×
„მინდა, რომ მარტო ჩემთვის არ ვიცხოვრო“

სოფო კევლიშვილი

ნიუ-იორკში კოლუმბიის უნივერსიტეტის სტუდენტი


14268

ინტერვიუს შესახებ

იმის მიუხედავად, რომ სოფო კევლიშვილი 18 წლის არის და ჩვენი პროექტის ყველაზე ახალგაზრდა სტუმარია, დარწმუნებით ვიტყვი, რომ დღევანდელ საქართველოში თუკი ვინმეა წარმატებული, სოფოც მათ შორის არის.

არა მხოლოდ იმიტომ, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტის - კოლუმბიის უნივერსიტეტის სტუდენტია; და არც იმიტომ, რომ ბევრი ქართველისთვის ჯერ კიდევ უცნობ პროფესიას - ბიოსამედიცინო ინჟინერიას ეუფლება. 

სოფოს სწავლა წელიწადში 60 000 დოლარი ღირს. კოლუმბიის უნივერსიტეტმა, რომელიც ძალიან გულდასმით სწავლობს თავისი მომავალი სტუდენტების შესაძლებლობებს,  სოფოს სრულად დაუფინანსა ოთხწლიანი სწავლა. ოღონდ, დაუფინანსა წელიწადში 83 000 დოლარით იმისთვის, რომ სოფომ ყველა არდადეგებზე ოჯახი მოინახულოს; არ იზრუნოს დაზღვევაზე, კვებაზე, გადაადგილების ხარჯზე და იზრუნოს მხოლოდ და მხოლოდ სწავლაზე.

აი, ასეთი გოგონაა! 

ინტერვიუმ დაუნდობელ კითხვა-პასუხში ჩაიარა. ახლა კი მინდა, სოფოს ჩემი და თქვენი წილი სითბო გავატანო რთულ გარემოში, სადაც კიდევ ბევრჯერ მოუწევს საკუთარი თავის ძებნა და პოვნა. წარმატებები მას!

ია ანთაძე

- სოფო, როგორ დღეზე იტყოდით: „რა შესანიშნავი დღეა!“?

- პირველ რიგში, იმას ვიტყვი, რომ არ მიყვარს დასვენების დღეები. მიყვარს მრავალფეროვნება და მინდა, ყოველი დღე იყოს განსხვავებული, პროდუქტიული და დატვირთული. საინტერესო დღე, ალბათ, ის დღეა, როდესაც ხვდები ადამიანს, რომლისგანაც შეგიძლია ისწავლო. საქართველოში ხშირად გამიგია - მაგას თუ სწავლა უნდა, ყველგან ისწავლისო. არ ვეთანხმები. შეიძლება, ერთი და იგივე მასალა ყველგან ისწავლო, მაგრამ საჭიროა, შეხვდე ადამიანს, რომელიც განსხვავებულად გასწავლის; იმას გასწავლის, რასაც ვერსად ამოიკითხავ. ალბათ, შესანიშნავი დღეც ამით ხასიათდება, რომ ასეთ დღეს ხვდები ადამიანს, რომელთან ურთიერთობაც განსაკუთრებით საინტერესოა. 

- „ჩემიანს“ ვის დაარქმევდით? - მხოლოდ ოჯახის წევრებს, თუ ახლო ნათესავებს, მეგობრებს, სკოლელებს, მეზობლებს... ვინ შედის „თქვენიანების“ წრეში? 

- ჩემიანი, ალბათ, ის ადამიანია, რომელთანაც ბოლომდე შემიძლია გავიხსნა. შენიანთან შეგიძლია იყო ის, ვინც რეალურად ხარ და არაფერი დამალო; შეგიძლია შენი სახე ბოლომდე აჩვენო. 

- ესე იგი, სოციალური ჯგუფებით არ განსაზღვრავთ - რომ რაკი ახლო ნათესავია, ამიტომ ჩემიანია. 

-  ახლო ნათესავობა „შენიანობას“ არ ნიშნავს არანაირად; არც ახლო მეგობრობა. შეიძლება, მთელი ცხოვრება ადამიანთან ურთიერთობაში გაატარო, მაგრამ ბოლომდე შენიანი ვერასდროს გახდეს. 

 

საჭიროა, შეხვდე ადამიანს, რომელიც იმას გასწავლის, რასაც ვერსად ამოიკითხავ.

- სამაგიეროდ, შეიძლება, „შენიანი“, არც ისე ახლობელი ადამიანი აღმოჩნდეს? 

- კი, ბატონო. შეიძლება, სულ რამდენიმე დღის გაცნობილი ადამიანი იყოს, მაგრამ მოახერხო, რომ მასთან გაიხსნა. 

- ბუნების უფრო გჯერათ, თუ აღზრდის?

- აღზრდის. რა თქმა უნდა, ჩემი მომავალი პროფესიიდან გამომდინარე, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ გენეტიკას, მაგრამ მჯერა, რომ სწორ მიდგომებს ბევრი რამის შეცვლა შეუძლია. არ არსებობს სწორხაზოვნად ცუდი ან სწორხაზოვნად კარგი ადამიანი. შეგიძლია, მცირედი მოდიფიკაცია მაინც გაუკეთო რომელიმე თვისებას და შენთვის საჭირო კუთხით განავითარო. თუ მარტო ბუნებას მივენდობით, მაშინ პროგრესი არ არსებობს. თუ გვჯერა, რომ ადამიანი ასეთი დაიბადა და ასეთივე დარჩება, მაშინ განვითარება გამორიცხულია. 

- თქვენ ხშირად ამბობთ, რომ მეცხრე კლასიდან უკვე სისტემურად გქონდათ დაგეგმილი საუნივერსიტეტო მომზადება. 14-15 წლის ასაკში უკვე იცოდით, რომ ბიოსამედიცინო ინჟინერიის შესწავლა გინდოდათ? თუ, უბრალოდ, დაიწყეთ მზადება ამერიკის რომელიმე კარგ უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად? 

- არა, წარმოდგენა არ მქონდა, რისი გაკეთება მინდოდა. საერთოდ, მედიცინაზე არ მიფიქრია, ბავშვობაში ექიმებთან ურთიერთობის არცთუ სასიამოვნო გამოცდილება მქონდა. მაგრამ, წეღანაც ვახსენე, რომ არიან ადამიანები, რომლებიც შენს ცხოვრებაში შემოდიან და მნიშვნელოვნად ცვლიან მას. ჩემს ცხოვრებაში მოხდა ის, რომ მეცხრე კლასში შემხვდა ბიოლოგიის არაჩვეულებრივი მასწავლებელი, რომელმაც აბსოლუტურად ყველაფერი შეცვალა, ყველაფერი ამოატრიალა ჩემს ცხოვრებაში. 

- რომელ ასაკში ჩამოყალიბდით, რომ გინდათ, თქვენი პროფესია ბიოსამედიცინო ინჟინერია იყოს? 

- ალბათ, მეათე კლასის მერე, საზაფხულო არდადეგების დროს, როდესაც 16 წლის ვიყავი. ზოგადად, მიყვარს ჩემი თავის გამოცდა და იმ არდადეგებზე გადავწყვიტე, რომ ქირურგიის ეროვნულ ცენტრში გამევლო პრაქტიკა. მინდოდა, ნეიროქირურგიულ ოპერაციებს დავსწრებოდი. ერთი თვე იქ ვიცხოვრე. 

- ეს როგორ მოხერხდა, რომ ნეიროქირურგიულ ოპერაციებზე შეგიშვეს? 

- გამოცდების ჩაბარება დამჭირდა, ასე უბრალოდ არავის შევუშვივარ. თავიდან პრაქტიკა დავიწყე ნევროლოგიაში, მერე ქირურგს შემახვედრეს და მან მკითხა, ოპერაციას თუ დაესწრებიო? არ ვიცი, რა დაინახა ასეთი, მაგრამ ძალიან მადლიერი ვარ მისი, რომ ოპერაციაზე შემიშვა. 

 

მიყვარს ჩემი თავის გამოცდა.

- ქირურგი ვინ იყო, შეგიძლიათ, მითხრათ? 

- არ ვიცი, რამდენად შემიძლია...

- კარგით, მაშინ ის მითხარით, რა გამოცდა ჩააბარეთ 16 წლის ასაკში, სანამ ოპერაციაზე დასწრების უფლებას მოგცემდნენ. 

- ეს არის გამოცდები, რომლებსაც ექიმები აბარებენ, როცა საავადმყოფოში მუშაობის დაწყება უნდათ. ფსიქოლოგიური ტესტები ბარდება, რომლებიც ამოწმებს უნარებს; ამოწმებს, რამდენად მზად ხარ, რომ ოპერაციებს დაესწრო, რთული გრაფიკით იმუშაო და ასე შემდეგ. ერთი თვე ღამის გამოძახებებზეც მივდიოდი, მერე მთელი დღე საავადმყოფოში ვიყავი და, პარალელურად, სკოლაშიც ვმუშაობდი მოხალისედ. 

- ეს ხდებოდა ზაფხულში - სკოლაშიც და საავადმყოფოშიც რომ დადიოდით?

- დიახ, ზოგადად, არდადეგები არ მიყვარს. ვცდილობ, რომ არდადეგებიც საქმიანი იყოს ხოლმე. 

- არიან ადამიანები, რომლებსაც ძალიან კარგად გამოსდით დაგეგმილი ნაბიჯებით სიარული და წარმატებასაც აღწევენ. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებმაც, რაც არ უნდა დაგეგმონ, მათი ცხოვრება სულ მოულოდნელი მიმართულებით ვითარდება - დაგეგმილზე უკეთესად ან უარესად. როგორ ფიქრობთ, ეს ადამიანები - ვისაც გამოსდის დაგეგმილი ნაბიჯებით სიარული და ვისაც არ გამოსდის - არსებითად, რითი განსხვავდებიან ერთმანეთისგან?

- ჩემი აზრით, ეს ორი ნაწილისგან შედგება. ერთ-ერთი არის დისციპლინა. თავიდანვე თუ მიგაჩვევენ, რომ სანამ რაღაცის გაკეთებას დაიწყებ, ყველაფერი უნდა დაგეგმო - ალბათ, უფრო გიმარტივდება ამ გზით მიზნის მიღწევა. მეორე ნაწილი არის თვითდისციპლინა - შენი შინაგანი განწყობა. ჩემი გამოცდილებით, არასდროს მომხდარა, რომ რაღაც მომინდა და ასე უბრალოდ, ან შემთხვევით გავაკეთე. ყოველთვის ძალიან ბევრს ვშრომობდი იმისთვის, რომ A პუნქტიდან B პუნქტამდე მივსულიყავი და ჩემი მიზნისთვის მიმეღწია. დაგეგმვის გარეშე ვერ წარმომიდგენია. შინაგანი დისციპლინით და ხასიათით უნდა გქონდეს განსაზღვრული ყველა ნაბიჯი. 

- ალბათ, მიზნის შინაარსიც განაპირობებს, რამდენად გამოვა დაგეგმილი ნაბიჯებით სიარული. როცა მიზანი კონკრეტულია, მაგალითად, კარგ ამერიკულ უნივერსიტეტში ჩაბარება - ზუსტად იცი, რა ნაბიჯები უნდა გადადგა. მაგრამ როცა მიზანია, რომ კარგი კარიერა გქონდეს, ბევრჯერ შეიძლება შეიცვალოს ნაბიჯები, რაც თავიდან დაგეგმე. 

 

მე არ ვფიქრობ, რომ სწორი მიზანი იყოს ამერიკულ უნივერსიტეტში ჩაბარება.

- მე არ ვფიქრობ, რომ სწორი მიზანი იყოს ამერიკულ უნივერსიტეტში ჩაბარება. ეგ მიზნისკენ მიმავალი ნაბიჯია და არა მიზანი. თუ ასე ვიწროდ ვფიქრობ, რომ ჩემი მიზანია ის, რასაც ხვალ უნდა  მივაღწიო და მერე აღარაფერს ვგეგმავ, ამას მიზანს საერთოდ ვერ ვუწოდებ. მიზანი უფრო ზოგადია. ჩემს შემთხვევაში, მიზანი არ ყოფილა ამერიკულ უნივერსიტეტში ჩაბარება. ეს იყო კარიერული განვითარების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი და, ალბათ, ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯიც იმიტომ, რომ ამით უნდა დამეწყო. დასასრული ჯერ ძალიან შორს არის. 

- ეს ცხადია. თქვენ კარიერა იმით დაიწყეთ, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი უნივერსიტეტის - კოლუმბიის უნივერსიტეტის სტუდენტი ხართ, ოთხწლიანი სრული დაფინანსებით. რამდენად მზად აღმოჩნდით ახალ გარემოსთან შესაგუებლად?

- რთულია. საქართველოში ნაკლებად გაჩვევენ ასეთ გარემოში ყოფნას და, ზოგადად, დამოუკიდებლობას. დედა გიკეთებს ყველაფერს, ან ბებია, ან ვიღაც ყოველთვის გყავს ოჯახში, ვინც შენ მაგივრად აგვარებს საოჯახო საქმეს. მეორე სირთულე ის არის, რომ მასწავლებლებთან ურთიერთობა საქართველოში და ამერიკაში ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. ქართულ სკოლაში მასწავლებელი დაგდევს, აქეთ გეხვეწება, რომ ისწავლო. თან უფრო ახლო ურთიერთობა უყალიბდებათ მასწავლებელს და მოსწავლეს. ეს არის ერთ-ერთი რამ, რაც ყველაზე მეტად არ მომწონდა საქართველოში, რომ შეგიძლია მასწავლებელთან ძალიან მეგობრული ურთიერთობა გქონდეს. ეს ურთიერთობა შორს სცდება პროფესიულ საზღვრებს.

- ასეთი ურთიერთობა ბავშვს აზიანებს აკადემიურად, ან რაიმე სხვა კუთხით? 

- დიახ, აზიანებს იმიტომ, რომ, პირველ რიგში, დისციპლინას ვეღარ ეჩვევა და როგორც კი მოხვდება ისეთ გარემოში, როგორიც არის ამერიკული უნივერსიტეტების უმეტესობაში - იქ ძალიან იკარგება. შედის ლექციაზე, სადაც სამასი სტუდენტი ზის. შეიძლება, ერთი წლის განმავლობაში საერთოდ არ დაელაპარაკოს პროფესორს, არანაირი ურთიერთობა არ ჰქონდეს მასთან. პროფესორი მისით არასდროს დაინტერესდება, თუ თვითონ სტუდენტმა არ გამოიჩინა ინიციატივა. იქ გაქვს სისტემა, რომელიც ღამის 12 საათზე იხურება და თუ დავალება არ ჩააბარე, არავინ არც პასუხს მოგთხოვს და არც არაფერი, ნული ქულა გეწერება მარტივად. ყველაფერი ძალიან დისტანცირებულია.

 

მარტო ცხოვრებისთვის არანაირად არ ვიყავი მზად.

- თქვენ ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიაში სწავლობდით და იქაც ეს რეჟიმი იყო? მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის სიახლოვეს ვგულისხმობ. 

- ნაკლებად. ალბათ, იმიტომ მომწონდა ყველაზე მეტად იქ სწავლა, რომ, ასე თუ ისე, იგრძნობა, მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის რა დამოკიდებულება უნდა იყოს. ზოგადად, ამერიკული აკადემია არის სკოლა, რომელიც გამზადებს იმისთვის, რაც ამერიკაში დაგხვდება. ბევრს აქვს წარმოდგენა, რომ ამერიკულ აკადემიაში თუ ისწავლი, აუცილებლად ჩააბარებ ამერიკის „ტოპ“ უნივერსიტეტში. რეალურად, სკოლა ამას არ ემსახურება, არანაირად არ არის ვალდებული და არც  ხელს გიწყობს ამაში, თუ არ ჩავთვლით, რომ ძალიან კარგ განათლებას გაძლევს. მაგრამ ურთიერთობები, სწავლების სტილი და  მეთოდიკა ნამდვილად ჰგავს ამერიკულს. 

- მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის ახლო ურთიერთობის გამოცდილება, ალბათ, იმ სკოლიდან გაქვთ, რომელშიც ადრეულ ასაკში სწავლობდით. ასეა?

- არამარტო მაგ სკოლიდან. ზოგადად, ძალიან ცნობილი ტენდენციაა საქართველოში. ყველას ასეთი ურთიერთობა აქვს, საკამათოც არ არის. უბრალოდ, ასე ხდება. 

- რაიმე დადებითს ამგვარ ურთიერთობაში თუ ხედავთ? 

- დიახ, შეიძლება, მეტად დაინტერესდე საგნით,  როცა შეგიძლია, რომ უკეთ გაიცნო და უფრო დაუახლოვდე შენთვის საინტერესო ადამიანს. 

- ბიოლოგიის კარგი მასწავლებელი რომ გყავდათ, ის როგორი იყო ურთიერთობების მხრივ?

 

კომფორტის ზონიდან გასვლა ძალიან სასიამოვნო აღმოჩნდა.

- ბიოლოგიის მასწავლებელი იმიტომ იყო ჩემთვის აღმოჩენა, რომ საერთოდ სხვა დამოკიდებულება ჰქონდა საქმის მიმართ. განათლების სისტემის ერთ-ერთი პრობლემა ესეც არის, რომ მასწავლებელი ხარ მაშინ, თუ ზედმიწევნით იცი, წიგნში რაც წერია და შეგიძლია, ის მასალა კლასში თავიდან მოყვე. ბიოლოგიის მასწავლებელი და, სხვათა შორის, ბევრი სხვა მასწავლებელი ამერიკულ აკადემიაში სწავლებას სხვანაირად უყურებს. იქ არასდროს არის მნიშვნელოვანი, წიგნში დაწერილი მასალა მასწავლებელმა თავიდან გიამბოს. იქ მნიშვნელოვანია, რომ იმ კითხვებით, ამოცანებით, რასაც გაძლევენ - ფაქტობრივად, ყველანაირი მასალით - შენ თვითონ მიხვიდე იმ დასკვნამდე, რაც მერე წიგნში უნდა წაიკითხო. 

- თუ ასეთი მასწავლებლები არიან და, ზოგადად, ასეთი მიდგომაა თქვენს სკოლაში, რით იყო გამორჩეული ბიოლოგიის მასწავლებელი? 

- არის ადამიანი, რომელსაც შეხვდები და მეტ ინსპირაციას იღებ მისგან, ვიდრე სხვებისგან. შეიძლება იმიტომ, რომ უფრო საინტერესოდ და უფრო ღრმად გაწვდის თავის საგანს. შეიძლება იმიტომ, რომ თვითონ არის ადამიანი, რომელსაც უხარია, რომ შემოვიდეს კლასში და გასწავლოს. 

- მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს ახლო ურთიერთობას მოსწავლეებთან?

- არ არის ტრაგედია ახლო ურთიერთობაც, ამას არ ვგულისხმობ. მეც მყოლია ლექტორი სამასკაციან აუდიტორიაში, რომელთანაც არცკი მილაპარაკია ერთი-ერთზე. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ძალიან დიდი შთაგონება მიმიღია მისგან. 

- საწყის კითხვას დავუბრუნდეთ - რამდენად მზად აღმოჩნდით იმ გარემოსთვის, რაც ამერიკაში დაგხვდათ? 

 

ზოგ რამეზე გული მწყდება, მაგრამ ვნანობ-მეთქი, ვერ ვიტყვი.

- ერთადერთი, რა კუთხითაც მზად ვიყავი, იყო ის, რომ სწავლის დისციპლინა ვიცოდი. რა იგულისხმება ამაში? მე შემიძლია, ჩემი თავი ვაიძულო, დავჯდე და თუნდაც ერთი კვირა არ გამოვიდე ბიბლიოთეკიდან. ასეთი შემთხვევა რეალურად მქონია. ვიცი, როგორ უნდა ვისწავლო ეფექტურად. ვიცი, ჩემს თავთან როგორ უნდა ვიმუშაო ისე, რომ მასალა უფრო კარგად გავიაზრო, დავიმახსოვრო და ა.შ. ეს უნარები აქედანვე მქონდა გამომუშავებული.

- ანუ აკადემიური კუთხით პრობლემა არ გქონიათ. ეს ძალიან იშვიათად ხდება.  

- რთული და ბევრი მასალაა, რომელსაც უნდა შეეჭიდო და დაძლიო. მაგრამ თუ იცი, როგორ იმეცადინო, მაშინ ნაკლებად სტრესულია. სხვა მხრივ, მარტო ცხოვრებისთვის არანაირად არ ვიყავი მზად, გამოცდილება სრულებით არ მქონდა. 

- მარტო ცხოვრებას კიდევ დავუბრუნდებით, მაგრამ, მთლიანობაში, ნიუ-იორკში ცხოვრება და კოლუმბიის უნივერსიტეტში სწავლა თქვენთვის კომფორტის ზონაში შესვლა აღმოჩნდა, თუ პირიქით, კომფორტის ზონიდან გასვლა?

- ეს იყო გასვლა კომფორტის ზონიდან, მაგრამ სასიამოვნო პროცესი. ვერ ვიტყვი, რომ იქ არაკომფორტულად ვგრძნობდი თავს. ბევრი სიახლე იყო, რაც არ ჯდებოდა იმ ჩარჩოში, რაც საქართველოში მქონდა; არ შეესაბამებოდა ქართულ გამოცდილებას. მაგრამ კომფორტის ზონიდან გასვლა ძალიან სასიამოვნო აღმოჩნდა. 

- ახალი ინფორმაცია, რაც მოიცავდა არა მხოლოდ აკადემიურ მასალას, არამედ, ცხოვრების წესს, თქვენს იქაურ ურთიერთობებს, - მთელი ეს ინფორმაცია გადაამუშავეთ და ამის საფუძველზე გაძლიერდით. შეიძლება ასე აღვწეროთ, რაც ბოლო თვეებში მოხდა? 

- აუცილებლად. მაგრამ ჯერ პროცესი გრძელდება და, ზოგადად, ეგ პროცესი ამოუწურავია. 

 

მნიშვნელოვანია, შეგეძლოს, რომ საკუთარი თავი აკონტროლო.

- კოლუმბიის უნივერსიტეტში, ალბათ, ბევრ ისეთ ადამიანს შეხვდით, რომელიც აბსოლუტურად სხვა კულტურულ გარემოშია გაზრდილი. რაიმე შინაარსის კულტურული შოკი თუ გქონდათ? 

- კულტურული შოკი არ მქონია იქიდან გამომდინარე, რომ პირველი შემთხვევა არ იყო, როცა ამერიკაში ჩავდიოდი. ასე თუ ისე, ვიცოდი, რა დამხვდებოდა. მაგრამ რთულია, ურთიერთობა დაამყარო ადამიანთან, რომელთანაც საერთო არაფერი გაქვს კულტურის მხრივ. ურთიერთობის ის გამოცდილება, რითიც საქართველოდან მიდიხარ, სხვა ეროვნების ადამიანებთან არ გამოგადგება. ყველას, თავისი კულტურიდან გამომდინარე, თავისებური მიდგომა სჭირდება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავშეკავებული იყო, სანამ ბოლომდე არ გაიხსნება შენთან ადამიანი და შენც მასთან არ გაიხსნები. ჩემს უნივერსიტეტში, ალბათ, ყველა ეროვნების სტუდენტია, რაც კი არსებობს და შეუძლებელია, ყველა ეს კულტურა შეიმეცნო და გააანალიზო. 

- გამოდის, ნდობა გიძნელდებათ? 

- ყველაფრის მიუხედავად, ნდობის პრობლემა არ არის. ალბათ, იმიტომ, რომ კოლუმბიის უნივერსიტეტი ისეთ ადამიანებს არჩევს, რომლებიც ერთსა და იმავე მიზანს ვემსახურებით: უნდა ჩავიდეთ იქ, ძალიან კარგი განათლება მივიღოთ, ვიშრომოთ და მერე ჩვენი ცოდნა გამოვიყენოთ. არ გაქვს ნდობის პრობლემა იმიტომ, რომ იცი, სხვა სტუდენტიც შენნაირია და ისიც მსგავსი მიზნებით არის ჩამოსული. ამბობენ, რომ გარემოში, სადაც კონკურენცია მაღალია, კიდევ უფრო ძნელია ადამიანის ნდობა, მაგრამ ასეთი შემთხვევა ჩემს პრაქტიკაში არ ყოფილა. პირიქით. ბევრი პროექტი გავაკეთეთ, ბევრი ვიშრომეთ ერთად აკადემიური კუთხით და არცერთ მომენტში არ მქონია განცდა, რომ არ შეიძლება, ადამიანს ვენდო. 

 

ძალიან მიყვარს გამოწვევები.

- ურთიერთობების სიღრმე რამდენად დამაკმაყოფილებელია თქვენთვის? 

- ისეთი მინისაზოგადოება შევიკრიბეთ, რომლის წევრებიც  დაინტერესებულები ვართ ერთმანეთით. უნივერსიტეტში სწავლა მარტო იმას არ ნიშნავს, რომ ქიმია და ფიზიკა კარგად იცოდე. უნივერსიტეტი ის ადგილია, სადაც ოთხი წელი ერთ კორპუსში ვცხოვრობთ და ყველას გვაქვს სურვილი, რომ ერთმანეთი უფრო ახლოს გავიცნოთ. ამისთვის უნივერსიტეტიც ბევრს აკეთებს. 

- რაც ამერიკაში ხართ, ნამდვილი, სიღრმისეული ურთიერთობა თუ გქონიათ ვინმესთან? 

- არა. მაგას, ალბათ, ყველაზე მეტად განვიცდი. პირველ სემესტრში იმდენი სიახლეა, რომ ვერ შევძელი, ძალიან დავახლოვებოდი ვინმეს. კონცენტრირებული ხარ შენს საქმეზე და ვერ ახერხებ, ახლო კავშირი დაამყარო ადამიანებთან. 

- ესე იგი, იქ თქვენი „შინაური“ არ გყავთ. 

- მყავს აქაური მეგობრები, რომლებიც ნიუ-იორკში სწავლობენ. მაგ მხრივ, ვერ ვიტყვი, რომ ახლობელი ადამიანი იქვე არ მყავს. მაგრამ ახალი ახლო მეგობარი, ჩემიანი, იქ ჯერ ვერ ვიპოვე. 

- იქ ვინც გყავთ, აქაური თქვენიანები, სიღრმისეულ ურთიერთობას იმათთანაც ვერ ახერხებთ? 

- იმათთან ვახერხებ. ძალიან გამიმართლა, რომ ჩემი ბავშვობის მეგობარი ერთ-ერთ უნივერსიტეტში სწავლობს ნიუ-იორკში. თუმცა, ახლა მიზანი ის არის, რომ ახალი მეგობრები შევიძინო. იმიტომ, რომ არ მიყვარს სტაგნაცია და ახლა მაგ ეტაპზე ვარ - სოციალურად, თითქოს, ვერ განვვითარდი. ვეცდები, რომ გამოვასწორო ეს ამბავი.

-  „ძალიან დაკავებული ვარ იმისთვის, რომ შფოთვის დრო მქონდეს,“ - ეს ბრიტანეთის პრემიერმინისტრის უინსტონ ჩერჩილის ნათქვამია. თქვენს ცხოვრებას თუ მიესადაგება ეს სიტყვები? 

- დიახ, მიესადაგება. იმიტომ, რომ ბოლო თვეებში ყველაფერს ჩამოვრჩი, რაც ჩემ გარშემო ხდებოდა. 

- მაგალითად?

- თუნდაც ის, რომ ოჯახის მხრიდან სიახლეები არცკი ვიცოდი. იყო ზოგიერთი რამ, რაზე ნერვიულობაც ვერ მოვასწარი.

 
არამარტო სოციალური მხრივ, ბევრი აკადემიური სტრესია, როცა იქ სწავლობ. მაგრამ ამაზე ნერვიულობის დროც არ გვრჩება. იმდენი საქმე გაქვს გასაკეთებელი, არ გაქვს იმის დრო, რომ იფიქრო, მაგალითად, წინა გამოცდა რთული იყო და გამიჭირდა. ამაზე ნერვიულობის დრო არ გაქვს იმიტომ, რომ რამდენიმე დღეში უკვე მეორე გამოცდა გაქვს, რომლისთვისაც მზად უნდა იყო.

ფინალური გამოცდების პერიოდში ორი კვირა ვიცხოვრეთ ბიბლიოთეკაში. ყოფილა ღამეები, როცა დასაძინებლად სახლშიც არ წავსულვარ. იქაური ცხოვრების წესს ძალიან შეესაბამება ეს ციტატა. 

- ახლა ბიოსამედიცინო ინჟინერიას სწავლობთ, მაგრამ შემდეგ დაგეგმილი გაქვთ, სწავლა სამედიცინო მიმართულებით განაგრძოთ და საბოლოოდ, გინდათ, რომ ნეიროქირურგი გახდეთ. რატომ აირჩიეთ ასეთი შემოვლითი გზა თქვენთვის სასურველ პროფესიამდე?

 

საქართველოში უფრო მარტივია, იყო კლასის აკადემიური ლიდერი.

- ეს არის ამერიკული განათლების სისტემის მოთხოვნა, სადაც არ შეიძლება, ბაკალავრიატზე ისწავლო პირდაპირ სამედიცინო მიმართულებით. ასე ხდება, რომ ჯერ უნდა მიიღო „წინარე სამედიცინო“ განათლება, რომელიც სამედიცინო სკოლისთვის მოგამზადებს. ბიოსამედიცინო ინჟინერია იმიტომ ავირჩიე, რომ ინჟინერიაში გამოცდილება მქონდა. ძალიან მომწონს ეგ სფეროც. ბიოინჟინერიას ბევრი პრაქტიკული ნაწილი აქვს და მე მიყვარს ჩემით რაღაცის გაკეთება, აწყობა. ბიოსამედიცინო ინჟინრები ქმნიან პროდუქტს, რომელიც, საბოლოო ჯამში, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ძალიან სჭირდებათ. 

- სამედიცინო აპარატურას გულისხმობთ?

- დიახ, სამედიცინო აპარატურაც, გენური ინჟინერიაც, ნანოტექნოლოგიებიც. 

- თქვენ ამბობდით, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიაზროვნო საზღვრების გარეშეო. ეს შემოქმედებითი აზროვნების კლასიკური განმარტებაა - საზღვრების გარეშე აზროვნება. დღევანდელი გამოცდილებით, კოლუმბიის უნივერსიტეტის სტუდენტს რა უფრო მეტად სჭირდება - ანალიტიკური თუ შემოქმედებითი აზროვნება? 

- მე პირადად შემოქმედებით აზროვნებას ვანიჭებ უპირატესობას. ვინ თქვა, რომ ინჟინერია ხელოვნება არ არის? ჩემი აზრით, სწორედ შემოქმედებითი სფეროა. როგორც ინჟინერი, შენ ეძებ პრობლემის გადაჭრას და მთლიანად გადიხარ საზღვრებს გარეთ. იმას ქმნი, რაც აქამდე არავის შეუქმნია. ამას მხოლოდ კარგად ნასწავლი ფიზიკა-ქიმია-ბიოლოგიით ვერ შეძლებ. ამას სჭირდება, რომ ძალიან დიდი კრეატიულობა ჩადო იმ საქმეში, რასაც აკეთებ. 

- უშუალოდ ხელოვნების რაიმე მიმართულებით თუ ხართ დაინტერესებული? ამ მხრივ თუ გადგებათ თქვენი შემოქმედებითი უნარები?

- მუსიკა ძალიან მიყვარს, მაგრამ ინჟინერიაში უფრო მეტად ვდებ ჩემს შემოქმედებით უნარებს. იმიტომ, რომ ეს არის ის, რისი საფუძველიც უკვე მაქვს, განათლების მხრივ. ხატვაში, მუსიკაში არ მაქვს საფუძველი, რაზეც შემიძლია მერე კრეატიულობა დავაშენო - ერთი მეორის გარეშე არ გამოდის.

 
ინჟინერიაში, რეალურად, მაქვს ცოდნა, რომელიც შემიძლია გამოვიყენო, რომ გავიდე საზღვრებს გარეთ.

საზღვრებს შიგნით თუ არ იცი ყველაფერი, ვერ შეძლებ, რომ საზღვრებს გარეთ გახვიდე. 

- სანამ სტუდენტი გახდებოდით, კოლუმბიის უნივერსიტეტისთვის მოგიხდათ თემის დაწერა, რომელშიც საკუთარი თავი უნდა დაგეხასიათებინათ. რა დაწერეთ მაშინ თქვენ შესახებ?

- ამ თემაში შეგიძლია დაწერო შენ შესახებ, ან დაწერო ამბავი - ამაში არ ხარ შეზღუდული. ჩემს შემთხვევაში, ამბავი იყო. მინდოდა, რომ ერთი ამბავი მომეყოლა და ამეხსნა, ამ ამბიდან გამომდინარე, რა დასკვნა გავაკეთე ჩემს ცხოვრებაში. 

- ჩვენც გვიამბობთ? 

- დიახ. ორი-სამი წლის წინ, არდადეგებზე, ჩემი დიდი ბებიის და ბაბუის სახლში ჩავედით. ბიძაჩემმა ჩემი დიდი ბაბუის წერილები და საბუთები იპოვა. რაღაც განცდა დამიტოვა ამ ამბავმა, უცნაური იყო ძველი ქაღალდების დათვალიერება. თბილისში რომ დავბრუნდი, ქართული ენისა და ლიტერატურის საგანში გავაკეთეთ პროექტი, რომელშიც წიგნის ერთ-ერთი თავი უნდა შეგვექმნა მეცხრეკლასელებისთვის. ჩვენ მეთერთმეტე კლასში ვიყავით. შეგვეძლო, ნებისმიერი თემა აგვერჩია. მე ავირჩიე „დრო“. თემა ამ პროექტის და ამ ამბის სინთეზი გამოვიდა. რაც უფრო მეტად ვიკვლიე დრო, იმ დასკვნამდე მივედი, რომ დროის ის კლასიკური გაგება, რაც ჩვენ გვაქვს, არასწორია. დროს სამ ნაწილად ვყოფთ: წარსული, აწმყო და მომავალი. ეს სამი ნაწილი ძალიან დისტანცირებულად გვაქვს წარმოდგენილი, თითქოს, ისინი ერთმანეთს არ უკავშირდება. სინამდვილეში, არასწორია წარსულის, აწმყოსა და მომავლის მკაცრი გამიჯვნა. იმან, რომ მე ჩემი დიდი ბაბუის წერილების ნახვა შევძელი და მოვისმინე მისი ამბები - როგორ იომა და როგორ გადაურჩა სიკვდილს - რეალურად, განაპირობა ის, რომ დღეს აქ ვარ. ყველაფერი ისე აეწყო, რომ აქამდე მოვედი. იმ წარსულმა განაპირობა ჩემი აწმყო.

 
ჩემს თემას ასე ვასრულებდი, რომ ჩემი ცხოვრებისეული ხედვა ასეთია: ჩემმა აწმყომ ახლა უნდა განაპირობოს ძალიან ბევრი ადამიანის მომავალი. მე შემიძლია აქედანვე, ამ აწმყოში განვსაზღვრო, რა მასშტაბით შევძლებ, შევცვალო სხვების მომავალი - ეს იქნება მარტო ჩემი შვილთა შვილების, თუ შევძლებ, რომ რეალურად გაცილებით უფრო მეტ ადამიანს შევეხო.

დროის ერთობლიობა იყო, ალბათ, თემის მთავარი აზრი. 

- ძალიან საინტერესოა! და როცა გინდა, რომელიმე ამბის მეშვეობით ვინმეს შენი თავი დაანახო, ეს ჭკვიანურია. მაგრამ რა იქნება პასუხი, თუ პირდაპირ დავსვამ კითხვას: თქვენი პიროვნების განმსაზღვრელი ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშანი რა არის? 

 

მინდოდა, რომ ჩემს „ბუშტში“ ჩაკეტილი არ ვყოფილიყავი.

- მე ვიტყოდი, რომ თვითკონტროლი. ყველაფერი მოდის იქიდან, რამდენად შეგიძლია, შენი თავი ხელში აიყვანო. არ არის ადვილი, ჩახვიდე კოლუმბიის უნივერსიტეტში და ყველაფერი გაიარო შედარებით მარტივად - დაცემის და წამოდგომის გარეშე. ერთ-ერთი ყველაზე სტრესული გამოცდილება, რაც ცხოვრებაში შეიძლება მიიღო - იქ სწავლაა. ეს არის ფაქტი, მარტო ჩემი შთაბეჭდილება არ არის. კოლუმბიის უნივერსიტეტში ძალიან მაღალია სტუდენტებს შორის თვითმკვლელობის მაჩვენებელი და ეს ხდება სწავლასთან დაკავშირებული სტრესიდან გამომდინარე. ამიტომ, მნიშვნელოვანია, შეგეძლოს, რომ საკუთარი თავი აკონტროლო. კონტროლში შედის ის, რომ შეგიძლია, შენს თავს დააძალო, რომ ახლა ეს უნდა გააკეთო, გასაკეთებელია და მორჩა. თვითკონტროლში შედის ისიც, რომ ემოციებს არ აჰყვე და ერთხელ თუ რაღაც არ გამოგივიდა, პანიკაში არ ჩავარდე. თვითკონტროლის გარეშე, ჩემი აზრით, აქამდე ვერ მოვიდოდი. 

- თვითმკვლელობის მაჩვენებელი თუ მაღალია, ალბათ, საგანგებოდ ამოწმებენ ახალგაზრდების ფსიქიკურ მდგრადობას. ამას როგორ აკეთებენ? 

- რეალურად, ცდილობენ, რომ შენი თვისებები იმ აპლიკაციაში დაინახონ, რომელსაც აგზავნი, სანამ სტუდენტი გახდები. ძალიან ბევრი თემა გაქვს დასაწერი, სადაც შეუძლიათ შეაფასონ, რამდენად გაუძლებ იმას, რაც დაგხვდება. მაგრამ ყველაფერს წინასწარ ვერ გათვლი. შეიძლება ახალგაზრდა ადამიანს აქვს შესაძლებლობა, პოტენცია, რომ ყველაფერს გაუძლოს და თავისი საქმე კარგად გააკეთოს, მაგრამ ვერ ახერხებს. ასეც ხდება. 

- უნივერსიტეტში თუ არსებობს სისტემა, რომელიც სტუდენტებს სტრესის გადალახვაში ეხმარება?

 

შემოქმედებით აზროვნებას ვანიჭებ უპირატესობას.

- ამისთვის უნივერსიტეტს ბევრი რესურსი აქვს. როცა უბედური შემთხვევა ხდება, 24 საათიანი ცენტრი იხსნება, სადაც ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია მივიდეს და თქვას, რაც აწუხებს. არიან მრჩევლები, ფსიქოლოგები; ბევრი ადამიანია, რომელსაც ნებისმიერ დროს შეგიძლია მიმართო დახმარებისთვის. ახლახან იყო შემთხვევა, რომ ჩვენი სტუდენტი მოკლეს. სამწუხაროდ, ასე მოხდა. მაშინვე გაიხსნა 24 საათიანი ცენტრი. მაგრამ, ზოგადად, ნებისმიერ წამს იპოვი ადამიანს, რომელსაც დაელაპარაკები. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო რესურსი, რაც გვაქვს, ცხელი ხაზია. თუ რამე გაწუხებს, ღამის ორ საათზე შეგიძლია, დარეკო და იქ დაგხვდება ადამიანი, რომელიც შენს პრობლემაზე დაგელაპარაკება. 

- თქვენ ზაფხულში წახვედით ამერიკაში და პირველივე არდადეგებზე საქართველოში დაბრუნდით. თქვენი და ოჯახის დამოკიდებულებაზე მინდა ვილაპარაკოთ - რამე თუ შეიცვალა იმის შემდეგ, რაც ამერიკაში წახვედით?

- ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა, ყველა თავის ოჯახში ბრუნდება არდადეგებზე. შეცვლილი დამოკიდებულება არ მიგრძვნია. ოჯახის წევრები ზუსტად ისევე ღელავენ, ნერვიულობენ და ზრუნავენ ჩემზე, როგორც ადრე. 

- ისინი - კი. თქვენ?

- ვერ ვიტყვი, რომ ძალიან დიდი ნოსტალგია მქონდა. არც ისე დიდი ხანია, რაც წავედი. მიუხედავად ამისა, როცა გაქვს საშუალება, რომ ჩამოხვიდე და იყო შენს ოჯახთან ერთად - რატომაც არა? მით უმეტეს, როცა მგზავრობას უნივერსიტეტი გიფინანსებს. 

- ამასობაში, თუ გქონიათ განცდა, რომ თქვენივე თავისგან განსხვავდებით? რომ რაღაც მომენტში ან რაღაც პერიოდში უფრო სხვანაირი ხართ, ვიდრე - ყოველთვის?

- რადიკალური ცვლილების განცდა მქონდა დამოუკიდებლობის მხრივ. უფრო დამოუკიდებელი გავხდი, ვიდრე აქამდე ვიყავი. სხვა მიმართულებით, ალბათ, თვისობრივად დიდად არ შევცვლილვარ. 

 

სოციალურად, თითქოს, ვერ განვვითარდი.

- დამოუკიდებელი გავხდიო, რომ ამბობთ, მაინც, რას გულისხმობთ? იმას, რომ საკვების მომზადება და თავის მოვლა გიწევთ? 

- დიახ, ამას ვგულისხმობ. დამოუკიდებელი ცხოვრება არ შედიოდა ჩემს გამოცდილებაში. პირველად რომ მომიხდა, ჩავსულიყავი და სარეცხი გამერეცხა, ძალიან გამიჭირდა. არასდროს გამიკეთებია და იმიტომ. რაღაც უნარ-ჩვევები გამოვიმუშავე, იქ როგორ უნდა ვიცხოვრო. 

- ურთიერთობებსაც ეხებოდა დამოუკიდებელი ცხოვრების ახალი გამოცდილება? თქვენ თქვით, ურთიერთობებში განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოო. 

- დიახ. რაღაც მხრივ, საქართველოში უფრო პატარა საზოგადოება გვაქვს და ურთიერთობაც მარტივია. მაგალითად, სკოლაში რომ მიდიხარ, იქ უკვე გხვდება შენი მშობლების სამი მეგობრის შვილი, რომლებთანაც დიდი ხანია, მეგობრობ. მაგრამ უცხო გარემოში რომ ჩადიხარ, სადაც არავის იცნობ, უფრო მეტად გჭირდება სოციალიზაცია. აქ ამას არ ვიყავი მიჩვეული იმიტომ, რომ სოციალური კუთხითაც გამზადებული მხვდებოდა ყველაფერი. იქ საერთოდ ნულიდან გიწევს, თუნდაც, მეგობრების შეძენა. 

- ერთმანეთს რომ შევადაროთ, რა შრომაც ამერიკაში გაწიეთ  პრაქტიკული კუთხით და სოციალიზაციის კუთხით, რომელი უფრო ძნელი იყო? სად უფრო მეტი ძალისხმევა დაგჭირდათ?

- სოციალიზაციის მხრივ, ალბათ, ბევრად ძნელი იყო. თავის მოვლა უფრო მარტივი უნარ-ჩვევაა და რამდენიმე ცდაში ავტომატურად გამოგივა. სოციალიზაცია კი რთულია, ყველას ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. 

 

მინდა, სხვებზე ვიზრუნო.

- თქვენი წარმატების გზამ, რომელიც, პირობითად თუ ვიტყვით, მეცხრე კლასში დაიწყო (რეალურად, რა თქმა უნდა, ეს ბევრად ადრე მოხდა) - რაიმე უარყოფითი თუ მოგიტანათ? დადებითთან ერთად, უარყოფითი გამოცდილებაც თუ შეიძინეთ? 

- უარყოფითი გამოცდილება, ალბათ, ის არის, რომ რაღაცისთვის, რაც მნიშვნელოვნად მიგაჩნია, ნაკლებად გრჩება დრო. თუ პრიორიტეტი შენი მიზნის მიღწევაა, ნაკლებად გრჩება დრო, თუნდაც, იმისთვის, რომ მეგობრებთან ერთად გაერთო. რაღაც კარგს, სასიამოვნოს უფრო მეტად აკლდები, ვიდრე სხვები. იმიტომ, რომ შენ უფრო მეტი მუშაობა გიწევს, ვიდრე სხვებს. 

- ამ შემთხვევაში, ვის ადარებთ თქვენს თავს?

- თანატოლებს, რომლებსაც მსგავსი მიზნები არ ჰქონიათ. ზოგ რამეზე გული მწყდება, მაგრამ ვნანობ-მეთქი, ვერ ვიტყვი. 

- თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის, რაზეც გული გწყდებათ?

- ალბათ, ჩემთვის ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობა ნაკლებად შევძელი, ვიდრე ვისურვებდი. პირველ რიგში, იმათ ვგულისხმობ, ვინც საქართველოში დარჩა. მაგრამ ამერიკაშიც გიწევს სოციალურ მხარეზე უარის თქმა. ძალიან დაკავებული ხარ და იმიტომ. 

- რამე სუსტი წერტილი თუ გაქვთ ისეთი, რითიც თქვენი მიმხრობა და გადაბირება შეიძლება? ძალიან პრინციპულზე არ ვლაპარაკობ. ვთქვათ, ნამცხვარი გიყვართ და გადაგიბირებთ, რომ დღეს საღამოს მესტუმროთ, თუმცა, სხვა გეგმები გქონდათ. 

- ასეთი სუსტი წერტილი არის, ალბათ, ხელოვნება. როგორც კი საშუალება გამოჩნდება - მუზეუმი, თეატრი, ოპერა - სულ ვცდილობ, რომ ამას არ გამოვაკლდე. შეიძლება, ყველაფერს გამოვაკლდე, მაგრამ ამას - არა. ნიუ-იორკი ამისთვის ბევრ საშუალებას გაძლევს. 

- რა არის ისეთი, რაც ძალიან გინდათ, რომ გქონდეთ, მაგრამ ჯერ არ გაქვთ?

 

შენი ფიქრები არის ის, ვინც შენ ხარ.

- (პაუზა) ალბათ, გამოცდილება. ჩემი პროფესიის ბევრი ასპექტია, რაშიც სხვებს აქვთ გამოცდილება და მე არ მაქვს. იმიტომ, რომ საქართველოში არ მქონია ისეთი პრაქტიკა, როგორიც ჩემს ამერიკელ მეგობრებს ჰქონდათ, თუნდაც, ინჟინერიის მიმართულებით. გაცილებით მეტის გაკეთება მოასწრეს სკოლებში იმიტომ, რომ განსხვავებული პროგრამა აქვთ. მათი პროგრამა მიმართულია იმისკენ, რომ მეტად მზად იყვნენ შემდგომი მასალისთვის, რაც უნივერსიტეტში დახვდებათ. ამერიკაში თითოეულ მოსწავლეს შეუძლია, ბევრი ინდივიდუალური პროექტი აკეთოს და ეს ყველაზე მეტად მომწონს. ძალიან მიყვარს გამოწვევები. ამერიკაში ბევრი გამოწვევა მაქვს, რაც აქ ნამდვილად მაკლდა. მაგალითად, საქართველოში უფრო მარტივია, იყო კლასის აკადემიური ლიდერი. იქ გაცილებით რთულია, რადგან სულ სხვა მასშტაბია. აქ ბევრად მარტივია, ხალხი რაღაცით გააკვირვო. მაგალითად, ტელევიზიაში რომ მოხვდე, აქ გაცილებით ადვილია, ვიდრე იქ. იქ ყურადღების მისაქცევად ბევრად მეტის გაკეთება გჭირდება. 

- ყველა ნიჭიერ ადამიანს აქვს, ალბათ, მოთხოვნილებები სულიერი საზრდოს კუთხით. ამ მხრივ როგორ გრძნობთ თავს? 

- პირველ რიგში, ის უნდა ვთქვა, რომ კოლუმბია განსაკუთრებული უნივერსიტეტია. როცა ხარ, მაგალითად, ინჟინერიის ფაკულტეტზე, მარტო ინჟინერიას არ სწავლობ. აუცილებელი მოთხოვნა გაქვს, რომ უნდა ისწავლო ხელოვნება, მუსიკა, ლიტერატურა. ეს კურსები აუცილებლად გასავლელი გაქვს. ერთგვარი ხუმრობაც არის კოლუმბიის უნივერსიტეტში - იმიტომ არ წახვედით მარტო ტექნიკურ უნივერსიტეტში და ჩვენთან წამოხვედით, რომ ტვინის ორივე ჰემისფერო გიმუშავებთო. ამ მხრივ, იქვე გაქვს საშუალება, რომ განვითარდე. მაგრამ, ამის გარდა, პირადად მე დღეში ერთი საათი აუცილებლად უნდა მქონდეს იმისთვის, რომ მუსიკით განვიტვირთო. ძალიან მიყვარს კითხვა და ამაშიც ვპოულობ რაღაც მნიშვნელოვანს, ამის გარეშეც არ შემიძლია. იდეალურად დაწყობილი ცხოვრება არ მაქვს. ვცდილობ, რომ ყველაფერი ვაკეთო ცოტ-ცოტა, შესაძლებლობიდან გამომდინარე. 

- ის განცდა თუ გაქვთ, რომ სხვების ცხოვრებას ამდიდრებთ რაღაცით?

- ამ ეტაპზე, შეიძლება, ნაკლებად, მაგრამ სამომავლოდ ეგ მიზანი მაქვს. რეალურად, მინდა, რომ მარტო ჩემთვის არ ვიცხოვრო. ამას მივაქციე ყურადღება, როცა პროფესიას ვირჩევდი. ჩემს თავთან ასეთი საუბარი მქონდა: „რა გინდა, რომ იყო? ისეთი პროფესია გინდა, აირჩიო, რომელიც მარტო შენ გამოგადგება და ყველანაირად კარგად იქნები, მაგრამ სხვას არაფრით გაამდიდრებ? თუ აირჩევ პროფესიას, რომელიც სხვებისთვისაც მნიშვნელოვანი გახდება?“ ამიტომ ავირჩიე მედიცინაც და ინჟინერიაც. მინდოდა, რომ ჩემს „ბუშტში“ ჩაკეტილი არ ვყოფილიყავი. 

- ყველაზე მეტად რა გიფუჭებთ განწყობას? 

- ძალიან არ მიყვარს, დღის ბოლოს თუ მივხვდი, რომ ვერ გავაკეთე ის, რაც დაგეგმილი მქონდა. ძირითადად, დასვენების დროს ვარ ხოლმე ცუდ ხასიათზე. არაპროდუქტიულობას ვერ ვეგუები. 

- ოდესმე თუ გაქვთ განცდა, რომ დროს ფლანგავთ? 

- დიახ, თითქმის სულ. მაგიტომ ვცდილობ, რომ დრო მაქსიმალურად გამოვიყენო. 

- ახლა საქართველოში რომ ხართ არდადეგებზე, ამის გამო თუ გაქვთ განცდა, რომ დროს ფლანგავთ?

 

საკუთარი თავის შეზღუდვას არ ვეთანხმები.

- არა, ეს არ მგონია დროის ფლანგვა. იმიტომ, რომ ვიცი, არიან ადამიანები, რომლებსაც ჩემი აქ ყოფნა აბედნიერებთ. 

- აბა, როდის გეშლებათ ნერვები იმის გამო, რომ დროს კარგავთ?

- გარდამტეხი წერტილი არსებობს. როცა საქართველოში ჩამოვედი, ყველა ვნახე, მოვინახულე. მაგრამ ბოლოს ხვდები, რომ არავისთვის აღარაფერი მოაქვს აქ ყოფნას - არც შენთვის არის პროდუქტიული, არც სხვისთვის. შემდეგ ხვდები, რომ  რომელიღაც ერთმა დღემ - რომელიც შეგეძლო, უფრო მნიშვნელოვანი საქმისთვის გამოგეყენებინა - ისე ჩაიარა, უბრალოდ. ახლა უკვე ეკლებზე ვზივარ. უკვე უნდა წავიდე და ჩემი საქმე გავაგრძელო. 

- ამ თემას დღეს ორჯერ შეეხეთ, მაგრამ მაინც გადავწყვიტე, საუბარი ასე დავასრულოთ: რა არის მთავარი, რისთვისაც გინდათ, იცხოვროთ?

- მინდა, რაღაც ისეთის გაკეთება შევძლო, რაც მარტო ჩემთვის არ იქნება. იმისთვის არა, რომ როცა მოვკვდები, ჩემზე ილაპარაკონ. მინდა, სხვებზე ვიზრუნო. ერთი შეხედვით, ბანალური მიზანია - ყველას გვინდა, რომ ისტორიაში შევიდეთ. მაგრამ ისტორიაში შესვლა არ არის ჩემი თვითმიზანი. არ მგონია, რომ თავისივე ბუნება ადამიანის მტერია, მაგრამ ეგოიზმი, რაც ყოველთვის დევს ადამიანში, - ეგ ნამდვილად მტერია; ძალიან გზღუდავს, შენს თავში გკეტავს. რატომ უნდა ჩაიკეტო შენს თავში, როცა შეგიძლია, უფრო ფართო მასშტაბში იფიქრო და უფრო მეტ ადამიანს შეეხო?!

- თვრამეტი წლის ახალგაზრდას გაქვთ მიზანი და იცით, მიზნისკენ როგორ უნდა იაროთ. თქვენზე ვერავინ იტყვის, რომ ეს არ იცით, რადგან ნამდვილად ბევრს მიაღწიეთ. თქვენი მიზნების შინაარსი ვისი დამსახურებაა - ოჯახის? თქვენი?

- ოჯახის აუცილებლად, იმ მხრივ, რომ არასოდეს არავის შევუზღუდივარ ოცნებებში. ბავშვებს ხშირად თავის ფუნქციას განუსაზღვრავენ ხოლმე და ეტყვიან: „შენ ამისთვის ხარ დაბადებული!“ მორჩა, იქ კეტავენ ყველაფერს. მე შემეძლო, ნებისმიერ მწვერვალზე მეოცნება. ეს დამეხმარა, რა თქმა უნდა. თანაც, რაც უფრო მეტს კითხულობ, რაც უფრო მეტს იგებ სხვებზე, მით უფრო მეტად ხვდები, რომ თუ მან შეძლო, რატომ არა, იქნებ, შენც შეძლო. განათლებაში გზებსაც პოულობ, მიზანს როგორ უნდა მიაღწიო. ლიტერატურა, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წყაროა მიზნების განსაზღვრისთვის. 

- პირდაპირ რომ დავსვა კითხვა - მიზნების თამასა ასე ზევით თქვენ აწიეთ, თუ თქვენმა მშობლებმა აწიეს?

 
- მე. მე, ოღონდ, მშობლების ხელშეწყობით. მარტო ვერ ვიზამდი. შემეშინდებოდა ბევრი რაღაცის.

- დიდი მადლობა საინტერესო ინტერვიუსთვის, რომლის დროსაც არასოდეს მახსოვდა თქვენი ასაკი. საუბარს დავასრულებთ თქვენი კომენტარით ცნობილი ადამიანების ორ გამონათქვამზე. პირველი ციტატის ავტორია დანიელი ფილოსოფოსი და თეოლოგი სიორენ კირკეგორი (1813-1855): „ჩვენი ცხოვრება იმ ფიქრების შედეგია, რომლებსაც უპირატესი ადგილი უჭირავს ჩვენს გონებაში“. 

- ვეთანხმები. რეალურად, იმ გადაწყვეტილებებს, რასაც იღებ, შენივე გონებაში წარმოქმნილი ფიქრებით განსაზღვრავ. თუ ჩემს ფიქრებში მედიცინაა, მისი ბოლო აღმოჩენები და განვითარებები, რა თქმა უნდა, ჩემი ცხოვრებისეული გადაწყვეტილებებიც ამ სფეროს ეხება. ყველანაირად ვეთანხმები. შენი ფიქრები არის ის, ვინც შენ ხარ და ვინც ხარ, მერე იმის მიხედვით დგამ ნაბიჯებს ცხოვრებაში. ასე შევაჯამებდი. 

- მეორე ციტატა ეკუთვნის ვიქტორ ჰიუგოს, ფრანგ მწერალს (1802-1885): „პრინციპები, ბოლოს და ბოლოს, უფსკრულისკენ მიაქანებს ადამიანებს“.

- ეს უფრო საკამათოა. თუმცა, ვეთანხმები იმიტომ, რომ რაც უფრო ნაკლებად იზღუდავ თავს, მით უფრო მაღლა შეგიძლია, ახვიდე. თუ რაღაც შენთვის მორალურად მიუღებელია, არავინ გაძალებს იმის გაკეთებას. მაგრამ რაც უფრო მეტ ჩარჩოს მიუყენებ შენს თავს ხელოვნურად, მით უფრო ნაკლებად მოგეცემა წინსვლის საშუალება. პრინციპიც, ალბათ, ჩარჩო უფროა, რადგან სწორს და არასწორს პრინციპების გარეშეც გაარჩევ. საქმე ის არის, რომ ცალსახად სწორი და ცალსახად არასწორი იშვიათად გვხვდება ცხოვრებაში. ერთი და იგივე რამ ერთ კონტექსტში შეიძლება სწორი იყოს, მაგრამ სხვა კონტექსტში არასწორი აღმოჩნდეს. როცა კონტექსტის გააზრების გარეშე - მხოლოდ პრინციპებიდან გამომდინარე - იღებ გადაწყვეტილებას, შეიძლება, ძალიან ხშირად მცდარი აღმოჩნდე. საკუთარი თავის შეზღუდვას არ ვეთანხმები. და მჯერა კონტექსტის.

ფოტომასალა: ზურაბ ქურციკიძე

გუნდი

ირაკლი გედენიძე

ზურაბ ქურციკიძე

გიო კუსიანი

გიორგი ურუშაძე

თამთა ყუბანეიშვილი

ნანა ყურაშვილი

ინგა ქორიძე