×
„ლექსებს ბედნიერები არ წერენ“

მანანა ჩიტიშვილი

პოეტი


5138

ინტერვიუს შესახებ

თავიდანვე მინდა, გთხოვოთ, ქალბატონი მანანა ჩიტიშვილის ფოტოებს დააკვირდეთ. მის ფოტოებში ისევე ცოტაა ღიმილი, როგორც მის ლექსებში. მის თვალებში კი ის ტკივილია, რაც მის ლექსებს ყველასგან გამოარჩევს. 

დღევანდელ საქართველოში თუ ვინმეა განებივრებული მკითხველის სიყვარულით, მათ შორის მანანა ჩიტიშვილიც არის. ერთმანეთთან შერწყმული გულწრფელობა, ტკივილი და სინათლე - ასეთია მისი ლექსებიც და ასეთია ინტერვიუც. დარწმუნებული ვარ, ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ ქალბატონი მანანა ჩემებურად თუ არა, თქვენებურად მაინც შეგიყვარდებათ.

გაიცანით მანანა ჩიტიშვილი, ძალიან ძლიერი ადამიანი, რომელიც, სხვა ყველაფერთან ერთად, ცოტა წინასწარმეტყველიც არის. 
 

ია ანთაძე

- ქალბატონო მანანა, თუ არსებობს ადამიანი, რომელიც უკეთესად იგრძნობდა თავს, თქვენ რომ მის ცხოვრებაში არ ყოფილიყავით?

- ასეთი ადამიანი არ მეგულება. შეიძლება არსებობდეს, მაგრამ მე არ ვიცი. არასოდეს მქონია ურთიერთობა ისეთ ადამიანებთან, რომლებისთვისაც არასაჭირო და არასასურველი ვიქნებოდი. ავი და ბოროტი კი, არათუ არავისთვის ჩამიდენია, არცკი მისურვებია.

- ვინ არის ის ადამიანი, ვისაც პირველს მიმართავთ, ან ვინც პირველი გახსენდებათ, როცა რაიმე გიჭირთ? 

- რა თქმა უნდა, ოჯახი, ჩემი შვილი და მეუღლე. როცა ფიზიკურად რაიმე მიჭირს - და ეს იშვიათად არ ხდება ჩემს ცხოვრებაში - პირველ რიგში, მაინც ჩემი შვილი მახსენდება. 

- თუ გაქვთ მიდრეკილება, რომ თქვენი მოგონებები, თუნდაც, მათი ნაწილი, დაბლოკოთ? თუ, პირიქით, მოგონებები თქვენი შთაგონების ერთ-ერთი წყაროა?

- ნებისმიერი ადამიანისთვის მოგონებების ერთი ნაწილი ძალიან სასიამოვნოა და შეიძლება იყოს მეორე ნაწილი - არასასიამოვნო. პირადად მე უსიამოვნო მოგონებები უფრო ხშირად მახსენებს თავს. იმიტომ, რომ ადამიანის სულს და, განსაკუთრებით, ალბათ, შემოქმედის სულს, ცხოვლად აჩნდება ის შთაბეჭდილება, რაც მტკივნეულად მოგდევს წარსულიდან. შეიძლება არიან ადამიანები, რომლებიც ადვილად ივიწყებენ წყენას, მე ადვილად დავიწყება არ შემიძლია, მაგრამ შემიძლია, ვაპატიო.

- თუ წყენა მოგყვებათ?

- დიახ. განსაკუთრებით მკვეთრად მაშინ მახსოვს ძველი ამბავი, მეც თუ რაიმეში ვიყავი დამნაშავე. ჩემი თავის პატიება არ შემიძლია. წარსული ხშირად საკუთარი თავის განსასჯელად მიბრუნდება - რაში ვიყავი დამნაშავე და რა არ უნდა გავიმეორო აწმყოში ან მომავალში. 

- ნათქვამი გაქვთ, მამაჩემს ეგონა, რაღაცის გამო ღმერთმა დასაჯა, რაკი ასეთი - ლექსების მწერალი შვილი ჰყავდაო. იქ, სადაც თქვენ იზრდებოდით, არ იყო ლექსის ტრადიცია, ლექსის კულტურა. ლექსი დასაცინი იყოო, ამბობთ. თანატოლებსაც არ ესმოდათ თქვენი. თან, ლექსის წერით გატაცება თქვენი გარდატეხის ასაკს დაემთხვა (13 წელი). როგორ აისახა თქვენზე ის ფაქტი, რომ თქვენს გატაცებას არ იზიარებდნენ არც მამა და არც თანატოლები? 

- ამას არგაზიარება არ ერქვა. მათთვის ეს სრულიად უცნობი სამყარო იყო. ლექსის შემქმნელი ადამიანი არასოდეს ენახათ და ეს რაღაც უცნაურობის, არანორმალურობის გამოვლენა ეგონათ. მამაჩემი დაწყებითი სკოლის მასწავლებელი იყო, მკაცრად შემოზღუდული მორალითა და საკმაოდ მკაცრი შინაგანი კანონებით. მე კიდევ ამ კანონებიდან გაქცევას ვცდილობდი. სულ რომ ამ საზღვრებიდან გასვლა მინდოდა, მისთვის გაუგებარი იყო და, ძალიან ხშირად, კონფლიქტამდეც კი მივდიოდით. ახლა კარგად მესმის, ყველას არ შეუძლია პოეზიის აღქმა. მაშინ კი ძალიან განვიცდიდი. როცა ლექსს წერ, გინდა, შენს ყველაზე ახლობლებს, შენი ოჯახის წევრებს წაუკითხო, გაუზიარო, რაც მე არ შემეძლო. თუმცა, ეს პერიოდი დიდხანს არ გაგრძელებულა. პირველი ლექსები მერვე კლასში დავწერე და მალე სასწავლებლად კასპის საშუალო სკოლაში გადავედი, სადაც ძალიან კარგი ქართულის მასწავლებელი მყავდა - ნინო კიტრიაშვილი. პირველად მისგან ვიგრძენი, რომ, თურმე, ლექსის წერა რაღაც განსაკუთრებული და ძალიან კარგი ყოფილა, და არა - ცუდი. ახლა მიკვირს, როგორ გავუძელი იმ სიტუაციას. 13 წლის ასაკში ძალიან ძნელი გასაძლებია - ლექსის წერას თავი არ დაანებო, როცა ყველაზე ახლობლები შენს წერის უნარს და სურვილს არასერიოზულად უყურებენ; როცა თანატოლები დაგცინიან ამ ლექსების გამო. მადლობელი ვარ ჩემი თავის, რომ ამას გავუძელი! 

- ოჯახი როდის შეეგუა იმ ამბავს, რომ თქვენი ცხოვრების მთავარი საქმე ლექსის წერაა? 

- პირველი ლექსები რაიონულ გაზეთში გავგზავნე. რასაკვირველია, მეგონა, მიპასუხებდნენ, რომ არ ვარგა. ლექსები რომ დაიბეჭდა, ამას დიდი გაოცება მოჰყვა ჩემი მშობლებისა და ჩემი გარემოს მხრიდანაც. შემდეგ, როცა კასპის სკოლაში გადავედი, მხოლოდ ჩემი ქება ესმოდათ და რაღაცნაირად შეეგუვნენ. რომ გითხრათ, ჩემი პოეზია ან პოეტური სფერო საახლობლო წრისთვის თუნდაც დღეს გასაგებია-მეთქი, მართალი არ ვიქნები. 

- საახლობლო წრე - ქსნის ხეობიდან?

- შვიდი წელი ვიმუშავე ახალგორის რაიონულ გაზეთში რედაქტორის მოადგილედ. მაშინ ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი თანამდებობა იყო და სწორედ ამ თანამდებობის გამო საზოგადოებასთან ისეთი ურთიერთობები ჩამომიყალიბდა, რაც პატივისცემას და აღიარებას უახლოვდებოდა. მაგრამ, რომ გითხრათ, იქ ჩემი ლექსები ვინმეს დიდად აინტერესებდა-მეთქი, ასეთი, ალბათ, ერთი-ორი თუ იქნებოდა. ჩემდეგ, როცა იქიდან წამოვედი, თბილისში დავიწყე ცხოვრება და ჩემი ლექსები უკვე სისტემატურად იბეჭდებოდა, როცა ქვეყნდებოდა ინტერვიუები და საქებარი წერილები ჩემს შემოქმედებაზე, როცა საკმაოდ ხშირად მიწვევდნენ ტელე და რადიო გადაცემებში, მაშინ  გავხდი შინაური და მისაღები. 

- შინაური ვისთვის გახდით? 

- ქსნის ხეობის მოსახლეობისთვის; საამაყო და, ერთგვარად, მისაბაძიც კი.

 

 

„ერთ-ერთი წერილის ავტორი ასე მომმართავდა: ჩემო მიწა-წყალო!“

 

 

- იმის მიუხედავად, რომ ძალიან ახალგაზრდამ გამოეცით პირველი წიგნი (25 წლის იყავით) და პირველივე წიგნით გახდით მწერალთა კავშირის წევრი (რაც უიშვიათესი შემთხვევა იყო), მაინც გაგყვათ სიტყვის და ქაღალდის შიში. ნოდარ დუმბაძისთვისაც კი გაგიმხელიათ ამ შიშის ამბავი. იყო თუ არა შიში რეალური მიზეზი, რის გამოც, მოგვიანებით, ლექსების წერა შეწყვიტეთ? ვიცი, თქვენ თქვით, შვილს ვზრდიდი და ლექსისთვის არ მეცალაო, მაგრამ წარმოუდგენელია, რომ შვილის გამო წლების განმავლობაში აღარაფერი დაგეწერათ. 13 წლის იყავით და მაშინ არ შეგშინებიათ. ამ დიდი პაუზის რეალური საფუძველი მაინტერესებს. 

- წიგნი რომ გამოსაცემად მივიტანე, არცკი ვიცოდი, სად იყო გამომცემლობა „მერანი“. ჩემდა საბედნიეროდ, პირველი, ვინც გამომცემლობაში შემხვდა, გამომცემლობის მთავარი რედაქტორი, ჩემთვის მაშინ სრულიად უცნობი ჯანსუღ ღვინჯილია გახლდათ. ბატონ ჯანსუღს ვუთხარი - ისედაც მრცხვენია, რომ გალაკტიონის შემდეგ ლექსების წერა დავიწყე; ძალიან გთხოვთ, მალე მითხარით, ამ წიგნიდან რამე თუ გამოვა-მეთქი. ერთი კვირის შემდეგ მისგან წერილი მივიღე ახალგორში: ვნახე შენი ლექსები, წიგნი გამოცემას იმსახურებს, ოღონდ, დალაგება სჭირდებაო. ამ წიგნს საკმაოდ კარგი გამოხმაურება მოჰყვა. საიდან არ მწერდნენ,  შორეული გადასახლებიდანაც კი. ერთ-ერთი წერილის ავტორი ასე მომმართავდა: „ჩემო მიწა-წყალო!“ ისეთი პასუხისმგებლობა იყო ჩემთვის ეს ფრაზები და ეს დამოკიდებულება... რაც შეეხება საუბარს ბატონ ნოდარსა და ჩემ შორის, ეს გვიან შედგა, 1984 წელს. ბატონმა ნოდარმა დაარეკინა ახალგორში, ჩამოვიდესო. რომ ჩამოვედი, მკითხა, მაიაკოვსკის პრემიის კონკურსში რატომ არ მონაწილეობო. მე ვუთხარი, რომ არ მაქვს ისეთი ლექსები, რომლებიც მაიაკოვსკის პრემიისთვის გამოდგება-მეთქი. ვიცოდი, რომ პუბლიცისტური ხასიათის მასალა უნდა ყოფილიყო. იმის მიუხედავად, რომ რაიონულ გაზეთში პარტიულ განყოფილებას ვხელმძღვანელობდი, პარტიულ ელიტასთან ურთიერთობა არ მაინტერესებდა, თუმცა, საამისოდ ყველა პირობა მქონდა - ოჯახურიც, სამსახურებრივიც. 

- ანუ კომპარტიის წევრი იყავით? 

- რასაკვირველია. ამას ჩემი სამსახური ითხოვდა. არ ვამბობ, რომ იმ პერიოდის მრცხვენია. ალბათ, იმ პერიოდის იმას უნდა რცხვენოდეს, ვისაც რაიმე შეუცოდავს. ახლა ბევრს ჰგონია, რომ ვინც კომუნისტურ პერიოდში იცხოვრა, ყველა კომუნისტური იდეებით იყო გამსჭვალული. ასე რომ ყოფილიყო, ეს ჩემს პოეზიაშიც გამოჩნდებოდა. ბატონ ნოდარს უარი ვუთხარი, ამ კონკურსში მონაწილეობას ვერ მივიღებ-მეთქი. მან კი ჩვეული იუმორითა და ადამიანურობით მითხრა, თვით მიქელანჯელოს შედევრებიც კი შეკვეთით არის შექმნილი; ორ კვირას გაძლევ, თემატურად არ გზღუდავ, რაც გინდა, დაწერეო. მაშინვე დარეკა ცეკას იდეოლოგიურ განყოფილებაში და საკონკურსო მასალების წარდგენის ვადა ორი კვირით გადააწევინა. მე დავწერე ლექსების ციკლი „გაზაფხული ქსანზე“. ეს ლექსები ძალიან შორს იყო იდეოლოგიისგან. როცა ბატონ ნოდართან მივიტანე, ძალიან მომიწონა, ოღონდ, მითხრა, ამათ კიდევ ერთი ლექსი სჭირდება, რომელიც ლოკომოტივივით წაიყვანს დანარჩენებსო. ვუთხარი, ასეთი ლექსის დაწერა არ შემიძლია-მეთქი და უცებ მპასუხობს: ახლა რომ ომი დაიწყოს, ჩემი თაობა კი აღარ წავა ომში, შენი თაობა უნდა წავიდეს და ეს არ გაღელვებს? არ გიფიქრია  ამაზეო? გამეცინა. 1984 წელს როგორ წარმოვიდგენდი, რომ ჩვენ ომს ვნახავდით? ფეხით მოვდივარ მაჩაბლის ქუჩაზე და ვფიქრობ: „რა საოცარი ადამიანია, რანაირად მომიარა - რის ომი? რა ომი?“ მაგას რა დამაჯერებდა, რომ ომსაც ვნახავდი და ეს ომი ჩემს სოფელშიც კი მოვიდოდა. რაც შეეხება იმას, თუ რატომ შევწყვიტე წერა, ვერ გეტყვით. ალბათ, მთლად მართალი არ ვარ, როცა აქცენტი ჩემს შვილზე გადამაქვს. ამგვარი ,,შესვენებიდან“ რაღაც პერიოდი რომ გადის, ისეთი შეგრძნება და შიში მიჩნდება, თითქოს, ლექსი არასდროს დამიწერია. რამ გამომიყვანა ამ ერთგვარი ლეთარგიიდან? თამაზ ჭილაძემ, რომელსაც შორიდან ვიცნობდი, თუმცა, ძალიან დიდ პატივს ვცემდი და მისგანაც ამასვე ვგრძნობდი, დამირეკა და მთხოვა, იქნებ, ლექსები მომაწოდო „მნათობისთვისო“. ვერ ვუთხარი, ლექსებს აღარ ვწერ-მეთქი. იმდენად დიდი იყო თამაზ ჭილაძისადმი ჩემი მოკრძალება და პატივისცემა, რომ ამან ამაღებინა ხელში კალამი მეორედ. თითქმის ათი წელი იყო გასული, რაც სიჩუმის შუალედი მქონდა. ამას ძალიან განვიცდიდი, მაგრამ თავს ვეღარ ვაღწევდი.

- მცდელობაც არ გქონიათ? 

- არა. სურვილიც არ მქონდა. ახლაც მაქვს ისეთი პერიოდები, როცა კვირები და თვეები გადის იმ შეგრძნებით, თითქოს, ლექსი არასდროს დამიწერია. 

- ამ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ლექსის წერა რომ დაიწყეთ, თქვენ ამბობდით, სხვანაირი დავიბადეო - უფრო თამამი სიტყვასთან და ქაღალდისაც აღარ მეშინოდა; თითქოს, სულიც გამითავისუფლდა სიკვდილის შიშისგანო. ამ თქვენს შემოქმედებით გაძლიერებაში იგულისხმება თუ არა ის პერიოდი, როდესაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა გქონდათ და რეალურად იბრძოდით სიცოცხლის გადასარჩენად? სიკვდილის შიში ახსენეთ და ამას ამიტომ გეკითხებით. 

- (პაუზა) მე არ მიყვარს ერთ თემაზე ლაპარაკი, მაგრამ ახლა გეტყვით. ჩემი ეს ხანგრძლივი პაუზა, ძირითადად, გამოიწვია იმან, რომ მე ბავშვი გარდამეცვალა, გოგონა. მაშინ მეგონა, რომ ჩემთვის ცხოვრება დამთავრდა.  ერთი წელი გარეთ გასვლა ვერ შევძელი. ამით რაიმე რიტუალს კი არ ვასრულებდი, უბრალოდ, არანაირი სურვილი არ მქონდა არც კონტაქტის, არც გარეთ გასვლის. ამ ამბავმა ძალიან დიდი კვალი დატოვა ჩემს ცხოვრებაზე. მერე, როცა ლექსების წერა თავიდან დავიწყე, ნელ-ნელა მოვიდა ეს გამოცდილება, სიტყვისადმი სხვა დამოკიდებულება გამომიმუშავდა. როცა ახალგაზრდა ვიყავი, მეგონა, რომ ლექსი გასართობი იყო, რადგან დიდ ბედნიერებას მანიჭებდა და ლექსის წერით საკუთარ თავს ვჩუქნიდი ამ ბედნიერებას. ჰონორარის აღებაც კი მიჭირდა. თითქოს, შვილი გაგეყიდა, ისეთი განცდა მქონდა. მეგონა, რომ ის ბედნიერება, რასაც ლექსი მანიჭებდა, სრულიად საკმარისი იყო და ამ ბედნიერებით არ უნდა მევაჭრა. ძალიან დიდხანს გამყვა ეს განცდა. მერე თანდათან მოვიდა პასუხისმგებლობის შეგრძნება, სიტყვისადმი სერიოზული დამოკიდებულება. საკმაოდ გვიან ვთქვი, რომ მე ვარ პოეტი. ალბათ, უკვე 40 წელს ვიქნებოდი გადაცილებული, როცა მივხვდი, რომ ლექსი ძალიან სერიოზული საქმეა ჩემთვის. მაგრამ სიტყვისადმი პასუხისმგებლობა ყველა ასაკში მქონდა. არ მახსოვს, რომ საქმე გამეიოლებინა, ყოველთვის იმ ერთადერთ სიტყვას ვეძებდი, რომელიც ყველაზე ზუსტად გამოხატავდა ჩემს სათქმელს. 

- ცხოვრებაში თავმდაბალი ხართ, ამას ყველა ხაზგასმით აღნიშნავს. მაგრამ, როგორც პოეტი, ძალიანაც თამამი და ძალაუფლების მოყვარული მგონიხართ. ამაში მაშინ დავრწმუნდი, როცა თქვით: „ლექსი ასე მოვიდა - გამართლება არ არის. ლექსი უნდა წავიდეს ჩემგან ისე, როგორც მე მინდა. შენ როგორც გინდა, ისე უნდა წავიდეს შენგან და არა ისე, როგორც მოვიდა.“  რით განსხვავდება ლექსი, რომელიც მოვიდა და რომელიც თქვენგან წავიდა? 

- ჯერ ერთი, ძალიან მადლობელი ვარ იმის გამო, რომ ქსნის ხეობაში გავიზარდე. ჩემს ლექსიკას მთლიანად ამ ხეობას ვუმადლი. ჩემს ბავშვობაში, საღამოობით, ქალები იკრიბებოდნენ ხოლმე ჩვენთან. ქალურ ხელსაქმეს აკეთებდნენ, თან ათას რამეს ყვებოდნენ. ზოგი მაინც ისეთი ხატოვანი მთხრობელი იყო, რომ იტყოდი, თავისი მოყოლილი ამბის შემსწრე არისო. ჩემთვის ეს ქართული სიტყვის დიდი სკოლა აღმოჩნდა. ფაქტობრივად, ჩემი ლექსიკა იმ პერიოდში შეიქმნა და ჩამოყალიბდა. ხანდახან შეიძლება ლექსი ისე მოვიდეს, რომ არაფრის შეცვლა აღარ დაგჭირდეს. მაგრამ იქაც კი ვეძებ, ხომ არ შეიძლება რომელიმე სიტყვის ჩანაცვლება, რომ ჩემი განცდა უფრო ზუსტად გამოვხატო. უამრავ ვარიანტს ვსინჯავ, მაგრამ ამ ვარიანტებს არ ვინახავ, არ მინდა, უცხო თვალმა ნახოს. ელიოტი ამბობს, თუ ქვეყანას არ ჰყავს მნიშვნელოვანი პოეტი, ეს ძალიან შემაშფოთებელია იმიტომ, რომ პოეტია თავისი კულტურის და ენის პატრონიო. ეს გააზრებული არ მქონდა, არ ვიცოდი, ენის პატრონი ვარ თუ არა, მაგრამ ვიცოდი, რომ ის სიტყვები, რომლებიც ჩემი წინაპრებისგან მივიღე, ცოცხალი სახით უნდა შემომენახა. 

- იმას რომ დავუბრუნდეთ, რა მოდის თქვენთან და რა გადის თქვენგან. არის კიდევ რაიმე სხვა, სიტყვებზე მუშაობის გარდა? 

- ალბათ, ვერცერთი პოეტი ვერ ახსნის, საიდან მოდის მასთან ლექსი. ხანდახან, როცა ჩემს ლექსებს ვკითხულობ, მე თვითონ მიკვირს, როგორ დავწერე. მართლა არის ზებუნებრივი ძალა, თუნდაც, სულიწმინდა დავარქვათ, ვინც ამას გკარნახობს. ხანდახან ლექსი  იმდენად უჩვეულო და კარგია, რომ არაფრის შეცვლას არ ითხოვს. მაგრამ, უმეტეს შემთხვევაში, ის შენს გემოვნებას უნდა მოარგო. მონახაზის შესაქმნელად დიდი დრო არ მჭირდება, მაგრამ მაშინაც კი, როცა ეს მონახაზი არსებობს და ისიც ვიცი, რა უნდა დავწერო, გადმოცემის საშუალებებზე მაინც ძალიან დიდხანს ვმუშაობ.

 

 

„ჩემი ძმა მეტყვის ხოლმე, ჯადოქარი ხარო. ჯადოქარი კი არ ვარ, ცოტა ჭკვიანი ვარ და შემიძლია, ზოგიერთი რამ წინასწარ განვჭვრიტო.“

 

 

- ჩვენთან სტუმრობისას გიორგი ლობჟანიძემ თქვა: „პოეტი არის წინასწარ მგრძნობელი იმისა, რაც საზოგადოებაში უნდა მოხდეს. ვგულისხმობ პოეტის შინაგან მდგომარეობას, როდესაც მას შეუძლია ბევრი რამ ისე აღიქვას, რომ მომავალი დაინახოს.“ ახლა გთხოვთ, წაგვიკითხოთ თქვენი ლექსი „გადაძახილი“, რომელიც, რაც არ უნდა საოცარი იყოს, 2008 წლის ომამდეა დაწერილი.

 
აღარ ვიცი, ვინ ან როგორ შევაჩვენო,/ქსანს და არაგვს უცხო მუმლი მისევია,/ქართლი, როგორც გაროზგილი დედაჩემი,/გადატყაულ მუხლისთავზე მისვენია./გვერდით მიდევს ვერცხლისფერი ამულეტი,/თვალს ვარიდებ გადამტვრეულ, პირბლაგვ მახვილს,/”რა უყავით, რა უყავით მამულები?!”/ტირილის ხმით ვიღაც გაღმით გამომძახის./ეს ხმა ათას ჩემისთანა გულთან დაობს,/ხან მრისხანებს, ხანაც გლოვის ისმის ზარი:/”ვის მიეცით ეს წყალ-ჭალა საიგავო,/უფლისაგან სასოებით ნაბოძვარი?!”/ამობრწყინდი, მზეო, ღამის გამთენებო,/ჩვენ თუ არა, სხვა ვინ შეცვლის ამგვარ ამინდს.../გაიღვიძეთ, გაიღვიძეთ ქართველებო!/დამდგარია ტანზე თაფლის წასმის ჟამი./აღარ ვიცი, ვინ ან როგორ შევაჩვენო,/ქსანს და არაგვს უცხო მუმლი მისევია,/ქართლი, როგორც გაროზგილი დედაჩემი,/გადატყაულ მუხლისთავზე მისვენია.

 

- დიდი მადლობა. ამ ლექსში წინასწარ აღწერეთ ის, რასაც შემდეგ 2008 წლის აგვისტოს ომი დაერქვა. სხვა დროსაც თუ გქონიათ შემთხვევა, როცა წინასწარ დაგინახავთ, ან შეგიგრძვნიათ მომავალი?

- ეს ლექსი 2008 წლის მაისში გამოქვეყნდა, ოღონდ, იმ წლის ადრე გაზაფხულზე დაიწერა და, საერთოდაც, იმ დროიდანვე, რაც ქართულ მწერლობაში შემოვედი, საოცარი შფოთის და შიშის განცდა სულ დამყვებოდა. ვერ გეტყვით, რა შფოთი იყო, რა მტერს ვვარაუდობდი, მაგრამ ეს უსიამოვნო განცდა არასდროს არ მტოვებდა. მსგავსი წინათგრძნობა მეორედ მქონდა, როცა მძიმედ ავად ვიყავი. თბილისში მითხრეს, რომ ძალიან ცოტა დრო მქონდა დარჩენილი. შემდეგ სამკურნალოდ ისრაელში წავედი. როცა მაცხოვრის საფლავთან დავიჩოქე და ქვას თავი დავადე, იმ წუთიდან ვიცოდი, რომ არ მოვკვდებოდი. არც ისრაელში ჰქონდა ვინმეს დიდი იმედი, რომ ჩემს ავადმყოფობას გადავიტანდი და გადავრჩებოდი. დამატებითი საფრთხე იყო ასაკი, დიაბეტით დაავადება და კიდევ უამრავი სხვა რამ... სიცოცხლის გარანტიას ვერავინ მაძლევდა. მაგრამ მე ვიცოდი, სრულიად დარწმუნებული ვიყავი, რომ ვიცოცხლებდი. ჩემი ძმა მეტყვის ხოლმე, ჯადოქარი ხარო. ჯადოქარი კი არ ვარ, ცოტა ჭკვიანი ვარ და შემიძლია, ზოგიერთი რამ წინასწარ განვჭვრიტო. თუმცა, ზოგჯერ ჭკუა ამაში არც მონაწილეობს. პოეტმა ხომ არ იცის, რა ძალას მოჰყავს მასთან ლექსი. ალბათ, ის ძალა აძლევს მომავლის წინასწარ განჭვრეტის უნარსაც. ეს ლექსები ჩემგან რომ მოდიოდეს, მაშინ ყოველთვის შევძლებდი, ლექსი დამეწერა. რატომ არის, რომ ეს ერთ პერიოდში შეგიძლია და მეორეჯერ - აღარ? იმიტომ, რომ ის ,,ვიღაც“ ამ დროს შენგან ზურგშექცევით დგას. დამცინავად იტყვიან ხოლმე პოეტზე: „ლექსებს ვეღარ წერს“ ან „სუსტი ლექსების წერა დაიწყო“. ეს შემოქმედზე კი არა, იმ ძალაზეა დამოკიდებული, ვინც ლექსებს ,,გაწოდებს“. ჩემს თვალწინ მოხდა ორი საოცრება: დაიწერა გრიგოლ აბაშიძის უკანასკნელი ლექსი ,,არყოფნისაკენ“ და ვახტანგ ჯავახაძის „ყელსაბამი“. ამ ავტორებმა იმ ასაკში, როცა, თითქოს, ლექსს ძნელად, ან იმ სიმაღლით ვეღარ უნდა წერდე, თავის თავს აჯობეს, თითქმის საკუთარ შემოქმედებაზე აღმატებული ლექსები შექმნეს. ვერ ვიტყვი, რომ თვით ვახტანგ ჯავახაძემ ზუსტად იცის, როგორ დაიბადა „ყელსაბამი“. როცა ეს ლექსი პირველად დაიბეჭდა და ვკითხულობდი, გაზეთი რამდენჯერმე გადავდე. ვერ ვუძლებდი, ისეთი ძალის ლექსია. 

- თქვენ წლების განმავლობაში ახალგორში ცხოვრობდით. პირადად მე და, შესაძლოა, ბევრმა სხვამაც არაფერი ვიცით ამ დაბის შესახებ. ალბათ, ახალგორი ბევრად ძვირფასი გახდა ჩვენთვის იმის შემდეგ, რაც იქ ჩასვლა აგვეკრძალა. როგორი იყო თქვენი დამოკიდებულება ახალგორის მიმართ და როგორი იყო ახალგორის დამოკიდებულება თქვენი ოჯახის მიმართ? 

- ჩემი ადრინდელი ცხოვრება ისე წარიმართა, რომ იშვიათად ვხვდებოდი ადამიანს, რომელმაც, თუნდაც, ის იცოდა, სად იყო ახალგორი. „ეს ცხინვალისკენ არის?“ - მეკითხებოდნენ. „ეს გორისკენ არის?“ „ეს ამისკენ არის?... იმისკენ არის?...“ ვეუბნებოდი, რომ ეს არის ისტორიული ქსნის საერისთაო, შალვა და ელიზბარ ერისთავების სამშობლო.

 
სულ მინდოდა რომ... ვნატრობდი იმ დროს, რომ ჩემი ხეობა ცნობილი გამხდარიყო. რა ცუდად ამიხდინა ღმერთმა! ამ სახით არ მინდოდა, რომ გაეცნო ქსნის ხეობა საქართველოს და... მსოფლიომ იცის დღეს ახალგორი, არა? ამნაირად არ მინდოდა, რასაკვირველია.

მთელი ჩემი ფესვებით, ოჯახით, დედითაც, მამითაც ახალგორიდან ვარ. ახალგორი იყო საოცარი, არაჩვეულებრივი ინტელიგენციით დასახლებული ადგილი. მახსოვს ბატონების - ანდრია ბალანჩივაძის, აკაკი ვასაძის, მერაბ ბერძენიშვილის, გურამ საღარაძის და სხვათა გაოცება იქაური ინტელიგენციის გაცნობისას. ჩვენი ოჯახი იყო ყველას დამხვედრი და მასპინძელი. ჩემი მაზლი სამი ათეული წლის მანძილზე ახალგორის მთავარი ექიმი გახლდათ. მას თავის ცხოვრებაში პაციენტისგან ფული არ აუღია. გარდა ამისა, თურმე, ყოველთვის ჰქონდა აფთიაქის ვალი. ჩვენ ეს არ ვიცოდით, მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ გვითხრეს, რომ, თურმე, სიცოცხლის ბოლომდე გაჭირვებაში მყოფი ავადმყოფებისთვის წამლებს ყიდულობდა და ხელფასიდან ხელფასამდე ეს ვალი მიჰყვებოდა. ჩვენი სახლის კარი არასოდეს იკეტებოდა, კარზე ზარიც კი არ გვეყენა. ყველა გაჭირვებული ჩვენთან მოდიოდა და არ მახსოვს, რომ ჩვენგან ვინმე დახმარების გარეშე წასულიყო. ჩემს მაზლს დღემდე ზაური ექიმის სახელით იხსენიებენ. ჩემი მეუღლე რაიონის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელად მუშაობდა. ქსნის ერისთავების დაქცეული სასახლე, რომლის აღდგენაც ათეული წლების მანძილზე ვერავინ შეძლო და ვერავინ ითავა, იმიტომ, რომ მთლიანად დამწვარი და მიწით იყო ამოვსებული სამი სართული, ჩემმა მეუღლემ აღადგინა და ამას თანამდებობაზე ყოფნის მთელი პერიოდი მოანდომა. ყველა დეტალზე პირადად მუშაობდა. დღემდე სასახელოდ მაქვს, რომ ქსნის ერისთავების სასახლის აღდგენა სწორედ ჩემს ოჯახს უკავშირდება. პირადად მე, დაბადებიდან დღემდე, ლექსითაც, ფიქრითაც და ცხოვრების წესითაც მართლა შეწირული ვარ ამ ხეობისთვის. ამისთვის გავჩნდი, ამისთვის ვარსებობ და ამის სიყვარულითვე წავალ.

 

 

 

„საერთოდ, წუწუნი არ მიყვარს, არც პიროვნულად და არც ლექსში.“

 

 

- თანამედროვე ქართული ხელოვნება ძალიან დეპრესიულია. ეს განსაკუთრებით იგრძნობა კინოსა და ლიტერატურაში. თქვენი პოეზია ამ ტენდენციისგან შორს არის. იმის მიუხედავად, რომ ბევრ ლექსს ტკივილი ახლავს, უიმედობა არსად მიგრძვნია. პირიქით, სინათლე შემოდის თქვენს ლექსებთან ერთად და დარწმუნებული ვარ, ბევრ მკითხველს სწორედ ეს სინათლე იზიდავს. ამგვარი სულისკვეთება გააზრებული არჩევანია, თუ თქვენი შინაგანი სამყაროს ანარეკლია? 

- დიახ, ეს ჩემი შინაგანი სამყაროს გამოძახილია. ყოველთვის ვცდილობ, გვერდში დავუდგე ადამიანს, როცა მას რაიმე და, განსაკუთრებით, სულიერად უჭირს. ეს ჩემს ადამიანურ მოვალეობად მიმაჩნია. პოეტი როცა ხარ, პასუხისმგებლობის გრძნობა უნდა გქონდეს მკითხველისა და მამულისადმი.  შენი პოეზიით სილამაზე, ძალა და რწმენა, რაღაც ისეთი უნდა მისცე ადამიანს, რომ მიწაზე კი არ განერთხას, არამედ, წამოდგეს და ფეხზე მყარად დადგეს. პიროვნულადაც ასეთი ვარ და ლექსშიც. როცა ძალიან ცუდად ვარ, ზუსტად მაშინ მინდა ხოლმე, რომ უფრო ძლიერი ლექსები ვწერო. კი არ მინდა, ასე გამოდის. ეს ლექსები მეხმარება, მეც ფეხზე დავდგე. ვიდრე ვარ, ფეხზე უნდა ვიდგე - ჩემი მამულისთვისაც, ჩემი ოჯახისთვისაც, ლექსისთვისაც. ასე გამზარდეს, ასე მასწავლიდნენ, რომ ვიდრე ვარ, ღირსეული დგომა უნდა შევძლო, მტრისა თუ მოყვრის წინაშე.

- ერთხელ თქვით, უცხო ქალმა მომწერა, რომ შემეძლოს, ჩემი ცხოვრების ათ წელს გაჩუქებდითო. 

- ეს მაშინ მოხდა, როცა გარკვეულმა წრემ გაიგო, რომ ცუდად ვიყავი. თუმცა, ვერიდები ჩემი ამბით ვინმეს შეწუხებას. როცა ჩემს ახალ წიგნს ნახავ, ძნელად წარმოიდგენ, რომ იმ პერიოდში, როცა ეს ლექსები იწერებოდა, სიკვდილის ზღვარზე დავდიოდი. ეს არსად არ ჩანს. საერთოდ, წუწუნი არ მიყვარს, არც პიროვნულად და არც ლექსში. რაც შეეხება ამ სიტყვებს, რაც თქვენ გაიხსენეთ, ისინი ნამდვილად საოცარი იყო. ამას ხომ ხშირად ახლობელიც არ გეტყვის. ეს სიტყვები ჩემში სამარადისოდ დარჩა და უფრო დიდი ვალდებულება ვიგრძენი მკითხველის წინაშე. ხანდახან მიკვირს, რით დავიმსახურე ასეთი სიყვარული, რასაც მკითხველისგან ვგრძნობ, ან რა გავაკეთო ისეთი, რომ სამაგიერო მივაგო ამ სიყვარულისთვის, სითბო და გულითადობა ვაგრძნობინო. 

- თქვენი ლექსები ბევრ ენაზეა თარგმნილი. მაგრამ რამდენად გასაგებია ისინი არაქართველებისთვის? თქვენი ცნობილი მეტაფორები, შედარებები, ლექსების თემატიკა, გეოგრაფიული სახელები - ყველაფერი საქართველოსთან არის გადაჯაჭვული. როგორ ეგუება თქვენი ლექსი თარგმნას? 

- უცხო ენები არ ვიცი და წარმოდგენა არ მაქვს, სხვა ენებზე როგორ ჟღერს ჩემი ლექსები, თუნდაც, აზერბაიჯანულად ან იტალიურად. მაგრამ ერთი ვიცი, რომ ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა თარგმანებს არასდროს ჰქონია. მე ვარ ქართველი პოეტი. ჩემი ლექსი ჯერ საინტერესო უნდა იყოს ქართველებისთვის და ჯერ ქართველების მიერ უნდა იყოს აღიარებული. არასდროს მქონია თავმოწონება იმის გამო, რომ ჩემი ლექსი რომელიღაც ენაზე ითარგმნა, ან გამოიცა. 

- ინგლისელი მწერალი სამუელ ბატლერი ამბობდა, რომ ადამიანის ნებისმიერი ქმნილება, ლიტერატურაში იქნება, მუსიკასა თუ მხატვრობაში, - ყოველთვის ავტოპორტრეტია. თქვენ ლექსიც გაქვთ დაწერილი, რომელსაც ავტოპორტრეტი ჰქვია და, ამ ლექსის მიხედვით, მთელი სამყარო თქვენშია („პოეტი ვარ და სამყარო ჩემში გადის და გამოდის.../ხან კლდის თავს ვიწექ ჯანღივით, ხან მზვრისპირს იად ვხარობდი.../მომსურდა - ცისკრად გავთენდი, მომსურდა - მოვსაღამოვდი.“)  ის, რომ პოეტი ხართ და თქვენშია მთელი სამყარო, - არის თუ არა თქვენი საუკეთესო ავტოპორტრეტი? 

- როცა შენშია მთელი სამყარო, ეს საუკეთესო გრძნობაა. თუმცა, ლექსი, რომელიც თქვენ გაიხსენეთ, მხოლოდ ჩემი მაშინდელი განწყობის ანარეკლია. სრულყოფილად ვერასდროს დახატავ საკუთარ თავს, რადგან არის ისეთი თვისებებიც, რომლებსაც შენს თავში შემთხვევით აღმოაჩენ. სულ ახლახან, ფეისბუკის ჩემს გვერდზე, ერთი ამბავი გაიხსენა ჩემმა მეგობარმა, პედაგოგმა მედეა გიორგიშვილმა. გორიდან ფოლკლორული ექსპედიცია ჩამოვიდა ჩვენთან, ახალგორში. მაშინ იქ ვმუშაობდი და სამსახურის მანქანით ექსპედიციის წევრები ქსნის სათავისკენ წავიყვანე. ქსანი გადავიარეთ და შეგვხვდა ცხენოსანი მამაკაცი, რომელიც ერთადერთი მოსახლე იყო ქსნის სათავის მიდამოებში. მან გვითხრა:  ზევით ძალიან დიდი წვიმა დაიწყო, ქსანი ადიდდება და უკან დროზე დაბრუნდითო. როცა ქსანთან მოვბრუნდით, მდინარე ადიდებული დაგვხვდა. ერთი რკინის ხიდი იყო დარჩენილი, რომელზეც უკვე ტალღები გადადიოდა. ყველა ამ ხიდისკენ გაიქცა და გადავიდნენ მშვიდობით. მე მძღოლს ვუყურებდი. პატარა ბიჭი იყო და სახეზე საოცარი სასოწარკვეთილება ეხატა. მივხვდი, რომ არ შეიძლებოდა, მარტო დამეტოვებინა, ამ წყალს მარტო ვერ გაარღვევდა. იმ წუთში არც გმირობაზე მიფიქრია, არც სიკვდილზე, არც სიცოცხლეზე; არც იმაზე, რომ ცურვა არ ვიცი. თან, „ვილისის“ ტენტებიან კარებში წყალი ადვილად შემოდიოდა. მძღოლთან დავრჩი და ეს აღვარებული წყალი ერთად გადავიარეთ, ერთად გადავრჩით. წინასწარ ვერ წარმოვიდგენდი, ამ სიტუაციაში როგორ მოვიქცეოდი. იყო კიდევ მეორე შემთხვევა: როცა ახალგორში ოკუპაციის შემდეგ პირველად ჩავედით, მე და ჩემი მეუღლე ოსმა სეპარატისტებმა დაგვაკავეს. წაგვიყვანეს თავის შტაბში, ოღონდ, ცალ-ცალკე ვიყავით, ერთმანეთს ვერ ვხედავდით. დაგვკითხეს. მემუქრებოდნენ: „ახლა რომ თავი მოგაჭრათ, რას იზამო?“ იცით, თურმე, რა ხდება მაგ დროს? შენს სულში ვიღაც ძალიან ძლიერი და ამაყი იღვიძებს, სულ სხვა ხდები. ვუთხარი - რომც მომკლა, აქაურობის პატრონი მაინც მე ვიქნები; შენ ამ მიწის პატრონი ვერასდროს გახდები-მეთქი. ვერ გეტყვით, რომ ყოველთვის ეს ძალა მაქვს და ასეთი გამბედავი ვარ... ვერ წარმოიდგენ, იმ წუთებში რა ხდება შენს ცნობიერებაში. საიდან ამოდის ის სულიერი ძალა, ის სიამაყე, მთელი შენი გენეტიკა. საერთოდ დავკარგე შიშის შეგრძნება. მარტო იმაზე ვფიქრობდი, რომ ამათ შეშინებული და დამარცხებული არ უნდა ვენახე. ყველაფერზე წავიდოდი იმ წუთში. ამიტომ ვამბობ - არის ადამიანში რაღაც ისეთი, რისი არსებობა მან თვითონ არ იცის და შეიძლება მხოლოდ გარკვეულ სიტუაციაში გამომჟღავნდეს. 

- საკუთარ ღირსებას რითი ზომავთ?

- საკუთარ ღირსებას იმით ვზომავ, როგორია ჩემი დამოკიდებულება ჩემი სამშობლოსადმი, ერისადმი და, ზოგადად, ადამიანებისადმი. ეს არის მთელი ჩემი ცხოვრების და ჩემი ღირსების საზომი. ჩემი ლექსის თავისებურებებიც კი აქედან მოდის.

 

 

„ხანდახან ღმერთს მადლობა უნდა უთხრა ამ ტკივილების გამო.“

 

 

- საუბრის დასასრულს, გთხოვთ, გვიამბოთ ერთი ამბავი საბჭოთა პერიოდის ლიტერატურული ცხოვრებიდან. 

- მინდა, მოვყვე ჩემი და ოთარ ჩხეიძის ურთიერთობის შესახებ. ოთარ ჩხეიძე ჩემთვის მხოლოდ ლექტორი არ ყოფილა გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში.

- თუმცა, გასწავლიდათ. 

- დიახ, მასწავლიდა. ეს იყო - მარტო ჩემთვის არა, მაგრამ ჩემთვის განსაკუთრებით - სულიერი მოძღვარი. მთელი ჩემი ცხოვრება მახსოვს, რომ ოთარ ჩხეიძის აღზრდილი ვარ და ისიც ვიცი, როგორი მოქცევა არ მეკადრება, როგორც შემოქმედსა და ადამიანს. ბატონ ოთართან ძალიან ახლოს ვიყავი, მაგრამ, ამის მიუხედავად, არასდროს შევთამამებივარ. ის კი შემიძლია ვთქვა, რომ მან თითქმის მშობლის მაგივრობა გამიწია, განსაკუთრებით, სტუდენტობის დროს. რაც შეეხება საბჭოთა პერიოდის ლიტერატურულ ცხოვრებას, პოეზიაში თავიდანვე ძალიან ქართული განწყობით შემოვედი. ამის გამო, ვინმეს ჩემთვის შენიშვნა მოეცა, ან რომელიმე ლექსი კრებულიდან ამოეღო - ასეთი შემთხვევა არ ყოფილა. მთებში მიკარგული ხეობიდან მოსული, ყოვლად უპატრონო, რომელსაც არ მოერიდებოდი არც ოჯახის, არც წარმომავლობის, არც თანამდებობის გამო... სრულიად თავისუფლად და უმტკივნეულოდ შეიძლებოდა ჩემი შევიწროება, მაგრამ არ მახსოვს, რომ ეს პატრიოტული თემატიკა ვინმეს შეეზღუდა და შეეკვეცა. საბჭოთა იდეოლოგიის შემბორკავი საშუალებები იმ დროს უკვე მოშვებული იყო. 

- დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ინტერვიუს დავასრულებთ თქვენი კომენტარით ცნობილი ადამიანების ორ გამონათქვამზე. პირველი ციტატის ავტორია ამერიკელი რელიგიური მოღვაწე ჰენრი უორდ ბიჩერი (1813-1887): „არცთუ იშვიათად, უბედურება ის ინსტრუმენტია, რომლითაც ღმერთი უფრო სრულყოფილ ფორმას გვაძლევს.“

- მართალია. თუ ტკივილები არ განგიცდია, თუ არ იცი დარდის, ტანჯვისა და ცრემლის ფასი, შეუძლებელია, რაიმე ღირებული შექმნა. ლექსებს ბედნიერები არ წერენ, ლექსებს ტკივილი გაწერინებს. ხანდახან ღმერთს მადლობა უნდა უთხრა ამ ტკივილების გამო. 

- მეორე ციტატა ეკუთვნის ფრანგ დრამატურგს, პიერ ბომარშეს (1732-1799): „განა შესაძლებელია სიმშვიდის და სიყვარულის თანაცხოვრება ერთ გულში?“ 

- ჩემი აზრით, შეუძლებელია, სიყვარულმა და სიმშვიდემ გვერდიგვერდ იცხოვრონ. თუ ეს სიყვარული ბედნიერი სიყვარულია, ალბათ, მაშინაც კი ძნელია. მაგრამ მე, ჩემი პირადი გამოცდილებით, რა სიყვარულიც გამოვიარე, მასთან, მის გვერდით სამშვიდობო თანაცხოვრება შეუძლებელი გახლდათ და, ვგონებ, დღესაც შეუძლებელია.

 

ფოტომასალა: ირაკლი გედენიძე

გუნდი

ირაკლი გედენიძე

ზურაბ ქურციკიძე

გიო კუსიანი

გიორგი ურუშაძე

თამთა ყუბანეიშვილი

ნანა ყურაშვილი

ინგა ქორიძე