

- ვგულისხმობ ახალგაზრდებს, რომლებსაც საკმარისი რაოდენობის ფაქტობრივი ცოდნა და, რაც მთავარია, კრიტიკული აზროვნების უნარი აქვთ. ცოდნა პლუს უნარი ველოსიპედის წინა და უკანა ბორბალივითაა. ორივე აუცილებელია, რომ ველოსიპედმა გაიაროს. 

- უნივერსიტეტი რას ახვედრებს ახალგაზრდას, რომელსაც თავისი შესაძლებლობების მხოლოდ მცირე ნაწილი აქვს რეალიზებული?

- ვერ ვიტყვი, რომ საქართველოს უნივერსიტეტებში ცოტა კარგი ლექტორია. მათი რაოდენობა საკმარისად ბევრია. მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც სტუდენტებს ეუბნებიან, რომ ეს არის სწორი, ეს არის არასწორი; რომლებიც ახალგაზრდებს უკლავენ სურვილს, რომ დამოუკიდებლად იფიქრონ. ასე გამოვიდა, რომ სკოლაში ვასწავლი მათემატიკას, უნივერსიტეტში ვასწავლი საერთაშორისო ურთიერთობებს, ესე იგი, საგარეო პოლიტიკას. მათემატიკა უფრო ფაქტობრივ ცოდნაზეა დაფუძნებული, მაგრამ იქაც არის საკმაოდ დიდი ასპარეზი თავისუფალი, შემოქმედებითი აზროვნებისთვის. ხშირ შემთხვევაში, არ არსებობს სწორი ან არასწორი მოსაზრება, და თან არასწორ მოსაზრებებში არავითარი კრიმინალი არ არის. ჩემი მიდგომაა და ბევრი ლექტორის (რომლებიც კარგ ლექტორებად მიმაჩნია) მიდგომაც ასეთია, რომ შეიძლება, გარკვეულ საკითხზე ადამიანს გაორებული, არაერთგვაროვანი წარმოდგენები ჰქონდეს - ეს სრულიად ბუნებრივია! ამასთან, ზოგიერთი სიღრმისეული მოსაზრება, რომელიც ათი წლის წინ მქონდა, დღეს აღარ მაქვს. ხშირად ვაღიარებ კიდეც, რომ ათი თუ რვა წლის წინ სხვანაირად ვფიქრობდი. სტუდენტებმა უნდა იცოდნენ, რომ შეხედულებების ცვლილება „მოსულა“ და აზროვნების არ უნდა ეშინოდეთ. თქვენი კითხვის პასუხად ისიც უნდა ვთქვა, რომ ყველაზე დიდი პრობლემა, რაც 90-იანების დასაწყისიდან მოგვყვება, ტვინების გადინებაა. საქართველო ადამიანური რესურსისგან დაიცალა და ახლა ნელ-ნელა ცდილობს, რომ ეს დანაკლისი შეივსოს. 

- თანამედროვე ახალგაზრდებთან დაკავშირებით, ყველაზე მეტად რა გაოცებთ?

- სითამამე, ოღონდ, ამას მხოლოდ კარგი გაგებით ვამბობ. მაოცებს მუდმივი მზაობა, რომ რაღაც ახალი შეისწავლონ. საბაკალავრო დონეზე ერთ სპეციალობას ეუფლებიან, სამაგისტროზე  სხვა პროფესიის შესწავლას აპირებენ, რომ უკეთ გაერკვნენ, რა აინტერესებთ. ამ მხრივ, დიდ გახსნილობას ვხედავ სამყაროს მიმართ. მეც მომიხდა ცხოვრებაში რამდენიმე მკვეთრი ნაბიჯის გადადგმა, „მოხვევა“. მაგრამ დღევანდელ სტუდენტებს ბევრად უადვილდებათ მკვეთრი მანევრები. მოკლე მონაკვეთში ბევრ რამეს ცვლიან საკუთარ ცხოვრებაში. ეს გარკვეულ რისკთანაც არის დაკავშირებული და გამბედაობა, სითამამე აშკარად უფრო მეტი აქვთ. რა თქმა უნდა, პერსპექტიული თაობაა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს საზოგადოებაში შექმნილმა სიმახინჯეებმა ახალგაზრდებიც იმ გადაწყვეტილებამდე არ მიიყვანოს, რომ საქართველოდან წავიდნენ. ეს ჩემთვისაც გამოწვევაა. ბევრი სტუდენტი მეუბნება, რომ თავის მომავალს, რამდენიმე წელიწადში, სხვა ქვეყანაში ხედავს. მათთვის ეს არის კომფორტის ახალი ზონა და წარმატების შანსი, მაგრამ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ინტელექტუალური კაპიტალისთვის პრობლემური და უარყოფითი მოვლენაა.

 

„დღეს ყველა ფიქრობს, რომ ერთ-ორ წელიწადში მინისტრი შეიცვლება და ნებისმიერი წამოწყება ჩაქრება.“

 


- ევროპულ სკოლაში მათემატიკას ასწავლით. ნათქვამი გაქვთ, რომ მათემატიკა ხვეწს აზროვნებას და ადამიანს უკეთეს სპეციალისტად ხდის ნებისმიერ სფეროში. თქვენი ხედვით, საქართველოში რა პერსპექტივა აქვს ახალგაზრდას, რომელიც მათემატიკის მეცნიერებას ეუფლება? საბაზრო ეკონომიკის პირობებში, ფუნდამენტური მეცნიერებების შესწავლისთვის რა მოტივაცია არსებობს?

- ის, რომ ქვეყანა პატარა და სუსტია, შეიძლება, ნაწილობრივ ხსნის, თუ რატომ არ გვაქვს განვითარებული საბუნებისმეტყველო და ტექნიკური მეცნიერები, IT ტექნოლოგიები. სასურველია, ქვეყანას ჰქონდეს ისეთი ინტელექტუალური რესურსი, რომ არა მხოლოდ სოფლის მეურნეობის პროდუქცია გავიტანოთ ექსპორტზე, არამედ, ინტელექტუალური პროდუქტიც. ასეთი პროდუქტის განვითარებაში ჩადებული ინვესტიცია, თუკი ჭკვიანურად დაიგეგმება, 10-15 წლის შემდეგ ხუთმაგ და ათმაგ მოგებას მოიტანს. მაგრამ ამას, პირველ რიგში, მემკვიდრეობითობა სჭირდება. განათლების მინისტრმა უნდა იცოდეს, რომ შემდეგი მინისტრი იმავე კურსს გააგრძელებს. დღეს ყველა ფიქრობს, რომ ერთ-ორ წელიწადში მინისტრი შეიცვლება და ნებისმიერი წამოწყება ჩაქრება. ეს სისტემის განვითარების ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორია. იწყება რეფორმა და ძალიან სწრაფად სხვა რეფორმით იცვლება იმიტომ, რომ ახალ მინისტრს უნდა, საკუთარი ინიციატივებით დამკვიდრდეს. რატომ არ შეიძლება, რომ ერთის დაწყებული საქმე მეორემ გააგრძელოს და ორივეს ერგოს პატივი იმისთვის, რომ საქმე ერთად გააკეთეს? აი, ამ მენტალობის გამო, ბევრი პროექტი, ბევრი ინიციატივა არ ვითარდება. ხომ შეიძლება, მართვაშიც ისეთივე წესები იყოს, როგორიც ესტაფეტაშია - ოთხივე მორბენალს აძლევენ მედალს და თითოეულს საკუთარ წვლილს უფასებენ. რამდენიმე დღის წინ ჩემი მამიდაშვილის შვილმა ფიზიკის განხრით სადოქტორო პროგრამაზე ორი მიწვევა მიიღო ამერიკიდან. სრული დაფინანსებით მიდის და, დიდი ალბათობით, 3-4 წელიწადში, როცა ამ პროგრამას დაასრულებს, ახალ შეთავაზებას მიიღებს. მე კი მინდა, რომ საქართველოში დაბრუნდეს, მაგრამ ვერ მივცემ ჩემს თავს უფლებას, რომ ჩამოსვლა ვურჩიო. სახელმწიფოს თუ არ ექნება სტრატეგია, რომ ტექნიკური მეცნიერებები განავითაროს, „ტვინების გადინება“ ისევ გაგრძელდება. საბჭოთა კავშირში იყო ერთი უცნაურობა: ქვეყანა, ერთი მხრივ, მოსახლეობის სრულად დამორჩილებას ცდილობდა, მაგრამ იმის გამო, რომ ცივ ომში იყო ჩართული, მას ჭკვიანი მოსახლეობაც სჭირდებოდა.

 
ერთი მხრივ, უნდოდა მორჩილი მოსახლეობა, რომელიც ამ იდეოლოგიურ სისულელეს დაიჯერებს და, მეორე მხრივ, უნდოდა კრეატიული მოსახლეობა იმიტომ, რომ ამერიკასთან უნდა ეპაექრა, კოსმოსში რომ უნდა წასულიყო, „სპუტნიკი“ რომ გაეშვა...

ეგონათ, რომ თუ ფიზიკას გააძლიერებდნენ, ამ შემთხვევაში, სოციალური მეცნიერებები, რომლებიც საფრთხეს შეუქმნიდა კომუნისტურ იდეოლოგიას, არ განვითარდებოდა. მაგრამ გამოჩნდა აკადემიკოსი ანდრია სახაროვი, რომელმაც სისტემისთვის ინტელექტუალურად ძირის გამოთხრა დაიწყო. პროფესიით ფიზიკოსმა, ნობელის პრემიაც კი მიიღო მშვიდობის დარგში. თუ საზოგადოებაში განვითარებულია სპეციალობები, სადაც მაღალი ინტელექტის ხალხი მუშაობს, ეს ხალხი საზოგადოებასაც გააძლიერებს; ადამიანები ადვილად არ მოტყუვდებიან დემაგოგიით. პოლიტიკური კულტურის კუთხით, ჩვენ, რა თქმა უნდა, წინსვლა გვაქვს ბოლო 30 წლის განმავლობაში, მაგრამ ზოგადი განათლების მაღალი დონე შექმნის ისეთ ვითარებას, როდესაც საზოგადოებას აქვს გონებრივი ჯავშანი პოპულიზმის და დემაგოგიის წინააღმდეგ. 

- ერთ საჯარო გამოსვლაში თქვენ პირდაპირ თქვით, რომ განათლებამ უნდა შეცვალოს ადამიანის ქცევა. გასაგებია, რომ „გონებრივი ჯავშანი“ არ გვაქვს, მაგრამ განათლების დაბალ ხარისხს თუ აკავშირებთ საქართველოს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მიმდინარე იმ რთულ პროცესებთან, რთულ ქცევებთან, რომლებიც ქვეყნის განვითარებას არ უწყობს ხელს?

- რა თქმა უნდა, ვაკავშირებ. ბევრ ენაში სიტყვა „განათლებაში“ არის ძირი „სინათლე“. ჩვენს პოლიტიკურ ელიტაშიც არაერთი ნაკითხი და მცოდნე ადამიანია, მაგრამ არ არის იმ გაგებით განათლებული, რომ საკუთარი ცოდნა ქვეყნის განვითარებისთვის გამოიყენოს და არა პოლიტიკური ანგარებისთვის. მაგრამ არ იქნება სწორი თვითგვემა, რომ ეს მარტო ჩვენთან ხდება. სამწუხაროდ, დღეს დასავლეთის ქვეყნებშიც შეიმჩნევა მსგავსი ტენდენცია, მაგრამ ჩვენთან ეს ბევრად მძაფრია. დიდი იმედი მაქვს, რომ ახალი თაობა, რომელიც პოლიტიკაში მოვა, განსხვავებული იქნება.

- რატომ? საიდან იქნება განსხვავებული?

- იმედი მაქვს. ზოგჯერ უბრალოდ უნდა გჯეროდეს. 

- მარტო თქვენ არ ამბობთ, ბევრ სტუმარს უთქვამს, რომ დიდი იმედით უყურებს თანამედროვე ახალგაზრდების თაობას. 

- ბევრი თანამედროვე ქართველი პოლიტიკოსი, რომელსაც შეიძლება დემაგოგიაც დავაბრალოთ და კიდევ სხვა რამეც, ბრწყინვალე სტუდენტი იყო. რამდენიმე მაინც - არა ერთი და ორი. პოლიტიკოსების მთელ სპექტრზე ვამბობ. ზოგიერთი მათგანი, ვინც დღეს ისეთ გაღიზიანებას იწვევს, რომ ადამიანს თავი სტკივდება მისი დანახვისას, ძალიან იმედისმომცემი სტუდენტი იყო. მაგრამ დამკვიდრებულმა თამაშის წესებმა გახადა ისინი ისეთები, როგორებიც არიან. რა თქმა უნდა, მათ მშვენივრად ესმით, რა არის კარგი და რა არის ცუდი. მაგრამ იციან, რომ დღეს ზედაპირზე დასარჩენად ასეთი ქცევაა საჭირო. სამწუხაროდ, არ არსებობს გარანტია, რომ ჩემი ძალიან კარგი სტუდენტები გახდებიან პასუხისმგებლიანი, მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკოსები, სახელმწიფო მოღვაწეები. ჩერჩილის ძალიან ცნობილი ფრაზაა: „პოლიტიკოსი ფიქრობს შემდეგ არჩევნებზე, სახელმწიფო მოღვაწე ფიქრობს შემდეგ თაობაზე.“ გამოსავალი ის არის, რომ სათითაოდ ყველა მოქალაქე უნდა ზრუნავდეს ზოგადი ჩარჩოს, ქცევის წესების შეცვლაზე. ამაზე უნდა ვილაპარაკოთ, დებატები გავმართოთ, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. მომავალი პოლიტიკოსი უნდა ხედავდეს, რომ ჯობია, იყო თავშეკავებული, მართალი, ვიდრე დემაგოგი და მუდმივად ძახილის ნიშნებით მოლაპარაკე.

 

„დღეს ჩვენ, საზოგადოებას, არ გვაქვს ფუფუნება, რომ პოლიტიკას ზურგი შევაქციოთ.“

 


- მაინც, როგორ ხედავთ მოქალაქეების როლს პოლიტიკური კულტურის განვითარებაში? მხოლოდ დებატები ამ საქმეს ხომ ვერ უშველის?

- ხშირად პასუხისმგებლობა არის მონაწილეობაში,  ქმედებაში და ხშირად - თავშეკავებაში. დღეს ვამჩნევ და იმედია, ეს ტენდენცია დიდხანს არ გაგრძელდება - მოსახლეობის აპათიას და დაღლას პოლიტიკისგან. შეიძლება ამის ფუფუნება ჰქონდეს (ისიც, დროებით) განვითარებული, ძალიან წყნარი ქვეყნის მოქალაქეს. ზოგჯერ მინდა, პოლიტიკური ცხოვრება ჩვენთანაც მოსაწყენი იყოს. 

- ოღონდ, როცა პოლიტიკური სტაბილურობის და კეთილდღეობის რაღაც დონეს მივაღწევთ. 

- დიახ. დღეს ჩვენ, საზოგადოებას, არ გვაქვს ფუფუნება, რომ პოლიტიკას ზურგი შევაქციოთ. საქართველოში ხალხის მონაწილეობა პარტიულ პოლიტიკაში საკმაოდ მოკრძალებულია. ადამიანები ფიქრობენ, რომ ცვლილებები  ძირეულ გაუმჯობესებას მაინც არ მოიტანს. მაგრამ ასეთი დამოკიდებულებით მივიღებთ უფრო ხმამაღლა მოლაპარაკე პოლიტიკოსებს, რომლებიც ეცდებიან, რაც შეიძლება მეტი ადამიანი მიიზიდონ აგრესიით. მოსახლეობაში უნდა გაჩნდეს სურვილი და წყურვილიც კი, რომ მოისმინოს სხვადასხვა პროგრამა, რომ პოლიტიკა იყოს განსხვავებული აზრების დებატი და ზოგჯერ ჯახიც; აზრების, იდეების და არა პიროვნებების. დღეს მთელი პოლიტიკური შეხლა-შემოხლა იმაზე დადის, ვინ უფრო პროდასავლურია - ხშირად, დასაბუთების გარეშე. ვინც წესებს დაარღვევს, მას უფრო მეტი შანსი აქვს მოგების და, რა თქმა უნდა, ყველა ერთმანეთის დასწრებაზეა. ეს პოლიტიკოსების პასუხისმგებლობაც არის და საზოგადოებისაც, ალბათ, სანახევროდ - 50/50-ზე. გაყოფაც კი რთულია იმიტომ, რომ ჩვენი პოლიტიკური კლასიც საზოგადოების ორგანული ნაწილია, უბრალოდ, მათი საქმიანობა პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვებაა. ზოგს უნდა ქვეყანაში პოზიტიური ცვლილებები, ოღონდ, ფიქრობენ, რომ მიზნის მისაღწევად დროებით დემაგოგები უნდა გახდნენ, - რომ ძალაუფლება ხელში აიღონ. 

- ეს ჩაკეტილი წრე, რაც თქვენ აღწერეთ, როგორ უნდა გაირღვეს? ჩვენი შინაგანი რესურსით თუ გარედან ჩარევით?- ჩამოვა ვიღაც კეთილი ადამიანი დასავლეთიდან და გვაიძულებს, რომ რეალურად შევცვალოთ სიტუაცია? ჯერჯერობით, რასაც ვხედავ, ჩვენი სიჯიუტე  მეტია, ვიდრე მათი მოწადინება. 

- რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. შეიძლება, ადამიანები დასვა მოლაპარაკების მაგიდასთან, მაგრამ, ვთქვათ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სულ საქართველოში ხომ არ იქნება? როდესაც ბრიუსელში დელეგაცია წავა, შეიძლება, იქ პატაკი ჩაბარდეს, მაგრამ ესეც ხომ ჩვენს დამოუკიდებლობას დარტყმას აყენებს?! რა თქმა უნდა, შესანიშნავია, რომ ევროკავშირი ჩვენი კარგი მეგობარია, ცალსახად და უპირობოდ. არც ვითვლით, რამხელა დახმარება გაგვიწია - ინსტიტუციური და მატერიალური. დღეს ბევრად უფრო წინ ვართ, ვიდრე ევროკავშირის დახმარების გარეშე ვიქნებოდით. ცხადია, იმიტომაც მივისწრაფვით ევროპისკენ, რომ ვხედავთ, ეკონომიკურად და პოლიტიკურად რამდენად დახვეწილი სივრცეა. მაგრამ, საბოლოო ჯამში, ცვლილებების პასუხისმგებლობა ჩვენზეა. უნდა გადავეჩვიოთ „კარგი ბიძის“ იმედად ყოფნას. საბოლოო ჯამში, რით იყო საბჭოთა კავშირი რუსეთის იმპერიაზე უფრო მზაკვარი და ჭკვიანი? ქართველებს ჩაუნერგა აზრი, რომ „ნიჭიერი და კარგი ხალხი კი ხართ, მაგრამ, თქვენივე უსაფრთხოებისთვის, ჩვენი კონტროლი გჭირდებათ. პოლიტიკურად დამოუკიდებლები ვერ იქნებით და, დანარჩენი, განვითარდით, როგორც გინდათ. ილაპარაკეთ თქვენს ენაზე, აგერ თქვენ „სუხიშვილები“, აგერ „ქართული ხმები“, აგერ ქართული სკოლები...“ ჩემი აზრით, ამ დამოკიდებულებამ შექმნა საბჭოთა კავშირის ყველაზე მძიმე მემკვიდრეობა: დამოუკიდებელი აზროვნების დეფიციტი და საზოგადოების ნაწილში პარაზიტული სულისკვეთების გავრცელება.

 
ჩვენ გვიჭირს, რომ ვიყოთ დამოუკიდებლები, მაგრამ, ეს, საბოლოო ჯამში, ჩვენი საქმეა.

ერთი მხრივ, ძალიან მიხარია, რომ ევროპას ვაინტერესებთ. მეორე მხრივ, ცუდია, რომ პოლიტიკოსებს აქვთ ნდობის მანდატი (რომელიც ხალხმა გადასცა) და ამ მანდატით ვერ სარგებლობენ, თუკი სხვა არ ჩამოვა და მათ საერთო მაგიდასთან არ დასვამს. 

- ზოგადად, როგორ აფასებთ დასავლურ სამყაროსთან საქართველოს ინტეგრაციის დღევანდელ მდგომარეობას? გვინდა, რომ 2024 წელს განაცხადი გავაკეთოთ ევროკავშირის წევრობაზე, მაგრამ, რეალურად სად ვართ ამ პროცესში?

- ჩვენ ვართ გზაზე. რა თქმა უნდა გზის მნიშვნელოვანი ნაწილი კიდევ გასავლელია. გვჭირდება უკეთესი მმართველობა, რომელიც ეკონომიკურ ზრდას მოიტანს. ეკონომიკური ზრდა არა მხოლოდ თავისთავად არის კარგი, არამედ, დროს გამოუთავისუფლებს მოქალაქეს იმისათვის, რომ აიძულოს პოლიტიკოსები (ხელისუფლებაშიც და ოპოზიციაშიც), უფრო კარგად მართონ ქვეყანა. ეს შეუძლია მოსახლეობას, რომელიც ეკონომიკურად წელში გამართულია. განვითარების ყველაზე დიდი გარანტია ევროკავშირთან და, ზოგადად, დასავლეთთან ურთიერთობაა. იმედი მაქვს, რომ შეერთებულ შტატებთანაც მალე დაიდება თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რაც, რა თქმა უნდა, ქვეყანას ახალ პოტენციალს გაუხსნის. ეს არის რეალური ბიძგის საწინდარი. იმიტომ, რომ სიდუხჭირე ნერგავს აპათიას პოლიტიკის მიმართ და აადვილებს ადამიანებით მანიპულირებას.  

- ესეც მოჯადოებული წრეა. ეკონომიკური განვითარების საფუძველი პოლიტიკური სტაბილურობაა. არასტაბილურ ქვეყანაში არც ინვესტიცია შემოვა და ვერც შიდა რესურსი ამოქმედდება. პოლიტიკური პროცესი უნდა მოწესრიგდეს, სანამ ქვეყანა სტაბილურად განვითარდება. ასე არ არის?

- დიახ, მთავარი გასაღებია პოლიტიკური სტაბილურობა, რომელიც ყველა სხვა პოტენციალს გახსნის. მაგრამ, ისევ და ისევ, ხალხზე ბევრია დამოკიდებული, თუნდაც, ეკონომიკურად რთულ პერიოდში. თითოეულ ადამიანს შეუძლია, მის გარშემო ცხოვრება გააუმჯობესოს. დასავლური ცივილიზაციის მთავარი ბურჯი ხომ ინდივიდუალიზმია?! ბევრი რამ შეგვიძლია დავაბრალოთ პოლიტიკოსებს და საერთაშორისო ვითარებას; მაგრამ ყველაფერი - არა. ადამიანი უნდა ცდილობდეს, რომ საკუთარი თავის უკეთესი ვერსია გახდეს.  რა თქმა უნდა, ეს ძალიან რთულია: პატიოსნად იმუშაოს; გადასახადები გადაიხადოს; არ მოაწყოს საკუთარი ახლობელი სამსახურში, როცა იცის, რომ საუკეთესო კადრი არ არის... ეს პატარ-პატარა დეტალები დასავლეთშიც უცებ არ დამკვიდრებულა. მაგრამ დასავლური ფილოსოფია, რომელიც საფუძვლად დაედო ჯანსაღ კონკურენციას - ჯერ კიდევ ღარიბ საზოგადოებაში ჩამოყალიბდა. ჩვენ ბევრი რამ გვაქვს სასწავლი. რამ განაპირობა ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში ასეთი წინსვლა? მე-17 საუკუნის ჰოლანდია და ინგლისი უფრო ღარიბი ქვეყნები იყო, ვიდრე დღევანდელი საქართველოა. მაგრამ, სხვადასხვა პოლიტიკური და სოციალური მოვლენების შედეგად, ისეთი ფონი ჩამოყალიბდა, რომ თამაშის წესების დარღვევა ან დასჯადი გახდა, ან - წამგებიანი. როგორც ვთქვი, ჩვენთან პრობლემა ის არის, რომ წესებიდან გადახვევა ხშირად უფრო მომგებიანია. მე ყველას ვურჩევდი, რაც შეიძლება მეტი გაიგონ 1918-1921 წლების საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ, რომელიც მართლა საამაყო იყო. წარმოუდგენელია, როგორ მოახერხეს ასეთი დახვეწილი, გამართული პოლიტიკური ერთობის შექმნა. ესე იგი, გვაქვს ეს გამოცდილება. მე-12-მე-13 საუკუნის საქართველოშიც გვქონდა მმართველობის ელემენტები, რომლებიც იმდროინდელ სამყაროში ერთ-ერთი მოწინავე იყო. 

- რამდენადაც ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია სტაბილურობა, იმდენად საშიშია სტაგნაცია. არადა, შეიძლება, ეს ორი მოვლენა გარეგნულად ერთმანეთს ჰგავდეს. როგორ უნდა გავარჩიოთ, სტაბილურობა სტაგნაციაში ხომ არ გადაიზარდა?

- მარტივად რომ შევადაროთ - სტაბილურობა არის ტბა და სტაგნაცია - ჭაობი. წყალი არც ტბაში მიედინება და არც ჭაობში, მაგრამ მათ შორის დიდი სხვაობაა. არ ჩანს, მაგრამ ტბაში სხვადასხვა მდინარის ნაკადები შედის და წყალს ასუფთავებს.  ჭაობში კი ახალი წყალი საერთოდ არ ხვდება. რომ არ დაჭაობდეს, საზოგადოების ყველა სფეროს სჭირდება მოძრაობა და პროგრესი. როდესაც ცხოვრების რაღაც დონე უკვე მიღწეულია, ადვილია სტაბილურობიდან სტაგნაციაში გადასვლა. გაუტკბება საზოგადოებას არსებული სიტუაცია - თითქოს, ყველაფერს მიაღწია, თითქოს, ყველაფერი კარგად არის. და მივიღებთ, მაგალითად, დღევანდელ უნგრეთს. ევროკავშირში გაწევრიანდნენ, მაგრამ რეალური პოლიტიკური პრობლემები აქვთ. ჩვენ უნდა ვცადოთ, რომ ყოველთვის ვუბიძგოთ ახალ დინებას. 

- თქვენთვის რა არის მიჯნა, რომელიც ერთმანეთისგან ყოფს წარმატებას და ყოველდღიურობას?

- როდესაც ძებნის პერიოდი მქონდა და ნაკლებად წარმატებული ვიყავი, ვფიქრობდი, ალბათ, რაღაცას სწორად არ ვაკეთებ, რადგან ჩემ გარშემო არაერთი წარმატებული ადამიანია-მეთქი. შურით არ მიფიქრია, უბრალოდ, ვხედავდი, რომ ვიღაც წინ მიდიოდა, მე კი ადგილზე ვიდექი. მაგრამ მერე ჩემი წინსვლის მომენტიც დადგა. თითქოს, თვისებრივი ნახტომი გავაკეთე. სინამდვილეში, ბანალური, მარტივად სათქმელი რეცეპტია, მაგრამ რთულად შესასრულებელი: ნუ გაეჯიბრები სხვას, გაეჯიბრე საკუთარ თავს. ცხოვრებაში ასეთი ეტაპები მქონდა - ვცდილობ, ვმუშაობ, ვმუშაობ და მაინც ადგილზე ვდგავარ. მაგრამ მერე, თითქოს, დიდი ძალისხმევის გარეშე, რაღაც კარგს მივაღწევ. მხოლოდ ბოლო წლებში მივხვდი, რომ ეს წარმატება იმ ყოველდღიური შრომის გარეშე არ არსებობს. აუცილებლად უნდა გაიარო ეს ეტაპი, რაღაც გამოცდილება უნდა დაგროვდეს, რომ შესამჩნევად წახვიდე წინ. წარმატება დევს ყოველდღიურ მუშაობაში და რწმენაში, რომ სწორ საქმეს აკეთებ.

 

„კარგი ხმების ასეთი კონცენტრაცია, როგორიც საქართველოშია, მგონი, იტალიაშიც არ არის.“ 

 


- როგორც ვიცი, თქვენი მშობლები პროფესიონალი ვოკალისტები არიან და თქვენც შესანიშნავად მღერით. ადრე ბევრ მომღერალ ადამიანს შეხვდებოდი საქართველოში, თუნდაც, სუფრასთან. ქუჩაშიც კი მღეროდნენ. ახლა ძალიან იშვიათად ვისმენთ ცოცხალ შესრულებას. ბოლო წლების განმავლობაში, სად მღერით ხოლმე? 

- ხშირად სახლში, ეს ჩვენს ოჯახში მიღებულია. რამდენჯერმე „ჩაიხანას“ კლუბში იყო შეხვედრა და იქ მიმღერია ფრენკ სინატრას, ელვის პრესლის, ჰამპერდინკის სიმღერები. სხვათა შორის, იტალიის საელჩომ ერთხელ კონკურსი ჩაატარა, თუ ვინ უკეთ გამოხატავდა იტალიის სიყვარულს. ამ კონკურსში მეორე ადგილი ავიღე და ოთხი თვე იტალიურ ენას მასწავლიდნენ დანტეს ცენტრში. მეორედ იტალიის საელჩომ როსინის საღამო მოაწყო. იქაც ვმონაწილეობდი, თანაც, ოპერის ექვს მომღერალთან ერთად. ყველა ერს აქვს დამახასიათებელი თვისებები. ჩვენ ძალიან ძლიერი ვოკალი გვაქვს. კარგი ხმების ასეთი კონცენტრაცია, როგორიც საქართველოშია, მგონი, იტალიაშიც არ არის. 

- შინაგანი მშვიდობის თქვენეულ რეცეპტად რა მიგაჩნიათ? 

- ორი ფაქტორია. სტაბილურად რომ ვგრძნობდე თავს, მჭირდება განცდა, რომ პროფესიულად წარმატებული ვარ და ჩემი საქმე გამომდის. მეორე ფაქტორია ის ადამიანები, ვინც „ჩემიანებად“ მიმაჩნია. მათთან ურთიერთობა არის ყველაზე დიდი ფუფუნება, ბევრად მეტი, ვიდრე პრესტიჟული ბინა ან მანქანა, ან რაიმე სხვა. ყველაზე რთულ პერიოდებში მშობლების და მეგობრების მხარდაჭერას ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. და თუ რაიმეთი ვამაყობ, ის არის, რომ მეც რამდენჯერმე დავხმარებივარ მეგობრებს - ამ შემთხვევაში, უფრო მორალურ და ინტელექტუალურ მხარდაჭერას ვგულისხმობ. როცა იცი, რომ, თუნდაც, რამდენიმე „შენიანი“ არსებობს, მშვიდად ხარ. ზნეობრივი და ინტელექტუალური ჰარმონიის განცდა გაქვს. ამ ადამიანების არსებობა ჩემთვის დიდი ნუგეშია. 

- გმადლობთ მრავალმხრივ საინტერესო საუბრისთვის. ინტერვიუს დავასრულებთ თქვენი კომენტარით ცნობილი ადამიანების ორ გამონათქვამზე. პირველი ციტატის ავტორია თანამედროვე პოლონელი მწერალი და პუბლიცისტი კშიშტოფ კონკოლევსკი (1930): „სხვა ადამიანში გვესმის მხოლოდ ის, რაც საკუთარ თავში უკვე დაძლეული გვაქვს.“

- ზოგჯერ შეიძლება ასეც იყოს. თუ შენი და რომელიმე სხვა ადამიანის სიმები ჰარმონიაშია, ცხადია, უკეთ გესმის მისი. მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, რომ იმის იქითაც დაინახო რაღაც, რაც შენთვის უცხოა. ნებისმიერ ადამიანს აქვს პირადი გამოცდილება, რაც სხვას არ გააჩნია. ყველამ იცის რაღაც ისეთი, რაც მეორემ არ იცის. ამიტომ, ადამიანი უნდა ცდილობდეს, რომ მუდმივად ღია იყოს მისგან განსხვავებულის მისაღებად. სხვა ქვეყნების, სხვა კულტურების გაცნობაც ამით არის საინტერესო. 

- მეორე ციტატა ეკუთვნის ამერიკელ ავტორს და ბიზნესმენს სტივენ კოვის (1932-2012): „ადამიანი თვითონ წყვეტს, რა გავლენას ახდენს მასზე ესა თუ ის მოვლენა“. 

- მოვლენას გააჩნია, რა თქმა უნდა. პოლიტიკური ან ბუნებრივი კატაკლიზმები ობიექტური რეალობაა. ზოგჯერ ადამიანს დიდი ასპარეზი და მოქნილობის ველიც აღარ რჩება შეფასებისთვის ან მოქმედებისთვის. მაგრამ, როცა შესაძლებელია, ცხადია, ადამიანმა ესა თუ ის მოვლენა მისთვის სასარგებლოდ უნდა გამოიყენოს. დეილ კარნეგი წერდა - ცხოვრება თუ ლიმონს გაძლევს, ლიმონათად აქციეო. ჩემ გარშემოც იყვნენ რეალური ადამიანები და ბევრი ლიტერატურული პერსონაჟი თუ ცნობილი ადამიანიც მახსენდება, რომლებმაც წარმოუდგენლად დიდი დაბრკოლება გადალახეს და მაინც გზა გაიკაფეს, მაინც თავისას მიაღწიეს. სინამდვილეში, ადამიანი უფრო ძლიერია, ვიდრე საკუთარი თავი ჰგონია. ეს მეც გამომიცდია. ამასთან ერთად, თითოეულ ჩვენგანს აძლიერებს სხვაზე ზრუნვა. სწორედ სხვაზე ზრუნვა ეხმარება ადამიანს, რომ საკუთარ რესურსს თავი მოუყაროს, უკეთესი გახდეს და გამოწვევებსაც გაუმკლავდეს.
 
 

ფოტომასალა: ზურაბ ქურციკიძე

გუნდი

ირაკლი გედენიძე

ზურაბ ქურციკიძე

გიო კუსიანი

გიორგი ურუშაძე

თამთა ყუბანეიშვილი

ნანა ყურაშვილი

ინგა ქორიძე