×
„არ მინდა, ნანი ვიყო“

ეკა მამალაძე

მომღერალი


4666

ინტერვიუს შესახებ

ეკა მამალაძესთან ინტერვიუ მაშინ ჩავიფიქრე, როცა მივხვდი, რომ ნანი ბრეგვაძისა და ნატალია ქუთათელაძის ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ეკას ორბიტაზე ტრიალებს. ეკა არის ხერხემალი, რომელიც ამ ოჯახის სხვადასხვა თაობას მტკიცედ აკავშირებს და, სულ მცირე, ყოფითი პრობლემებისგან ათავისუფლებს. 

ოღონდ, ჩემს გამოწვევას იმ კუთხით ვხედავდი, რომ ეკას არ უყვარს პირად ცხოვრებაზე, თავის შინაგან სამყაროზე ლაპარაკი და, ამის გარეშე, პორტრეტული ფორმატის ინტერვიუ განწირულია.  

ჩემი ძლიერი მხარე კი ის იყო, რომ ნატალიას და ქალბატონი ნანის ინტერვიუებს უამრავი მკითხველი სწორედ იმის გამო ჰყავდა, რომ ისინი სიმამაცემდე გულწრფელები იყვნენ. ვინ, თუ არა ეკამ, ეს ძალიან კარგად იცოდა. 

გაიცანით ეკა მამალაძე, რომელიც თავის შინაგან სამყაროს ბოლომდე სულ რამდენიმე ადამიანს ანდობს. თუმცა, ყველაფერი, რაც ეკამ გაგვიზიარა, პირადად ჩემს გულში მას არაჩვეულებრივად მიმზიდველი ადამიანის კუთვნილ ადგილს მიუჩენს. 

ია ანთაძე

- ეკა, როგორ ფიქრობთ, ცხოვრება ბედისწერაა, თუ ადამიანის არჩევანთა ჯამია?

- ზუსტად ვერ ვიტყვი. ძალიან მჯერა ბედისწერის, მაგრამ, როგორც განვლილმა ცხოვრებამ მიჩვენა, საკუთარ თავზეც ბევრია დამოკიდებული. ყოველთვის ჭკუა და დაფიქრება გჭირდება, როგორ მოიქცე. მაგრამ ზოგჯერ რაღაც ისეთი ხდება, რასაც ვერ შეცვლი. ამაზე ბევრი მიფიქრია. ახალგაზრდა ადამიანი რომ ავარიაში ხვდება და იღუპება, სულ ვფიქრობ, ეს ბედისწერა იყო? რა უნდა ექნა, რომ უბედურება აეცილებინა? მეორე მხრივ, წარმოუდგენელ სიტუაციაში გადარჩენილა ვიღაც. ასეთ დროს მჯერა, რომ მისი ბედისწერა არ იყო სიკვდილი. ასე რომ, ვერაფერს დავიჩემებ, ჩემს თავში ძალიან დარწმუნებული არ ვარ. მიყურადება კი მიყვარს - აბა, რა და როგორ ხდება?! მაგრამ თვითდაჯერებულობა ხასიათში ნამდვილად არ მაქვს. 

- ის განცდა თუ გაქვთ, რომ თქვენ ხართ პასუხისმგებელი ყველაფერზე, რაც თქვენს ცხოვრებაში ხდება?

- ასე მტკიცედ ვერ ვიტყვი. უფრო წლებთან ერთად ვაჯამებ ჩემს ცხოვრებას. 60 წლის გავხდი და გზადაგზა ბევრი რამ გადავაფასე. ცხოვრებას მივყვები და არ ვარ დიდ ჭიდილში ჩემს თავთან. ვაანალიზებ, მაგრამ არ ვიბრძვი, უფრო - დროს მივდევ. ცხოვრება თუ შეცდომას დამანახებს, იმას ვასწორებ. ბრაზის მიმართ გამიჩნდა სხვა დამოკიდებულება. გავბრაზდები და მერე ვფიქრობ - რატომ? რა საჭიროა? ადრე უფრო ადვილად ავფეთქდებოდი ხოლმე... გურული ვარ, შეიძლება ახლაც ავფეთქდე, მაგრამ იმ წუთას ჩემივე თავი მეუბნება: მოიცადე, დაწყნარდი, მოვითმინოთ. ეს მამშვიდებს. ოღონდ, დასაწყნარებლად კი მჭირდება ერთი დღე, შეიძლება, ორი. 

- კითხვა მაინც უფრო პასუხისმგებლობაზე იყო. 

- ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას ყველაფერზე, რაც ჩემს ცხოვრებაში ხდება. არ ვარ ასეთი. 

- ქალბატონი ნანი ამბობდა, როლები გავცვალეთ და ახლა ეკაა ჩემი დედაო. ვკითხე, მკაცრი დედის შვილობა უფრო კომფორტული იყო თქვენთვის, თუ რბილი ეკას შვილობა-მეთქი და მცირე ყოყმანის შემდეგ მიპასუხა: „რასაკვირველია, რბილი და ლმობიერი დედა უფრო კომფორტულია. მან დამანახა ჩემი სიძლიერე, კომპლექსები მომიხსნა.“ ამ სიტყვებმა თუ გაგაკვირვათ, რომ, თურმე, ქალბატონ ნანის თქვენ მოუხსენით კომპლექსები, რომლებიც დედამ გაუჩინა?

- პირველად გავიგე, რომ მე დავაძლევინე ნანის კომპლექსები. აბსოლუტურად ბუნებრივად მოხდა ბებიაჩემის ჩანაცვლება ჩემით. ის სხვა თაობა იყო და მე - სხვა თაობა ვარ, მაგრამ ბევრი რამ მასწავლა და მომწონს, რაც მისგან ვისწავლე. სიმკაცრე არ მომწონს, რა თქმა უნდა, გამორიცხულია ჩემი სიმკაცრე. მაგრამ მომწონს ტრადიციულობა, სტუმრის მიღება, გამასპინძლება... მან რომ თავისი სიმკაცრით შვილს გარკვეული კომპლექსები გაუჩინა, ამას ვერ ვხვდებოდი. მხოლოდ ის ვიცი, რომ  ნანი ჩემდამი მკაცრი არასდროს ყოფილა. როცა 17 წლის ასაკში ვთქვი, რომ უნდა გავთხოვდე, დედაჩემი ჩემს ცხოვრებაში არ ჩარეულა და ბებიასაც უთხრა: „დაანებე ეკას თავი, თავისი ცხოვრება აქვს და ვნახოთ...“ 

- ზუსტად მაგას გულისხმობდა ქალბატონი ნანი: ეკას გამო ჩემი შიშები დავძლიე და დედაჩემს ვუთხარი, რომ მისთვის თავი დაენებებინაო. ნატალიაც ამბობდა, დედაჩემზე შეჩერდა ოჯახის მკაცრი ხაზი და ამიტომ ეკა სხვანაირიაო. 

- სამაგიეროდ, არასოდეს მექნება ის პრეტენზიები, რაც შეიძლება რომელიმე შვილს ჰქონდეს დედასთან: შენ ეს რომ მითხარი და ამის გამო მე რომ ეს არ გავაკეთე... სრული თავისუფლება მქონდა. თავიდანვე ჩემს თავთან და ჩემს შეცდომებთან პირისპირ დამტოვეს. 

- გათხოვების პერიოდიდან, თქვენ სულ გინდოდათ, რომ გოგონა გყოლოდათ. მაგრამ ორი ბიჭი შეგეძინათ. როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, „გოგო მინდოდა და ბიჭი გამიჩნდა“, ან „ბიჭი მინდოდა და გოგო გამიჩნდა“ - დიდი ტრავმაა ბავშვისთვის. მას მთელი ცხოვრება მიჰყვება განცდა, რომ დედის გული ვერ მოიგო, რომ არ არის საკმარისად კარგი დედისთვის. თუ უშვებთ, რომ ამ შინაგანმა განწყობამ, რომელსაც, თურმე, ბავშვი გრძნობს, ერთგვარად დაგაშორათ თქვენი უფროსი შვილებისგან?

- არა, აბსოლუტურად. ამას ვერ გეტყვით. ბებიაჩემს ფსიქოლოგია არ უსწავლია, მაგრამ როცა ნატალია გაჩნდა, სულ მაფრთხილებდა, რომ უფროსებს სითბო არ მოჰკლებოდათ. მე რომ ფეხმძიმედ ვიყავი, ბიჭებს ეუბნებოდა - ახლა გოგო გვეყოლება და რა კარგია, თქვენ, ორი ვაჟკაცი, მასზე რომ იზრუნებთო. ყველანაირად ვცდილობდით და ყურადღება არ მოგვიდუნებია. 

-  საუბარია იმ პერიოდზე, სანამ ნატალია გაჩნდებოდა. 

- ეს განცდა, რომ გოგო მინდოდა, ჩემში ნამდვილად იყო, მაგრამ ამას ბიჭებს როგორ ვაგრძნობინებდი? 

- ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ამას ბავშვები თვითონ გრძნობენ და დედისგან უცხოვდებიან. კითხვა იყო იმის შესახებ, გაუცხოების რაიმე კვალს თუ ხედავთ თქვენი და თქვენი ბიჭების ურთიერთობაში. 

- არა, არანაირად. მეორედ რომ გავთხოვდი, ბიჭები ძალიან მხარს მიჭერდნენ. უნდოდათ, რომ მამა ჰყოლოდათ. გრძნობდნენ უკაცობას. ჩემმა მეუღლემ რაღაც პერიოდში ჩემს შვილებს დიდი მხარდაჭერა აგრძნობინა. მაგრამ, სინამდვილეში, არ ვიცით, რამდენი რამ შეიძლება ეწყინოს ადამიანს. ბევრი რამ ისე ითქმება, რომ შენ ვერ ხვდები, თურმე, ბავშვებს რა განცდები აქვთ. 

- ეჭვი არ მეპარება, რომ ის, რაც ცნობიერ დონეზე ხდებოდა, შეცდომისგან მეტ-ნაკლებად დაზღვეული გქონდათ.  

- არავინ იცის. ხანდახან გგონია, რომ სწორად აკეთებ რაღაცას და, თურმე, არა... ხასიათში მაქვს, რომ სულ ვყოყმანობ - ასე ხომ არ ჯობდა? ისე რომ გამეკეთებინა, უკეთესი ხომ არ იქნებოდა? არ ვარ დარწმუნებული, რომ ყოველთვის სწორად ვიქცეოდი. ეჭვები კარგიც მგონია ადამიანისთვის, მეტად დაგაფიქრებს. 

 

 

„ჩემთვის მსახიობისა და მომღერლის პროფესიონალიზმი არის ბევრი შეხვედრა მაყურებელთან.“

 

 

- ერთხელ თქვით: „რაზეც ვოცნებობდი, ცხოვრებისგან არ მიმიღია.“ ის, რაზეც ოცნებობდით და არ მიგიღიათ, პირად ცხოვრებას ეხებოდა, თუ  - კარიერას? 

-  არ მახსოვს, ეს როდის და რატომ ვთქვი, მაგრამ  უფრო, ალბათ, კარიერას ეხებოდა. მეორე მხრივ, ვერც იმას ვიტყვი, რომ კარიერაზე დიდ აქცენტს ვაკეთებდი. მოშვებული ვიყავი, ლაღად ვცხოვრობდი, ბავშვები და ქმარი მყავდა. ხანდახან სადღაც სცენაზე გამოვიდოდი და, ამ მხრივ, განებივრებული ვიყავი, დედაჩემის გამო. ხომ არის, ადამიანი ოცნებობს, რომ სცენაზე იდგეს. მე ასეთი ოცნებები არ მქონია. სცენაც, პოპულარობაც - ხელის ერთ გაწვდენაზე იყო. 

- მაგრამ საკუთარი თავის უკმაყოფილო სწორედ პროფესიული კუთხით ხართ. ამბობთ, ზარმაცი ვიყავი, შემეძლო, მეტი მემუშავა და მეტისთვის მიმეღწიაო. სინამდვილეში, თვისებრივად სხვა რა წარმატებისთვის შეიძლებოდა მიგეღწიათ იმ მოცემულობაში, რომ ნანი ბრეგვაძის შვილი ხართ (რაც ტვირთია) და თქვენი კარიერა სრულიად არასტაბილურ დროში შედგა (ქალბატონი ნანის კარიერისგან განსხვავებით)?

- იმისთვის, რომ მომღერალი პროფესიულად დაიხვეწოს, ბევრი მუშაობა სჭირდება. ჩვენი მუშაობა რა არის? გამოხვიდე, იმღერო, სხვა ქვეყნებში გამართო კონცერტები... ეს მე ვერ მოვახერხე, რადგან ოჯახი მყავდა. ხანდახან გამოჩენის პირობებში, კიდევ ბედნიერი უნდა ვიყო, რომ ვიღაცას მოვეწონე, შევუყვარდი, რაღაცად მთვლის. ჩემს პროფესიაში ბევრი უნდა იმუშაო საკონცერტო შესრულების მხრივ. დღეს ინტერნეტმა ყველაფერი შეცვალა: ერთი სიმღერით შეიძლება, ძალიან პოპულარული გახდე. მაგრამ ამას დიდ მნიშვნელობას მაინც არ ვანიჭებ. პროფესიული დამკვიდრებისთვის, იმისთვის, რომ მყარად იდგე, ინტერნეტი არ კმარა. ჩემთვის მსახიობისა და მომღერლის პროფესიონალიზმი არის ბევრი შეხვედრა მაყურებელთან. ნანიმ წლების განმავლობაში იშრომა, სცენაზე ბევრი იარა, დაიხვეწა... ნიჭი და შრომა ერთად უნდა იყოს. ნიჭით ცოტა ხანს გახვალ, მაგრამ მერე ან გაიყინები, ან გაფუჭდები, თუ შრომა არ მიაშველე. 

- ფიქრობთ, რომ თქვენს თავს შრომა მოაკელით?

- მოვაკელი იმიტომ, რომ, პროფესიულად საკმარისად არ გავიზარდე. 

- გქონდათ შანსი ამ გარემოში? 

- შანსი როგორ არ მქონდა, მაგრამ ბავშვები უნდა დამეტოვებინა და არ მიღირდა. დედაჩემი რამდენადაც რბილია ურთიერთობაში, იმდენად დაუნდობელია შემოქმედებაში - ჩემ მიმართაც და ნატალიას მიმართაც. სხვებთან ლმობიერია. არ უღირს, რომ გამოვიდეს და სხვისი შესრულება შეაფასოს. მგონია, რომ ძალიან სწორად იქცევა. მისმა თავშეკავებულობამ გამოიწვია, რომ ხალხს ძალიან უყვარს. ისედაც, მომღერალმა კოლეგა რატომ უნდა აკრიტიკოს? პროფესიონალმა კრიტიკოსებმა უნდა შეაფასონ ესა თუ ის შესრულება და ყველას თავისი ადგილი მიუჩინონ. მაგრამ, სად არიან პროფესიონალი კრიტიკოსები? სინამდვილეში, სხვა თუ არა, დრო მიუჩენს ყველას თავის ადგილს. ყველანი გაშიფრულები ვართ: ვინ როდის სად შევჩერდით, ან ვინ როგორ გავიზარდეთ. მაგრამ, კრიტიკა რომ იყოს, ადამიანები მეტ პასუხისმგებლობას გამოიჩენდნენ. 

- დღესაც თქვით და სხვა დროსაც გითქვამთ, ნანი დაუნდობელია ჩვენ მიმართო. შეგიძლიათ, აგვიხსნათ, ეს რაში გამოიხატება?

-  რაში გამოიხატება და, ვთქვათ, რაღაც ვიმღერე. ობიექტურად გამირჩევს, რა ვქენი და ზუსტად იმას წამოწევს, რაც შეიძლება, მე „გავატარო“. არ გაგატარებინებს. კონკრეტულ ხარვეზს ვგულისხმობ, რა თქმა უნდა. რაკი ნატალიამ ძალიან კარგი პროფესიული განათლება მიიღო, შეიძლება, მას ხშირად არ ჩაერიოს. მაგრამ თუ რამეს შეამჩნევს, მაინც ეტყვის. ჩემ მიმართ კი ყოველთვის პირდაპირი იყო და არასდროს მწყინდა. თავის დროზე, ჯანო კახიძის კონცერტების რეპეტიციებს რომ გავდიოდით, ნანი აუცილებლად რაღაც შენიშვნას მომცემდა. ჯანოს ძალიან ვუყვარდი -  მეუბნებოდა, ჩემთვის ფლეიტა ხარო.

 
იმდენად სუფთა და სწორი ბგერები მქონდა, რომ მას მოსწონდა ასეთი ჩემი შესრულება. ნანის უფრო სიღრმე უნდოდა, მაგალითად. და ჯანო ეუბნებოდა, კარგი, გოგო, დაანებე ამას თავი, არ უნდა ასე. გამომხედავდა: ნუ უგდებ დედაშენს ყურს.

როცა ჯანოსთან ვმღეროდი, მე მისი დიდი ამბის კარგი ფონი ვიყავი და ამის სულ არ მრცხვენია. მაშინ გოგი დოლიძესთან ერთად ვმღეროდი. როგორ შედგა ჩვენი დუეტი, ეს ხომ აუხსნელია. გოგი ჩემს ყველა გადასარევ კოლეგასთან მღეროდა, მაგრამ ჩვენი ორი ხმა სხვანაირად მიიღო და შეიყვარა მსმენელმა. მე არ ვსოლისტობდი. იმ დროს ზუსტად ის ეკა ვიყავი, რომელიც კარგად ვგრძნობდი თავს დუეტში, ასევე, კინოგახმოვანებაში. მთელი რიგი ფილმები, რომლებიც ჯანომ მუსიკალურად გააფორმა, ჩემი გახმოვანებულია. კახიძეები ჩვენს ზემოთ სართულზე ცხოვრობდნენ. ჩამოივლიდა ჯანო, ზარს დარეკავდა და მკითხავდა - ეკა, გცალია? წამოდი! მე კარგი  სმენა მაქვს, ახალ სიმღერებს მალე ვსწავლობდი და ეს მოსწონდა. რომ მივდიოდით, არც ვიცოდი, რა უნდა მემღერა. 

- როდესაც სახლში ემზადებით კონცერტისთვის, მაშინ რა ხდება? ქალბატონი ნანი გისმენთ, როდესაც რეპეტიციას გადიხართ? ან თქვენ უსმენთ ქალბატონ ნანის? 

- რომ მისმენდა, მე ნერვები მეშლებოდა. იმდენად ვკომპლექსდებოდი მისი შესწორებებით, რომ ვფიქრობდი, საერთოდ ვეღარ ვიმღერებდი. ნანის თავის ცხოვრებაში არ უმეცადინია სახლში, დიდად არც მე მიმეცადინია. ჩემი პირველი პროექტი ის იყო, როცა კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში ჩავატარე კონცერტი, ლია ხუგაშვილთან ერთად. ჩუბინიშვილის რომანსები შევასრულე. მარინა ბერიძემ მომცა იდეა, რომ გიორგი ჩუბინიშვილის რომანსების ციკლი მომემზადებინა. 

- მე განსაკუთრებულად მიყვარს „სევდა“ ამ ციკლიდან. 

- მეც ძალიან მიყვარს. ნატალია 7 თუ 8 წლის იყო, როცა ჩემი პირველი კონცერტი გავმართე და საკუთარი რეპერტუარი შევასრულე. უკვე სოლისტი ვიყავი. ადრე ყველაფერი ძალიან ადვილად გამომდიოდა, მაგრამ რასაც აქამდე ვაკეთებდი, არ იყო სერიოზული. ვმღეროდი, ვჩანდი, გოგი დოლიძესთან დუეტი მქონდა, მაცაცოს სიმღერებით. პოპულარულიც ვიყავი. მაგრამ ჩუბინიშვილის რომანსების ციკლი ჩემი პირველი სერიოზული ნამუშევარი იყო. თქვენ რომ „სევდა“ ახსენეთ, მაგალითად, ეგ რომანსი არავის ახსოვდა. შეიძლება, სულ სხვანაირიც იყო. ლია ხუგაშვილმა რომ მთელი რიგი რომანსები გაშიფრა, ისინი ძალიან პრიმიტიულად იყო ჩაწერილი. ზოგ სიმღერას დამთავრება აკლდა, ზოგს განვითარება სჭირდებოდა. ქალბატონმა ლიამ იმდენი იმუშავა და ისე განავითარა ეს სიმღერები, ისეთი გემოვნება ჩადო ამ საქმეში... მეც სერიოზულად მოვეკიდე ჩემს კონცერტს, ჩემს რეპერტუარს. დღემდე ბედნიერი ვარ იმით, რაც მაშინ შევძელით. ძალიან ძნელია, რომ თავი დაიმკვიდრო, შენი პატარა ადგილი მოინიშნო საშემსრულებლო ხელოვნებაში. ეს ნიშნავს, რომ როცა სიმღერას მოისმენენ, იციან, რომ შენია. ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი სირთულე ნანისთან დაკავშირებით. შემეძლო, ნანის სიმღერები გადმომეღო და მემღერა. მაგრამ, არ დაიჯეროთ! პირველი შემსრულებლის ხმა აქვს ყველას ყურში. ბევრს გადაუღია ნანის სიმღერები. უთქვამთ: „მარტო ნანიმ უნდა იმღეროს ლაღიძე?!“ არავითარ შემთხვევაში! მაგრამ პირველი შესრულება თუ ზის ყურში და თუ მართლა მიიღო მსმენელმა, რაც არ უნდა ვინმემ იმღეროს, მაგალითად, „მთაწმინდა“, - ის მაინც ნანისია. იმიტომ, რომ იდეალურად მღერის. ბოდიშს ვიხდი, ამას რომ ვამბობ, მაგრამ, ალბათ, მაქვს უფლება, ასე ვთქვა. ნებისმიერი შვილი, ჩემს მდგომარეობაში, სულ ცდილობს, რომ რაღაც თავისი გააკეთოს. გიორგი ჩუბინიშვილთან დაკავშირებით მართლა გამიმართლა. ყველაფერი მოვირგე და მომეწონა კონსერვატორიაში გამართულ კონცერტზე. კამერული სივრცე და რომანსი - ეს ნამდვილად ჩემია. როდესაც ქალბატონ ლიასთან ერთად ვმუშაობდი, არ მინდოდა, რომ იმ პერიოდში ნანის მოესმინა. რაღაცას მეტყოდა, ამაბნევდა. როდესაც რეპერტუარი მოვამზადე, რა თქმა უნდა, მერე ვაჩვენე დედაჩემს. ნანიმ შენიშვნები მომცა და იქ უკვე ვეკამათე. მეუბნება: „ეს ფრაზა ასე თქვი.“ მე ვპასუხობ: „რატომ? აბა, დამიმტკიცე! რატომ ვთქვა ეს ფრაზა ასე, როდესაც მე ვიქნები შენ.“ ნატალიას, მე და ნანის ბუნებრივად გვაკავშირებს ერთი ჯაჭვი. მაგრამ აქ გავჯიქდი და ნანის ვუთხარი, რომ ჩემებურად ვიმღერებდი. მერე მომეწონა ჩემი პოზიცია. 

 

 

„წლების არ მეშინია.“

 

 

- ეს კონცერტი ამითაც საეტაპო გახდა თქვენთვის, რომ საკუთარ თავს უფრო ენდეთ? 

- ნანის არასოდეს აუღია ვოკალის გაკვეთილები. თვითონ იზრდებოდა. მეუბნებოდა, შენ გგონია, თავიდან ასე დავდიოდი სცენაზეო? სამ ნაბიჯში უკვე სცენის შუაში ვიდექიო. მაგრამ, ყველაფერთან ერთად, იმის ნიჭიც ჰქონდა, რომ სხვისთვის შეეხედა და ესწავლა. რაც წლები გადის, მეც პროფესიულად გავიზარდე. ის ეკა აღარ ვარ, როცა სუფთა და წკრიალა ხმა მქონდა, მაგრამ მას სიღრმე და სილამაზე აკლდა. საოცრებაა, როცა გაქვს ნიჭიც, ხმაც, შრომისმოყვარეობაც, დაკვირვების უნარიც. მთელი ეს თაიგული ჰქონდა ნანის. მე არ მქონდა, მაგრამ მგონია, რომ ჩემი პატარა მცდელობებით კარგად მივდივარ. წლების არ მეშინია. ესეც ნანისგან გადამედო, სულ მეუბნებოდა: „ნუ იჩქარებ, დედა!“ მაგრამ ახლა დრო სწრაფად გარბის. ნატალიას რომ ვუთხარით, რად გინდა ვოკალი, ჯერ ჩვენნაირად, საფორტეპიანო განხრით აიღე დიპლომიო, გვითხრა, რატომ გავაცდინო დრო, რას ველოდო, თუკი სიმღერა მინდაო; ასე ხომ სხვა გადამასწრებსო. სწორად მოიქცა და სწრაფად წავიდა წინ. 

- ედიტ პიაფი ამბობდა, ყველასთვის კი არ ვმღერი, არამედ, თითოეულისთვისო. ფრთიანი ფრაზაა, თუ რეალობაა?

- რა თქმა უნდა, ძალიან კარგი ნათქვამია. ოღონდ, პირველ რიგში, შენ უნდა იგრძნო და მერე გადასცემ სხვას, თითოეულს. მე უნდა განვიცადო, რომ შენ მიხვდე. თუ პირდაპირ შენ გიმღერებ, არაფერი გამოვა. 

- თქვენ თუ იცით, როდის გადადის თქვენგან მუხტი, ემოცია მსმენელზე და როდის შეიძლება, რომ არ გადავიდეს? 

- ყოველთვის ერთნაირად არ გამოდის. ესეც საინტერესოა... მაგრამ თუ გაქვს საკმარისი ოსტატობა, რასაც გინდა, იმას აკეთებ. შეიძლება, ძველებური ხმა აღარც გქონდეს. ნანი ამბობს, მე ახლა უფრო ვგრძნობ, რასაც ვმღერიო. მართლაც, ისეთ სიღრმეს სწვდება, რომ შეუძლებელია, შენამდე არ მოვიდეს. 

- თქვენ ამბობდით, ისეთი ცხოვრება გავიარე, ბევრი ადამიანური დანაკარგი მქონდაო. როცა ამას ამბობდით, გოგი დოლიძესაც გულისხმობდით? თქვენთვის რა იყო მისი გარდაცვალება? 

-  ეს დანაკარგი ნამდვილი შოკი იყო, აბსოლუტურად მოულოდნელი. ახალგაზრდა, ჯანმრთელ ადამიანს რა უნდა დამართოდა?! გოგი წავიდა და მე დავრჩი ფრთამოტეხილი. პირად ცხოვრებაშიც მარტო ვიყავი, ჩემი ქმარი გარდაცვლილი იყო. პროფესიული კუთხითაც მარტო დავრჩი. მაგრამ ასეთი ხასიათი მაქვს: უკან აღარ ვიყურები. საშინელება მოხდა, მაგრამ ვიცი, რომ წინ უნდა წავიდე. თავიდან დავიწყე, მაგრამ არ გავმეორდი. გოგის ჩამნაცვლებლის ძებნა არ მიცდია და ამით მოვიგე. თქვენ რა გგონიათ, თბილისში არავინ იყო, რომ ჩემთან ერთად ემღერა? 

- შემოთავაზებები გქონდათ? 

- არა, თავი არავის მოუკლავს შემოთავაზებით. მაგრამ შემეძლო, მე მომეძებნა და იქით შემეთავაზებინა. უარი ვთქვი ამაზე, იმის მიუხედავად, რომ შეიძლებოდა, მაცაცოს სიმღერები დაკარგულიყო. მერე ნანიმ მითხრა, ადექი და მარტომ იმღერეო. და იმ მარტოობაში, მივხვდი, რომ სხვანაირი ეკა გავხდი. მაცაცოს ორი-სამი სიმღერა ისეთია, რომ შეუძლებელია, მარტომ იმღერო. ის სიმღერები არც მიმღერია. მაგრამ 3-4 ძალიან ძლიერი სიმღერა იყო, რომლებიც შევძელი და მარტომ ვიმღერე. ისევ ლია ხუგაშვილმა მიშველა. ძალიან სიმპათიური დისკი გამოვეცით. 

- შეიძლება ითქვას, რომ დიდი დანაკლისის შემდეგ, პირიქით, გაძლიერდით?

- დიახ, ნამდვილად. წარსულში არ ჩავრჩი და არ ვცადე ისევ ძველის გამეორება. ამ გამეორებაზე, ყველა შემთხვევაში, ცოტა ისტერიკა მაქვს. ნანის არ ვგავდე, ნანის სიმღერები არ გავიმეორო... შევამჩნიე, მე რომ ნანის სიმღერებს არ ვმღეროდი, ვიღაცას ეგონა, რომ, უბრალოდ, ვერ ვიმღერებდი. მე კიდევ სპეციალურად არ ვეკარებოდი.

 
ნანის სიმღერებს ვიღაცები ძალიან მღეროდნენ და ეგონათ, რომ ისინი არიან, კი ბატონო, შემსრულებლები. და ნანიმ ერთხელ მითხრა: ადექი, დედიკო, და იმღერე, აგერ მაქვს მთელი ეს ჩემი რეპერტუარი... და მომცა მან. ესე იგი, ეს რა იყო? მიხვდა ნანი, რომ მე - იმიტომ კი არა, რომ უფლება მაქვს, ან არ მაქვს - უკვე მე მქონდა... იმ საფეხურიდან გადავედი კიდევ რაღაცაში, რომ მე შევძლებდი სიმღერას.

ზუსტად ნანისნაირი შემიძლია ვიყო - ხმაც მაქვს, დაღვინებულიც ვარ. მაგრამ არ მინდა, ნანი ვიყო. სულ მეტს ვითხოვ ჩემი თავისგან. 

- რა თქმა უნდა, გძაბავთ ქალბატონი ნანის ფაქტორი. 

- მძაბავს, მაგრამ უკვე თვითონაც მიხვდა და მეც მივხვდი, რომ გავიზარდე. არაფრისაც არ მრცხვენია, რაც პროფესიონალიზმს ეხება. წავედი ნატალიას ვოკალის მასწავლებელთან, დოდო დიასამიძესთან. მანაც რჩევები მომცა. აბა რა?! სულ უნდა ისწავლო. 

- თუ იცით, რა არის თქვენი აქილევსის ქუსლი, ყველაზე სუსტი წერტილი და რამდენად დაცული გაქვთ ეს წერტილი? 

- (პაუზა) ვიცი, რომ ეს არის ჩემი სიზარმაცე, საქმის ბოლომდე არმიყოლა. დავიწყებ ენერგიულად და მერე მივატოვებ.

- რას, მაგალითად?  

- მინდა, რომ ძალიან კარგად ვიცოდე ინგლისური, მაგრამ ბოლომდე ვერ მივიყვანე ენის შესწავლა. პროფესიული საქმეც ხშირად არ დამისრულებია, თორემ, უკეთესად წავიყვანდი ჩემს კარიერულ ცხოვრებას. მაგრამ არავინ იცის, ეკა როგორია, როცა გაუჭირდება. შემიძლია, ძალიან ძლიერიც ვიყო. და ვარ კიდეც. იმ ცხოვრებამ, რომელშიც პატარა, სუსტი ვიყავი და ბევრი რამ გადავიტანე, ნამდვილად გამამაგრა. ახლა აქ ვარ და არაფრის მეშინია. რა უნდა დამემართოს, რომ თავი ვერ გავართვა? თავზე მადგანან ჩემი ბიჭები და ეს დიდი ძალაა. რაიმე ისეთი სისუსტე, რომელსაც ჩემგან განსაკუთრებული დაცვა სჭირდება, მგონი, არ მაქვს. 

- აშკარად ჩანს თქვენი ხასიათის ორი საპირისპირო წახნაგი. ბევრჯერ გითქვამთ, მარტოობა მშველის, ჩემთვის დიდი კომფორტიაო. ნატალიაც ამბობს, ეკა თითქმის არ ლაპარაკობსო. მეორე მხრივ, ყველა აღიარებს, რომ თქვენ ხართ ოჯახის ძრავი, ყველაზე ქმედითი და ყოჩაღი, ყველა პრობლემის მომგვარებელი. რა არის თქვენთვის უფრო ბუნებრივი: მარტოობა და ფიქრი, თუ ქმედება?  

- ორივე ჩემს ხასიათშია. მაგრამ თავს უფრო კომფორტულად ვგრძნობ, როდესაც ვმოქმედებ. სულ მარტოობა რომ მინდოდეს, მაშინ ცუდად იქნებოდა ჩემი საქმე. 

 

 

„მოკლე ვადაში ცილისწამება უფრო ძლიერი იარაღი ჩანს, მაგრამ, საბოლოოდ, ჭეშმარიტება ბევრად ძლიერია.“ 

 

 

-  მგონი, ვიცი თქვენი პასუხი, მაგრამ მაინც მინდა, გკითხოთ: ცილისწამება უფრო ძლიერი იარაღია, თუ ჭეშმარიტება?

- ჭეშმარიტება, რა თქმა უნდა. 

- ძალიან სწრაფად მიპასუხეთ, ამიტომ, კითხვას დავაზუსტებ. როცა „იარაღზე“ ვლაპარაკობთ, ესე იგი, ადამიანებზე ზემოქმედების ძალას ვგულისხმობთ. ჭეშმარიტება უფრო მეტად ზემოქმედებს ადამიანებზე, თუ ცილისწამება? 

- ცილისწამება ძალიან სწრაფად მოქმედი იარაღია. მის წინააღმდეგ მე სხვა იარაღი მაქვს - მოთმინება. ცილისწამება ყოველთვის მომითმენია, ამიტანია. არასდროს საჯაროდ არ დამიწყია უარყოფა და თავის მართლება. შემიძლია, ისევ სიბრაზეზე ავხსნა. რაღაც რომ მეწყინება, მერე ჩემს თავზე  გადმომაქვს, ვითომ, მე გავაკეთე ის საწყენი რამ. ვცდილობ, იმ ადამიანის ადგილზე საკუთარი თავი წარმოვიდგინო და მაშინვე მოდის აზრები - იქნებ, ასე კი არა, ისე იყო? ჩვენს ოჯახში მიღებულია, რომ სხვის ადგილზე წარმოიდგინო თავი და ეს გადაგარჩენს, რომ არ გაბოროტდე, რომ ბოღმა არ დაგრჩეს გულში. ნანის ბევრჯერ უთქვამს, გაბრაზდი, მე მითხარი, მაგრამ იქით ნუ გაიტან ამ სიბრაზესო. ამას ბევრჯერ უშველია. ნატალია უფრო ხისტია. მას სხვა თეორია აქვს: თუ ვინმე მაწყენინებს, უნდა ვუპასუხო კიდეც და თავიც უნდა დავიცვაო. ჩემი ცხოვრება კი ისე მიდის, რომ არავისთან „ჯიკაობა“ არ დამიწყია. შეიძლება, ამით წავაგე, მაგრამ იმან იფიქროს. კი ბატონო, იყოს გამარჯვებული! დრო ყველაფერს თავის ადგილზე აყენებს. მოკლე ვადაში ცილისწამება უფრო ძლიერი იარაღი ჩანს, მაგრამ, საბოლოოდ, ჭეშმარიტება ბევრად ძლიერია.

- ერთხელ გკითხეს, თუ არის თემა, რომელზე საუბარიც უხერხულობას გიქმნისო. თქვენ უპასუხეთ, როგორ არა, მაგის მეტი რა არისო. ეს უხერხულობა მაშინ ხომ არ იქმნება, როდესაც საკუთარ საქციელს არ ამართლებთ?

- შეიძლება. მაგრამ მე ღიაობას ვერ ვიტან. თვითონ ეს სიტყვაც საშინლად არ მიყვარს. პირადი - შენია. ხომ შეიძლება, არ მინდოდეს ამაზე საჯაროდ ლაპარაკი? თვითონ არასდროს ვიტყვი ჩემს პირადს. ეს უფრო მომწონს, ვიდრე მეტისმეტი გახსნა და საჯაროდ გატანა. ჩემი რაც არის, დაფარული, თუნდაც, რაც არ მომწონს, რატომ უნდა ვთქვა? ვისთან უნდა ვიყო ასეთი გულახდილი? 

- რაშიც მიგაჩნიათ, რომ სწორი იყავით, იმაზე ლაპარაკიც არ გიყვართ, ამბობთ, დრომ გამოაჩინოსო და რასთან დაკავშირებითაც ხინჯი გაქვთ გულში, მით უმეტეს არ იტყვით. ასეა? 

- დიახ, ზუსტად ასეა. მირჩევნია, ასე იყოს. 

- ოდესმე თუ გქონიათ განცდა, რომ საკუთარ თავში შეცდით? 

- ასეთი შეცდომები უფრო პოზიტიური კუთხით მაქვს - როცა მეგონა, რომ რაღაცას ვერ შევძლებდი და მერე აღმოჩნდა, რომ, თურმე, შემძლებია. ისევ ჩემი ხასიათი მშველის. თუ რაღაც მინდოდა და ვერ შევძელი, არც მახსოვს. შეიძლება, ძალიან ზედაპირული ადამიანი გამოვჩნდე, მაგრამ სიმართლეს ვამბობ.

-  ორი კვირის წინ სტუმრად გვყავდა ფსიქოლოგი მარინე კაჭარავა ადამიანის შესანიშნავი მცოდნე, რომელმაც თქვა: „აქ და ამჟამად ცხოვრება ჯანმრთელი ფსიქიკის ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი კოორდინატთა სისტემაა.“ ამ კრიტერიუმით, თქვენ სანიმუშოდ ჯანმრთელი ფსიქიკა გაქვთ. 

- ძალიან მიხარია. 40 წლის რომ გავხდი, მაშინ დავფიქრდი. მაშინ მქონდა გადაფასების პერიოდი - ვინ ვარ, რა გავაკეთე... ნატალია 10 წლის მყავდა. შინაგანად ცოტა არეულ-დარეული ვიყავი. 50 წლის ასაკშიც ძალა მომემატა, შიშები გამიქრა. 60 წლის ასაკში საერთოდ სხვანაირი გავხდი. სულ ცოტა რამეც მიხარია. დავაფასე ყოველდღიურობა. როგორ შეიძლება, რამეზე ვიწუწუნო? მთავარია, ჯანმრთელად ვიყოთ. მადლიერი ვარ იმის გამო, ვინც ვარ და როგორიც ვარ. ძალიან ვინდობ ჩემს თავს და უკიდურესობებს ვერიდები.

- აღმოჩნდა, რომ ეს არის ჯანსაღი ფსიქიკის ფორმულა. 

- ნანის რომ ზოგჯერ შეეშინდება მომავლის, გულწრფელად ვამშვიდებ. იცით, რა ტორტებს ვაცხობ? თუნდაც, ამის გამო და ბევრი სხვა რამის გამო, მომავლის შიში არ მაქვს. დიდი გაჭირვების დროს ბებიაჩემი კერავდა და თავში სულ ამას მიდებდა: „ნუ გეშინია, დედა, თუ ჯანმრთელად ვიქნები, შევკერავ აგერ და საჭმელს არ მოგაკლებ.“ არ მახსოვს, ბებიაჩემს ეთქვა, დაბადების დღეს ვერ გადაგიხდი იმიტომ, რომ ფული არ გვაქვსო. შეიძლება, ესესხა, მაგრამ ყოველთვის ზეიმს გვიწყობდა დედაჩემსაც და მეც. მუსიკალურ ათწლედში რომ ვსწავლობდი, პარასკევ დღეს კარგი მოსწავლეები შიდა კონცერტზე უკრავდნენ. მე არ ვუკრავდი, მაგრამ ბებიაჩემი ხაჭაპურს აცხობდა და იმ ბავშვებს ეპატიჟებოდა, რომლებიც უკრავდნენ. არასოდეს ჩემთვის არ წამოუძახებიათ ოჯახში, რომ იმ კონცერტებზე ვერ გავდიოდი. ვინც უკრავდა, იმათ სახლში არ აღნიშნავდნენ ამ ამბავს, ბებიაჩემი კი აღნიშნავდა ჩვენთან. „მათ ხომ კარგად დაუკრეს, მოდი, ახლა ჩვენ ვცეთ პატივი!“ - ამას მეუბნებოდა თავისი იმერული აზროვნებით. მე იმათზე ცუდად ვუკრავდი, მაგრამ არ უკადრებია ბებიას, რომ ეთქვა - შენ არ ვარგიხარო. მისმა სიკეთემ დიდი გავლენა მოახდინა მთელ ჩვენს ოჯახზე. 

- თქვენ ახსენეთ, რომ ჯანსუღ კახიძე გეუბნებოდათ, ჩემი ფლეიტა ხარო. თქვენი ოჯახური დინასტიის სამ თაობას რომელ მუსიკალურ ინსტრუმენტებს შეადარებდით? 

- ჩემთვის ისევ ფლეიტას დავიტოვებ, ნანის როიალს მივამსგავსებ და ნატალიას - ჩელოს, თავისი სიღრმით. 

- საუბრის ბოლოს, როგორც წესი, სტუმარს ვთხოვ, რომ ერთი ამბავი მიამბოს. თქვენი არაამბიციურობის გამო, მინდა გთხოვოთ, მომიყვეთ ამბავი, რომელმაც მკაფიოდ გაგრძნობინათ, რომ კარგი ადამიანი ხართ. 

- ძალიან სასაცილო ამბავი გამახსენდა. ჩემს ახლობელს, რომელიც უნივერსიტეტში მუშაობს, სამსახურიდან მეგობარი გაუთავისუფლეს. ამ ახლობელმა მთხოვა, წამომყევი რექტორთან, მე არ მიცნობს, მაგრამ შენ ხომ გიცნობსო. მაშინვე დავთანხმდი, მაგრამ შინაგანად კი ვღელავდი. ვაიმე, რას ვაკეთებ-მეთქი, ვფიქრობდი. წავედით. ცუდი დროა, მივედით რექტორის კაბინეტში. ამ გათავისუფლებული ქალისთვის მისი სამუშაო ადგილი იყო საოცრება, თუმცა, ობიექტურად, არაფერი ადგილი არ ყოფილა. რექტორმა ძალიან კარგად მიგვიღო. მე იმ ქალისთვის ამბავი მოვაწყე...

- არ იცნობდით? 

- შორიდან ვიცნობდი, როგორც ჩემი ახლობლის მეგობარს. რექტორს ვუხსნიდი, ისეთი კადრია, ვერ წარმოიდგენთ-მეთქი. დავაბრუნეთ თავის ადგილზე, ყველაფერი კარგად დამთავრდა. კიდევ გამახსენდა ერთი ამბავი. ბიძაჩემი, ჯუნა მიქატაძე, მამასავით იყო ჩემთვის. ერთხელ მეუბნება, შენ, ეკა, უნდა წახვიდე შინაგან საქმეთა სამინისტროში. აღმოჩნდა, რომ ვიღაც ბობოლა კაცთან მაგზავნის. ვეუბნები, ჯუნა, ხომ არ გაგიჟდი-მეთქი? თურმე, მისი ახლობლები, ორი და უვლიდა მოხუც მეზობელს, რომელიც გარდაიცვალა. მისი ერთოთახიანი ბინა სახელმწიფოს რჩებოდა და ამ უაღრესად ინტელიგენტ, კეთილშობილ ქალებს უნდოდათ, რომ ეს ბინა დაეტოვებინათ. ვისთანაც მე უნდა მივსულიყავი შინაგან საქმეთა სამინისტროში, ის ადამიანი, თურმე, ნანიზე გიჟდებოდა და ჩვენც პატივს გვცემდა. მისთვის უნდა მეთქვა, თითქოს, ეს ქალები დეიდაჩემები იყვნენ. მივედი სამინისტროში და ნერვები მეშლება, ოღონდ, ძალიან მომზადებული ვარ, რა უნდა ვილაპარაკო. შევდივარ ლიფტში, მხვდება კაცი. ორივე მესამე სართულზე ავდივართ. ის კაცი სადღაც შედის, მე მისაღებში ვზივარ. როცა კაბინეტში გამომიძახეს, შევედი და ეს ადამიანი არ დამხვდა, ვისთან ერთადაც ლიფტით ვიმგზავრე?! იქაც რა ჩავატარე, არ ვიცი. ბოლოს, ორმხრივი დიდი პატივისცემა დავუდასტურეთ ერთმანეთს და ეს საქმეც გამოვიდა. ასეთი შემთხვევები ყოფილა, მაგრამ ჩვენს საქმეზე არასდროს არავისთან შევსულვართ არც მე და არც ნანი. 

 

 

„რამდენიმე ადამიანი არის ჩემ ირგვლივ, რომელმაც ზუსტად იცის, როგორი ვარ.“

 

 

- დიდი მადლობა საინტერესო ინტერვიუსთვის. საუბარს დავასრულებთ თქვენი კომენტარით ცნობილი ადამიანების ორ გამონათქვამზე. პირველი ციტატის ავტორია ფრანგი მწერალი ონორე დე ბალზაკი (1799-1850): „მხოლოდ ქალის უკანასკნელი სიყვარული შეიძლება გაუტოლდეს მამაკაცის პირველ სიყვარულს.“ 

- როგორც მესმის, ქალის სიძლიერეზეა ეს ციტატა. სიყვარულში, საერთოდ, ქალი უფრო ძლიერი მგონია მამაკაცზე, - პირველ სიყვარულშიც, უკანასკნელშიც. 

- მეორე ციტატის ავტორია იტალიელი სახელმწიფო მოღვაწე, ისტორიკოსი ნიკოლო მაკიაველი (1469-1527): „ყველა გხედავს ისეთს, როგორიც ჩანხარ, მაგრამ ცოტა ვინმე თუ გრძნობს, როგორი ხარ სინამდვილეში.“

- რა თქმა უნდა, ვეთანხმები. რამდენიმე ადამიანი არის ჩემ ირგვლივ, რომელმაც ზუსტად იცის, როგორი ვარ და მიღებს ისეთს, როგორიც ვარ, ჩემი ხასიათის ხარვეზებით. 

- ასეთი ადამიანების რაოდენობა თქვენთვის თუ არის საკმარისი?

- ცოტაა, მაგრამ ჩემთვის აბსოლუტურად საკმარისია. მათთან ღია ვარ, შეიძლება, ზედმეტადაც. ზოგადად, ზღვა ადამიანია ჩემ ირგვლივ, მაგრამ „ათქვეფა“ არ მიყვარს. უბრალოდ, ყველას მიმართ კეთილგანწყობას ვინარჩუნებ. იმიტომ, რომ არ არის სწორი, სხვას დაეჭიდო. ყოველთვის უნდა დაეჭიდო საკუთარ თავს.

 

ფოტომასალა: ზურაბ ქურციკიძე

გუნდი

ირაკლი გედენიძე

ზურაბ ქურციკიძე

გიო კუსიანი

გიორგი ურუშაძე

თამთა ყუბანეიშვილი

ნანა ყურაშვილი

ინგა ქორიძე