×
„ვგიჟდები, ისე მომწონს და მიყვარს, რასაც ვაკეთებ“

ნინო სუხიშვილი

ქართული ნაციონალური ბალეტის „სუხიშვილები“ დირექტორი, გენერალური პროდიუსერი, კოსტიუმების ავტორი


2828

ინტერვიუს შესახებ

ნინო სუხიშვილს პირადად არ ვიცნობდი. უცხო ადამიანთან პორტრეტული ფორმატის ინტერვიუ კი ბევრ რისკს შეიცავს. წარმატების თუ წარუმატებლობის ერთ-ერთი ინდიკატორი ის არის, როგორ იქცევა სტუმარი დიქტოფონის გამორთვის შემდეგ - მაშინვე გარბის, თუ საუბარს აგრძელებს, რადგან ზოგიერთი ამბის „შინაურულად“ გაზიარების სურვილი უჩნდება. 

ამ მხრივ, ჩვენი ინტერვიუ ნამდვილად შედგა. ის, ვისაც შეუძლია, ახლად გაცნობილ თანამოსაუბრეს თავისი ღრმა გულისტკივილი გაანდოს, ჩემს თვალში დიდი ადამიანია. 

დანარჩენს ინტერვიუში ამოიკითხავთ. უბრალოდ, მინდოდა, თავიდანვე დამედასტურებინა, რომ როცა ნინო სუხიშვილზე ამბობენ „ყველასთვის საყვარელი ადამიანია“-ო, იმ „ყველაში“, ამიერიდან, მეც უნდა მიგულისხმოთ.

ია ანთაძე

- ქალბატონო ნინო, რა მიგაჩნიათ თქვენს უფრო ძლიერ მხარედ - ინტელექტი თუ ხასიათი?

- (პაუზა) ალბათ... ხასიათი. 

- იმის მიუხედავადაც კი, რომ განსაკუთრებული წარმატება გაქვთ მენეჯმენტის კუთხით, თუმცა, მენეჯმენტში სპეციალური განათლებაც არ მიგიღიათ? 

დიახ, მარტო პრაქტიკა მქონდა. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, რომ ის სპეციალური განათლება მიმეღო, რაც დღეს ასე მჭირდება. სამხატვრო აკადემიის დიპლომით ვაკეთებ საქმეს, რომელიც მოიცავს მართვას, მარკეტინგს, ფინანსებს, პროდიუსინგს... სხვათა შორის, როცა ანსამბლში აქტიურად დავიწყე მუშაობა და ქალბატონი ნინო რამიშვილის მარჯვენა ხელი ვიყავი, ასევე ვიყავი მამაჩემის, თენგიზის მოადგილე, - ვოცნებობდი, მესწავლა ჰარვარდში, საოჯახო ბიზნესის მენეჯმენტის ფაკულტეტზე. მაგრამ, იმ პერიოდში, ოჯახს არ ჰქონდა საშუალება, სასწავლებლად ჰარვარდში გავეშვი. იმასაც მივხვდი, რომ აქ არანაკლებს ვისწავლიდი იმ პრაქტიკით, რაც მქონდა. მაგალითად, სამხატვრო აკადემიის დიპლომზე მეტი მომცა ბატონ სოლიკო ვირსალაძის გვერდით ორი წელი ასისტენტად მუშაობამ. ქალბატონი ნინოს და თენგიზის გვერდით ბევრად მეტი ვისწავლე, ვიდრე მენეჯმენტში აკადემიური განათლება მომცემდა. ამიტომ მიმაჩნია, რომ უფრო ჩემი ხასიათიდან გამომდინარეობს პრობლემების გადაჭრის გზების მუდმივი ძიება და ლიდერობა. დიდი კომპანიის გენერალური დირექტორი ვარ და მე თვითონ მიკვირს ჩემი თავის. 

- შორიდან თქვენი ხასიათის ორი ურთიერთგამომრიცხავი შტრიხი ჩანს. იმით დავიწყოთ, რომ ამბობთ, მკაცრი ვარ საკუთარი თავის და სხვების მიმართო. ეს სიმკაცრე თქვენი ხასიათის ბუნებრივი ნაწილია, თუ იმ მოცემულობიდან გამომდინარეობს, რომ დისციპლინა თქვენს საქმეში წარმატების მთავარი პირობაა?

- ალბათ, უფრო მეორე. ხშირად ვამბობ, რომ არ იქნება საჭირო ხარისხი, თუკი არ იქნება დისციპლინა და წესრიგი. პასუხისმგებლობას ვთხოვ ყველა თანამშრომელს. ისეთსავე თავგანწირვას ვითხოვ მათგან, როგორიც მე მაქვს ჩემი საქმის მიმართ. თან მესმის, რომ ამის მიღწევა შეუძლებელია, მაგრამ ჩემს მოცეკვავეებს და მუსიკოსებს რომ ვუყურებ, მართლა თავგანწირვის ტოლფასია, რა მწირი ანაზღაურებით მუშაობენ და რა შრომის ფასად ქმნიან საოცარ პროდუქტს. 

 

 

„რამდენადაც ვიცი, მოცეკვავეებს ეშინიათ კიდეც ჩემი. უფრო, ალბათ, ერიდებათ."

 

 

- თქვენი ხასიათის მეორე მხარეზეც მინდა, ვისაუბროთ. თქვენი მონაწილეობით ყველა სატელევიზიო და რადიოგადაცემა იწყება ფრაზით: „დღეს ჩვენთან სტუმრად არის ყველასთვის საყვარელი ადამიანი - ნინო სუხიშვილი.“ შესაძლებელია, რომ ერთი და იგივე პიროვნება თან მკაცრი იყოს და თან - ყველასთვის საყვარელი? ეს ორმაგი იმიჯი ხომ არ გღლით?

- მკაცრი და მომთხოვნი მხოლოდ სამსახურში ვარ. ოჯახში, სამეგობრო წრეში, ჩემს მაყურებელთან, ჩემს ხალხთან - არანაირად მკაცრი არ ვარ. ნინო რამიშვილიც ძალიან მკაცრ და მომთხოვნ ქალბატონად ითვლებოდა. მაგრამ, ამავე დროს, იყო რბილი, უბრალო, თავმდაბალი და ყველასთვის საყვარელი. შეიძლება, ეს გენეტიკურიც არის, რომ მხოლოდ თანამშრომლების მიმართ ვარ მკაცრი. თუმცა, როგორც ვიცი, თანამშრომლებსაც ვუყვარვარ. ყველაზე დიდი ბედნიერება მაინც ხალხის სიყვარულია, რასაც ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობ. 

- თანამშრომლებთან თქვენი სიმკაცრე დადგენილი წესების დაცვაში გამოიხატება? თუ რანაირად შეიძლება, რომ რომელიმე მოცეკვავე მკაცრ ადამიანად აღგიქვამდეთ, თუკი ზუსტად იცის, რომ სარეპეტიციო ოთახიდან როგორც კი გახვალთ, თბილი და ყველასთვის საყვარელი ხდებით? 

- რამდენადაც ვიცი, მოცეკვავეებს ეშინიათ კიდეც ჩემი. უფრო, ალბათ, ერიდებათ. იციან, რომ შეიძლება გავუბრაზდე, ხმასაც ავუმაღლო. მაგრამ ისიც იციან, რომ ყველანაირი სიმკაცრე საქმეს ეხება და გაბრაზება არ მამახსოვრდება. სამაგიეროდ, ზუსტად იციან, რომ თუ რამე გაუჭირდათ, ჩემთან  მოვლენ და პირველი მე დავუდგები გვერდზე. მაგრამ თუ მივხვდი, რომ საქმეს რაღაც დააკლეს, ამაზე ნამდვილად მექნება რეაქცია. 

- როდესაც სუხიშვილების სახელმწიფო ანსამბლმა უცხოეთში სისტემატურად დაიწყო სიარული გასტროლებზე, საქართველოს მოსახლეობისთვის თითქმის მთელი მსოფლიო ჩაკეტილი იყო. თქვენი დღევანდელი აღქმით, რა გაჰქონდა საქართველოდან უცხოეთში და რა შემოჰქონდა უცხოეთიდან საქართველოში საბჭოთა პერიოდის სუხიშვილების ანსამბლს? 

- იმ წლებში ჩვენი დასი იყო ერთადერთი, ვისაც საშუალება ჰქონდა, ქვეყნიდან გასულიყო და მსოფლიო ენახა. 40-იანი წლებიდან დაიწყო ანსამბლის გასტროლები და პირველები იყვნენ არამარტო საქართველოდან, არამედ, საბჭოთა კავშირიდან, ვინც კაპიტალისტურ ქვეყნებში გააღწია. გაიტანეს, პირველ რიგში, საქართველოს სახელი. გაიტანეს საქართველოს კულტურა, ტრადიცია და მსოფლიოს გააცნეს ქვეყანა, რომელზეც ძალიან ბევრს წარმოდგენაც არ ჰქონდა. „სუხიშვილების“ ორსაათიანი კონცერტი ერის სულიერ თავგადასავალს ყვებოდა. დაბეჭდილ პროგრამაში პირველ გვერდზე საქართველოს ისტორია იყო ნაამბობი. 15 წუთი აგვიანებდნენ კონცერტის დაწყებას, რომ მაყურებელს ამ პირველი გვერდისთვის თვალი გადაევლო. ყველანაირი ნიუანსით და მომენტით სარგებლობდნენ, რომ საქართველოზე მეტი ეთქვათ. ფაქტობრივად, გაიტანეს ქვეყანა. რა შემოჰქონდათ? რასაკვირველია, ბევრი საინტერესო რამ. შემოიტანეს პირველი ინფორმაცია უცხო სამყაროზე, ჯაზი, ჟურნალები, პრესა. მომისმენია, რეპეტიცია რომ მთავრდებოდა და ანსამბლის მოცეკვავეები გამოდიოდნენ - 50-იანი, 60-იანი წლების თაობა, ლამაზად ჩაცმული გოგო-ბიჭები - ხალხი იდგა და კაბების თარგს იხატავდა. პირველი ისრები თვალებთან, პირველი „ბაბეტა“ ვარცხნილობა მათთან შეიძლებოდა გენახა. რატომ ითვლებოდა, რომ იმ თაობის ყველაზე ლამაზი გოგოები „სუხიშვილებში“ ცეკვავდნენ? მე ვფიქრობ, რომ ყველაზე ლამაზი გოგოები დღესაც ჩვენ გვყავს. მაგრამ იმ თაობის „სუხიშვილები“ ყველასგან გამოირჩეოდნენ. დღეს აღარავინ გამოირჩევა. ყველა ახალგაზრდა გოგო თითქმის ერთნაირია.

- თვითონ მოდაც ბევრად ხელმისაწვდომი გახდა, გადემოკრატიულდა. 

- დიახ, ასეა. მაშინ ერთადერთი გზა იყო, რომ ამ ანსამბლიდან გენახა მსოფლიო. ამიტომ, ყველას ცეკვა უნდოდა, ვისაც კარგი გარეგნობა ჰქონდა - გოგოს თუ ბიჭს. ცეკვის ცოდნა საჭირო არ იყო. მოდიოდნენ ანსამბლში და ცეკვას აქ სწავლობდნენ. დღეს უკვე სერიოზული მომზადება სჭირდება მოცეკვავეს. მარტო გარეგნობის გამო ვერ აიყვან. 

- ვიცით, რომ უფროსმა ილიკო სუხიშვილმა ბევრი იშრომა იმისთვის, რომ სახელმწიფო ანსამბლის სტატუსი მოეპოვებინა. ამის შემდეგ, ყველაფერი, რასაც ბატონი ილიკო და ქალბატონი ნინო ქმნიდნენ, ხალხურად გამოცხადდა. მათ დაკარგეს საავტორო უფლება ცეკვებზე, რომლებიც დღეს ხალხური ცეკვის კლასიკად არის მიჩნეული. თქვენ ბრძანეთ, სახელმწიფო სტატუსის მინიჭება ახლა შეიძლება შეცდომად ჩაითვალოს, მაგრამ მაშინ გადარჩენის ერთადერთი შანსი იყოო. რას გულისხმობდით, როცა შეცდომა ახსენეთ?

- იმ პერიოდში, როცა ილიკო სუხიშვილი და ნინო რამიშვილი ანსამბლს ქმნიდნენ, ყველანაირი ინდივიდუალიზმი დასჯადი იყო. სამაგიეროდ, იმდროინდელი პარტიული მუშაკებისთვის ხალხური შემოქმედება იყო პირველი, რასაც ფართო გზა უნდა მისცე. ამიტომ გახდა ყველა ცეკვა „ხალხური“. სახელმწიფო სტატუსის მიღება კი აუცილებელი იყო ანსამბლის გადასარჩენად. 

- სახელმწიფო ანსამბლის სტატუსი თქვენ დღეს რამეში გაბრკოლებთ? 

- არ გვაბრკოლებს, პირიქით, ცოტას გვეხმარება. სტაბილური ხელფასი არსებობს, რაც მნიშვნელოვანია. სახელმწიფო ბიუჯეტზე ვართ, იმის გარდა, რასაც ჩვენ თვითონ გამოვიმუშავებთ. უცხოეთში საბალეტო დასები და ანსამბლები სახელმწიფოსგან მცირე დახმარებას იღებენ,  მაგრამ, ძირითადად, მეცენატების ხარჯზე არსებობენ. ჩვენთან ეს სისტემა არ მუშაობს - არც მეცენატი გვყავს, არც სპონსორი. ალბათ, ხელოვნებას მეტი ხელშეწყობა სჭირდება, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ პირველი პრიორიტეტი უნდა იყოს. ჩემთვის უამრავი სხვა რამ არის უფრო წინ, მაგალითად, განათლება, ჯანდაცვა, თავდაცვა... მაგრამ იმდენად არტისტული ბუნების ხალხი ვართ, დღესაც ჩვენი ქვეყნიდან თუ რამის ექსპორტია წარმატებული, ეს არის ხელოვნება. პანდემიის პერიოდში ღია სივრცეში ჩატარებული ჩვენი 36 კონცერტი სრული ანშლაგით მიდიოდა. ხალხს მოწყურებელი აქვს ხელოვნებასთან ზიარება. 

- არაერთხელ გითქვამთ, რომ პასუხისმგებლობას გმატებთ სახელმწიფო ანსამბლის სტატუსი. მხოლოდ საოჯახო ბიზნესი რომ იყოს „სუხიშვილები“, განა ნაკლებად გექნებოდათ განცდა, რომ საქართველოს სახეს წარმოადგენთ?

- არა, რა თქმა უნდა. მაგრამ აქ ნიუანსია. როცა სახელმწიფო დასი ხარ, იმის მიუხედავად, ვინ დგას მთავრობის სათავეში, ყოველთვის შენი ქვეყნის ინტერესს იცავ. რაც არ უნდა ცუდი აზრი მქონდეს რომელიმე მმართველზე, ამას არასდროს გავამჟღავნებ. სახელმწიფო ინტერესებიდან გამოვალ ჩემს ყველა ინტერვიუში, განსაკუთრებით, საზღვარგარეთ. 

 

 

„ვერავინ გაბედავს ჩემს დასში, რომ ახალბედა მოცეკვავე დაჩაგროს.“ 

 

 

- მოცეკვავეებით დასის განახლება როგორ ხდება? თქვენ ამბობდით, ანსამბლის წევრების 60% რეგიონებიდან არისო. თან, წევრების საშუალო ასაკი 25 წელია. რეგიონებში სად ისწავლეს ამ ახალგაზრდებმა ისეთი ცეკვა, რომ თქვენთან მოხვდნენ? 

- ჩვენი მოცეკვავეების დიდი ნაწილი ჩვენს სკოლა-სტუდიას ამთავრებს. ფაქტობრივად, ჩვენ თვითონ ვზრდით მომავალ თაობას. მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სკოლა, უწყვეტი ტრადიცია. ნებისმიერ დარგში, მეცნიერება იქნება თუ ხელოვნება, როცა სკოლა აღარ არსებობს, დარგი კვდება. საქართველოში არაჩვეულებრივი სკოლები გვქონდა და დავკარგეთ. მე ვთვლი, რომ ბაბუაჩემმა, ილიკო სუხიშვილმა, შექმნა ეს სკოლა, რომელსაც ჩვენ ძალიან ვუფრთხილდებით. დიდ ყურადღებას ვაქცევთ მომავალი თაობის აღზრდას. ფილიალები თბილისში თითქმის ყველა უბანში და ქალაქ რუსთავში გვაქვს. 5 000-მდე ბავშვი გვყავს, 5-დან 16 წლამდე. რეგიონიდან ვინც ჩამოდის, ისიც ჩვენი ყოფილი მოცეკვავის მოსწავლეა. კონვეიერივით არის, სულ მოდის ახალი თაობა. ვისაც 13-14 წლის ასაკში უკვე ეტყობა, რომ თავის პროფესიად ცეკვას ირჩევს, იმას, ბუნებრივია, მეტ ყურადღებას ვაქცევთ. სპეციალურ ჯგუფში გადაგვყავს და ერთ-ორ წელიწადში ჩვენი დასის წევრი ხდება. თუმცა, ძალიან ფრთხილად ვცვლით თაობებს. დასში აუცილებლად უნდა იყოს ძველი თაობაც. იმ „ძველებიდან“ ახალგაზრდები ბევრ რამეს სწავლობენ. ყველაფერი ნელ-ნელა გადადის თაობიდან თაობაში. ჩვენს დასში მეგობრული, კეთილგანწყობილი დამოკიდებულებაა ერთმანეთის მიმართ. ახალბედებს თბილად ხვდებიან, ყველა თავის პარტიას ასწავლის სხვას. ჩვენთან არ ხდება, რომ ეს სოლისტია, ამ პარტიას ცეკვავს და ვინ გაბედავს, რომ იგივე სოლო ისწავლოს.

- მაგრამ „ძველებსა“ და „ახლებს“ შორის დაპირისპირება ხომ ყველგან არის?! საჯარო სკოლებშიც კი, ინტერნეტის მცოდნე ახალი თაობა რომ მივიდა, ბევრგან საოცრად მტრულად განწყობილი დახვდა წინა თაობა. სერიოზული ჩეხვაა ახალგაზრდების. 

- დიახ, ხდება. თეატრებსა და საბალეტო დასებში განსაკუთრებით მწვავეა ეს პრობლემა. 

- თქვენ როგორ არიდებთ თავს ამ სისტემურ კონფლიქტს? 

- ძველ თაობაში უფრო იყო დაპირისპირება. რაც მე და ილიკო ვხელმძღვანელობთ ამ დასს, დაახლოებით, 30 წელია - აღარ არის. უკვე ორი თაობა გამოიცვალა. ილიკოს და მე ანსამბლის ხელმძღვანელებად მოგვიწია მუშაობა მაშინ, როცა დასში ჩემი და ილიკოს თაობა ჯერ კიდევ ცეკვავდა. იმ ხალხის ხელმძღვანელი გავხდი, ვისთან ერთადაც ცეკვის დროს ხაზში ვიდექი. ეს ძალიან რთული იყო. მაგრამ ვერავინ გაბედავს ჩემს დასში, რომ ახალბედა მოცეკვავე დაჩაგროს. სულ ეს დევიზი მაქვს, რომ შეუცვლელი არავინაა. რასაკვირველია გვყავს სახეები, სოლისტები, მაგრამ ისინი სულ იცვლებიან. მაგალითად, ორი-სამი წლის წინ სხვა იყო პოპულარული. ახლა ვიღაც სხვა არის ცნობადი სახე. ერთ-ორ წელიწადში კიდევ სხვა გახდება. ამაში ჩვენ ვუწყობთ ხელს, ჩვენ ვქმნით მათ ვარსკვლავებად. არ არის ასე, რომ ერთი ცეკვავდეს სულ სოლო პარტიას. ტოლფასოვანი მონაწილეები არიან და რიგრიგობით მუშაობენ. ჩვენთან არავის აქვს ვარსკვლავური დაავადება. მიხარია ეს ჯანსაღი ურთიერთობა, რაც, გეთანხმებით, ძალიან იშვიათია. 

- რომელიმე ურჩი მოცეკვავე, რომელიც სიტუაციას ურევდა, გაგიშვიათ დასიდან?

- ასეთი ადამიანი თვითონ ვერ ჩერდება ჩვენთან. ანსამბლი, როგორც ცოცხალი ორგანიზმი, არ ღებულობს, განდევნის, როგორც უცხო სხეულს. ასეთი რამ ძალიან იშვიათია. მოცეკვავის არჩევისას მე და ილიკო დიდ ყურადღებას ვაქცევთ პიროვნულ თვისებებს.

 
მახსენდება მე  ბაბუაჩემი, ბატონი ილიკო სუხიშვილი, სულ ასე ამბობდა, მოცეკვავეს რომ აიყვანდა, რომ: „შენ კაცი იყავი და პიროვნება. და მოცეკვავედ მე დაგაყენებ აქ!“

ვინც ანსამბლის წევრი ხდება, ყველას ვეუბნები: „შენ დიდი ოჯახის წევრი ხდები და შენი გვარია სუხიშვილი. ეს გვარი აღარ არის, პროფესიაა. თუ არასწორად მოიქეცი, არავინ იტყვის, ნუცუბიძე ხარ თუ გაგოშიძე. იტყვიან, რომ სუხიშვილებში ეს მოხდა; სუხიშვილის მოცეკვავემ ეს გააკეთა, ეს იკადრა. არავის ვაპატიებ, ვინც არამარტო ჩვენს საქმეს, არამედ, ჩემს გვარს შეურაცხყოფს.“ ილიკოს და ნინოს დროიდან მოყოლებული, ყველას სუხიშვილები გვქვია. ხალხმა დაგვარქვა. 

- თქვენს დროს, ბოლო 30 წლის განმავლობაში, თუ ყოფილა შემთხვევა, რომ ვიღაცის არასწორი ქცევა კონცერტის ხარისხზე ასახულა? 

- არა, ხარისხზე ეს არ ისახება. სცენაზე არავის შუბლზე არ აწერია, როგორი ხასიათი აქვს. ყველა კარგად ცეკვავს, ყველა  პროფესიონალია და მათ პიროვნულ თვისებებს მაყურებელი ვერ ხედავს. ცუდ ხასიათზეა, კარგ ხასიათზეა, თუ რაღაც სტკივა, სცენაზე არაფერი ჩანს. სცენაზე თითოეული მათგანი ასხივებს დადებით ენერგიას, რომელიც გადადის დარბაზში და რიკოშეტით ბრუნდება უკან, სცენაზე - აღფრთოვანებული მაყურებლის ტაშის სახით. 

- დასის შემადგენლობის განახლებისას, რას ანიჭებთ უპირატესობას? თქვენი ანსამბლის წევრები მხოლოდ კარგი შემსრულებლები არიან, თუ შემოქმედებითი ადამიანები? სად რჩება სივრცე მათი შემოქმედებითი უნარების გამოსამჟღავნებლად და გასავითარებლად?

- როცა ილიკო დასთან სარეპეტიციო დარბაზში მუშაობს, იქ ეძლევა გასაქანი მოცეკვავის ინდივიდუალურობას, განსაკუთრებით, სოლო პარტიების შესრულების დროს, ასევე, წყვილურ ცეკვებში. ხშირად ყოფილა, რომ მოცეკვავე მოსულა და უთქვამს - აი, ჩვენ დუეტი დავამუშავეთ, აბა, შეხედეთ...

- ზუსტად ეს მაინტერესებს, მსგავს ინიციატივებს თუ უშვებთ.

- თუ მოგვეწონა, ვტოვებთ. შეიძლება ილიკომ რაღაც შეუსწოროს. რეალურად, მათ აქვთ შემოქმედებითი თავისუფლება. როცა ხორუმის ხაზი გამოდის და სცენაზე ორმოცი კაცი დგას, ბუნებრივია, იქ უნდა იყოს სინქრონი, ილეთი ისე უნდა შესრულდეს, როგორც დადგმულია. მაგრამ როცა მოცეკვავე მარტო გამოდის სცენაზე, ან დუეტს ცეკვავს, ან ტრიო აქვთ, იქ თავის ინდივიდუალიზმს ამჟღავნებენ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არტისტიზმს. ზოგი ძალიან არტისტულია. ზოგს ვიზუალი აქვს დასამახსოვრებელი, როგორც მსახიობს. 

- ზოგჯერ ხომ არ ხდება, რომ ვინმე ზედმეტად არტისტულია და მისი არტისტიზმის ნაწილი უნდა წაიშალოს? 

- დიახ, ხდება ხოლმე და აუცილებლად მივუნიშნებთ. არ უხდება ქართულ ცეკვას „ნამეტანი“. ილიკოსაც არ უყვარს, სულ ამბობს, ინდური კინო არ უხდება ქართულ ცეკვასო. ოქროს კვეთის პრინციპი ყველგან უნდა იყოს დაცული. 

- „სუხიშვილების“ მთლიანი პროგრამა ყოველთვის აერთიანებდა ტრადიციას და პროგრესს. როგორია ანსამბლის განვითარების ტენდენცია, თანაბრად არის „ძველი“ და „ახალი“, თუ რომელიმე ჭარბობს? 

- ძნელია ასე თქმა. ნინოს და ილიკოს შექმნილი კლასიკური პროგრამა, რომელსაც ასეც ჰქვია, „ტრადიციული“ (რომელიც, თავის დროზე, ნოვატორული იყო), დღეს ჩვენს „ოქროს ფონდად“ არის მიჩნეული. მის შენარჩუნებაზე და აღდგენაზე სულ ვმუშაობთ. ეს პროგრამა სულ იქნება. მაგრამ პარალელურად უნდა შეიქმნას სხვა, ახალი პროგრამები. ბოლო 20-25 წლის განმავლობაში შექმნილი ცეკვები დღეს თითქმის კლასიკად არის აღიარებული. ძალიან განვითარდა მოცეკვავის ტექნიკური შესაძლებლობები. რასაც 60-70-იან წლებში ცეკვავდნენ, „ტრიუკს“ რომ ვეძახით, ნახტომს, ახლა სულ სხვა დონეზე სრულდება. ქართულმა ცეკვამ ევოლუცია სწრაფად განიცადა და იმიტომაც გახდა ასეთი პოპულარული. ჩვენმა (მესამე თაობის) სიახლისკენ სწრაფვამ ძალიან კარგი შედეგი მოიტანა. 60-70-იან წლებში ჩვენს სტუდიებს წელიწადში 20-30 ახალგაზრდა ამთავრებდა. დღეს სტუდიებში ხუთი ათასი ბავშვია. გამოდის, სწორ გზაზე ვდგავართ; ახალგაზრდა თაობას მათთვის გასაგებ ენაზე მივაწოდეთ თავისი ფოლკლორი. ჩვენ მათ მივანიშნეთ, რომ შეუძლიათ იცეკვონ ქართული დისკოც, ქართული ჯაზიც, ქართული მოდერნიც... ეს მოძრაობა ყველანაირ მუსიკაზე გადასარევად ჯდება. დღეს არ მეგულება ქორწილი, ღონისძიება თუ მიღება, სადაც ქართულს არ ცეკვავენ. ჩემს თაობაში ასე არ იყო. სიახლე სულ საჭიროა. მოცეკვავე გთხოვს სიახლეს. 

- ერთ-ერთ გადაცემაში ილიკოც ამბობდა, ჩემი მოცეკვავეების თვალებში სულ ვხედავ სიახლის სურვილსო. როგორც ჩანს, სიახლე უფრო და უფრო მეტი იქნება. 

- მეტი, ალბათ, არა. როგორც თეატრებს და საბალეტო დასებს აქვთ რეპერტუარი, რომელშიც ბევრი დადგმა და სპექტაკლია, ასე ჩვენც რეპერტუარში ხუთი პროგრამა გვაქვს.

- მაგრამ ერთია მხოლოდ ტრადიციული. 

- უკვე ორი გამოდის. იმიტომ, რომ ტრადიციული ხდება ნელ-ნელა „ჯუთა“, „ზეკარი“, „სვანური“... ამას უკვე ტრადიციულს ეძახიან. კოსტიუმზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული.

 
მე თუ ჩავაცვი ტრადიციული კოსტიუმი ახალ ცეკვას, ის უკვე ტრადიციულად აღიქმება. თუ მე ცოტა მოდერნისტულად ჩავაცვი, ის უკვე მოდერნისტულია, მაგრამ მოძრაობა ერთი და იგივეა.

 

- ეს ნამდვილად არ ვიცოდი. 

- ბოლო ერთი თვის განმავლობაში 30 კონცერტი ჩავატარეთ ღია ცის ქვეშ, ჩვენს სცენაზე. აქედან 20 იყო ახალი პროექტი და 10 -  კლასიკური. ახალზე უფრო დიდი მოთხოვნაა. ძველს თავისი მაყურებელი ჰყავს, ახალს - თავისი. თუმცა, ისეთი ლამაზი გამოჩნდა კლასიკური პროგრამა ღია ცის ქვეშ - ულამაზესი. 

 

 

„მე ვთვლი, რომ ილიკო ყველაზე ნიჭიერია ჩვენს ოჯახში.“

 

 

- უცხოეთში პროდიუსერები უფრო მეტად რას ითხოვენ? 

- 15-20 წლის განმავლობაში ყოველ წელს დავდივართ იტალიაში, ბულგარეთში, პოლონეთში, უკრაინაში. პროდიუსერები რომ გეპატიჟებიან, პირველ რიგში გეკითხებიან: „რა გაქვთ ახალი პროგრამაში?“ ან „რომელი პროგრამით ჩამოდიხართ?“ ყოველ წელს რომ ერთსა და იმავე თეატრში ცეკვავ, გარკვეული დროის შემდეგ, მაყურებელი ახალს ითხოვს. თუმცა, „ახალს“ რომ ამბობენ, მათთვის ყველაფერი ახალია. განსხვავებას კი ვერ ხედავენ?! 

- ჩაცმაში სხვაობას კი დაინახავენ. 

- როგორ გითხრათ? „ასსას“ თავიდან სპორტული კოსტიუმი და სპორტული ფეხსაცმელი ჩავაცვი. მერე იმავე კომპოზიციების მოცეკვავეებს ჩავაცვი ჩოხა-ახალუხი, ქართული კაბა და გახდა კლასიკა. „არტეფაქტებზე“ რომ ვთქვათ, ჩვენს ახალ პროექტზე: ჩავაცვი ძალიან გამჭვირვალე, ფარფატა - გარემოს რომ მოუხდეს - თავისუფალი კაბები. ბიჭებს ხალხური პერანგები აცვიათ, მაგრამ ისეთი შეკერილია, თანამედროვედ გამოიყურება. გოგოს კოსტიუმი რომ გამოუცვალო და კახური, რაჭული ან გურული კოსტიუმი ჩააცვა, ის გახდება კლასიკური. ჩაცმულობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. 

- მაგრამ თქვენი ყველა პროგრამა არ კონვერტირდება ჩაცმით. 

- ყველაფერი არა. „რამიშვილების“ მოდერნ-ბალეტი არ კონვერტირდება, ის სულ სხვა პროექტია. ძალიან თანამედროვეა. 

- როცა თქვენზე ვსაუბრობთ, გვერდს ვერ ავუვლით ილიკოს. თქვენ ამბობდით, „ყოველთვის მჭირდება ადამიანი, რომლისთვისაც ყველაფერს გავაკეთებ. ასეთია ილიკო.“ ერთხელ, როდესაც გთხოვეს, პრიორიტეტების მიხედვით დაგენომრათ თქვენი სხვადასხვა ამპლუა, თქვით, რომ პირველი არის „და“, შემდეგ - „ხელმძღვანელი“, შემდეგ „შვილი“ და შემდეგ - „მეუღლე“.  გრძნობთ, რომ ილიკოს  თქვენი მტკიცე მხარდაჭერა სჭირდება, რადგან სათუთი ბუნების ადამიანია? თუ ეს ზრუნვა მთლიანად თქვენი ხასიათიდან გამომდინარეობს?

- ხასიათი მაქვს ასეთი. სულ მჭირდება, რომ ვიღაცაზე ვიზრუნო. ეს ჩემი სტიმულია. შეიძლება დიდად ზრუნვა არ სჭირდება ილიკოს, მაგრამ მე სხვანაირად არ გამომდის. ვიცი, რომ ბევრ რამეს ვუგვარებ. ილიკოს ცხოვრებაში მე ვასრულებ ბიძგის როლს ახლის შესაქმნელად, გადაწყვეტილების მისაღებად. ხანდახან ვაძალებ კიდეც რაღაცის კეთებას, რაც მერე არაჩვეულებრივი და გენიალური გამოსდის. 

- შორიდან დაკვირვებით, თქვენსა და ილიკოს შორის დიდი სხვაობაა. თქვენ ხართ პროგნოზირებადი, გახსნილი, სწორი ადამიანი, რომელიც ცდილობს, შეცდომა არ დაუშვას. ილიკო თან მოწყვლადია (ბავშვის ქცევები აქვს გამოყოლილი), თან ძლიერი და უშიშარია, როგორც შემოქმედი; ზოგ სიტუაციაში სრულად ჩაკეტილია, ზოგ სიტუაციაში უცნაურად გახსნილია. ზოგჯერ ცინიკურია, ზოგჯერ ძალიან სერიოზულია. ჩემთვის ამოუცნობი ფენომენია, ფაქტობრივად. თქვენი შეფასებით, სინამდვილეში, როგორია ილიკო სუხიშვილი უმცროსი? 

- ილიკო ძალიან ნიჭიერია - არ შემეშინდება ამ სიტყვის თქმა, თუმცა, ცოტა უხერხულია და ილიკოს არ უყვარს, როცა ვაქებ. მე ვთვლი, რომ ილიკო ყველაზე ნიჭიერია ჩვენს ოჯახში. ძალიან აფეთქებული და მრავალმხრივი ნიჭი აღმოაჩნდა, არამარტო ქორეოგრაფიული, მუსიკალურიც... ძალიან სწორი ადამიანია. რენტგენივით არის, ზუსტად გრძნობს მეორე ადამიანს. აქედან გამომდინარეობს მისი დამოკიდებულება სხვების მიმართ - ვისთან არის გულახდილი, ვისთან კიდევ კედელს აიფარებს. თანაც, ხასიათის ადამიანია. დღეს ასეთ ხასიათზეა და ასე იქცევა. ხვალ ისეთ ხასიათზეა და ისე იქცევა. „რამიშვილების“ აღდგენა შეიძლება ხვალ აღარ მოუნდეს და აღარ აღადგინოს. სამაგიეროდ, რაღაც ახალს გააკეთებს. შემოქმედებითი წვა აქვს ქრონიკულად, თან ძალიან დაკვირვებულია. მაგრამ მისი მთავარი თვისება ის არის, რომ საოცრად თავმდაბალია. 

 

 

„ყველა ბევრად უკეთესად ვცხოვრობთ, ვიდრე ვიმსახურებთ.“ 

 

 

- დიახ, ეს შორიდანაც უტყუარად ჩანს. 

- თვითონ არ იცის, რომ ნიჭიერია. თვითონ არც ის იცის, რომ გენიალური ქორეოგრაფია. პირიქით, ბრაზდება, რომ აქებენ. უხერხულ მდგომარეობაში ვარდება. მე არ შემხვედრია ადამიანი, რომელსაც ასეთი დაბალი თვითშეფასება ჰქონდეს. იმიტომ სჭირდება, რომ შევუძახო და ამაზე ბრაზდება. 

- ყოველთვის ასეთი იყო? 

- დიახ, ბავშვობიდან ძალიან მორიდებული იყო. ქართული ცეკვის სტუდიაშიც არ იარა იმიტომ, რომ მეტ ყურადღებას აქცევდნენ, სხვასთან შედარებით. არ უყვარს სახალხო გამოსვლა, თავის გამოჩენა, ცნობადობა. პირიქით, ეს აღიზიანებს. თან ეს თვისებები ბუნებრივად აქვს. ჩაკეტილია თავის ქუდში, თავისი სამყარო აქვს იმ ქუდის ქვეშ. 

- ჩემთვის უცნაური, იცით, რა არის? „მძიმე კაცს“ უთხრა ინტერვიუს დროს - მე ადამიანთან დიალოგი მიყვარს და შენთან ამიტომ მოვედიო. მოულოდნელი ფრაზა იყო. მაგრამ ვერ აღმოჩნდა „მძიმე კაცი“ კარგი მსმენელი, სამწუხაროდ. მას სხვა ფორმატი აქვს: სწრაფი კითხვა - სწრაფი პასუხი. ილიკო კიდევ ბევრს და გულწრფელად ელაპარაკებოდა.

- მე არ მომწონს და არ მიყვარს ილიკოს ინტერვიუ „მძიმე კაცთან“. მიმაჩნია, რომ საერთოდ არ უნდა მისულიყო, ან, თუ მივიდოდა, სხვანაირად უნდა მისულიყო. ილიკოს ცოტა, მაგრამ ბევრად უკეთესი ინტერვიუც აქვს. 

- გადაცემაში „შაქრით თუ უშაქროდ“ ჰქონდა ძალიან კარგი ინტერვიუ. 

- დიახ, გეთანხმებით. ილიკო ფაქიზი ადამიანია. ხშირად ამას მალავს და შეიძლება ვინმეს ცოტა უხეში ან ცინიკური მოეჩვენოს. მაგრამ სრულიად ყველას უყვარს. მე შეიძლება არ ვუყვარდე ყველას, ილიკო კი მართლა ყველას უყვარს. მის შინაგან სისუფთავეს გრძნობენ. მათხოვარი იქნება თუ ბომჟი, რომელიც ჩვენი სახლის წინ ზის; მანქანის პარკინგზე მდგომი ვიღაც ბაბუა, თუ მზესუმზირის გამყიდველი მოხუცი ქალი; აფთიაქში იქნება, ბაზარში, თუ ქუჩაში... ყველას უყვარს. თან საოცარი იუმორი აქვს, როცა ხასიათზეა. კლასიკური პროფესიული ქორეოგრაფიული განათლება მიიღო მოსკოვში. თავისი საქმის ძალიან კარგი სპეციალისტია. 

- საკუთარ თავზე თქვით, როგორც წესი, კარგ ხასიათზე ვიღვიძებ და პოზიტიური განწყობა მაქვს ცხოვრების მიმართო.  ეს, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი ამბავი არ არის. 

- მე მგონი, დიდი ოპტიმისტი ვარ. 

- ამაში ოპტიმიზმიც არის და კიდევ რაღაც უფრო მეტი. მინდა გკითხოთ, ეს „მეტი“ ხომ არ არის შესრულებული მისიის განცდა? თქვენი საქმე, ოჯახური დიდი ამბავი ხომ არ უდევს საფუძვლად ამ თქვენს შინაგან სიმშვიდეს? 

- შეიძლება... ბებიაჩემი სულ ამბობდა, რომ ბედნიერია ადამიანი, ვინც თავის საყვარელ საქმეს მიაგნო და მერე ცხოვრება ამას უძღვნა. მეც ეს განცდა მაქვს, რომ რასაც ვაკეთებ, ამის კეთება მინდა სულ. რასაკვირველია, ეს არის ჩემი ვალი ქვეყნის მიმართ, წინაპრების მიმართ, ოჯახის მიმართ და, თანაც, მარტო ვალი და პასუხისმგებლობა არ არის. ვგიჟდები, ისე მომწონს და მიყვარს, რასაც ვაკეთებ. ალბათ, ეს სწორი მიგნებაა, რაც თქვენ თქვით. არც მე და არც ილიკოს ერთი კონცერტი არ გაგვიცდენია, არც გასტროლზე, არც საქართველოში. სულ ვუყურებ, არ მბეზრდება, არ მწყინდება. ერთსა და იმავეს ვუყურებ მემილიონედ. ჩვენი ოჯახის სამივე თაობამ თავი დადო ამ საქმისთვის. 

- იმ კითხვის პასუხი თუ გაქვთ, ვინ გადაიბარებს თქვენს საქმეს?

- რთულია დღეს ამის თქმა. როცა 20-22 წლის ვიყავით, არც მე და არც ილიკოს აზრად არ გვქონდა, რომ ამ საქმეს ჩვენ გავაგრძელებდით. ილიკოს ორი გოგონა ჰყავს, ორივე 23 წლის. ჯერჯერობით, ვერ ვხედავთ განსაკუთრებულ ინტერესს. თუმცა, ნამდვილად უყვართ, მოსწონთ. ერთი ცეკვავს კიდეც, მაგრამ არა პროფესიულად. ყველანაირად ჩართულია. მაგრამ „სუხიშვილებს“ რომ გაუძღვე, შესაბამისი ხასიათი უნდა გქონდეს და ცხოვრება ცოტა გვერდზე უნდა გადადო. პირადად მე გამიმართლა, რომ ჩემი მეუღლე მიტანს, მიძლებს და ხელს მიწყობს, თორემ, ძალიან ძნელი გასაძლებია. მე შვილი არ მყავს, ღმერთმა არ მომცა, მაგრამ ილიკოს ორივე შვილის გაზრდაში ძალიან აქტიური მონაწილეობა მაქვს მიღებული, განსაკუთრებით, ერთ-ერთის, რომელიც, ფაქტობრივად, ჩემი გოგოა... ვნახოთ, როგორ აეწყობა. მოუნდება, გააგრძელებს. თუ ასე არ მოხდება და, ბებიაჩემის ნათქვამს გავიხსენებ: „ძალიან კარგია, როცა დინასტია გრძელდება. მაგრამ არ არის აუცილებელი, ექიმის შვილი ექიმი იყოს და მსახიობის შვილი - მსახიობი.“ თუ დინასტია გაგრძელდა, კარგი იქნება. თუ არადა, თითოეულ ჩემს მოცეკვავეში ჩემი მარცვალია. ბოლოს და ბოლოს, ვიღაცა რაღაცას ჩაიბარებს, ალბათ, ასი წლის მერე. სულ არ არის აუცილებელი, გვარად იყოს სუხიშვილი. მაინც სუხიშვილი იქნება მისი გვარი. 

- ახლა მინდა, გთხოვოთ, სოლიკო ვირსალაძის შესახებ გვიამბოთ. „სუხიშვილების“ პირველი თაობის წარმატებაში  განსაკუთრებული როლი ჰქონდა სოლიკო ვირსალაძის კოსტიუმებს. თქვენ ორი წელი მუშობდით მის ასისტენტად და თქვენი დასის დღევანდელ წარმატებაში თქვენს კოსტიუმებსაც უდიდესი წვლილი აქვს. გასაგებია, რაც მოიტანა იმ ორმა წელმა. 

- მხოლოდ ორი წელი არა, მთელი ბავშვობა სოლიკო ვირსალაძესთან ერთად გავატარე. ჩემი ბაბუა მეგონა, იმდენად ოჯახის წევრივით იყო ჩვენს ოჯახში. ბევრ რამეს ვნანობ ცხოვრებაში, მაგრამ მთავარს, ალბათ, ვნანობ იმას, რომ უფრო მეტ დროს არ ვატარებდი იმ ოთახში, სადაც ნინო, ილიკო და სოლიკო ისხდნენ, საუბრობდნენ და ბჭობდნენ, - რომ არ ვყლაპავდი, ღრუბელივით არ ვისრუტავდი ყველაფერს. დიდობაში უფრო ვცდილობდი... როცა უკვე ასაკში მყოფს ბებიაჩემის ნახვა მოუნდებოდა, დამირეკავდა ხოლმე, მანქანით მივაკითხავდი და მომყავდა. სოლიკო 1989-ში გარდაიცვალა. 80-იანი წლების ბოლოს, ეროვნული მოძრაობის, უშუქობის, უწყლობის და სიცივის დროს, ნინო და სოლიკო ბუხართან სხდებოდნენ და მახსოვს, მათი საუბრის ერთი მთავარი თემა იყო, სად იშოვონ შეშა (იცინის). ბუხართან მათი საუბრები მართლა საოცრებად დამამახსოვრდა. ორივეს ფანტასტიკური იუმორი ჰქონდა. მიმოიხილავდნენ ძველ ამბებს, თავისი თაობის ადამიანებს გაიხსენებდნენ, სოლიკო პეტერბურგში თავის მოღვაწეობაზე ყვებოდა, პეტრე ოცხელს და ვახტანგ ჭაბუკიანს იხსენებდა. ახალგაზრდებმა ხშირად არაფერი იციან სოლიკო ვირსალაძის შესახებ. ოცი წლის წინ, საიუბილეო წელს, გამოვეცი მისი ალბომი. შარშან, 110 წელი რომ შეუსრულდა, იუბილე გადავუხადეთ, კონცერტი გავმართეთ, მისი კოსტიუმები აღვადგინეთ. არანაირი ყურადღება არც სახელმწიფოსგან ყოფილა და არც არავისგან. მაგრამ მე იმის აღქმა მქონდა, რომ როგორც ბაბუაჩემს და ბებიაჩემს გამოვუცემ წიგნებს, ვუმართავ კონცერტებს და იუბილეებს ვუხდი, სოლიკო ვირსალაძესაც იგივე უნდა გავუკეთო. იმიტომ, რომ ჩემთვის მართლა ბაბუასავით იყო. ნინო და ილიკო სოლიკო ვირსალაძეს ანსამბლის მესამე შემქმნელად თვლიდნენ. არ არსებობდა, რომ ნინო რამიშვილისთვის რამე ეკითხათ ანსამბლის შემქმნელებზე და არ ეპასუხა: მე, ილიკო და სოლიკო. ეს თქვა თავის ბოლო ინტერვიუშიც: „შეიცვლება თაობები, შეიცვლებიან მოცეკვავეები, ცეკვებიც შეიცვლება, მაგრამ ილიკოს, სოლიკოს და ჩემ მიერ მოყოლილი საქართველოს ისტორია მუდამ დარჩება.“ 

- დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ინტერვიუს დავასრულებთ თქვენი კომენტარით ცნობილი ადამიანების ორ გამონათქვამზე. პირველი ციტატის ავტორია ფრანგი მწერალი ვიქტორ ჰიუგო (1802-1885): „ცხოვრება ჭეშმარიტად მშვენიერი მხოლოდ მაშინ არის, როდესაც მასში ჩადებულია ტრაგედია.“

- ეს ციტატა ასე მესმის, რომ თუ შენს ცხოვრებაში ტრაგედია არ არის, მშვენიერებას ბოლომდე ვერ დააფასებ. ალბათ, სიმწარე უნდა ნახო, რომ ცხოვრების სიტკბო გაიგო. ტკივილი ერთგვარი სტიმულიც არის. ილიკოზე ვიტყვი: მისი ცხოვრებისეული ტრავმა და ტკივილი შემდეგ ბევრი სიახლის შექმნის საფუძველი გახდა. მუშაობამ მისცა ის ბედნიერება, რომ ტკივილიდან გამოეყვანა. ყველას თავისი ტრაგედია აქვს, მაგრამ, ზოგადად რომ ვთქვა, ყველა ბევრად უკეთესად ვცხოვრობთ, ვიდრე ვიმსახურებთ. 

- მეორე ციტატა ეკუთვნის ბრიტანელ მსახიობს, ოდრი ჰეპბერნს (1929-1993): „თუ ოდესმე დახმარების ხელი დაგჭირდება, იცოდე, რომ გაქვს. ეს შენი საკუთარი ხელია.“

- აბსოლუტურად ვეთანხმები. მამაჩემი რომ გარდაიცვალა, მე და ილიკო პატარები არ ვიყავით, მაგრამ ორივემ ვიგრძენით ეს ობლობა. ძალიან მარტო დავრჩით და მაშინვე დაგვესივნენ. ჩვენი შეჭმა მოუნდა ყველას. ბევრმა იცის ხოლმე, შთამომავლობით ერგოთ და რატომ, როცა სახელმწიფო ანსამბლიაო?! არაფერი არ მოსულა თავისით. შთამომავლობით კი არ გვერგო, იმდენი შრომა გვაქვს ჩადებული. დღესაც, საკუთარი თავის გარდა, არავის იმედი არ მაქვს, არც საქმეში, არც ცხოვრებაში. ვიცი, რომ დახმარების ხელი უნდა იყოს ჩემი ხელი. ისევ ვუბრუნდები პანდემიის პერიოდს. მივხვდი, რომ არსაიდან არ იქნება შველა და გვერდზე დგომა. შენი გასაკეთებელია და შენ უნდა მონახო მდგომარეობიდან გამოსავალი, კარი რომ იკეტება, ალბათ, ფანჯრიდან უნდა შეხვიდე. 

- ერთი, რაც ნამდვილად გავიგე ამ პანდემიის პერიოდში, ის არის, რომ სანამ სხვები წუწუნებენ, თქვენ საქმეს აკეთებთ. დიდი მადლობა ყველაფრისთვის! 


 

ფოტომასალა: ირაკლი გედენიძე

გუნდი

ირაკლი გედენიძე

ზურაბ ქურციკიძე

გიო კუსიანი

გიორგი ურუშაძე

თამთა ყუბანეიშვილი

ნანა ყურაშვილი

ინგა ქორიძე