×
„თამაში მარტო პოკერი არ არის, თამაშია თვითონ ცხოვრება“

ტარიელ ჭანტურია

პოეტი


2416

ინტერვიუს შესახებ

მასთან საუბარი ფოიერვერკებით არის სავსე. მაგრამ ყველაფერს ვერ დაბეჭდავ. მთავარი შთაბეჭდილება ის არის, რომ გაცილებით მეტი მცოდნია ტარიელ ჭანტურიაზე - როგორც პოეტზე, ვიდრე - როგორც ადამიანზე. უარი თქვა რეჟიმთან კომპრომისზე, რადგან მთელი არსებით გესმოდეს, რომ „ანგარიშს აბარებ შორეულ მომავალს,“ - ამაზე დიდი ადამიანური წარმატება ძნელად წარმომიდგენია. 

ახლა ის დროა, როცა უკან მოიხედავს და წელგამართულია. ამისთვის იცხოვრა ისე, როგორც იცხოვრა, მაგრამ მაინც არ უყვარს ინტერვიუ და საკუთარ თავზე საუბარი.

ამიტომ, დიდ განძად მიმაჩნია, რომ საშუალება მაქვს, კიდევ უფრო ახლოს გაგაცნოთ ტარიელ ჭანტურია - ჩვენი ეპოქის ერთ-ერთი გამორჩეულად საინტერესო ადამიანი. 
 

ია ანთაძე

- ბატონო ტარიელ, ორი რვიანი (88 წელი) უკვე დაძლიეთ. ორ ცხრიანზე რას იტყვით?

- ორი ცხრიანი არის უბედურება. 

- რატომ?

- იმიტომ, რომ მოიხედავ უკან და შენი უსაყვარლესი ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა გაკრეფილია. შეარცხვინა ღმერთმა ამნაირი სიცოცხლე. ღმერთს ვთხოვე, მაგრამ ჯერ პასუხი არ მიმიღია - ყოვლისშემძლე ხომ ხარ და გააკეთე ისე, რომ სიკვდილშიც შეიძლებოდეს გამოძინება-მეთქი. ვთქვათ, სამი წელი მკვდარი ხარ, მერე წამოხტები, გახვალ ზემელზე... მარტო ზემელზე არა... ვერაფრით შევრიგებივარ იმას, რომ ადამიანი მოკვდავია.

- თქვენ ბევრჯერ დაამტკიცეთ, რომ თავისუფალი ადამიანი ხართ. ამ 88 წლის განმავლობაში, თქვენ მიერ გადადგმულ ყველაზე თამამ ნაბიჯად რა მიგაჩნიათ? 

- ერთ ამბავს გეტყვით. თავის დროზე, ედუარდ შევარდნაძემ გადაწყვიტა, რომ ახლად დანიშნულ პარტიის გენერალურ მდივანს, ანდროპოვს, მოაწონოს თავი. ანდროპოვი, თურმე, ვერ იტანდა შევარდნაძეს. ამიტომ, გეგმა იყო ასეთი: ქართველი ინტელექტუალები, პოეტები, მწერლები, მხატვრები - რომლებსაც კომპარტიის გაგონება არ უნდოდათ - როგორც კი ეს „ანგელოზი“ „გენსეკი” გაჩნდა, უნდა შევარდნილიყვნენ პარტიაში. შევარდნაძემ კონკრეტული ადამიანები შეარჩია და შეუთვალა: კომპარტიაში შესვლის სანაცვლოდ, ჭაბუას ნიშნავდა დოკუმენტური კინოსტუდიის დირექტორად, მე მნიშნავდა „ლიტერატურული საქართველოს“ რედაქტორად და ოთარ ჭილაძეს - „მნათობის“ რედაქტორად. ეს წინადადება რომ მივიღეთ, მთელი ღამე არ მძინებია. მწერალთა კავშირის თავმჯდომარე ნოდარ დუმბაძე იყო. მეორე დღეს მასთან უნდა მივსულიყავით და პასუხი გვეთქვა. დილა რომ გათენდა, მივედი და ვუთხარი: ნოდარ, ძმაო, მთელი ღამე არ მეძინა; ბოდიშს გიხდი, უარით მოვედი-მეთქი. „ბიჭო, თქვენ მოლაპარაკებული ხართო?“ თურმე, ოთარ ჭილაძე ყოფილა ჩემამდე ათი წუთით ადრე და უთქვამს, მთელი ღამე არ მეძინა და გადავწყვიტე, უარი გითხრაო. 

- მაშინ ეს მართლაც თამამი ნაბიჯი იქნებოდა. 

- კომპარტია გთავაზობს თანამდებობას, მას უნდა შენთან ურთიერთობა და შენ უარს ეუბნები. ამ დროს, ის ფლობს ათას ხერხს იმისთვის, რომ შეგავიწროვოს, როგორც მწერალი და ბევრი მიმართულებით შეგზღუდოს. მაგრამ სხვანაირად მოქცევა არ შემეძლო. კატორღელი დედ-მამის შვილი ვიყავი. 

- ვისთან გაიზარდეთ? 

- ბებიამ გაგვზარდა, მამაჩემის დედამ. ასინეთი, ზოიძის ქალი, რვა შვილის დედა იყო და რვავე შვილის სიკვდილს მოესწრო. ჩვენ რომ მოგვივლიდა, ხაჭაპურს ან კვერს გამოგვიცხობდა, მერე უკან აივანზე გავიდოდა, საიდანაც შორს, ორი კილომეტრის იქით, შემაღლებულ ბორცვზე მოჩანდა სასაფლაო. ჰოდა, იქით იყურებოდა და ამბობდა: შვილო, ვასოია... შვილო პროკოფი... შვილო ნატაშა... შვილო... შვილო... ასე სახელებით ტიროდა რვავე შვილს. 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

- ძლიერი ქალი ყოფილა. 

- არა, ძალიან უბედური იყო. არ ჯობდა, ადრე წასულიყო?! 

 

 

„ვიყავით ნიჭიერები, მაგრამ  ბედისგან გამეტებულები.“

 

 

- სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრეთ და ოჯახის მხრიდან რა ხელშეწყობა გქონდათ, რომ ასე კარგად გესწავლათ? 

- არაფერი არ მჭირდებოდა. ტრაბახი კი არ არის, რასაც ვამბობ - ჩემს კლასში ერთადერთი ვიყავი, გამორჩეული, მაგარი მკითხველი. მასწავლებელი ყოველთვის მოკრძალებით მაძლევდა შეკითხვებს. 

- მაგრამ არა ფილოლოგიის, არამედ მათემატიკის ფაკულტეტზე აპირებდით ჩაბარებას. 

- ყველა საგანი კარგად ვიცოდი, მათემატიკაც, ფიზიკაც, სხვა საგნებიც. დიახ, ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე ჩასაბარებლად მივედი უნივერსიტეტში. იქ ოქროს მედალს დადებდი და წახვიდოდი, სხვა არაფერი მოგეთხოვებოდა. მივედი ჩემი ოქროს მედლით და ვხედავ, ფიზიკის ფაკულტეტზე შესვლის მსურველები არ არიან და გვერდზე, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე შემსვლელების დიდი რიგია. ახლად დაარსებული ფაკულტეტი იყო. მეც იქ შევედი. ჩვენი ჯგუფი პატარა მწერალთა კავშირი გეგონებოდა: მე ვწერ ლექსებს, ოთარ ჭილაძე წერს ლექსებს, ზურაბ რცხილაძე წერს ლექსებს, ჯანსუღ ჩარკვიანი წერს ლექსებს, ვახტანგ ჯავახაძე წერს ლექსებს... მერე სულ ერთად ვიყავით: მივდიოდით, პურს ვჭამდით ერთად, პოკერს ვთამაშობდით ერთად, ვმღეროდით ერთად... 

- მოგვიანებით, თქვენს სამეგობროზე წერდით, ძალიან ბედკრული თაობა იყოო. კონკრეტულად, რას გულისხმობდით?

-  იმას ვგულისხმობდი, რომ იგივე ოთარ ჭილაძე, იგივე გივი გეგეჭკორი, სხვები - უმეტესობა კატორღელების შვილები ვიყავით, ტანჯული ადამიანები, ღატაკები. გავიმეტოთ ეს სიტყვაც - ამავე დროს, ვიყავით ნიჭიერები, მაგრამ  ბედისგან გამეტებულები. შემდეგ ისეთი გრძნობა გაგვიჩნდა ერთმანეთის მიმართ, რომ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე კი არ ვიყავით, არამედ, ვიყავით ჩვენს ოჯახში. 

- მოგვიანებით, როცა სერიოზული ლიტერატურა შექმენით, ისევ შეინარჩუნეთ ეს ახლო ურთიერთობა? 

- იქაც, „სამოციანელები“ მაინც ერთად ვიყავით. იგივე ოთარ ჭილაძე, იგივე გივი გეგეჭკორი, იგივე ჯანსუღ ჩარკვიანი, იგივე ვახტანგ ჯავახაძე, იგივე რეზო ინანიშვილი. შენ შენი ნაწერი, ინსტინქტი, სისხლი, სინდისი - ყველაფერი გავალდებულებს, რომ ის ვახტანგ ჯავახაძე რომ არის, ძმაა შენი; ოთარ ჭილაძე რომ არის, ძმაა შენი; იმის ძმა რომ არის, თამაზი - ისიც შენი ძმაა. ეს ჩვენი თაობა, უბედური თაობა, ამ უბედურებით იყო გაერთიანებული, ერთმანეთის მხარდამჭერი... გაგიკვირდებოდა კიდეც, ისე დაგიდგებოდა ვიღაც გვერდით, შენ რომ გაგიჭირდებოდა. მოიხედავდი და შენსავით ტანჯული ადამიანები გედგნენ  გვერდით. 

- ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ოქროს მედლით მიხვედით, მაგრამ, როგორც პოეტი, ყოველთვის ურჩი ექსპერიმენტატორი იყავით და ბევრს საერთოდ არ ესმოდა, რას წერდით. მშობლების გარეშე გაზრდილი „ხუთოსანი ბიჭი“ როდის გახდით ასეთი თამამი? 

- შერიგებული ვიყავი ამ ამბავს, რომ კატორღელების შვილი ვარ და ვცდილობდი, ისე მეცხოვრა, სირცხვილი არ მეჭმია ჩემი დედისთვის და მამისთვის. მაგალითად, თავიდანვე ვიცოდი, რომ არ უნდა შევსულიყავი პარტიაში. გამეტებული მქონდა ჩემი თავი.  რაღაცას რომ ვწერ, ან ჩემი ცხოვრების წესი რომ არის ასეთი - შედარებით თავისუფალი, შედარებით მართალი, კომუნისტური სტანდარტისთვის სადღაც მიუღებელი, სადღაც უსიამოვნო - ამას არაფრად ვაგდებდი. ბოლო-ბოლო, რა იქნებოდა? ვთქვათ, დამიჭერდნენ. პროკოფი ჭანტურიასავით მეც წამიყვანდნენ ციხეში. 

- თავისუფალ ადამიანად შინაგანი გარდაქმნა როდის მოხდა? 

- შენი მდგომარეობა გკარნახობს, რომ თავისუფალი კაცი ხარ, რომ სოციალისტური რეალიზმი არ არის შენი საქმე, თუმცა, სოციალისტური რეალიზმის მოტივით შექმნილი პოეზია, პროზა, დრამატურგია მეფობს ირგვლივ. 

- გამოდის, თქვენი ოჯახის ისტორია უდევს საფუძვლად თქვენს ხუთოსნობასაც და თქვენს თავისუფლებასაც.

- კომუნისტური რეჟიმის დანახვა არ მინდოდა. რომ შეცვივდნენ ჩემი კოლეგები პარტიაში - ვენაცვალე მაგათ! - და მე და ოთარ ჭილაძე რომ არ შევედით, ჩვენც შემოგვთავაზეს, კი ბატონო. შენ რომ არ შეხვედი, ამბავი აქ კი არ მთავრდება?! ამ დროს უკვე ჩაგწერეს „შავ სიაში“ - მათთვის მიუღებელი გახდი. ამიტომ, უნდა იცხოვრო ერთი რიგითი, საწყალი ადამიანის ცხოვრებით. 

- ადრე ამბობდით, ვინმემ უნდა დაწეროს მეოცე საუკუნის ლიტერატურის ისტორია, თუნდაც, მწერალთა კავშირის ისტორია - ვინ რა იყო, ვინ უღალატა თავისუფლების იდეალებს, ვინ დარჩა ერთგულიო. თითქოს, თქვენც აპირებდით, რომ საკუთარი გამოცდილება გაგეზიარებინათ მკითხველისთვის. გადაიფიქრეთ, თუ რა მოხდა? 

- მარინა ცვეტაევა, ცნობილი რუსი პოეტი, თავის მკითხველებს ასე მიმართავს: Целую вас через сотни разъединяющих лет. ჭეშმარიტი მწერალი, ჭეშმარიტი პოეტი ანგარიშს აბარებს შორეულ მომავალს. გამგებელს კი არა, პრეზიდენტს კი არა, შორეულ მომავალს აბარებს ანგარიშს. შენც თუ ეს გზა აირჩიე, რომ არ გინდა კომპარტია, მაშინ იმავე გზას ადგახარ, რა გზასაც ადგნენ ისინი, ვინც მომავლის საქართველოს აბარებდა ანგარიშს. და ცხოვრობ ასე, შესაბამისად.  

- მაგრამ მომავალმა თაობამ ყოველთვის არ იცის, როგორ ცხოვრობდა წინა თაობა. 

- ყველამ ყველას შესახებ ყველაფერი იცის. 

- ახალმა თაობამ რომ არ იცის? 

- ყველამ ყველას შესახებ ყველაფერი იცის. 

- რომ არ დაწერილა არსად? 

- დაიწერება და ითქმება. „იმათაც“ იციან, რომ ყველაფერი დაიწერება, ითქმება და ამიტომ ცოტა უხერხულობას გრძნობენ იმ სიმართლის წინაშე, რომელიც უკვე დადგა. ახლა ვეღარაფერს შეცვლი. ოთარ ჭილაძეს რომ შესთავაზეს, პარტიაში შედი და „მნათობის“ რედაქტორად გნიშნავო, ეს წინადადება მოგცა უმაღლესმა ხელისუფალმა, ედუარდ შევარდნაძემ. როცა მას გააწბილებ, უარს ეტყვი, ის სადღაც, ვირტუალურ დონეზე, უკვე შენი მტერია. თუ უნდა მწერლებისთვის სიკეთის გაკეთება, საჩუქარი, პრივილეგია - შენ იმათ რიცხვში ვერ მოხვდები. ამას უნდა შერიგებოდი, თუ გინდოდა, რომ საკუთარი მორალი გადაგერჩინა. თუ არადა, რა უნდოდა პარტიაში შესვლას? თანამდებობას მოგცემდნენ, მანქანა მოგემსახურებოდა, კარგი ხელფასი და კარგი ცხოვრება გექნებოდა. კი არ ვამბობ, ამაზე უარის თქმა გმირობაა-მეთქი, მაგრამ აქედან რომ გაიხედავ, არჩევანი ხომ არის? შენ აკეთებ ისეთ არჩევანს, რაც შენი კარგი ცხოვრების წინააღმდეგია. მაგრამ რომ მოიხედავ და შენი წარსულის არ გრცხვენია, ეს ძალიან კარგია. მოიხედავდა, ვთქვათ, ოთარ ჭილაძე და არ რცხვენოდა თავისი წარსულის. 

 

 

„რაც ვიცი, იმას ჩემს მკითხველებს არ დავუკარგავ.“  

 

 

- თქვენ რომ თქვით, მე-20 საუკუნე ვის რა რეკომენდაციას გაატანს 21-ე საუკუნეში, ეს არის მნიშვნელოვანიო, როგორ ფიქრობთ, თქვენი თაობიდან ვის გაატანა საუკეთესო რეკომენდაციები მე-20 საუკუნემ? 

- ახლა მეკითხებით, ჩვენი თაობიდან საუკეთესო მწერლები და პოეტები ვინ არიან? მტრები გავიჩინო? ეს ხომ იწერება? 

- დიახ, იწერება. 

- მაშინ, არ გეტყვი. 

- მეც მაშინ ასე გკითხავთ, 21-ე საუკუნის ბოლოს ვის წაიკითხავენ, თქვენი თანამედროვეებიდან? 

- რად უნდა ამას ჩემი ჩამოთვლა? არის ნაღდი ხალხი. ჭეშმარიტების გამხელა იოლია, მაგრამ მისი დაცვა რთულია. არის სიმართლე, რომლის დაწერისგან და რომელზე ლაპარაკისგანაც, ჯერჯერობით, თავს ვიკავებ. 

- რატომ? 

- იმიტომ, რომ არსებობს უზარმაზარი, სამასგვერდიანი ბლოკნოტი ჩემს საწერ მაგიდაზე, რომელშიც ყველაფერი წერია. მომავლის წლებს ჩავაბარებ ანგარიშს. რაც ვიცი, იმას ჩემს მკითხველებს არ დავუკარგავ.  

- ჩანაწერებს რომ აქვეყნებდით, ბევრჯერ სახელით და გვარით გითქვამთ ადამიანებზე, რაც არ მოგწონდათ. 

- დიახ, ზოგიერთი რამ პირდაპირ მაქვს ნათქვამი, მაგრამ ჯერ მაინც ყველაფერს ბოლომდე არ ვამბობ.  

- თქვენს თავზე რომ თქვით, ბალანსი ქებას და გინებას შორის გასწორებული მაქვსო, ანუ იმათ შორის ბალანსს გულისხმობდით, ვინც გაქებდათ და ვინც გკიცხავდათ. არ ფიქრობთ, რომ ახლა ეს ბალანსი თქვენს სასარგებლოდ არის შეცვლილი? 

- არა, ეს იუმორის რეჟიმში ნათქვამი ფრაზაა. მართლა ხომ არ დამითვლია, ვინ შემაგინა და ვინ შემაქო?! „ლიტერატურულ გაზეთში“ ვნახე, დაბეჭდილია სტატია: „სად არის პოეზია? ლექსი, როგორც პრობლემა“. ქალბატონ ირმა შიოლაშვილს სთხოვენ, დაასახელეთ ქართული პოეზიის თქვენი ათეულიო. და ასახელებს: ოთარ ჭილაძე, ანა კალანდაძე, ლია სტურუა, გიორგი ლობჟანიძე, დიანა ანფიმიადი, ლია ლიქოკელი, ლელა სამნიაშვილი, ელა გოჩიაშვილი, რუსუდან კაიშაური. შეხების წერტილი რომ არ აქვს პოეზიასთან, იმას წერ ქართველი პოეტების ათეულში? ამას სთავაზობ მკითხველთა სამყაროს? 

- ბევრ ვინმეს ადრეც არ ესმოდა, თქვენ რას წერდით, რადგან მეტისმეტად ინოვაციური და უცხო იყო თქვენი პოეზია. 

- მაგრამ მათ გასაგებადაც ვწერდი ბევრ რამეს. 

- რაღაც ნაწილს მაინც არ ესმოდა და მაგიტომ გედავებოდნენ. 

- ყველას რომ ესმის - ასეთი ჭეშმარიტი პოეზია არ არსებობს. საერთოდ, ლექსი არის პოეზიის ჭურჭელი. იმ ჭურჭელში პოეზია ან ასხია, ან არა. ვიმეორებ და ვიმეასებ - ლექსი არ ნიშნავს პოეზიას. უამრავი ლექსია, რომელშიც პოეზია საერთოდ არ არის. მაგრამ პოეზია თუ არის, ის არ ძველდება. რაც არ უნდა ცუდ ჭურჭელში ჩაასხა, მაინც მშვენიერი დარჩება. არიან ადამიანები, რომლებმაც წერეს, წერეს მთელი ცხოვრება, უამრავი ლექსი აქვთ დაწერილი, მაგრამ პოეზია იქ არ არის საერთოდ. იაპონური ტანკაა ერთი, შვილის სიკვდილზე:

 
„ჩემო პეპლების მადევარო ლამაზო ბიჭო, რომელ იდუმალ ქვეყანაში შესდიე პეპლებს?!“ - აი, ესაა პოეზია. კი არ მოკვდა ის ბაღანა, გაქრა... გაეკიდა  - ამას ამბობს ის, მისი ჭირისუფალი.

მე მაქვს ერთი ძველი ლექსი:

 
„დედა წვებოდა ყველაზე ადრე, რომ მე ლოგინი მქონოდა თბილი. ის ადრე მოკვდა, ვინ იცის, იქნებ, ცივი სამარის გათბობაც სურდა.“

 

- ცენზურაზე მინდოდა, მეკითხა - რამდენად რთული იყო მასთან გამკლავება თქვენთვის, როგორც ინოვაციებით გამორჩეული პოეტისთვის?

- ცენზურას არაფერი ეშველებოდა. მთავარი მაინც ის იყო, რომ შენი მორალი უნდა დაგეცვა ტანჯვის ფასად, სიღარიბის ფასად, დამცირების ფასად.

- ვინ ბედავდა, მაგალითად, თქვენს დამცირებას? 

- ხელისუფლება. რამდენჯერ მოვხვედრილვარ შევარდნაძის მოხსენებაში. თავის დროზე, გაზეთ „მამულის“ რედაქტორად დამნიშნა რუსთაველის საზოგადოებამ, მისი გაზეთი იყო. მაშინ შევარდნაძე მოსკოვში მუშაობდა. შეშინებული გაზეთი იყო, მაგრამ კომუნისტურ რეჟიმს ებრძოდა, როგორც შეეძლო. გავრცელდა ხმები, შევარდნაძე უნდა ჩამოვიდეს საქართველოს პრეზიდენტადო. მაშინ გამოვაქვეყნე წერილი: „კიდევ ერთი ჭორი“, სადაც ვწერდი: „ხმები დადის ასეთი, რომ შევარდნაძე უნდა დაბრუნდეს საქართველოში. ედუარდ შევარდნაძე - საქართველოს პრეზიდენტი? თავისუფლების წყურვილის გამჟღავნებისთვის გოგო-ბიჭების დამხვრეტი, საკუთარი ძმაკაცის დამხვრეტი...“ და ასე შემდეგ... ჩამოთვლილი მქონდა სხვადასხვა ფაქტი. დაიბეჭდა თუ არა გაზეთი, მეორე დღეს შევარდნაძეც ჩამოფრინდა მოსკოვიდან. წავიდა, დმანისი, ბოლნისი მოიარა. მერე, საღამოს, ტელევიზიით გამოვიდა და ბევრი ილაპარაკა... უცებ ამბობს: „რა მინდოდა, მეთქვა. მწარე წერილი დაბეჭდილა ჩემზე. მე მინდა ვუთხრა ჩემს საქართველოს, მშობლიურ ქვეყანას, რომ ჩემი იქ, კრემლში, მარტო არსებობის ფაქტიც კი უზარმაზარი სიკეთეა საქართველოსთვის.“ გავიდა რამდენიმე თვე და 11 ივლისს ჩემი დაბადების დღეა. გადავშალე ერთ-ერთი გაზეთი (მგონი, „საქართველოს გაზეთი“ ერქვა) და ვხედავ, შევარდნაძე მილოცავს დაბადების დღეს - მე, „კიდევ ერთი ჭორის“ ავტორს. აი, მაშინ მივხვდი, რომ ევროპის მასშტაბით ამაზე დიდი შებერტყილი არ არსებობდა. 

- თქვენს ლექსებში ბევრი იუმორია. ესეც იგავური ენის ნაწილია? 

- ზოგჯერ იუმორით ძალიან სერიოზული რამ შეგიძლია, თქვა. (აქ ამბობს ოთხსტრიქონიან ლექსს, სკაბრეზული ფრაზით). პოლიტიკური ეშმაკობის გზა არის იუმორი, სათქმელი რომ გაქვს და შეფარულად ამბობ, ისევ მკითხველის იმედით. კარგი მკითხველი ყოველთვის მიხვდება, როცა მიკიბულ-მოკიბულად ამბობ სიმართლეს. 

- ახლა, ამ ეპოქაში ვინ არის პოეზიის მკითხველი? თქვენ ადრე თქვით, მალე პოეზია ელიტის სიყვარულის საგნად დარჩებაო. მოვიდა ეგ დრო?

- პოეზიას ჭეშმარიტი მკითხველი ყოველთვის ცოტა ჰყავდა. ვთქვათ, მკითხველების 5-6%. საზოგადოების დიდ ნაწილს ლექსი ჰგონია პოეზია. არადა, ჭეშმარიტ პოეზიას ყოველთვის ლექსი არც სჭირდება. ზოგჯერ ამბობენ, რომ ლექსს იშვიათად თარგმნიან, თუნდაც, გალაკტიონის ლექსებს. არსებობს ვერსიფიკაციული, ანუ ლექსთწყობის ხელოვნება. გალაკტიონი ვერსიფიკაციული ხელოვნების დიდოსტატია. არ თარგმნიან კი არა, ვერ თარგმნიან. რა უნდა თარგმნონ? ბრწყინვალე ვერსიფიკაციული შედევრები? პოეზიის თარგმნა არ არის პრობლემა, მაგრამ ვერსიფიკაციული შედევრების თარგმნა შეუძლებელია. 

- არაერთხელ დაგიწერიათ იმის შესახებ, რომ პოკერს თამაშობდით ჭაბუა ამირეჯიბის სახლში. ეს თემა თან გასდევდა თქვენს ცხოვრებას. ზოგისთვის ნეიტრალური ამბავი იყო - მერე რა, რომ თამაშობდით; ზოგი გკიცხავდათ ამის გამო, თქვენც, მურმან ლებანიძესაც, ალბათ, სხვებსაც. 

- მე რუსთაველის პრემიის კომიტეტში ვმუშაობდი, თავმჯდომარის მოადგილე ვიყავი. მერე თავმჯდომარე გავხდი. მურმანიც იქ მუშაობდა. ვინც მიიღებდა ამ პრემიას, იმიტომ მიიღებდა, რომ კარგი მსახიობია, კარგი რეჟისორია, კარგი კომპოზიტორი ან მხატვარია. ვინც არ მიიღებდა, ამბობდნენ: „რას მოგცემდნენ ეგ ჟულიკები, კარტოჟნიკები“. იცოდნენ, რომ მე და მურმან ლებანიძე მოთამაშეები, პოკერისტები ვიყავით. მარტო ჩვენ არა, ოთარ ჭილაძე, გურამ საღარაძე, ჭაბუა ამირეჯიბი, ოთარ მეღვინეთუხუცესი, სხვებიც... პატარა წერილი დავწერე. კი-მეთქი, ცოდვილები ვართ, ვთამაშობთ, მაგრამ იქნებ საინტერესო იყოს, ვინ არიან ეს მოთამაშეები, ეს „ჟულიკები“. ჩამოვწერე გვარები. ამის მერე დაანებეს თავი ჩვენს ლანძღვას. 

 

 

„ის, რაც ასე რთულია აქ - ეს ცხოვრება, არ შეიძლება ასე მარტივი იყოს იქ - რომ მოკვდე და გათავდეს ყველაფერი.“

 

 

- თქვენთვის რა იყო პოკერი?

- კულტუროლოგიაში „Homo Ludens“, ანუ „მოთამაშე კაცი, უაღრესად საინტერესო ფენომენად ითვლება. ჩვენთან თუ გაიგებდნენ, რომ ვინმე კარტს თამაშობს, ან ნარდს თამაშობს, ყველას „ჟულიკებს“ და „კარტოჟნიკებს“ ეძახდნენ. ვისაც არასოდეს არაფერი უთამაშია, ის ადამიანი - კი ბატონო, კარგი კაცია, კარგი ოჯახიშვილია - მაგრამ საინტერესო პერსონა ვერ იქნება. თამაში მარტო პოკერი, ნარდი და ჭადრაკი არ არის. თამაშია თეატრი, თამაშია კინო, თამაშია არქიტექტურა, თამაშია ხატვა, თამაშია სიყვარული და თამაშია თვითონ ცხოვრება. ამიტომ, მოთამაშე კაცი ბევრად საინტერესო მოვლენაა, ვიდრე ადამიანი, რომელსაც არ გაუხედავს არც თეატრისკენ, არც კინოსკენ, არც ნარდისკენ. 

 
- რამდენ ხანში ერთხელ თამაშობდით, ბატონო ტარიელ? - არავის საქმე არაა, გენაცვალე!

იყო ხალხი, ვინც ამის გამო გვერჩოდა და გვებრძოდა. ეს არის ჩვენი ცოლი, ეს არის ჩვენი სიდედრი. 

-  გასაგებია, დეტალებზე არაფერს გკითხავთ. მხოლოდ ის მითხარით, როცა თამაშობდით, თუ გქონდათ განცდა, რომ რაღაც ისეთს აკეთებდით, რაც სისტემის საწინააღმდეგო იყო?

- რაც არის თეატრი, კინო და ასე შემდეგ... იმ სამყაროსია ის თამაშები. ხუთი კაცი რომ ზის და თამაშობს - ოთარ ჭილაძე, ჭაბუა ამირეჯიბი, გურამ საღარაძე, თამაზ ჭილაძე, მურმან ლებანიძე - ეს არ არის ჩვეულებრივი ამბავი, ეს დიდი თამაშია. დიდი მასშტაბის ამბავია. მაგრამ ამ ამბავს ყოველთვის ახლავს ის გაგრძელება, რომ წახვედი, 150 ლარი გედო ჯიბეში, ითამაშე პოკერი, წააგე. ეს რაღაც დონეზე აისახა შენს ოჯახზე: შენს შვილიშვილს ვერ მიუტანე შეპირებული შოკოლადი. ცოლს ვერ უყიდე ლიმონათი. გასაგებია, წაგება ცუდია და მოგება კარგია. მაგრამ ეს წაგება და მოგება არის ცხოვრება. ახლა წიგნს რომ ვწერ, ასეთი სათაური აქვს: „წაგებული კაცი, წაგებული ქალი“. დიდი ანგარიშით თუ ვილაპარაკებთ, თუ სიკვდილ-სიცოცხლიდან გამოვალთ, წაგებულია ყველა კაცი და წაგებულია ყველა ქალი. მაგრამ ჩვენ ამით არ ვცხოვრობთ, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ცხოვრება აქ არ მთავრდება და ედემში ამოვყოფთ თავს, ერთ მშვენიერ დღეს... ცოტა მოგვიანებით. მე, მაგალითად, ძალიან  მჯერა: ის, რაც ასე რთულია აქ - ეს ცხოვრება, არ შეიძლება ასე მარტივი იყოს იქ - რომ მოკვდე და გათავდეს ყველაფერი. ასე რომ, მე, 88 წლის კაცი, მალე გავემგზავრები ედემში...

- რომანს წერდით, მგონი. 

- არ დაადგა საშველი. აი, საქაღალდეები (ათზე მეტ საქაღალდეზე უთითებს) - ეს არის პროზა. არ გამიხედავს ამისკენ 5-6 წელია. ახლა დათქმული მაქვს დრო - ერთი თვის მერე აღარაფერს გავაკეთებ, ამის გარდა, რომ მოვასწრო. ჭაბუა 94 წლის გარდაიცვალა და მინდა, მისგან გადავიწერო ეს 94 წელი. 

- ლექსების კრებულზეც ხომ მუშაობთ? 

- დასაბეჭდი მაქვს ბევრი ლექსი, გამზადებულია უკვე. ერთ ლექსს მოვძებნი და წაგიკითხავთ.

 
(ეძებს და თან ღიღინებს)

 

(ნაწერს ვერ პოულობს და ზეპირად ამბობს)

 
„ქარი ქრის და ქრის და ქრის და.../ქრისტე, ქრისტე, ქრისტე, ქრისტე.../ქარი ქრის და ქრის და ქრის და.../ქრისტე, ქრისტე, ქრისტე, ქრისტე.../ქარი ქრის და ქრის და ქრის და.../ქრისტე, ქრისტე, ქრისტე, ქრისტე.../ქარი ქრის და ქრის და ქრის და.../ ქრისტე, ქრისტე, ქრისტე, ქრისტე!“

ვარგა?

- არასდროს დაგავიწყდება, ისეთია. ბატონ ვახტანგ ჯავახაძესთან მქონდა ინტერვიუ და მას ვეკითხებოდი, ძველ დროში პატიოსანი ცხოვრება ადვილი იყო თუ ძნელი-მეთქი. მითხრა, ახლა ჩემი ცხოვრება იოლიაო. თქვენ თუ იტყოდით თქვენს თავზე, რომ ახლა თქვენი ცხოვრება იოლია?

- ჩემი ცხოვრება არასდროს იყო ადვილი და არც ახლა არის ადვილი. ხომ გითხარით, ჩემთვის ისიც კი მიუღებელია, რომ ადამიანი მოკვდავია. 

 

 

„ოთარ ჭილაძეს ისეთი ტენორი ჰქონდა, საჭირო რომ ყოფილიყო, შეეძლო, სცენაზე გასულიყო.“ 

 

 

- რთული კითხვა მაქვს. არაჩვეულებრივი მეგობრები და ახლობლები გყავდათ, მაგრამ ვინ გახსენდებათ პირველი - ყველაზე საინტერესო ადამიანი ვინ იყო მათ შორის?

- არა, არა, ასე არ მინდა. უამრავი საინტერესო მეგობარი მყავდა, რომლებსაც დიდ პატივს ვცემდი. 

- ვერავის გამოარჩევთ? 

- ვერა. არ მინდა. პოკერისტები, მაგალითად, ვისთანაც ღამეები მაქვს ნათევი, ვისთანაც პურს ვჭამდით, ვქეიფობდით. მე, ოთარ ჭილაძე, გივი სამსონაძე (ირაკლი სამსონაძის მამა), ჯანსუღ ჩარკვიანი, ზურაბ რცხილაძე - ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ვსწავლობდით და ერთად ვმღეროდით. ყოველგვარი ტრაბახის გარეშე ვამბობ - კარგად ვმღეროდით. იმ დროს, 60-70-იან წლებში, მოდაში იყო რესტორანში ღვინის გაგზავნ-გამოგზავნა, სუფრების გადახდაც. ერთი ბოთლის ფულით შევიდოდით, წავიდოდა სიმღერა და წამოვიდოდა ღვინო, იხდიდნენ სუფრას. გული მწყდება, ისეთი სიმღერები იყო... როგორ ჭკუა არ გვეყო, რომ ერთი სიმღერა მაინც ჩაგვეწერა და დაგვეტოვებინა. წავიდა ის ხალხი...

- რას მღეროდით? ხალხურ სიმღერებს თუ ქალაქურს? 

- ხალხურსაც, ქალაქურსაც, ყველაფერს. ოთარ ჭილაძეს ისეთი ტენორი ჰქონდა, საჭირო რომ ყოფილიყო, შეეძლო, სცენაზე გასულიყო. 

- თქვენმა თაობამ ყველაზე დიდი ცვლილება რა მოიტანა ქართულ ლიტერატურაში? რა მხრივ არის დღემდე მნიშვნელოვანი 60-იანელთა თაობა, თქვენ როგორ აფასებთ? 

- კომუნისტური რეჟიმის ქვეშ მყოფი მწერლობა გადადეს გვერდზე და უარი თქვეს კომუნისტურ იდეოლოგიაზე. ამით დაიმსახურეს ხელისუფლების ლანძღვა, გინება, ათასნაირი ხრიკი, რითიც გაირთულეს ცხოვრება. 

- გეგულებათ რაიმე ნაწარმოები, რომელიც უჯრაში იდო რეჟიმის გამო და მხოლოდ მოგვიანებით დაიბეჭდა? 

- ბევრია ასეთი. მაგალითად, იგივე შოთა ჩანტლაძის შემოქმედება მთლიანად. სტრიქონი არ დაუბეჭდავს კომუნისტური რეჟიმის დროს. 

- არ უბეჭდავდნენ?

- არ ბეჭდავდა თვითონ. 

- ძირითადად მაინც, ვინც რას წერდა, ხომ იბეჭდებოდა? 

- კი, მაგრამ გაჭირვებით. ჩვენი ჭკუის ადამიანები ყოველთვის იყვნენ მთავრობის ყურადღების ცენტრში. 

- ეგ ხელს გიშლიდათ, რომ დაგეწერათ ის, რაც გინდოდათ? 

- არა, არასდროს. სამუშაო მაგიდასთან თავისუფალი ხარ. არჩევანს მერე აკეთებ - რა დაბეჭდო და რა - არა. მაგიდასთან რომ დაჯდები, უსინდისო არ უნდა იყო. რატომ არ შემეძლო, დამეწერა კომპარტიისადმი მიძღვნილი ლექსი? მაგრამ უნდა გცოდნოდა, რომ ანგარიშს აბარებ შორეულ მომავალს; იმ შორეული მომავლის უნდა გეშინოდეს. 

- შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო თქვენი ცხოვრების მთავარი პრინციპი?

- ძალაუნებურად, გინდა-არგინდა, ასე გამოვიდა. შეგეძლო, უკეთესი ბინა მიგეღო, მანქანა გყოლოდა, კარგი სამსახური გეშოვნა. იყვნენ ჩვენ გვერდით ასეთები, ვმეგობრობდით კიდეც მათთან. 

- ახლა მინდა, გთხოვოთ, გაიხსენოთ ერთი ამბავი, რომელსაც დღესაც არ დაუკარგავს თქვენთვის მნიშვნელობა. 

- დეიდა მაკა, ჭაბუას დედა, კატორღელი ქალი იყო. ჰოდა, ერთხელ დამირეკეს, დეიდა მაკას სურათები ვნახეთ, კატორღაში გადაღებული და მოდი, შენ დაგაინტერესებს, როგორც კატორღელების შვილსო. მივედი, ვათვალიერებ და ფოტოზე ხუთ კატორღელ ქალს ვხედავ. სამნი სხედან. შუაშია დეიდა მაკა, ჭაბუას დედა. ორი დგას და მათ შორის ერთი დედაჩემია. მოწაფეებივით ვტიროდით ნახევარი საათი მე და ჭაბუა. ჭაბუას დედა და ჩემი დედა თუ დაქალები იყვნენ კატორღაში, ამას ჩვენ ვერ წარმოვიდგენდით. მინდა, ეს სურათი დავბეჭდო, სერიოზული წერილი-კომენტარით. ეს არის ქართული ფენომენის უბედურება, ჩვენი ბედი, ჩვენი იღბალი... ათასი რაღაცაა. ძალიან სერიოზული საფიქრალი და დასაწერია. იმას, რასაც ახლა არ ვამბობ, იქ ვიტყვი. „დღის ბოლოს“, ალბათ, თუ მოვესწარი... 88 წლის არ ყოფილხარ არასოდეს, არა?

- ჯერ არ ვყოფილვარ. 

- გახდები და გეტირება ყოფა (იცინის). 

- თქვენ რომ გიყურებთ, ასე ყოჩაღად თუ ვიქნები, ნამდვილად არ ვიტყვი საყვედურს. სულ ბოლოს, მინდა, გკითხოთ, მთლიანობაში, როგორც შემოქმედი, თქვენი მკითხველის კმაყოფილი თუ ხართ? არიან თუ არა მკითხველები თქვენი ნიჭის და შემოქმედების შესაბამისი? 

- რა თქმა უნდა. მოხდა ასეთი ფაქტი, რომ ლიტერატურის ინსტიტუტის, სახელმწიფო უნივერსიტეტის და მწერალთა კავშირის წარმომადგენლებმა მეოცე საუკუნის ქართველი პოეტების ათეული გამოავლინეს ფარული კენჭისყრით. ამ ათეულში მოხვდა ჩემი სახელი და გვარი. გალაკტიონ ტაბიძე, გიორგი ლეონიძე, ტიციან ტაბიძე, ლადო ასათიანი და ასე შემდეგ. იქ მეათე ვიყავი მე, დანარჩენ პოეტებთან ერთად. ისინი, შეიძლება, ჩემი არჩევის დროს ცდებოდნენ და ჩემ მაგივრად იქ უნდა ყოფილიყო, ვთქვათ, ვინმე ბენედიქტე მანაგაძე. მაგრამ, ასე იყო თუ ისე, იმ ათეულში მოხვდა თქვენი მონა-მორჩილი.

- ეს ნიშნავს, რომ შორეულ თაობებს კარგი გამარჯობა უთხარით?

- მე არა, მათ უთხრეს გამარჯობა და ამისთვის ნამდვილად მადლობელი ვარ. 

 

ფოტომასალა: ზურაბ ქურციკიძე

გუნდი

ირაკლი გედენიძე

ზურაბ ქურციკიძე

გიო კუსიანი

გიორგი ურუშაძე

თამთა ყუბანეიშვილი

ნანა ყურაშვილი

ინგა ქორიძე