×
„შინაგან ქაოსში ვკარგავთ დღევანდელი დღის მადლს“

ლევან როგავა

საქართველოს ოკინავური გოჯუ-რიუ კარატე დოს ფედერაციის პრეზიდენტი, სენსეი ლევან როგავა


5296

ინტერვიუს შესახებ

როდესაც ლევან როგავასთან ინტერვიუ ჩავიფიქრე, ზუსტად არ ვიცოდი, ვის ვიწვევდი - სახელოვან სპორტსმენს, წარმატებულ მასწავლებელს თუ სფეროს ლიდერს. 

ახლა მკაფიოდ ვაცნობიერებ, რომ ეს ინტერვიუ მხოლოდ მშობლებისთვის და მასწავლებლებისთვის კი არ იქნება დამაფიქრებელი, არამედ, საზოგადოებისთვის მთლიანად. იმ საზოგადოებისთვის, რომლის წიაღში იზრდებიან ფიზიკურად ძლიერი და სულიერად სასტიკი ადამიანები; სპორტსმენები, რომლებიც საკუთარ ძალას სხვების დასაზიანებლად, სხვების დასაჩაგრად იყენებენ და ამით იმკვიდრებენ თავს უბანსა თუ ქალაქში. 

გაიცანით ლევან როგავა - კარატეს გოჯუ-რიუს სახეობაში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, რომელიც ადამიანებს ასწავლის, როგორ გაიძლიერონ სხეული და გაიფაქიზონ სული.

გული მწყდება დღევანდელი საქართველოს გულშემატკივარ თითოეულ ადამიანზე, ვინც ამ ინტერვიუს ვერ ან არ წაიკითხავს. 

ია ანთაძე

- ლევან, თუ არსებობს საიდუმლო, რომლის მიმართ დიდი ინტერესი გაქვთ? 

- საბრძოლო ხელოვნებასთან დაკავშირებით ერთგვარი თქმულებაა, რომ არსებობს საიდუმლოებები, რომლებსაც, გარკვეულ ეტაპამდე თუ მიხვალ, მერე ვიღაც გაგანდობს. დაახლოებით 30 წელია, რაც ამ საქმეში ვარ და უშუალო ურთიერთობა მქონია ბევრ ოსტატთან, რომლებსაც ჩვენ სენსეის ვეძახით; ბევრჯერ ვყოფილვარ იაპონიაში, იქ მივარჯიშია, მისწავლია... და ერთი წამითაც არ მიფიქრია, რომ არსებობს საიდუმლო, რომელსაც სენსეი არ გაგანდობს. გაძლევენ იმას, რასაც იმსახურებ. შენ თუ ხარ მზად, რომ მიიღო ეს საიდუმლო, ესე იგი, შენ მას მიიღებ. 

- მაგრამ არის თუ არა თქვენი ცხოვრების გზაზე ისეთი საიდუმლოებები, რომლებიც ადამიანმა თვითონ უნდა მოიპოვო, რომლებსაც არავინ გაგანდობს. 

- შენი თავის შესწავლის გზაზე არსებობს პაუზა, რომელიც იქამდე უნდა შეინარჩუნო, სანამ არ დარწმუნდები, რომ შეიძლება მასზე მეორე ადამიანთან ისაუბრო. სანამ ცოდნა ბოლომდე არ დაღვინდება შენს ცნობიერებაში და შენს სხეულში, ყოველთვის თავს იკავებ მისი ვინმესთვის გადაცემისგან. როცა ასწავლი, მით უმეტეს, ვალდებული ხარ, დარწმუნებული იყო, რას ასწავლი. მეორე მხრივ, ბავშვებთან ურთიერთობისას ძალიან მნიშვნელოვანია გულწრფელობა. ეს გულწრფელობა კავშირშია იმ  ცოდნასთან, რაც თქვენ მკითხეთ. მიმაჩნია, რომ გულწრფელი ადამიანი ყოველთვის მოგებულია. 

- კარატეში რა უფრო მნიშვნელოვანია, პრინციპები თუ ადამიანები? 

- დაიწყო მძიმე კითხვები (იცინის). პრინციპები თუ ადამიანები? კარატეს არსი საკუთარ თავზე მუშაობაა. საკუთარ თავზე მუშაობის დროს პრინციპული თუ არ ხარ და შენს სუსტ მხარეებს თუ არ აძლიერებ, შეუძლებელია წარმატების მიღწევა. საბოლოო ჯამში, კარატეს დანიშნულებაა, რომ იყო მეომარი. უპრინციპო მეომარი კი ძალიან საშიშია. პრინციპულობა აუცილებელია და იმაში გამოიხატება, რომ შენს თავს უნდა უბიძგო, ძალა უნდა დაატანო, რომ ყველანაირ ცდუნებაზე უარი თქვა. დღეს, როგორც სენსეის, მასწავლებელს, პასუხისმგებლობა მაქვს აღებული იმ ადამიანების წინაშე, რომლებსაც ვასწავლი და ვავარჯიშებ. სულ ფორმაში უნდა ვიყო, რომ კონცენტრაცია შევინარჩუნო. მეგობარი თუ დამირეკავს და მეტყვის, დაბადების დღე მაქვს და, იქნებ, საღამოს გამოგვიაროო, ყოველთვის მეორე დღეზე ვფიქრობ. როგორ შეიძლება, დილით მოსწავლეებთან მიხვიდე ნაბახუსევი, ალკოჰოლის სუნით, როცა მათ დისციპლინას, ფიზიკურ და სულიერ სიძლიერეს ასწავლი. საკუთარი თავის მიმართ პრინციპულობა სხვებისგან აღიქმება, როგორც მაგალითი. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. 

- იმის მიხედვით, როგორც და რაზეც ააგეთ თქვენი პასუხი, გამოვიდა, რომ პრინციპები მაინც მთავარია. 

- დიახ. 

- მით უმეტეს, კარატეს იმ სტილში, რომელსაც თქვენ ასწავლით - გოჯუ-რიუში - რომელშიც ტრადიციები, წესები და პრინციპები არ იცვლება. მაგრამ ადამიანის ინდივიდუალობა რამედ თუ ფასობს კარატეში, ზოგადად? 

- რა თქმა უნდა, ადამიანის ინდივიდუალობა თავისუფლების წინაპირობაა. რამდენადაც ჭარბად არის ადამიანში ინდივიდუალიზმი, მით უფრო თავისუფალია ის. წესებისა და ტრადიციების დაცვა პატივისცემას ეფუძნება და არა თავისუფლების შეზღუდვას. 

- ინდივიდუალიზმი რაში შეიძლება გამომჟღავნდეს, ან წაადგეს ადამიანს, რომელიც კარატეს გზას ადგას?

- ინდივიდუალიზმის პატივისცემაა ჩემი მხრიდან, როცა ახალი სტუდენტი ან მოსწავლე მოდის და მას აღვიქვამ, როგორც უნიკალურს, ძალიან პატივსაცემ ადამიანს. კარატე არ არის ფეხბურთი, როცა 35 წლის ასაკში თამაშს თავს ანებებ და მერე აღარ ვითარდები. კარატეში რადიკალურად პირიქით არის. ცდილობ,  მთელი ცხოვრების გზაზე ინდივიდუალობა იმდენად განივითარო, რომ არა მხოლოდ შენი თავისთვის, არამედ, სხვებისთვისაც სასარგებლო იყო. თუ განვითარება ჩაკეტილია და კლიშეებშია დახშული, მაშინ ეს პროცესი მოკლევადიანი გამოვა და არ იქნება სიცოცხლის ხანგრძლივობის გზა - რაც კარატეს მთავარი პრინციპია.

- პირადად თქვენი, როგორც სენსეის, ინდივიდუალიზმი რაში ჩანს? 

- ამ კითხვაზე პასუხს ორ ნაწილად გავყოფდი. ერთია ის, რასაც მე ფიზიკურად ვაკეთებ - ტექნიკა, ვარჯიში, როცა ვცდილობ, ვიყო განსხვავებული, სხვას არ მივბაძო. 

- კარატე ამის საშუალებას იძლევა? 

- დიახ, რა თქმა უნდა. ზუსტად ეს არის გზა. „კარატე დო“ შიშველი ხელის გზას ნიშნავს. კარატე იმისთვის შეიქმნა, რომ მისი მეშვეობით იარაღიანი მეომრებისგან დაეცვათ თავი. შემდეგ იაპონიამ ამას დაუმატა სულიერების განვითარების ასპექტები, რაც იაპონურ კულტურას ახასიათებს. ბოლო ეტაპზე კი კარატე სპორტის სახეობა გახდა, გასპორტულდა. როცა ადამიანი ჩემთან მოდის, თავიდანვე ვარკვევ, რა მიმართულება აინტერესებს - თავდაცვისუნარიანობის ამაღლება, სულიერების გაძლიერება, თუ სპორტული კარიერა.  ბავშვები რომ მოდიან ჩვენთან, ვცდილობ, ვარჯიშის გარდა, სხვა კუთხით გვქონდეს ურთიერთობა. ვსაუბრობთ, პრეზენტაციებს აკეთებენ, დავალებების შესასრულებლად სახლში მუშაობენ. ერთი დავალება გვქონდა, ფიზიკურად და სულიერად ძლიერი ადამიანის დიფერენცირება უნდა მოეხდინათ - რას ნიშნავს შენთვის ფიზიკურად ძლიერი და რას ნიშნავს სულიერად ძლიერი? ბავშვისთვის ადვილი არ არის, სულიერად ძლიერი ადამიანი აღიქვას და აღწეროს. ბავშვისთვის კი არა, ბევრი დიდისთვისაც რთულია. ისე კარგად ხსნიან, ისე კარგად საუბრობენ ამ თემაზე. ძალიან საინტერესოა მათი მოსმენა.

 

„ემოციის კონტროლი ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ფიზიკური ძალის კონტროლი.“ 

 


- თუ გყოლიათ რთული ბავშვები, რომლების მიმართ არასტანდარტული, ინდივიდუალური გადაწყვეტილებები მიგიღიათ?

- გარედან ნამდვილად ასე ჩანს, რომ ყველას ერთნაირად ვექცევი. სინამდვილეში, უხილავი ძაფი თუ არ გაქვს თითოეულ ბავშვთან გაბმული, ძნელია, გამოგყვეს იმ გზაზე, რომელზეც წარმატებას უნდა მიაღწიოს. ყველას თავისებური მიდგომა სჭირდება. ჩემი ინდივიდუალობაც და თავისუფლებაც ამაშია. რთული ბავშვები რომ ახსენეთ, რა იგულისხმეთ? რას ნიშნავს რთული ბავშვი?

- ჩემთვის რთულია ბავშვი, რომელსაც უჭირს, დაექვემდებაროს იმ დისციპლინას, რაც აუცილებელია თქვენს საქმეში და თქვენთან ურთიერთობაში. 

- წარმოიდგინეთ, თხუთმეტი ბავშვი ვარჯიშობს. იქ ჩემი აწეული ხმა არავის გაუგია, ამაზე პასუხისმგებელი ვარ. თითოეული მათგანი გრძნობს ჩემს პატივისცემას მის მიმართ და მათგანაც იგივე მიბრუნდება. ვთქვათ, მოდის ახალი ბავშვი და ხედავს ამ თხუთმეტ ბავშვს, მოწესრიგებულს, ერთმანეთის მიმართ და სენსეის მიმართ პატივისცემით გამსჭვალულს. ის ქვეცნობიერად გრძნობს ამ კოლექტიურ სიმშვიდეს, ერთმანეთის პატივისცემას, ძალას... ჩვენი დარბაზის გვერდით არის სკოლა და ბევრჯერ ყოფილა, რომ ამ სკოლიდან შემოსულა ბავშვი, ქაოტური, სტანდარტული ქცევით - კლასში სანამ მასწავლებელი შემოვა, მერხზე რომ უნდა აძვრეს აუცილებლად... ჩვენთან ასე არ ხდება. თუ მას მიხმარება დასჭირდა, პირადად მე ვეხმარები. ვუთანხმდები, რომ სხვებს ხელი არ უნდა შევუშალოთ. მაგალითად, არის ასეთი დავალება, როცა გუგუნის და ფიზიკური ვარჯიშის მერე ვსხდებით 3-5 წუთი და სიჩუმეს ვუსმენთ. ეს არის საკუთარი თავის მოსმენის მომენტი. ღრმად ვიაზრებთ, რომ ამ დროს ჩემს გვერდზე მჯდომს ხელი არ შევუშალო ჩემი ზედმეტი მოძრაობით და ხმაურით. დიდებშიც არის ეს პრობლემა, რასაც თქვენ მეკითხებით. ქართველებს გვახასიათებს დისციპლინასთან დაკავშირებული პრობლემები, სხვისი ხელით რაღაცის კეთება, პასუხისმგებლობის არაღება საკუთარ თავზე. როცა ბავშვებს პატარაობიდანვე აჩვევ წესრიგს და საკუთარი თავის მოსმენას, ისინი ბევრად ადვილად იგებენ და იღებენ, რასაც სთავაზობ. ვხედავ ბავშვების ტრანსფორმაციას; ვხედავ, როგორ სწავლობენ ემოციის კონტროლს. ემოციის კონტროლი ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ფიზიკური ძალის კონტროლი. 

- ხომ არის შემთხვევები, როცა ბავშვი ვერ უძლებს ფიზიკურ დატვირთვას ან დისციპლინას და მშობელს თქვენგან მიჰყავს? 

- დიახ, ყველას არ აქვს ფიზიკური გამძლეობა. შეიძლება, ფსიქოლოგიურადაც ვერ გაუძლოს. ჩვენი სტილი, გოჯუ-რიუ, ნიშნავს მაგარის და რბილის შერწყმას. მაგარი არის ვარჯიშით გაძლიერებული შენი ფიზიკური სხეული და რბილი - შენი შინაგანი მდგომარეობა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შენი გარეგანი სიძლიერე არ გადავიდეს შენს შინაგან მდგომარეობაში, აგრესიაში, სისასტიკეში. ბევრჯერ ხდება, რომ თუ ადამიანი ფიზიკურად ძლიერია, ამის საფუძველზე აგრესიას გამოხატავს საკუთარი თავის, გარშემომყოფების და, ზოგადად, საზოგადოების მიმართ. ყოფილა ასეთი შემთხვევებიც, როცა იმდენად ძნელია ფიზიკური ძალის მობილიზება და სისტემატური, რუტინული შრომა, რომ ფსიქოლოგიურად ვერ უძლებს ადამიანი და ტყდება. ამ დროს გეუბნება, ვეღარ ვივლი თქვენთან და ჯობია, ჩემს საქმეს მივხედოო. ჩემი მოვალეობაც ზუსტად ეს არის, რომ დროულად დავინახო ზღვარი, სიძნელის გადალახვაში მივეხმარო და მიდგომა შევუცვალო. აღმოსავლურ სიბრძნეს მოვიშველიებ: მასწავლებელი გაჩვენებს გზას, მაგრამ იქ შენ უნდა გაიარო.

- 2002 წელს, როდესაც ძალიან ახალგაზრდა იყავით და საქართველოში ცხოვრება მეტისმეტად ჭირდა, გქონდათ რეალური შანსი, კანადაში დარჩენილიყავით და სპორტული კარიერა გაგეგრძელებინათ. მაგრამ დაბრუნდით საქართველოში, სადაც სპორტული კარიერის გაგრძელება შეუძლებელი აღმოჩნდა და გადაწყვიტეთ, რომ გამხდარიყავით სენსეი, ანუ კარატეს მასწავლებელი. რა იყო მთავარი მოტივი, რის გამოც უცხოეთში დარჩენა არ ისურვეთ?

- დაახლოებით, ნახევარი წელი კანადის ეროვნულ ნაკრებში ვიყავი. იმ პირობებთან შედარებით, რაც აქ მქონდა, სრული სამოთხე იყო. მაგრამ გაუცხოების განცდა ვერ დავძლიე. იმის მიუხედავად, რომ არაფერი მაკლდა, სხვა გარემო ჩემთვის ძნელად გადასალახი აღმოჩნდა. ჩემი ოჯახი, მეგობრები, ახლობლები, - ამის დატოვება ვერ შევძელი. მაშინ ვერც ვხედავდი, რას გავაკეთებდი საქართველოში. ან სპორტული კარიერა უნდა გამეგრძელებინა, ან სხვა მხარე უნდა გამეძლიერებინა. ასე არ არის, რომ მე მომინდა, გავმხდარიყავი სენსეი და გავხდი. 

- აბა, როგორ არის?

- ამ წოდებას იაპონიაში სენსეები განიჭებენ და გეუბნებიან, რომ დღეიდან გაქვს უფლება, შენი ცოდნა სხვას გადასცე. საქართველოს კარატეს ფედერაციას ახლა აქვს შესაბამისი კრიტერიუმები და მხოლოდ ლიცენზიის მიღების შემდეგ ხდები ინსტრუქტორი. მაგრამ იმ პერიოდში ასეთი რამ არ არსებობდა. ვისაც კი სურვილი ჰქონდა, ყველას შეეძლო, სკოლაში ან სხვაგან გაეხსნა დარბაზი. მშობელი სენსეის ცოდნას ვერ შეამოწმებდა: კიმანო აცვია, ქამარი უკეთია, მშობელი ხართ და შვილი მიგყავთ, რომ კარატე ასწავლოს. 

- თქვენს მოსწავლეებს შორის არიან ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონები, საერთაშორისო ასპარეზობების გამარჯვებულები. ის, რაც თქვენ, ერთმა ადამიანმა, თქვენს გუნდთან ერთად შეძელით, შეიძლება თუ არა შეფასდეს, როგორც სისტემური ცვლილება თქვენს სფეროში? 

- ერთპიროვნულად ჩემზე ვერ ვიტყვი. ჩვენთან დოჯოში (დარბაზში) ჩემი მეგობრებიც არიან და ერთი ოჯახის სულისკვეთება სუფევს. ერთხელ რომ მოხვიდეთ, მაშინვე მიხვდებით, რომ ეს ადამიანები არა მხოლოდ საქმით არიან ერთმანეთთან დაკავშირებული, არამედ, ღირებულებებით. რაც შეეხება შედეგებს, მათ მიღწევამდე დიდი გზა გავიარეთ.  ბედნიერი ვარ, რომ შევძელით, დღევანდელ დღემდე ამ შედეგებით მოვსულიყავით. ისინი ჩემპიონები გახდნენ არა მხოლოდ ჩემი დამსახურებით, არამედ ყველა იმ ადამიანის მონდომებით და შრომით, ვინც მე გვერდში მიდგას. 

- თუ შექმენით რაიმე სისტემა, რომელიც შემდეგ, როცა ამ საქმის კეთება აღარ მოგინდებათ, თქვენ გარეშე იმუშავებს? 

- არ მახსენდება, ასეთი რამ ვინმეს ეკითხა. ეს ის არის, რის  შექმნასაც დღეს ჩემი გუნდი და მე ვცდილობთ: მოვიდა ახალი ნაკადი, გაიარა სწავლების სისტემა, ფიზიკურად გაძლიერდა, გახდა მშვიდი, გაწონასწორებული ადამიანი და თავისთვის მნიშვნელოვანი ფასეულობები შეიძინა. დღეს ეს სისტემა ბოლომდე მოწესრიგებული არ გვაქვს. მაგრამ გვაქვს პროექტი, რომელიც იაპონური საბრძოლო ხელოვნების სკოლის ჩამოყალიბებას გულისხმობს. ეს სკოლა იქნება ლისზე. პროექტზე მუშაობა თითქმის დასრულებულია და მალე მშენებლობა დაიწყება. იაპონური არქიტექტურის მქონე შენობაში მხოლოდ იაპონური საბრძოლო ხელოვნების მოყვარულები ივარჯიშებენ. ამ შენობაში სისტემურად დალაგდება ცოდნის მექანიზმები. მხოლოდ ადამიანებზე არ იქნება ინდივიდუალური პასუხისმგებლობა იმასთან დაკავშირებით, რაც იქ მოხდება. შედეგიანობის მაღალი კოეფიციენტის გარანტი სწავლების გამართული სისტემა იქნება. 

- თანამედროვე საქართველოში რამდენიმე სფერო არსებობს, სადაც ერთმა ადამიანმა, თავის გუნდთან ერთად, სისტემურად შეცვალა სიტუაცია. ასეთი ადამიანია ანზორ ერქომაიშვილი, ასეთია სოფო ჭყონია. ასეთი ხართ თქვენც, ჩემს წარმოდგენაში. 

- გმადლობთ, ეს დიდი სტიმულია ჩემთვის. თავდაჯერებულობას და ენერგიას მაძლევს ასეთი შეფასება. 

- გვერდიდან სულ ვხედავდი, რომ საქართველოში კარატე თქვენამდე და კარატე თქვენს შემდეგ - ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. ახლა მინდა იმაზე ვისაუბროთ, რა მოლოდინი აქვს მშობელს, როცა ბავშვი კარატეს მასწავლებელთან მოჰყავს. რაც მე მსმენია, მშობლები ფიქრობენ, რომ ბავშვი ფიზიკურად გაძლიერდება და ისწავლის, როგორ დაიცვას თავი, მაგრამ, ამავე დროს, არ იქნება აგრესიული, არ ავნებს სხვას. ეს მოლოდინი ყველა შემთხვევაში მართლდება? 

- მშობლების დამოკიდებულება ძალიან არაერთგვაროვანი და არასტანდარტულია. ყველაზე მიუღებელი ჩემთვის არის დამოკიდებულება, როდესაც მშობელი მოდის თავის 5-6 წლის შვილთან ერთად და მისი თანდასწრებით მეუბნება: ”ამისგან არაფერი არ გამოვა, მაგრამ მაინც იაროს“; ან: „ამისგან მსოფლიო ჩემპიონი არ გამოვა, მაგრამ ერთხანს იაროს“. შენ ამ დროს შენს შვილს უკლავ პერსპექტივას, ობიექტური თვითშეფასების უნარს. ბავშვისთვის ჩვენთან სიარული თავიდანვე წარუმატებლობის განცდას უკავშირდება. ამ მამებს ყოველთვის ბავშვისგან ცალკე ვპასუხობ, თბილად და ზომიერად ვუხსნი, რომ ასეთი რამ არ უნდა მითხრას. უმეტეს შემთხვევაში, ხვდებიან, რას ვეუბნები. დღეს ნახევარი საათი გჭირდება, რომ ადამიანზე ინფორმაცია მოიძიო. არა მხოლოდ ადამიანზე, არამედ, მთელ სისტემაზე, რომელსაც ეს ადამიანი წარმოადგენს. თუ გაინტერესებს და ფიქრობ, შენი შვილი სად მიგყავს, აუცილებელია, დრო გამონახო  და ინფორმაცია მოძებნო. ეს ჩემი ერთგვარი რჩევაც იქნება მშობლების მიმართ - მოაგროვონ ინფორმაცია, სანამ ბავშვს ბრმად მიიყვანენ ვიღაცასთან - იმ ადამიანს რა გაუკეთებია, როგორი მეთოდი აქვს, როგორი შედეგები აქვს. არიან მშობლები, რომლებმაც ზუსტად იციან, ბავშვი სად და რისთვის მოჰყავთ. ჩემთვის ძალიან ადვილია მათთან მუშაობა და შედეგიც ბევრად უკეთესია.

 

„როცა იცი შენი ცოდნის ძალა და იცი, რომ შეგიძლია, ამ ცოდნით ვიღაც სასიკვდილოდ დააზიანო, განსაკუთრებით დიდი პასუხისმგებლობა გიჩნდება.“

 


- თქვენ ერთხელ თქვით, ათი წლის ასაკში მიმიყვანეს კარატეს დარბაზში და იმის შემდეგ ჩემი ცოდნა დარბაზს გარეთ არ გამომიყენებიაო. არეულ 90-იანებში, როცა ძალიან ახალგაზრდა იყავით, როგორ მოხდა, რომ ეს არ გაგიკეთებიათ? 

- გეტყვით ამის მიზეზს. ჩემი სამეგობრო, ჩემი წრე, დღესაც ამ საქმით არის დაკავებული. შესაბამისად, ჩვენ შორის კონფლიქტი არ ხდებოდა, მეგობრები ვიყავით. მეორე და მთავარი ის არის, რომ როცა იცი შენი ცოდნის ძალა და იცი, რომ შეგიძლია, ამ ცოდნით ვიღაც სასიკვდილოდ დააზიანო, განსაკუთრებით დიდი პასუხისმგებლობა გიჩნდება. მთელი ცხოვრება ვარჯიშობ, სწავლობ დარტყმას და უცებ ეს დარტყმა შეიძლება საერთოდ უვარჯიშებელი ადამიანის მიმართ გამოიყენო. მისი სხეული ამას ვერ აიტანს და საშინელება მოხდება. ამას მუდმივად აცნობიერებ. თანაც, როცა კარატე შენი ცხოვრების გზა ხდება, გიმუშავდება ნებისყოფა, მოთმინების უნარი და ადვილად ვერავინ დაგაკარგვინებს წონასწარობას. ყოველთვის ცდილობ, რომ მშვიდი იყო და სიტუაცია ადეკვატურად შეაფასო. რომელიღაც სამურაის აქვს ნათქვამი: ყველაზე კარგი ბრძოლა არის ის, რომელიც უბრძოლველად მოიგეო. 

- თქვენ აცნობიერებდით, რა პასუხისმგებლობა ახლდა თქვენს ძალას. მაგრამ თქვენი მოსწავლეები ხომ სხვადასხვანაირები არიან? ისინი როგორ ჭრიან საკუთარ პრობლემებს?

- ძალიან ხშირად ვსაუბრობთ ამ თემებზე. კიდევ ერთხელ დავუბრუნდები გულწრფელობას. ის არ მიყურებს მე, როგორც მენტორს, რომელთანაც სტანდარტულად მოვიდა, რაღაც ისწავლა და წავიდა. არამარტო მე, ეს ყველა სენსეის ეხება, ვინც ჩემ გარშემოა. ჩვენ ჩვენი მოსწავლეების მეგობრები ვართ. თუ რომელიმე მათგანს რაიმე უჭირს, მე წინასწარ ვხვდები, რომ ამ ბავშვს რაღაც რიგზე ვერ აქვს. შეიძლება იქვე ტატამზე დავჯდე ორი წუთით, გამოვიყვანო და ვკითხო: რამით ხომ არ შემიძლია, რომ დაგეხმარო? მე მათ სულ ვეუბნები - რაც არ უნდა პრობლება გქონდეს, რაც არ უნდა არასწორად მოიქცე, რაც არ უნდა დააშავო, მე ყოველთვის დაგეხმარები, ყოველთვის შენს გვერდზე ვიქნები, რომ ეს დაბრკოლება გადალახო. ეს იციან, ეჩვევიან ამ სიტუაციას. ბევრი შემთხვევა მქონია, როცა რაღაც პრობლემასთან დაკავშირებით უკითხავთ: სენსეი, როგორ მოვიქცე? რა გავაკეთო? ერთხელ ერთმა მითხრა: ჩემმა მეგობარმა მთხოვა, რომ სადღაც საჩხუბრად უნდა წავიდე და წამომყევიო (15 წლის ბიჭი); რა ვქნა? როგორ მოვიქცეო?

- საკმაოდ ტიპური შემთხვევაა. 

- მერე ვიწყებთ ამაზე მსჯელობას. მესმის, მისთვის ძალიან რთულია, რომ მეგობარს არ გაჰყვეს. მაგრამ საუბრის შემდეგ მას გაცნობიერებული აქვს პასუხისმგებლობა საკუთარ ნაბიჯზე, როგორიც არ უნდა იყოს ეს ნაბიჯი. 

- თქვენთან სწავლა გარკვეული საფასური ღირს, მაგრამ არიან ბავშვები, რომლებიც არაფერს იხდიან, რადგან მათ ოჯახებს ამის საშუალება არ გააჩნიათ. თქვენ თქვით, ვინც არ იხდის, ის ბევრად თავდადებით ვარჯიშობს და მეტად წარმატებულიაო. ეს უფრო ადამიანური გადაწყვეტილებაა, თუ უფრო პროფესიული, რომ ნებისმიერ შემთხვევაში იმუშაოთ ბავშვთან, რომელიც თქვენამდე მოდის? 

- უფრო ადამიანური. ასე არ ვუყურებ ჩემს საქმეს, რომ რაოდენობრივად მეტი მოსწავლე მყავდეს ჩემ გარშემო  და მერე ვთქვა, ჩემთან ამდენი ადამიანი ვარჯიშობს-მეთქი. მე ასე ვუყურებ: იმ ადამიანს, ვისაც არ აქვს მატერიალური შესაძლებლობა, მიეცეს შანსი. როცა ვიცი, ეს სისტემა და ამ გზაზე სიარული რა შედეგის მომტანია, ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება, ვინმეს უარი ვუთხრა. ამას ვერ ვიზამ. 

- უტა ბერიამ საკუთარი სცენარით გადაიღო ფილმი „უარყოფითი რიცხვები“, რომელიც არასრულწლოვანთა პენიტენციურ დაწესებულებაში რაგბის სწავლებას ეხება. ფილმი რეალურ ამბებზეა და ჩანს, რომ საკმაოდ რთული სამუშაოა. 2019 წელს თქვენ შეხვედით ამავე დაწესებულებაში, სადაც მოზარდებს კარატეს ასწავლიდით. პირველ რიგში, ვიკითხავ, ეს საქმე გრძელდება თუ არა? 

- არა, ახლა არ გრძელდება. 

- პანდემიის გამო? 

- ძირითადად, პანდემიის გამო. 

- რამდენად კმაყოფილი ხართ შედეგით? რამდენად შეძელით, ახალგაზრდები დაგერწმუნებინათ, რომ კარატეს დანიშნულება დაცვაა და არა დაზიანება? მგონი, თქვენ უფრო გაგიჭირდებოდათ, ვიდრე რაგბის მასწავლებლებს. 

- მე კიდევ ვფიქრობ, რომ ჩვენთვის უფრო ადვილი იქნებოდა ამ ბავშვებთან ურთიერთობა. 

- რატომ?

- სანამ პირველად მივიდოდი, დამირეკეს და მთხოვეს, იქნებ, საჩვენებელი პრეზენტაცია ჩაატაროთო; თუ ბავშვებს სურვილი გაუჩნდებათ, თქვენთან ერთად ივარჯიშებენო. პირველ მისვლაზე 25 არასრულწლოვანი მსჯავრდებული მოვიდა ჩვენს გასაცნობად. კიმანოში რომ დაგვინახეს, დაეჭვებული დამოკიდებულება შევატყვე. ფილმებიდან რომ ახსოვთ, ცოტა სიყალბე, პროფანაცია... მე ვიყავი და ჩემი ინსტრუქტორები იყვნენ. ასევე, თან მახლდა 18 წლის თორნიკე ქიმაძე, ჩემი მოსწავლე. ვარჯიში რომ დავიწყეთ, ვიგრძენით, როგორ იცვლებოდა ამ ბავშვების განწყობა და დამოკიდებულება ჩვენ მიმართ. სხვა მდგომარეობაში გადავიყვანეთ. დაინახეს, რომ ეს მშვიდი ადამიანები, შეიძლება, უცებ ძალიან ძლიერებად გარდაისახონ. გასუსულები გვიყურებდნენ. თავიდან ზოგს ფეხი ფეხზე ედო, ზოგი მიწოლილი იყო, სტანდარტული სკეპტიკური დამოკიდებულება ჩანდა, რაც მათი ასაკისთვის არის დამახასიათებელი. უნდა გენახათ, ვარჯიშის მერე ეს ბავშვები როგორ მოდიოდნენ, გვეხუტებოდნენ და გვეუბნებოდნენ: ძალიან გთხოვთ, იარეთ, ჩვენც ვივარჯიშებთო. ერთი ნიუანსი ისიც იყო, რომ გავაცანი თორნიკე, რომელიც მათ ასაკში ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონია, მრავალ ქვეყანაში მოგზაურობს. მისი სახით, თვალსაჩინო მაგალითი ვაჩვენე. ჩემთვის ძალიან მძიმე დღე იყო, მეორე ასეთი მძიმე დღე არც მახსენდება. ისეთი კარგები იყვნენ, რომ შეხედავდი, არადა, სასჯელს იხდიდნენ, ზოგი - მძიმე დანაშაულისთვის. თეა წულუკიანი გვახლდა, რომელიც ყველა ბავშვს სახელით იცნობდა და ამბობდა, ამან ჩემზე მეტი უცხო ენა იცის, ამან ეს იცის, იმან - ის... როცა გითხარით, რომ მე არ გამიჭირდება ისე, როგორც შეიძლება სხვას გაუჭირდეს,  იმას ვგულისხმობდი, რომ ჩვენი სისტემა თვითონ გამოაწრთობს ამ ბავშვებს, ასწავლის თავმდაბლობას და სხვა ადამიანის პატივისცემას. რადგან საბრძოლო ხელოვნებაა, იმას კი არ მიიღებ შედეგად, რომ ადამიანს აგრესია მოემატება, პირიქით, უფრო მშვიდი და თავშეკავებული გახდება; თავის აგრესიას ვარჯიშის დროს დახარჯავს. 

- რაიმე შედეგი თუ მიიღეთ ვარჯიშის პერიოდში?

- საბოლოოდ, 22 ბავშვი მოვიდა და სისტემატურად ვარჯიშობდნენ. მეც ვგრძნობდი და ჩვენი სენსეებიც, როგორ იცვლებოდნენ ბავშვები. ძალიან უხაროდათ ჩვენი იქ მისვლა. 

- გაქვთ სურვილი, რომ მათთან მუშაობა გააგრძელოთ? 

- დიდი სიამოვნებით. მაგრამ ჩვენი ურთიერთობა უფრო სისტემატური უნდა გახდეს. პროგრამა უნდა დაიდოს და ერთი წლის შემდეგ შევაფასოთ, რა შედეგი გვექნება. დაახლოებით ხუთი თვე ვიარეთ, ჩვენი კეთილი ნებით, უანგაროდ. ერთი თეთრი არავის აუღია. ესეც არ არის სწორი, ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება. 

- ახლა მინდა, განმარტება გთხოვოთ ერთ ფოტოსთან დაკავშირებით, რომელიც პირველი არხის ოპერატორმა კოტე გრიგალაშვილმა გადაიღო. ამ ფოტოზე თქვენ ხართ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, ჰაერში, ფაქტობრივად, წევხართ ჰაერზე და ბავშვები გაოგნებულები გიყურებენ. სიმართლე გითხრათ, მეც ვერ ვიგებ, ამ ფოტოზე რას ვხედავ. მას ჩვენი მკითხველი ნახავს და, ალბათ, დიდხანს დაიმახსოვრებს. აგვიხსენით, ამ დროს რას აკეთებდით? 

- ზურგზე წვები, ერთი იმპულსია სხეულის, როცა ხტები ხელის და ფეხის მიშველების გარეშე და მერე ისევ ძირს ვარდები. იქ, სადაც ეს ფოტოა გადაღებული, ტატამი არ მქონდა. იატაკზე რომ ვარდები, უფრო მტკივნეულია. მაგრამ თუ სწორად აკეთებ, იმ მომენტში ტკივილს არ გრძნობ. შინაგანი ღილაკები გვაქვს, რომელსაც უნდა დააჭირო და სხვა მდგომარეობაში გადახვიდე. სხვანაირად იმას ვერ შეძლებ, რაც ფოტოზე ჩანს. ბავშვებს ყოველთვის უნდა აჩვენო პირადი მაგალითი, როცა გინდა, რომ მან რაღაც გააკეთოს. შენ თუ ვერ აკეთებ და ბავშვს სთხოვ, არ ხარ სამართლიანი. როცა მშობელი შვილს საყვედურობს, რატომ არ კითხულობო და ბავშვს მის ხელში წიგნი არასოდეს დაუნახავს, ეს სწორი არ არის. აუცილებელია, ჩვენი სიტყვის ფასი გავაცნობიეროთ. თვითონ ამ მდგომარეობას, რაც ფოტოზეა, არ ვუყურებ, როგორც განსაკუთრებულს. უფრო მაგარი რაღაცების გაკეთებაც შეგვიძლია. მაგრამ ფოტო, თავისთავად, ძალიან კარგია, მათ შორის, ბავშვების სახეების გათვალისწინებით.

 

„როცა სენსეი ხარ, ყველგან ერთნაირი ხარ, დარბაზშიც და გარეთაც.”

 


- დარბაზში, ანუ დოჯოში, თქვენ ხართ სენსეი - თქვენ მიმართ პატივისცემით არის ჰაერი გაჟღენთილი. დარბაზს მიღმა ცხოვრებაში ეს გეხმარებათ, თუ ხელს გიშლით?

- ჩვენ ეს სისტემა მიმღებლობას გვასწავლის. ამაში უნდა გაიწაფო. თუნდაც, არაპროფესიონალმა დაბეჯითებით დამიწყოს მტკიცება, რომ ეს ასე კი არ უნდა იყოს, არამედ, სხვანაირად, მოვუსმენ, მაგრამ - ეს ვერ გამომიყვანს მდგომარეობიდან. სხვების ნათქვამი ან სხვების ქცევა ასე ადვილად რომ მცვლიდეს, ალბათ, ციხეში ვიჯდებოდი. 

- ემოციების მართვა ბევრჯერ ახსენეთ. ისიც თქვით, რომ არ არსებობს, დარბაზში ხმას აუწიოთ ან თქვენი ემოციები რამეში გამოხატოთ. როცა დარბაზიდან გამოდიხართ, ოჯახში იქნებით თუ ახლობლების წრეში, ეს კონცენტრაცია მოგყვებათ? თუ გარეთ თავს უფლებას აძლევთ, რომ გათავისუფლდეთ? 

- როცა სენსეი ხარ, ყველგან ერთნაირი ხარ, დარბაზშიც და გარეთაც. ვიღაცამ შეიძლება გზა მანქანით ჩაგიჭრას და აქეთ მოგაყენოს შეურაცხყოფა. ხდება ასეთი რამ ცხოვრებაში. არ ვამბობ, რომ პასუხს არ გავცემ, ან თავს დავუხრი, ან ჩემი ოჯახის წევრს, ჩემს მეგობარს დავაჩაგვრინებ, ან უსამართლობას შევურიგდები. უბრალოდ, დარბაზში როგორიც ვარ, ისეთი ვარ გარეთაც. არც დარბაზში ვთამაშობ და არც იმას ვცდილობ, რომ სახლში სხვანაირი ვიყო. დარბაზში ყველა მშვიდია, მაგრამ ვიღაცას სათქმელი როცა აქვს, ის ამბობს, უბრალოდ, პატივისცემის ჩარჩოში. 

- როცა თქვენ მეუბნებით, რომ სენსეი ყველგან სენსეია, ვცდილობ, წარმოვიდგინო: ისეთ ადგილას ხვდებით, სადაც არავინ იცის, ვინ ხართ. შინაგანად ხომ არ გაქვთ მოლოდინი, რომ აქაც პატივისცემით უნდა მოგექცნენ? ხომ არ გაღიზიანებთ, როცა ადამიანები არ გექცევიან, როგორც სენსეის?

- როცა ადამიანი პატივს გცემს დარბაზში, ეს  იმ მადლიერების დადასტურებაა, რაც ჩემგან მიიღო - გავკადნიერდები და ასე ვიტყვი. 

- გარეთ, ვისაც თქვენგან არაფერი მიუღია?

- არც ველოდები მისგან არაფერს. არ ველოდები უცნობი ადამიანისგან პატივისცემას იმის გამო, რომ სენსეი ვარ.  თუმცა, პატივისცემა, როგორც ასეთი, ყველას მიმართ უნდა დასტურდებოდეს. მე შეიძლება არ ვიცნობდე ადამიანს, მაგრამ ამ ადამიანის მიმართ წინასწარვე მაქვს პატივისცემა, თუნდაც, გამოხატვის გარეშე. რა ენერგიასაც გასცემ სამყაროს მიმართ, რასაც ვიბრირებ, ის გიბრუნდება. მე ამის დიდი გამოცდილება მაქვს. 

- თქვენი ცხოვრების წესიდან გამომდინარე - ვგულისხმობ მუდმივ კონცენტრაციას, ემოციების მართვას - ძალიან ძნელი ხომ არ არის თქვენ გვერდით ცხოვრება? მეტისმეტი პასუხისმგებლობა ხომ არ არის სხვებისთვის?

- ამაზე არ მიფიქრია. დამაფიქრეთ. სწორად ცხოვრება ჩემთვის ასეა, როგორც მე ვცხოვრობ. თუმცა, შეცდომები და არასწორი ნაბიჯებიც, რა თქმა უნდა, არის და იქნება. ჩემი ცხოვრების წესი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს მძიმე ტვირთი ჩემ გვერდით მყოფი ადამიანისთვის. პირველ რიგში, რასაც სისტემა მასწავლის, არის ჰარმონიულობა ჩემს თავთან და სამყაროსთან.

 
ახლა მე ჩემ გვერდზე მყოფ ადამიანს ასე თუ ვთრგუნავ და თუ თამასა აქვს ძალიან მაღლა აწეული და ამის გამო ის იტანჯება, - ამას მე თუ ვერ ვხვდები, მთლად სწორად ვერ ვიქცევი, მე მგონი.

 

- ახლა მინდა, შიშზე გკითხოთ. როგორც წესი, ადამიანებს ეშინიათ, რომ ვინმემ არ დაჩაგროს, ზიანი არ მიაყენოს, ლიფტში ვინმე არ შეჰყვეს, შეურაცხყოფის შემთხვევაში, ვაითუ, თავი ვერ დაიცვას... თქვენ ასეთი შიშებისგან, ალბათ, თავისუფალი ხართ. თქვენი შიშების შინაარსი რა არის? 

- შიში, რა თქმა უნდა, მაქვს, დოზირებულად. ლიფტში შესვლის და დაჩაგვრის შიში ნაკლებად მაქვს. იმიტომ კი არა, რომ ჩემს სიძლიერეს მინდა, ხაზი გავუსვა.

 
ლიფტში რომ შემხვდეს ვიღაცა და მომადოს იარაღი და მითხრას, მომე საფულეო, - ამოვიღებ და მივცემ.

 

- მართლა ასე მოიქცევით? 

- რა თქმა უნდა. იქ რაღაც ზედმეტს არ დავიწყებ, არ არსებობს ამის არცერთი შანსი. ამას გულწრფელად და ასპროცენტიანი პასუხისმგებლობით გეუბნებით.

- მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად ახლო კონტაქტის კარატეა თქვენი სტილი. 

- დიახ, იმ ლიფტში შემიძლია თავდაყირა დავარჭო - ბოდიში ამ გამოთქმისთვის - მაგრამ ამას არ გავაკეთებ. სხვა საქმეა, საფრთხე თუ ემუქრება ჩემ გვერდზე მდგომს, ჩემს შვილს, ჩემი ოჯახის წევრს, ჩემს მეგობარს ან ნებისმიერ სხვას, ადამიანს, რომელიც სუსტია ამ საფრთხის წინაშე. ამას ვერ მოვითმენ, ალბათ. და ყველაზე დიდი შიში რაც მაქვს, ეს უკავშირდება ჩემი ახლობლების კარგად ყოფნას და, ზოგადად, ყოფნას.  

 

„ჩვენ ერთმანეთს ვეხმარებით, არ ვეჯიბრებით. ვეჯიბრებით მხოლოდ საკუთარ შესაძლებლობებს.“ 
 

 


- თქვენი პროფესიის მეშვეობით დისციპლინას, თავმდაბლობას და პატივისცემას ნერგავთ. ჩემი ხედვით და ჩემი ცოდნით, ეს ყველაფერი ადამიანს ბოჭავს. მაგრამ შებოჭვა თქვენი მიზანი ვერ იქნება. რა არის თქვენი - როგორც პროფესიონალის და ადამიანის - მიზანი, სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში? 

- ზოგადად, იაპონელები ჩაკეტილი ხალხია, ემოციებს ძალიან კეტავენ, პიროვნულ დონეზეც. იაპონელმა თავის სახლში თუ მიგიღო, ესე იგი, გენდობა, საკუთარ სიმყუდროვეს გიზიარებს. გეთანხმებით, რომ ჩვენი გზა შეიძლება შემზღუდავი იყოს. მაგრამ, ისევ და ისევ, ცადეთ, მებრძოლის პრიზმიდან დაინახოთ. მებრძოლი როგორი უნდა იყოს, ეს წარმოიდგინეთ. ჩვენთან, ვარჯიშის დროს, როცა ბავშვები ფიზიკურად გადაიღლებიან, ასეთ დავალებას ვაძლევ: ერთ-ერთს ვთხოვ, რომ აიღოს ნებისმიერი ნივთი, რასაც კი ხედავს. ვთქვათ, ბავშვმა აიღო ხელთათმანი. შემდეგ ვთხოვ, რომ აღწეროს ის ნივთი, რაც ხელში უჭირავს. 8-12 წლის გოგო-ბიჭები არიან. ბავშვი იწყებს უფრო დეტალურად აღქმას, რა უჭირავს ხელში: ხელთათმანი, რომელიც გვჭირდება იმისთვის, რომ ხელზე გავიკეთოთ ვარჯიშის დროს. ამ ხელთათმანს აქვს წარწერა. არის ამა და ამ ფერის, ამა და ამ ფორმის... ამოწურავს, რაც შეუძლია და შემდეგ ხელთათმანს გადასცემს მეორე ბავშვს, რომელსაც თვითონ ირჩევს. მეორე ბავშვი ფიქრობს, კიდევ რა შეუძლია თქვას ამ ნივთის შესახებ. ასე გრძლედება გარკვეული პერიოდის განმავლობაში და ისეთ სიღრმეში ჩადიან, მეც გაოცებული ვუსმენ ხოლმე. აზრადაც რომ არ მომივიდოდა, ისეთ რაღაცებს ამბობენ. აცნობიერებენ, ამ ხელთათმნის შექმნაზე რამდენი რესურსი დაიხარჯა, რა შრომა ჩაიდო, რამდენმა ადამიანმა იმუშავა, რამდენს გამოადგა მათი ნაშრომი.  ბავშვებისთვის ეს ნივთი უკვე სხვანაირად მნიშვნელოვანი ხდება. და, რაც მთავარია, საკუთარი გამოცდილების სახით, უკვე აქვთ ბაზა რთულ კითხვებზე პასუხების მოსაძებნად. ჩემი მიზანი არის, რომ ადამიანები გახდნენ ერთმანეთისთვის უფრო სასარგებლოები. ჩვენ ერთმანეთს ვეხმარებით, არ ვეჯიბრებით. ვეჯიბრებით მხოლოდ საკუთარ შესაძლებლობებს. 

- გამოდის, თქვენი მიზანია, ადამიანს ბავშვობიდან უბიძგოთ ღრმა ხედვისკენ, საკუთარი თავის და სხვების სიღრმისეული შემეცნებისკენ. 

- დიახ, რამდენადაც შეგვიძლია, რამდენადაც  ჩვენთვის ეს ხელმისაწვდომია.

- პირადად თქვენ ტექნიკურად კიდევ ვითარდებით? სისტემატურად ვარჯიშობთ? 

- დიახ, ახლა მეოთხე დანი მაქვს. 2015 წელს ჩავაბარე იაპონიაში სენსეი ჰიგაონასთან. იქ სენსეების საბჭოა და ისინი განიჭებენ ქამარს. ეს წოდებები იმისთვის არ მჭირდება, რომ საკუთარი ეგო დავიკმაყოფილო. ჩემთვის გზა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შედეგი. ახლა იაპონიაში ჩასვლა და მეხუთე დანზე გასვლა მიწევს. სულაც არ არის ადვილი. პირიქით, ისეთი ძნელია, რომ შეიძლება ვიღაცამ იფიქროს, გიჟი თუ არ ხარ, რაღად გინდა ეს წვალებაო. 

- როდის აპირებთ იაპონიაში წასვლას?

- 2020-ში უნდა წავსულიყავი ოკინავაზე. მაგრამ ახლა 2021-ს სექტემბერში გვაქვს დანიშნული შეკრება და სენსეი გველოდება. იმ პროგრამით ვემზადები, რაც მეხუთე დანის ასაღებად არის საჭირო. სისტემატურად ვვარჯიშობ და ეს მეხმარება, რომ ჩემს სტუდენტებთან, მოსწავლეებთან უფრო თამამი ვიყო. ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ჩემი ბევრი მოსწავლე უკვე მახლდა კარატეს სამშობლოში და ბევრსაც წინ ელოდება უდიდესი, ძალიან საინტერესო გამოცდილება.

- დიდი მადლობა ამდენად ბევრისმომცემი ინტერვიუსთვის. თქვენთან საუბარი ერთგვარი სიურპრიზია ჩემთვის და, ალბათ, ჩვენი მკითხველებისთვისაც. ინტერვიუს დავასრულებთ თქვენი კომენატრით ცნობილი ადამიანების ორ გამონათქვამზე. პირველი ციტატის ავტორია ემიგრაციაში მოღვაწე რუსი პოეტი, ფსევდონიმით დონ ამინადო (1888-1957): „როცა საკუთარი თავიდან გახვალ, უკან დაბრუნება არ დაგავიწყდეს.“

- საკუთარი თავიდან გასვლა ჩემთვის ნიშნავს კონტროლის დაკარგვას, რაღაც ზღვრების გადალახვას. თუ გახვალ, რასაკვირველია, არ უნდა დაგავიწყდეს ადამიანობის მდგომარეობაში დაბრუნება. ხანდახან შეიძლება მეც გავიდე ამ ზღვრებიდან.

- თქვენც?! 

- შეიძლება, დიახ. მაქვს შინაგანი ღერძი და ხანდახან ვიგრძნობ, რომ ამ ღერძიდან გადავედი. ამას როდის ვხვდები, იცით? როცა რაღაც მომხვდება ცხვირში. ბოლოხანს ეს აღარ ხდება, მაგრამ ადრე იყო, როცა ვიღაც შეგაქებს, მერე მეორე, მესამე და სადღაც წახვედიიიი... მერე ხვდები, რომ რაც უფრო მაღლა მიდიხარ, უფრო მწარედ ეცემი. ჯობია, ცოტა გეტკინოს და მალე დაბრუნდე შენს ღერძზე. 

- მეორე ციტატა ეკუთვნის ამერიკელ მწერალსა და ანთროპოლოგს, კარლოს კასტანედას (1925-1998): „თუ არ მოგწონს ის, რასაც იღებ, შეცვალე ის, რასაც გასცემ.“

- კასტანედა ჩემთვის ძალიან საინტერესო მწერალია. ხშირად ვკითხულობ „დონ ხუანის მოძღვრებას“, ინდუსზე, ძალიან საინტერესოა. ამ ციტატით კი ის არის ნათქვამი, რასაც ჩვენ ბავშვობიდან გვასწავლიდნენ: „რასაცა გასცემ, შენია“. გამოდის, არასწორ რაღაცას გასცემ, თუკი არ მოგწონს, რასაც იღებ. აბსოლუტურად ვეთანხმები. მგონი, გითხარით კიდეც: სამყაროს მიმართ დამოკიდებულება ჩემთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე დამოკიდებულება ადამიანის მიმართ. ხანდახან სამყარო უნდა დავასვენოთ. სულ ვმოძრაობთ და ამ შინაგან ქაოსში ვკარგავთ დღევანდელი დღის მადლს. ზოგჯერ უნდა დაჯდე, ტვინი და სხეული გამორთო. ამ მდგომარეობაში ბევრად უკეთ ვიგებთ, რისი მიღება გვინდა და, შესაბამისად, იმასაც უკეთ ვაცნობიერებთ, რა უნდა გავცეთ. 

ფოტომასალა: ზურაბ ქურციკიძე, კოტე გრიგალაშვილი, დავით ფიცხელაური, „კიკალა სტუდიო“

გუნდი

ირაკლი გედენიძე

ზურაბ ქურციკიძე

გიო კუსიანი

გიორგი ურუშაძე

თამთა ყუბანეიშვილი

ნანა ყურაშვილი

ინგა ქორიძე