×
„მე არავის ცოლი არ უნდა ვყოფილიყავი“

ნანი ბრეგვაძე

მომღერალი


22462

ინტერვიუს შესახებ

რას წარმოვიდგენდი, რომ ჩვენი პროექტის ყველაზე ღრმად პირადულ ინტერვიუს ჩავწერდი ნანი ბრეგვაძესთან, რომელიც ცნობილია თავისი თავშეკავებით და არასაჯარო ხასიათით. 

საუბრისას ყველაფერი ბუნებრივად გამოიყურებოდა, მაგრამ ახლა, როცა გამოსაქვეყნებლად გამზადებულ ამ ინტერვიუს ვკითხულობ, ვხვდები, როგორი სიმამაცეა საჭირო, რომ საკუთარი თავი და საკუთარი ცხოვრება ასე გაუხსნა საზოგადოებას. 

ქალბატონ ნანისთან ინტერვიუმ იმაზეც დამაფიქრა, რომ ისე უნდა იცხოვრო, - როცა ასაკში შეხვალ, ბოლომდე გულწრფელობის უფლება მისცე საკუთარ თავს. ეს ყოფილა ბედნიერი ცხოვრების საიდუმლო. 

გაიცანით ნანი ბრეგვაძე - ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ყველანი ნანის ეპოქაში ვცხოვრობთ. 

P.S. მადლობა ქალბატონ ნუცა ალექსი-მესხიშვილს ლანა ღოღობერიძისა და ნანი ბრეგვაძის ფოტოს მოწოდებისთვის.

 


 

ია ანთაძე

- ქალბატონო ნანი, თქვენ ე.წ. „პერანგში“ დაიბადეთ და მაშინვე თქვეს, ბედნიერი ადამიანი იქნებაო. მართლაც, არაერთხელ დაგიდასტურებიათ, რომ ბედნიერი ხართ. ერთხელ ახსენით კიდეც: „შინაგანად ძლიერი რომ ხარ, ბედნიერი ხარ“. 

- არ არის ასე? 

- სხვა კითხვა მაქვს: ყოველთვის ძლიერ ადამიანად მიგაჩნდათ საკუთარი თავი? 

- არა, ნამდვილად არა. ეს დრომ მოიტანა, ბუნებრივად მოხდა. ჩემს ცხოვრებაში რაღაც რომ იცვლებოდა, მერე სულ ვფიქრობდი - ასე რატომ მოხდა? სწორად მოვიქეცი? ხომ არ შევცდი? საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება რომ მომანიჭეს, სულ ვფიქრობდი, აბა, შევიცვალე თუ არა? რა მოხდა ჩემში? ბავშვობიდანვე ასეთი ვიყავი, დაკვირვებული. პედაგოგი არაფერში მყოლია. ჩემი პედაგოგები იყვნენ ჩემი ოჯახის წევრები - დედაჩემი, პირველ რიგში. 

- როდის გააცნობიერეთ, რომ თავიდან არ იყავით ძლიერი და შემდეგ ეს დრომ მოიტანა?

- ისიც არ ვიცოდი, დრომ თუ მოიტანა. თქვენ ფიქრობთ, ახლა ჩემი თავი ძალიან ძლიერი მგონია? რა არის სიძლიერე, არც კი ვიცი. 

- როგორც თქვენი შვილიშვილი ნატალია ქუთათელაძე ამბობს, „ნანიმ საკუთარი თავისგან შექმნა იდეალური ვარიანტი, საუკეთესო ვერსია.“ ეს მხოლოდ ძლიერ ადამიანს შეუძლია. მაგრამ, მეორე მხრივ, თქვენ ამბობდით, „სულ იყო ვიღაც, ვინც მდირიჟორობდა და მე ვასრულებდი“. ეს კი ძლიერ ადამიანს არ ახასიათებს. დღემდე გრძნობთ თქვენი ხასიათის სუსტ მხარეებს?

- მაგალითად, დაბნეული ვარ და არ ვიცი, ესა თუ ის ნაბიჯი უნდა გადავდგა, თუ არა. არ ვიცი, როგორ უნდა მოვიქცე. 

- ახლაც?

- დიახ, ხდება ხოლმე. არ მინდა, ისე ჩამითვალოთ, რომ  ფანტაზიებში ვცხოვრობ. მაგრამ რაღაც ძალა მომდევს, რაღაც ძალა მაკეთებინებს იმას, რაც უნდა გაკეთდეს. ეს იშვიათობაა. მერე უცებ დგება მომენტი ჩემს ცხოვრებაში - მინდა და არ გამომდის. ესე იგი, არ უნდა მოხდეს და არც სინანული უნდა მქონდეს ამის გამო. 

- ხშირად გისაუბრიათ იმის შესახებ, რომ მკაცრმა დედამ გაგზარდათ. რამდენიმე წლის წინ კი თქვით, ეკამ და მე როლები გავცვალეთ: ახლა ეკაა ჩემი დედა და მე მისი შვილი ვარო. ეკა თავისი ბუნებით ძალიან რბილია, ლმობიერია. გამოდის, თქვენ ორივე გამოცდილება გაქვთ და რომლის შვილად ყოფნა უფრო კომფორტულია, მკაცრი დედის, თუ - რბილის?  

- ვერ გეტყვით... (პაუზა) რასაკვირველია, რბილი და ლმობიერი დედა უფრო კომფორტულია. მან დამანახა ჩემი სიძლიერე... კომპლექსები მომიხსნა. მე კომპლექსებით ვიყავი სულ.

- რა კომპლექსები გქონდათ?

- რა და, სულ მრცხვენოდა. სირცხვილის გრძობა ახლაც მაქვს. თქვენ რომ იცოდეთ, იშვიათად დავდივარ იქ, სადაც ბევრი ხალხია. არ ვარ იქ კარგად. ერთი სული მაქვს, სახლში როდის დავბრუნდები. ეს კომპლექსის ბრალია. ბავშვობიდან ასე მოდიოდა, რომ სულ მოწესრიგებული უნდა ვყოფილიყავი, დედაჩემისთვის სიტყვა არ უნდა შემებრუნებინა, ჩემი აზრი არ არსებობდა. 

- ეს კომპლექსი როდის მოგეხსნათ?

- როდესაც მოგზაურობა დავიწყე და სახლს ცოტა მოვცილდი; როცა დამოუკიდებელი გავხდი ფინანსურად და მოქმედებით. „ორერასთან“ ერთად რომ ვმღეროდი, ან მედეა გონგლიაშვილთან ერთად, სულ ვჩქარობდი, საათზე ვიყურებოდი, თორმეტისთვის სახლში უნდა ვყოფილიყავი. ვთქვათ, წასასვლელი ვიყავი ფილარმონიაში. ჩვენ მარჯანიშვილის მოედანზე ვცხოვრობდით და ფილარმონია იქვე იყო, პლეხანოვზე. სახლში ზოგჯერ ფეხით ვბრუნდებოდი. დედაჩემს საათი ჰქონდა დანიშნული - იქიდან რამდენ ხანში უნდა დავბრუნებულიყავი. ასე ვცხოვრობდი, საათობრივად. ძალიან ძნელი იყო, მაგრამ მიჩვეული ვიყავი. მეგონა, ეს იყო სწორი. მერე მივხვდი, რომ ეს არის რაღაც საშინელება. 

- ეკა რა კავშირშია თქვენს კომპლექსებთან? 

- დედაჩემმა ეკას კონტროლიც დაიწყო და, აი, იქ გავხდი ძლიერი. ვუთხარი, დაანებე თავი, როგორც უნდა, ისე იცხოვროს-მეთქი. მე ბევრი რამ მაკლდა ახალგაზრდობაში. მაგალითად, დამთავრდა მეთერთმეტე კლასი და ამ ამბავს ყველა ხვდება ერთად, მთელი ჩემი მეგობრები, კლასელები... ბავშვები დედაჩემს დღეების განმავლობაში ეხვეწებოდნენ, რომ ჩემთვისაც მოეცა მათთან ყოფნის უფლება, გავეშვი კლასთან ერთად. 

- თქვენი კლასის გამოსაშვებ ბანკეტზე არ გიშვებდათ? 

- დიახ, კლასის ბანკეტზე. 

- ბოლოს, გაგიშვათ?

- გამიშვა, მაგრამ მთელი საღამო ვნერვიულობდი, რომ სახლში არ დამგვიანებოდა. დედაჩემი დიდ ყურადღებას აქცევდა, ვინ რას წარმოადგენდა. წესიერებაზე ჰქონდა აქცენტი. ვისაც ენდობოდა და დარწმუნებული იყო, რომ მათგან რამე კარგს ვისწავლიდი, იქ მიშვებდა. 

 

 

„თურმე, რა ბედნიერებაა მოთმინების უნარი!“

 

 

- დედა კი მკაცრად გექცეოდათ, მაგრამ მამა სულ გეფერებოდათ. თუ იქნება სწორი, ასე რომ ჩამოვაყალიბოთ: მამას უპირობოდ უყვარდით და დედას უყვარდით გარკვეული პირობებით? ანუ მისი სიყვარულის მოსაპოვებლად უნდა ყოფილიყავით ისეთი, როგორიც მას უნდოდა?

- არა, დედაჩემის სიყვარული იყო არანორმალური, უნიკალური. დედა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გეოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა, თან ძალიან კარგად. როგორც კი მე შევეძინე, სწავლას თავი დაანება. რას ჰქვია, შვილი დავტოვო და სხვამ გამიზარდოსო?! ყველაფერი დათმო ჩემი გულისთვის. დედაჩემი ჩემთვის ცხოვრობდა. 

- მაინც, თუ გქონდათ განცდა, რომ თუ დედას ყველა სურვილს არ შეუსრულებდით, ისე ძალიან აღარ ეყვარებოდით?

- არა, ნამდვილად არა. დედაჩემი საერთოდ არ მაქებდა, მაგრამ იმდენ სიყვარულს მაძლევდა... უბრალოდ, წესები არსებობდა და ეს წესები უნდა დამეცვა. უწინ ასე ზრდიდნენ. 

- ლამაზი არ ხარო, რატომ გეუბნებოდათ? 

- არ ვიყავი ლამაზი... მეუბნებოდა, რომ უნდა იყო ადამიანი, ტყუილი არ უნდა თქვა, ვინმეს რამეს რომ დაჰპირდები, ის პირობა აუცილებლად უნდა შეასრულო. ჩემში ადამიანობას აყალიბებდა. რაც შედის პატიოსნებაში, ეს იყო მისი წესები. ამას ვგრძნობდი, რომ იგვლივ ყველას ვუყვარდი. მხიარული ვიყავი, ყველგან სიმღერა ისმოდა. მაგრამ ის წესები უნდა შემესრულებინა, რასაც დედა მასწავლიდა. 

- ბოლო კითხვა მაქვს დედასთან დაკავშირებით. მან განსაზღვრა თქვენი ცხოვრების ორი ძირითადი მიმართულება - ის, რომ თქვენ პროფესიონალი მომღერალი უნდა ყოფილიყავით და ის, რომ თქვენი მეუღლე უნდა ყოფილიყო მერაბ მამალაძე. თქვენ ეს ადამიანი არ გიყვარდათ, მაგრამ დედა გეუბნებოდათ, გათხოვდები და შეგიყვარდებაო.

- დიახ, ასე იყო. 

- შეიძლება ითქვას, რომ კარიერის მხრივ დედის არჩვანმა ძალიან გაამართლა, მაგრამ პირადი ცხოვრების მხრივ - ძალიან არ გაამართლა?

- არა, ამას ვერ ვიტყვი. კიდევ კარგი, რომ ასე მოხდა. 

- რატომ? 

- სხვა ვინმე რომ ყოფილიყო ქმარი - უფრო ძლიერი პიროვნება და მატერიალურადაც უზრუნველყოფილი (მყავდა ასეთი თაყვანისმცემლები) - მე დღემდე სხვანაირად  მოვიდოდი. არ ვიმღერებდი და ჩვეულებრივად ვიცხოვრებდი. უბრალოდ, არ გამიშვებდა სცენაზე. 

- მამათქვენისნაირი მეუღლე რომ გყოლოდათ, არც ის გაგიშვებდათ? ხომ შეიძლებოდა, მეტი ურთიერთგაგება ყოფილიყო თქვენ შორის?

- ვერცერთი კაცი - თუ სულ შენთან ერთად არ არის - როგორიც არ უნდა ყოფილიყო, ვერ გაუძლებდა იმას, რომ ერთი თვით სახლში არ ხარ. კი, ბავშვს გიზრდიან, მაგრამ მაინც.

- მამათქვენი ხომ წლების განმავლობაში არ იყო სახლში? როგორც ვიცი, შვიდი წელიწადი ირანში ცხოვრობდა. 

- მუშაობდა ირანში. თან, ქალი და კაცი ხომ ერთი არ არის?! 

- თქვენ არც კი განიხილავთ იმ შესაძლებლობას, რომ ისეთი მეუღლე გყოლოდათ, ვინც ხელს არ შეგიშლიდათ კარიერაში? 

- არა, შეუძლებელია. დღეს ქმრები ცოლებთან ერთად მუშაობენ, პროდიუსერები არიან, დირექტორები... წარმოიდგინეთ ქართველი კაცი, რომელიც სახლში ზის, კი მუშაობს, მაგრამ ცოლი სად არის? თერთმეტ ბიჭთან ერთად არის ერთთვიან გასტროლზე. მეც არ მიმაჩნია ეს ნორმალურად. დედაჩემმა თავიდან უთხრა მერაბს: თუ გინდა, რომ ნანი შენთან გამოვუშვა (დედაჩემი „კამანდრობდა“ აქ), უნდა მისცე უფლება, რომ იმღეროსო. მერაბს ისე ვუყვარდი, რომ ყველაფერზე თანახმა იყო. მაგრამ ვეღარ გაუძლო. რამდენჯერ გავშორდით და ისევ შევრიგდით. ერთი პერიოდი, საერთოდ თავი დავანებე სცენას, აღარ ვმღეროდი. მერაბი ძალიან კეთილშობილი იყო, მაგრამ სულ ჩხუბობდა, ალბათ, იმიტომ, რომ ნერვიულობდა. პირდაპირ არასდროს უთქვამს და არც უგრძნობინებია, რომ ეჭვიანობდა.

- მაგრამ ხასიათი რომ უფუჭდებოდა, ამას ხედავდით. 

- დიახ, ყველაფერი ეჭვიანობასთან იყო დაკავშირებული, სინამდვილეში. დამადგებოდა თავზე, მაგალითად, სადმე გასტროლზე და მერე წყნარდებოდა. ბოლო კონცერტზე რომ ვიმღერე „ორერასთან“ ერთად, ბიჭებმა სთხოვეს, მოსკოვში გვაქვს კონცერტი, ერთი წელია, ნანის ჩვენთან არ უმღერია და გამოუშვიო. დასთანხმდა და თვითონაც წამომყვა. მანამდე ერთი წელი ერთად ვიყავით და მშვენივრად ვცხოვრობდით. სხვათა შორის, ძალიან კარგად აზროვნებდა და წინაც იყურებოდა. რომ ნახა ეს კონცერტი, მერე მითხრა - შენ რომ არ იმღერო, არ შეიძლებაო. წარმოგიდგენიათ? საკუთარი თავი გაწირა. 

- მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ გაუძლო. 

- ვერ გაუძლო და ვერც გაუძლებდა ვერაფრით. 

- ანუ მე რომ მგონია, რომ ეს არჩევანი თავსმოხვეული იყო და შეიძლებოდა, ბევრად უკეთესად წარმართულიყო თქვენი პირადი ცხოვრება, მთლად ასე არ არის? 

- გააჩნია, რას დავარქმევთ „უკეთესს“. სიმღერაზე ლაპარაკი არ იქნებოდა. ცხოვრებაში რაღაც რომ ხდება „ზევიდან“ და რომ იტყვიან ადამიანზე, იღბლიანიო, ეს მოხდა ჩემთან. რამდენი ვინმე ნიჭიერია, მაგრამ მის ცხოვრებაში არაფერი ხდება. ჩემდაუნებურად, ყველაფერი ხდებოდა ისე, როგორც უნდა მომხდარიყო. და მეც მივყვებოდი. 

- მათ შორის, პირად ცხოვრებაშიც? 

- აბა რა?! მე არავის ცოლი არ უნდა ვყოფილიყავი. ან ქმარი სულ ჩემ გვერდით უნდა ყოფილიყო. 

- თქვენ უამრავი ადამიანი გაღმერთებთ. ამიტომ, გაოგნებული გისმენდით, როცა ყვებოდით, რომ შეურაცხყოფაც მიგიღიათ, იგნორირებაც გამოგიცდიათ; გწყინდათ, მაგრამ ჩუმად იყავით და ელოდებოდით, რომ დრო ყველაფერს დაალაგებდა. 

- თურმე, რა ბედნიერებაა მოთმინების უნარი! მე ბევრს ვითმენდი. ჯერ დედაჩემთან ვითმენდი, პასუხს არ ვცემდი, შეშინებული ვიყავი. მასთან ურთიერთობისას გამომიმუშავდა მოთმინება. კლასელებიც ერთმანეთთან რომ კამათობდნენ, მე არ ვმონაწილეობდი. სულ ყურს ვუგდებდი. ჩემი აზრები მქონდა, მაგრამ არაფერს ვამბობდი. ეს ჩემი ხასიათია. 

- მერე უხასიათო მეუღლესთან ცხოვრობდით წლების განმავლობაში. მასთან ურთიერთობასაც ხომ დიდი მოთმინება სჭირდებოდა? შეიძლება თუ არა, თქვენს შინაგან, პირად ცხოვრებას „მოთმინების ერთი დიდი ისტორია“ დავარქვათ?

- დიახ, თითქმის. სულ მოთმინება მჭირდებოდა, ოღონდ, ამ მოთმინების გვერდით იყო ძალიან კარგი მომენტები. აბა, როგორ?! ასეა ცხოვრება. იმდენი კარგი რამ იყო ჩემს ცხოვრებაში და მერე მოდიოდა დიდი უბედურება. პირადად ჩემს ცხოვრებაში კი არა, ჩემი ახლობლების ცხოვრებაში და ის ხომ ჩემიც არის. საშინელებები ხდებოდა, დანაკარგები... ძალიან დიდი განცდები იყო. საწყალი მერაბიც აღარ არსებობდა ჩემთვის, არც როგორც ქმარი და არც როგორც ბავშვის მამა. ძალიან ამოვარდა ცხოვრების კალაპოტიდან. პირველად ვამბობ ახლა და არც მინდა, რომ ვთქვა, მაგრამ - მე შემეწირა; მე შემწირა თავისი თავი. რომ გამცილდა, მერეც ხშირად მოდიოდა. სულ ვდარდობდი მასზე და დავწყნარდი, როცა ცოლი ითხოვა.

 

 

„ახლა ისეთ ასაკში ვარ, რომ სწორი ანალიზი უნდა გავაკეთო.“

 

 

- ესე იგი, ეს განცდა გაქვთ, რომ თქვენ კი არ დაზარალდით, ის უფრო დაზარალდა თქვენ გვერდით?

- ჩემთან დამოკიდებულებაში, რასაკვირველია, დაზარალდა. მაგრამ თვითონაც არ იყო მთლად ძლიერი, ვერ მონახა თავისი თავი... შენ თუ ვერ განხორციელდი და შენს საქმეს არ ემსახურები, დაკარგული ადამიანი ხარ - ქალიც და კაციც. 

- თქვენ კიდევ, ამასობაში, სულ წინ და წინ მიდიოდით. 

- თუმცა, ეს უნდოდა, რომ წარმატებული ვყოფილიყავი. ხომ ბრაზობდა, როცა გასტროლებზე მივდიოდი, მაგრამ მეუბნებოდა, ახლა შენი დროა, სოლო კონცერტით უნდა გახვიდე სცენაზეო. 

- თქვენი ფრაზაა: „ბევრ რამეს ძალიანაც შევცვლიდი, რომ შემეძლოს!“ მაგალითად, რას შეცვლიდით?

- არა, არა. არ შევცვლიდი. რა უნდა შემეცვალა, აბა?! რაღაც მომენტი იყო, ალბათ, როცა ეს ვთქვი. ახლა ისეთ ასაკში ვარ, რომ სწორი ანალიზი უნდა გავაკეთო. რა უნდა შეცვალო? ასეა მოცემული: შენი ბედისწერა მოგდევს. აბა, არ ვარ ბედნიერი ადამიანი? ნამდვილად ვარ. ბევრი რამეც მაკლია, მაგრამ ამაზე არ ვგიჟდები. მთავარი ის არის, რომ დროს არ უნდა ჩამორჩე. აი, მაგალითად, ეკას და ნატალიას უნდათ, რომ ბავშვებზე ზრუნვა ჩამომაცილონ, მაგრამ ეს არ გამოუვათ არასდროს. ცოცხალი ადამიანი ვარ და დროს მივყვები. 

- რაკი დრო ახსენეთ, თქვენი ორგვარი დამოკიდებულება დავინახე დროის მიმართ. ერთი მხრივ, ნელი ხართ და დროს ელოდებით, რომ მოვლენები თავის კალაპოტში ჩააყენოს, არ იბრძვით; მეორე მხრივ, დროს წინ უსწრებთ, მუდამ პროგრესული და მოდის კანონმდებელი ხართ. 

- ასე ჩამომიყალიბდა იმიტომ, რომ ძალიან ბევრს ვფიქრობდი. 

- მიგაჩნიათ, რომ დროის მიმართ ამ ორი დამოკიდებულებიდან ორივე თქვენი ძლიერი მხარეა? 

- ალბათ, აბა რა?! დროში ვზივარ, თან დროს ველოდები - ეს არის ჩემი ხასიათი. რაღაც ნიჭი იყო, ალბათ, რომლითაც დროს არ ჩამოვრჩებოდი. მაგალითად, პარიზში რომ ვიყავი, სულ ანალიზს ვაკეთებდი: აბა, რა ხდება?! ჩემ ირგვლივ როგორი გარემოა? ადამიანებს თავი როგორ უჭირავთ სცენაზე? როგორ აცვიათ? მინდოდა, რომ ყველაფერი კარგი გადმომეღო. 

- სულ პირველად რომ მოხვდით პარიზში, სტუდენტობის დროს, იმ პერიოდს იხსენებთ?

- დიახ, დღემდე მომყვება ის სიყვარული და განცდა. ჩემთვის პარიზში ყველაფერი კარგი და საუკეთესო იყო. ყველაფერს ვაკვირდებოდი და ვსწავლობდი, მაგრამ სცენიურობა „ზევიდან“ მოდის, ამას ვერაფერს უზამ. ან გაქვს, ან არ გაქვს. 

- მაგრამ თქვენ ადრე რომ სხვანაირი იყავით სცენაზე და ახლა სულ სხვანაირი ხართ? 

- იმიტომ, რომ ვსწავლობდი. ადრე, სცენაზე რომ გამოვდიოდი, მაკიაჟიც კი არ მქონდა, კარგა დიდხანს. 

- ამითიც იყავით ცნობილი. 

- რა მოსწონდათ, ვერ ვხვდები. ალბათ, ხმა. პირადად მე ის ხმაც არ მომწონდა. 

- ბევრჯერ შემიმჩნევია, როდესაც გადაცემაში ხართ სტუმრად და ძველ კადრებს უშვებენ...

- ვაიმე, საშინელებაა! 

- მაგრამ ისეთი სიყვარულით უყურებთ თქვენს თავს.

- ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და იმიტომ. როცა ახალგაზრდა ხარ, მთელი ცხოვრება წინ არის. მე ახლაც მავიწყდება, რომ საკმაოდ ცოტა დრო მაქვს. როდემდე მინდა, რომ ვიცხოვრო?! ჯერ ვფიქრობდი, 80 წლამდე თუ მივიდოდი. მივედი. ახლა 84-ის ვხდები და მინდა, 90 წლამდე ვიცოცხლო. გუშინ ერთად ვიყავით მე და ლანა ღოღობერიძე. ლანა უნიკალური მოვლენაა, საოცრებაა, ქედს ვიხრი მის წინაშე! საერთოდ, ვერაფრით ვერ ვხვდები, რას ნიშნავს ასაკი. ჩემი შინაგანი განწყობა ახლა სულ მომავლისკენ არის. იყო ერთი პერიოდი, როცა არაფერი არ მინდოდა. რატომღაც, მქონდა ასეთი პერიოდი, ოღონდ, ვერ აგიხსნით, რა იყო. 

- როდის იყო ეს პერიოდი? 

- როდესაც 46 წლის ვიყავი, ოთხი წელიწადი გაგრძელდა. 50 წლიდან ისევ დავიწყე ფიქრი მომავალზე. დეპრესია რა არის, არ ვიცი. არც დიეტა ვიცი და არც დეპრესია. იმ დროს რა მოხდა, მიჭირს ახსნა. 

- პირად ცხოვრებას ხომ არ უკავშირდება?

- ის წლები იყო, როცა მერაბს დავცილდი, როცა მან ცოლი ითხოვა. მაინც ტრავმირებული ვიყავი... თითქოს, კარგი ურთიერთობა გვქონდა მაგ პერიოდში. მაგრამ უცბად წავიდა. 

 

 

„რად მინდა ასეთი სიყვარული, ხომ არ იცი?!“

 

 

- სიყვარული მართლა გაჩნდა თანდათან, როგორც თქვენი დედა ამბობდა?

- დიახ, ძალიან! იცით, როდის? მერაბი ხომ დაჭერილი იყო?! - უპატიოსნესი ბიჭი. მაშინ დიდი ხნის გაცილებული ვიყავი (პირველად). ცხოვრებაში არავისთვის არაფერი მითხოვია ჩემ გამო. მაგრამ როცა მერაბი დაიჭირეს, კინაღამ გავგიჟდი, უსუფთავესი, უკეთილშობილესი ადამიანი, პატიოსანი, ვერ წარმოიდგენთ, ყველას როგორ უყვარდა. გამცემი... თუმცა, გასაცემი ბევრი არაფერი ჰქონდა. საშინელი აზრები უტრიალებდა თავში, რომ უნდა გამდიდრდეს, მილიონერი უნდა გახდეს. რაღაც საბუთებზე მოაწერა ხელი და დაიჭირეს. ავდექი და შევედი შევარდნაძესთან, მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. დიდი პატივისცემით მიმიღო, - ეს როგორ უნდა დავუკარგო?! ერთი საათი ვილაპარაკე, ხმა ჩამეხლიჩა. მერე წყალიც მომაწოდა. ერთი კითხვა არ დაუსვამს, მალაპარაკა და მალაპარაკა. ბოლოს ადგა, ჩემი თანდასწრებით დარეკა და ვიღაცას უთხრა: რადაც არ უნდა დაგიჯდეთ, მამალაძე დღესვე გადმოიყვანეთ საქართველოშიო. გადმოიყვანეს.

- ესტონეთში იყო პატიმრობაში, არა? 

- დიახ, ესტონეთში. 

- მერაბ მამალაძე ახლა სხვანაირად დავინახე. როცა მასალებს ვეცნობოდი, უფრო მკაცრი მეგონა. 

- არა, არა, ძალიან რბილი იყო! ჩემთან რომ ჩამოდიოდა გასტროლებზე, საერთოდ სხვა ადამიანი ხდებოდა. დამკანკალებდა. იმიტომ, რომ მასთან ვიყავი.

- ტრაგიკული პიროვნება ყოფილა. 

- დიახ, ძალიან. და თბილისში რომ ჩამოვდიოდით, იმ დღიდანვე მისი არ ვიყავი: დედაჩემი, ბავშვი, საზოგადოება, კონცერტები. წარმოუდგენელი დამოკიდებულება ჰქონდა ჩემ მიმართ. მაგრამ რად მინდა ასეთი სიყვარული, ხომ არ იცი?! ყოველთვის ვაფასებდი მის კარგ თვისებებს და დედაჩემიც აფასებდა. თუმცა, მაჩხუბარა კაცი გახდა. გურული იყო, ფიცხი, მაგრამ ნამდვილი ვაჟკაცი. მეგობრები იცნობდნენ, როგორც საუკეთესო ადამიანს. 

- სანამ ურთიერთობა დაიძაბებოდა, პრინციპში, თქვენთვის მისაღები მეუღლე იყო? 

- რომ გავთხოვდი, ერთი წელიწადი არსად წავსულვარ, სახლში ვიჯექი. ერთად ვიყავით და ძალიან კარგი იყო. სცენაზე და გასტროლებზე რომ წავედი, იმან აურია ყველაფერი. კაცი-ვაჟკაცი და - შენი ცოლი სად არის? სამი თვე ვარ გასტროლებზე. როგორია?! არავითარი პრეტენზიები მე მასთან არ მაქვს. ვერაფერს შევცვლიდი.

- ნანი ბრეგვაძე, რომელიც ბავშვობიდან ძალიან მიყვარს, დამენანებოდა ასეთი განცდებისთვის. მაგრამ ახლა რომ გისმენთ, იმ დროში სხვანაირი ვერც წარმოგიდგენიათ თქვენი პირადი ცხოვრება. 

- როგორი მდგომარეობა მქონდა, იცით? მერაბის გამო და, ალბათ, ბავშვის გამოც - ოჯახი ჩემთვის ბევრ რამეს ნიშნავდა. ახლაც შემიძლია, ერთი კვირა საერთოდ არ გავიდე სახლიდან. გარეთ ბევრად შებოჭილი ვარ. 

 

 

„რაღაც თუ შემეშლება, ისეთი ბუნებრივი რეაქცია მაქვს, მთელი დარბაზი ცდილობს, მხარი დამიჭიროს.“

 

 

- „შებოჭილი ვარ, არ ვაძლევ ჩემს თავს თავისუფლებას.“ - ამას ხშირად ამბობთ. 

- ხომ გითხარით, მრცხვენია და იმიტომ. ვინმე რომ მეუბნება, რა კარგად გამოიყურებიო, მიკვირს და არ ვიმჩნევ. მეგობრები მეუბნებიან, ყველაფერი როგორ გიკვირს, მიეჩვიე რაღაცასო. 

- სცენაზე თუ ხართ სრულად თავისუფალი? თუ ეს „შებოჭვა“ სცენასაც ეხება?

- თავიდან არ ვიყავი თავისუფალი. ახლაც, სცენაზე გამოსვლამდე შებოჭილი ვარ, ვფიქრობ, კონცერტი მოეწონებათ თუ არა. როგორც კი ვიწყებ სიმღერას, ეს ეჭვები ქრება. 

- რამდენ ხანს გაგყვათ, როცა სცენაზეც შებოჭილი იყავით? 

- როგორ გითხრათ? დიდი ხანი არ არის, რაც ეს მოვიშორე. მედეა გონგლიაშვილთან ერთადაც რომ გამოვდიოდი, მოსკოვის და პეტერბურგის უდიდეს დარბაზებში, სადაც 5000 მაყურებელი გვყავდა და ბილეთები არ იშოვებოდა, - იქ სცენაზე მე მარტო ვიდექი. როგორ მოვწონდი მაყურებელს, არ ვიცი. სცენაზე არასდროს ვლაპარაკობდი, უშუალო კონტაქტი არ მქონდა დარბაზთან. ვმღეროდი და ასე მიდიოდა კონცერტები. მერე რაღაც განცდა გამიჩნდა და ხალხთან კონტაქტი დავიწყე. ამ კონტაქტმა ძალიან ბევრი მომცა. თავიდან ეს ჩემდაუნებურად მოხდა. მივხვდი, რომ თუ არ გაიზარდე, არც შენი სიმღერა უნდათ და არც შენი კონცერტები. საინტერესო უნდა გახდე. თანაც, არ ვთამაშობ, ყოველთვის გულწრფელი ვარ. რაღაც თუ შემეშლება, ისეთი ბუნებრივი რეაქცია მაქვს, მთელი დარბაზი ცდილობს, მხარი დამიჭიროს. ბოლო დიდი კონცერტი მქონდა პეტერბურგში, ღამე ჩავედი მატარებლით, ცუდი ამინდი იყო და გავცივდი. ბილეთები გაყიდულია და სიცხე მაქვს 39 გრადუსი. რა არ გამიკეთეს, რომ მეორე დღეს სცენაზე გავსულიყავი. ჩემი სურდო როგორია, იცით? ჯერ ცხვირშია. სანამ ყელში ჩავა, ხმა მაქვს. რომ გამოვედი სცენაზე, ბურანში ვიყავი. მაგრამ ჩავატარე ეს კონცერტი მშვიდობით და რომ დავამთავრე სიმღერა, დარბაზს მივმართე: „შეიძლება ფიქრობთ, რომ დღეს სცენაზე უცნაურად, არაადეკვატურად ვიქცეოდი, ძლივს ვმოძრაობდი. საქმე ის არის, რომ მაღალი სიცხით ვდგავარ აქ.“ როგორ მიიღეს ეს ამბავი! როგორი ტაში დამიკრეს და როგორ მომეფერნენ! პეტერბურგი საბჭოთა კავშირის მასშტაბით პირველი ქალაქი იყო ჩემთვის.

- ქალბატონ მედეა გონგლიაშვილთან ხშირად რატომ კამათობდით? 

- პროფესიული კამათი იყო, ზოგჯერ რაღაც არ მომწონდა. მაგრამ მიჯერებდა და საბოლოოდ მიკეთებდა ისე, როგორც უნდა გაეკეთებინა. წარმოუდგენლად ნიჭიერი იყო და ბევრი რამ ვისწავლე მისგან. 

- თქვენმა პირადმა ცხოვრებამ რა კვალი დატოვა თქვენს შემოქმედებაზე? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ ნათქვამი გაქვთ: „ბედნიერი სიყვარული არ მიყვარდა. უნდა განიცადო.“

- მე კი არ მიყვარდა, საერთოდ არ არსებობს ბედნიერი სიყვარული. სიყვარული განცდაა და რომ დაწყნარდები, არაფრის მომტანი არ არის.

- ეს განცდა თქვენს შემოქმედებას სიღრმეს მატებდა?

- მე მთელი ცხოვრება, ბავშვობიდანვე, სულ შეყვარებული ვიყავი. სასაცილოა... სანამ გავთხოვდებოდი, მანამდეც და მერეც, მერაბს რომ დავცილდი, ბევრი თაყვანისმცემელი მყავდა. მაგრამ, აი, ჩემი აღზრდა სად გამოჩნდა?! ვფიქრობდი - ეს რატომ უნდა გავაკეთო? რომანი კი არ იქნება, ერთი წუთის ამბავია... არ ვუშვებდი არანაირ გაგრძელებას. ასე ვიყავი... განვითარება არ ჰქონდა ჩემს გრძნობებს, არავითარ შემთხვევაში. საერთოდ, პირადი ცხოვრება ცალკეა, შემოქმედება და სიმღერა სულ სხვაა. სცენიდან არასდროს არავისთვის მიმღერია. 

- „მე ვარ ჩვეულებრივი ადამიანი, ოღონდ, ნორმალური,“ - ასე ახასიათებთ საკუთარ თავს. თუმცა, მხოლოდ ჩვეულებრივი არ ხართ. თქვენ ხართ არაჩვეულებრივი. თითქოს, ორი ადამიანია ერთმანეთში შერწყმული. სწორედ ამან დაასვა დაღი თქვენს პირად ცხოვრებას, რომ ჩვეულებრივიც იყავით და არაჩვეულებრივიც. თქვენი მეუღლის გარდა, კიდევ ხომ არ იყვნენ სხვები, რომლებიც ძნელად ეგუებოდნენ თქვენს არაჩვეულებრივობას? 

- არა, ასე სიღრმეში არ ჩავდიოდი, არ ვაქცევდი ყურადღებას.

 
არაჩვეულებრივს რომ მეუბნებით, ვერ ვხვდები, რა არის ეს არაჩვეულებრივობა.

 

- მე გეტყვით: ადამიანებს ზოგჯერ ემოციისგან გული მისდიოდათ,  თქვენ პირადად რომ გხედავდნენ. 

- არ მახსოვს ასეთი შემთხვევა. 

- ახალგაზრდა ბიზნესმენმა თავისი 90 წლის ბებოს დაბადების დღეზე რომ მიგიწვიათ, გახსოვთ? რომ უთხრა - ნახე, ბებო, ვინ მოვიდა... და ქალი ცუდად რომ გახდა თქვენს დანახვაზე.

- აა, დიახ, მოწმეებიც მყავს მაგ ამბის. ეს სასიამოვნოა იმ მომენტში. მაგრამ მერე, რომ დავფიქრდები, მაინც ვერ ვხვდები. არადა, ზოგჯერ რომ ვუყურებ, რა ამბავში არიან და როგორ არაფერი არ არიან, ჩემი აზრით. არც ნიჭი აქვთ  და არც შრომობენ. შეიძლება, კარგი ხმა კი ჰქონდეთ. მაგრამ როგორ გელაპარაკებიან, როგორ იქცევიან - რაღაც ძალიან მაღლა არიან ასული საკუთარ თვალში. ეს მიუღებელია ჩემთვის. ვერც წარმომიდგენია, ეს რა არის. 

 

 

„არავისი მშურდა და თუ ვინმე მომეწონებოდა, აღფრთოვანებას გამოვხატავდი.“

 

 

- ისევ ჩემს კითხვას დავუბრუნდები: ზოგიერთი მათგან, ვინც ჩვეულებრივ ნანის იცნობდა დიდი ხნის განმავლობაში, ხომ არ ღიზიანდებოდა შემდეგ, როცა თქვენ არაჩვეულებრივიც  გახდით? 

 

 
შეიძლება იყო, მაგრამ მე არ მიგრძვნია. მე არ ვაქცევდი ამას ყურადღებას. ალბათ, იყო, როგორ არა. ალბათ, იყო... ალბათ იყო. იმიტომ, რომ მე ეს არ მეხებოდა.

ასეთ ხალხს ცხოვრება თვითონ მაშორებდა, მიდიოდნენ სადღაც. მე ჩემი წრე მყავდა, რომელსაც ძალიან ვუყვარდი. ჩემ ირგვლივ სულ იყო აღფრთოვანებული ხალხი და ამას ვერ ვეჩვეოდი. ახლაც, რამდენიმე დღის წინ, ერთმა ადამიანმა, რომელიც ყოველმხრივ არაჩვეულებრივია, თურმე, ისე მაქო, რომ ეკას ვუთხარი: რას მელაპარაკები, გავგიჟდი ქალი, ასეთი წარმოდგენა აქვს ჩემზე? მსიამოვნებს, მაგრამ ამით არ ვცხოვრობ. მე ყველასთან ერთნაირი ვარ. საქართველოს სახალხო არტისტი რომ გავხდი, ვერ ვხვდებოდი, რატომ მომცეს ეს წოდება და საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი რომ გავხდი, სულ გავგიჟდი, პირველი ვიყავი.

- ძალიან ახალგაზრდამ მიიღეთ ეს წოდება, 46 წლის ასაკში.

- როგორი გაკვირვებული ვიყავი, იცით? და მრცხვენოდა. კობზონს არ აქვს ეს წოდება, პიეხას არ აქვს, პუგაჩოვამ, როტარუმ - ყველამ მერე მიიღო საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტობა. მე ვიყავი პირველი - რატომ? ახლაც არ ვიცი. სახალხო არტისტის წოდება არასდროს გამომიყენებია და როგორ უნდა გამომეყენებინა, არც ეს ვიცოდი. რომ გამოაცხადებდნენ, სულ ვფიქრობდი: „როგორ მავიწყდება, მე ხომ სახალხო არტისტი ვარ; უნდა გავამართლო ეს წოდება. ჩემზე არ თქვან, რომ რაღაც ვიღაცამ ჩააწყო.“ შეხების ცუდი წერტილი არავისთან მქონდა. არავისი მშურდა და თუ ვინმე მომეწონებოდა, აღფრთოვანებას გამოვხატავდი. დღემდე ასე ვარ. 

- ეს არის ძლიერი ადამიანების თვისება. 

- დიახ, ეს არის ჩემი სიძლიერე - არ მეშინია სიმართლის თქმის, სხვისი შექების და სხვებთან ერთად რომ დავჯდები, მინდა, ყველა თანაბარი ვიყოთ. 

- რუსული რომანსების შემსრულებელმა ნინა შაცკაიამ ასე მოგმართათ ერთ გადაცემაში: „მადლობა ღმერთს, რომ მან თქვენ შეგქმნათ!“ მე დავამატებდი, მადლობა ღმერთს, რომ მან თქვენ შეგქმნათ ჩვენთვის. პირადად თქვენ რის გამო ხართ ღმერთის მადლობელი?

- ძალიან ბევრი ნაკლი მაქვს, მაგრამ ღმერთმა დიდი სიმდიდრე მომცა. ყოველ დილით ვამბობ: „ღმერთო, გმადლობ, რომ ასეთი სიმდიდრე მაჩუქე!“ ჩემს ლოცვაში ეს შედის, რომ ღმერთმა მომცა მარტო ხმა კი არა, - ხმა მერე უკეთესი გამიხდა, თავიდან, თითქოს, ვკნაოდი და დედაჩემი მეუბნებოდა, შენი კნავილი არავის სჭირდება, იყავი კეთილშობილი და პატიოსანი! - ხმა არაფერია, თუ სიღრმე არ გაქვს. უნდა იცოდე, რაზე მღერი. ახალგაზრდობაში, როგორც მესმოდა, ისე ვმღეროდი. ახლა ხმა არ მიშვებს, ძალიან ელასტიური უნდა იყოს ყელი და აღარ არის; მაგრამ რაღაც მოდის „ზევიდან“. სულ შემოქმედების პროცესში ვარ. ამიტომაც ვარ მადლობელი, რომ ღმერთისგან მომეცა არა მხოლოდ ხმა, არამედ ნიჭი, რომ მუდმივად განვვითარდე. ერთ ადგილზე არ გამაჩერა ღმერთმა. მივდივარ და მივდივარ წინ. ჩემთვის დიდი ბედნიერებაა, რომ ახალგაზრდებს უნდათ ჩემთან სიმღერა. 

- რაკი ახალგაზრდები ახსენეთ, იმ სიმღერის შესახებ გკითხავთ, რომელიც ირაკლი ჩარკვიანთან ერთად ჩაწერეთ. თქვენ ამბობდით, არ ვიცი, მუსიკალურად რამდენად გავუმართლე, მაგრამ დიდი სიამოვნება მივიღე ირაკლისთან მუშაობითო. რატომ ფიქრობთ, რომ შეიძლება, თქვენ მუსიკალურად ვერ გაგემართლებინათ ირაკლი ჩარკვიანის ჩანაფიქრი?

- იმიტომ, რომ ძალიან განსხვავებული პიროვნება იყო, ღრმა, ნიჭიერი. როგორი ტექსტები აქვს, როგორი სტილი აქვს...

- ისევ თქვენი თავმდაბლობიდან მოდის თქვენი ეჭვები საკუთარი თავის მიმართ? 

- არა, არა, ნამდვილად არა. ეს იცოდეთ, რომ ახალი სიმღერა უცებ კარგად არ იმღერება. მას გაგება სჭირდება. რამდენიმე დღე უნდა გავიდეს, უნდა დავფიქრდე, შედგება სიმღერა თუ არა? არ მაქვს ეს ნიჭი, რომ სიმღერა პირველივე ჯერზე გადასარევი გამოვიდეს. აუცილებლად საჭიროა რეპეტიცია, რეპეტიცია და რეპეტიცია. ირაკლისთან ერთად სიმღერის ჩაწერის წინ ამდენის საშუალება არ მქონდა. 

- სანამ თქვენთვის სპეციალურად შერჩეულ ციტატებს წაგიკითხავთ, გთხოვთ, გვიამბოთ შემთხვევა, როცა თქვენმა ინტუიციამ გაამართლა. 

- ერთ შემთხვევას გავიხსენებ. ჩემმა მეგობარმა, არაჩვეულებრივმა ადამიანმა - იოსიფ კობზონმა რუსეთში დამპატიჟა. მაგრამ მანამდე მას საქართველოსთან დამოკიდებულებაში შეეშალა. ბუბამ დაკარგა ეს კაცი, ბოლოს ძლივს შეირიგა. არ გინდა, კობზონს უარი უთხრა?! გადაყოლილი იყო ჩემზე. სადაც შევხვდებოდით, მეკითხებოდა, რამე ხომ არ გჭირდებაო. სულ ზრუნავდა და ნამდვილად არ იყო ცუდი ადამიანი. შემომთავაზა დიდი კონცერტი, რომელსაც, რუსეთის მთავრობასთან ერთად, პუტინი დაესწრებოდა. არაფერი ცუდი ჩემთვის არ იქნებოდა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ წავედი. ავუხსენი, უკვე დაგეგმილი მაქვს კონცერტი და ვერ მოვხსნი-მეთქი. არ იყო სიმართლე, მაგრამ პირდაპირ ვერ ვუთხარი უარი. ადრე ვილაპარაკეთ იმაზე, რაც შეეშალა და მითხრა, როგორც შენ იცავ შენს ქვეყანას, ისე მეც ყოველთვის დავიცავო. რუსეთში ბევრ კონცერტზე მაქვს უარი ნათქვამი, სწორედ ჩემი ინტუიციით. ბერეზოვსკიმ მიმიწვია ერთხელ ინგლისში პირადი ვიზიტით. არც იქ წავედი. თავი არ წამიგია. ყველანაირ ფულს მირჩევნია ჩემი სახელი და ჩემი ხალხის გვერდით ყოფნა. არჩილ ტატუნაშვილი რომ აწამეს ცხინვალში, მაგ პერიოდში მქონდა დაგეგმილი კონცერტი მოსკოვში და თუ არ ჩავიდოდი, 2 მილიონი რუსული რუბლი ჯარიმა უნდა გადამეხადა. რა თქმა უნდა, ვერ გადავიხდიდი. მაინც არ წავედი და დიდი ხნით გადავატანინე ის კონცერტი. მაშინ მოსკოვში როგორ ვიმღერებდი?! მაგრამ, როდესაც ინტუიცია მეუბნება, რომ მართალი ვარ, იქ წავსულვარ და გამიმარჯვია. 

- ქალბატონო ნანი, უღრმესი მადლობა ასეთი გულწრფელი, შესანიშნავი ინტერვიუსთვის. საუბარს ტრადიციულად დავასრულებთ თქვენი კომენტარით ცნობილი ადამიანების ორ გამონათქვამზე. პირველი ციტატა ეკუთვნის თანამედროვე ამერიკელ მომღერალს, მადონას (1958): „თუ ასიდან 99 ადამიანს მოსწონს, რასაც ვაკეთებ, ჩემს მეხსიერებაში რჩება მხოლოდ ის ერთი, რომელსაც არ მოსწონს.“ 

- მადონა უჭკვიანესი ქალია, მაგრამ მისი ცხოვრების წესი ჩემთვის მიუღებელია. რაც შეეხება ციტატას, ვერ დავეთანხმები. არ შეიძლება, რომ ასპროცენტიანი მოწონება გქონდეს ცხოვრებაში. მე ვუშვებ, რომ შეიძლება, ბევრსაც არ მოვწონვარ. ჩემთვის მთავარია პროფესიონალების აზრი - ვისაც პატივს ვცემ და ვისი შეფასებაც მაინტერესებს. მათ მომიყვანეს აქამდე და არა მასამ. მაგრამ თუ ძლიერი ხარ და შენი ხელოვნება მაღალ დონეზეა, ხალხი ამას მშვენივრად მიხვდება. შეიძლება, ნიუანსები არ ესმის, მაგრამ კმაყოფილია. სარატოვში კონცერტი გვქონდა მე და მედეა გონგლიაშვილს. სასტუმროს მებუფეტე ქალი წავიყვანეთ იმ კონცერტზე, ძალიან უნდოდა დასწრება. მეორე დილით შევდივართ ბუფეტში და გვეუბნება: „გოგონებო, რა კარგი კონცერტი იყო! ხელოვნებაში არაფერი მესმის, საერთოდ არაფერი, მაგრამ... მთელი ღამე ვერ დავიძინე“. და მე ვუთხარი - „ძალიან, ძალიან დიდი მადლობა!“ აი, ეს არის მთავარი. 

- ესე იგი, 99 უფრო მნიშვნელოვანი გამოდის? 

- აბა, როგორ?! ჩემთვის ის ერთი არაფერს ნიშნავს, ჩემი ხალხია ჩემთვის ყველაფერი. 

- მეორე ციტატის ავტორია ავსტრიელი ფსიქოლოგი და ფსიქიატრი ზიგმუნდ ფროიდი (1856-1939): „საერთოდ, ადამიანს უნდა ჰქონდეს დრო იმისთვის, რომ ცხოვრებაზე იფიქროს“.

- სხვათა შორის, ფიქრისთვის ძალიან ბევრი დრო მაქვს. რამდენჯერმე კიდეც ვახსენე, რომ ყოველთვის ბევრს ვფიქრობდი. გონება სულ მობილიზებული მქონდა და უტვინოდ არასდროს მიმღერია. ახლა ჩემი პრობლემა ცოტა სხვა არის - გეგმები მაქვს, მაგრამ მათ განხორციელებას ვერ ვახერხებ. ეს ჩემი უნიჭობაა. ცხოვრებაზე ფიქრმა მომიტანა იმაზე სინანული, რაც ვერ გავაკეთე. მაგრამ სულ მახსოვს, რომ მადლიერი უნდა ვიყო იმის, რაც ღმერთმა მომცა.

 

ფოტომასალა: ირაკლი გედენიძე

გუნდი

ირაკლი გედენიძე

ზურაბ ქურციკიძე

გიო კუსიანი

გიორგი ურუშაძე

თამთა ყუბანეიშვილი

ნანა ყურაშვილი

ინგა ქორიძე