×
„ჩემი საშველი არ არის, ან მარტო ჩემი თავია“

ავთანდილ ცქვიტინიძე

მოდის დიზაინერი


6440

ინტერვიუს შესახებ

თუ ვინმეს სწორ დროს ვთხოვე ინტერვიუ, მათ შორის ერთ-ერთი პირველი ავთანდილ ცქვიტინიძეა. მასთან საუბარი ჩემთვის ბევრად საინტერესო აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი.

ავთანდილი იმ ძალიან ცნობილ ადამიანებს შორის არის, ვისაც პირადად არ ვიცნობდი. ამიტომ, მოლოდინიც ზომიერი მქონდა. ბოლოს ამიხსნა, რომ თავისი გულწრფელობით პატივი სცა ჩემს შრომას - როდესაც მისი ცხოვრების არსისა თუ დეტალების შესახებ საკმაოდ დიდი ცოდნა მოვაგროვე. ამისთვის მადლობელი ვარ, თუმცა, სხვა დროსაც მითქვამს - მხოლოდ მამაც ადამიანებს შეუძლიათ, გულწრფელად და ფართოდ გაეხსნან საზოგადოებას, სამყაროს.

გაიცანით ავთანდილი, რომელიც, როგორც ჩანს, ცხოვრებისა და შემოქმედების ახალ ეტაპზე გადადის. 
 

ია ანთაძე

- ავთანდილ, როდესაც ადამიანი მოდას მისდევს, რა არის მისი მოტივიაცია  - სურვილი, რომ სხვებს მიბაძოს, თუ სურვილი, რომ სხვებისგან გამორჩეული იყოს?

- ეს თემა რამდენიმე ნაწილად იყოფა. არიან მიმბაძველები, რომლებსაც მატყუარა ადამიანები შევარქვი. ისინი საკუთარ თავს  ვერ ხედავენ. მე ამ ადამიანებისთვის მოდას არ ვქმნი, ისინი ვერ გახდნენ და ვერც გახდებიან ჩემი პროდუქციის მომხმარებლები. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარი შინაგანი სამყაროს შეცნობას ცდილობენ. რაც არ უნდა არამოდური პიჯაკი ან კაბა ეცვათ, ისინი ყოველთვის ჰარმონიულები არიან ტანისამოსთან. ბოლო პერიოდში, დიზაინერთან ერთად, გაჩნდა სტილისტის პროფესია. ეს ძალიან სერიოზული, კომპლექსური პროფესიაა, რომლის წარმომადგენელიც ერთმანეთს უხამებს  ტანსაცმელს, აქსესუარს, ჩანთას, მანქანას, სივრცეს, ფერს, სილუეტს... 

- თუ ადამიანს გემოვნება არ გააჩნია, თქვენ შეგიძლიათ, მისგან გემოვნებიანი ადამიანის ილუზია შექმნათ? თუ ეს სწორედ სტილისტების საქმეა? 

- სტილისტი ქმნის ამ ილუზიას, მაგრამ ყველანაირი ილუზია დროებითი თამაშია. არაგულწრფელობა ყოველთვის დროებითია - მაგალითად, როცა სტილი არ შეესაბამება პერსონას, მის ისტორიას, მის ინტელექტს...

- სტილისტს შეუძლია, ის შექმნას, რაც თქვენ არ შეგიძლიათ? 

- სტილისტს შეუძლია, იდეალური ფუტლიარი შექმნას. სტილისტს შეუძლია, ნებისმიერი მონაცემების ადამიანისგან  მისი გაცილებით უკეთესი ვერსია „გააკეთოს“. ქირურგიულ ჩარევებს არ ვგულისხმობ. ყოველთვის შეიძლება, შეიცვალოს მაკიაჟი, ვარცხნილობა, აქსესუარები, ადამიანის მთლიანი ანტურაჟი. 

- ათწლეულებია, რაც საქართველოში საქმიანობთ. როგორ ფიქრობთ, ქართველ ერს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი გემოვნება აქვს? თუ ესეც ილუზიაა?

- ახლა მთელი მსოფლიო ისეთი ერთგვაროვანი გახდა, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნების მოსახლეობა და ევროპელები რადიკალურად აღარ განსხვავდებიან ერთმანეთისგან. რაც შეეხება ქართველებს, ჩვენი თითქმის ყველა ნაკვთი მეტყველია. ქართველი ემოციურია და თუ ამ ემოციაზე ტანსაცმელი სწორად არის მორგებული, უკვე პერსონა გხვდება თვალში. მოდის ფუნქცია ეს არის, რომ პერსონა არ დაკარგოს. რატომ გახდა ასეთი პოპულარული ინსტაგრამი? 

- რატომ? მე არ ვიცი. 

- იმიტომ, რომ იქ შეგიძლია მთელი ცხოვრება მოიგონო, შექმნა შენი სივრცე, შენი სამყარო, რომელიც ვიზუალით, ჩაცმულობით,  ტერიტორიულად - მთლიანად აცდენილია რეალობას. უამრავი ფილტრი შემოვიდა, რაც სახეს ათასნაირ კორექციას უკეთებს. ეს ვიზუალური ტყუილი ძალიან მოდაშია. 

- მაგრამ ტექნიკურმა საშუალებებმა და სხვა ფაქტორებმაც, რომლებზეც კიდევ ვისაუბრებთ, მაინც გაათანაბრა და ერთმანეთს დაამსგავსა ადამიანები. 

- დიახ. ამ ერთნაირი ტიპაჟების „ჩამოსხმას“ ძალიან შეუწყო ხელი პლასტიკური ქირურგიის განვითარებამაც. საქართველოში პლასტიკური ქირურგია მოდაშია, თუმცა, ლამის მთელ მსოფლიოში ის ნელ-ნელა დავიწყებას მიეცა. 

- ეთანხმებით თუ არა აზრს, რომ თბილისი აღმოსავლეთ ევროპის მოდის დედაქალაქად ჩამოყალიბდა? 

- ნაწილობრივ ვეთანხმები. 

- მაშინ, რით ახსნით იმ პარადოქსს, რომ თბილისი ღარიბი ქვეყნის დედაქალაქია,  მოდის ინდუსტრია კი ერთ-ერთი უძვირესია?  

- მოდის მომხმარებელი საზოგადოების მცირე სეგმენტია. „ფეშენი“ ფუფუნებაა. ამ სეგმენტის ყველაზე იაფფასიანი ტანსაცმელიც კი ყველასთვის არ არის. 

- მით უმეტეს, როგორ მოხდა, რომ ქართული მოდა მსოფლიო სპეციალისტების ყურადღების ცენტრშია?

- როცა შუქი არ გვქონდა და ქვეყანა სამოქალაქო ომში იყო გახვეული, მაშინ დავიწყე ტანსაცმლის კეთება. და ეს ტანსაცმელი, რაც არ უნდა საოცარი იყოს, მაშინვე პოპულარული გახდა. ალბათ, ჩვენი - ქართველების ხასიათშია, რომ მაშინაც კი გვილხინდეს, როცა გვიჭირს. ოპტიმისტები ვართ. ალბათ, ეს გვაძლევს საშუალებას, რომ არა მხოლოდ ვიარსებოთ, განვვითარდეთ კიდეც.  

- რამდენადაც ვიცი, „მერსედეს ბენცის“ მოდის კვირეულებზე თბილისში სერიოზული სპეციალისტები ჩამოდიან - მოდის ექსპერტები, მოდის ჟურნალისტები... მათ აინტერესებთ, რა ხდება საქართველოში ტანსაცმლის დიზაინის მიმართულებით. ეტყობა, ყოველთვის პოულობენ რაღაც საინტერესოს იმიტომ, რომ უფრო და უფრო პოპულარულია ეს კვირეულები. 

- „მერსედეს ბენცის“ მოდის კვირეულებმა ძალიან შეუწყო ხელი ქართველი დიზაინერების განვითარებას და მათ გასვლას ქვეყნის საზღვრებს გარეთ. საერთოდ, მოდას უყვარს ამოჩემება. იყო პერიოდი, როცა მთელი მსოფლიო იაპონელ დიზაინერებზე შეიშალა. სხვებსაც, ბევრ დიზაინერს ჰქონდა თავისი ზენიტის პერიოდი. შემდეგ ჩნდება ახალი თაობა, ახალი პერსონა, ახალი ხედვა... ძალიან კარგია, რომ ქართველი დიზაინერების და ქართული მოდის მიმართ ინტერესი საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა და ახლაც გრძელდება. 

 

 

„დღეისათვის მოდა გასადავდა.“

 

 

- გლობალურ კონტექსტზეც გკითხავთ, რადგან თქვენ ამაზე ხშირად საუბრობთ. იმას, რაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში ხდება,  უკვე დაარქვეს „მოდის მაკდონალდიზაცია“. მთელ მსოფლიოში მოდა გადემოკრატიულდა, მოდური პროდუქტი გაიაფდა და ბევრად მეტი ადამიანისთვის გახდა ხელმისაწვდომი. ამას „ჩქარ მოდასაც“ უწოდებენ. რაიმე დადებითს თუ ხედავთ ამ ტენდენციაში?

- დადებითი არის მხოლოდ ხელმისაწვდომობა. ადრე მასობრივი მარკეტი უბრალოდ საჭირო ნივთებს კერავდა. ბოლო ათწლეულში კი მასმარკეტმა მოდური ტანსაცმლის კერვა დაიწყო. მათ პირდაპირ დაარტყეს დიზაინერების შემოქმედებას. 

- იმიტომ, რომ დიზაინერების ტანსაცმელს იმეორებენ უფრო იაფი ქსოვილით და გამარტივებული პროცედურებით?

- დიახ. და უფრო მეტი რაოდენობით, რაც მთავარია. მასმარკეტმა დიზაინერების ნაშრომზე ააგო მთელი თავისი პროდუქცია. ის ტენდენციები, ის ხედვა, ის კოდი, რასაც ინდივიდუალურად ვქმნით მსოფლიოს დიზაინერები,  ყველაფერი ერთად აიღო, ბევრად იაფად დაამზადა და პირდაპირ დაარტყა მაღალ მოდას. წარმოიდგინეთ, წელიწადში ორი ჩვენება კეთდებოდა: გაზაფხული-ზაფხულის და შემოდგომა-ზამთრის. ახლა კეთდება გაზაფხული-ზაფხულის პრეკოლექცია, შემდეგ - კრუიზის კოლექცია, შემდეგ - პრეკოლექციის პრეკოლექცია, ცალკე კაცების კოლექცია, ცალკე ქალების კოლექცია, ცალკე მაღალი მოდის კოლექცია. რაოდენობრივად ძვირად ღირებული დიზაინერების ტანსაცმელი იმ რაოდენობით გამოდის და იცვლება, რომ, ფაქტობრივად, მასმარკეტის წარმოებას გაუტოლდა. ყველაფერმა ერთმანეთს დაარტყა. მომხმარებელს ფიზიკურად არ სჭირდება ამდენი ტანსაცმელი. ბოლოს ყველაფერი ერთმანეთს დაემსგავსა. 

- ბუნებრივია, „ჩქარი მოდა“ ხარისხიანი ვერ იქნება. მაგრამ თუ შეიძლება მკაფიოდ ითქვას, რომ მოდის ინდუსტრიაში შემოქმედების დეფიციტია?

- დავიწყოთ იმით, ტანსაცმელი აუცილებლად უნდა გამოიყენოს მომხმარებელმა, მისი ფუნქცია ეს არის. 

- ესეც ბოლო პერიოდის მოთხოვნაა, როგორც მესმის. 

- მე ეს არასდროს დამვიწყებია, ისევე, როგორც არ დავიწყებია ძალიან ბევრ სხვა შემოქმედს. თუ „არტი“ კეთდება, მაშინ ტანსაცმელი მხატვრობის ზონაში უნდა შევიდეს. ეს იქნება წმინდა შემოქმედება, სულის გამოძახილი და არა მოხმარებისთვის შექმნილი ტანსაცმელი. მე რასაც ვაკეთებდი, ყველაფერი მოხმარებისთვის იყო განკუთვნილი. მაგრამ ბევრი ნაწარმი მქონდა კუტიურის - ბუმბულებით, ქვებით, ხელით ნაქარგი... დღეისათვის მოდა გასადავდა. აღარ არის მოთხოვნილება რთულ მოდელებზე. მე ადამიანს ვთავაზობ ზომიერ ფერწერას და მორგებულ თარგს. მაგრამ ჩემს კოდს არასდროს ვკარგავ. 14-15 წლის ბავშვები „ავთანდილს“ რომ ატარებენ, ესე იგი, ბრენდი აქტუალურია და ვითარდება. 

- ზუსტი პასუხი ვერ მივიღე, არის თუ არა შემოქმედებითი კრიზისი მოდის სფეროში?

- კრიზისი არის და ამაში დიდია ინტერნეტის როლიც. ადამიანები ისეთი დოზით აშუქებენ თავის ცხოვრებას, თავის ვიზუალს, თავის ე.წ. „ლუქებს“, რომ ყველაფერი ერთჯერადი გახდა. შესაბამისად, ძალიან ხშირად აღარ უღირთ ამ ერთჯერადი ფოტოგამოფენისთვის თუ ვიდეოგამოფენისთვის დიდი თანხის დახარჯვა. იმავე ეფექტს აღწევენ ტექნიკური დამუშავებით, ფოტოშოპით, სწორი რაკურსით და, თუნდაც, იაფი ტანსაცმლით. ეს კრიზისი პანდემიამდეც იყო. ერთ დღეს სიტუაცია აუცილებლად აფეთქდებოდა. პანდემიამ, უბრალოდ, პროცესი დააჩქარა. 

- რა აფეთქდა? 

- მკვეთრად შემცირდა წარმოება - მასმარკეტშიც და ლუქსშიც. ადამიანი უკვე ბევრს ფიქრობს, რაში დახარჯოს ფული. იქნებ, ურჩევნია, კარგად დაისვენოს, ვიდრე ერთი რომელიმე ბრენდის ლუქსი პიჯაკი ჰქონდეს?! იმიტომ, რომ ამ პიჯაკების ფასი უკვე ძალიან კარგი დასვენების ფასს გაუტოლდა. 

- შეიძლება ვთქვათ, რომ დიზაინერებს ფინანსური პრობლემები შეექმნათ? 

- არა. ფინანსები ყოველთვის ბალანსდება კოსმეტიკის და აქსესუარების ხარჯზე. ტანსაცმელი ნებისმიერ ბრენდში შედარებით მცირე რაოდენობით იყიდება და მას დამატებითი „ზურგი“ აქვს პარფიუმერიის და აქსესუარების სახით. 

- ერთ ინტერვიუში თქვენ ამბობთ, პანდემიის შემდეგ მსოფლიო მასშტაბის გარდატეხას მოვესწრებითო: „მე მაქვს ორი შესაძლო ვერსია – ან ისევ შემოქმედებისკენ დაბრუნდება მსოფლიო – კინოში, მუსიკაში თუ მოდაში და ასე ერთმანეთს აღარ დაემსგავსება პროდუქცია. ან დაბალ საფასო პოლიტიკაზე დავა ყველაფერი, ხელმისაწვდომზე.“ რატომ უნდა ველოდოთ ამ ორი უკიდურესობიდან ერთ-ერთს? რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?

- ძალიან ტურბულენტურ დროში ვცხოვრობთ. ერთი დღის ცხოვრებას თუ დაგეგმავ, ერთი კვირის გეგმაც უკვე სასაცილოა. შესაბამისად, შეიძლება ე.წ. „მაღალი“ და „დაბალი“ მოდის სერიოზული დასეგმენტება მოხდეს - 50/50-ზე. მაგრამ ვფიქრობ, რომ იაფფასიანი ტანსაცმელი ყოველთვის მომგებიან პოზიციაშია. იმიტომ, რომ ის ცხოვრობს ძვირად ღირებული, შემოქმედი, ინტელექტუალური „მონსტრის“ ხარჯზე. ჩვენებები დამთავრებული არ არის ხოლმე, როცა მასმარკეტი უკვე უშვებს იმ მოდელებს. პროდუქტი, რასაც დიზაინერი ექვსი თვით ადრე აჩვენებს, გაყიდვაში ექვსი თვის მერე გამოვა. მასმარკეტი კი ჩვენებებიდან ორ თვეში დებს დაახლოებით იმავე მოდელებს. რა თქმა უნდა, სერიოზული ბრძოლაა. იმაზეც მსჯელობენ, რომ დიზაინერმა ახალი ჩვენება პირდაპირ სეზონზე მოაწყოს. 

- ახლა ნახევარი წლით უსწრებს, როგორც ვიცი. 

- დიახ, შემოდგომა-ზამთრის სეზონს გაზაფხულზე ვაჩვენებთ, რომ შეკვეთები ვაწარმოოთ. ჩვენ საერთაშორისო შეკვეთებს მილანის ოფისში ვიღებთ. საქართველოში კი ექვსი მაღაზია გვაქვს და, ასევე, ახალი ფაბრიკა, რომელიც რამდენიმე თვეა, ავამუშავეთ და სამ თვეში პანდემიამ გაგვაჩერა. ახლა თავიდან ვქოქავთ. გამიმართლა, რომ ქართულ ბაზარზე რასაც ვაწარმოებთ, იმ პროდუქციაში შეფერხება არ გვქონია. 

- თქვენ ამბობდით, მე ასეთი ადამიანი ვარ - კრიზისი შესაძლებლობის ახალ საფეხურად მიმაჩნია და არა უკანდახევის მიზეზადო. 

- ასე გამოვიდა. ჩემს თავს რომ დავაკვირდი, დავასკვენი: სერიოზული სტრესი მჭირდება, რომ კიდევ ერთი საფეხური ავიარო.

- როგორც ამბობთ (დღესაც თქვით) თქვენი კოდისთვის არასდროს გიღალატიათ. ასევე, ამბობთ - ჩემი ამბიციები ყველანაირად დაკმაყოფილებული მაქვსო. მაგრამ, მეორე მხრივ, ისიც გითქვამთ, ეს ჯერ ის ავთანდილი არ არის, ვინც მე მინდა, იყოსო. კიდევ ერთ ფრაზას შეგახსენებთ: „ჯერ არაფერი გამიკეთებია, მიუხედავად იმისა, რომ ქართული მოდის ისტორია შევქმენი.“ რატომ მოდიხართ ასეთ წინააღმდეგობაში თქვენს თავთან და თქვენს გამონათქვამებთან? 

- თითოეული გამონათქვამი არის კონკრეტულ პერიოდში საკუთარი თავის ხედვა. სულ ძიებაში ვარ. ჯერჯერობით, საკუთარი თავი არ ამომიწურავს. იყო დრო, როცა საქართველოში არაფერი ხდებოდა და რაც ხდებოდა, იქიდან ბევრი რამ ავთანდილის ირგვლივ ტრიალებდა: შოუბიზნესი იყო, გაყიდვები იყო, კლიენტურა იყო, ინტერესი იყო, თუ მთელ მსოფლიოში გასვლები იყო საქართველოს სახელით... მაგრამ ეს არის ის დრო, რომელიც თავის ადგილზე დავტოვე. 

- ესე იგი, როცა ამბობთ, ქართული მოდის ისტორია შევქმენიო, გულისხმობთ არა ზოგადად თქვენს ადგილს ქართული მოდის ისტორიაში, არამედ - გარკვეულ პერიოდს? 

- დიახ, მე ვარ გარკვეული პერიოდის ისტორია, რომელიც იყო და რომელსაც ვერ წავშლი. ეს ჩემი გზაა, ჩემი თავგადასავალია, რომელიც დღესაც გრძელდება. თუმცა, გრძელდება სხვადასხვა მიმართულებით. სულ მაინტერესებდა ინტერიერი. სულ მინდოდა ფერწერასთან დაბრუნება. სულ მქონდა თავში კითხვები, რომლებსაც პასუხს წერილობით ვცემდი. მაგრამ როდესაც პანდემიის პერიოდში დავხატე, აბსოლუტურად სხვა პასუხები აღმოვაჩინე. თუ შენი ტურბულენტობა ბუნებრივად არ მოარგე ტურბულენტურ სამყაროს, შენგან არაფერი დარჩება. სამყაროსთან საუბრები ხომ კარგია? ჰოდა, მე ვცდილობ, ვესაუბრო სამყაროს. 

 

 

„მე რომ ძალიან კარგი ვარ - ამის მტკიცებაში მუდმივად ვიყავი.“

 

 

- ჩემი ცხოვრება ჩემი თავგადასავალიაო, თქვით. მინდა, ამ თავგადასავლის საწყისთან მივიდეთ, რადგან ამის გარეშე შეიძლება ბევრი რამ გაუგებარი დარჩეს. ერთხელ თქვით, მამასთან გამოვიარე თაობათა ბრძოლაო და მიზეზიც ახსენით: „მამაჩემს ჩემი ძმის იმედი ჰქონდა. როცა გადავწყვიტე, რომ დამოუკიდებელი ვიყო, თავისთავად გავხდი ირგვლივ ყველას პატრონი - მეგობრების, მშობლების, ახლობლების... დღემდე ვამტკიცებ, რომ კარგი ვარ და დამინახონ. ეს ბავშვობის კომპლექსია და ბევრი პრობლემა მაქვს ჩემს თავთან.“ ფსიქოლოგები ამბობენ, რომ როგორც კი მშობელი შვილს აგრძნობინებს - შენ საკმარისად კარგი არ ხარ ჩემთვისო - ეს მთელი ცხოვრების ტრავმაა ბავშვისთვის. სანამ მამათქვენი ცოცხალი იყო, შეძელით, მისთვის დაგემტკიცებინათ, რომ საკმარისად კარგი შვილი ხართ? 

- (პაუზა) ძალიან ბევრი ვიმუშავე ჩემს თავთან. მეტწილად ბებიის გაზრდილი ვარ, დედაჩემის დედის. ჩემს აღზრდაში მას ჰქონდა ბევრი რამ აღებული საკუთარ თავზე. მამა იმ პერიოდში ჩაის ფაბრიკის დირექტორი იყო, თავისი სამეგობრო ჰყავდა. ხასიათში ბევრი რამ მაქვს მამაჩემის და ბავშვობის კომპლექსებიც ყველას მოსდევს. უფროსი და უმცროსი შვილის თემაც გლობალურია და შეიძლება, დღემდე არის ერთგვარი გარჩევა შვილებს შორის. მე რომ ძალიან კარგი ვარ - ამის მტკიცებაში მუდმივად ვიყავი. შესაბამისად, მიზნების თამასაც ყოველთვის ჩემს შესაძლებლობებზე მაღლა მეჭირა. 

- ალბათ, მამათქვენის გაგებაც შეიძლება. ამ გადასახედიდან მეტისმეტად ადვილი აღსაქმელია, რომ თქვენ  ბავშვობაში ოზურგეთში რაღაცას ჭრიდით და კერავდით. 

- ძირითადად, ვხატავდი. 

- როდესაც ბავშვი იზრდება, მშობელი ფიქრობს - რითი იცხოვრებს ჩემი შვილი მომავალში; რითი არჩენს ოჯახს; ჩვენ რომ დავბერდებით, რითი დაგვეხმარება... გასაგებია, თქვენი მშობლები რატომ ვერ ხედავდნენ დღევანდელ ავთანდილს. 

- დედაჩემი სულ ხედავდა...

- დედის ნდობა ძალიან მნიშვნელოვანია. წარმოიდგინეთ, რომ გურული ბიჭი ზის საკერავ მანქანასთან და სამზარეულოს ფარდისგან პერანგს იკერავს. 

- მე სულ ვხატავდი. კერვის თემა გვიან შემოვიდა. თითო-ოროლა ნივთს ჩემთვის ვკერავდი იმიტომ, რომ ჩაცმა მიყვარდა და იმ პერიოდში არაფერი იშოვებოდა. პირველ რიგში, მამაჩემის ტანსაცმელს ვერჩოდი, გადაკეთება მიყვარდა. 

- ის, რაც თქვენთვის არ იყო პრობლემა, შეიძლება, მამათქვენისთვის  - იყო. შეიძლება, ბევრად მშვიდად ეგრძნო თავი, ჩვეულებრივი ბავშვი რომ ყოფილიყავით. 

- მაგრამ აქ გამოჩნდა ჩემი ხასიათის ის შტრიხი, რომ მე ნებისმიერი დაბრკოლება წინ მწევს და უკან არ მხევს. შეიძლება, რასაც მაშინ ცუდი მხრიდან ვხედავდი, პირიქით, პიროვნულად გაზრდაში დამეხმარა. 

- ასეც იქნებოდა აუცილებლად. სხვა შემთხვევაში, იქიდან აქ ვერ მოხვიდოდით. საბოლოოდ, როგორი ურთიერთობა ჩამოგიყალიბდათ მამასთან? 

- 23 წლის ვიყავი, როცა საზოგადოებამ გამიცნო. ასეთი უპატრონო და წარმატებული ახალგაზრდა, ბევრისთვის დიდი სტიმული გავხდი. ამ ხალხის წინ ვიზრდებოდი იმავე ემოციით, რაც დასაწყისში მქონდა - გულწრფელი, ხმამაღალი სიცილით და იუმორით.

 
თან, წლების განმავლობაში რომ არ შეიცვალე საერთოდ და ამ ავთანდილისგან რომ არ ჩამოყალიბდა რაღაცნაირი „ავთანდილი“ (იცინის), ამიტომ ვგრძნობ იმ სითბოს, რომელიც არ იცვლება. ამიტომ არასდროს არ მქონია სურვილი, რომ სხვა ქვეყანაში გადავსულიყავი საცხოვრებლად.

 

- დავამთავროთ მამასთან ურთიერთობის თემა. თქვით, 23 წლის უკვე ცნობილი ვიყავიო. მაგ დროს, ფაქტობრივად, ფეხზე იდექით, მაგრამ მამამ ეს დაინახა? გაღიარათ? 

- რა თქმა უნდა, ეს ყველას ეტყობა, განსაკუთრებით, მშობლებს. ნელ-ნელა ცოტა მოწიწებაც გაჩნდა ჩვენს ურთიერთობაში. 

- ესე იგი, სანამ მამათქვენი ცოცხალი იყო, ეს ბავშვობის ტვირთი მოიხსენით, რომ იმდენად კარგი არ ხართ, როგორც მას უნდოდა?

- დიახ, როგორ არა. ნამდვილად. 

- კარგით. ახლა თქვენი შვილის და თქვენს ურთიერთობაზე ვისაუბროთ. ანასტასიასთან დაკავშირებით, პრიორიტეტებს ასე აყალიბებთ: „სწორი მიდგომაა, რომ ბავშვს თავისუფლებას აძლევ, მაგრამ თან ახლოს ხარ. მნიშვნელოვანია, ბევრი რამ ისწავლო ამ თაობისგან. ანასტასიას ვეკითხები, სწორად ვიგებ თუ არა მოცემულობას. თაობებს შორის ხედვა იცვლება და ბევრს ვსწავლობ.“ ეს ზუსტად ის მეთოდია, რომელსაც გამოცდილი ფსიქოლოგები „თინეიჯერების“ მშობლებს ურჩევენ. ანასტასია 15 წლის არის. თქვენ თქვენი ბავშვობის გამოცდილება შემოატრიალეთ და სწორი ურთიერთობის კალაპოტში მოაქციეთ. ამ გზას ინტუიციით მიაგენით, თუ ვინმესთან კონსულტაციით? 

- არანაირი კონსულტაცია არ ყოფილა. ასეთი მიდგომა, პირველ რიგში, ჩემი თავის მიმართ ჩამომიყალიბდა. ყოველი წლის ბოლოს ვანულებ ჩემს თავს. ვრჩები მარტო. 

- ფიზიკურად?

- დიახ, ჩემთვის სასურველ სივრცეში და განვლილ წელიწადს, რამდენადაც შეიძლება, ეტაპობრივად განვიხილავ. ამ ეტაპზე, ამ პერიოდში, როგორი ავთო იყო; რა აღარ უნდა ავთოს; რა უნდოდა და ვერ გააკეთა, ან არ გააკეთა; რამ შეუშალა ხელი და ამ პერიოდში რატომ ჩამოყალიბდა ავთოს ეს ვერსია. თან, ამ კითხვებზე პასუხებს ეძებს ავთო, რომელიც საკუთარ თავთან აღიარებს, რომ არ თამაშობს. ასე ეტაპ-ეტაპ დავიწყე ჩემი თავის მოსმენა. ინტუიცია ბავშვობიდან, იმ დროიდან მომყვება, როცა ჩემი სამყარო შევქმენი ფანჯრის რაფაზე. რაზეც მაშინ ვოცნებობდი, აღმოჩნდა, რომ, თურმე, ჩემი გეგმები იყო. როგორც ჩანს, ეს ყველაფერი იმდენად გულწრფელად მივაწოდე სამყაროს, რომ ეტაპობრივად მათი ახდენა დაიწყო. საბოლოო ჯამში, მივიღე ის, რასაც ვერ წარმოვიდგენდი. როდესაც ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა ანასტასიას დაბადებასთან ერთად (მშობიარობასაც ვესწრებოდი), მაშინ მოხდა ის თანხვედრა, რასაც ვერ ხსნის ხოლმე ადამიანი. 

- რასა და რას შორის თანხვედრას გულისხმობთ?

- ახალ სიცოცხლესა და უკვე არსებულ სიცოცხლეს შორის. 

- ამის დახმარებით მიაგენით შვილთან ურთიერთობის სწორ გზას?

- არანაირი გამოცდილება არ გვქონდა, პირველი შვილი იყო. მეც და ხათუნაც ვსწავლობდით, ანასტასიასთან ერთად. სამი წლის იყო, როცა, სამსახურიდან დაბრუნებულებს, ძიძა გვახვედრებდა ამბავს, რომ ანასტასიამ არ ჭამა, ასე მოიქცა, ისე მოიქცა... ბავშვი მთელი დღე ჩვენი მოლოდინის რეჟიმში ცხოვრობდა. საშინელი პროტესტი დაეწყო. თავის ოთახში შედიოდა და კარს მაგრად ხურავდა. წავედით ფსიქოლოგთან, რომელმაც გვითხრა: „ანახეთ ბავშვს, სად ხართ მთელი დღე. წაიყვანეთ სამსახურში. უთხარით ძიძას, რომ ბავშვის გარეშე გიამბოთ, იმ დღეს ანასტასია როგორ იქცეოდა. როდესაც სამსახურიდან დაბრუნდებით, მიეცით ბავშვს ის და იმაზე მეტი, რაც მას სჭირდება.“ ამის შემდეგ, მართლაც ვაჩვენეთ ბავშვს, რომ მშვიდობით ვართ სამსახურში, ყველას ძალიან ვუყვარვართ, არ ვიჩაგრებით და მან ამაზე არ უნდა იღელვოს. ხშირად დაგვყავდა ხან მე, ხან ხათუნას. ერთხანს მეგონა, იმდენად ახლოს იყო ხატვასთან და ქსოვილებთან, რომ შეიძლება დიზაინერიც გამოსულიყო. ერთხელ, საერთო ინტერვიუს დროს თქვა, დიზაინერი უნდა გამოვიდეო. იქვე მივხვდი, რომ ბავშვი ძალიან არასწორ რამეს ამბობდა. ინტერვიუს მერე ვილაპარაკეთ და ვუთხარი: სიტყვა „უნდა“ ამოაგდე, ეძებე შენი თავი; მე და დედა მხოლოდ ხელს შეგიწყობთ. ამის შემდეგ, დიდი წარმატებები ჰქონდა ცურვაში. მერე ფორტეპიანოზე შევიყვანეთ. მერე აღმოვაჩინეთ, რომ აღარ უნდა. არ მოგვერიდა ბავშვის შეყვანა-გამოყვანა. 

- მრავალფეროვანი აღზრდა ძალიან მნიშვნელოვანია. ბავშვმა ბევრი რამ უნდა ცადოს იმისთვის, რომ საბოლოოდ სწორი არჩევანი გააკეთოს. 

- მერე მოკლემეტრაჟიანი ფილმების გადაღება და დამონტაჟება დაიწყო. თან პრიზიც აიღო. სამსახიობო ნიჭიც აქვს. უყვარდა რაღაცების მოგონება... წავიდოდა თავის ვერსიებში. ხანდახან ნახევრად ხუმრობით მეუბნება ხოლმე, მამა, დამიშალე, რა, სამად ეს პრობლემა! პრობლემის დაშლის პროცესში ბავშვი თვითონაც უნდა ჩაერთოს. მარტო შენ არ უნდა ლაპარაკობდე, თორემ, გამოდის, რომ „ავერბოვკებ“. ეს არ უნდა მოხდეს. ზოგჯერ არ მაქვს პასუხები და მისგანაც ბევრ რამეს ვიგებ. ნელ-ნელა დავამუღამეთ ურთიერთობის წესი. პრობლემა არც არასდროს გვქონია. 

 

 

„არ მინდა, რომ ჩემში ბავშვი მოვკლა.“

 

 

- ამბობდით, პატარა რომ ვიყავი, უცნაურ ბავშვს მეძახდნენო. დღეს თუ ფიქრობთ, რომ თქვენს ნაცნობებს უცნაურ ადამიანად მიაჩნიხართ?

- ჩვეულებრივი ნამდვილად არ ვარ. 

- ამას თქვენ ამბობთ, თუ სხვები ამბობენ?

- მუდმივად ჰარმონიულად იყო იმ სივრცეში, სადაც ხარ; უბრალოდ და მარტივად იქცეოდე, ანუ როგორიც ხარ, ისე იქცეოდე და ამის არ გერიდებოდეს, - ალბათ, ხშირი არ არის. ვერაფრით შევიკავებ ჩემს ხმამაღალ სიცილს. ეს მე აღარ ვიქნები. არ მინდა, რომ ჩემში ბავშვი მოვკლა. ჩემ ირგვლივ ყოველთვის საინტერესოა. ამას ვერ ვხსნი. ალბათ, რაღაც ქარიზმა მაქვს. 

- თქვენთვის რა უფრო მნიშვნელოვანია, რასაც აკეთებთ, თუ რასაც არ აკეთებთ?

- (პაუზა) ერთნაირად მნიშვნელოვანია ორივე. ზოგადად, მოცემულობა -  რა მინდა და რა არის - რთულად მოდის თანხვედრაში. სულ მათ შორის მანძილის შემცირებაში ვარ. 

- ეს კითხვა იმიტომ გამიჩნდა, რომ ბევრჯერ გითქვამთ, ამას და ამას  არ გავაკეთებო. 

- მაგალითად, არასდროს შევქმნი ისეთ სამოსს ქალისთვის, რომელიც მას დააკნინებს. არ მომწონს ორივე სქესის გათანაბრება, ამას ვერ ვიღებ. რა თქმა უნდა, უფლებრივ გათანაბრებას არ ვგულისხმობ. ქალის და მამაკაცის ვიზუალი რომ რთული გასარჩევი ხდება, ეს ვერ გახდა ჩემი. 

- თქვენ თქვით, რომ წლის ბოლოს თვალს გადაავლებთ ხოლმე იმ წლის განმავლობაში თქვენს ცხოვრებას. ამ პროცესში რაიმე მკაცრი სიმართლე თუ აღმოგიჩენიათ თქვენს თავზე? 

- ეს ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელი ეტაპია. ხშირად ადამიანებს ამის ეშინიათ. 

- თქვენ რა გამოცდილება გაქვთ? 

- ბევრჯერ გადავეკვეთე იმას, რომ მეგონა - ჩემი საშველი არ არის, ან მარტო ჩემი თავია.

 
მერე გადავწყვიტე, რომ ვიდეოვერსია გამეკეთებინა ჩემს პრობლემებთან და დავიწყე საუბარი ჩემს თავთან, ჩაწერით. და როცა მოუსმენ შენს თავს - იმიტომ, რომ ჩვენ ფსიქოლოგებთან, მამაოებთან, მეგობრებთან თუ საზოგადოებაში ვყვებით ჩვენს ვერსიას - მომხდარი ფაქტის, ჩვენი პრობლემის - რა გვაწუხებს. ანუ ჩვენზე მორგებულ ვერსიას ვაწვდით მაინც, ხომ? ადამიანები. მაგრამ არსებობს ადამიანი, იგივე შენ, რომელსაც უყურებ და ხვდები, სად იტყუები. იმიტომ, რომ იმ ვერსიას ის არ იღებს. ამიტომ, აუცილებლად უნდა ჩაწერო მეორე, მერე მესამე ვერსია, სანამ არ მიხვალ იმ სიმართლემდე, როცა ხარ თანხვედრაში შენს პერსონასა და შენს პერსონას შორის.

 

- რა საინტერესოა! გამოდის, პირველ და ბოლო ვერსიას შორის, თვალს და ხელს შუა იზრდებით. 

- ჩემზე ამბობენ, რომ ძალიან შრომისმოყვარე ვარ. არსებობენ ადამიანები, რომლებიც არანაკლებს შრომობენ, მაგრამ მიზანს ვერ აღწევენ. ესე იგი, არაგულწრფელ ინფორმაციას აწვდიან სამყაროს. უნდა გააანალიზო, უნდა ჩაუღრმავდე - ნამდვილად ის გინდა, რასაც აკეთებ? ამისთვის რას თმობ? ყოველთვის შრომისმოყვარე ვიყავი, მაგრამ არასდროს მითქვამს უარი არც მეგობრებთან ურთიერთობაზე, არც გართობაზე, არც სხვა ემოციების მიღებაზე. ახლა რა იდეაზეც ვმუშაობ, ეს არის: სამყარო, ადამიანი, შიდა ინტერიერი, რომელშიც უნდა იცხოვრო. ამ ინტერიერს არასდროს გავაკეთებ ფსიქოლოგიური ტესტის გარეშე. ადამიანი საკუთარ სახლში აუცილებლად უნდა ხედავდეს თავისი სამყაროს ნაწილს. სახლი არ უნდა იყოს „პინტერესტიდან“ ამოღებული დეტალების ნაკრები.

- ტანსაცმელი, როგორც ჩანს, ბოლომდე აღარ აკმაყოფილებს თქვენს ინტერესს. 

- მე აღარ ვმუშაობ იმაზე, რომ ჩემი ვიზუალით თუ ტანსაცმლით რაიმე ტიპის ეფექტი მოვახდინო საზოგადოებაზე. 

- პირადად ჩემთვის ყველაზე მომხიბვლელი  იმაში, რასაც თქვენ აკეთებთ, არის ენთუზიაზმი, რომელიც თქვენს ყველა ნამუშევარში ჩანს. ყველაფერი გაჟღენთილია  ენთუზიაზმით. 

- იმიტომ, რომ მე მინდა, ადამიანმა ისტორია იყიდოს და არა უბრალოდ პიჯაკი, რომელიც ამ სეზონზე მოდაშია. წლებია, ვისმენ: „ავთო, შენს ტანსაცმელს ვერავის ვაჩუქებ; ჩემს გარდერობში საკმაოდ დიდი ნაწილი უჭირავს და არ ვიცი, ამას როგორ ახერხებ, რომ შენს ნივთებს სხვისთვის ვერ ვიმეტებ. ეს ტანსაცმელი მხოლოდ ჩვენი ოჯახის შემდეგ თაობებს  დაელოდება.“ ამაზე ერთი პასუხი მაქვს: თითოეულ მოდელს თავისი ისტორია და ემოცია მოჰყვება. ეს არ არის მარტო სილუეტსა და კომერციაზე აწყობილი ადამიანის შემოქმედება.

- ახლა გამახსენდა, რეჟისორი ვიმ ვენდერსი ამბობდა - როდესაც იოჯი იამამოტოს პიჯაკი და პერანგი პირველად ჩავიცვი, გაოცებული დავრჩი, რადგან ამ ნივთებში მამაჩემიც ვიგრძენი, საკუთარი თავიც, აქ იყო ძველიც, ახალიც და ეს დიზაინერი ნივთებს რა სულს უდგამს, ვერ გამიგიაო. ახლა თქვენ რაც თქვით, დაახლოებით ის აღწერა.

- სულ ასე იყო და არის, ალბათ, თუ ტანსაცმელს არ ქმნის „ფეიკი“ ადამიანი, რომელიც ვიღაცას რაღაცას უმტკიცებს (და არა თავის თავს). რატომ განვითარდა სიყალბე ამ დოზით? სასურველი, ძვირად ღირებული ნივთები კეთდება იაფად და ამაზე ძალიან დიდი მოთხოვნაა, ბევრად მეტი - ვიდრე ორიგინალზე. ესე იგი, ჩვენ ნებაყოფლობით ვიძენთ ტყუილს. ამით გვინდა, გარშემომყოფებს დავუმტკიცოთ, რომ ჩვენც წარმატებული კლასის წარმომადგენლები ვართ. 

- ნაწერი ახსენეთ... თქვენი პრობლემების გადასაწყვეტად ჩანაწერებს ქმნიდით. ეს ჩანაწერები შენახული გაქვთ? 

- არა, აღარ მაქვს. როცა წერ, კონცენტრირდები და ფიქრებში აღარ იფანტები. მაგრამ მერე მივხვდი, რომ წერის დროს მეტი მჭირდებოდა. 

- მეტი ენერგია? 

- არა, მეტი გულწრფელობა,  მეტი სიღრმე. მაინტერესებს, რა ხდება, როცა მთელი პედსაბჭოა ტვინში და დიდი ბრძოლა მიდის.

- ეს მეთოდები სინამდვილეში გეხმარებათ პრობლემების გადაჭრაში? 

- დიახ, მერე ქცევის ახალი წესები მექანიკაში გადადის. მაგალითად, ის, რომ ცხელ გულზე არ უნდა უპასუხო; აფექტის მდგომარეობაში არ უნდა იმოქმედო; საკუთარი ემოციები უნდა მართო. 

- როგორც ვხვდები, ცდილობთ, რომ ხარისხიანი ცხოვრებით იცხოვროთ და ამისთვის ნაბიჯებს სხვადასხვა მიმართულებით დგამთ - საკუთარი თავის მიმართულებით, შვილის მიმართულებით, მეუღლის მიმართულებით. 

- დიახ, ხათუნა და მე ერთად ვიზრდებით. წყვილის ურთიერთობაში აუცილებელია, რომ ერთმანეთს განვითარებაში ხელი არ შეუშალონ. ისიც ცუდია, თუ ერთი ისე ვითარდება, რომ მეორე ვეღარ ეწევა. ამდენი წელია, ერთმანეთს ვავსებთ. 

- მე მომეწონა, როცა თქვით, პირად სივრცეს ვუტოვებთ ერთმანეთსო. ეს წარმატებული ურთიერთობის კიდევ ერთი ფორმულაა, როცა ადამიანები ბედავენ, ერთმანეთს პირადი სივრცე დაუტოვონ. 

- უნდა ვისუნთქოთ. მე თუ მინდა ხატვა და ჩემს მეუღლეს არ უნდა, რომ ვხატო, ეს იმას არ უნდა ნიშნავდეს, რომ აღარ დავხატო. 

- თქვენს მეუღლეს, ხათუნა თოთლაძეს, მაღალი თანამდებობის საჯარო პირის ცხოვრება აქვს (მკითხველისთვის ვიტყვი, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეა). თქვენ გაქვთ თავისუფალი ადამიანის ცხოვრება, რადგან თქვენი რეჟიმი მთლიანად თქვენს თვითდისციპლინაზეა აგებული. ორი ადამიანი და ორი აბსოლუტურად განსხვავებული ცხოვრების სტილი - ხდება თუ არა, რომ გაღიზიანებას იწვევს ეს აცდენები?

- არა, ეგ უფრო საინტერესოა. ხათუნა სულ იცინის იმაზე, რომ არავის სახელი და გვარი არ ვიცი. თუ ხათუნას სახლში სამსახურის განწყობა მოჰყვება, მე უფასო კლოუნი ვხდები. მაქსიმალურად ვცდილობ, განვტვირთო. ან ხათუნა თუ შეამჩნევს, რომ ძალიან დაღლილი ვარ, იმ წუთას მეტყვის: გაგიკეთო, შენ რაც გიყვარს? ყველა ოჯახში ინდივიდუალურად წყვეტენ, რა არის სწორი და რა - არა. ჩემთვის ჰარმონიაა ყველაზე მეტად სასურველი და ბედნიერი ვარ, რომ ხათუნასთვისაც ეს ჰარმონია სრულიად მისაღები აღმოჩნდა. 

 

 

„უფრო საკიდი ვიქნებოდი. რასაც გინდა, იმას დაკიდებ ზედ.“  

 

 

- როგორც მივხვდი, ოჯახში ბევრს საუბრობთ. 

- კი, აბა?! 

- საუბრის დეფიციტი ქართული ოჯახების უმრავლესობის პრობლემაა. თან ბავშვთან ერთად საუბრობთ. 

- როცა ანასტასია რამდენიმე თვის იყო, ხათუნა და მე ერთადერთხელ წავედით მის გარეშე უცხოეთში, რომში, სადაც ჩვენება მქონდა. ისეთ ცუდ დღეში ჩავვარდით ორივე, რომ მაშინ ვთქვით - რა მდგომარეობაც არ უნდა იყოს, ტუსიას გარეშე არსად წავალთ. ასეც მოხდა. ანასტასიასაც აინტერესებს ჩვენთან და ჩვენს სამეგობროსთან ერთად ყოფნა. თუ არ აინტერესებს, ვუშვებთ იქ, სადაც თვითონ უნდა. მაგრამ, ამ შემთხვევაში, ჩვენს გრაფიკს ვცვლით. ორი-სამი დღე დავტოვებთ მეგობრებთან, მერე ჩავაკითხავთ, დავხედავთ. მოლაპარაკება გვაქვს, რომ რომელ საათზეც შევთანხმდებით, იმ დროს სახლში უნდა დაბრუნდეს. ან, თუ უნდა, რომ გვიანობამდე იყოს თავის მეგობრებთან, ეს ბავშვები ჩვენთან სახლში უნდა მოიყვანოს. 

- ერთხელ გკითხეს, რა ტანსაცმელი იქნებოდითო და თქვენ უპასუხეთ, ტანსაცმელი არა, უხეში, მაგრამ სიმპათიური ფეხსაცმელი ვიქნებოდიო. მამაკაცის ფეხსაცმელს უხდება, იყოს უხეში, მაგრამ რას გულისხმობდით, როცა საკუთარი თავი უხეშ ფეხსაცმელს შეადარეთ?

- კი არ მახსოვს, მაშინ ეს რატომ ვთქვი და რას ვფიქრობდი. მაგრამ ახლა უფრო საკიდი ვიქნებოდი. რასაც გინდა, იმას დაკიდებ ზედ.

- საკიდი? მზად ხართ, რომ ეს ტვირთი თქვენს თავზე აიღოთ? 

- დიახ, ეს ტვირთი, დიდი ხანია, აღებული მაქვს. 

- საუბრის ბოლოს, თქვენთან მაქვს თხოვნა, ერთი ამბავი გვიამბოთ თქვენი და თქვენი ძმის ურთიერთობის შესახებ, ან თქვენი ძმის შესახებ. 

- (იცინის) კახა და მე რადიკალურად განსხვავებულები ვართ. კახა ყოველთვის იყო სასურველი ბიჭის ტიპაჟი - მაღალი, ქერა, მწვანე თვალებით. მამაჩემი და მისი მეგობრები ველოსიპედებს ჩუქნიდნენ და იყო ამ ველოსიპედების გადაწყობაში. სულ ათამამებდნენ ყურადღებით და დღემდე ასეთია - მისთვის ყველაფერი უნდა იყოს. ეს ის შემთხვევაა, როცა „უნდა იყოს“ და „არის“ მაინცდამაინც კარგად ვერ ემთხვევა ერთმანეთს. კახას პრობლემა ის არის, რომ ძალიან-ძალიან კეთილია. 

- რატომ არის ეგ პრობლემა? 

- თავისი ხედვით უყურებს ცხოვრებასაც და ადამიანებსაც. 

- და შეცდომები მოსდის?

- არ ვიცი, ეს სწორი ნათქვამია, თუ არასწორი. ზურგიც არის, ძალიან ერთგულიც არის, ძალიან კეთილიც არის და ძალიან ჯიუტიც (იცინის).

- სჭირდება თქვენი მხარში დგომა? 

- კი, ყველანაირად. სკოლა რომ დაამთავრა, მე მომამაგრეს და ერთად გავდიოდით რთული 90-იანების ბოლო პერიოდს. სულ ჩემ გვერდით იყო.

-  რა პროფესიის არის? 

- კონკრეტული პროფესია არ აქვს. ეკონომისტია, მაგრამ ამ განხრით არ უმუშავია. 

- მივხვდი, რომ სიახლოვე გაქვთ. ერთხელ თქვით, ახალი წლის მეკვლეები ანასტასია და ჩემი ძმისშვილი არიანო. 

- დიახ. ანდრია ჩემი ბავშვობის ასლია. 

- ბავშვობის სცენარი მთლიანად ამოტრიალდა, როგორც ჩანს. 

- ჰო, ასე გამოვიდა, რომ მე ვარ ყველას და ყველაფრის იმედი, ზურგიც, მხარიც, დასაყრდენიც. 

 

 

„ზუსტად ვიცი, რომ ადამიანში საწყისი კოდი არ იცვლება.“

 

 

- დიდი მადლობა ამ ნაწილისთვის და, ზოგადად, ინტერვიუსთვის. საუბარს დავასრულებთ თქვენი კომენტარით ცნობილი ადამიანების ორ გამონათქვამზე. პირველი ციტატის ავტორია რუსი რეჟისორი და პედაგოგი კონსტანტინე სტანისლავსკი (1863-1938): „მოდა შექმნილია მათთვის, ვინც ჩაცმა არ იცის.“

- პირიქით ვიტყოდი. მოდა იმ ადამიანებისთვის არის, ვისაც ძალიან უყვარს ეს ხელოვნება. ეს არის ხელოვნება - ატარო, მოდაში რაც არის, ან არ არის, რაღაც მასმარკეტის, რაღაც ბებიის... და ამ სინთეზში შენი ქარიზმა არ დაკარგო. 

- მეორე ციტატა ეკუთვნის გერმანულენოვან მწერალს, ფრანც კაფკას (1883-1924): „ადამიანებთან ურთიერთობა თვითანალიზისკენ გაცდუნებს.“ 

- ადამიანებთან ურთიერთობა გზრდის და გაფიქრებს, როგორი ხარ შენ. მაგრამ არა მხოლოდ ადამიანებთან, არამედ, სამყაროსთან ურთიერთობა. ნებისმიერი გულისწყვეტა, აღფრთოვანება, აღიარება, არაღიარება, ჰარმონია თუ დისკომფორტი მხოლოდ და მხოლოდ გეხმარება, რომ გაიზარდო. გეხმარება, აღმოაჩინო შენი თავი სხვადასხვა მდგომარეობაში. მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ადამიანში საწყისი კოდი არ იცვლება. ჩემი კოდი მკარნახობს, ფართოდ ვუყურო ყველაფერს, რამდენადაც გონებრივი შესაძლებლობა მაძლევს საშუალებას, ჯერჯერობით (იცინის). 

 

ფოტომასალა: ზურაბ ქურციკიძე

გუნდი

ირაკლი გედენიძე

ზურაბ ქურციკიძე

გიო კუსიანი

გიორგი ურუშაძე

თამთა ყუბანეიშვილი

ნანა ყურაშვილი

ინგა ქორიძე